სს „კაპიტალ ბანკი“, უცხო ქვეყნის საწარმო შპს „ESOL B.V.“ და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1233 |
ავტორ(ებ)ი | სააქციო საზოგადოება „კაპიტალ ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ESOL B.V., ჯილბერტ რიჩარდ არმენტა |
თარიღი | 1 ივნისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, განსაზღვრული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით. კერძოდ:
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
I. მოთხოვნა:არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 30-ე და 42-ე მუხლებთან მიმართებაში. II. შესავალი (ფაქტობრივი გარემოებები):1. სს „კაპიტალ ბანკი“ (პირველი მოსარჩელე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირია. იგი სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 ივლისის №06/5-42 დადგენილებით, სს „ინვესტბანკის“ საფირმო სახელწოდებით (დანართი №ბ/1). დაფუძნებიდან დღემდე ბანკს არაერთგზის შეეცვალა აქციონერები. ბოლოს, 2015 წლის 03 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 82 მუხლის შესაბამისად გაცემული თანხმობის საფუძველზე, სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% შეძენილ იქნა ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის - შპს ESOL B.V-ის მიერ (მეორე მოსარჩელე) (დანართი №ბ/2). შპს ESOL B.V-ის წილის 100%-ის მფლობელი და, აქედან გამომდინარე, სს „კაპიტალ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრეა აშშ-ის მოქალაქე ჯილბერტ რიჩარდ არმენტა (მესამე მოსარჩელე) (დანართი №ბ/22). ESOL B.V-ის მიერ აქციების შეძენის პარალელურად, სს „კაპიტალ ბანკის“ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აქციონერმა განახორციელა მნიშვნელოვანი ინვესტიცია, მათ შორის, გაზარდა საზედამხედველო კაპიტალი. განხორციელებული ინვესტიცია ჯამში აღემატება 35,000,000 ლარს. 2. ESOL B.V-ის მიერ აქციათა შეძენისა და ინვესტირების პროცესში, კერძოდ, 2016 წლის 13 მაისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა №533-1კ ბრძანებით, სს „კაპიტალ ბანკს“ დაუდგინა მთელი რიგი შეზღუდვები. ხოლო აქციათა შეძენის დასრულებისთანავე, კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“ შეზღუდვები არსებითად გაუმკაცრა. 2016 წლის 24 ოქტომბრის №979-1კ წერილით კი, ეროვნულმა ბანკმა სს „კაპიტალ ბანკს“ მოსთოვა არსებული ვალდებულებების გასტუმრება და საბანკო საქმიანობის შეწყვეტა 3 თვის ვადაში (დანართები: №ბ/5, №ბ/6, №ბ/17 და №ბ/18). ეს უკანასკნელი განკარგულება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოთხოვნილ იქნა მისი ბათილად ცნობა, ხოლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 ნოემბრის განჩინებით (საქმე №3/7891-16), განცხადება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით, იმ მოტივით, რომ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ხოლო ასეთი გადაწყვეტილება საქმეში არ არის (დანართი №ბ/8). 3. 2016 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკმა გამოსცა ახალი, №673 განკარგულება, რომლთაც სს „კაპიტალ ბანკს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია; დაინიშნა ლიკვიდატორი და დაიწყო ბანკის ლიკვიდაციის პროცესი. ამ გადაწყვეტილებას არსებითად საფუძვლად დაედო სს „კაპიტალ ბანკის“ მიერ ეროვნული ბანკის განკარგულების გასაჩივრება. გასაჩივრების ფაქტი ეროვნული ბანკის მიერ შეფასდა, როგორც მისი (გასაჩივრებული) განკარგულების შეუსრულებლობისა და დროის გაჭიანურების მიზნით განხორციელებული ქმედება (დანართები: №ბ/7, №ბ/19 და №ბ/20). სს „კაპიტალ ბანკმა“ საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულება ასევე გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე - გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით (საქმე №3/7891-16), განცხადება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტზე მითითებით, იმავე დასაბუთებით, რომ თავად ეროვნული ბანკის მიერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ (დანართი №ბ/9). 4. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში მის მოქმედებასთან (იურიდიულ ძალასთან) დაკავშირებული წესები მოცემულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ზოგადი დანაწესის თანახმად: „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას“. იმავე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები განსაზღვრავენ ადმინისტრაციული აქტის სახეებს, რომელთა გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს მათ შეჩერებას, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას სასამართლოს ანიჭებს მათი შეჩერების უფლებას. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული აქტის ისეთ სახეობას, რომელიც: (ა) არც სარჩელის აღძვრით ჩერდება ავტომატურ რეჟიმში და (ბ) არც სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეიძლება შეჩერდეს. 5. მოცემულ საქმეში გასაჩივრებული ნორმა პირველად შემოღებულ იქნა 2001 წელს. კერძოდ, 2001 წლის 23 ოქტომბერს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 1995 წლის 23 ივნისის ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება და მითითებული კანონის 74-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ „ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს“. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტს შეტანილი ცვლილებით, ზემოაღნიშნული ნორმა გადატანილ იქნა იმავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტში. 2009 წლის 24 სექტემბერს მიღებულ იქნა ახალი ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, რომლის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი შეიცავს იმავე ნორმას: „ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს“ (გასაჩივრებული ნორმა). 6. სასამართლოს არაუფლებამოსილება, ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე, შეაჩეროს ამ უკანასკნელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განმარტებულია არა მხოლოდ სს „კაპიტალ ბანკის“ საქმეზე მიღებულ ზემოაღნიშნულ სასამართლო განჩინებებში. ანალოგიური განმარტება მოცემულია, მაგალითად, სს „ქართული ბანკის“ საქმეშიც. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრისა და 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებებით (საქმეები: №3ბ/2299-2005 და №3ბ/2537-2005), არ დაკმაყოფილდა სს „ქართული ბანკის“ განცხადებები ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე სასამართლოს ასეთი უფლებამოსილება არა აქვს (დანართები: №ბ/10 და №ბ/11). 7. სასამართლოს არაუფლებამოსილება, შეაჩეროს ამ უკანასკნელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც (იხ. მაგალითად, მ. ვაჩაძე და სხვ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარი, თბილისი, 2005 წ. გვ. 165). III. სამართლებრივი დასაბუთება:1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრებას, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებებს. საკუთრების უფლება, ერთი მხრივ, ადამიანის არსებობის ელემენტარული საფუძველია, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება, II-5). 2. საკუთრების უფლებას, როგორც ადამიანთა თანაარსებობის ეკონომიკურ საფუძველს, მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული მეწარმეობის თავისუფლება. მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. [...] მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება, II-2). ზემოაღნიშნული ძირითადი უფლება, სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას „შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს. იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება, II-3). კონსტიტუცია იცავს არა მარტო ადამიანის არსებობას, არამედ ორგანიზებული წარმონაქმნების არსებობასაც. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის „სიცოცხლე“. ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის № 1/2/411, II-3). 3. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული დებულებით განმტკიცებულია სასამართლო დაცვის - სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც ორგანულ კავშირშია ყველა სხვა ძირითად უფლებასთან, მათ შორის, საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებთან. სამართლიანი სასამართლოს უფლება „ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე, II-1). სამართლიანი სასამართლოს უფლება (...) უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/1/403,427 გადაწყვეტილება, II-1). ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია სწორედ მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება, II-14). 4. საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“. „ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფის“ უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნულ ბანკს მიმდინარე კანონმდებლობით კომერციული ბანკების მიმართ მარეგულირებელი ორგანოს სტატუსი გააჩნია. იგი ადგენს საბანკო ლიცენზიის გაცემის, ისევე როგორც და გაუქმების, ასევე სხვა სახის სანქციების გამოყენების ნორმატიულ წესებს; განსაზღვრავს კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ნორმატიულ წესს; ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს და აუქმებს საბანკო ლიცენზიას, ნიშნავს ლიკვიდატორს და მისი მეშვეობით უზრუნველყოფს კომერციული ბანკის ლიკვიდაციას; იყენებს პასუხისმგებლობის სხვა ფორმებს („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5-მე-6, 30-ე და 37-ე მუხლები) და ა.შ. ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად სამართლებრივ ფორმას ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები წარმოადგენს. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის მიმართ გამოცემული ნებისმიერი შემზღუდველი ან მავალებელი (არააღმჭურველი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შედეგად იწვევს ჩარევას საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ძირითად უფლებებში (21-ე და 30-ე მუხლები). 5. როგორც მოცემული საქმის გარემოებით ირკვევა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გაასაჩივრებულია სს „კაპიტალ ბანკის“ მიმართ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ერთ-ერთი მათგანით - 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“ შეეზღუდა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა: სესხების გაცემა; დღეში 1,000 ლარზე მეტი ოდენობით საგადახდო დავალების შესრულება; ფულადი გზავნილების გადარიცხვა; ექვაირინგის საქმიანობა; საგადახდო ბარათების მომსახურება; დეპოზიტების მოზიდვა; პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციების განხორციელება და ა.შ. ზემოაღნიშნული ღონისძიებათა ხასიათიდან აშკარაა, რომ სს „კაპიტალ ბანკს“ შეეზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების გამოყენებასა და განკარგვას სამეწარმეო მიზნით - შემოსავლის (მოგების) მომტან საქმიანობაში. მეორე აქტით - 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულებით, სს „კაპიტალ ბანკს“, ერთი მხრივ, გაუუქმდა საბანკო ლიცენზია - ანუ შეუწყდა საბანკო საქმიანობის უფლება, ხოლო მეორე მხრივ - დაექვემდებარა ლიკვიდაციას. სააქციო საზოგადოების ლიკვიდაცია იწვევს მისი უფლებაუნარიანობის, მათ შორის, საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებების შეწყვეტას. მეორე მხრივ, იგი იწვევს ასევე აქციის, როგორც საკუთრების უფლების ობიექტისა და აქციონერის, როგორც სამეწარმეო საზოგადოების წევრის, სტატუსის გაუქმებას. ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის 30 სექტემბრის №948-1კ და იმავე წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულებები, მათი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების მიხედვით, იწვევს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით გათვალისწინებულ, საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ძირითად უფლებებში, რაც წარმოშობს აღნიშნული ჩარევის კანონიერების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას. 6. არც საკუთრებისა და არც თავისუფალი მეწარმეობის უფლებები არ არის აბსოლუტური და, ამდენად, შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს სახელმწიფოს მხრიდან. ამავე დროს, ძირითად უფლებებში არამართლზომიერი ჩარევისაგან დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით - უფლებით სამართლიან სასამართლოზე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება, II-9). სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება [...]. სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება, II-59). სამართლიანი სასამართლოს უფლების სათანადო მატერიალურ და პროცედურულ გარანტიებს ემსახურება საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა, მათ შორის, დროებითი სამართლებრივი დაცვის (სარჩელის უზრუნველყოფის) ინსტიტუტი, რომელიც საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასა და, აქედან გამომდინარე, დარღვეული უფლების რეალურ და ეფექტურ დაცვას/აღდგენას ემსახურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დროებითი სამართლებრივი დაცვის (სარჩელის უძრულველოფის) მექანიზმი სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი კომპონენტია და, ამდენად, მოცულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით. 7. დროებითი სამართლებრივი დაცვის (სარჩელის უზრუნველყოფის) შესახებ ზოგადი ნორმები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში: სსკ-ი) 23-ე თავში. სსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მისი მიუღებლობა: 1) გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის: (ა) გადაწყვეტილების აღსრულებას ან (ბ) დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას ან 2) გამოიწვევს: (ა) გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან (ბ) ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად დროებითი სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაუდებელ შემთხვევაში, კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მის გამოყენებას თვით სარჩელის აღძვრამდეც კი (იხ. სსკ-ის 192-ე მუხლი). საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდგომში: სასკ-ი) მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის შესაბამისი ნორმები გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც. ამავე დროს, სასკ-ი შეიცავს დროებითი სამართლებრივი დაცვის სპეციალურ წესებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე დავის შემთხვევაში. კერძოდ, სასკ-ის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას“. აღნიშნული ნორმის თანახმად, სარჩელის აღძვრა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერებას და, აქედან გამომდინარე, დროებითი სამართლებრივი დაცვის რეჟიმის დაწესებას იწვევს ისე, რომ ამისათვის აუცილებელი არ არის მოსარჩელის არც შესაბამისი მოთხოვნა და არც მისი დასაბუთება. ამავე დროს, კანონით განსაზღვრულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სახეობები, რომელთა მოქმედება, მათი აღსრულებისადმი მომეტებული საჯარო ინტერესის გამო, სარჩელის აღძვრით ავტომატურ რეჟიმში არ ჩერდება. თუმცა შეიძლება შეჩერდეს სასამართლოს მიერ, მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე (სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები). ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ისეთ სახეობას, რომლის მოქმედება არც სარჩელის აღძვრით ჩერდება ავტომატურ რეჟიმში და არც სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეიძლება შეჩერდეს. ამ მიმართებით, ერთადერთი საკანონმდებლო გამონაკლისი დადგენილია სადავო ნორმით. 8. სადავო ნორმის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: „ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს“. ნორმის ტექტიდან ცალსახად გამომდინარეობს, რომ თუ ეროვნული ბანკი თავად არ დაადგენს საკუთარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერების შესაძლებლობას, სასამართლოს უფლება არა აქვს დამოუკიდებლად გაატაროს აღნიშნული ღონისძიება. ამდენად, მოცემული საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო დამოკიდებელია თავად აქტის გამომცემი ორგანოს - ეროვნული ბანკის შესაბამის გადაწყვეტილებაზე. ეროვნული ბანკი, თავისი სტატუსით, ერთი მხრივ, საჯარო ხელისუფლების დაწესებულებაა, ხოლო მეორე მხრივ - ყველა იმ პროცესის მხარე (მოპასუხე), რომლის საგანიც ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის კანონიერებაა. ამდენად, სადავო ნორმით, დროებითი სამართლებრივი დაცვის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო დამოკიდებულია საჯარო ხელისუფლების სხვა დაწესებულებაზე, რომელიც იმავდროულად პროცესის მხარეცაა. შესაბამისად, დარღვეულია (ა) ხელისუფლების სხვა შტოებისა და (ბ) მხარეებისაგან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპი, რაც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევას წარმოადგენს. 9. ხელისუფლების სხვა შტოებისა და მხარეებისაგან სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი, სამართლიანი სამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია და უშუალო კავშირშია სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან. ხელისუფლების სხვა შტოებისა თუ პროცესის მხარეებისაგან დამოუკიდებლობის გარეშე, შეუძლებელია სასამართლო იყოს „სამართლიანი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ „დამოუკიდებლობა“ და „მიუკერძოებლობა“ სამართლიანი სასამართლოს უფლების ბირთვი, მისი არსის განმსაზღვრელი პრინციპებია და მათგან ნებისმიერი გადახრა შედეგად იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ საქმეში „გონსალეს დელ რიო პერუს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ „უფლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე აბსოლუტური უფლებაა და არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება“ (1992 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება, 5.2). ამრიგად, მართალია, სამართლიანი სასამართლოს უფლება თავისთავად არ არის აბსოლუტური და, ამდენად, შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს უფლების ისეთი კომპონენტი, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა აბსოლუტური ხასიათისაა და მისი შეზღუდვა იმავდროულად ნიშნავს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული ჩარევა თავისთავად იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. შესაბამისად, აუცილებელი აღარ არის იმის გარკვევა, სადავო ჩარევა ემსახურება თუ არა ლეგიტიმურ მიზანს და დაცულია თუ თანაზომიერების მოთხოვნა ლეგიტიმურ მიზანსა და მზღუდავ საშუალებას შორის. 10. თუნდაც დავუშვათ ისეთი საჯარო ინტერესის არსებობა, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარჯზე სამართლიანი სასამართლოს უფლებაში სადავო ჩარევას გაამართლებდა, ასეთ შემთხვევაშიც, შეუძლებელია დაგვესკვნა, რომ სადავო ჩარევა ჰიპოთეტური ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერია. ამ დებულების დასასაბუთებლად აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შედეგებს, რასაც იწვევს სასამართლოს უუფლებობა, შეაჩეროს საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და 37-ე მუხლების თანახმად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების მომენტიდან კომერციულ ბანკს ეკრძალება ამ ლიცენზიით გათვალისწინებული ყოველგვარი საქმიანობა. ამავდროულად მის მიმართ იწყება სალიკვიდაციო წარმოება, რომელსაც ახორციელებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ამდენად, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების გარდაუვალი შედეგი არის ბანკის, როგორც იურიდიული პირისა და სამართლის სუბიექტის ლიკვიდაცია, მისი უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის შეწყვეტა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესი დასრულდება სასამართლოს მიერ ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სასამართლო ვალდებული იქნება შეწყვიტოს საქმის წარმოება, მოსარჩელე იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო (სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი) - ე.ი. არ მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება. ასეთ ვითარებაში, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მის ყველა ასპექტში (და არა მარტოოდენ დროებითი სამართლებრივი დაცვის ასპექტში), დაუცველი რჩება. ყოველივე ზემოაღნიშნული არ წარმოადგენს მარტოოდენ თეორიულ შესაძლებლობას, რომელსაც რეალურ ცხოვრებისეულ სინამდვილეში არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს. პირიქით, მსგავსი შედეგები პრაქტიკულადაც დამდგარა. სარჩელს თან ერთვის მასალები სს „ქართული ბანკის“ საქმიდან, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 11 ოქტომბრისა და 2005 წლის 24 ოქტომბრის განჩინებებით (საქმეები: №3ბ/2299-2005 და №3ბ/2537-2005), არ დაკმაყოფილა დასახელებული ბანკის განცხადებები ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერების შესახებ იმ დასაბუთებით, რომ ეროვნული ბანკის შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე სასამართლოს მსგავსი უფლებამოსილება არა აქვს (დანართი №ბ/10 და ბ/11). ირკვევა ისიც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე დავის დასრულებამდე, საქმის წარმოება შეწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელე იურიდიული პირის ლიკვიდაციის მოტივით. საქმის წარმოების შეწყვეტის კანონიერება დადასტურებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 27 ივლისის №ბს-711-677(კს-09) განჩინებით (დანართი №ბ/12). ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის გამო სასამართლო ხელისუფლებამ ვეღარ შეამოწმა ეროვნული ბანკის იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება, რომელთაც კომერციული ბანკის ლიკვიდაცია გამოიწვიეს. შესაბამისად, ვერ განხორციელდა სამართლიანი სასამართლოს უფლება. 11. მნიშვნელოვანია იმავე საკითხის სხვა ასპექტიც. როგორც აღინიშნა, საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება აუცილებლობით იწვევს კომერციული ბანკის ლიკვიდაციას, ხოლო ლივიდაციის პროცესს წარმართავს ეროვნული ბანკი, მის მიერ დანიშნული ლიკვიდატორის მეშვეობით. კომერციული ბანკის ლიკვიდატორის ფუნქციას ახორციელებს ეროვნული ბანკის მოხელე, ძირითად ფუნქციასთან შეთავსებით და, ამასთან, ანგარიშვალდებულია მხოლოდ ეროვნული ბანკის წინაშე. ლიკვიდატორი აღჭურვილია ფართო უფლებამოსილებით. კერძოდ, წარმოადგენს ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკს მესამე პირებთან ურთიერთობაში; ეკისრება ბანკის ყველა ორგანოს (დირექტორატი, სამეთვალყურეო საბჭო, საერთო კრება) ყველა უფლებამოსილება; წარმართავს ბანკის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საქმეებს, ამთავრებს (მათ შორის მორიგებით) სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეებს, საჭიროების შემთხვევაში ებმება ახალ გარიგებებში და ა. შ. (იხ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები). ამდენად, საბანკო ლიცენზიის გაუქმებით, იმავდროულად, ლიკვიდატორს (ეროვნულ ბანკს) გადაეცემა კომერციული ბანკის მართვის ყველა ორგანოს - დირექტორატის, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კრების უფლებამოსილებანი - ე.ი. ყველა ის კომპეტენცია, რაც ჩვეულებრივ ვითარებაში აქციონიერებს ან მათ მიერ დაკომპლექტებულ მართვის ორგანოებს (სამეთვალურეო საბჭო, დირექტორატი) ეკუთვნის. მნიშვნელოვანია, რომ ლიკვიდატორს გადაეცემა ბანკის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებაც, რაც, სხვა უფლებამოსილებათა შორის, მას ანიჭებს კომერციული ბანკის სახელით სასამართლო პროცესში მონაწილეობას უფლებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს გააჩნია მძლავრი ბერკეტი, საერთოდ არ იქცეს სასამართლო დავის საგნად მისი აქტი, ლიცენზიის გაუქმებისა და კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შესახებ ან შეწყდეს ასეთი დავა. მაგალითად, პრაქტიკაში ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როცა კომერციული ბანკის სახელით წარდგენილი საჩივარი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ ეროვნული ბანკის მიერ დანიშნულმა ლიკვიდატორმა არ გასცა მინდობილობა საკასაციო საჩივრის შემტან პირზე და არც თავად წარადგინა საჩივარი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 ივნისის №ბს-1688-1642(კ-08) განჩინება, დანართი №ბ/13). ამდენად, სადავო ნორმით, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შესახებ დავის დაწყება ან/და გაგრძელება ეროვნული ბანკის მოხელეზე (ლიკვიდატორზე), არსებითად კი თავად ეროვნულ ბანკის ნებაზე დამოკიდებული ხდება. 12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ სასამართლოს უუფლებობა, ეროვნული ბანკისაგან დამოუკიდებლად შეაჩეროს ამ უკანასკნელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შეიძლება ითქვას, რომ ექსისტენციური საფრთხის შემცველია - კომერციული ბანკის ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მმართველობითი ღონისძიებების სასამართლო კონტროლს მიღმა. ყოველივე ეს შედეგად იწვევს სამართლიანი სასამართლოს, ისევე როგორც ყველა სხვა ძირითადი უფლების დარღვევას, რომელთა დაცვის ინსტრუმენტსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს, მათ შორის, კომერციული სუბიექტის „სიცოცხლის“ უფლების (თავისუფალი მეწარმეობის უფლების ერთ-ერთი ასპექტი) დარღვევას. ამით ეჭვქვეშ დგება ასევე სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები, რაც გულისხმობს იმას, რომ „ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს კონსტიტუციას, კანონს და მთლიანად სამართალს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება) და არა თვითნებურ მმართველობით ღონისძიებებს, რომელთა კანონიერება სასამართლო კონტროლს მიღმა დგას. ძირითად უფლებაში ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც, მოითხოვს თანაზომიერ მზღუდავ საშუალებებს. თუნდაც მინიმალური შანსი იმისა, რომ საჯარო ხელისუფლების ორგანომ საკუთარი ადმინისტრაციული აქტის აღსრულებით თავიდან აიცილოს მისი კანონიერების შემოწმება, იმ დონეზე ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომ არარად აქცევს მას. ამდენად, ძირითად უფლებაში ჩარევის იმ ხარისხისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო დემონსტრირებული, შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ სადავო ჩარევის (ჰიპოთეტურ) ლეგიტიმურ მიზანსა და მზღუდავ საშუალებას შორის დაცულია თანაზომიერების მოთხოვნა. 13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემაჯამებელი დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სადავო ნორმით:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლთან მიმართებაში. 14. როგორც აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა და სხვა უფლებებათა დაცვის პროცედურულ გარანტიას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სადავოა საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებთან ერთობლიობაში. სს „კაპიტალ ბანკის“ მიერ საერთო სასამართლოების სისტემაში გასაჩივრებულია ეროვნული ბანკის ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: 1) 2016 წლის 31 ოქტომბრის №9481-1კ განკარგულება და 2) 2016 წლის 14 ნოემბრის №673 განკარგულება. პირველით - მოსარჩელეს შეეზღუდა გარკვეული საბანკო საქმიანობის წარმოება, ხოლო მეორით - გააუქმდა საბანკო ლიცენზია (შეუწყდა საბანკო საქმიანობის უფლება) და დაექვემდებარა ლიკვიდაციას. ზემოაღნიშნული აქტები, მათი შინაარსისა და სამართლებრივი შედეგების მიხედვით, იწვევენ ჩარევას მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებით გარანტირებულ საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის ძირითად უფლებებში (დეტალურად იხ. მე-5 პუნქტი), რაც სს „კაპიტალ ბანკს“ წარმოუშობს აღნიშნული ჩარევის მართლზომიერების შემოწმების უფლებას სამართლიანი სასამართლოს მიერ. ამდენად, სადავო ნორმა იწვევს ჩარევას არა მარტო სამართლიანი სასამართლოს უფლებაში, არამედ საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებში, რომელთა დასაცავადაც სს „კაპიტალ ბანკმა“ საერთო სასამართლოს მიმართა. ასეთ ვითარებაში, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა იმავდროულად ადასტურებს საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებათა დარღვევას. შესაბამისად, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებაშიც. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა