საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/6/1825 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 27 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 31 მარტი 2025 15:17 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის პირველი წინადადების (2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1825) მომართა ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. №1825 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2024 წლის 20 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 27 მარტს.
2. №1825 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის პირველი წინადადების 2024 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია. სადავო ნორმის მიხედვით, სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტი შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე ხდება საჯარო ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას.
5. №1825 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ, ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, კვლევითი საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული გარკვეული დანაშაულების შესწავლის მიზნით, მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული რელევანტური სასამართლო განაჩენების ასლები. წინამდებარე კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილი საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს გადაეცა მოთხოვნილი განაჩენების ასლები პერსონალური მონაცემების დაფარვით, დაშტრიხული სახით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ განაჩენების დეპერსონალიზაცია განხორციელდა სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე.
6. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმა, ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული, დაუშტრიხავი ტექსტის გაცემის შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესაბამის საქმეზე მიღებული იქნება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოგზავნილი განაჩენების გაცემის მომენტისათვის, ამ საქმეებზე ნამსჯელი არ ჰქონდა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებს და, ამასთან, გასული არ იყო მათი გასაჩივრების ვადა, სადავო ნორმის მიზნებისათვის, ეს განაჩენები არ იყო საბოლოო, რის გამოც, შეუძლებელი გახდა დეპერსონალიზაციის გარეშე მათი სრული ტექსტის მოსარჩელისათვის გადაცემა.
7. მოსარჩელე მხარე საკითხის ამგვარ მოწესრიგებას არ იზიარებს და მიაჩნია, რომ ღია სასამართლო სხდომაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენების, გადაწყვეტილებებისა თუ სხვა აქტების სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობა არ უნდა იყოს პირობადებული შესაბამის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის გაცემის შესაძლებლობას, შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
8. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დარღვეულია სამართლიანი ბალანსი ინფორმაციის მიღების უფლებასა და სხვა პირთა პირადი ცხოვრების უფლების დაცვას შორის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, სასამართლო აქტის სრული ტექსტი, შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე გაიცემა მხოლოდ დეპერსონალიზებულად, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, დაინტერესებულ პირს ეძლევა სასამართლო აქტში არსებული, მათ შორის, განსაკუთრებით სენსიტიური ხასიათის პერსონალური ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, აღნიშნული ბალანსის მისაღწევად, სასამართლო აქტის დეპერსონალიზაციის საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველ ინდივიდუალურ საქმეში, იმის გათვალისწინებით, რა სახის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს გადაწყვეტილება.
9. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებით საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება ვერ პასუხობს დასახელებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობასთან და დეპერსონალიზაციის წესთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ სტანდარტებს. მეტიც, სადავო ნორმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსად, ანალოგიური სამართლებრივი საშუალებებით იწვევს იგივე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას და აყენებს იდენტურ სამართლებრივ შედეგს. ამასთან, არ არსებობს ისეთი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს შექმნიდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს №1825 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელ სხდომაზე, განჩინებით სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრული ტექსტის გაცემის შესაძლებლობას, შესაბამის საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
11. ამასთანვე, მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმას შესაძლოა ჰქონდეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებაში შეფასებულისგან განსხვავებული ლეგიტიმური მიზნები. კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმა შესაძლებელია, ემსახურებოდეს სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების, ასევე ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს. თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ უნდა ჩაითვალოს ისეთ ახალ ფაქტობრივ ან სამართლებრივ გარემოებად, რაც საქმის არსებითად განხილვის საჭიროებას წარმოშობს. მიუხედავად ამისა, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო, ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩათვლის, რომ საკითხი ექვემდებარება ხელახლა განხილვას, სადავო ნორმა მაინც ვერ აკმაყოფილებს უფლების შეზღუდვისთვის საჭირო თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და წარმოდგენილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. 2025 წლის 12 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1825 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1825 კონსტიტუციურ სარჩელზე („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში