რამინ ჯომიდავა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/3/1845 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 მარტი 2025 11:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: რამინ ჯომიდავა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ.
დავის საგანი: „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1845) მომართა რამინ ჯომიდავამ. №1845 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 18 ოქტომბერს. №1845 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1845 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. №1845 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების მიხედვით, დადასტურდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერება და არ დაკმაყოფილდა რამინ ჯომიდავას მოთხოვნა როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე საერთო სასამართლოებში საქმის წარმოების ფარგლებში.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. სახელმწიფო ხელს უწყობს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
6. №1845 კონსტიტუციურ სარჩელზე წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისის №ბს-1002(კ-23) განჩინების მიხედვით, რამინ ჯომიდავამ 2019 წლის 20 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე მიღებული, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე რამინ ჯომიდავასა და თანამესაკუთრეთა სახელზე, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №2-ის მიმდებარედ არსებული, 01.14.14.002.055 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (ფართობით 1670 კვ.მ.) საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დარეგისტრირება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი რამინ ჯომიდავას საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინება.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დაირღვა მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და არა მხოლოდ გადაწყვეტილებით, არამედ საერთო სასამართლოებში წარმოებული საქმის შედეგებით მის მიმართ მიღებულ იქნა უკანონო და ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილებები. ამდენად, მოსარჩელე ითხოვს თავდაპირველი აქტის - „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან და 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1845 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2014 წლის 11 სექტემბრის №882014481730-03 გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურების თაობაზე“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტთან და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. განსახილველ შემთხვევაში №1845 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტთან და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმა. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით.
4. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
5. №1845 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №402368 გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებების გავრცელებას იურიდიულ პირებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლი ადგენს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფის ზოგად პრინციპებს. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება არ განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტულ კონსტიტუციურ უფლებას, ცალკეული უფლების ნორმატიულ შინაარსსა თუ ფარგლებს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლს არ გააჩნია ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი ხასიათი, რომელთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამა თუ იმ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის განცალკევებულად შეფასება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/24/1508 განჩინება საქმეზე „დურმიშხან გურგენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის №1/2/566 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
7. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური და იურიდიული პირების სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი. ამდენად, იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს სადავო აქტის კონსტიტუციურობაზე, აუცილებელია, აქტი იყოს ნორმატიული ბუნების. საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, მათ შორის, უნდა გამოარკვიოს სადავო აქტის სამართლებრივი ბუნება - კერძოდ, მიეკუთვნება იგი ნორმატიულ აქტს თუ ინდივიდუალურს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მყარად აქვს დადგენილი ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც, იგი აფასებს სადავო აქტის სამართლებრივ ბუნებას მის ნორმატიულ თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის თაობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის №1/7/436 განჩინება საქმეზე „შპს „კავკასუს ონლაინი“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-81; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 სექტემბრის №2/12/782,783 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ დავით ზაქარაია და ხათუნა გადელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3, 7).
9. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის ნორმატიული აქტის შინაარსი არ ამოიწურება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული დეფინიციით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ფორმით ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი შეიძლება იყოს ნორმატიული ბუნების. „... ნორმის ნორმატიული ხასიათი ვლინდება ადამიანთა ქცევის სავალდებულო რეგულირებაში და განსაზღვრავს ამ ქცევათა მოქმედების ფარგლებს. შესაბამისად, სამართლებრივი დებულება მაშინ არის ნორმატიული ხასიათის მატარებელი, თუ იგი ადგენს ქცევის სავალდებულო წესს, რომელიც კონკრეტული პირის ან პირთა წრის მიმართ ადგენს აკრძალვებს ან პირიქით, ნებას რთავს გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით. სამართლებრივი ნორმის სავალდებულო ხასიათი ემსახურება სწორედ ამ ფუნქციების განხორციელებას და მიზნად ისახავს ახალი სამართლებრივი წესრიგის დადგენას მისი მეშვეობით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
10. №1845 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა არსობრივად დაკავშირებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების კანონიერებასა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ, მოსარჩელის მიერ საერთო სასამართლოებში წარმოებული დავის ფარგლებში, სასამართლოთა მიერ მიღებული აქტების შინაარსთან. თავის მხრივ, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი აქტი, რომლის ნორმატიული რესურსი ამოიწურება სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით. ამასთანავე, გასაჩივრებული აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულია 2019 წლის 18 ნოემბერს, რომლის საერთო სასამართლოებში გასაჩივრების პროცედურები მოსარჩელის მიერ ამოწურულია. შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მომდინარეობს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსიდან და არა ნორმატიული აქტიდან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი განსჯადობის მიღმა არსებულ საკითხებზე და შეაფასოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობა.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1845 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1845 კონსტიტუციური სარჩელი („რამინ ჯომიდავა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე