საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებასთან დაკავშირებით
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2-3/1/1865 |
ავტორ(ებ)ი | თეიმურაზ ტუღუში |
თარიღი | 13 ივნისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 ივნისი 2025 16:19 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებასთან დაკავშირებით
1. გამოვხატავ რა ჩემი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის №2-3/1/1865 განჩინებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას №1865 კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ უნდა გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის.
2. №1865 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. კონსტიტუციის დასახელებული დებულებით განსაზღვრულია პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ბუნდოვანია გასაჩივრებული კანონით განსაზღვრული მთელი რიგი საკითხები. კერძოდ, მოსარჩელისთვის ბუნდოვანია კანონით განსაზღვრული „უცხოური პრინციპალის აგენტის“ ცნება, შესაბამისად, არ არის განჭვრეტადი, ექვემდებარებიან თუ არა რეგისტრაციის ვალდებულებას კონსტიტუციური სარჩელის ავტორები და რამდენად ითვლება მათი შემდგომი საქმიანობა უცხოური პრინციპალის მოთხოვნით, მითითებით ან კონტროლით განხორციელებულ მოქმედებად. იმავდროულად, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, რა მოიაზრება უცხოური პრინციპალის მიერ პირის საქმიანობაზე ზედამხედველობაში, მართვაში, კონტროლის „არაპირდაპირ“ განხორციელებასა და „არაპირდაპირ“ დაფინანსებაში, ისევე, როგორც „შიდა ან საერთაშორისო ვაჭრობის საშუალებებში“. მოსარჩელე მხარისათვის აგრეთვე განუჭვრეტელია „პოლიტიკური საქმიანობისა“ და „საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის“ ცნებები. დამატებით, მოსარჩელე მხარე აპელირებს რეგისტრაციის განცხადებაში ასასახი მონაცემების სიმრავლეზე, მათ განუჭვრეტელობასა და სხვა საკითხებზე.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიჩნია, რომ №1865 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი რეგულირება, თავისი შინაარსით, წარმოშობდა საქართველოს კონსტიტუციის განმარტების, ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, შესაბამისად, იგი განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. მიღებული გადაწყვეტილების დასასაბუთებლად, სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს მრავალი მნიშვენლოვანი სამართლებრივი საკითხის, მათ შორის, კანონით განსაზღვრული ცნებებისა და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების განჭვრეტადობის სკრუპულოზური შეფასება, აგრეთვე განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი (იხ., №2-3/1/1865 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 5-6 პუნქტები); სასამართლოს მეორე კოლეგიამ პლენუმისთვის სარჩელის გადაცემის დასაბუთებისას ასევე აღნიშნა, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა სპექტრს, კერძოდ, ფიზიკურ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებს, რომელთა როლი და ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა (იხ., №2-3/1/1865 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-7 პუნქტი); სასამართლოს მეორე კოლეგიის განჩინებაში ყურადღება გამახვილებულია აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2024 წლის 4 ოქტომბერს №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქმე, რომლის ფარგლებშიც, გასაჩივრებულია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი დებულებების კონსტიტუციურობა, რომელთა მიზანმიმართულება, გარკვეული თვალსაზრისით, ემთხვევა №1865 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი აქტის მიზნებს. შესაბამისად, მოცემულ საქმეებთან დაკავშირებით, სასურველია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დადგინდეს ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტები (იხ., №2-3/1/1865 განჩინების სამოტივაციო ნაწილის 9-10 პუნქტები).
4. მიმაჩნია, რომ დასახელებული არგუმენტები არც დამოუკიდებლად და არც ერთობლივად არ ქმნიდა კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, ჩემს კოლეგებს №1865 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა გადაეცათ პლენუმისთვის განსახილველად.
5. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხი, თუ რომელ საქმეებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი და რომელს - კოლეგია, არის გამიჯნული და სრულყოფილად მოწესრიგებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმებით. კერძოდ, დასახელებული ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ადგენს საქმეთა განსჯადობის ზოგად წესს, რომელიც, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების მიხედვით, განსაზღვრავს პლენუმისა და კოლეგიების განსახილველი საქმეების ჩამონათვალს. ცხადია, ზოგადი ნორმატიული წესი ვერ გამორიცხავს გამონაკლისების არსებობას, მეტიც, საკითხის სრულყოფილად მოსაწესრიგებლად, საჭიროა საგამონაკლისო შემთხვევების მხედველობაში მიღებაც. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შიდა ინსტიტუციური განსჯადობის შესახებ დასახელებული ზოგადი წესისგან გამონაკლისს ითვალისწინებს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია, მისი განსახილველი საქმე გადასცეს პლენუმს, თუკი კოლეგიის პოზიცია განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან ან, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას.
6. კოლეგიის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემის ინსტიტუტის არსებობის raison d'etre თავისთავად გულისხმობს, რომ პლენუმისათვის გადასაცემი საქმე, თავისი არსით, გამორჩეული, იშვიათი და საგამონაკლისო უნდა იყოს და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა საქმეებისაგან, რომელთაც კოლეგია რუტინულად იხილავს/წყვეტს. პლენუმისათვის გადასაცემი საქმის გამორჩეულობის შეფასების მსაზღვრელს კი თავად ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომლის თანახმადაც, საქმის გადაცემა დასაშვებია, თუ იგი თავისი შინაარსით, წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას. მოცემულ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ აღნიშნა, რომ №1865 კონსტიტუციური სარჩელის გადაცემის საჭიროებას განაპირობებდა სწორედ ამ კრიტერიუმის არსებობა და, აღნიშნული პოზიციის დასასაბუთებლად, მიუთითა რამდენიმე არგუმენტზე.
7. პლენუმისთვის საქმის გადაცემის განჩინებაში, პირველ რიგში აღნიშნულია, რომ სასამართლოს მოუწევს მრავალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხის, მათ შორის, კანონით განსაზღვრული ცნებებისა და შესასრულებლად სავალდებულო მოთხოვნების განჭვრეტადობის სკრუპულოზური შეფასება, აგრეთვე განსხვავებული მიზანმიმართულების მქონე ნორმების სისტემური ანალიზი.
8. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პლენუმისთვის საქმის გადაცემა არ ხდება იმ მოტივაციით, რომ საქმის ფარგლებში შესაფასებელია „მრავალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხი“, რომელთა ანალიზი საჭიროებს სკრუპულოზურ და სისტემურ მიდგომას. საქმეთა ანალიზის მსგავსი მასშტაბი და ხარისხი, ბუნებრივია, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ექსკლუზივს არ წარმოადგენს - საკითხისადმი მსგავსი მიდგომა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების ყოველდღიური და რუტინული საქმიანობაცაა. ნებიმსიერ საქმეზე მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში, საქმის განმხილველ მოსამართლეებს per se მოეთხოვებათ მრავალი საკითხის საფუძვლიანად გამოკვლევა, საკანონმდებლო სივრცის ანალიზი და სისტემური შეფასება. სხვაგვარი დასკვნის გაკეთება, ცხადია, ეჭვქვეშ დააყენებდა კოლეგიების მიერ მიღებული თუ მომვალში მისაღები გადაწყვეტილებების დასაბუთებულობას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების პრაქტიკაში მრავალად ყოფილა/არის ისეთი საქმეები, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროებდა/საჭიროებს მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების სისტემურ ანალიზსა და დეტალურ შეფასებას. საქმის პლენუმისთვის გადაცემის, როგორც საგამონაკლისო წესის, კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაციონალსა და კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ იმაზე მითითება, რომ კონსტიტუციური სარჩელი კომპლექსურია ან მისი გადაწყვეტა მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს. ასეთი უზოგადესი კრიტერიუმებით, შესაძლებელია იმ სარჩელთა აბსოლუტური უმრავლესობის დახასიათება, რომლებზეც, ჯერ კიდევ, მიმდინარეობს სამართალწარმოება კოლეგიების ფარგლებში.
9. მიმაჩნია, რომ პლენუმისთვის საქმის გადაცემის დროს მსგავსი ზოგადი კრიტერიუმით ხელმძღვანელობა დაარღვევს მექანიზმის საგამონაკლისო ხასიათს, რომელიც კანონმდებელმა იმთავითვე იგულისხმა/განსაზღვრა. შედეგად, გადაცემის ინსტიტუტი საგამონაკლისო მექანიზმიდან იქცევა ფორმალურ ინსტრუმენტად, რომლის გამოყენების სისწორე/მცდარობა ვერ იქნება ობიექტურად გადამოწმებადი, რადგან, როგორც აღინიშნა, ნებისმიერ საქმეზე მიმდინარე კონსტიტუციური სამართალწარმოება, იმთავითვე, მოითხოვს მრავალმხრივ ანალიზს და, შესაბამისად, თითოეულ საქმეზე, შესაძლოა, ანალოგიური დასაბუთებით, კოლეგიის განსჯადი საქმის პლენუმისთვის გადაცემა. მივიჩნევ, რომ შესაფასებელი საკითხების მრავალფეროვნება ავტომატურად არ მიუთითებს მის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სირთულეზე ან/და განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ასეთი ზოგადი დასაბუთების/კრიტერიუმის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა სიმრავლიდან რომელიმეს (არ)გამორჩევამ შეიძლება გააჩინოს თვითნებური/სუბიექტური შეფასების განცდა და რისკი, რომ პლენუმის ფორმატში საქმის განხილვა გახდეს კოლეგიის ფარგლებში მოსამართლეთა შორის განსხვავებული შეხედულებების დაპირისპირების დამოუკიდებელი, კვაზი-ინსტანციური ფორმატი. სასამართლოს პლენუმსა და კოლეგიებს შორის მსგავსმა არათანმიმდევრულმა ფუნქციურმა დელიმიტაციამ კი შესაძლოა, გამოიწვიოს სასამართლოს ინსტიტუციური არქიტექტურის რღვევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პლენუმისთვის საქმის გადაცემის დამოუკიდებელ საფუძვლად არ გამოდგება მეორე კოლეგიის არგუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ №1865 კონსტიტუციური სარჩელის სრულყოფილად გადასაწყვეტად, ბევრი საკითხია შესაფასებელი, რაც საჭიროებს სისტემურ ანალიზს.
10. მეორე კოლეგიამ, საქმის პლენუმისთვის გადაცემის დასასაბუთებლად, აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო რეგულირებით დადგენილი ვალდებულებები მიემართება პირთა ფართო, მათ შორის, სპეციფიკური ფუნქციური დატვირთვის მქონე სუბიექტთა სპექტრს. კერძოდ, ფიზიკურ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებს, რომელთა როლი და ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.
11. მითითებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ნორმატიული აქტების კონსტიტუციის მეორე თავთან შესაბამისობის დადგენის კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე სამართალწარმოების ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის გადაწყვეტილებათა ე.წ. erga omnes ეფექტი. აღნიშნული გულისხმობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც წესი, მბოჭავია არა მხოლოდ განსახილველი სამართლებრივი დავის მხარეებისთვის (inter partes), არამედ იგი ექცევა ნორმატიული სისტემის იერარქიის სათავეში და ვრცელდება განურჩევლად ყველაზე, ვინც შეიძლება იმყოფებოდეს/აღმოჩნდეს შეფასებული ნორმის მოქმედების არეალში. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, იმთავითვე, ვრცელდება პირთა ფართო წრეზე და, შესაბამისად, ეს გარემოება, თავისთავად, ვერ იქნება საკმარისი ინდიკატორი, რათა №1865 კონსტიტუციური სარჩელი მიჩნეული იქნეს სხვა სარჩელებისგან განსხვავებულად.
12. რაც შეეხება არგუმენტის მეორე ნაწილს, რომლის თანახმად, №1865 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში შესაფასებელი ნორმები ვრცელდება ისეთ სუბიექტებზე, რომელთა როლი და ფუნქცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული სუბიექტების განსაკუთრებული მნიშვნელობა, დემოკრატიულ საზოგადოებაში საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ გაზიარებული შეფასებაა, ცხადია, აღნიშნული ტრუიზმი, დამატებითი დასაბუთების გარეშე, არ შეიძლება მივიჩნიოთ, საქმის პლენუმის მიერ განხილვის საჭიროების განმსაზღვრელ გარემოებად. ასეთი შეხედულების გაზიარება, იმთავითვე, დაამცრობდა სასამართლოს კოლეგიების მნიშვნელობასა და მათ როლს, საზოგადოების ცხოვრებაში ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტის ნაწილში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ისევეა მნიშვნელოვან განმარტებებსა და გადაწყვეტილებათა მიღებაზე უფლებამოსილი, როგორც სასამართლოს პლენუმი.
13. კონსტიტუციური სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკური და მოსალოდნელია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირები და მედია ორგანიზაციები, აგრეთვე საჯარო სივრცეში სხვა აქტიურად მოქმედი სუბიექტები, ხშირად ხდიან სადავოდ ამა თუ იმ ნორმას. ამ მხრივ, განსახილველი საქმე არ წარმოადგენს არც სიახლეს და არც რაიმე გამონაკლისს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიების მიერ განხილულ/განსახილველ სხვა საქმეებთან შედარებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში მრავალად არის ისეთი საქმეები, რომელთა ფარგლებში ე.წ. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დაობდნენ ნორმებზე, რომელთა მოქმედებით, მათი აზრით, ხდებოდა საქმიანობის თავისუფლად განხორციელებაში ხელშეშლა (მაგ., იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 სექტემბრის №3/3/1526 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი“, ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გარდა სპეციალურ კომპეტენციათა ფარგლებში კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსარჩელეთა სტატუსი ან/და მათი როლი საზოგადოებაში, ავტომატურად არ განაპირობებს სარჩელის რაიმე ფორმით განსაკუთრებულობას, რამაც შეიძლება გაამართლოს საქმეზე სასამართლოს პლენუმის განსჯადობა. სხვაგვარი დასკვნა, ცხადია, წინააღმდეგობაში მოვიდოდა თითოეული მოსარჩელის ინტერესების თანასწორობის პრინციპთან. გარდა ამისა, ზემოთ დასახელებული საქმეები ნათელს ხდის, რომ სასამართლოს კოლეგიების პრაქტიკაში, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედია ორგანიზაციების მიმართვიანობა იშვიათობა არ არის. შესაბამისად, დასახელებული გარემოება ვერ აქცევს №1865 კონსტიტუციურ სარჩელს უნიკალურად და ვერ ამართლებს საქმის პლენუმისთვის გადაცემის საჭიროებას.
15. მივიჩნევ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, განსახილველი კრიტერიუმის ფარგლებში, პლენუმისთვის საქმის გადაცემის მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როდესაც საქმე გამოირჩევა არა მისი რეგულირების ადრესატთა ან ზოგადი კომპლექსურობის თვალსაზრისით, არამედ კონსტიტუციურ-სამართლებრივი სირთულით, რაზეც ორგანული კანონი expressis verbis მიუთითებს. მაგალითად, ეს შეიძლება ეხებოდეს პრეცედენტულ საქმეებს, რომლებითაც განიმარტება ესა თუ ის კონსტიტუციური დებულება/დებულებით დაცული სფერო (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის №2/2/577 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის №1/1/466 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), ასევე მოითხოვს სხვადასხვა კონსტიტუციური ნორმისა თუ კონსტიტუციის ცალკეული დებულებებით დაცულ ინტერესებს შორის პოტენციური კონფლიქტის გადაჭრას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის N2-3/1/550 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ანდა, როდესაც სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა ამა თუ იმ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი/სრულყოფილი/ცალსახა არ არის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 5 ივნისის №1-3/1/1400 განჩინება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივლისის №2/3/588 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 4 აპრილის №1-3/2/531 განჩინება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები – თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი, ირმა ჯანაშვილი, ასევე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
16. ჩემი კოლეგების შეფასებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების განმარტებისა და გამოყენების განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებულ მრავალფეროვან გადასაწყვეტ საკითხებთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტების მისადაგება/ჩამოყალიბება (იხ., №2-3/1/1865 განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-8 პუნქტი).
17. ვთვლი, რომ განსახილველ საქმეში საკითხთა მრავალფეროვნება, იმთავითვე, არ იგულისხმებს ორგანული კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმის - საქმის განსაკუთრებული კონსტიტუციურ-სამართლებრივი მნიშვნელობის - არსებობას. ამ კუთხით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე სადავოდ ხდის ნორმების კონსტიტუციურობას პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებთან მიმართებით. დასახელებულ კონსტიტუციურ სტანდარტებთან დაკავშირებით კი, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომლითაც საკმარისი სიცხადითაა განმარტებული და თანმიმდევრულად შეფასებული განსახილველი საკითხები (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34-38; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ამასთანავე, №2-3/1/1865 განჩინებაში არც ერთი კონკრეტული არგუმენტი არ არის მოყვანილი იმის საილუსტრაციოდ, თუ რაში ვლინდება სადავო ნორმების განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტთან მისადაგების სირთულე ან/და რა კუთხით საჭიროებს ხსენებული სტანდარტი განვრცობა/ჩამოყალიბებას და რატომ არის ამისათვის აუცილებელი საქმის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის გადაცემა.
18. საკონსტუტიციო სასამართლოს პლენუმი და კოლეგია ორივე მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო და თითოეულ მათგანს გააჩნია ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია და კვალიფიკაცია. დასახელებულ კონსტიტუციურ დებულებასთან მიმართებით აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლითაც განისაზღვრა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური სტანდარტები, კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, მიღებულია სწორედ კოლეგიის ფარგლებში. შემდგომში, დასახელებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სტანდარტები გაიზიარა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, ისე პლენუმმა. ამდენად, განსახილველ საკითხებზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც, თავდაპირველად, სწორედ კოლეგიის ფარგლებში სტრუქტურიზდა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სტანდარტების მისადაგების მიზნით, საქმის პლენუმისთვის გადაცემა მოკლებულია ყოველგვარ რაციონალურ დასაბუთებას.
19. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელზეც მეორე კოლეგიამ მიუთითა პლენუმისთვის საქმის გადაცემის განჩინებაში, ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2024 წლის 4 ოქტომბერის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიღებულ საქმესთან განსახილველი შემთხვევის თანაკვეთას. კერძოდ, სასამართლოს მეორე კოლეგიის აზრით, დასახელებულ საქმეებში სადავოდ გამხდარი კანონების მიზანმიმართულება, გარკვეული თვალსაზრისით, ემთხვევა ერთმანეთს და, შესაბამისად, სასურველია, მათთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ დადგინდეს ერთიანი კონსტიტუციური სტანდარტები.
20. მითითებულ მსჯელობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებულ გარემოებაზე აპელირებით, კოლეგიის მიერ პლენუმისთვის საქმის გადაცემის საფუძველს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა არ იცნობს. ერთადერთი მოწესრიგება, რომელიც პლენუმზე განსახილველ საქმესთან არსებითად დაკავშირებული ახალი კონსტიტუციური სარჩელის გაერთიანების შესაძლებლობას უშვებს, არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, „თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისათვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს პლენუმს.“
21. განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საჭიროდ არ ჩათვალა პლენუმისთვის ადრე გადაცემულ სარჩელთან №1865 კონსტიტუციური სარჩელის გაერთიანება. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქმეებს შორის ის თანაკვეთა/არსებითი კავშირი, რომელზეც მეორე კოლეგია მიუთითებს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ დაინახა/არ ჩათვალა საკმარისად. აღნიშნულის მიღმა, კოლეგიის განჯსადი საქმის პლენუმისთვის გადაცემის საფუძველს, გასაჩივრებულ კანონებს შორის მიზანმიმართულების გარკვეული ანალოგიის მოტივაციით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, რელევანტური კანონმდებლობა არ იცნობს. მსგავსი არგუმენტის გაზიარება, ცხადია, მოახდენდა საქმეთა განაწილების ფარგლებში უფლებამოსილების დუბლირებას, შედეგად კი, დაარღვევდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და სასამართლოს კოლეგიების კომპეტენციებს შორის მიჯნას.
22. ამდენად, მიმაჩნია, რომ მოცემულ შემხვევაში, კოლეგიის მიერ საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველს არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სამართალწარმოების განსაზღვრელი რელევანტური კანონმდებლობა. ამავდროულად, №1865 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში შესაფასებელია ნორმათა განჭვრეტადობის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა. შესაბამისად, განსახილველ საქმეში, გამოირიცხებოდა კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათი ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემის არსებობა.
23. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებ №1865 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის გადაცემის შესახებ, სასამართლოს მეორე კოლეგიის არგუმენტაციას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მეორე კოლეგიას საქმე არ უნდა გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
თეიმურაზ ტუღუში