ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", ა(ა)იპ "სტუდია მონიტორი", შპს "საქართველოს ამბები", ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/1/1865 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 13 ივნისი 2025 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.ა“, „გ.ა.ბ“, „გ.ა.გ“ ქვეპუნქტებისა და „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტების, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მე-9 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3552 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1865) მომართეს ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორმა“, „შპს საქართველოს ამბებმა“, ნონა ქურდოვანიძემ, გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. №1865 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 26 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 13 ივნისს.
2. №1865 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უცხოური პრინციპალის აგენტის ცნებას. კერძოდ, უცხოური პრინციპალის აგენტი არის (გარდა ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა): გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: გ.ა.ა) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; გ.ა.ბ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; გ.ა.გ) იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს გამონაკლისებს, თუ ვის არ მოიცავს ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ცნებას. კერძოდ, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი არის პირი, რომელიც აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს პოლიტიკური, სამრეწველო, შრომითი, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა სახის სარგებლის, ფაქტების ან პირობების შესახებ ანგარიშებს, აღწერილობებს, ინფორმაციას ან მონაცემებს ნებისმიერი ქვეყნის (გარდა საქართველოსი) თაობაზე, ან აგროვებს, ავრცელებს ან აქვეყნებს მათ რომელიმე უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ანდა პარტნიორთა ჯგუფის, ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან ფიზიკურ პირთა სხვა გაერთიანების ინტერესების შესაბამისად, რომლის საქმიანობაც მოწესრიგებულია უცხო ქვეყნის კანონით ან რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზეა.
4. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს რეგისტრაციის განცხადების წარდგენის წესს. კერძოდ, პირმა არ უნდა იმოქმედოს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტმა, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა ავთენტური და სრულად შევსებული რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, ან თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის რეგისტრაციის ვალდებულებისგან. გარდა შემდგომ გათვალისწინებული შემთხვევებისა, პირმა იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება, ანტიკორუფციულ ბიუროს ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით უნდა წარუდგინოს რეგისტრაციის განცხადების ასლი. უცხოური პრინციპალის აგენტზე ვალდებულება, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება, ვრცელდება იმ დღიდან 10 დღის გასვლის შემდეგაც, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებისგან, შეავსოს რეგისტრაციის განცხადება იმ პერიოდისთვის, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი იყო. ხსენებული ნორმა ასევე განსაზღვრავს იმ მონაცემებს/ინფორმაციას, რომელსაც უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის განცხადება.
5. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტი, რომელმაც შეავსო რეგისტრაციის განცხადება, ვალდებულია ყოველი 6 თვის გასვლის შემდეგ, 30 დღის ვადაში, ფიცის ქვეშ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი ფორმით წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს ის ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია მოითხოვოს რეგისტრაციის განცხადებისთვის დართულ დამატებით დოკუმენტებში ყველა საკითხის ან კონკრეტული საკითხების თაობაზე ინფორმაციის უფრო ხშირად შეტანა, თუ იგი ამას, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების მიხედვით, რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შევსება და წარდგენა არ ნიშნავს იმას, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აუცილებლად და სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთანავე, ეს არ უნდა აღიქმებოდეს ისე, რომ ანტიკორუფციული ბიურო განმცხადებელს დამატებით დოკუმენტაციას არ მოსთხოვს.
6. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უკანონოა საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელება, თუ ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მითითებული არ არის, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროშია დაცული. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ამ კანონის მიზნებისთვის განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“.
7. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-7 მუხლი ადგენს უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირის პასუხისმგებლობას, კერძოდ: იმ უცხოური პრინციპალის აგენტის, რომელიც ფიზიკური პირი არ არის, თითოეული ხელმძღვანელი, მმართველი ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი ვალდებულია წარადგინოს უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციის განცხადება და დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, ასევე იგი ვალდებულია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. თავის მხრივ, იმ ორგანიზაციის დაშლა, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, არ გამოიწვევს მისი ხელმძღვანელის, მმართველის ან ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირის იმ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, რომელიც გულისხმობს ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის შევსებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს კანონის აღსრულების წესსა და სანქციებს. კერძოდ, პირი, რომელიც: ა) განზრახ დაარღვევს ამ კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს); ბ) ნებისმიერ რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს ან მიაწვდის ამ კანონის შესაბამისად, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს, − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევისთვის ან ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტის დარღვევისთვის პირი ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით არაუმეტეს ექვსი თვისა. ხოლო დასახელებული კანონის მე-9 მუხლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაადგინოს, შეასწოროს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც იგი ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს.
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3552 მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევისათვის. კერძოდ, ხსენებულის მუხლის შესაბამისად, 1. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. 2. საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. მოცემული მუხლის შენიშვნის შესაბამისად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
9. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.
10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო, არსებობს საფრთხე, ხსენებული მუხლის სიტყვები: „სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით“ განიმარტოს იმგვარად, რომ ორგანიზაციის მხრიდან რაიმე გრანტის/დაფინანსების მიღება გახდეს ორგანიზაციის „უცხოური პრინციპალის აგენტად“ მიჩნევის საფუძველი. შედეგად, მოსარჩელეებს შესაძლოა, მოეთხოვოს დამაკნინებელი სახელის, „უცხოური პრინციპალის აგენტის“, მიღება და ანტიკორუფციული ბიუროსათვის ამ სახელით რეგისტრაციისათვის მიმართვა. მოსარჩელე მხარის პოზიციით, დაფინანსების მიღება და გრანტის ხარჯვისათვის ფინანსური ანგარიშის დონორისათვის წარდგენა, არ გულისხმობს გრანტის მიმღების უცხოური დონორის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით მოქმედებას. გრანტის ფარგლებში თითოეული აქტივობის განხორციელების პროცესში, ორგანიზაცია დამოუკიდებელი და თავისუფალია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავოა ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის, ასევე, არარეგისტრირებული კავშირისათვის „უცხოური პრინციპალის აგენტის“ წოდება, როცა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უცხოური პრინციპალისაგან ოპერაციული, ორგანიზაციული და მმართველობითი დამოუკიდებლობა.
11. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.“ ქვეპუნქტის სიტყვებზე: „იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი“. მოსარჩელეების პოზიციით, ნორმის ბუნდოვანება მდგომარეობს იმაში, რომ არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება უცხოური პრინციპალის მიერ შუალედური ორგანიზაციის მართვაში, ზედამხედველობაში, კონტროლში. მოსარჩელეების განმარტებით, სიტყვა „არაპირდაპირის“ რეგლამენტირებით, კანონი ითვალისწინებს მოსარჩელეებისათვის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულებას, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, როდესაც მათ, საჯარო რეესტრის მონაცემების საფუძველზეც კი, არ გააჩნიათ ინფორმაცია მათთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ფონდის, არაპირდაპირ, არაფორმალურად უცხოური პრინციპალის მხრიდან მართვის, კონტროლისა და ზედამხედველობის თაობაზე.
12. მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის შესაბამისად, პირის უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის წინაპირობაა უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მოსარჩელეების პოზიციით, პოლიტიკური საქმიანობა ფართო კონცეფციაა. მაგალითად, დონორის მიერ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსება, რომელიც მუშაობს საქართველოში წამების წინააღმდეგ, შესაძლოა გაუტოლდეს პოლიტიკურ საქმიანობას. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმა იმდენად ფართოა, რომ ერთმანეთისაგან ვერ მიჯნავს უცხო ქვეყნის ინტერესს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს და იმ შემთხვევას, როდესაც უცხო ქვეყნის ინტერესი ემთხვევა კონსტიტუციით აღიარებულ საქართველოს ინტერესს.
13. მოსარჩელე მხარე აპელირებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, პირი უცხოური პრინციპალის აგენტად ითვლება, თუ იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსარჩელეები: ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ასევე გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი შეიძლება მოექცნენ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ცნების ქვეშ. ამ ნორმით, ზემოაღნიშნულ სუბიექტებს, ბუნდოვანების გამო, უცხოური პრინციპალის აგენტი შეიძლება ეწოდოთ ისეთი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების გამო, რომლის ფარგლებშიც პოზიტიურად არის მოხსენიებული რომელიმე უცხო ქვეყანა ან საზღვარგარეთ საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია, პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან შრომით კონტექსტში.
14. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ.ა.გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ ხსენებული ნორმის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტად ითვლება პირი, თუ იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას ავალდებულებს პირს, რომელიც, შესაძლოა, ფულს აგროვებდეს სხვა ქვეყანაში ომისა და სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, ზემოაღნიშნული სადავო ნორმა იმდენად ფართოა, რომ სჯის, მათ შორის, საერთაშორისო სოლიდარობას და ალტრუიზმს.
15. მოსარჩელე მხარე აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც არეგულირებს საქართველოში მყოფი იმ პირის მიერ, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით რაიმე საინფორმაციო მასალის შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელებას. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ბუნდოვანია, რას ნიშნავს „შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალება“. მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს კანონმდებლობა, მართალია, იცნობს ვაჭრობის ცნებას, თუმცა კანონმდებლობა არ განსაზღვრავს ვაჭრობის შიდა ან საერთაშორისო საშუალებების შინაარსს. მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, მაგალითად, არის თუ არა ვაჭრობის საშუალება ტელევიზია, რადიო, ბეჭდური საშუალებები, სოციალური ქსელები. შესაბამისად, ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსით ან მომიჯნავე კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, რას გულისხმობს შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის საშუალება, შეუძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციამ ან მედიამ შეასრულოს ვალდებულება - თვალსაჩინო ადგილას მიუთითოს იმის თაობაზე, რომ ეს მასალა ვრცელდება უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით.
16. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, განმცხადებელს ეკისრება ვალდებულება, განცხადებაში მიუთითოს იმ უცხოური პრინციპალის და მისი ქართველი აგენტის შესახებ, რომლის ინტერესებით მოქმედადაც თავს აჩვენებს. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თავის მოჩვენება ხდება მაშინ, როცა უცხოურ პრინციპალთან ან მის აგენტთან მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას სახელშეკრულებო ურთიერთობა არ გააჩნია. შესაბამისად, შეუძლებელია, განმცხადებელმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ ამ პრინციპალთან კავშირის დამყარების გარეშე, რაიმე ინფორმაცია მოიძიოს. უცხოელმა პრინციპალმა და მისმა აგენტმა შესაძლოა არც კი მოისურვოს მათ მოჩვენებით აგენტთან ურთიერთობის დამყარება ანტიკორუფციულ ბიუროში რეგისტრაციის შიშით. ამიტომ, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მოჩვენებითი აგენტობის ხსენებული მოთხოვნის შესრულება, ხშირად, შეუძლებელია. მოსარჩელეების პოზიციით, მსგავსი სამართლებრივი პრობლემა აქვს ზემოაღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს, რომლის მიხედვითაც, განმცხადებელმა ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარადგინოს იმ უცხოური პრინციპალის შესახებ ინფორმაცია, რომლის სასარგებლოდ მოქმედადაც მან თავი მოაჩვენა. მოსარჩელეების არგუმენტაციით, ამ შემთხვევაშიც არ არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობა განმცხადებელსა და უცხოური პრინციპალის ქართველ აგენტს შორის და შესაბამისად, განმცხადებელს ვერ ეცოდინება რომელი უცხოური სახელმწიფო, პოლიტიკური პარტია ან კორპორაცია ფლობს, აკონტროლებს ან აფინანსებს მის ქართველ პარტნიორს. მოსარჩელე მხარე განმარტავს იმასაც, რომ ხსენებული ნორმა განმცხადებლისგან ითხოვს მისი პარტნიორის მაკონტროლებელ ყველა უცხოურ პრინციპალზე ინფორმაციას. თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნის შესრულება, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს მაშინაც, როცა განმცხადებელსა და უცხოურ პრინციპალის აგენტს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობს.
17. მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმები განმცხადებელს ალტერნატიული ბუღალტერიის დამკვიდრებისკენ უბიძგებს. კერძოდ, ამ ნორმების მიხედვით, ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სრული ინფორმაცია იმ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარემოების შესახებ, რომელსაც განმცხადებელი ახორციელებს ან რომლის განმახორციელებლადაც თავს აჩვენებს ან წარმოაჩენს. მოცემული ნორმები პირს აიძულებს, დამატებით დააფიქსიროს და ანტიკორუფციული ბიუროსათვის აღირიცხოს ისეთი ტრანზაქციები, რომელთათვისაც წერილობითი ხელშეკრულება კანონით არ მოითხოვება.
18. მოსარჩელე მხარის პოზიციით, პირს კიდევ უფრო მძიმე ტვირთს აკისრებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კერძოდ, მოსარჩელეების პოზიციით, ხსენებულ ნორმებზე დაყრდნობით, ანტიკორუფციულ ბიუროს ეძლევა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო მიიჩნევს საჭიროდ ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე. მოსარჩელეების მითითებით, ვინაიდან კანონმდებლობა არ იძლევა კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალს, არც ერთმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ წინასწარ არ იცის, რა დოკუმენტები უნდა შეინახოს ანტიკორუფციული ბიუროსათვის. იმავდროულად, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ სადავო ნორმის ბუნდოვანების გამო, ორგანიზაციაში მიმდინარე ყველა წვრილმან ოპერაციაზე საჭირო გახდება დოკუმენტის შედგენა და მისი განუსაზღვრელი ვადით შენახვა, რაც ორგანიზაციისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც შესაბამის სუბიექტს ყოველ ექვს თვეში ერთხელ აკისრებს ანტიკორუფციული ბიუროსათვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულებას. მოსარჩელეების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ექვსთვიანი ვადა ისედაც მცირე პერიოდია, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია აღნიშნული ექვსთვიანი ინტერვალის შემცირება და ინფორმაციის უფრო მეტი სიხშირით მოთხოვნა. სადავო კანონი არ ითვალისწინებს ნორმას, რომელიც შეზღუდავდა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ერთი და იმავე ორგანიზაციის შემოწმების ინტენსივობას. ამით ანტიკორუფციულ ბიუროს კანონი ანიჭებს განუსაზღვრელ და განუჭვრეტელ ძალაუფლებას.
19. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს სადავო კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, თუ წარდგენილი რეგისტრაციის განცხადება არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია განმცხადებელს განუსაზღვროს 10 დღეზე ნაკლები ვადა. მოსარჩელეების განმარტებით, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, განმცხადებელს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოსარჩელეების პოზიციით, იმის გათვალისწინებით, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს წინასწარ გაუთვალისწინებელი დოკუმენტის მოთხოვნის უფლებამოსილება, რომელიც შეიძლება სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში ინახებოდეს და 10 დღეში მისი მოპოვება გახდეს შეუძლებელი, ამ ვადის გაგრძელების გარეშე ადამიანისათვის ან იურიდიული პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება არის იმგვარი აუწეველი ადმინისტრაციული ტვირთი, რომელიც ეწინააღმდეგება განჭვრეტადობის პრინციპს.
20. მოსარჩელე მხარე, აგრეთვე, ყურადღებას ამახვილებს დასახელებული კანონის მე-9 მუხლის განჭვრეტადობის პრობლემაზე. მოსარჩელეების პოზიციით, დასახელებული ნორმა განუზომლად ფართო დისკრეციას ანიჭებს ანტიკორუფციული ბიუროს. კერძოდ, მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმის სიტყვები - „რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს“ მიუთითებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს შეუძლია ნორმატიული აქტით ისე განმარტოს კანონის მოთხოვნები, რომ უცხოური პრინციპალის მიერ აგენტის კონტროლში მოიაზროს მხოლოდ მისი დაფინანსება.
21. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
22. მოსარჩელეების განმარტებით, ბუნდოვანია უცხოური პრინციპალის აგენტად მიჩნევის წინაპირობები. მათთვის უცნობია, იმ პირობებში, როცა უცხოური დონორისაგან მხოლოდ დაფინანსებას იღებენ, მაგრამ არ მოქმედებენ ამ დონორის მოთხოვნით, მითითებით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ინარჩუნებენ სრულ მმართველობით და ოპერაციულ დამოუკიდებლობას დონორისაგან, ევალებათ თუ არა აგენტად რეგისტრაცია. მოსარჩელეთა განმარტებით, სადავო კანონი არ ითვალისწინებს იმგვარ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც ყოველი ორგანიზაციის საქმიანობის მონიტორინგის გზით, ანტიკორუფციული ბიურო, პირველ ეტაპზე, გამოავლენდა რეგისტრაციას დაქვემდებარებულ სუბიექტებს და მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის ინდივიდუალური გარემოებების შემოწმების შედეგად, მისცემდა მას დროს რეგისტრაციისათვის ან ამგვარი შემოწმების შემდეგ მიმართავდა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს და მისი მეშვეობით მოითხოვდა პირის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციას.
23. მოსარჩელე მხარის განმარტებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ განმცხადებლისგან შეიძლება მოითხოვოს ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მასთან არ ინახება, ინახება რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში ან საერთოდ არ არსებობს. ამავდროულად, ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს ეძლევა 10 დღეზე ნაკლები ვადა იმისათვის, რომ მოიძიოს, შექმნას ან საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ეს ინფორმაცია. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად არ არსებობს ვადის გაგრძელების შესაძლებლობა, როდესაც ამ ვადაში ობიექტური და საპატიო მიზეზების გამო შეუძლებელია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენა. ამგვარად, მოსარჩელეების პოზიციით, მათ ემუქრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე ან 6 თვით. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, სახეზეა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების პირველი კრიტერიუმი – მყისიერი ზიანი.
24. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმების საფუძველზე, როგორც მმართველობაზე/ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელ პირთა, აგრეთვე ორგანიზაციაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებზე. კერძოდ, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს განმცხადებლის სახელი, ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით მიხედვით, სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს კორპორაციის მმართველების სახელი და გვარი, მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს თანამშრომელთა სახელები და გვარები, ხოლო „დ“ ქვეპუნქტში მოცემულია ხელშეკრულებების დეტალების გასაჯაროების ვალდებულება. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ხელშეკრულებაში აისახება აგენტად წოდებული დასაქმებულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი. შედეგად, დასახელებული ნორმებით, მასტიგმატიზირებელი ტერმინით – „უცხოური პრინციპალის აგენტით“ ხდება არა მხოლოდ იურიდიული პირის სახელის იდენტიფიცირება, არამედ რეპუტაციაშემლახველ სახელს ასევე უკავშირდებიან ამ იურიდიული პირის მმართველები და რიგითი თანამშრომლები. იმავდროულად, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები გარეშე პირებს აძლევს იმის ზუსტი დადგენის შესაძლებლობას, თუ ვინ ატარებს დამაკნინებელ სახელს – „უცხოური პრინციპალის აგენტს“. აგრეთვე, სად მდებარეობს მისი საცხოვრებელი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ამ მონაცემების ცოდნა გააადვილებს აგენტად სახელდებულ პირთან მიახლოებას და მასზე ანგარიშსწორებას. მაშასადამე, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, კანონი ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციის რიგითი თანამშრომლის საცხოვრებელი მისამართის, პირადი ნომრის, საბანკო ანგარიშის ნომრის ანტიკორუფციული ბიუროსათვის გადაცემას და შემდგომში, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ამ მონაცემების გასაჯაროებას – საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირისათვის გადაცემით თუ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებით.
25. ამასთან, მოსარჩელეების განმარტებით, თუკი ორგანიზაცია ვალდებული იქნება ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს ნებისმიერი ხელშეკრულება, შესაძლოა, სადავო ნორმების საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიუროს ხელში აღმოჩნდეს დევნილ და ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებ პირებთან დადებული ხელშეკრულებები. მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული განსაკუთრებული რისკის წინაშე აყენებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროსათვის ყველა ხელშეკრულების წარდგენა, მათ შორის, იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებების გადაცემა, ლახავს კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფიდენციალურობის პრივილეგიას.
26. მოსარჩელე აგრეთვე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის ანგარიშს, რომელიც მომზადებული და გამოცემულია უცხოური დონორის გრანტის ფარგლებში, თვალსაჩინო ადგილას უნდა მიუთითოს, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული. მოსარჩელეების განმარტებით, ეს იარლიყი აჩენს უნდობლობას და მტრულ გარემოს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ.
27. მოსარჩელეების არგუმენტაციით, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი არასამთავრობო ორგანიზაციას უკრძალავს მის მიერ მომზადებული ანგარიშის კომენტირებისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის გადაგზავნას ან ანგარიშის მომზადებამდე საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას. კერძოდ, მოსარჩელეების აღნიშვნით, იმისათვის, რომ შესაბამისმა სუბიექტმა სახელმწიფო დაწესებულებიდან ანგარიშისათვის რელევანტური ინფორმაციის გამოთხოვა შეძლოს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებაში მან თავის თავს უნდა უწოდოს უცხოური პრინციპალის აგენტი. მოსარჩელეები აგრეთვე მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, როდესაც პარლამენტის კომიტეტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე, აუარესებს მის მდგომარეობას, ორგანიზაციამ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება მხოლოდ მაშინ უნდა გამოთქვას, როდესაც ის წარადგენს ანტიკორუფციული ბიუროდან რეგისტრაციის განცხადებას, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ორგანიზაცია უცხოური პრინციპალის აგენტია. მოსარჩელეები განმარტავენ იმასაც, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ნებისმიერ პირს უნდა გადასცეს რეგისტრირებული განაცხადის ასლი, სადაც იურიდიული პირი, მისი ხელმძღვანელები და თანამშრომლები ფიქსირდებიან შეურაცხმყოფელი იარლიყით – უცხოური პრინციპალის აგენტის სახელდებით. მოსარჩელეების პოზიციით, ამით, ფართო მასშტაბით, ხდება ორგანიზაციების დისკრედიტაცია.
28. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით, ანტიკორუფციული ბიურო აგენტის შესახებ ინფორმაციას აწვდის საგარეო საქმეთა სამინისტროს. საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ანტიკორუფციული ბიურო აგენტის შესახებ ინფორმაციას წარუდგენს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს. მოსარჩელეები დამატებთ განმარტავენ, რომ საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი უფრო ფართო, ინტერნეტ აუდიტორიისათვის ითვალისწინებს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული პირების და მასში დასაქმებული, აგენტთან ასოცირებული თანამშრომლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. მოსარჩელეთა პოზიციით, ხსენებული დებულება წარმოადგენს ინტერნეტით ხელმისაწვდომი უცხოური პრინციპალის აგენტების რეესტრის შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რაც ემსახურება მასში რეგისტრირებული ორგანიზაციების სტიგმატიზაციას.
29. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ ზიანზე, რომელიც სადავო რეგულირების საფუძველზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიადგებათ. კერძოდ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმა ავალდებულებს განმცხადებელს, გაამჟღავნოს ხელშეკრულება, რომელიც შესაძლოა, ჟურნალისტურ წყაროსთან იყოს გაფორმებული. შესაბამისად, სადავო ნორმიდან გამომდინარე, არსებობს ჟურნალისტური წყაროს გამჟღავნების საფრთხე. მოსარჩელეების აღნიშვნით, როდესაც არსებობს წყაროს კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხე, სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული პირები, ან ნებისმიერი სხვა პირი, არ ითანამშრომლებენ მედიასთან კორუფციის ან სხვა საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით. მეტიც, ამგვარი წყაროს შესახებ მონაცემს ანტიკორუფციული ბიურო გადასცემს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადების წარმდგენ პირს და მის შესახებ ინტერნეტში არსებულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი პირთა ფართო წრისათვის. ამასთან, მოსარჩელეების მითითებით, მედიამ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მისი დასაქმებულების მისამართების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია, თავის მხრივ, აისახება მონაცემთა ბაზაში და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ჟურნალისტი, რომელიც მუშაობს ორგანიზებული დანაშაულის თემაზე, არ იქნება უსაფრთხოდ, თუკი მისი მისამართი ინტერნეტში ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი.
30. მოსარჩელეების განმარტებით, მედიის დისკრედიტაციას ამძიმებს ისიც, რომ ჟურნალისტებმა, მათი საგამოძიებო მასალას ინტერნეტში ატვირთვის და ტელევიზიაში განთავსების შემთხვევაში (თუ ინტერნეტი და ტელევიზია სავაჭრო საშუალებად ჩაითვლება), თვალსაჩინო ადგილას უნდა მიუთითონ იმაზე, რომ ინფორმაცია ვრცელდება უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით. მოსარჩელეთა პოზიციით, ეს გარემოება უფრო მეტ უნდობლობას გააჩენს ჟურნალისტური გამოძიების მიმართ.
31. დამატებით, მოსარჩელეების აღნიშვნით, ჟურნალისტის მიმართ საჯარო დაწესებულების მხრიდან დაბრკოლების შექმნის საფუძველს ქმნის სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თანამდებობის პირისგან ინტერვიუს აღებამდე ჟურნალისტმა უნდა მიუთითოს, რომ ის უცხოური პრინციპალის აგენტია. მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული ნორმა კიდევ უფრო გააღრმავებს სახელმწიფო დაწესებულებების მხრიდან კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ისედაც აგრესიულ და მტრულ დამოკიდებულებას.
32. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმები ჟურნალისტებს ასევე უზღუდავს სხვა ქვეყნების ან იქ მოქმედი კორპორაციების შესახებ პოზიტიური ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას. თუკი ჟურნალისტი შესაბამის ქვეყანასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე მოიპოვებს და გაავრცელებს ინფორმაციას ამ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ან ხსენებულ ქვეყანაში შრომითი უფლებების სათანადო დაცვის თაობაზე, ბუნდოვანი კანონმდებლობის პირობებში, მას შესაძლოა მოსთხოვონ ამ სახელმწიფოს ან იქ დაფუძნებული კორპორაციის აგენტად – საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად, რეგისტრაცია. მოსარჩელეების არგუმენტაციით, სისხლისსამართლებრივი სასჯელი უდავოდ ახდენს ჟურნალისტზე მსუსხავ ეფექტს – უცხოური პრინციპალის აგენტად თავის მოჩვენებისაგან თავის არიდების მიზნით, არ გაავრცელოს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საერთაშორისო ახალი ამბები, მათ შორის, მაშინაც, როცა ეს ინფორმაცია გავლენას ახდენს საქართველოზე. დამატებით, მოსარჩელეების აღნიშვნით, საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოპოვების თავისუფლებაზე მსუსხავი ეფექტი გააჩნია სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, სანამ ჟურნალისტი ეცდება ინფორმაცია მოიპოვოს საჯარო დაწესებულებიდან, მან კონკრეტულ საჯარო მოხელეს თავი უნდა წარუდგინოს უცხოური პრინციპალის აგენტად. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტი მოერიდება საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მოპოვებას ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საჯარო დაწესებულებასთან გადამოწმებას, რათა თავიდან აიცილოს საჯაროდ მისი უცხოური პრინციპალის აგენტის სტატუსზე ხაზგასმა.
33. მოსარჩელე მხარის განმარტებით, თუკი უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის გარეშე, უცხოური დონორის თანხებით საქმიანობა დანაშაულია და კანონის ძალაში შესვლიდან 10 დღის გასვლამდე მოსარჩელე ორგანიზაციები ან მათი თანამშრომლები არ რეგისტრირდებიან უცხოური პრინციპალის აგენტად, უცხოური პრინციპალის მიერ გაცემული გრანტი/დაფინანსება ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს დანაშაულის ჩადენის იარაღად. შესაბამისად, პროკურატურას, სასამართლოს განჩინებით, შეუძლია, მოითხოვოს ყადაღის გამოყენება იმ საბანკო ანგარიშებზე, რომელზეც გრანტის/დაფინანსების თანხაა განთავსებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მსჯავრდების საფრთხის მიღმა, სახეზეა მოსარჩელეთა ანგარიშების დაყადაღების საფრთხეც. ამგვარად, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შიშმა, ან სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების, მათ შორის, ყადაღის გამოყენების რეალურმა საფრთხემ, შესაძლოა, აიძულოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, თუნდაც დროებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეწყვიტონ საქმიანობა. მოსარჩელეების პოზიციით, აღნიშნული გარემოება იწვევს გამოუსწორებელ ზიანს არა მარტო ამ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისათვის, არამედ მათი სერვისებით მოსარგებლე პირების/ბენეფიციარებისა და აუდიტორიისათვის.
34. მოსარჩელეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკური გავლენის თავიდან აცილება, ზოგადად, შესაძლოა წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, ავტომატურად იმის ვარაუდი, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, ოდენობის განურჩევლად, უცხოური გავლენის ტოლფასია, გაუმართლებელია და თავისთავად არასაკმარისია სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, ონლაინ მედიისთვის და მაუწყებლებისთვის დაწესებული შეზღუდვების გასამართლებლად. შესაბამისად, სადავო ნორმებით შეზღუდვის დაწესება ისეთ პირზე, რომელიც, მართალია, იღებს უცხოურ დახმარებას, თუმცა ინარჩუნებს დონორისაგან დამოუკიდებლობას, ხდება ლეგიტიმური მიზნის გარეშე. ამდენად, მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმების შეჩერებით არ მოხდება მესამე პირების ან სხვა ღირებული ლეგიტიმური მიზნის დაზიანება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. №1865 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავს „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნების კომპლექსურ ელემენტებს. კერძოდ, სადავოდ ქცეული საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა.ა“, „გ.ა.ბ“, „გ.ა.გ“ ქვეპუნქტებისა და „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტი არის: გ.ა) პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: 1. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს; 2. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი; 3. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას; გ.ბ) პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს.
3. გარდა ამისა, სადავო ნორმების საფუძველზე დადგენილია რეგისტრაციის განცხადებისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის წესი, ასევე განსაზღვრულია ის მონაცემები/ინფორმაცია, რომელსაც უნდა შეიცავდეს რეგისტრაციის განცხადება. სადავო ნორმები ასევე ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილებას, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციისა და იმ ინფორმაციის წარდგენა, რომელსაც ანტიკორუფციული ბიურო, ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს, რათა ინფორმაცია იყოს ზუსტი, სრულყოფილი და უახლესი იმ პერიოდისთვის, რომელსაც ის აღწერს. სადავო ნორმები ასევე ადგენს უცხოური პრინციპალის აგენტის ვალდებულებას, უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, რაიმე საინფორმაციო მასალის საფოსტო გზავნილის სახით ან შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის რომელიმე სხვა საშუალების გამოყენებით გავრცელებისას, ამ საინფორმაციო მასალაში თვალსაჩინოდ მიუთითოს, რომ ეს საინფორმაციო მასალა უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ უცხოური პრინციპალის სახელით არის გავრცელებული და დამატებითი ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროშია დაცული. გარდა ამისა, სადავო ნორმები განსაზღვრავს პასუხისმგებლობას იმ პირის მიმართ, რომელიც განზრახ დაარღვევს კანონის რომელიმე ნორმას (მუხლს, პუნქტს ან ქვეპუნქტს) ან/და რეგისტრაციის განცხადებაში, დამატებით დოკუმენტში ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს ან მიაწვდის, განზრახ შეიტანს არსებითი ფაქტის შესახებ მცდარ ინფორმაციას ან განზრახ გამოტოვებს ნებისმიერ ფაქტს ან არ წარადგენს იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც მასში მითითებული უნდა იყოს. დამატებით, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-9 მუხლი ადგენს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებას, ნებისმიერ დროს დაადგინოს, შეასწოროს, შეცვალოს და გააუქმოს ის წესები და რეგულაციები, რომლებსაც იგი ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუთავსებლობის მოტივით. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნების დეფინიცია. კერძოდ, მოსარჩელეებისთვის არ არის განჭვრეტადი, ორგანიზაცია, მის მიერ გრანტის/დაფინანსების მიღებისას, როდესაც იგი ინარჩუნებს უცხოური პრინციპალისაგან ოპერაციულ, ორგანიზაციულ და მმართველობით დამოუკიდებლობას, ექვემდებარება თუ არა რეგისტრაციის ვალდებულებას და რამდენად ითვლება მისი შემდგომი საქმიანობა უცხოური პრინციპალის მოთხოვნით, მითითებით ან კონტროლით მოქმედებად. იმავდროულად, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, თუ რა მოიაზრება პირის საქმიანობაზე ზედამხედველობის, მართვის, კონტროლის „არაპირდაპირ“ განხორციელებასა და „არაპირდაპირ“ დაფინანსებაში ისევე, როგორც „შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებებში“. მოსარჩელე მხარისათვის ასევე ბუნდოვანი და განუჭვრეტელია „პოლიტიკური საქმიანობისა“ და „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის“ ცნებები. დამატებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს რეგისტრაციის განცხადებაში ასახვას დაქვემდებარებული მონაცემების სიმრავლესა და განუჭვრეტელობაზე, ისევე, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარსადგენი დოკუმენტაციის შესაძლო ყოვლისმომცველობაზე და სხვა.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაძლოა, მოუწიოს მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხებისა და განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი. კერძოდ, განსახილველ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნება, ამ მიზნით, შესაძლოა, მათ შორის, შესაფასებელი იყოს, თუ რამდენად ნათლადაა ჩამოყალიბებული სადავო ნორმებით „პოლიტიკური საქმიანობის“ და „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის“ ცნებები. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაძლოა მოუწიოს იმ საკითხების დადგენა, თუ რამდენად მკაფიოდ არის ფორმულირებული უცხოური პრინციპალის აგენტის რიგი ვალდებულებები, მათ შორის, რამდენად ცხადად და განჭვრეტადად არის კანონმდებლობით ფორმულირებული უცხოური პრინციპალის აგენტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, რეგისტრაციის განცხადების წარდგენის, მასში მისათითებელი ინფორმაციისა და კანონის აღსრულების პროცესში ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების ფარგლების განსაზღვრის ჭრილში.
6. აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის პროცესში კანონის რომელიმე მუხლის განზრახ დარღვევა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც პირი ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგენს, განზრახ არსებითი ფაქტის შესახებ მცდარი ინფორმაციის შეტანა ან განზრახ ნებისმიერი ფაქტის გამოტოვება ან დოკუმენტაციის წარუდგენლობა. შესაბამისად, ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული დებულებებისა და მისგან მომდინარე ვალდებულებების შესაბამისობა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ხარისხობრივ სტანდარტებთან, კერძოდ, რამდენად შეესაბამება სადავო პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.
7. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა, სპექტრს. კერძოდ, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისას, კანონის რეგულირების ქვეშ ექცევიან ფიზიკური პირები. იმავდროულად, სადავო რეგულირება ვრცელდება, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებზე. ხაზგასასმელია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეფექტიანი მმართველობის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიის არსებითი ელემენტებისა და მახასიათებლების, პრინციპების პრაქტიკულ ქმედითობაში. ხსენებული ორგანიზაციები, ხშირ შემთხვევაში, მიზნად ისახავენ, ორიენტირებულნი არიან საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების აქტუალიზებასა და მოგვარებაზე, ასრულებენ ერთგვარი შუამავლის როლს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის, ხოლო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ქმნიან საზოგადოებისა და ინდივიდების მიერ ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აზრის ფორმირების ერთ-ერთ ცენტრალურ, ფართომასშტაბიან და ეფექტიან პლატფორმას. მათ სათანადო მუშაობასა და დამოუკიდებლობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირების დონე და, საბოლოო ჯამში, საზოგადოების დემოკრატიული განვითარება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73). მაშასადამე, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ კონტექსტში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სადავო რეგულირების ბუნდოვანების არგუმენტზე მითითებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს მედია ორგანიზაციებისადმი ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თვალსაზრისით არსებულ მსუსხავ ეფექტზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ გადასაწყვეტი სამართლებრივი საკითხების კომპლექსურობის მიღმა, საქმე გამოირჩევა საზოგადოების ფართო სპექტრზე ზემოქმედების მასშტაბით. ამასთან, იდენტიფიცირებულ, მრავალფეროვან გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტების მისადაგება/ჩამოყალიბება, თავისი არსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
9. იმავდროულად, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2024 წლის 4 ოქტომბერს №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქმე „საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის ფარგლებშიც დავის საგანს წარმოადგენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი დებულებების კონსტიტუციურობა. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საქმეში სადავოდ ქცეული საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიზანმიმართულება, გარკვეული თვალსაზრისით, ემთხვევა №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ ქცეული აქტის მიზნებს. კერძოდ, ორივე კანონი მიზნად ისახავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და აწესრიგებს უცხოური გავლენის მქონე პირის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს. აღნიშნული დასტურდება, მათ შორის, წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი კანონის განმარტებითი ბარათით, რომლის თანახმადაც, „2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას. [...] აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლის ნების სათანადო რეალიზებას“.
10. იმავდროულად, განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აპელირებს ტერმინის „უცხოური პრინციპალის აგენტის“ მასტიგმატიზირებელ ბუნებაზე და ამგვარ არგუმენტაციას აფუძნებს რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირთა წრის ბუნდოვანებასა და რიგი ორგანიზაციებისათვის რეგისტრაციის ვალდებულებას დაქვემდებარების არაკონსტიტუციურობას, ისევე როგორც აპელირებს ორგანიზაციაში დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებზე. მოცემული საქმის მსგავსად, №1828, №1829, №1834 და №1837 კონსტიტუციურ სარჩელებშიც, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სახელდება – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ – მასტიგმატიზებელია და კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების რეესტრში ამ სახელით შეტანა დააზიანებს მათ რეპუტაციას ისევე, როგორც შეაფერხებს მათ საქმიანობას; მოსარჩელეები, ასევე მიიჩნევენ, რომ ანგარიშგებისა და მონიტორინგის ფარგლებში ხდება, მათ შორის, კრიტიკულად სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციაზე სახელმწიფო ორგანოს წვდომა და ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამავე დროს, ანგარიშგების წარდგენა და მონიტორინგის პროცესი მძიმე ადმინისტრაციულ ტვირთს აკისრებს ორგანიზაციებს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, შინაარსობრივად, გარკვეულწილად, მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელი რიგი საკითხი, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოცემულ საქმეებთან მიმართებით, ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტები დაადგინოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა.
11. მაშასადამე, წინამდებარე საქმე, საკუთარი სპეციფიკით, განსახილველი/გადასაწყვეტი საკითხის სიმრავლითა და კომპლექსურობით, მიზანშეწონილია, განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. №1865 კონსტიტუციური სარჩელი („ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“, „შპს საქართველოს ამბები“, ნონა ქურდოვანიძე, გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში