საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ელენე მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/11/1232 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 12 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 12 ივლისი 2017 18:31 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ივანე პეტრიაშვილი და ელენე მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველ ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1232) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ივანე პეტრიაშვილმა და ელენე მახარაშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 7 ივნისს. №1232 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 12 ივლისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თავისუფლდებიან „ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან“. მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს აღნიშნული ქვეპუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც ადგენს სამსახურებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება, ხოლო 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, კერძო სექტორიდან გათავისუფლებულ ერთ-ერთ მოსარჩელეს სადავო ნორმის მოქმედებით კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეელახა, ხოლო მეორე - დასაქმებულია კერძო სექტორში და შრომითი უფლების დარღვევის შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედება მის უფლებრივ მდგომარეობას გააუარესებს.
6. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა აზრით, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს სამსახურებრივი სტატუსი. მათი მტკიცებით, უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს გზით სამსახურებრივი დავის წამოწყების შემთხვევაში ე.წ. კერძო სექტორში დასაქმებული პირები სადავო აქტით არ თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. ხოლო პირები, რომლებიც წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათავისუფლებულნი არიან მსგავსი კატეგორიის დავებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ყველა ინსტანციის სასამართლოში.ამ ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი ყველა უფლების სასამართლოს გზით დაცვა და სასამართლოში საქმისწარმოების დასაწყებად სარჩელის შეტანისას ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლება. მოსარჩელეების განცხადებით, კერძო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი უფლებები განსხვავებულად არის დაცული, მოწესრიგებული და არასრულად ვრცელდება მასზე სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული შეღავათები სასამართლოში მისი საქმისწარმოებისას, ვიდრე იმ პირებისა, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო სამსახურში.
7. მოსარჩელეების განმარტებით, შრომის უფლებების დაცვა სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზაციის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. ამ პრინციპის მიზანია, დაამკვიდროს სამართლიანი სოციალური წესრიგი და გამორიცხოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები. სადავო ნორმით კი ნათლად იკვეთება, რომ მისი ნორმატიული შინაარსი არ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ე.წ. კერძო სექტორიდან უკანონოდ განთავისუფლებული თანამშრომელი თავისუფლად და ზედმეტი შეფერხების გარეშე დაიცავს მის შრომით უფლებებს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები თვლიან, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ ნაწილს.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გასაჩივრებული ნორმა გამორიცხავს ზოგიერთი შრომითი უფლების დაცვის მიზნით სასამართლოსთვის თავისუფლად, გაუმართლებელი ფინანსური ბარიერის გარეშე მიმართვის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სასამართლოს სერვისით სარგებლობის შეზღუდვის თანაზომიერი, საჭირო და გამართლებული საშუალება, არ ჩანს კანონმდებლის ის დაუძლეველი და აუცილებელი მიზანი, რის გამოც კერძო სექტორში დასაქმებულმა პირებმა უნდა გადაიხადონ გაზრდილი სახელმწიფო ბაჟი საკუთარი შრომითი უფლებების სასამართლოში დაცვის განხორციელების მიზნით. აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელეები მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
10. მოსარჩელე მხარე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმის მოქმედება. მოსარჩელის თქმით, სასამართლოს მიერ შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში დაირღვევა არაერთი პირის კონსტიტუციური უფლება, სახელმწიფომ კი თავიდან უნდა აიცილოს არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან „ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან“. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები მიუთითებენ აღნიშნული ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობაზე, რომელიც ადგენს სამსახურებრივ დავებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებულ დავებზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ შრომითი უფლების დასაცავად საერთო სასამართლოებში სარჩელის შეტანის დროს პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
3. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს ფიზიკურ პირებს სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, იგი ადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ზოგადი წესიდან გამონაკლისს და აღმჭურველ ხასიათს ატარებს. ამავდროულად, აღნიშნული ნორმა თავისთავად არ ითვალისწინებს პირთა რომელიმე წრისათვის რაიმე სახის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას. აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ჩამოყალიბება ეფუძნება მოსარჩელეების მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1232 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1232 („საქართველოს მოქალაქეები ივანე პეტრიაშვილი და ელენე მახარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა