გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/4/1577 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 26 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2025 13:36 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1577) მომართა გიორგი გოცირიძემ. №1577 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 22 მარტს. №1577 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 26 მარტს.
2. №1577 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია ის საფუძვლები და პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ნებადართულია ექსტრაკორპორული განაყოფიერება. კერძოდ, ექსტრაკორპორული განაყოფიერება ნებადართულია: ა) უშვილობის მკურნალობის მიზნით, აგრეთვე ცოლის ან ქმრის მხრიდან გენეტიკური დაავადების გადაცემის რისკის არსებობისას, წყვილის ან დონორის სასქესო უჯრედების ან ემბრიონის გამოყენებით, თუ მიღებულია წყვილის წერილობითი თანხმობა; ბ) თუ ქალს არა აქვს საშვილოსნო, განაყოფიერების შედეგად მიღებული ემბრიონის სხვა ქალის („სუროგატული დედის“) საშვილოსნოში გადატანის და გამოზრდის გზით, რა დროსაც წყვილის წერილობითი თანხმობა კვლავ აუცილებელია.
4. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლი აწესრიგებს ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი წესის მე-19 მუხლის 11 პუნქტი განსაზღვრავს ემბრიონის შექმნამდე დადებული, კონკრეტული შემთხვევის შესაბამისი, საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულების მხარეს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა და თუ ისინი: ა) იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი; ბ) იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.“
6. №1577 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, სადავო ნორმების ანალიზის შედეგად, განმარტავს, რომ მარტოხელა მამაკაცს, რომელსაც არ აქვს არც უშვილობის პრობლემა და არც გენეტიკური დაავადება, ეზღუდება უფლება, ჰყავდეს შვილი ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცული ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა მოიცავს პირის უფლებას, ხელოვნური განაყოფიერების გზით იყოლიოს შვილი. მოსარჩელე მხარე დასაშვებად მიიჩნევს აღნიშნული უფლების შეზღუდვას მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის. იგი განმარტავს, რომ სადავო ნორმები, შესაძლოა, ემსახურებოდეს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორებიცაა ევგენიკური სელექციის თავიდან აცილება, ქალის სხეულის დაცვა კომერციალიზაციისა და ექსპლუატაციისაგან, სამოქალაქო სტატუსის განუსხვისებლობა, ასევე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა ან ტრანსნაციონალური ტრეფიკინგის პრევენცია.
8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ევგენიკური სელექცია, კერძოდ, დაავადებული ნაყოფის განადგურების შესაძლებლობა, უკვე არსებობს ნებადართული ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევებში. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს წყვილის მიერ ამგვარი მოქმედების აკრძალვას/რეგულირებას, შესაბამისად, მხოლოდ მარტოხელა მამაკაცების მიმართ ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვა არ წარმოადგენს აღნიშნული მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. მოსარჩელე სადავო ნორმებით დადგენილ შეზღუდვას ასევე გამოუსადეგარ საშუალებად მიიჩნევს ქალის სხეულის კომერციალიზაციისა და ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან, მისი განმარტებით, აღნიშნული რისკი ისედაც არსებობს სუროგაციის პირობებში, რაც მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია.
9. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, რეალური კონტროლი განახორციელოს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გადაადგილებაზე და, ამ გზით, თავიდან აიცილოს ტრანსნაციონალური ტრეფიკინგი. ამდენად, იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის, აუცილებელი არ არის, მარტოხელა მამაკაცს უარი ეთქვას ბავშვის ყოლაზე. რაც შეეხება სამოქალაქო სტატუსის განუსხვისებლობას, მშობლის სტატუსის ერთი პირიდან მეორეზე გადაცემის აკრძალვას, მოსარჩელე მიუთითებს მოქმედ კანონმდებლობაზე და აღნიშნავს, რომ ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით დაბადებული ბავშვის მშობლების ვინაობა და მშობლის სტატუსის დანაწევრების აკრძალვა უკვე მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით და იგი სამოქალაქო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოქმედი კანონმდებლობით, ასევე გამორიცხულია უჩვეულო ოჯახური ურთიერთობის წარმოშობის რისკი და ბავშვს არ ეყოლება ერთ დედაზე ან ერთ მამაზე მეტი. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მარტოხელა მამაკაცისათვის, ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით, ბავშვის ყოლის აკრძალვა არ წარმოადგენს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ნამდვილად უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვს არ ჰყავდეს მხოლოდ ერთი მშობელი. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე შეზღუდვას არაპროპორციულ საშუალებად მიიჩნევს. მისი განმარტებით, ერთმა მშობელმა სრულიად შესაძლებელია, უზრუნველყოს ახლად დაბადებული ბავშვის ემოციური, ფსიქოლოგიური და მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ამ პირობებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესი ვერ იქნება საკმარისი პირობა სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის გასამართლებლად.
11. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან მომდინარე აკრძალვით მომეტებულად იზღუდება მარტოხელა მამაკაცის უფლება, იყოლიოს შვილი. შესაბამისად, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
12. №1577 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1577 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს გიორგი გოცირიძე. 2025 წლის 12 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამრიგად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1577 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1577 კონსტიტუციურ სარჩელზე („გიორგი გოცირიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე