გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/8/1317 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 28 მაისი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მაისი 2019 22:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1317) მომართა საქართველოს მოქალაქე გივი კაპანაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 21 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1317 კონსტიტუციურ სარჩელზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 28 მაისს.
2. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი, ხოლო ამავე წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს, რომ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო, ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
4. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა შრომის თავისუფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა შრომითი უფლებების ცალკეული კომპონენტების ორგანული კანონით მოწესრიგების საჭიროებას. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული იყო სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობა.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს შრომის თავისუფლებას და ადგენს, რომ შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავს ქორწინებას, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე, ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის პირველი თავის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, ხოლო კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
6. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე გივი კაპანაძემ 2014 წლის 11 აპრილს, მას შემდეგ, რაც შეეძინა მეორე შვილი, მიმართა დამსაქმებელს ბავშვის მოვლის გამო შვებულების მოთხოვნით, რაზეც მიიღო ზეპირსიტყვიერი უარი. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის №04/83180 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა აგრეთვე ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებაზე. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საქმით დაინტერესების შემდგომ, დამსაქმებელმა მოსარჩელის მოთხოვნა, ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით, დააკმაყოფილა. ამ ფაქტის მიუხედავად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის თანხმობა იყო მისივე კეთილი ნების გამოვლენის შედეგი, ხოლო კანონმდებლობა კვლავაც არ ანიჭებს ბიოლოგიურ მამას ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლებას.
7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაცემის წესს, დისკრიმინაციული ხასიათისაა და ამგვარი შვებულების მიმღებ პირთა წრიდან ავტომატურად გამორიცხავენ ბიოლოგიურ მამებს, გარდა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამონაკლისი შემთხვევისა. თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით მოსარჩელე მხარე გამოყოფს ორ შემთხვევას. იგი, ერთი მხრივ, ასაბუთებს განსხვავებულ მოპყრობას სქესის ნიშნით და მიუთითებს, რომ მხოლოდ ქალებს ეძლევათ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას მშობლის სტატუსიდან გამომდინარე, კერძოდ, ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით მაშინ, როდესაც ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელ მამას აქვს ამგვარი შვებულებით სარგებლობის უფლება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც საავადმყოფო ფურცლისაგან განსხვავებით, სქესის ნიშნით, ნეიტრალურია.
8. მოსარჩელე მხარის მითითებით, როგორც ბიოლოგიური მშობლები, ისე მშვილებლები განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, კერძოდ, ბავშვის მოვლის ეტაპზე ნაკისრი ვალდებულებებისა და უფლებების თვალსაზრისით, არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. ამასთან, თითოეულ მათგანს გააჩნია თანაბარი ინტერესი, სრულად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში და ზრუნავდეს მასზე. მოსარჩელის განმარტებით, უფლებაში ჩარევის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, ნორმის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით, კერძოდ, სადავო ნორმა ბიოლოგიურ მამებს ბლანკეტურად გამორიცხავს ბავშვის მოვლის გამო შვებულების შესაბამისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან, გარდა ამისა, პირველ შესადარებელ ჯგუფთან მიმართებით სახეზეა დიფერენცირება კლასიკური, სქესის ნიშნით. მოსარჩელის მტკიცებით, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, რაც გაამართლებდა ამგვარ დიფერენცირებას, შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, ბავშვის მოვლის გამო შვებულება შრომის თავისუფლებით დაცული უფლებრივი კომპონენტია. კონსტიტუციით განმტკიცებული უფლება შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, მიემართება, მათ შორის, პირის უფლებას, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით. შესაბამისად, ნორმა, რომელიც ამგვარი შვებულების მიმღებ სუბიექტთაგან გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიურ მამას, იწვევს მისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლებისა და შრომის სამართლიანი პირობებით დაცული უფლებრივი კომპონენტების შეზღუდვას.
10. მოსარჩელე მხარე შრომის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლო ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს დამსაქმებლის გამართულ ფუნქციონირებასა და ფინანსურ სტაბილურობას, ისევე როგორც სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების დაზოგვას. თუმცა, მისი აზრით, დამსაქმებლის გამართული ფუნქციონირების მიზანი მიიღწევა უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალების გამოყენებით, კერძოდ, დასაქმებულის დროებით სხვა პირის მიერ ჩანაცვლების გზით, ხოლო, რაც შეეხება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზანს, როდესაც სასწორის მეორე მხარეს დევს შრომის სამართლიანი პირობების ფარგლებში ბიოლოგიური მამის მხრიდან საკუთარ შვილზე ზრუნვის და მასთან მამა-შვილური ურთიერთობის ჩამოყალიბების ლეგიტიმური ინტერესი, უფლების შეზღუდვა არაგონივრულია და ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს.
11. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ქორწინებაში მყოფ პირთაგან მხოლოდ ერთ მათგანს უტოვებს ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ირიბად იმის განსაზღვრაა, თუ რომელმა მშობელმა უნდა იზრუნოს ადრეულ ასაკში ბავშვის აღზრდაზე, ეს კი გამორიცხავს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობასა და მათი გადაწვეტილებების ნებაყოფლობითობაზე დაფუძნებული ქორწინებისა და ოჯახური თანაცხოვრების არსებობას. ამგვარი ჩარევით სახელმწიფო ხელს უწყობს სტერეოტიპული მიდგომის განმტკიცებას და ქმნის იმგვარ ფაქტობრივ რეალობას, როდესაც ყოველთვის ქალია ვალდებული, აიღოს შვებულება ბავშვის მოსავლელად.
12. №1317 კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაციები უგულებელყოფენ ბიოლოგიური მამის ინტერესებს, ბავშვის დაბადებისთანავე აქტიურად იყოს ჩართული მასზე ზრუნვის პროცესში. ამით სახელმწიფო არღვევს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებიდან მომდინარე ნეგატიურ ვალდებულებას, უარყოფით გავლენას ახდენს ოჯახის კეთილდღეობაზე და ხელს უშლის ოჯახის წევრებს შორის მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლს, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან, 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება. თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა შრომის თავისუფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენდა შრომითი უფლებების ცალკეული კომპონენტების ორგანული კანონით მოწესრიგების საჭიროებას. ანალოგიურად, შრომის თავისუფლება და შრომითი უფლებების ორგანული კანონით დაცვის მოთხოვნა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავდა, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული იყო სახელმწიფოს მხრიდან ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობა. მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობითობას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულება, ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტში, ამასთან, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
6. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
8. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ფიზიკური პირია და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1317 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
11. განსახილველ საქმეში მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის არგუმენტაციით, გასაჩივრებული ნორმები გამორიცხავს ბიოლოგიურ მამებს ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლების მქონე სუბიექტთა წრიდან, რის გამოც მამა ვერ ახერხებს ჰქონდეს აქტიური კავშირი შვილთან მისი აღზრდის საწყის ეტაპზე, რაც ხელს უშლის მათ შორის მყარი ოჯახური კავშირის ჩამოყალიბებას. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულაციები გამორიცხავს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობასა და ნებაყოფლობაზე დაფუძნებული ქორწინების არსებობას.
12. კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია“. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). ქორწინების, როგორც ინსტიტუტის გარანტიისა და როგორც ძირითადი უფლების დამდგენი ნორმის „მიზნები და შინაარსი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ოჯახური ცხოვრება მოიცავს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-6).
13. ბუნებრივია, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების უფლებაზე წვდომის შეზღუდვით, შესაძლოა, მამამ იმდენი დრო ვერ გაატაროს შვილთან მისი აღზრდის საწყის ეტაპზე, რამდენსაც ამგვარი შვებულებით სარგებლობის პირობებში შეძლებდა. ანალოგიურად, შესაძლებელია, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების ხელმისაწვდომობა გავლენას ახდენდეს მეუღლეებს შორის უფლება-მოვალეობების ფაქტობრივ გადანაწილებაზე. თუმცა, სადავო ნორმებისა და მათგან მომდინარე შეზღუდვის სწორად შესაფასებლად, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული აღნიშნული ნორმების რეგულირების სფერო და მიზანმიმართულება.
14. გასაჩივრებული ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს დასაქმებულისთვის/საჯარო მოსამსახურისთვის, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების საფუძვლებს, ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ასეთ საფუძვლად მითითებულია დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი. დასახელებული ბრძანების მე-9 მუხლი ადგენს დასაქმებულზე/საჯარო მოსამსახურეზე, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო დახმარების გაცემის/შვებულების ანაზღაურების წესს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „ ... ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი“. სადავო ნორმების ანალიზის შედეგად ნათელია, რომ ისინი არეგულირებს შრომითი საქმიანობის განხორციელებისას დასაქმებულისთვის/საჯარო მოხელისათვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზების საფუძვლებს და განსაზღვრავს ამგვარი შვებულებით მოსარგებლე სუბიექტთა წრეს. შესაბამისად, სადავო ნორმები მიმართულია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისაკენ. მათი რეგულირების სფეროს არ მიეკუთვნება ოჯახური ცხოვრების ან ქორწინების ინსტიტუტთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. ნორმა არ განუსაზღვრავს პირს რაიმე ვალდებულებას მისი ოჯახური ცხოვრების დაგეგმვის კუთხით, არ ზღუდავს მისი მოქმედების თავისუფლებას ბავშვთან ან/და მეუღლესთან ურთიერთობის მოცულობის პირადი შეხედულებით განსაზღვრის თვალსაზრისით. მაშასადამე, სადავო ნორმების მიზანი არ არის მამას და შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებული ურთიერთობების მოწესრიგება (იხ. Mutatis Mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის პირველი მარტის №2/2/536 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-3). აქედან გამომდინარე, ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რაზეც მოსარჩელე მხარე ამახვილებს ყურადღებას, შესაძლოა, დადგეს როგორც ნორმის მოქმედების გვერდითი ეფექტი, რომელიც თავისთავად არ გამოდგება სადავო ნორმასა და კონსტიტუციურ უფლებებს შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, №1317 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1317 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1317 კონსტიტუციური სარჩელი („გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტთან, მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი