ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/14/1412 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 23:09 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „პიროვნების დასადგენად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 15 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1412) მომართა ირაკლი ჯუღელმა. №1412 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2019 წლის 19 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 24 ოქტომბერს.
2. №1412 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“. ასევე, ამავე კოდექსის 244-ე მუხლი ადგენს, რომ პიროვნების დასადგენად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება.
4. №1412 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით და ამავე კოდექსის 244-ე მუხლის სიტყვების, „პიროვნების დასადგენად“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებას. მე-13 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია თავისუფლების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონით უფლებამოსილი პირის მიერ“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ირაკლი ჯუღელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2018 წლის 26 სექტემბერს. შესაბამისად, იგი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული დაკავების ვადებისა და საფუძვლების კონსტიტუციურობის საკითხზე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია უთანასწორო მოპყრობა, რადგან სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს განსხვავებულ უფლებრივ რეჟიმს უქვემდებარებს და მათ მიმართ ადამინისტრაციული დაკავების განსხვავებულ ვადებს ავრცელებს. №1412 კონსტიტუციურ სარჩელში არსებითად თანასწორ პირებად მიჩნეული არიან, ერთი მხრივ, პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, რის საფუძველზეც მათ მიმართ 48 საათამდე ადმინისტრაციული დაკავების წესი ვრცელდება და, მეორე მხრივ, პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების ვადა ემთხვევა სამუშაო დროს და, შესაბამისად, აღნიშნული პირები 12 საათამდე ადმინისტრაციული დაკავებას ექვემდებარებიან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შესადარებელი პირები არიან იდენტური საპროცესო მდგომარეობის მქონე სუბიექტები და მათ მიმართ დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების განსხვავებული ვადა ვერ გამოიწვევს მათ არსებითად უთანასწორობას. კონსტიტუციურ სარჩელში დიფერენცირების ნიშნად მითითებულია პირთა ადმინისტრაციული დაკავების დრო და აღნიშნულია, რომ დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, რადგან სადავო ნორმით პირთა მიმართ დადგენილია თავისუფლების აღკვეთის განსხვავებული ვადები. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირება „მკაცრი შეფასების ტესტით“ უნდა შეაფასოს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირების ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელებულ იქნეს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა არსებული დიფერენცირების დადგენა არ წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას მითითებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი ითვალისწინებს პირის დაკავებას პიროვნების დადგენის მიზნით, რაც წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძველით პირის დაკავება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ ქმნის სუბიექტური, თვითნებური მიზეზებით პირის დაკავების შესაძლებლობას, რადგან სადავო ნორმა იძლევა პირის დაკავების ბუნდოვან საფუძველს. მოსაჩელე მიიჩნევს, რომ პიროვნების დადგენის მიზნით უფლების მზღუდავი ისეთი საშუალების გამოყენება, როგორიც ადმინისტრაციული დაკავებაა, ვერ ჩაითვლება თანაზომიერ შეზღუდვად მართლმსაჯულების განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ადამიანის თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილი უფლებამოსილება შეიძლება გახდეს და აუცილებელია, პოლიციის უფლებამოსილების განხორციელების წინაპირობებს კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავდეს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს და მე-13 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის პირველ წინადადებას.
9. მოსარჩელე თავის არგუმენტაციას ამყარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1412 კონსტიტუციური სარჩელი სრულიად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1412 კონსტიტუციური სარჩელი („ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი