საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ელენე მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1232 |
ავტორ(ებ)ი | ივანე პეტრიაშვილი, ელენე მახარაშვილი |
თარიღი | 1 ივნისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. ასევე სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელე მხარე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, რომლისთვისაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე და 42-ე მუხლების მიხედვით გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა, როგორც ყველა ადამინის უფლება, ასევე შრომის თავისუფლების უფლება და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებები და საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
სადავო აქტით არსებითად უთანასწორო და დაუსაბუთებელად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან სამსახურში როგორც დასაქმებულ, ასევე გათავისუფლებულ პირთა არსებითად თანასწორი 2 შესადარებელი ჯგუფი, კერძოდ:
ა) პირები, რომლებიც მუშაობენ/მუშაობდნენ კერძო სექტორში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა დაწესებულებებში (ააიპ-ები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირები და სხვა) (ტექსტში შემდგომ - „კერძო სექტორი“);
ბ) იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მუშაობენ/მუშაობდნენ საჯარო სამსახურში.
სამსახურებრივი დავის წარმოწყების გადაწყვეტის შემთხვევაში (გადაყვანა, დაქვეითება, დისციპლინური წარმოება, უფლებამოსილების შეჩერება, შვებულების მიცემაზე უარი, ან მისი ნატურით ანაზღაურების უარყოფა, კანონისმიერი დანამატი, კომპენსაცია, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა და ა.შ) ე.წ. კერძო სექტორში დასაქმებული ის პირები, რომელთა საქმის განხილვა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სადავო აქტით არ თავისუფლდებიან არცერთი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, პირები, რომლებიც წარმოდგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათავისუფლებულნი არიან მსგავსი კატეგორიის დავებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სხვა სიტყვებით, მოსარჩელეები, ამ შემთხვევაში, წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე და 42-ე მუხლებით დაცული უფლებების დარღვევის მსხვერპლს, ვინაიდან კერძო სექტორში დასაქმებული პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში თუ იგი სასამართლოს მიმართავს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, აღმოჩნდება სამართლებრივად უთანასწორო მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში.
კერძოდ, იმის გამო, რომ მოსარჩელეები არ მუშაობენ საჯარო სამსახურში, არ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შრომის უფლებაწართმეულ, ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფ პირს, გარდა იმისა, რომ ხდება მისი დისკრიმინაცია, ექმნება ასევე დამატებით ბარიერი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, განსხვავებით საჯარო მოსამსახურისაგან. შედეგად, კერძო სექტორში დასაქმებულ პირს კანონის სადავო დანაწესით უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეიძლება მან ვერ შეძლოს და დაირღვეს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება, რამეთუ სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობისა და საქმის სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების მოსაპოვებლად ეს ორი შესადარებელი ჯგუფი არათანაბარ მდგომარეობაშია ჩაყენებული, თუმცა ამგვარი განსხვავებული მოპყრობის რაიმე ლეგიტიმური ინეტერსი ან გარდაუვლად საჭირო ლეგიტიმური გადახვევა, ვერ დგინდება.
განსხვავებული მოპყრობის გამართლების რაიმე გონივრული და კანონმდებლის მიერ დაგულვებული საღი არგუმენტიც ვერ მოიძებნა.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირთა ერთი ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.
საგულისხმოა, რომ სადავო ნორმის ჩანაწერი ერთობ უცნაურიცაა, ვინაიდან მისი შინაარსით, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მაშინაც, როდესაც ის სარჩელით ითხოვს გათავისუფლების გამო სამსახურში უძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი მთლიანი ხელფასის - განაცდურის ანაზღაურებას, თუმცა ამ უფლების მოპოვება და ამგვარი საპროცესო შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია დამოუკიდებლად, თუ პირი პროცესუალურად არ წარადგენს გათავისუფლების გადაწყვეტილებისა და ხშირ შემთხვევაში - სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ამ უკანასკნელ სასარჩელო მოთხოვნებზე პირს უწესდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება. ანუ, პირი ვერ ისარგებლებს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავიუფლების შესაძლებლობით, თუ განაცდური ხელფასის სასარჩელო მოთხოვნის წარდგენამდე არ ისარგებლა გათავისუფლების გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით აღძრული სარჩელით, რომელზედაც კანონი კერძო სექტორში დასაქმებულ/გათავისუფლებულ პირებს არ ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განაცდური ხელფასის სასარჩელო მოთხოვნის სასამართლო წარმატება პრაქტიკულად შეუძლებელია, რამეთუ ის ერთგვარად აქცესორული უფლებაა და გათავისუფლების უკანონობის დადასტურების გარეშე ეს უფლება არ არსებობს. სასამართლო პრაქტიკაში, სამსახურებრივ დავებზე ცალკ-ცალკე აღძრული სარჩელით არ მოწმდება გათავისუფლების კანონიერება, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის პრეტენზიები. ხსენებული მოთხოვნები თანადროულად არის წარმოდგენილი ერთ სარჩელში და პრაქტიკაში. შესაბამისად, პრაქტიკულ შედეგსა და აზრსმოკლებულია კანონით დადგენილი ბაჟისაგან გათავისუფლება მარტოოდენ განაცდური ხელფასისათვის, რამეთუ პირი ამგვარი კატეგორიის დავებზე მაინც იხდის სახელმწიფო ბაჟს.
ხსენებული შეუსაბამობა არაერთხელ აღუნიშნავს საერთო სასამართლოს, რომელთა მიერ მიღებული განჩინებები თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს.
აღწერილის ანალოგიური მდგომარეობაა სოციალური ხასიათის დავებთან მიმართებითაც, სადაც შესადარებელი ჯგუფები ასევე უთანასწორო მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი.
კონსტიტუციური სარჩელში გაერთიანებული ავტორები არიან როგორც კერძო სექტორიდან გათავისუფლებული პირი ელენე მახარაშვილის შემთხვევაში, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების მსხვერპლი უკვე გახდა, ხოლო მეორე მოსარჩელე ივანე პეტრიაშვილი დასაქმებულია კერძო სექტორში - სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და შრომითი უფლების დარღვევის შემთხვევაში ის შესაძლოა განხდეს სადავო ნორმის მოქმედების პოტენციური მსხვერპლი.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არ მიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბემება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს სარჩელი, შესაბამისად, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის (სუბიექტის) მიერ; გ) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითიებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით. ვ) არ არის დარღვეული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა, ვინაიდან მოცემული სარჩელისათვის ასეთს არ ითვალისწინებს კანონი;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობის უზრუნველყოფის მიზნით.
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2011 წლის 18 აპრილის N81/3 დადგენილებით დამტკიცებული სარჩელის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და სრულად შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.
წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია მტკიცება სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლის პირველი პუქტისა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურობის შესახებ. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნა:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის - „ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან“ – ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს სამსახურებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას.
სადავო აქტით არსებითად უთანასწორო და დაუსაბუთებელად განსხვავებულ მდგომარეობაში არიან სამსახურში როგორც დასაქმებულ, ასევე გათავისუფლებულ პირთა არსებითად თანასწორი 2 შესადარებელი ჯგუფი, კერძოდ: ა) პირები, რომლებიც მუშაობენ/მუშაობდნენ კერძო სექტორში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა დაწესებულებებში (ააიპ-ები, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო იურიდიული პირები და სხვა) (ტექსტში შემდგომ - „კერძო სექტორი“); ბ) იმ პირებთან შედარებით, რომლებიც მუშაობენ/მუშაობდნენ საჯარო სამსახურში.
სამსახურებრივი დავის წარმოწყების გადაწყვეტის შემთხვევაში (გადაყვანა, დაქვეითება, დისციპლინური წარმოება, უფლებამოსილების შეჩერება, შვებულების მიცემაზე უარი, ან მისი ნატურით ანაზღაურების უარყოფა, კანონისმიერი დანამატი, კომპენსაცია, სამსახურიდან გათავისუფლება, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა და ა.შ) ე.წ. კერძო სექტორში დასაქმებული ის პირები, რომელთა საქმის განხილვა ექვემდებარება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, სადავო აქტით არ თავისუფლდებიან არცერთი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის წარდგენის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, პირები, რომლებიც წარმოდგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათავისუფლებულნი არიან მსგავსი კატეგორიის დავებზე ყველა ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სხვა სიტყვებით, მოსარჩელეები, ამ შემთხვევაში, წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე და 42-ე მუხლებით დაცული უფლებების დარღვევის მსხვერპლს, ვინაიდან კერძო სექტორში დასაქმებული პირის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში თუ იგი სასამართლოს მიმართავს სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, აღმოჩნდება სამართლებრივად უთანასწორო მდგომარეობაში იმ პირებთან შედარებით, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში.
კერძოდ, იმის გამო, რომ მოსარჩელეები არ მუშაობენ საჯარო სამსახურში, არ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, შრომის უფლებაწართმეულ, ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში მყოფ პირს, გარდა იმისა, რომ ხდება მისი დისკრიმინაცია, ექმნება ასევე დამატებით ბარიერი იმისათვის, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, განსხვავებით საჯარო მოსამსახურისაგან. შედეგად, კერძო სექტორში დასაქმებულ პირს კანონის სადავო დანაწესით უწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რაც შეიძლება მან ვერ შეძლოს და დაირღვეს ასევე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება, რამეთუ სასამართლოსათვის ხელმისაწვდომობისა და საქმის სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების მოსაპოვებლად ეს ორი შესადარებელი ჯგუფი არათანაბარ მდგომარეობაშია ჩაყენებული, თუმცა ამგვარი განსხვავებული მოპყრობის რაიმე ლეგიტიმური ინეტერსი ან გარდაუვლად საჭირო ლეგიტიმური გადახვევა, ვერ დგინდება.
განსხვავებული მოპყრობის გამართლების რაიმე გონივრული და კანონმდებლის მიერ დაგულვებული საღი არგუმენტიც ვერ მოიძებნა.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირთა ერთი ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობა არ შეიძლება გადაწყდეს მეორე ჯგუფის სამართლებრივი მდგომარეობისაგან განსხვავებულად იმ ვითარებაში, როდესაც მათ შორის არსებული განსხვავება ვერ ამართლებს დადგენილ უთანასწორობას. ნორმა სხვადასხვა პირთან მიმართებაში სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული განსხვავება იძლევა ამ უთანასწორობის დასაბუთების შესაძლებლობას.
საგულისხმოა, რომ სადავო ნორმის ჩანაწერი ერთობ უცნაურიცაა, ვინაიდან მისი შინაარსით, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მაშინაც, როდესაც ის სარჩელით ითხოვს გათავისუფლების გამო სამსახურში უძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის მანძილზე მიუღებელი მთლიანი ხელფასის - განაცდურის ანაზღაურებას, თუმცა ამ უფლების მოპოვება და ამგვარი საპროცესო შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია დამოუკიდებლად, თუ პირი პროცესუალურად არ წარადგენს გათავისუფლების გადაწყვეტილებისა და ხშირ შემთხვევაში - სამსახურში აღდგენის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ამ უკანასკნელ სასარჩელო მოთხოვნებზე პირს უწესდება სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება. ანუ, პირი ვერ ისარგებლებს კანონით დადგენილი სახელმწიფო ბაჟისაგან გათავიუფლების შესაძლებლობით, თუ განაცდური ხელფასის სასარჩელო მოთხოვნის წარდგენამდე არ ისარგებლა გათავისუფლების გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მოთხოვნით აღძრული სარჩელით, რომელზედაც კანონი კერძო სექტორში დასაქმებულ/გათავისუფლებულ პირებს არ ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განაცდური ხელფასის სასარჩელო მოთხოვნის სასამართლო წარმატება პრაქტიკულად შეუძლებელია, რამეთუ ის აქცესორული უფლებაა და გათავისუფლების უკანონობის დადასტურების გარეშე ეს უფლება არ არსებობს. სასამართლო პრაქტიკაში, სამსახურებრივ დავებზე ცალკ-ცალკე აღძრული სარჩელით არ მოწმდება გათავისუფლების კანონიერება, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის პრეტენზიები. ხსენებული მოთხოვნები თანადროულად არის წარმოდგენილი ერთ სარჩელში და პრაქტიკაში. შესაბამისად, პრაქტიკულ შედეგსა და აზრსმოკლებულია კანონით დადგენილი ბაჟისაგან გათავისუფლება მარტოოდენ განაცდური ხელფასისათვის, რამეთუ პირი ამგვარი კატეგორიის დავებზე მაინც იხდის სახელმწიფო ბაჟს.
ხსენებული შეუსაბამობა არაერთხელ აღუნიშნავს საერთო სასამართლოს, რომელთა მიერ მიღებული განჩინებები თან ერთვის კონსტიტუციურ სარჩელს.
აღწერილის ანალოგიური მდგომარეობაა სოციალური ხასიათის დავებთან მიმართებითაც, სადაც შესადარებელი ჯგუფები ასევე უთანასწორო მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი.
კონსტიტუციური სარჩელში გაერთიანებული ავტორები არიან როგორც კერძო სექტორიდან გათავისუფლებული პირი ელენე მახარაშვილის შემთხვევაში, რომელიც სადავო ნორმის მოქმედების მსხვერპლი უკვე გახდა, ხოლო მეორე მოსარჩელე ივანე პეტრიაშვილი დასაქმებულია კერძო სექტორში - სახელმწიფოს მიერ აკრედიტებულ არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და შრომითი უფლების დარღვევის შემთხვევაში ის შესაძლოა განხდეს სადავო ნორმის მოქმედების პოტენციური მსხვერპლი.
სადავო ნორმის გასაჩივრებული შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 30-ე და 42-ე მუხლებთან. შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი სახეცვლილება და არსებული სიცარიელის/ხარვეზის შევსება.
ა) სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.
წარმოდგენილი სადავო ნორმით საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული კანონის წინაშე ყველა ადამინის უფლება ირღვევა სწორედ სოციალური კუთვნილების ნიშნით/სამსახურებრივი სტატუსის გამო. კერძოდ, ადამიანი, რომელიც დასაქმებულია კერძო სექტორში, მისი შრომითი უფლებები განსხვავებულად არის დაცული, მოწესრიგებული და არასრულად ვრცელდება მასზე სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული შეღავათები სასამართლოში მისი საქმის წარმოებისას, ვიდრე იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში.
საინტერესოა თუ რაში გამოიხატება კერძო სექტორში დასაქმებული პირების უფლებების დარღვევა და მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება შეღავათის თვალსაზრისით საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან მიმართებით.
კერძო სექტორსა და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამინების უფლებრივი მდგომარეობა და მათთვის სახელმწიფოს მიერ გათვალისიწნებული შეღავათების არათანაბარი განაწილება და ამასთან არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ხარვეზი გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირებს, რომელთაც სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლებენ და წარმოეშობათ უფლება სასამართლოს გზით აღიდგინონ მათ მიერ ადრე დაკავებული პოზიცია და ამასთანავე მიუღებელი ხელფასი, ასევე დაიცვან სხვა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები, თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სრულად.
კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავაშირებით აღძრულ სარჩელზე“... ამ დანაწესიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ყველა უფლების სასამართლო წესით დაცვა და სასამართლოში საქმის წარმოების დასაწყებად სარჩელის შეტანისას ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლება. ამ ნორმით საჯარო სექტორში დასაქმებულ პირს სრულად აქვს უზრუნველყოფილი უფლება მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად არა მარტო ხელფასთან დაკავშირებით, არამედ სამსახურში აღდგენასა და განაცდურის მიღებასთან მიმართებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი სრულად მოიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც უკავშირდება შრომის უფლებას და შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებების დაცვას სრულად, ასევე ამ უფლებების დაცვის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვისას პირისათვის შეღავათის დაწესებას და მისთვის ხელმშემწყობი გარემოებების შექმნას და წახალისებას. ასეთი მიდგომა თავისთავად კარგია და ემსახურება დასაქმებული თუ უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის გარკვეული გარანტიის შექმნას, რომ მისი უფლებები დაცული იქნება სასამართლო წესით და მას არ წარმოეშობა უსაფუძვლო ბარიერი თუ დაბრკოლება მიმართოს სასამართლოს, არამედ პირიქით ხდება მისთვის ხელშეწყობა.
გამოდის, რომ თუკი ადამიანი დასაქმებულია საჯარო სამსახურში და შემდეგ მას გაათავისუფლებენ, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მიმართოს სასამართლოს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების აღდეგნისა თუ დაცვისათვის, ექმნება ერთგვარი გარანტია იმისა, რომ მას მძიმე ფინანსური მდგომარეობის არსებობისას არ შეექმნება არანაირი დაბრკოლება სასამართლოსთვის მიმართვის პროცესში, რადგან მას სახელმწიფო ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ნებისმიერი უფლების დაცვისას და არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება ხელფასის გადახდევინებას ან სხვა მოთხოვნებს ანაზღაურების თაობაზე.
ფიზიკური პირების მიმართ ასეთი განსხვავებული მიდგომა და მათ შორის განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება შეღავათების მინიჭების კუთხით აშკარად არის არაკონსტიტუციური და არ შეესაბამება არც სამართლიან სოციალურ წესრიგს და რა თქმა უნდა არც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც აღიარებულია კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა განურჩევლად რაიმე ნიშნისა, მათ შორის მათი დასაქმების ფორმის, სამუშაო ადგილის, სამსახურებრივი სტატუსისა და ა. შ.
მაგრამ მიუხედავად ამ ჩანაწერის არსებობისა კონსტიტუციაში, დღეს არსებობს ორი სრულიად განსხვავებული მიდგომისა და რეგულირების მატარებელი ნორმა, რომელთა მოქმედებითაც აშკარად იღვევა ფიზიკურ პირთა თანასწორობა და ხდება მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი მუშაობს კერძო სექტორში. ასეთი ჩანაწერის არსებობით პირდაპირ ხდება პირთა დისკრიმინაცია და მათთვის ნაკლები შესაძლებლობების შექმნა. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულს, რომელიც ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია, უწევს სასამართლოში საკუთარი უფლებების დასაცავად გადაიხადოს ბაჟი, თუკი მისი სასარჩელო მოთხოვნა ეხება სამსახურში აღდგენას, განაცდურის მიღებას, რომელიც ხშირ შემთხვევაში რამდენიმე თვის დაგროვილია და უკანონოდ გათავისუფლებულს საკმაოდ სერიოზული ზიანი ადგება. ასევე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულმა გარდა იმისა, რომ უნდა ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით და გასწიოს საამისოდ საჭირო ხარჯები, დამატებით უწევს სასამართლოში საქმის წარმოებისათვის ბაჟის გადახდა, რითაც მხოლოდ კი არ ეზღუდება სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, არამედ ხშირად შესაძლებელია ეს გახდეს მიზეზი იმისა, რომ პირმა საერთოდ ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დამატებითი ხარჯების გამო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, თუნდაც ფიზიკურ პირს ჰქონდეს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ სრულად ისარგებლოს სასამართლოს სერვისით, მიიღოს ადვოკატის მომსახურება და გასწიოს სხვა საჭირო ხარჯები, მაინც არ არის მართებული საკანონმდებლო რეგულირების ასეთი დამოკიდებულება კერძო სექტორში დასაქებული პირებისადმი. ვინაიდან ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და რატომ უნდა სარგებლობდეს კერძო სექტორში დასაქმებული პირი ნაკლები შესაძლებლობებითა და შეღავათებით ეს გაურკვეველია და წარმოშობს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი ჩანაწერი არის დისკრიმინაციული და წარმოადგენს ნორმის სერიოზულ ხარვეზს.
კანონის წინაშე თანასწორობა პირველ რიგში ნიშნავს თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის უფლებას. აქედან გამომდინარე, ყველა პირისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს თანაბარი მართლმსაჯულება და სამართლებრივი დაცვა კანონის საფუძვეზე. შესაბამისად თუკი კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით არ იქნება უზრუნველყოფილი პირთა თანასწორობა, ასევე არ იქნება თანაბარი შესაძლებლობა უზრუნველყოფილი ყველა პირისათვის მიმართოს და დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოს საშუალებით, ეს არღვევს როგორც კანონის წინაშე თანასწორობას, აგრეთვე შრომის თავისუფლების უფლებასა და სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასაც.
თანასწორობის პრინციპი ასევე მყარად არის დაკავშირებული სამართლიანობის პრინციპთან, ვინაიდან თანასწორობა სამართლიანობის გარეშე მოკლებულია თავის შინაარს თუ დანიშნულებას ისევე როგორც, სამართლიანობის ერთ-ერთი კრიტერიუმია თანასწორობა. აქედან გამომდინარე რთულია სამართლებრივად გამოინახოს ისეთი დასაბუთება, რითაც გამართლდება და სამართლიანად ჩაითვლება სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ფიზიკურ პირებს შორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ასეთი მიდგომა.
მოცემული სადავო ნორმით არ ხდება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციის მხოლოდ გაუმართლებელი შეზღუდვა, არამედ შესაძლებელია საერთოდ შეუძლებელიც კი გახდეს ფიზიკური პირისათვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების განხორციელება, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ისედაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში იმყოფება და მისთვის კიდევ დამატებით რაიმე საფასურის გადახდის დაკისრება გაუმართლებელია და უსამართლო.
კანონმდებლობში ასეთი ჩანაწერი პირდაპირ უშლის ხელს ფიზიკურ პირს დაუბრკოლებლად განახორციელოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და არ იცავს პირს, არ მოხდეს მისი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, მათ შორის კი მისი სამსახურებრივი სტატუსისა - საჯარო სამსახურში დასაქმებული/გათავისუფლებულია თუ კერძო სექტორში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მსგავსი ჩანაწერია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლში, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს საკუთრივ კონვენციით გაცხადებული უფლებების მიმართ, ასევე კონვენციის მე-12 ოქმის პირველ მუხლი უთითებს დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვის შესახებ, რომლითაც დისკრიმინაციის აკრძალვა გავრცელებულია ყველა იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც ხელმომწერი ქვეყნების კანონმდებლობით არის დადგენილი.
კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს და მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის მიმართ უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. ევროპული სასამართოს მიერ დადგენილი პრაქტიკი მიხედვით მე-14 მუხლის მიზნებისათვის ქმედება დისკრიმინაციულია, თუ მას არ გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება, არ აქვს ლეგიტიმური მიზანი ან არ არის დაცული გონივრული ბალანსი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის.
სადავო ნორმიდან გამომდინარე კი საკმაოდ ბუნდოვანია ის გარემოება და მოტივი, თუ რა მიზნით იქნა დაწესებული ასეთი განსხვავებული მიდგომა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სექტორში დასაქმებული პირებისათვის და არ იკვეთება არანაირი ლეგიტიმური მიზანი იმისა, თუ რატომ უნდა გადაიხადოს კერძო სექტორში დასაქმებულმა პირმა სახელმწიფო ბაჟი იმავე უფლებების დასაცავად, რომლეთა აღდგენისას საჯარო სექტორში დასაქმებული პირი საერთოდ არ იხდის სახელმწიფო ბაჟს. კონსტიტუციის მე-14 მუხლით კი ისინი უნდ აიყვნენ თანასწორნი მიუხედავად მათი სამსახურებრივი სტატუსისა და სამუშაო ადგილისა, სარგებლობდნენ თანაბარი სასამართლო სერვისითა და უფლებით მიმართონ სასამართლოს საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.
სადავო ნორმის არსებობის საჭიროება ასევე ვერ დასაბუთდება იმით, რომ კერძო სექტორში დასაქმებული პირის მიერ შეტანილი სარჩელის, საქმის განხილვას უფრო მეტი რესურსი და ძალისხმევა სჭირდება სასამართლოს მხრიდან და ამიტომ არ თავისუფლდება იგი ზოგიერთი შრომითი უფლების დასაცავად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ: ,,კონსტიტუციის მე-14 მუხლი წარმოადგენს თანასწორობის იდეის ნორმატიულ გამოხატულებას - კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ,,ახალი მემარჯვენეები და ,,საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). ცხადია, რომ სადავო ნორმის შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობები.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,მოცემული კონსტიტუციური დებულების მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა და პირიქით (საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, II-2).
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან, რომლებიც უკავშირდება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, ნათლად იკვეთება რომ მოქმედი ნორმის ნორმატიული შინაარსი ახდენს კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის გარკვეული უფლებების დაცვის პროცესში დაბრკოლებების წარმოქმნას და ასევე პირთა განსხვავებას მათი სამსახურებრივი სტატუსისა და და სამუშაო ადგილის მიხედვით.
ბ) სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან:
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით განმტკიცებულია „შრომის თავისუფლება“, რომელიც შრომის უფლების კომპონენტია. შრომის თავისუფლება და მთლიანობაში შრომის უფლება ადამიანის სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება.
სოციალური სახელმწიფოს მთავარი პრინციპი ადამიანთა თანასწორუფლებიანობისა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფაა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიზანს დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი, შეინარჩუნოს საერთო ეკონომიკური წონასწორობა და გამორიცხოს ან მინიმუმადე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების ერთ-ერთ გზას შრომის უფლების დაცვა წარმაოდგენს, რაც სახელმწიფომ ამ მიზანთან თანმხვედრი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვით უნდა უზრუნველყოს (პრაქტიკული სახელმძღვანელო შრომის უფლებებისა და გარემოს დაცვის სფეროში- ადამინის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა და ასოციაციის „მწვანე ალტერნატივა“ გამოცემა 2015 წელი).
შრომის უფლება სოციალურ-ეკონომიკური უფლებაა და წარმოადგენს შრომით ურთიერთობებში არსებული უფლებებისა დავალდებულებების ერთობლიობას, რომელიც მოიცავს სამართლიანი შრომის პიროებებს, სამართლიანი ანაზღაურების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, შრომითი უფლებების დაცვის უფლებებს და ა.შ.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, „შრომა თავისუფალია“, რაც საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმინობის ესა თუ ის სფერო“ (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997), ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა სადავო ნორმით სახელმწიფო ფიზიკურ პირს ხელს უწყობს ზოგიერთი შრომითი უფლების დაცვაში, როდესაც ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ცალკეულ მოთხოვნებზე, მაგრამ სახელმწიფო სრულად ვერ უზრუნველყოფს ადამინის შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა უფლების დაცვას, რადგან კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს ზოგიერთი უფლების დასაცავად უწევთ ბაჟის გადახდა და ამ გზით მათ ეზღუდებათ სასამართლოს სერვისით სარგებლობის უფლება, განსხვავებით საჯარო მოსამსახურეებისაგან.
შრომის უფლების დაცვა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. სოციალური სახელმწიოს პრინციპი გულისხმობს ადამინთა თანასწორუფლებიანობასა და ღირსეული ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას. ამ პრინციპის მიზანია დაამკბიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი და გამორიცხოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სადავო ნორმით კი ნათლად იკვეთება, რომ მისი ნორმატიული შინაარსი არ უზრუნველყოფს ამ უფლებას და არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ადამიანი, რომელიც უკანონოდ თავისუფლდება სამსახურიდან და განიცდის მძიმე მატერიალურ მდგომარეობას, თავისუფლად და ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაიცას მის შრომით უფლებებს.
საქართველო სავალდებულოდ აღიარებს არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტს, რომლებიც შრომითი უფლებების დაცვის საკითხებს შეეხება. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ეროვნული კანონმდებლობის ურთიერთმიმართების გათვალისიწნებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა ნორმატიული აქტების მიმართ.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი“ განამკიცებს შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებს, შრომითი უფლებების დაცვას, რაიმე ნიშნის განსხვავების გარეშე.
„ევროპის სოციალური ქარტია“ შეეხება არაერთ შრომითი უფლებების საკითხს. საქართველო სავალდებულოდ აღიარებს მოცემული ქარტიის ცალკეულ მუხლებს, რომელბიც შეეხება შრომის სამართლიანი პირობების სარგებლობას, შრომის სამართლიანი ანაზღაურების მიღების უფლებას, პროფესიული საქმინობის სფეროში თანაბარი შესაძლებლობებითა და თანასწორი მოპყრობის უფლებას და ა.შ.
აგრეთვე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებიც მიუთითებენ, რომ დაუშვებელია შრომის და დასაქმების სფეროში რაიმე სახის დისკრიმინაცია.
დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ იქნა განხილული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, მნიშვნელოვანია ის, რომ კრძალავს თანასწორთა განსხვავებას რაიმე ნიშნით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს ნიშანი პირდაპირ ნახსენები კონსტიტუციის შესაბამსი მუხლში.
საქართველოს შრომის კოდექსი ასევე ითვალისწინებს სპეციალურ რეგულაციას დისკრიმინაციის აკრძალვაზე როგორც შრომით, ისე წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში. შრომის კოდექსი ადგენს დისკრიმინაციის შინაარს, რომლის მიხედვით, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირისათვის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან მიმართებით.
დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანთა გარკველი ნიშნით განსხვავებას სოციალურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ და სხვა სახის ურთიერთობებში, რაც თავისი არსით თანასწორუფლებიანობის იდეასთან მოდის წინააღმდეგობაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (გადაწყვეტილება N2/2-389 26.10.2007) კონტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით „დაცულია არა ამრტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე როდესაც კერძო სექტორში დასაქმებულს არ სურს დათმოს საკუთარი სამუშაო, დაკარგოს შემოსავალი და პირიქით სურს შეინარჩუნოს, დაიცვას ეს უფლება, მას არ უნდა უწევდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რადგან ამ გზით გარდა იმისა რომ ხდება მისი დისკრიმინაცია საჯარო სექტორში დასაქმებული პირებთან მიმართებით, ასევე იღვევა შრომის თავისუფლების კანსტიტუციური უფლება და სასამართლოსთვის მიმართვის უფლებაც იზღუდება ან საერთოდ გამოირიცხება.
ამდენად ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სადავო ნორმით მოწესრიგებული საკითხი ვერ უზრუნველყოფს შრომითი უფლებებიდან გამომდინარე ყველა უფლების დაცვისას ყოველგვარი ფინანსური ბარიერის აღმოფხვრას და უკანონოდ გათავისუფლებული პირისათვის შეუძლებელია თავისი შრომითი უფლებების დასაცავად უპრობლემოდ მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ამ უფლების დაცვის გარანტიით.
გ) სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან:
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით: „ყველა ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის ძირითადი უფლება მოიცავს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობასა და ასევე ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. სრულყოფილი დაცვა კი გულისხმობს კანონმდებლის ვალდებულებას, შექმნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პირის უფლებას დროულად, სამართლიანად ისარგებლოს სასამართლოს მომსახურებით, რათა პირმა სრულყოფილად შეძლოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სასამართლოსადმი მიმართვის გზით (საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბერის გადაწყვეტილება ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. II-4).
შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს ის აზრი, რომ ნორმატიული აქტების დებულებები არ უნდა იყოს იმგვარად ჩამოყალიბებული და არ უნდა აწესებდნენ ისეთ მოთხოვნებს ან ქმნიდნენ იმგვარ რეგულირებას, რომლებითაც ამ უფლების რელიზაციის პროცესში წარმოიქმნება ბარიერები.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუქტის შინაარსი. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი აფუძნებს შრომის დაცვის კანონმდებლობას.
30-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანიშნულებაა შრომის თავისუფლების განხორციელების საკანონმდებლო უზრუნველყოფა. ამ პუნქტში მითითებული საკითხების კანონით განსაზღვრა გულისხმობს, ერთი მხრივ, შრომის თავისუფლების კონსტიტუციური შინაარსის განვრცობას, ხოლო, მეორე მხრივ, მისი ფარგლების დადგენას და კანონისმიერ შეზღუდვას.
30-ე მუხლის მე-4 პუნქტში ასევე იგულისხმება კონსტიტუციის დებულებების ადეკვატური კანონმდებლობა, რომელიც განამტკიცებს სამართლიანობას შრომით ურთიერთობებში.
მოცემული სადავო ნორმა კი არ წარმოადგენს ადეკვატურ რეგულირებას, არ მოიცავს სრულად შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ყველა უფლების დაცვის გარანტიას და ხელშემწყობი პირობების შექმნას, არამედ პირიქით გამორიცხავს ზოგიერთი შრომითი უფლების დაცვისას სასამართლოსთვის თავისუფლად და ფინანსური ბარიერის გარეშე მიმართვის შესაძლებლობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ,,უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
„უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
მოცემულ შემთხვევაში კი საერთოდ არ იკვეთება სასამართლოს სერვისით სარგებლობის შეზღუდვის თანაზომიერი, საჭირო და გამართლებული საშუალება, არ ჩანს კანონმდებლის ის დაუძლეველი და აუცილებელი მიზანი, რის გამოც კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა უნდა გადაიხადონ გაზრდილი სახელმწიფო ბაჟი საკუთარი შრომითი უფლებების სასამართოში დაცვის განხორციელების მიზნით.
ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ სარჩელში ჩამოთვლილი სადავო ნორმის ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია და რთულია კონსტიტუციის პრინციპებთან მათი შესაბამისობის ახსნა თუ დასაბუთება. ამდენად, აუცილებელი საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს წინამდებარე სარჩელზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომლითაც უკეთესად მოწესრიგდება და გათანაბრდება ფიზიკური პირებისათვის სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებული შეღავათების საკანონმდებლო რეგულირება. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა