ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/5/744 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 28 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2025 18:43 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – ნათელა ჯაშიაშვილი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; სპეციალისტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი – ირინე ანდრონიკაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №744) მიმართა ნათელა ჯაშიაშვილმა. №744 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, 2016 წლის 12 აპრილს გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის №1-3/3/744 განჩინებით, №744 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის №3/1/744 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 18 ოქტომბერს.
2. №744 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის 65 წლის ასაკისათვის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) განამტკიცებდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კი ადგენდა მოქალაქის უფლებას დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა და განახორციელოს საქმიანობა ამ თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ №744 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილებით, გაიმიჯნა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებები). „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება გარანტირებულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს და განახორციელოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა.
5. №744 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეა და უფლებამოსილების ვადა ეწურება 2019 წლის 9 ოქტომბერს, თუმცა მას 2016 წლის 28 აპრილს შეუსრულდებოდა 65 წელი. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას გაათავისუფლებდა სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერის მიღების მომენტისათვის მოსარჩელემ უკვე მიაღწია თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის სადავო ნორმით დადგენილ ასაკს (65 წელი).
6. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს, არ შექმნას ისეთი საკანონმდებლო სისტემა, რომელიც თავისი არსით იქნება დისკრიმინაციული და, შესაბამისად, არათანასწორ პირობებში ჩააყენებს არსებითად თანასწორ სუბიექტებს. მოსარჩელის მტკიცებით, გასაჩივრებული საკანონმდებლო რეგულაციით სახელმწიფომ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება იმ მოსამართლეებთან მიმართებით, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე უსრულდებათ 65 წელი.
7. №744 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ადგენს. კერძოდ, უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ, თუმცა შეუსრულდათ 65 წელი, რაც გახდა მათი გათავისუფლების საფუძველი იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც ასრულებენ თავიანთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას, რადგან ამ პერიოდში არ შესრულებიათ 65 წელი.
8. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ასაკის ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას. მართალია, ასაკი არ წარმოადგენს ე.წ. კლასიკურ ნიშანს, თუმცა, ვინაიდან დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ინტენსივობისაა, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით.
9. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ასეთი შეზღუდვის დაწესების მიზანი გაურკვეველია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო მოხელეებთან მიმართებით საპენსიო ასაკი საქმის განხილვის დროისთვის არსებული კანონმდებლობით არ წარმოადგენს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს. ასეთი მიდგომა მიუთითებს სახელმწიფოს ნებაზე, არ დაუშვას ასაკის გამო პირთა საჯარო სამსახურიდან უსაფუძვლო გათავისუფლება. მართალია, მოსამართლეები, მათი კომპეტენციიდან გამომდინარე, განსხვავდებიან სხვა საჯარო მოხელეებისაგან, თუმცა არა იმდენად, რომ გამართლებულად ჩაითვალოს ასაკის გამო მათი დისკრიმინაცია. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საპენსიო ასაკი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არც კერძო ხასიათის შრომით ურთიერთობებში წარმოადგენს.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაწესებული შეზღუდვა არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპს. კერძოდ, გათავისუფლების საფუძველი ბლანკეტურია და არ იძლევა კონკრეტული პირების მიმართ ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას. შესაბამისად, მიუხედავად უნარის, შესაძლებლობისა და მუშაობის სურვილისა, მოსამართლეები ვერ აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
11. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან.
12. მოსარჩელის განმარტებით, კონსტიტუციით დაცული საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისათვის არადისკრიმინაციული რეგულაციის დადგენის ვალდებულებას, არამედ საჯარო მოსამსახურის უფლებას, დაცული იყოს დაუსაბუთებელი გათავისუფლებისაგან.
13. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს სახელმწიფო თანამდებობის პირს და სახელმწიფო ვალდებულია, დაასაბუთოს მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გონივრულობა. მოსარჩელის განმარტებით, არაგონივრულია სახელმწიფოს მხრიდან იმაზე აპელირება, რომ 65 წლის ასაკს მიღწეული ნებისმიერი მოსამართლე a priori ვეღარ შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის სათანადოდ შესრულებას, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომეტებული პრობლემები ან არსებობს სხვა სახის ისეთი გარემოებები, რომლებიც მას ხელს შეუშლის მართლმსაჯულების განხორციელებაში. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, ასაკი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ზემოთ დასახელებული გარემოებების შეფასებისათვის, არამედ მოსამართლეთა კვალიფიკაცია, უნარები და ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად.
14. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საჯარო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებასთან მიმართებითაც.
15. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
16. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარემგანმარტა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ჩარევა არ ხორციელდება თანასწორობის უფლებით სახელდებით დაცული ნიშნის საფუძველზე. იმავდროულად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ჩარევა არ არის მაღალი ინტენსივობის ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, იგი თანაბრად ვრცელდება 65 წელს გადაცილებულ ყველა მოსამართლეზე, კერძოდ, თითოეულ მათგანს თანაბრად ეზღუდება მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული მდგომარეობით, 10 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებულია 56 მოსამართლე, რომელთა შორის, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო, უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ ერთ მოსამართლეს. ამდენად, სადავო ნორმა არ იწვევს არსებითად თანასწორ პირთა მკვეთრ დაცილებას და მისი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენცირების ტესტის საფუძველზე.
17. მოპასუხის განმარტებით, უდავოა, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით - ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, რთული და, გარკვეულ შემთხვევაში, შეუძლებელიც კი ხდება ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება, ამასთან, ცალკეული საქმიანობა მოითხოვს მათი შესრულებისათვის საჭირო ენერგიას. ამდენად, 65 წელს მიღწეულმა ადამიანმა, შესაძლოა, სრულად ვერ შეძლოს მასზე დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ განხორციელება, ან ამგვარი საქმიანობა იყოს მნიშვნელოვნად არაეფექტიანი.
18. მოპასუხე მიიჩნევს, რომ გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად ამ თანამდებობათა კონსტიტუციური სტატუსი, დანიშნულება და განსახორციელებელი ფუნქციები განაპირობებს. მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური, სათანადო უნარების მქონე პირების საქმიანობის მოთხოვნა უკავშირდება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს - მართლმსაჯულება განახორციელონ მხოლოდ მოსამართლის თანამდებობასთან შესაფერისმა პირებმა, რომლებიც საკუთარი პროფესიული და პიროვნული მახასიათებლებით აკმაყოფილებენ ამ თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ სტანდარტებს. სადავო ნორმა, ამ თვალსაზრისით, უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას, ხოლო მეორე მხრივ - საზოგადოების ნდობის შენარჩუნებას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.
19. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე შესაძლებლობას აძლევს ახალ მოსამართლეებს კანონით დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაიკავონ შესაბამისი თანამდებობა. თაობათა ცვლის უზრუნველყოფა, ახალი მოსამართლეებისათვის განვითარების შესაძლებლობების მინიჭების გზით, წარმოადგენს სადავო ნორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმის არსებობის პირობებში წინასწარ არის განჭვრეტადი საქმიანი საჭიროებები და შესაძლებელია მათი საპასუხო მოქმედებების განხორციელება, მაგალითად, მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობის უზრუნველყოფის გზით.
20. მოპასუხის განმარტებით, ნაკლებად მზღუდავი ხასიათის მქონეარ იქნებოდა თითოეული მოსამართლის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ინდივიდუალური შეფასება, ვინაიდან იგი დაკავშირებულია გარკვეულ პროცედურულ სირთულეებთან. მოპასუხის აზრით, თითოეული მოსამართლის ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობის ინდივიდუალურად შეფასება შესაძლოა, იყოს დამამცირებელი პროცესი, რის შედეგადაც, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს მოსამართლის ღირსება.
21. ამდენად, მოპასუხე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის დანაწესი კანონმდებელს აძლევს დისკრეციას, რომ თავად განსაზღვროს შესაფერისი ასაკი. ამ მხრივ, განსხვავებული სტანდარტები უნდა დადგინდეს უშუალოდ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ფაქტორების, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის გამართულობისა და მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის გათვალისწინებით.
22. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინე ანდრონიკაშვილმა, აღნიშნა, რომ გერიატრიული ასაკი 65 წლიდან იწყება. კლასიფიკაციის მიხედვით, ადამიანები 65 წლიდან 74 წლამდე „ახალგაზრდა მოხუცებულებად“ იწოდებიან. თუმცაღა, სპეციალისტის მოსაზრებით, 65 წლის ასაკი, თავისთავად, არ მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობის განსაკუთრებულ გაუარესებაზე. საშუალოდ, 65 წლის ადამიანს შენარჩუნებული აქვს მენტალურად ყველა ის პირობა, რაც აქვს, მაგალითად, 55 წლის ადამიანს. ამასთან, 55 და 65 ასაკს შორის ადამიანის ჯანმრთელობა შესაძლოა პროცენტულად გარკვეულ კლებას განიცდიდეს, თუმცა, კლინიკურად ჯანმრთელობის გაუარესების მკვეთრი გამოხატულება უფრო გვიან ასაკში ვლინდება.
23. სპეციალისტის განმარტებით, „საშუალოდ ხანდაზმულობის“ ასაკი 75 წლიდან იწყება და 85 წლამდე გრძელდება. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჯანმრთელობის გაუარესება უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა მოხუცებულში. კლასიფიკაციის მესამე კატეგორიაში მოაზრებიან 85 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უფრო გამოხატულია, ვიდრე წინა ჯგუფებში.
24. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ, სამედიცინო თვალსაზრისით, ასაკი ფარდობითი ცნებაა და მიუხედავად გარდაუვალი ფიზიკური და მენტალური ცვლილებებისა, იგი ინდივიდუალურად აისახება თითოეულ ადამიანზე. ორგანიზმში ცვლილებების განვითარების ხარისხი და სისწრაფე განპირობებული არის ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: ცხოვრების წესი, თანმხლები დაავადებები, საცხოვრებელი გარემო და სხვა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ადამიანის ორგანოები თავიანთი ფუნქციის დაკარგვას იწყებენ 30 წლის ასაკიდან და ეს პროცესი გრძელდება მუდმივად, თუმცა, ეს არ წარმოადგენს პათოლოგიას. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დემენციის (მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები) ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის ალცჰაიმერის დაავადება. ალცჰაიმერის დაავადების რისკი ასაკის მატებასთან ერთად მატულობს, მაგრამ ის, შესაძლოა, ადამიანს 55 წლის ასაკშიც ჰქონდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები
1. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და, შესაბამისად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ადგენდა მოქალაქის უფლებას დაიკავოს და განახორციელოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. აღსანიშნავია, რომ№744 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილებით, გაიმიჯნა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლებები.საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის არქიტექტურაში კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებს შეესატყვისება მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და 25-ე მუხლის პირველი პუნქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, სადავო დებულების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
3. სამართლის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ნორმა-პრინციპი გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტში, რომლის თანახმად ,„ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ახდენს არა მხოლოდ თანასწორობის ძირითადი უფლების რეგლამენტირებას, არამედ წარმოადგენს თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს, „რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში ... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს – არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, თანასწორობის კონსტიტუციური უფლების მიზანს არ წარმოადგენს პირთა აბსოლუტური თანასწორობის მიღწევა ან/და მათი ხელოვნური, მექანიკური გათანაბრება. თანასწორობის უფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს სუბიექტთა მიმართ თანაბარი მოპყრობა, რაც შედარებადი პირების მიმართ ერთნაირი მოთხოვნების დაწესებაში, თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ვალდებულებაში გამოიხატება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მაშასადამე, აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპის ზოგადი დატვირთვა ვლინდება სახელმწიფოს ვალდებულებაში, რომ თანასწორი სუბიექტები ერთმანეთისაგან არ განასხვაოს და ფორმალურად არ დაუდგინოს განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი, არ დააკისროს მათ არათანაბარი სამართლებრივი ტვირთი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
8. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დადგენილი მოთხოვნები იზღუდება, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
2.2. სადავო ნორმის შინაარსი, შესაფასებელი მოცემულობა და თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
9. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის 65 წლის ასაკისათვის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
10. ამდენად, სადავო ნორმა მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკად განსაზღვრავს 65 წელს. აღნიშნული ასაკის მიღწევა კი წარმოშობს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს.
11. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია, ვინაიდან, მის საფუძველზე, უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან მოსამართლეები, რომელთაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ, თუმცა შეუსრულდათ 65 წელი, რაც გახდა მათი გათავისუფლების საფუძველი, იმ პირებთან შედარებით, რომლებიც ასრულებენ თავიანთი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადას, რადგან ამ პერიოდში არ შესრულებიათ 65 წელი.
12. როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერენცირების ფაქტის არსებობა ყოველთვის არ არის საკმარისი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცული უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის კონსტიტუციის მე-11 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას, აუცილებელია, გამოიკვეთოს შესადარებელი ჯგუფები და განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით (იხ., მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/6/623 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
14. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა უთანასწორო მოპყრობას ადგენს არსებითად თანასწორ პირთა შორის. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე, არათანასწორ მდგომარეობაში არიან ერთმანეთის მიმართ, ერთი მხრივ ის მოსამართლეები, რომლებსაც სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვიათ, თუმცა ათავისუფლებენ 65 წელის ასაკის მიღწევის გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ის მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი სამოსამართლო ვადის ამოწურვას ახერხებენ ბოლომდე, ვინაიდან მათ ჯერ არ შესრულებიათ 65 წელი. ამას არც მოპასუხე მხარე უარყოფს, თუმცა მიიჩნევს, რომ დიფერენცირება ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს და ამ მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალებაა.
15. აღსანიშნავია, რომ ორივე შესადარებელ ჯგუფს მიკუთვნებული პირები წარმოადგენენ იდენტური სტატუსის მქონე სუბიექტებს - მოსამართლეებს. თითოეული ამ პირის მიერ დაკმაყოფილებულია ხსენებული სტატუსის მისაღებად აუცილებელი საკანონმდებლო მოთხოვნები. ასევე, ნებისმიერ მოსამართლეს გააჩნია თანაბარი ინტერესი, გააგრძელოს საკუთარი სამოსამართლო საქმიანობა იმ ვადით, რა ვადითაც ის არის არჩეული. ხოლო, მოსამართლის ასაკი per se ვერ ჩაითვლება იმგვარ განმასხვავებელ მახასიათებლად, რომელიც განაპირობებდა ამ პირების არსებითად უთანასწორო პირებად მიჩნევას. ამდენად, მოცემულ შემთხევაში არ იკვეთება პირთა შესადარებელ ჯგუფებს შორის განმასხვავებელი იმგვარი გარემოება, რომელიც მათ არსებითად თანასწორობას ეჭვქვეშ დააყენებდა (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13-17).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ადგენს უთანასწორო რეჟიმს არსებითად თანასწორ სუბიექტთა შორის და, შესაბამისად, სახეზეა ჩარევა კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში.
2.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის №1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. ... დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
2.3.1. შეფასების ტესტი
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის №2/4/603 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8).
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის გადაწყვეტისთვის უნდა გამოიკვეთოს, სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ხომ არ ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის. როგორც აღინიშნა, თუკი დადასტურდება რომელიმე მათგანის არსებობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას მკაცრი კონსტიტუციური სტანდარტებით შეაფასებს. ხსენებული ფაქტების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი უთანასწორო მოპყრობის კონსტიტუციურობა შედარებით რბილი ტესტით შეფასდება.
21. გასაჩივრებული ნორმით დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი მის მიერ 65 წლის ასაკის მიღწევაა. შესაბამისად, განსახილველ საქმეში შესადარებელ სუბიექტებს შორის განსხვავებული მოპყრობის ნიშანს ასაკი წარმოადგენს. თავის მხრივ, ასაკი per se არ არის კონსტიტუციის მე-11 მუხლში სახელდებით აკრძალული ნიშანი, შესაბამისად, დიფერენცირება არ ხდება კლასიკური ნიშნით.
22. ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში... თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/3/522,553 საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის შესაფასებლად უნდა განისაზღვროს სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, რამდენად სცილდება ერთმანეთს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-14 პარაგრაფში დასახელებული შესადარებელი ჯგუფები.
24. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა რამდენიმე გარემოებაზე, რომლებიც, მისი აზრით, გამორიცხავს შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებული უთანასწორო მოპყრობის მაღალ ინტენსივობას. პირველ რიგში, მოპასუხე მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებზე, რომლებიც მოსამართლეთა საქმიანობის, მათ შორის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესების დარეგულირების დისკრეციას მიანდობს კანონმდებელს. ამას გარდა, მოპასუხის აზრით, უთანასწორო მოპყრობა იმიტომ არ არის მაღალი ინტენსივობის, რომ 65 წლის ასაკს მიღწეული ყველა მოსამართლე თანაბარ მდგომარეობაშია და ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. დაბოლოს, პარლამენტის წარმომადგენელი უთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის მომენტისთვის, მოსამართლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით გამწესებულია 56 მოსამართლე. ამ პირთაგან, 65 წლის ასაკის მიღწევის გამო სამოსამართლო უფლებამოსილება ვადამდე შეიძლება შეუწყდეს მხოლოდ ერთ მოსამართლეს. შესაბამისად, რეალურად დიფერენცირებულ მოპყრობას ექვემდებარება მხოლოდ ერთი მოსამართლე, რაც ასევე მიუთითებს უთანასწორო მოპყრობის დაბალ ინტენსივობაზე.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გააანალიზოს მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული არგუმენტების მართებულობა. საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულებების საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლის საქმიანობის, მათ შორის, თანამდებობიდან გათავისუფლების წესების დარეგულირების დისკრეციას მიანდობს კანონმდებელს. თუმცა, ამავე დროს, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიერ გარკვეული უფლებამოსილებების კანონმდებლისთვის დელეგირებას ყოველთვის თან ახლავს კონსტიტუციური ვალდებულებები, რომელებიც არ აძლევს საშუალებას კანონშემოქმედს შეზღუდოს ადამიანის უფლებები იმაზე მეტად ვიდრე ეს აუცილებელია მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-25).
27. ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სადავო ნორმა 10-წლიანი ვადით დანიშნული 56 მოსამართლიდან მხოლოდ 1-ს ეხება, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მაღალი არ არის. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ განმარტა, რომ 10 წლის ვადით დანიშნული 56 მოსამართლიდან მხოლოდ 1 პირს უწყდება სამოსამართლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ვადამდე 65 წლის ასაკს მიღწევის გამო. ცხადია, ინტენსივობის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს სხვადასხვა ფაქტორს, თუმცა, დიფერენცირებული მოპყრობის სუბიექტთა სიმცირე არ უნდა იყოს მაღალი ინტენსივობის გამომრიცხავი გარემოება. დაუშვებელია კონსტიტუციური უფლებების დაცვის ხარისხი მის მატარებელ სუბიექტთა რიცხოვნობით შეფასდეს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად ადამიანის უფლებათა არსებობის არსს, ვინაიდან, კონსტიტუციის მიხედვით, თოთოეული სუბიექტის უფლება თანაბარი დაცვის გარანტიით უნდა სარგებლობდეს.
28. ამას გარდა, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მესამე არგუმენტსაც. ის გარემოება, რომ 65 წლის ასაკს მიღწეულ ყველა მოსამართლეს უწევს თანამდებობის დატოვება, არ მიუთითებს შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებულ ინტენსივობის რომელიმე ხარისხზე. პრობლემის არსიც და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთი გადასაწყვეტი საკითხიც სწორედ იმას უკავშირდება, რომ უნდა დადგინდეს, სადავო ნორმით მოსარჩელის მიმართ განხორციელებული განსხვავებული მოპყრობა ხომ არ წარმოადგენს per se მაღალი ინტენსივობის დიფერენცირებას მეორე შესადარებელ ჯგუფთან მიმართებით.
29. განსახილველ საქმეში, 65 წლის ასაკის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია, მაშინ როდესაც, უმცროსი ასაკის მოსამართლეთათვის აღნიშნული სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. შესაბამისად, აშკარაა, რომ სადავო ნორმა მკვეთრად აცილებს მოსამართლეთა ერთ კატეგორიას მეორისგან, რაც დიფერენცირების მაღალ ინტენსივობაზე მიუთითებს და არსებული დიფერენცირების მკაცრი ტესტით შეფასების საჭიროებას იწვევს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მკაცრი ტესტის გამოყენება ხდება, როდესაც შესადარებელ ჯგუფთა ერთი კატეგორია მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს იმ პრივილეგიებით, რითაც სარგებლობს არსებითად მისი თანასწორი მეორე ჯგუფი (იხ. მაგ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის №2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე „ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებული მოპყრობა მაღალი ინტენსივობის არის და საჭიროებს მკაცრი ტესტით შეფასებას.
31. საკონსტიტუციო სასამართლო დიფერენცირების კონსტიტუციურობას მკაცრი ტესტის ფარგლებში აფასებს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
2.3.2. ლეგიტიმური მიზანი
32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
33. საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მიუთითა სადავო ნორმის რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანზე. კერძოდ, ესენია: სამართლებრივი სახელმწიფოს და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა, სასამართლოს ღირსების დაცვა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება, საქმიანი კადრების საჭიროებების დაგეგმვა, მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობის უფროსი თანამდებობის პირების დონეზე უზრუნველყოფა და მოსამართლეების თაობათა ცვლა.
34. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება უდავოდ წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს.
2.3.3. გამოსადეგობა და აუცილებლობა
35. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
36. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.
37. იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
38. პირველ რიგში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ 65 წელს მიღწეული ადამიანი, სამოსამართლო საქმიანობის სპეციფიკისა და შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის გათვალისწინებით, შესაძლოა, სრულყოფილად ვერ გაუმკლავდეს სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმა გონივრულ კავშირშია ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების მიზნებთან.
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ მიუთითებია მოსამართლის, როგორც კონსტიტუციური თანამდებობის, განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად, დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის №2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
40. სამოსამართლო საქმიანობის განხორციელება პირისგან, კეთილსინდისიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ძალისხმევას, ცოდნასა და უნარ-ჩვევებს მოითხოვს. საქართველოს კონსტიტუციის, მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობების, სასამართლო პრაქტიკის, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის ცოდნის გარდა, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური აზროვნების და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის, წერისა და აზრის ნათლად და გასაგებად გადმოცემის, ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის უნარი.
41. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მოსამართლე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იყოს, არამედ ისიც რომ სამოსამართლო საქმიანობა მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელდეს, რაც, ბუნებრივია, შესაფერის ფიზიკურ და ინტელექტუალურ მზაობას მოითხოვს. შესაბამისად, ამ კონტექსტში, აუცილებელია, დადგინდეს, რა გავლენას ახდენს 65 წლის ასაკის მიღწევა ადამიანის ფიზიკურ მომზადებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
42. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასაკის მატება ზეგავლენას ახდენს ადამიანის შრომით უნარებზე, განსაკუთრებით მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე. შესაბამისად, ასაკის მატებასთან ერთად, ზოგიერთი საქმიანობის განხორციელება რთულდება, გარკვეულ შემთხვევებში კი შეუძლებელიც ხდება. ბუნებრივია, არსებობს ინტერესი, რომ ესა თუ ის სახელმწიფო ფუნქცია სათანადოდ განხორციელდეს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია, გონივრული იყოს გარკვეული პროფესიული საქმიანობის განხორციელებისა თუ თანამდებობის დაკავების შესაძლებლობის ასაკით შემოფარგვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
43. ამავდროულად, ამა თუ იმ თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება, მათ შორის, ასაკობრივი ზღვრების დადგენა, არ უნდა მოხდეს გაუაზრებლად და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი ასაკის თანმდევი შედეგები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ის ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური ამტანობის შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად, ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი ბლანკეტური შეზღუდვის დაწესების თვითკმარი საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). „იმისათვის, რათა ამა თუ იმ თანამდებობის დაკავების ან/და საქმიანობის განხორციელებისათვის ასაკთან დაკავშირებული ბლანკეტური შეზღუდვის დაწესება რაციონალურად იქნეს მიჩნეული, კანონმდებელი, პირველ რიგში, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ კონკრეტული საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, როგორც წესი, განსაზღვრული ასაკის პირთა დიდი უმრავლესობა ვერ შეძლებს დაკისრებული ფუნქციების შესრულებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/2/863 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ გუჩა კვარაცხელია, გივი ცინცაძე, გიორგი თავაძე, ელიზბარ ჯაველიძე და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
44. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა სპეციალისტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გერიატრიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინე ანდრონიკაშვილმა, აღნიშნა, რომ გერიატრიული ასაკი 65 წლიდან იწყება. კლასიფიკაციის მიხედვით, ადამიანები 65 წლიდან 74 წლამდე „ახალგაზრდა მოხუცებულებად“ იწოდებიან. თუმცაღა, სპეციალისტის მოსაზრებით, 65 წლის ასაკი, თავისთავად, არ მიუთითებს ადამიანის ჯანმრთელობის განსაკუთრებულ გაუარესებაზე. საშუალოდ, 65 წლის ადამიანს შენარჩუნებული აქვს მენტალურად ყველა ის პირობა, რაც აქვს, მაგალითად, 55 წლის ადამიანს. ამასთან, 55 და 65 ასაკს შორის ადამიანის ჯანმრთელობა, შესაძლოა, პროცენტულად გარკვეულ კლებას განიცდიდეს, თუმცა, კლინიკურად ჯანმრთელობის გაუარესების მკვეთრი გამოხატულება უფრო გვიან ასაკში ვლინდება. სპეციალისტის განმარტებით, „საშუალოდ ხანდაზმულობის“ ასაკი 75 წლიდან იწყება და 85 წლამდე გრძელდება. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჯანმრთელობის გაუარესება უფრო გამოხატულია, ვიდრე ახალგაზრდა მოხუცებულში. კლასიფიკაციის მესამე კატეგორიაში მოაზრებიან 85 წელს გადაცილებული ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უფრო გამოხატულია, ვიდრე წინა ჯგუფებში.
45. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ასაკი ფარდობითი ცნებაა და მიუხედავად გარდაუვალი ფიზიკური და მენტალური ცვლილებებისა, იგი ინდივიდუალურად აისახება თითოეულ ადამიანზე. ორგანიზმში ცვლილებების განვითარების ხარისხი და სისწრაფე განპირობებული არის ისეთი ფაქტორებით, როგორებიცაა: ცხოვრების წესი, თანმხლები დაავადებები, საცხოვრებელი გარემო და სხვა. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ადამიანის ორგანოები თავიანთი ფუნქციის დაკარგვას იწყებენ 30 წლის ასაკიდან და ეს პროცესი გრძელდება მუდმივად, თუმცა, ეს არ წარმოადგენს პათოლოგიას. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ დემენციის (მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები) ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი არის ალცჰაიმერის დაავადება. ალცჰაიმერის დაავადების რისკი ასაკის მატებასთან ერთად მატულობს, მაგრამ ის, შესაძლოა, ადამიანს 55 წლის ასაკშიც ჰქონდეს.
46. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება რომ 65 წლის ასაკს მიღწეულ პირთა უმრავლესობას ექნება იმგვარი ფიზიკური უნარები/მონაცემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს გახდის მათ მიერ სამოსამართლო ფუნქციების ჯეროვნად განხორციელებას. თუმცა, ასევე უდავოა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ხდება ადამიანის შრომითი უნარების დაქვეითება, შესაბამისად, იზრდება რისკი, რომ მოსამართლეთა ნაწილი ვერ შეძლებს ფუნქციის სათანადოდ შესრულებას.
47. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლის ზედა ასაკობრივი ზღვარი საერთოდ უნდა გაუქმდეს. აღნიშნული ხელს შეუშლის როგორც კადრების ეფექტიან დაგეგმვას, ისე სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა განსხვავებული თაობის სტრუქტურიზაციის პოლიტიკას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული მოსამართლის ჯანმრთელობისა და უნარ-ჩვევების ინდივიდუალური შეფასება უნდა მოხდეს, სანამ მას თანამდებობიდან გაათავისუფლებენ. აღნიშნული ერთი მხრივ, საფრთხეს შეუქმნის მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობას, ხოლო მეორე მხრივ სასამართლოს ავტორიტეტსა და საზოგადოების ნდობას ინსტიტუციისადმი.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა გამოსადეგი და აუცილებელი საშუალებაა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის და საქმის განხილვის პროცესში, არ გამოკვეთილა რაიმე უფრო მსუბუქი საშუალება, რომელიც ამ ლეგიტიმურ მიზნებს იმავე ეფექტურობით მიაღწევდა.
2.3.4. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
49. გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
50. განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას პირის ინტერესი, არ მოხდეს მოსამართლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება 65 წლის ასაკის მიღწევის გამო, ხოლო მეორე მხარეს სასამართლო სისტემის ეფექტური ფუნქციონირება.
51. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს გარკვეული მიხედულების ზღვარი გააჩნია სასამართლო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „...მთავარი მოთხოვნა, რომლითაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხელისუფლებები მკაცრადაა შებოჭილი, არის ის, რომ სასამართლო ხელისუფლება მთლიანობაში პასუხობდეს მის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევას – უზრუნველყოს სამართლიანი მართლმსაჯულება, რისთვისაც ის აღჭურვილი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ყველა საჭირო, ადეკვატური და საკმარისი ბერკეტით. თავისთავად ცხადია, რომ არ არსებობს სასამართლო ხელისუფლების სისტემის ერთი მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ქმედით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, კვალიფიციურ და სამართლიან მართლმსაჯულებას. სახელმწიფომ საკუთარი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, შესაძლოა, განახორციელოს სასამართლო ხელისუფლების რეფორმა მისი განმტკიცების, დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობისა თუ სანდოობის ხარისხის ამაღლების მიზნით. ამ პროცესში სახეცვლილება შეიძლება განიცადოს სასამართლო სტრუქტურამ, ფორმირების წესმა, კომპეტენციისა თუ იურისდიქციის გასაზღვრამ და სხვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-91).
52. ამ თვალსაზრისით, მოსამართლის სავალდებულო საპენსიო ასაკი, რომელიც ამჟამად 65 წლის ასაკს მიღწევაა, სახელმწიფოს მიერ სასამართლო ხელისუფლების რეფორმის გზაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ასეთ ეტაპს წარმოადგენს. 2010 წლამდე საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენდა, რომ მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ხდებოდა არანაკლებ 10 წლის ვადით. ხოლო პირველად, 2010 წლის 15 ოქტომბრის №3710-სსმI კონსტიტუციური კანონით აღნიშნული ჩანაწერი ჩამოყალიბდა იმგვარად, რომ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე განწესდება. აღნიშნული განმტკიცებულია, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის 61-ე და 63-ე მუხლებით, რაც პირდაპირ მიუთითებს კონსტიტუციის არაორაზროვან ნებაზე, მოსამართლეები თანამდებობაზე განწესდებოდნენ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
53. როგორც აღინიშნა, მოსამართლის ფიქსირებული სავალდებულო საპენსიო ასაკი ხელს უწყობს სასამართლო ხელისუფლებას, ეფექტიანად და შეუფერხებლად დაგეგმოს საკადრო პოლიტიკა, გზა გაუხსნას ახალგაზრდა პროფესიონალებს დაიკავონ მოსამართლის ვაკანტური თანამდებობა, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება ჯეროვანი მართლმსაჯულებისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების ინტერესებს. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლო, ბუნებრივია, შორსაა მოსაზრებისგან, რომ 65 წლის ასაკის მიღწევა ავტომატურად შეუსაბამოს ხდის პირს მოსამართლის თანამდებობისათვის ან/და მოსამართლეთა დიდი ნაწილის მიერ საქმიანობის 65 წლის შემდეგ გაგრძელება თავისთავად იწვევს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების შეფერხებას. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკს მიღწევა, მეცნიერულად, უკვე მიიჩნევა გერიატრიული ასაკის დასაწყისად, გონივრულია დაშვება, რომ 65 წლის მიღწევის შემდეგ მოსამართლეების ნაწილი ვერ შეძლებს საქმიანობის სათანადოდ განხორციელებას. ამავე დროს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ასაკის მიღწევის გამო მოსამართლეთა უნარების დაკარგვის ხარისხის ინდივიდუალურმა შეფასებამ და მათი ნაწილის თანამდებობიდან ხსენებული საფუძვლით გათავისუფლებამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სასამართლოს ავტორიტეტსა და სანდოობას. ბუნებრივია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს თაობათა ცვლის პროცესის ხელშეწყობას, სასამართლო სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებასა თუ მოსამართლის მიერ საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას, საპენსიო ასაკად 65 წლის განსაზღვრა უკეთ უზრუნველყოფს, თუ, მაგალითად 67, ან 70. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ კანონმდებელი ზემოთხსენებული მიზნების დაცვისათვის დასაშვები მიხედულების ფარგლებში მოქმედებს მანამ სანამ მის მიერ განსაზღვრული ასაკი არ იქნება არაგონივრული. განსახილველ შემთხვევაშიც, საკონსტიტუციო სასამართლო არაგონივრულად ვერ მიიჩნევს მოსამართლის საპენსიო ასაკად 65 წლის განსაზღვრას, იმის გათვალისწინებით, რომ არსებული მეცნიერეული ცოდნის პირობებში, 65 წლის ასაკს მიღწევა უკვე მიიჩნევა „მოხუცებულობის“ საწყის ეტაპად.
54. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ მოსამართლეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით ენიშნება კომპენსაცია, რაც გარკვეულწილად ამსუბუქებს პირზე სადავო ნორმით გამოწვეული შეზღუდვის ინტენსივობის ეფექტს. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია 1200 ლარის ოდენობით. ხოლო „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობა უფლებამოსილებადამთავრებული/ უფლებამოსილებაშეწყვეტილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) არის სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 60%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 55%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარისათვის (მასთან გათანაბრებული პირისათვის) – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 50%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 40%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 35%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი; რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 30%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი.
55. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმით დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება, შეზღუდულ ინტერესს. ამასთანავე, სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვის ინტენსივობის ეფექტი არ არის იმ ხარისხის, რომ გადაწონოს გასაჩივრებული ნორმით დაცული ლეგიტიმური მიზნები. ამგვარად „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
3.1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლების დაცული სფერო
56. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო ამავე პუნქტის მე-2 წინადადებით უზრუნველყოფილია საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლება, რომელიც „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13, 14).
58. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი „... სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). დასახელებული კონსტიტუციური დებულება, ასევე, იცავს „მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
59. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მიზნებისთვის საჯარო სამსახური არის, მათ შორის, პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
60. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია, რომ მოსამართლის თანამდებობა, კონსტიტუციის მიზნებისთვის, განხილული უნდა იქნეს საჯარო თანამდებობად, რამდენადაც მოსამართლე, სახელმწიფო ორგანოში, სასამართლოში ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას - მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამრიგად, აშკარაა, რომ მოსამართლის თანამდებობა წარმოადგენს იმ თანამდებობას, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
3.2. სადავო ნორმის შინაარსი, შესაფასებელი მოცემულობა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
61. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ითხოვს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, პირის მიერ 65 წლის ასაკისათვის მიღწევა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.
62. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ასაკობრივი ცენზი, 65 წელი, წარმოადგენს როგორც მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, ისე ამ თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველს.
63. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა expressis verbis ადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, იგი, ამავე დროს, წარმოადგენს პირის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის უარის თქმის საფუძველსაც, სადავო ნორმით დადგენილი მოსამართლის საქმიანობის განხორციელების ზღვრული ასაკის რეგლამენტაციის გამო.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3.3. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა
65. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ითვალისწინებს, რომ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების წინაპირობაა, პირი აკმაყოფილებდეს „კანონმდებლობით“ დადგენილ მოთხოვნებს. ანალოგიურად, ამავე პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, საჯარო სამსახურის პირობები „კანონით“ განისაზღვრება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18).
66. განსახილველ შემთხვევაში საჯარო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების უფლების შეზღუდვა დადგენილია საკანონმდებლო აქტით - „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, დაკმაყოფილებულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ფორმალური მოთხოვნა.
67. საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობის დაკავებისა და გათავისუფლების საფუძვლებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
68. საჯარო თანამდებობის დაკავებისა და განხორციელების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისათვის, აუცილებელია, იგი შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის დისტანცირება საჯარო მმართველობის პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
3.3.1. ლეგიტიმური მიზანი
69. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს ის ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მიღწევასაც უკავშირდება შეზღუდვა. ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-24).
70. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის არსებით განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მიუთითა სადავო ნორმის რამდენიმე ლეგიტიმურ მიზანზე. კერძოდ, ესენია: სამართლებრივი სახელმწიფოს და ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა, სასამართლოს ღირსების დაცვა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის შენარჩუნება, საქმიანი კადრების საჭიროებების დაგეგმვა, მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობის უფროსი თანამდებობის პირების დონეზე უზრუნველყოფა და მოსამართლეების თაობათა ცვლა.
71. ამ გადაწყვეტილების მე-3 თავში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება უდავოდ წარმოადგენს ღირებულ ლეგიტიმურ მიზნებს.
3.3.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
72. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
73. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად.
74. იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტურობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
75. ამ გადაწყვეტილების მე-3 თავში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის ვარგისი და აუცილებელი საშუალებაა.
3.3.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
76. გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
77. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედების შედეგად იზღუდება მოსარჩელის უფლება, განახორციელოს მოსამართლის საქმიანობა. ამავე დროს, ხდება გამოცდილი მოსამართლეების ჩანაცვლება ახალი კადრებით. ამასთანავე, რელევანტურია სადავო ნორმით დაცული ინტერესი, რომელიც ვლინდება სასამართლოს სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეშლის პრევენციასა და სისტემის ახალი კადრებით დაკომპლექტების მეშვეობით მისი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფაში. მოსამართლის საპენსიო ასაკის განსაზღვრისას, ხსენებული ორი ინტერესის შეპირისპირება და მათ შორის საუკეთესო ბალანსის ერთმნიშვნელოვნად დადგენა ძალიან რთულ და, ხშირ შემთხვევაში, გადაუჭრელ ამოცანას წარმოადგენს. შესაბამისად, მოსამართლის საპენსიო ასაკის განსაზღვრისას საქართველოს პარლამენტი გარკვეული მიხედულობით სარგებლობს. ამავე დროს ამ გადაწყვეტილების 2.3.4 თავში (სამოტივაციო ნაწილის 49-55 აბზაცები) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ მოსამართლის საპენსიო ასაკად 65 წლის განსაზღვრით, საქართველოს პარლამენტი დასაშვები მიხედულების ფარგლებში მოქმედებს. ამდენად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს
1. არ დაკმაყოფილდეს №744 კონსტიტუციური სარჩელი („ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის თანმხვედრი აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში