საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/9/873 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 18:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-17, მე-19, 24-ე, 39-ე, 42-ე, 44-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 2 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №873) მომართა საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 30 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №873 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. №873 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი „იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მე-2 პუნქტი ადგენს, რომ იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ერთზე მეტი სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ჩაბარებისას თითოეულ სარჩელზე უნდა წარადგინონ შესაბამისი რიგის ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღების შესაბამისი თანამშრომელი უარს ეტყვის სარჩელის მიღებაზე. დაუშვებელია ერთი პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე რიგის ნომრის აღება.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-17, 24-ე, 39-ე, 42-ე და 44-ე მუხლებს. კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში გამოცემული ყველა ნორმატიული აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას, ხოლო მე-17 მუხლის მიხედვით, პატივი და ღირსება ხელშეუვალია. ამასთან, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. 24-ე მუხლით გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლება. 39-ე მუხლი კი იმ უფლებებს აღიარებს, რომლებიც, მართალია, კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, თუმცა თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების და 44-ე მუხლით განსაზღვრულ საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ვალდებულებას.
5. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის ძალაში შესვლის შემდეგ მას, როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელს, საქალაქო სასამართლოში სარჩელის შესატანად, რიგში ყოფნა გაცილებით დიდ ხანს უწევს, ვიდრე ეს ნორმის ამოქმედებამდე ხდებოდა. იგი მიუთითებს, რომ სადავო ნორმის ამოქმედებამდე სარჩელის ჩასაბარებლად უწევდა რიგში 15-20 წუთი დგომა, ხოლო თავად სარჩელის ჩაბარებას 5 წუთი სჭირდებოდა. ამავე დროს, შეეძლო ერთდროულად რამდენიმე სარჩელის ჩაბარება. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ კი მთელი დღე უწევს რიგში დგომა. მოსარჩელე ასევე გამოთქვამს ეჭვს, რომ ეს ყველაფერი ხომ არ კეთდება ხელოვნურად, ემოციებით დატვირთული, პრობლემებით აღსავსე და გაჭირვებული ხალხის ამბოხებისთვის.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც, მისი გაუქმების მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა ხსენებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. იგი მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისივე თავმჯდომარის ბრძანება გააუქმოს, ამიტომ უფლების დასაცავად გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიემართა.
7. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველის - უჩა ნანუაშვილის პროცესში ჩაბმას იმ საფუძვლით, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე კონტროლს ახორციელებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად იგი შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად მათი მხრიდან შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დავობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად.
2. განსახილველ შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი ნორმის, კერძოდ, „იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესის განსაზღვრის თაობაზე“ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის 2016 წლის 25 აგვისტოს №34-ს §01 ბრძანების მე-2 პუნქტი ადგენს შემდეგ მოთხოვნას: „იურიდიული პირების წარმომადგენლებმა, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ერთზე მეტი სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სარჩელი და თანდართული დოკუმენტები, ჩაბარებისას თითოეულ სარჩელზე წარადგინონ შესაბამისი რიგის ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღების შესაბამისმა თანამშრომელმა უარი უთხრას სარჩელის მიღებაზე. დაუშვებელია ერთი პირის მიერ ერთდროულად რამდენიმე რიგის ნომრის აღება“. ამგვარად, სადავო ნორმა არეგულირებს იურიდიული პირების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მისაღებში სარჩელის ჩაბარების წესს. კერძოდ, ნორმა ადგენს იურიდიული პირების წარმომადგენლების მიერ რიგის ნომრის აღებისა და სარჩელის/სარჩელების წარდგენის პროცედურას. იმის მიუხედავად, რომ ამა თუ იმ იურიდიული პირის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ფიზიკური პირიც, ნორმა შეეხება უშუალოდ იურიდიული პირის სარჩელებს, შესაბამისად, იურიდიული პირის უფლებებს. N873 კონსტიტუციური სარჩელის შემომტანი მოსარჩელე არის ფიზიკური პირი და იგი მიუთითებს არა საკუთარ არამედ სხვისი, იურიდიული პირის, უფლებების შესაძლო დარღვევაზე. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს კონსტიტუციური სარჩელის შემოტანაზე უფლებამოსილ სუბიექტს.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N873 კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი პირის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №873 (საქართველოს მოქალაქე აპოლონ გადელია თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი