შპს „ბელლა კოსტა“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/10/1228 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 12 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2017 11:59 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: შპს „ბელლა კოსტა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1228) მომართა შპს „ბელლა კოსტამ“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 30 მაისს. №1228 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 12 ივლისს.
2. №1228 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-14, მე-16 და 45-ე მუხლები.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია აგრეთვე წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი, ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოებები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით“. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება კინემატოგრაფიულ და სხვა ნაწარმოებებზე, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს თანასწორობის უფლებას, ხოლო 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი კრძალავს სახელმწიფოს ან ცალკეული პირების მიერ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
5. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციამ (შემდგომში - ასოციაცია) წერილობით მიმართა შპს „ბელლა კოსტას“ და მოითხოვა ფონოგრამით შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებებისთვის აეღო შესაბამისი ლიცენზია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს აეკრძალებოდა კუთვნილ ობიექტებზე მუსიკალური ნაწარმოების შესრულება. ამის შემდგომ ასოციაციამ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა, აეკრძალოს შპს „ბელლა კოსტას“ მუსიკალური ნაწარმოებების შესრულება.
6. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, ასოციაციის მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდება, რისთვისაც საკმარისია, დამტკიცდეს მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულების ფაქტი. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, წარმოუდგენელია, რომ ჰონორარი, რომლის მიღებასაც ასოციაცია ითხოვს შპს „ბელლა კოსტასგან“ ლიცენზიის მიღების სანაცვლოდ, ნაწილდებოდეს და უნაზღაურდებოდეს საავტორო ან მომიჯნავე უფლების მქონე პირს, მით უმეტეს, თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
7. მოსარჩელე მხარემ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის დამთავრებამდე შეჩერდეს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოქმედება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №1228 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორ მოპყრობას და პირიქით. „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2). საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმების შინაარსობრივი მიმართების დასასაბუთებლად აუცილებელია მოსარჩელემ მიუთითოს, რომ სადავო ნორმა იწვევს თანასწორ სუბიექტთა შორის დიფერენცირებულ მოპყრობას ან არსებითად არათანასწორ სუბიექტთა შორის თანაბარ მოპყრობას. მოსარჩელეს არც ერთ სადავო ნორმასთან მიმართებაში არ მიუთითებია შესადარებელი ჯგუფები, რომლებთან მიმართებაშიც სასამართლო დაინახავდა სადავო ნორმის მიერ თანასწორ პირთა შორის უთანასწორო მოპყრობას ან პირიქით.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №1228 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე გასაჩივრებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ემსახურება „საზოგადოების თითოეული წევრის უფლების გარანტირებას, ჰქონდეს თავისუფალ მედიაგარემოში ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-74). სადავო ნორმების კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართების დასასაბუთებლად მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარმოუდგინოს არგუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ან ცალკეული პირი ახდენს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზებას.
7. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ წარმოადგენს ასოციაციის მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზებას და რა ფორმით ზღუდავს საზოგადოების წევრების უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალ მედიაგარემოში ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების შესაძლებლობა. შესაბამისად, №1228 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ იგი შემოტანილი არ არის უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
9. №1228 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეს წარმოადგენს იურიდიული პირი - შპს „ბელლა კოსტა“. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით.
10. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მეორე თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1228 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
12. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა” და „ბ“ ქვეპუნქტების და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1228 („შპს „ბელლა კოსტა“საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა