სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/1233 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:40 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი - ანდრო კიკნაველიძე, მოპასუხე მხარის წარმომადგენლები: თინათინ ერქვანია და ქრისტინე კუპრავა, მოწმე - საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კალანდაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის პირველ ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1233) მომართეს, მოსარჩელეებმა - „სს კაპიტალ ბანკმა“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.-მ“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2017 წლის 26 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 10 ნოემბერს და 2017 წლის პირველ დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულია კონკურენციის განვითარება და მეწარმეობის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.
5. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 13 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა №533-1კ განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“ დაუდგინა რიგი შეზღუდვები, ხოლო 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ განკარგულებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა. 2016 წლის 24 ოქტომბრის, საქართველოს ეროვნული ბანკის №979-1კ წერილის თანახმად, სს „კაპიტალ ბანკს“ დაევალა არსებული ვალდებულებების გასტუმრება და საბანკო საქმიანობის შეწყვეტა 3 თვის ვადაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი.
6. სს „კაპიტალ ბანკმა“ გაასაჩივრა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ განკარგულების პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები და მე-2 ნაწილი, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულება და მოითხოვა მათი მოქმედების შეჩერება. სს „კაპიტალ ბანკის“ მოთხოვნა, აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ საერთო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის ისეთ სახეს, რომელიც არც სარჩელის აღძვრით ჩერდება ავტომატურად და არც სასამართლო გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ გამონაკლისს წარმოადგენს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც უზღუდავს სასამართლოს უფლებას, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედება. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აძლევს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მის მიერვე გამოცემული აქტები. ამდენად, მოსარჩელეების პოზიციით, გასაჩივრებული ნორმის ამგვარი განმარტების შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა სს „კაპიტალ ბანკის“ მოთხოვნა საქართველოს ეროვნული ბანკის განკარგულებების მოქმედების შეჩერების შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება საქმეზე №3/7891-16; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება საქმეზე №3/7891-16).
8. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის მიმართ გამოცემული ნებისმიერი შემზღუდველი ან მავალდებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იწვევს ჩარევას საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ძირითად უფლებაში. სააქციო საზოგადოების ლიკვიდაცია იწვევს მისი უფლებაუნარიანობის, მათ შორის, საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებების შეწყვეტას. ამასთანავე, აღნიშნული იწვევს აქციის, როგორც საკუთრების უფლების ობიექტისა და აქციონერის, როგორც სამეწარმეო საზოგადოების წევრის სტატუსის გაუქმებას.
9. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ დროებითი სამართლებრივი დაცვის (სარჩელის უზრუნველყოფის) მექანიზმი სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი კომპონენტია. მოსარჩელეთა აზრით, სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვა, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევას.
10. 2017 წლის 24 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორმა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა №1233 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, სს „კაპიტალ ბანკის“ მიმართ.
11. მოსარჩელეების, შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით, საერთო სასამართლოს აქვს არაერთგვაროვანი პრაქტიკა. მოსარჩელე მხარის აზრით, ზოგიერთ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკის სადავო აქტების მოქმედების შეჩერება შეფასებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ კატეგორიაში. მოსარჩელის თქმით, სხვა შემთხვევებში სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს და საქართველოს ეროვნული ბანკის აქტები მოაქცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილში.
12. ამასთან, მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ მიმართ გამოტანილ განჩინებებში საქართველოს ეროვნული ბანკის აქტების მოქმედების შეჩერებაზე საერთო სასამართლომ უარი განაცხადა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით. მოსარჩელის აზრით, ამავე განჩინებებში სასამართლოს მითითებები სს „კაპიტალ ბანკის“ მოთხოვნის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, გაკეთებულია დამატებით საფუძვლად და იგი არსებით გავლენას არ ახდენს საკითხის გადაწყვეტაზე. მოსარჩელის განცხადებით, კანონმდებლობაში ღიად და ცხადად არ არის გაწერილი, რომ საერთო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოსარჩელის აზრით, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლებამოსილება, შეაჩეროს, მისივე გამოცემული აქტები. მოსარჩელემ თავისი პოზიციის განსამტკიცებლად მიუთითა საერთო სასამართლოს 2005 წლის პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ძველ ნორმას, კერძოდ, 74-ე მუხლის მე-4 ნაწილს.
13. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია შუამდგომლობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი უფლებების შეუქცევადი დარღვევა და, ამასთან, არ არსებობს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა.
14. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად სჭირდება ის საზედამხედველო ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საზედამხედველო ინსტრუმენტები მოიცავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შემოწმებას, მათთვის შეზღუდვების დაწესებას, მათ მიმართ სანქციების გამოყენებას, შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევას და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი შეფერხდებოდა, მისი აქტების გასაჩივრებისთანავე ავტომატური მოქმედების შეჩერებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, ეფექტურად განეხორციელებინა კონსტიტუციით მასზე დაკისრებული ვალდებულებები. აღნიშნული ასევე დააზიანებდა მესამე პირთა უფლებებს. ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არა ავტომატურ შეჩერებას, არამედ სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩეროს აღნიშნული აქტის მოქმედება.
15. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. სასამართლოს აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისგან არ ზღუდავს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი. სადავო ნორმა საქართველოს ეროვნული ბანკის აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მიუთითებს მისი მოქმედების ავტომატური შეჩერების დაუშვებლობას, თუ თავად ეროვნული ბანკი არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
16. მოწმემ, საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი კალანდაძემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტების მოქცევას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების სფეროში. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკის აქტები გასაჩივრებისთანავე ავტომატურად შეჩერდება, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაზე.
17. მოწმემ მიუთითა 2015 წლიდან განვითარებულ სასამართლო პრაქტიკაზე და აღნიშნა, რომ საერთო სასამართლო არ იზღუდავს უფლებამოსილებას, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის აქტების მოქმედება. საერთო სასამართლოები აჩერებენ საქართველოს ეროვნული ბანკის აქტების მოქმედებას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე დაასაბუთებს, რომ მის ინტერესებს ადგება ზიანი.
18. მოწმემ განაცხადა, რომ არსებობს 15-დან 20-მდე შემთხვევა, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ შეაჩერა საქართველოს ეროვნული ბანკის აქტები. მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით ის განჩინებები, რომლებიც აჩერებდა ეროვნული ბანკის აქტების მოქმედებას. გასაჩივრებისას საქართველოს ეროვნული ბანკი უთითებდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტზე და განმარტავდა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა აღნიშნული აქტების მოქმედების შეჩერების უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ არც ერთ შემთხვევაში არ გაიზიარა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სადავო ნორმის ამგვარი განმარტება და მითითება გააკეთა სასამართლოს უფლებამოსილებაზე, შეაჩეროს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკა არის ერთგვაროვანი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, შეამციროს ან უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. 2017 წლის 24 ნოემბერს №1233 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორმა და მოითხოვა საქმის შეწყვეტა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ეროვნული ბანკი ნიშნავს კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების დროებით ლიკვიდატორს, რომელზეც გადადის აღნიშნული დაწესებულებების ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა საერთო კრების) სრული უფლებამოსილება. „სს „კაპიტალ ბანკისთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 14 ივლისის №656 განკარგულებით, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებამდე სს „კაპიტალ ბანკში“ დაინიშნა ლიკვიდატორი. ამდენად, სს „კაპიტალ ბანკში“ დანიშნული ლიკვიდატორი არის უფლებამოსილი პირი ბანკის მართვაზე, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმართვასთან.
4. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა, ხოლო სს „კაპიტალ ბანკში“ დანიშნული ლიკვიდატორი უფლებამოსილია, სარჩელზე საქმის შეწყვეტა მოითხოვოს მხოლოდ სს „კაპიტალ ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე სს „კაპიტალ ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს. ხოლო უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“-სა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სს „კაპიტალ ბანკის“ ლიკვიდატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი.
5. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
6. №1233 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები - უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა ითხოვენ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის მიხედვით, ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. მოსარჩელეების აზრით, აღნიშნული ნორმა გამორიცხავს სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, იმ შემთხვევაში, როდესაც აქტის მოქმედება მისი ადრესატისათვის გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩლე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, რიგ შემთხვევებში, არაეფექტურს ხდის სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვის შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
7. სარჩელის უზრუნველყოფის იმგვარი ღონისძიება, როგორიცაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების ორ შემთხვევას. პირველი, სასამართლოში სარჩელის აღძვრისთანავე ავტომატურად ჩერდება ისეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ექცევა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციაში. მეორე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებისას ავტომატურად არ ჩერდება, თუმცა სასამართლოს შეუძლია ამ აქტის მოქმედების შეჩერება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გასაჩივრებისას ავტომატურად არ შეჩერდება, თუ: (ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; (ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; (გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; (დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; (ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; (ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების აკრძალვა გამორიცხავს ამ აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერებას ამავე კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, თუმცა უშვებს მის შეჩერებას 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით. მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, სადავო ნორმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის რომელი საფუძვლით კრძალავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებას.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/552 „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საერთო სასამართლოებისგან გამოითხოვა სასამართლო პრაქტიკა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტთან დაკავშირებით. საერთო სასამართლოების დამკვიდრებული პრაქტიკა ცალსახად მიუთითებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც სარჩელის მიღება არ იწვევს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ავტომატურ შეჩერებას. თუმცა, ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას, მხარის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1244-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება საქმეზე №3ბ/1338-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება საქმეზე №3ბ/77-15; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1027-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1421-16; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3/6438-16).
12. საერთო სასამართლოების განჩინებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან, თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3/6438-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1244-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განჩინება საქმეზე №3ბ/1338-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინება საქმეზე №3ბ/77-15; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1027-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1421-16;).
13. ამასთან, სადავო ნორმის პრაქტიკიდან ცალსახად იკვეთება, რომ საერთო სასამართლომ შეაჩერა საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება მხარის დასაბუთებული მოთხოვნით და მიუთითა, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, გაითვალისწინოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესი, რომელიც სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება, ამავე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილებისას (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3/6438-16; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განჩინება საქმეზე №3ბ/1421-16).
14. მოსარჩელეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგინეს სს „კაპიტალ ბანკის“ მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ორი განჩინება (თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება საქმეზე №3/7891-16; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება საქმეზე №3/7891-16). ხსენებულ საქმეებზე სასამართლომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თუმცა შუამდგომლობის არდაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა მის დაუსაბუთებლობაზე და არა ინდივიდუალური აქტის შეჩერების კომპეტენციის არქონაზე. ორივე განჩინებაში მითითებულია, რომ სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ: „მოსარჩელის მიერ არ არის საკმარისად დასაბუთებული სადავო აქტის უკანონობისა ან/და პირის კანონიერი უფლების დარღვევის ფაქტი, ასევე დასაბუთებული ეჭვი, რომ მისი გადაუდებელი აღსრულებით არსებითი ზიანი ადგება მხარეს და შეუძლებელი გახდება მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის შემდგომში დაცვა“. ამდენად, არც მოსარჩელის მიმართ ყოფილა გამოყენებული სადავო ნორმა ზემოთ ხსენებული ერთგვაროვანი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი განმარტებით, სადავო ნორმა არ ზრუდავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სადავო ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას. შესაბამისად, მოსარჩელეების მტკიცება, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმა გამორიცხავს სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაჩეროს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არ მიემართება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის რეალურ შინაარსს.
16. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, შეაჩეროს აქტის მოქმედება, „თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას“. ამდენად, კონსტიტუციის მითითებულ დებულებებთან სადავო ნორმის მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს, რომ უფლების დასაცავად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება სხვა შემთხვევებშიც არის აუცილებელი.
17. ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების საჭიროების დასასაბუთებლად მოსარჩელე მიუთითებს იმ გამოუსწორებელ შედეგებზე, რომლებიც აღსრულებას მოჰყვება. მისი პოზიციით, აქტის შეუჩერებლობა პრობლემას ქმნის იმდენად, რამდენადაც საბოლოო გადაწყვეტილებით შეუძლებელი ხდება უფლების სათანადოდ დაცვა. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის „გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას“, იგი მოქმედების შეჩერებას ექვემდებარება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ხოლო დამატებით რა შემთხვევაში შეიძლება იყოს აქტის შეჩერება საჭირო გამოუსწორებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად, არც სარჩელში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოსარჩელეების, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.-ს“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში №1233 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1233 („სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.-ს“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
2. შეწყდეს საქმე №1233 კონსტიტუციურ სარჩელზე („სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სს „კაპიტალ ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ევა გოცირიძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი