ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/1314 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „მხედველობის გამო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1314) მომართა საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 14 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 211 მუხლი, 212 მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო კონსტიტუციის მე-16 მუხლი - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
5. მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი გადაადგილების შეზღუდვის გამო. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებით შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალური დახმარების შენარჩუნების მიზნით, მოსარჩელე იძულებულია, თავი შეიკავოს საჯარო სამსახურში დასაქმებისგან, რაც მისთვის ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს ქმნის.
6. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელეს სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც მხედველობის გამო აქვთ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მისი განმარტებით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ისევე ისარგებლონ სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, როგორც ეს ხდება მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს და სახელმწიფო ვალდებულია, მათთვის უზრუნველყოს თვითრეალიზაციისათვის თანაბარი შესაძლებლობები.
7. მოსარჩელე მხარე უთითებს „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ, მიუხედავად განსხვავებული სახის შეზღუდული შესაძლებლობის არსებობისა, ზემოაღნიშნული აქტი შესადარებელ პირებს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფში აერთიანებს. მისი პოზიციით, გარკვეული უფლებებით სარგებლობა დაკავშირებული უნდა იყოს მის სტატუსთან და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტულ დიაგნოზზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელია ის ბარიერები, რომლებიც წარმოადგენენს დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობის კუთხით. ამდენად, საჭიროა, შეფასდეს პირის ფუნქციური შესაძლებლობები საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სხვადასხვა დიაგნოზის მიუხედავად, ყველა იმ ურთიერთობისთვის, რაც შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამის სტატუსთანაა დაკავშირებული, ის და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება არ არის განპირობებული ობიექტური საჭიროებებით და წარმოადგენს თვითმიზნურ შეზღუდვას.
9. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სოციალური პაკეტით სარგებლობის შეზღუდვას პირდაპირი გავლენა აქვს ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების პროცესზე. მისი განმარტებით, მართალია, სახელმწიფო პირდაპირ არ ზღუდავს მოსარჩელის ნებას - განახორციელოს საჯარო საქმიანობა, თუმცა სადავო რეგულაციით, ირიბ ზემოქმედებას ახდენს როგორც მოსარჩელის, ასევე მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები საჯარო სამსახურში, შეძლონ პიროვნების განვითარება და იმოქმედონ თავისუფლად.
10. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალსა და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე. 2019 წლის 7 მარტს მოსარჩელის წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1314 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1314 კონსტიტუციურ სარჩელზე („ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი