გივი კაპანაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1317 |
ავტორ(ებ)ი | გივი კაპანაძე |
თარიღი | 15 მაისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. .ბრძანება №231/ნ „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანებით დამტკიცებული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ‘ა’ ქვეპუნქტი; ამავე წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი | კონსტიტუციის მე-14 მუხლი, 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები, 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
სარჩელი და ქვემოთ წარმოდგენილი დასაბუთება ეხება სადავო ნორმების საფუძველზე მოსარჩელე პირის გივი კაპანაძის მიერ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შეუძლებლობას, რაც მისი დასახელებული კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს.
2014 წლის 11 აპრილს მოსარჩელე პირს გივი კაპანაძეს, რომელიც ამ პერიოდში თბილისის N113 საჯარო სკოლაში მუშაობდა პროგრამული მენეჯერის თანამდებობაზე, შეეძინა მეორე შვილი, რის გამოც მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულება. მოთხოვნაზე მას მითითებული სკოლის მიერ ზეპირსიტყვიერი უარი ეთქვა, რასთან დაკავშირებითაც მან დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართვა.
სახალხო დამცველის აპარატმა 2014 წლის 27 მაისს N113 საჯარო სკოლისთვის გაგზავნილ წერილში გივი კაპანაძესთან დაკავშირებით ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება ითხოვა, კერძოდ მიმართა თუ არა გივი კაპანაძემ დამსაქმებელს ბავშვის მოვლის გამო შვებულების მოთხოვნით და რა ღონისძიებები გაატარა სკოლამ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. სწორედ სახალხო დამცველის ჩარევის შემდგომ, მიიღო გადაწყვეტილება სკოლამ, რომ დაეკმაყოფილებინა გივი კაპანაძის მოთხოვნა ბავშვის მოვლის გამო შვებულების შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ გივი კაპანაძეს მიეცა ბავშვის მოვლის გამო შვებულება სახალხო დამცველის ჩარევისა და საჯარო სკოლის კეთილი ნების საფუძველზე, შვებულებით ასეთი სარგებლობა არ ეფუძნებოდა კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლებას.
გარდა აღნიშნულისა, N113 საჯარო სკოლამ, 2014 წლის 10 სექტემბერს მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსს და მოითხოვა გივი კაპანაძისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება. სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული სამსახურის 2014 წლის 13 ოქტომბრის N04/83180 წერილით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის სამართლებრივ საფუძვლადაც მიეთითა კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი რეგულირება (იმ რედაქციით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის მე-6 მუხლის პირველი წინადადება, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი). დამატებით, მოსარჩელეს არსებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე განემარტა, რომ მართალია საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ახალშობილის შვილად აყვანის გამო და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება განსაზღვრულია ზოგადად დასაქმებულზე, თუმცა ამავე თავის შესაბამისი მუხლების (27-30) ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მამაკაცს შეუძლია, ისარგებლოს მათ შორის მხოლოდ ახალშობილის შვილად აყვანის გამო და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულებით“ (დანართები 1-3).
აღნიშვნას იმსახურებს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 4 აგვისტოს წერილით მოწოდებული საჯარო ინფორმაცია, რომლის თანახმად 2011-2016 წლებში არც ერთ ბიოლოგიურ მამას არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით, კერძოდ მხოლოდ 5 შემთხვევაში მამაკაცისთვის გაცემული ანაზღაურებადი შვებულებიდან ერთ შემთხვევაში დახმარება გაიცა ახალშობილის შვილად აყვანის გამო, ხოლო 4 შემთხვევაში იმ საფუძვლით, რომ მშობიარე ქალი გარდაიცვალა (დანართი 4).
შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე. ამას გარდა, როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილშიც არის მითითებული, შრომის კოდექსის დაკავშირებულ ნორმებთან კავშირში სიტყვა ‘დასაქმებულის’ განმარტება ცხადყოფს, რომ უფლების დამდგენი ნორმაც მის სუბიექტებს მხოლოდ ქალებით შემოფარგლავს. ფაქტია, რომ დამსაქმებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვერ ხედავდა მის ვალდებულებას დაეკმაყოფილებინა შვებულებაზე მოსარჩელე პირის მოთხოვნა, და მან მხოლოდ სახალხო დამცველის მიმართვის შემდგომ, კეთილი ნების საფუძველზე მისცა პირს ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რაც ცხადია დასაქმებულის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის მიღმა ყოველთვის დაშვებულია.
აღსანიშნავია, რომ ამავე მოსარჩელე პირმა სასამართლოს როგორც შრომის კოდექსით განსაზღვრულ შვებულების უფლებასთან, ისე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით განსაზღვრულ ანაზღაურების წესთან მიმართებით სარჩელით უკვე მიმართა (რეგისტრაციის ნომერი #858; თარიღი 01.12.2016).
იქიდან გამომდინარე, რომ შვებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებული წესში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 30 ივნისის ბრძანებით ცვლილებები შევიდა, რომლებმაც ფორმალურად მუხლობრივად გამოიწვია ნაწილი გასაჩივრებული ნორმების ცვლილება, და ეს საკმარისია საქმის ამ ნაწილში შეწყვეტისთვის (საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტები), მოსარჩელე ხელმეორედ მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე შინაარსის ნორმების კონსტიტუციურობაზე. რაც შეეხება მატერიალურად ბავშვის მოვლის გამო მამის შვებულების უფლების განმტკიცებას შრომის კოდექსში, ასეთი უფლების არარსებობასა და შრომის კოდექსის 27-ე მუხლის კონსტიტუციურობაზე წარდგენილ სარჩელში ჩამოყალიბებული მოთხოვნის განხილვა აღნიშნული ფორმალური საფუძვლით შეწყვეტას არ ექვემდებარება.
ქვემოთ მოკლედ მიმოვიხილავთ გასაჩივრებული ნორმის შინაარსს, რომელიც მოსარჩელის მტკიცებით, მისი თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14), შრომის (კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები), ასევე ოჯახურ ურთიერთობებში პირთა უფლებრივი თანასწორობის და ნებაყოფლობითობის დაცვის უფლებების (კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები) დარღვევას იწვევს.
იმის გარდა, რომ შრომის კოდექსით შვებულების და შვებულების ანაზღაურების უფლება დისკრიმინაციულად არის განმტკიცებული, გასაჩივრებული ბრძანების (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N231/ნ ბრძანება) ნორმებით[1], კერძოდ, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის (ანალოგიური შინაარსის ადრე მოქმედი მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი) თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში, დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით (ანალოგიური შინაარსის ადრე მოქმედი მე-6 მუხლის პირველი წინადადება) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი. მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფო ფურცელი მშობიარობის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია. მოცემული საფუძვლით ნათელია ანაზღაურების უფლების მატარებელი სუბიექტი ქალია, რამდენადაც უფლების წარმოშობა მშობიარობის ფაქტით და საავადმყოფო ფურცლით დასტურდება. ამდენად, მოქმედი აქტით არათუ განსაზღვრულია უფლების სუბიექტი (პოზიტიური რეგულაცია), არამედ ამ უფლებიდან ნეგატიურად პირდაპირ გამოირიცხებიან მშობიარე ქალის ოჯახის წევრები.
მნიშვნელოვანია, რომ ანაზღაურების კომპონენტი, როგორც დამოუკიდებლად, ასევე მნიშვნელოვანია დეკრეტული შვებულების უფლებით სარგებლობისთვის, კერძოდ ქალებისა და მამაკაცებისთვის მისი გამოყენების თანასწორი ინტერესისათვის, რომელიც აუცილებელი პირობაა უფლების ნამდვილი და თანასწორი რეალიზებისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს დასახელებული უფლებები „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N231/ნ ბრძანების შესაბამისი, სადავო ნორმებად მითითებული რეგულაციების მოქმედებით ირღვევა.
გივი კაპანაძე წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან შესაბამისობის თაობაზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი წარმოადგენს შესაბამისი შვებულების ანაზღაურების მარეგულირებელ ზემდგომ ნორმატიულ აქტს, რომლის კონსტიტუციურობაზე მსჯელობაც შესაძლებელია დამოუკიდებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი არ არსებობს სუბსიდიურობის პრობლემა.
გარდა აღნიშნულისა, კონსტიტუციური სარჩელით პრობლემურად დასმული საკითხი ეხება სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან მიმართებით, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯად საკითხს რომელიც გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არ უმსჯელია, რის გამოც მას დასმული საკითხი არ აქვს აქამდე გადაწყვეტილი.
მსგავსი შინაარსის კონსტიტუციის წარდგენისთვის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადას, რის გამოც არ არსებობს არც ამ საფუძვლით სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქმეს თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის წარდგენისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
საქმეს თან ერთვის მინდობილობა, რომელიც ადასტურებს, რომ ვარ მოსარჩელეების წარმომადგენელი, შესაბამისად უფლებამოსილი მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს.
[1] 29-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ქვემოთ წარმოდგენილი დასაბუთების შესაბამისად, სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან ის არათუ არ ითვალისწინებს ბიოლოგიური მამის უფლებას ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე დამოუკიდებლად, არამედ მისი ქალის მიერ გადაცემადი უფლების სახით არსებობასაც გამორიცხავს.
ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლო ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით არსებითად თანასწორად მიიჩნევს ქალებს და მამაკაცებს საქმეზე Konstantin Markin v. Russia[1] და ამ კუთხით სტერეოტიპებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობას დისკრიმინაციად ცნობს. ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მაისტერლისის საქმეზე, მსგავსია მიდგომა ალვარესის საქმეზეც, სადაც სასამართლო იზიარებს შეხედულებას მათ შორის იმის შესახებ, რომ ბავშვის მოვლის პერიოდში ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული შვებულების განსაკუთრებული რეჟიმი არ არის დაკავშირებული მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენასთან და იგი ასევე ბავშვის ხელოვნურ კვებასაც გულისხმობს.[2]
ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტიდან[3] გამომდინარე, თანასწორობის უფლების დაცვისთვის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებად შვებულებაზე მამის უფლებაში ინდივიდუალური შინაარსი იგულისხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ის დამოკიდებული არ უნდა იყოს ქალის მიერ ამავე მიზნით შვებულებით სარგებლობაზე. შეხედულებას ახალშობილი ბავშვის მოვლის პერიოდში მისი მოვლის ქალის და მამაკაცის თანაბარ ინტერესსა და ამისთვის სამსახურებრივ ურთიერთობებში გათვალისწინებული საგამონაკლისო უფლებების [მათ შორის ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებად შვებულებაზე] ინდივიდუალურ ხასიათზე იზიარებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მის მიერ განხილულ ალვარესის და მაისტრელისის საქმეებზე.[4] ინდივიდუალური და ანაზღაურებადი შვებულების სახით ხედავს ამ უფლებას ევროპული სასამართლოც დასახელებულ პრეცედენტულ საქმეზე Konstantin Markin v. Russia, რომელიც მათ შორის უთითებს ამ კუთხით არსებულ ევროპულ კონსენსუსზეც.[5]
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს №231/ნ ბრძანება არის ის აქტი, რომელიც დამოუკიდებლად განსაზღვრავს ანაზღაურების წესს, რაც შრომის კოდექსის 29-ე მუხლიდან გამომდინარეობს. როგორც ზემოთ დეტალურად იქნა განხილული, მოქმედი აქტით არათუ განსაზღვრულია უფლების სუბიექტი (პოზიტიური რეგულაცია), არამედ ამ უფლებიდან ნეგატიურად პირდაპირ გამოირიცხებიან მშობიარე ქალის ოჯახის წევრები. არსებული რეგულაციით ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საავადმყოფო ფურცელი, რომელიც გაიცემა მხოლოდ ქალზე (გარდა იმ შემთხვევისა თუ ქალი გარდაიცვალა).
ამ ბრძანების გასაჩივრებული ნორმების გარდა, ზოგადად საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესს არეგულირებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანების (შემდგომში - „№281/ნ ბრძანება“), რომლის მე-6 მუხლიც იმეორებს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილ წესს, და კონკრეტულად მიემართება მშობიარობის შემდეგ საავადმყოფო ფურცლის გაცემის შემთხვევას. კერძოდ, ბრძანების მე-6 პუნქტის თანახმად „მშობიარობის შემდეგ დედის სიკვდილის შემთხვევაში საავადმყოფო ფურცელი მიეცემა მამას ან ბავშვის უშუალოდ სხვა მომვლელს 183 კალენდარული დღით, გამოყენებული დღეების გამოკლებით“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავადმყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს...“. ცხადი ხდება, რომ ტექნიკურადაც, იმისთვის რომ ბიოლოგიურმა მამამ მოითხოვოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა და მისი ანაზღაურება, აუცილებელია საავადმყოფო ფურცელი წარადგინოს დამსაქმებელთან, რაც ბავშვის მამისთვის სადავო ნორმებიდან გამომდინარე შეუძლებელია, ვინაიდან საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მხოლოდ ქალზე.
მოყვანილი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება ბავშვის მამისათვის შესაძლებელია მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში, თუკი ბავშვის დედა მშობიარობისას გარდაიცვალა. ყველა სხვა შემთხვევაში, კაცისთვის გამორიცხულია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით შვილის შეძენისას მისი მოვლის გამო.
გარდა აღნიშნულისა, განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 13 ოქტომბრის №04/83180 წერილი, რომელიც ეხებოდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებასა და შესაბამისი დახმარების გაცემას მოსარჩელის მიმართ. სააგენტომ დასახელებული წერილით განმარტა, რომ მათ არ გააჩნიათ თხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს შრომის კოდექსის VI თავში მოთავსებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მხოლოდ ქალს გააჩნია უფლება, ისარგებლოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით, ისევე როგორც შესაბამისი დახმარების მიღების უფლებით და ბავშვის ფაქტობრივი მომვლელისათვის, მათ შორის მამისათვის, განსაზღვრულია მხოლოდ ამავე კოდექსის 30-ე მუხლით დადგენილი ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება, რომელიც არ არის ანაზღაურებადი. სააგენტოს დასაბუთებით, კოდექსით გადმოცემული შვებულების განსახილველი სახე წარმოადგენს სამართლებრივი თვალსაზრისით ერთიან შვებულებას, სადაც არ არის გამოყოფილი თუ რა ხანგრძლივობა არის გათვალისწინებული უშუალოდ ბავშვის მოვლის მიზნებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ამგვარ განმარტებას აკეთებს სწორედ ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია სადავო ბრძანების, კერძოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №231/ნ ბრძანებით განსაზღვრული ანაზღაურების ადმინისტრირებაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ფუნდამენტურ ნორმა-პრინციპს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს საყრდენს.
დასახელებული უფლება გულისხმობს ნებისმიერი ნიშნით არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობის აკრძალვას თუ ის არ არის გამყარებული გონივრული და ობიექტური დასაბუთებით.
შესადარებელი ჯგუფები
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან სადავო ნორმათა შეფასებისას, უპირველესად უნდა გამოიყოს შესადარებელი ჯგუფები, რომელთა მიმართაც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დადგენილია განსხვავებული მიდგომა.
განსახილველ შემთხვევაში ამგვარ შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ ქალები და კაცები, ვინაიდან მოსარჩელე მხარის პოზიციით, სწორედ ქალებს აქვთ მინიჭებული ბავშვის მოვლის პერიოდში ე.წ. დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით სარგებლობის უფლება, შესაბამისად დასახელებული უფლებიდან გამორიცხული არიან კაცები.
გარდა სქესის მიხედვით ადამიანთა კონკრეტულ უფლებასთან მიმართებით დიფერენცირებისა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ბავშვის ბიოლოგიური მამა ასევე დიფერენცირებულ მდგომარეობაში არის ჩაყენებული ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში მშვილებელ მამასთან მიმართებით. საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე“. ამასთან №231/ნ ბრძანების გასაჩივრებული მე-6 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თუ შვილის შეძენის შემთხვევაში ეს საფუძველია საავადმყოფო ფურცელი, დახმარების გაცემის საფუძველს „ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება“ წარმოადგენს.
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებასთან მიმართებით კანონმდებლობა ყოველთვის მის საფუძვლად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს, რომელიც ორივე სქესის მშვილებელს მოიცავს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მიემართება როგორც უშუალოდ შვებულების უფლებით სარგებლობის ნაწილს, ისე მის ანაზღაურებას სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შესაბამისად, დიფერენცირება მშვილებელ მამებთან მიმართებით ხდება მათ შორის ანაზღაურების უფლების ნაწილშიც.
შედეგად, გამოიყოფა შესადარებელ პირთა ორი წყვილი: ა) ერთი მხრივ ქალები და მეორე მხრივ კაცები, რომელთა მიმართაც კანონმდებლობა განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს და ბ) ერთი მხრივ ბავშვის ბიოლოგიური მამები და მეორე მხრივ, ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კაცი მშვილებლები.
დასახელებულ ორივე შესადარებელ წყვილებთან მიმართებით, ინდივიდუალურად, პრობლემურია როგორც ბავშვის მოვლის გამო შვებულების მატერიალური უფლებით სარგებლობა, ასევე შვებულების განსაზღვრული ნაწილის ანაზღაურების უფლება, თუმცა ქვემოთ მოცემული დასაბუთება შეეხება ანაზღაურების ნაწილს, რომლის განხილვაც უკვე წარდგენილი #858 სარჩელის ფარგლებში ზემოთ დასახელებული ფორმალური საფუძვლით შესაძლოა შეწყვეტას დაექვემდებაროს.
არსებითად თანასწორობა
შემდგომ ეტაპზე უნდა შეფასდეს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ პირებს. ამ მიზნით, უპირველესად უნდა დადგინდეს ის კონკრეტული ურთიერთობა, რომლის მიმართაც არსებობს დიფერენცირება. ამგვარ ურთიერთობას წარმოადგენს შვებულების უფლების ანაზღაურებაზე უფლება ბავშვის მოვლის გამო. ბავშვის შეძენისას ბავშვის მოვლის როგორც მატერიალური, ისე ნებისმიერი სხვა სახის მოვალეობები ეკისრება ორივე მშობელს. მშობლის ვალდებულებები და იმავდროულად სურვილი, უშუალოდ იყოს ჩართული საკუთარი შვილის მოვლისა და ზრუნვის პროცესში, თანაბრად მნიშვნელოვანია და ამასთან, აუცილებელია როგორც დედის, ისე მამის შემთხვევაში. ამ მიზანთან მიმართებით არსებითად თანასწორნი არიან როგორც ქალები, ისე კაცები და არ არსებობს რაიმე რაციონალური არგუმენტი იმის სამტკიცებლად, რომ ბავშვის გამოკვება ან მასზე სხვა სახის ყოველდღიური ზრუნვა მხოლოდ დედის ფუნქციას წარმოადგენს. პარალელურად, მამას აქვს ლეგიტიმური და თანაბარი ინტერესი, შრომითი ურთიერთობების შენარჩუნების პარალელურად, საწყის პერიოდში სრულად იყოს ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში, ზრუნავდეს მასზე და შეეძლოს დედის მსგავსად ისარგებლოს მასთან შესაფერისი დროის გატარების შესაძლებლობით.
ბავშვზე ზრუნვის ნაწილში მამაკაცის და ქალის არსებითად თანასწორობის არგუმენტის გაზიარებაზე მიანიშნებს საკონსტიტუციო სასამართლოც: ‘საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ბავშვის ღირსეულ გარემოში აღზრდა-განვითარებაზე, რაც მათ შორის გულისხმობს ბავშვზე ზრუნვის უნარის მქონე ბიოლოგიური მშობლებისათვის ჯეროვანი მოცულობით დახმარებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის დარჩენას და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდას.’(საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება).
რაც შეეხება შვილების შემთხვევას, არსებითად თანასწორობის საკითხის გამორკვევამდე, მნიშვნელოვანია რა სახის ურთიერთობას აყალიბებს თავად შვილად აყვანის ინსტიტუტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „შვილება (შვილად აყვანა) დაიშვება მხოლოდ არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის, თუკი მოსალოდნელია, რომ მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოიშვას ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილებს შორის“. დასახელებული კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „შვილად აყვანისას მშვილებელს ეკისრება იგივე უფლება-მოვალეობები, რომლებიც ბიოლოგიურ მშობლებს ამ კოდექსის თანახმად“. გარდა ამისა, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად, შვილად აყვანა არის „კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის“. შვილად აყვანის შესახებ ცნობების კონფიდენციალურობას ეძღვნება სრულად სამოქალაქო კოდექსის 1263-1264 მუხლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს მიდგომას თავად ამ ინსტიტუტის მიმართ.
მოყვანილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში, მშვილებელსა (მშვილებლებსა) და ნაშვილებს შორის ყალიბდება ურთიერთობა, რომელიც იმავდროულად მოიცავს სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებსაც, როგორიც არსებობს ბიოლოგიურ მშობლებსა და ბავშვებს შორის და თავად ინსტიტუტის მიზანსაც ამგვარი, მშობლის და შვილის ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. გამომდინარე მოყვანილი ანალიზიდან, ბავშვის როგორც ბიოლოგიური მამა, ისე ბავშვის მშვილებელი ბავშვის მოვლის მიზნებისათვის სრულიად იდენტურ მდგომარეობაში არიან და უნდა ჩაითვალონ არსებითად თანასწორ პირებად. მათ შორის ერთადერთ განსხვავებას ბიოლოგიური ნათესაობა წარმოადგენს ბავშვთან, რაც მასზე ზრუნვის, მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებებისა თუ უფლებების თვალსაზრისით უმნიშვნელოა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც სახეზეა არსებითად თანასწორი პირები.
გამომდინარე იქედან, რომ არსებითად თანასწორ ჯგუფთაგან საქართველოს კანონმდებლობა მხოლოდ ერთს ანიჭებს ბავშვის მოვლის გამო შვებულების და ამ სარჩელისთვის რელევანტურ შვებულების ანაზღაურების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას (გამოყოფილი წყვილებიდან იგულისხმებიან ერთ შემთხვევაში ქალები, ხოლო მეორე შემთხვევაში ახალშობილის შვილად ამყვანი კაცები), სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა, რაც ექვემდებარება თანაზომიერებით გასაჩივრებულ რეგულაციათა შემოწმებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა მიდგომა, რომლის თანახმადაც, დიფერენცირებული მიდგომის შესაფასებლად გამოიყენება ორი სახის, „რაციონალური დიფერენციაციისა“ და მკაცრი შეფასების“ ტესტები. მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების წინაპირობას წარმოადგენს დიფერენცირება „კლასიკური“, კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ მოხსენიებული ნიშნის საფუძველზე, ან დიფერენცირების მაღალი ინტენსივობა. განსახილველ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან, რომ განსხვავებული მოპყრობის ადრესატებს წარმოადგენენ ერთი მხრივ ქალები, ხოლო მეორე მხრივ კაცები, სახეზეა სქესის ნიშნით დიფერენცირება, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14 მუხლში პირდაპირ მოხსენიებულ აკრძალულ ნიშანს და შესაბამისად, არსებობს მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველი. ამას გარდა, მკაცრი ტესტის გამოყენების საფუძველს დამოუკიდებლად წარმოადგენს, ორივე შესადარებელ ჯგუფთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობის ინტენსივობა. აღნიშნულის დასაბუთება უფრო ვრცლად მშვილებელი და ბიოლოგიური მამების განსხვავებულ მოპყრობასთან კავშირში იქნება წარმოდგენილი, რაც ქალებთან მიმართებით განსხვავებული მოპყრობის ინტენსივობის მიმართაც ანალოგიურია.
მეორე შესადარებელ წყვილებთან მიმართებით, სახეზეა იდენტური სქესის ადამიანები, თუმცა მათი განმასხვავებელი ნიშანია მშობლის სტატუსი, კერძოდ ბიოლოგიურ მშობლისა და მშვილებელის სტატუსი. ამგვარი ნიშანი არ არის მოხსენიებული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში, თუმცა მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახეზეა მაღალი ინტენსივობით დიფერენცირება, გამომდინარე შემდეგიდან: უპირველესად მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ უფლებათა შეზღუდვა მოსარჩელისა და მის მდგომარეობაში მყოფი პირებისათვის ხდება არა ნაწილობრივ, არამედ სრულად და არ არის კანონმდებლობაში გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევები, გარდა მშობიარობისას ბავშვის დედის გარდაცვალების გარემოებისა, რაც ვერ ჩაითვლება უფლებათა შეზღუდვის ინტენსივობის შემამსუბუქებელ გარემოებად ამგვარი ვითარების მნიშვნელობის, მისი სიმძიმის გათვალისწინებით. გარდა იმისა, რომ მოსარჩელესა და მის მდგომარეობაში მყოფ პირებს დასახელებული უფლებები სრულად აქვთ ჩამორთმეული, მათ საკუთარი ზემოქმედებით არ შეუძლიათ შეცვალონ არსებული სამართლებრივი მდგომარეობა.
ეს უკანასკნელი გარემოება საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ვერ გამოდგება ნორმის დისკრიმინაციულობისა და არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, თუმცა ის გაითვალისწინება და ფასდება სწორედ დიფერენცირების ინტენსივობის ხარისხის დადგენისას. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის კატეგორიის პირებს არ შესწევთ და არ გააჩნიათ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი გავლენა მოახდინონ საკუთარ უფლებრივ მდგომარეობაზე და შეცვალონ ან შეამსუბუქონ იგი. ამგვარად მაღალი ინტენსივობით უფლებაში ჩარევა კი, დამოუკიდებლად იმისა, დიფერენცირებას საფუძვლად უდევს ე.წ. კლასიკური, თუ არაკლასიკური ნიშანი, წარმოადგენს მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენების საფუძველს, რაც შეზღუდვის თანაზომიერების ტესტით შეფასებას გულისხმობს.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამგვარად ბლანკეტურად და უპირობოდ, ყოველგვარი გამონაკლისის გათვალისწინების გარეშე ბავშვის ბიოლოგიური მამების გამორიცხვა მისი მოვლის გამო შვებულების შესაბამისი ანაზღაურების უფლებით მოსარგებლე პირთა წრიდან, წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის დიფერენცირებულ მოპყრობას და ეს ექვემდებარება მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენებით მისი კონსტიტუციურობის შემოწმებას.
მკაცრი შეფასების ტესტის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომიდან გამომდინარე, „ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი’’ (საქართველოსსაკონსტიტუციოსასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და “საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-6) „და ამ მიზნის მიღწევისთვის შერჩეული რეგულაციის ამავე მიზნებთან თანაზომიერების მტკიცება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ დაინახავს მაღალი ინტენსივობით ბიოლოგიური მამების უფლებაში ჩარევას, და მას რაციონალური დიფერენციაციის ტესტის გამოყენებით შეაფასებს, ის ცნობილ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად. წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველს, წარმოადგენს ის გარემოება, რომ განსხვავებული სტატუსის მქონე მამების ხელოვნურად გამორჩევას არ გააჩნია არანაირი რაციონალური და ლოგიკური ახსნა, ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რაც შეზღუდვას თვითმიზნურს ხდის (‘კლასიკური’ ნიშნის გამო ქალებთან მიმართებით დიფერენცირება ისედაც მკაცრი ტესტით უნდა შეფასდეს).
სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დასაბუთება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, თანახმადაც დაუსაბუთებელი და თვითნებური იქნება თავისთავად ადამიანის უფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არ არის მიმართული რაიმე ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევაზე.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სწორედ ისეთ დიფერენციაციასთან, რომელსაც თავისთავად ლეგიტიმური მიზანი არ გააჩნია. კანონმდებლობა კონკრეტული სქესის წარმომადგენლებს ართმევს შესაძლებლობას, იზრუნონ საკუთარ შვილზე, ამის საპირწონედ არ იკვეთება ამგვარი განსხვავების გამართლების ინტერესი.
მართალია, ორსულობის ეტაპზე ბავშვსა და დედას შორის არსებობს განსაკუთრებული კავშირი არსებობს, ბავშვის მოვლის ეტაპზე დედის და მამის როლი თანაბრდება. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი იქნება, სასამართლომ მხედველობისა და მსჯელობის მიღმა არ დატოვოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მამასთან შვილის ურთიერთობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა. ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაძლებლობით, იზრდებოდეს და კავშირი ჰქონდეს ორივე მშობელთან და არა მხოლოდ დედასთან იმ დასაბუთებით, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია ბუნებრივად ბავშვის გაჩენა. საწინააღმდეგო შეხედულება სრულიად უგულებელყოფს მამის ასევე განსაკუთრებულ და გამორჩეულ კავშირს ბავშვთან, მათ ურთიერთობას და დამოკიდებულებას, რაც სწორედ ბავშვთან მჭიდრო და ხშირი კონტაქტის შედეგად ყალიბდება. ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს არა მხოლოდ ის, რომ ბიოლოგიური დედა ზრუნავდეს მასზე დაბადებიდანვე, არამედ ის, რომ ამას ახორციელებდნენ ბიოლოგიური მშობლები ყოველგვარი სქესზე დაფუძნებული გამოცალკევების და მშობელთა გამიჯვნის გარეშე.
როგორც უკვე აღინიშნა, ანაზღაურების კომპონენტი დეკრეტული შვებულების უფლებით სარგებლობისთვის მნიშვნელოვანია მისი გამოყენების თანასწორი ინტერესისათვისაც, რომელიც აუცილებელი პირობაა უფლების ნამდვილი და თანასწორი რეალიზებისათვის. იმ შემთხვევაშიც, თუ მამას მიენიჭებოდა ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების უფლება, მაშინ როდესაც ამგვარი ანაზღაურება გათვალისწინებულია დედებისათვის, არა მხოლოდ ანაზღაურების ნაწილში გვექნებოდა სახეზე დიფერენცირება, არამედ თავად მატერიალურ უფლების რეალიზაცია დადგებოდა ეჭვ ქვეშ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი რისკი ჩნდება, სწორედ ანაზღაურების არარსებობა გახდეს მამების მიერ ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე უარის თქმის მიზეზი. შვებულებით სარგებლობისთვის ხშირად გადამწყვეტია ანაზღაურება, რომლის გარეშე პირი ფაქტობრივად იძულებულია უარი თქვას ანაზღაურების გარეშე შვებულების უფლებით სარგებლობაზე, გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება ამ პერიოდში შესრულებული სამუშაოსთვის. ამით კვლავ შენარჩუნდება ის მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ დედების მიერ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებას გულისხმობს, ხოლო მამის სურვილს ბავშვი მოვლის პერიოდში შეძლოს სამსახურიდან გათავისუფლება სრულიად უგულებელყოფს.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შვებულების ანაზღაურების ნაწილში ამ სარჩელში წარმოდგენილი მოთხოვნები სრულად არის მიმართული მათ შორის შვებულების უფლების ნაწილში =858 სარჩელში წარმოდგენილ მოთხოვნასთან, რადგან ანაზღაურების არარსებობა ფაქტობრივად განუხორციელებელს ხდის უფლებით სარგებლობასაც.
ამ კუთხით, სრულიად გაუაზრებელია იმაზე მითითება, რომ ქალს გააჩნია ობიექტური აუცილებლობა შვებულების უფლებით სარგებლობისათვის, ვინაიდან თავად ამ შვებულების დასახელებაშიც კი, ორსულობის და მშობიარობის გარდა გათვალისწინებულია ბავშვის მოვლის მიზნები, რომელთან მიმართებითაც დედაც და მამაც თანასწორნი არიან და თანაბრად ვალდებულ პირებს წარმოადგენენ.
შესადარებელ პირთა არსებითად თანასწორობის დასაბუთების ნაწილშიც იყო აღნიშნული მამების თანაბარ საჭიროებაზე ჰქონდეს ანაზღაურებადი შვებულება ბავშვის მოვლის პერიოდში. სრულიად გაუაზრებელია იმაზე მითითება, რომ მხოლოდ ქალს გააჩნია ობიექტური აუცილებლობა ისარგებლოს შვებულების უფლებით, ვინაიდან თავად ამ შვებულების დასახელებაშიც კი, ორსულობის და მშობიარობის გარდა გათვალისწინებულია ბავშვის მოვლის მიზანი, რომელთან მიმართებითაც, როგორც ზემოთაც დავასაბუთეთ, დედაც და მამაც თანასწორნი არიან და თანაბრად ვალდებულ პირებს წარმოადგენენ.
მნიშვნელოვანია სასამართლომ იმსჯელოს და ხაზი გაუსვას, რომ არ არსებობს რაციონალური დასაბუთება, რომელიც გაამართლებდა მამის უფლების გამორიცხვასა და იგნორირებას ბავშვის მოვლის ეტაპიდან. არა მხოლოდ ბავშვის საუკეთესო ინტერესს წარმოადგენს იზრდებოდეს საკუთარი ორივე ბიოლოგიური მშობლის მიერ უშუალოდ, არამედ ეს არის მამის უფლება გარანტიებზე, რომლის ფარგლებშიც მას შეეძლება საკუთარი ოჯახური ცხოვრების წარმართვა და ოჯახის წევრებთან შესაბამისი, მტკიცე ნათესაური კავშირების ჩამოყალიბება. ბუნებრივია ყველა ადამიანი და კონკრეტულად მშობელი, განურჩევლად მათი სქესისა, ინდივიდუალურები არიან, თუმცა ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ის, რომ ბავშვზე ზრუნვის პროცესში ორივე მშობლის როლი თანაბარია. დაუშვებელია ბავშვის მოვლის მიზანთან მიმართებით მამის როლის ისეთი დაკნინება, როდესაც კანონმდებლობა არ აღიარებს მამის ინტერესს თავადაც იზრუნოს ახალშობილ შვილზე. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გაწერილ უმთავრეს, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ფუნდამენტურ იდეას.
მშობლის სტატუსის ნიშნით დისკრიმინაციის დასაბუთება
საქართველოს შრომის კოდექსის 28-ე მუხლით გარანტირებულია მშვილებელი მამისთვის შვებულება და მისი გარკვეული ნაწილის ანაზღაურების უფლება. ამ ლოგიკას განამტკიცებს ისიც, რომ ამ შემთხვევაში შვებულების მიღებისა და ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს არა საავადმყოფო ფურცელი, არამედ სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც სქესის მიმართ ნეიტრალურია.
ბავშვის ბიოლოგიური მამა არ არის გათვალისწინებული შრომის კოდექსის 28-ე მუხლში, რაც გულისხმობს, რომ იმ პირობებში, როდესაც არც 27-ე მუხლი მოიაზრებს შვებულების უფლების მქონე სუბიექტთა შორის ბავშვის ბიოლოგიურ მამას, ისინი განსხვავებულ მდგომარეობაში არიან ჩაყენებულნი ბავშვის მშვილებელ მამებთან შედარებითაც.
უპირველესად, მოსარჩელე მხარისთვის მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის შემდეგის განმარტება: შრომის კოდექსის 28-ე მუხლი მიმართულია ბავშვის მოვლის მიზანზე. სწორედ ამგვარ მიზანთან მიმართებით უნდა იქნეს შეფასებული ბიოლოგიური მამისა და მშვილებელი მამის დიფერენცირებული მოპყრობა.
შრომის კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე, ბიოლოგიური და მშვილებელი მამების დიფერენცირების ნაწილში, ორივე განსახილველ ჯგუფთან მიმართებით არსებობს თანაბარი ინტერესი კანონით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურებისთვის. განსხვავებული საჭიროებები არც თავად ბავშვის ასაკის გათვალისწინებით არ იკვეთება, რადგან შრომის კოდექსის 28-ე მუხლის ჩანაწერის თანახმად, შვილებისას 550 კალენდარული დღე, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი შვებულების ხანგრძლივობად, აითვლება სწორედ ბავშვის დაბადებიდან და არა მისი ოფიციალურად შვილების თარიღიდან, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლიდან ან რაიმე სხვა მომენტიდან. აღნიშნული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სრულიად იდენტური ასაკის მქონე ბავშვებისთვის როგორც ბიოლოგიური მამის, ისე მშვილებელისთვის შვებულების უფლების მინიჭებას, ასევე, მის ანაზღაურებას, ანალოგიური მიზნები გააჩნია.
სრულიად გაუგებარია, ალოგიკური და ირაციონალურია დიფერენცირება მამებს შორის და მხოლოდ მშვილებელთათვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ასევე მისი ანაზღაურების უფლების მინიჭება, მაშინ, როდესაც ასეთი უფლება არ გააჩნიათ ბიოლოგიურ მამებს. ამ შემთხვევაში არ არსებობს ის ჰიპოთეტური არგუმენტიც კი, რომ ქალებს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ობიექტურად ესაჭიროებათ შვებულება.
ბავშვის მოვლის მიზანთან მიმართებით, როგორც უკვე განიმარტა, ორივე გამოყოფილი პირი წარმოადგენს არსებითად თანასწორ სუბიექტს. მეტიც, ამ შემთხვევაში, ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან შედარების შემთხვევისაგან განსხვავებით, მშვილებელი დედის და მამის შვებულების დღეებიც იდენტურია, ვინაიდან 28-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაცია არ მოიცავს და ობიექტურად მასში ვერც იქნება მოაზრებული შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა.
ამ შემთხვევაში დიფერენცირების ნიშანი, როგორც უკვე აღინიშნა, მშობლის სტატუსია. ეს ნიშანი სქესის ნიშნისგან განსხვავებით სახელდებით არ არის მოხსენიებული კონსტიტუციის მე-14 მუხლში. ამის მიუხედავად, ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც დიფერენცირებული მოპყრობის შემოწმება უნდა მოხდეს ‘მკაცრი შეფასების’ ტესტით, რადგან როგორც ზემოთ ჩამოყალიბებული ანალიზიდან გამოიკვეთა, ბიოლოგიური მამის თანასწორობის უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით.
გამომდინარე იქედან, რომ ბიოლოგიური მამის თანასწორობის უფლებაში ჩარევა ლეგიტიმური მიზნის გარეშე ხდება და როგორც მინიმუმ დასაბუთებული არ არის ობიექტური და გონივრული გამართლებით, ის თვითმიზნურია და არაკონსტიტუციურად უნდა ჩაითვალოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, „შრომა თავისუფალია“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ „შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. ამ ორ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ„30-ე მუხლის მე-4 პუნქტი უშუალო კავშირშია რა ამავე მუხლის პირველ პუნქტთან, სხვა საკითხებთან ერთად, შრომითი უფლებების დაცვაზე ახდენს აქცენტირებას და ნორმა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა მე-4 პუნქტთან, თავისთავად, შეუსაბამო იქნება 30-ე მუხლის პირველ პუნქტთანაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/2-389 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-19; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).
შვებულების უფლება სხვადასხვა ობიექტური წინაპირობებიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში ბავშვის დაბადების შემდგომ მისი მოვლის გამო, წარმოადგენს შრომის უფლების ნაწილს და კონსტიტუციის 30-ე მუხლთან უნდა შეფასდეს. უპირველესად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 30-ე მუხლის შესაბამის უფლებრივ კომპონენტებთან მიმართებითაც, შინაარსობრივი არგუმენტაცია თანაბრად ვრცელდება როგორც უშუალოდ შვებულების მატერიალურ უფლებაზე, ისე მისი ანაზღაურების ნაწილზე. ამ სარჩელში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვემოთ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება შვებულების ანაზღაურების ნაწილს, რომელიც თავის მხრივ, ასევე მიემართება შვებულების უფლების განხორციელებასაც.
საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება ჩამოთვლის იმ კომპონენტებს, რომლებიც ერთიანდება უფლებით დაცულ სფეროში, მათ შორის ცალკე გამოყოფს შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე უფლებას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ შრომის პირობები მხოლოდ ამგვარად ამომწურავი ჩამონათვალით არ შემოიფარგლება.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით. სასამართლოს განმარტებით, შრომით სფეროში სრულიად თავისუფალი საკანონმდებლო სივრცე იძლევა დამსაქმებელთა მხრიდან შეუზღუდავი ძალაუფლების გამოყენების საფრთხეს, რაც რიგ შემთხვევებში შესაძლოა ფორმალური და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაქმებულის თავისუფალ არჩევანზე იყოს დაფუძნებული, თუმცა მატერიალურად ის იძულებით შრომასა და შრომის ხელშეკრულების კაბალურ პირობებს გაუტოლდეს. სასამართლომ შრომის უფლების ნაწილად მიიჩნია დასაქმებულის შესაძლებლობა დააბალანსოს სამუშაო და პირადი, სოციალური, ასევე ოჯახური ცხოვრება.
საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, კონსტიტუციური უფლება დაბალანსებულ სამუშაო დროზე თითოეული „ორდინალური“ დღის განმავლობაში. ამავე ლოგიკაზე დაყრდნობით, ასევე სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების საფუძველზე, კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებული უფლება ვრცელდება დასაქმებულის ცხოვრებაში განსაკუთრებული ვითარების კანონმდებლობით გათვალისწინებასთან მიმართებითაც. სასამართლოს ლოგიკის თანახმად, საკანონმდებლო რეგულირებამ უნდა მისცეს პირს საშუალება დააბალანსოს საკუთარი პროფესიული და ოჯახური ცხოვრება, შეძლოს საწყის ეტაპზევე ჩაუყაროს საფუძველი მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. ეს არ არის მხოლოდ სუბიექტურად მნიშვნელოვანი მიზანი, ოჯახურ ურთიერთობებს სამართლებრივადაც გააჩნია განსაკუთრებული დატვირთვა, რომელსაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა აღიარებს. შრომის პირობები არ უნდა ქმნიდეს ვითარებას, როდესაც ადამიანი ვალდებული იქნებოდა გაეკეთებინა არჩევანი შვილის ყოლასა და კარიერას შორის. თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოყვანილ პრაქტიკაზე დაყრდნობით, აუცილებელია, რომ კანონმდებლობა აზღვევდეს დასაქმებულებს ფორმალურად თავისუფალ ნებაზე დამყარებული, თუმცა შინაარსობრივად კაბალური და იძულებითი შრომის პირობებისაგან. ამას გარდა, კონსტიტუციის 30-ე მუხლი ცალკე უთითებს შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლებაზე, რაც სასამართლოს ზემოთ განხილულ განმარტებებთან ერთობლიობაში, ამ შემთხვევაში კონკრეტული სახის, კერძოდ ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებად შვებულებაზე პირის უფლებასაც უნდა მიემართებოდეს.
მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი კანონმდებლობაც საუბრობს არა მხოლოდ ქალის ორსულობასა და მშობიარობის პერიოდზე, როდესაც საუბარია სამსახურებრივ ვალდებულებათა შესრულების ფიზიკურ შეუძლებლობაზე, არამედ ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე, როდესაც სამსახურიდან თავისუფალი დროს უშუალოდ ბავშვის მოვლის მიზანს მიემართება.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის დასახელებული დებულება საკუთარ დაცულ სფეროში მოიაზრებს აგრეთვე ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლებას, რაც შრომის სამართლიანი პირობების ნაწილს წარმოადგენს.
ლეგიტიმური მიზანი
უპირველესად, აუცილებელია აღინიშნოს ლეგიტიმური მიზანი, რომელიც საფუძვლად უდევს სადავო შეზღუდვას. ასეთ მიზნად მოპასუხე მხარემ შესაძლოა დაასახელოს უპირველესად დამსაქმებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტერესები, რათა საფრთხე არ შეექმნას მის გამართულ ფუნქციონირებასა და ფინანსურ სტაბილურობას. გარდა ამისა, შესაძლოა სახელმწიფოსთვის ამგვარი შეზღუდვის დაწესება საბიუჯეტო სახსრების დაზოგვასთან იყოს დაკავშირებული.
ორივე დასახელებულ მიზანთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ის აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს, გამომდინარე იქედან, რომ კაცებისთვის შვებულების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, დამსაქმებელი არ ხდება ვალდებული კაცები გაუშვას შვებულებაში, რაც იმავდროულად გულისხმობს, რომ დასაქმებულზე დაკისრებულ ვალდებულებათა შესასრულებლად მას არ ესაჭიროება დამატებითი დახმარება და პირის დაქირავება ან სხვა დასაქმებულებზე გადანაწილება. ამასთან, ანაზღაურებადი შვებულების უფლების არარსებობა იწვევს ბიუჯეტით მისი ანაზღაურებისთვის გასაწევი ხარჯების დაზოგვას, რა კუთხითაც, ბუნებრივია არჩეული საშუალება გამოსადეგია.
თუმცა, ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებაზე უარი ეჭვქვეშ დგება მისი აუცილებლობის კრიტერიუმით შეფასებისას. გამოყენებული საშუალების აუცილებლობის დადგენისთვის უნდა გამოიკვეთოს, რამდენად წარმოადგენს გასაჩივრებული რეგულაცია აუცილებელ და უკიდურეს გზას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და არის თუ არა ის ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალება. ამ კომპონენტების შეფასება ქვემოთ წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლად ორივე დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით.
დამსაქმებლის სტაბილური და გამართული ფუნქციონირების საჯარო ლეგიტიმური მიზანი
განსახილველ შემთხვევაში, ერთ მხარეს დგას სახელმწიფოს მიზანი, იზრუნოს დამსაქმებლების ინტერესებზე და არ დაუშვას მათი ფუნქციონირების რისკის ქვეშ დაყენება კაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლების დადგენით, ხოლო მეორე მხარეს დგას დასაქმებულის ინტერესები, ისარგებლოს შვებულების უფლებით, რომელიც ბავშვის მოვლის აუცილებლობიდან გამომდინარეობს.
როდესაც საუბარია დამსაქმებლის სტაბილური და გამართული ფუნქციონირების მიზანზე, უფლების გაცილებით ნაკლებად მზღუდველ საშუალებას წარმოადგენს დროებით, შვებულების ვადით ახალი თანამშრომლის მოძიება და ბავშვის მოვლის პერიოდში სწორედ მის მიერ შვებულებით მოსარგებლე პირზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება. ამგვარ შესაძლებლობას იცნობს საქართველოს შრომის კოდექსი, კერძოდ მისი მე-6 მუხლის 12 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, „...შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება“. ამასთან, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო“. შესაბამისად, დასახელებული ნორმათა ერთობლიობა ცალსახად ქმნის შესაძლებლობას, დროებით, ამ მიზნით შვებულებაში მყოფი პირის სხვა პირით ჩანაცვლებისათვის.
დამატებითი თანამშრომლის დაქირავება ზოგადად დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან კონკრეტული საწარმოსა თუ ნებისმიერი სხვა დამსაქმებლისათვის. თუმცა, შრომის კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ამ პერიოდში შვებულებაში მყოფ პირს ანაზღაურება მიეცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად ამ თანხას არ გაიღებს დამსაქმებელი, მას მხოლოდ შვებულებაში მყოფი პირისთვის მისაცემი ხელფასის დროებით სხვა პირისთვის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, თავისთავად ის ფაქტი, რომ კონკრეტული დასაქმებული ბავშვის მოვლის გამო ისარგებლებს ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო, დამსაქმებლისთვის ვერ გამოიწვევს ვერც საწარმოო/სამუშაო პროცესის შეფერხებას (გამომდინარე შესაძლებლობით, აიყვანოს დროებით ახალი თანამშრომელი) და ვერც დამატებითი ხარჯების გამომწვევი იქნება მისთვის. ამ კუთხით აგრეთვე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ორსულობა წარმოადგენს ხანგრძლივ პროცესს, რომლის შესახებ ცოდნაც ადამიანებს ბავშვის დაბადებისა და მისი მოვლის საჭიროების დადგომის მომენტამდე გაცილებით ადრე გააჩნიათ. შესაბამისად, ნებისმიერ დამსაქმებელს გააჩნია ობიექტურად საკმარისი დრო იმისთვის, რომ იზრუნოს დროებითი შემცვლელის მოძიებაზე, რათა მისი ინტერესები არ დადგეს საფრთხის ქვეშ და დასაქმებულის პოზიცია არ დარჩეს ვაკანტური.
შესაბამისად, არსებული რეგულაცია, რომელიც გამორიცხავს ბავშვის ბიოლოგიური მამისთვის შესაძლებლობას, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ამ შვებულებიდან კანონით გათვალისწინებული ნაწილის ანაზღაურების უფლებით, არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას და მიჩნეულ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად.
მიუხედავად იმისა, გაიზიარებს თუ არა სასამართლო მოსარჩელის არგუმენტაციას იმის შესახებ, არის თუ არა შვებულების უფლებით სარგებლობაზე უარი დასახელებული მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდველი საშუალება, ალტერნატიულად გამოყენებული საშუალება ვერც თანაზომიერების სხვა კომპონენტებს აკმაყოფილებს. იმის გარდა, რომ ბიოლოგიური მამისთვის შვებულების ანაზღაურების უფლებაზე უარი გაუმართლებელია ზოგადად, ეს დამატებით დგება ეჭვ ქვეშ, არაგონივრულია იმ პირობებში, როდესაც ქალს ენიჭება, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების უფლებაც. მიზნის მიღწევის საშუალების ‘გონივრულობის’ დადგენა სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობის შემოწმებას თანაზომიერებაზე დაბალი სტანდარტით გულისხმობს, და ნორმის კონსტიტუციურობას ამ ეტაპზევე, მკაცრი აუცილებლობის შემოწმების გარეშეც განაპირობებს.
ორსულობის ან მშობიარობის გამო შვებულება ქალს ენიჭება ობიექტური, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ბავშვის მოვლა მათგან არსობრივად განსხვავდება და მისი ექსკლუზიურად ქალისთვის გათვალისწინება არაგონივრულია. ამგვარი დასკვნის არგუმენტად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აგრეთვე შრომის კოდექსის 28-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს შვებულებას ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში. ამ ვითარებაში კანონმდებლობა მყარ გარანტიებს ადგენს ორივე სქესის მშობლისათვის, ისარგებლოს შვებულების უფლებით და არარაციონალურია ამ შემთხვევაში იმის მტკიცება, რომ დასახელებული მუხლით გათვალისწინებული ხანგრძლივობიდან რაიმე პერიოდი მიემართება ქალის რეაბილიტაციისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზნებს. ეს არის შვებულება, რომელიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის მიმართული ბავშვის ინტერესებისკენ და მისი მოვლის საჭიროებები უდევს საფუძვლად.
გარდა აღნიშნულისა, იმ შემთხვევაში, თუკი კაცის მიერ დაკავებულ პოზიციაზე დასაქმებული იქნებოდა ქალი, დამსაქმებელი ვალდებული იქნებოდა უზრუნველყო ეს უკანასკნელი ბავშვის მოვლის გამო შვებულებით, რაც თავშივე გამორიცხავს და არალოგიკურს ხდის მოპასუხე მხარის სავარაუდო ლეგიტიმურ მიზანს დამსაქმებლის გამართულ, სტაბილურ ფუნქციონირებასთან მიმართებით.
საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის ლეგიტიმური საჯარო მიზანი.
აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნა შვებულების ანაზღაურების წესთან დაკავშირებით ეხება 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მთელი პერიოდის იმ ნაწილის ანაზღაურებას, რომელიც ბავშვის მოვლის მიზანს მოიცავს, რაც საჭირო საბიუჯეტო რესურსების შემცირებიდან გამომდინარე (სრულ ოდენობას აკლდება ორსულობის/მშობიარობის შვებულებების ანაზღაურების თანხა) გარკვეულწილად ასუსტებს დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბუნებრივია ბიოლოგიური მამისთვის ანაზღაურებადი შვებულების უფლების მინიჭებისთვის გარკვეული დამატებითი ხარჯების გაღება აუცილებელი გახდებოდა სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა თანაზომიერების ფარგლებში სწორედ ამგვარი ხარჯების დაზოგვის ინტერესის დაპირისპირება უნდა მოხდეს ბიოლოგიური მამის ინტერესთან - ზრუნავდეს საკუთარ შვილზე მისი დაბადების ადრეულ პერიოდში. ეს ინტერესი მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსტიტუციით აღიარებულ ოჯახის კეთილდღეობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესთან, მამამ შეძლოს საკუთარ შვილთან მჭიდრო, მამა-შვილური კონტაქტი დაამყაროს და ეს მოხდეს არა ლიმიტირებულად, და ბიოლოგიური დედისაგან განსხვავებულ საკანონმდებლო რეალობაში, არამედ უფლების რეალიზებისთვის საჭირო მოცულობით (აღნიშნულ საკითხზე კიდევ უფრო ფართო არგუმენტაცია წარმოდგენილია კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან სადავო ნორმათა წინააღმდეგობის დასაბუთების ნაწილში).
ის განუზომლად დიდი პასუხისმგებლობა, რასაც შვილის შეძენის, მისი აღზრდის ფაქტი აკისრებს მშობლებს, საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის ხელშეწყობას, როგორც მინიმუმ, ამ პროცესში მისთვის ხელშეშლისგან თავის შეკავებას, მით უფრო როდესაც მოტივაცია ფინანსური რესურსის დაზოგვაა. თავად საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უპირველესად, სახელმწიფოს ბიუჯეტი ადამიანის უფლებების დაცვის, მათი რეალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული და ამასთან, მარტოოდენ საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის მიზანი ვერ გამოდგება კონსტიტუციის მე-2 თავით გარანტირებული ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისთვის.
განსახილველ შემთხვევაში კი იქმნება მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია (როგორც მინიმუმ, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანი და გაუგებარია ამგვარი დამატებითი ლეგიტიმური მიზანი) არც ერთი სხვა ლეგიტიმური მიზანი, გარდა საბიუჯეტო რესურსის დაზოგვისა, რომელიც მამებისთვის საკუთარ ახლადშეძენილ შვილებზე ზრუნვის, მათი მოვლის უფლების ჩამორთმევას გაამართლებდა.
გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არის დასაბუთებელი, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“. ეს არის ნორმა, რომელიც მართალია კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრულ კანონის წინაშე ყველას თანასწორობის ნორმა-პრინციპის გარკვეულ ელემენტს მოიცავს, თუმცა მას სპეციფიკური ხასიათი გააჩნია და საუბრობს სახელმწიფოს მიერ აღიარებული კავშირის მონაწილე პირების - მეუღლეების ერთმანეთთან მიმართებით თანასწორობაზე. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ამ ორ კონსტიტუციურ დებულებას გააჩნია დამოუკიდებელი დაცული სფერო და სადავო ნორმათა შეფასებაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ორივე მათგანთან არის შესაძლებელი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში საკმაოდ დაუმუშავებელია ამ ნორმის შინაარსი და მისით გათვალისწინებული დაცული უფლების სფერო. თუმცა მაინც არსებობს განმარტება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ამ უფლებრივი სფეროს კონტურების დასახვისთვის.
სასამართლო აღნიშნავს: „საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სიკეთე არ არის პირთა ქორწინების მსგავსი ან ქორწინების გარეშე თანაცხოვრება. აქ საუბარია ქორწინების სამართლებრივად დადგენილ და აღიარებულ ფორმაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-6). თუმცა, სასამართლო არც 36-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით იზღუდება: „საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი მრავალმხრივი მნიშვნელობის ნორმაა. აქ კონსტიტუციურ დონეზეა დაცული და განმტკიცებული ისეთი ტრადიციული და საზოგადოებისათვის სასიცოცხლო ეთიკური და ეგზისტენციალური მნიშვნელობის ინსტიტუტები და ფასეულობები, როგორიცაა ქორწინება და ოჯახი. კონსტიტუცია იცავს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტებს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი მოქმედებებისაგან, რაც ხელყოფდა და გამოფიტავდა მათ არსს, მნიშვნელობას, უმთავრეს პრინციპებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-2). გარდა ამისა, სასამართლოს თანახმად: „საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-4).
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს, რომ 36-ე მუხლის პირველი პუნქტი მიემართება კანონმდებლობით დადგენილ კავშირს - ქორწინებას, რომელსაც გარკვეული უფლებრივი, აგრეთვე ვალდებულებითი კომპონენტები ახასიათებს და შესაბამისი რეგულირება კონსტიტუციის სტანდარტებით გადამოწმებას ექვემდებარება. კონსტიტუციური უფლება ვრცელდება არა მხოლოდ ქორწინების სამოქალაქო წესით რეგისტრაციის ეტაპზე მხოლოდ, არამედ ქორწინების მთელი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც განქორწინების ეტაპზე. შესაბამისად, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, როგორც მინიმუმ ქორწინებაში მყოფი ან ქორწინების რეგისტრაციასთან მიმართებით მეუღლეების უფლებრივი თანასწორობის და ნებაყოფლობითობის გარანტიებს ადგენს.
ამდენად, ქორწინების განმავლობაში ამ კავშირის მონაწილე პირები, კონსტიტუციით უზრუნველყოფილნი არიან, იყვნენ ურთიერთობაში, რომელიც დამყარებულია მათი ნების თავისუფლებაზე და თანასწორობაზე. ქორწინების შედეგად შექმნილი მეუღლეთა კავშირი წარმოადგენს გარკვეულ ავტონომიას, სადაც მისი მონაწილე პირები სარგებლობენ სრული თავისუფლებით, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ამ კავშირიდან გამომდინარე საკითხებთან მიმართებით და წარმართონ საკუთარი ცხოვრება საკუთარი სურვილისა და შეხედულებების შესაბამისად ამ სახის ურთიერთობებში.
კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტიდან საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა სახელმწიფოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ვალდებულება, რომ მან არ დაადგინოს გაუაზრებელი და ირაციონალური ბარიერები ადამიანთა ნების გამოვლენის სფეროში, რათა მოახდინონ საკუთარი ქორწინების უფლების რეალიზაცია. „პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის №2/2/425 გადაწყვეტილება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; II-4).
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში შეაფასა და გარკვეული განმარტება გააკეთა არა მხოლოდ ქორწინების, არამედ ასევე ოჯახის ცნებასთან მიმართებით და ორივე მათგანი დაუკავშირა „ტრადიციული ინსტიტუტების“ დაცვას. ამ კუთხით, მოსარჩელე საჭიროდ მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას იმაზე, რომ ოჯახის ცნება გაცილებით ფართო შინაარსის მატარებელია და ის არ დადის მხოლოდ სამოქალაქო ქორწინების შედეგად ჩამოყალიბებული ერთობის შინაარსზე. აქედან გამომდინარე, არსებობს დასახელებულ ორ ცნებას შორის გარკვეული მიჯნის გავლების აუცილებლობა, რათა შესაძლებელი გახდეს განსხვავება თუ რა კატეგორიის საქმეებსა და გარემოებებს აქვს მიმართება ერთი მხრივ კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ, ხოლო მეორე მხრივ ამავე მუხლის მე-2 პუნქტთან.
უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში დაყენებული სასარჩელო მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს სახელმწიფოსთვის ქორწინებაში ჩარევის დავალდებულება. პირიქით, სახელმწიფომ უნდა მიანიჭოს მეუღლეებს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და შექმნას შესაძლებლობა თავად მიიღონ გადაწყვეტილებები ქორწინებით განსაზღვრულ ურთიერთობებში. სადავო ნორმების ანალიზით დგინდება, რომ მხოლოდ ქორწინების მონაწილე ერთ წევრს აქვს უფლება ბავშვის მოვლის გამო შვებულებაზე. ეს არის ერთგვარად ირიბი იძულების მექანიზმი, როდესაც სახელმწიფო, საკუთარი საკანონმდებლო უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მეუღლეებს განუსაზღვრავს, თუ რომელ მათგანს გააჩნია მათი შვილის მოვლის საფუძვლით შვებულებით სარგებლობის უფლება და ზოგადად, ბავშვის მოვლის, მასზე ადრეულ ასაკში ზრუნვის ფაქტობრივი შესაძლებლობა. ეს ჩანაწერი ატარებს ბლანკეტურ ხასიათს და არ ითვალისწინებს ლავირების შესაძლებლობას. ამგვარად ხისტად ჩამოყალიბებული რეგულაციით, სახელმწიფო არ ტოვებს არეალს მეუღლეთათვის, რომ მათ სრულად ისარგებლონ და განახორციელონ ქორწინებაში თანასწორობისა და ნებაყოფლობითობის უფლებებით.
ცხადია, ყველა შემთხვევაში პირის უფლებაა მათ შორის უფლებით სარგებლობაზე უარის თქმაც. არც მოსარჩელე მხარე უარყოფს შესაძლებლობას და ალბათობას, რომ სწორედ მეუღლეთა თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგად მხოლოდ ქალმა ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით, თუმცა საკანონმდებლო რეგულირება საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას არ უნდა გამორიცხავდეს, რადგან ეს სწორედ ქორწინების და საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეთა თანასწორუფლებიანობასა და მათი გადაწვეტილებების ნებაყოფლობითობას გამორიცხავს. მით უფრო, როდესაც ამ კონტექსტში მეუღლეთა ურთიერთობებში კანონმდებლობით ჩარევის, მათი რეგულირების რაციონალური მოტივი ან/და პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოს არ გააჩნია.
კანონმდებლობა იმპერატიულად განუსაზღვრავს ქორწინებაში მყოფ პირებს, რომ ბავშვის მოვლის უფლება უნდა მიენიჭოს ქალს, ხოლო არა თუ დამოუკიდებლად, არამედ კაცს ქალის მიერ უფლებაზე (ამავდროულად ვალდებულებაზე) უარის თქმის გამონაკლის შემთხვევაშიც არ ხედავს ამ უფლების სუბიექტად (გარდა ისეთი უკიდურესი შემთხვევისა როგორიც ქალის გარდაცვალებაა). მით უფრო, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, მეუღლეებმა საკუთარი ოჯახური მდგომარეობის, ერთმანეთის სურვილისა და ნების თავისუფლების საწყისზე გადაწყვიტონ, სურთ თუ არა გარკვეული პერიოდი საწყის ეტაპზე ერთდროულად იზრუნონ ახალ შეძენილ ბავშვზე.
დღევანდელ საზოგადოებაში კვლავაც მყარად არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის როლების განსხვავებას ოჯახში და მათ შორის ქორწინების ფარგლებში. ამგვარი სტერეოტიპი არის ის, რომ ოჯახის მოვლა, მასზე ზრუნვა ისევე როგორც ბავშვების ყოველდღიური, ყოფითი საჭიროებების დაკმაყოფილება სრულიად არის ქალის ვალდებულება, ხოლო კაცი ოჯახში მატერიალურად უზრუნველმყოფის როლს ითავსებს. საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, იცვლება მისი წევრების განვითარებაც. ქალებისა და კაცების უფლებრივი თანასწორობა, მოსარჩელის აზრით წარმოადგენს ორივე მეუღლის უფლებას, რომ მათ მიერ ჩამოყალიბებული კავშირი იყოს თანასწორი, ნებელობაზე დაფუძნებული და მათ ოჯახურ ცხოვრებაში არანაირი ფორმით არ ერეოდეს სახელმწიფო. საზოგადოების ასეთ განვითარებას ასახავს კიდეც კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი.
კანონმდებლობა უფლებასთან ერთად იმავდროულად ვალდებულებით აღჭურვავს ქალს, რადგან მას არ უტოვებს ფაქტობრივ შესაძლებლობას არჩევანი გააკეთოს და შვებულების უფლებით სარგებლობაზე თქვას უარი. ერთადერთი გამონაკლისი ქალის გარდაცვალების სახით, იმის გარდა, რომ ვერ ჩაითვლება ბლანკეტური რეგულირების დამაბალანსებელ ნორმად, ასახავს კანონმდებლობის სულისკვეთებას, კაცს მხოლოდ ქალის არყოფნის, ისიც გარდაცვალების შემთხვევაში დააკისროს ახლად შეძენილ შვილზე ზრუნვის ფუნქცია და ამისთვის შესაბამისი შვებულების უფლება გაითვალისწინოს.
სახელმწიფო ამ საკითხში სწორედ საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, ტრადიციებს კანონმდებლობით აფორმებს და კიდევ უფრო ამყარებს შეხედულებას, რომლის თანახმადაც ქალი, დედა არის ვალდებული ბავშვზე იზრუნოს, როდესაც პირიქით სქესის ნიშნით დისკრიმინაციასთან ბრძოლის კუთხით ასეთ სტერეოტიპებთან ბრძოლა სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს.
კონსტიტუციის 36-ე მუხლით დაცული უფლება არ მიეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას და შესაძლებელია ამ უფლებაში ჩარევა, თუმცა ნებისმიერ ასეთი ჩარევას, რომელიც გულისხმობს მეუღლეთა თანასწორუფლებიანობისა და ნებაყოფლობითობის შეზღუდვას, უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რის გარეშეც უფლების შეზღუდვა თავისთავად თვითმიზნური და კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება.
სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაში გამყარებული სტერეოტიპების გათვალისწინების მიზანი ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, მით უფრო მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესად. კონსტიტუციის 36-ე მუხლი განამტკიცებს საპირისპირო სახელმწიფოს ვალდებულებას, არ მოექცეს სტერეოტიპების გავლენის ქვეშ და კანონმდებლობა იმგვარად ჩამოაყალიბოს, რომლის თვითმიზანიც არ იქნება საზოგადოებისთვის მისაღები/მოსაწონი ფორმით კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა. მან უპირველეს ამოსავალ წერტილად უნდა აღიაროს ადამიანის ძირითადი უფლებები, ადამიანის პიროვნული განვითარების თავისუფლება მეუღლეთა ურთიერთობებში, რომელიც მათ შორის მოიცავს შვილებთან ურთიერთობის კომპონენტსაც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან მიმართებით არ გააჩნია მდიდარი პრაქტიკა და მისი შინაარსი არ არის ამომწურავად განმარტებული. თუმცა სასამართლოს აქამდე გაკეთებული განმარტებების თანახმად: ‘ოჯახური ცხოვრება მოიცავს ქორწინების ან ფაქტობრივი თანაცხოვრების შედეგად მეუღლეებს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, ადამიანის უფლებას განავითაროს კავშირები ოჯახის წევრებთან და ბიოლოგიურ ნათესავებთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის №1/2/458 განჩინება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები _ დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-21).
მნიშვნელოვანია განიმარტოს „ოჯახის“ კონსტიტუციურ-სამართლებრივი შინაარსი. განსხვავებით კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისაგან, სადაც საუბარია „ქორწინების“ ინსტიტუტზე და შესაბამისად ქორწინებაში მყოფ პირებს უკავშირდება, დაუშვებელია ოჯახის ცნება ამოიწურებოდეს მხოლოდ მეუღლეთა ურთიერთობიდან გამომდინარე საკითხებით. ოჯახი გაცილებით ფართო ცნებაა ვიდრე ქორწინება. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლო არ დგას ოჯახის სრული და ამომწურავი განმარტების წინაშე. უმნიშვნელოვანესია, რომ ოჯახის ცნებაში, ყველა სხვა მის კომპონენტთან ერთად, გარდაუვლად მოიაზრება მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მისი როგორც სამართლებრივი, ისე სოციალური თუ სხვა სახის ასპექტები. აქ საუბარია უფლება-მოვალეობებზე, ამ ურთიერთობის მნიშვნელობაზე როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კონკრეტული ინდივიდებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის.
რაც შეეხება ოჯახის კეთილდღეობის ცნებას, ის ძალზედ ფართო შინაარსის მქონე ტერმინია და შეუძლებელია მისი მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობამდე იქნეს დაყვანილი. ოჯახის ერთიანობა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ამ კონტექსტში, ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მისი შენარჩუნება სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, გულისხმობს ოჯახის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებასა და მათ შორის მყარი ოჯახური კავშირების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. საკონსტიტუციო სასამართლოს ციტირებული მონაკვეთიდან იკითხება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს ოჯახის კეთილდღეობაზე, თუმცა სახელმწიფოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა უპირველესად აკისრებს ნეგატიურ ვალდებულებას, საკუთარი ქმედებებით ნეგატიური გავლენა არ მოახდინოს ოჯახის კეთილდღეობაზე, საკუთარი რეგულაციებით მისი ჯანსაღი ფორმით არსებობას ხელი არ შეუშალოს, არ მოახდინოს ინტერვენცია ადამიანებისთვის უკიდურესად პირად სივრცეში. ამას გარდა, ლოგიკურია ოჯახის კეთილდღეობის ნაწილად მოიაზრებოდეს, ამავე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი მეუღლეთა თანასწორუფლებიანობის და მათი ურთიერთობის ნებაყოფლობითობის შესახებ.
წარმოდგენილ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ზღუდავენ მამის უფლებას, ისარგებლოს შვებულების და მისი ანაზღაურების უფლებით ბავშვის მოვლის გამო. აღნიშნული რეგულაციები მამის ინტერესს ბავშვის დაბადებისთანავე აქტიურად იყოს ჩართული მასზე ზრუნვის პროცესში უგულებელყოფს. ამასთან, ამგვარი რეგულაცია მამასა და შვილს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობს, და პირიქით ერთგვარად აყალიბებს ფორმალური, შორეული ხასიათის დამოკიდებულებას მამასა და შვილს შორის.
მნიშვნელოვანია, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ბავშვის მამა დგება არჩევანის წინაშე (რაც ცალკე აღებული კონსტიტუციის 30-ე მუხლთანაც პრობლემურია), გააკეთოს არჩევანი ორ ძირითად უფლებას შორის, რომელთაგან ორივე უმნიშვნელოვანესია ოჯახის კეთილდღეობის, თუ პიროვნული განვითარების უფლებებისათვის. კერძოდ, მამა იძულებული ხდება საკუთარი შვილის მოვლის სურვილის (იმავდროულად ვალდებულების) დათმობით შეინარჩუნოს სამსახური, რომელიც შესაძლოა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს მთელი მისი ოჯახის, მათ შორის შვილისათვის. ადამიანთა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ოჯახი და სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, რომლებიც გარკვეულწილად ავსებენ ერთმანეთს და სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს, უწყობდეს ხელს, რომ მათ სწორედ შემავსებელი ფუნქცია გააჩნდეთ და არ იქნეს ისინი განხილული ხელშემშლელ და ურთიერთგამომრიცხავ ფაქტორებად. თითოეულ მშობელსა და შვილს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები განსხვავებული და ინდივიდუალურია. თუმცა აქ საუბარია არა შვებულების და ბავშვის მოვლის დავალდებულებაზე, არამედ სწორედ თავისუფალ ნებაზე, როდესაც მამას ამგვარი სურვილი გააჩნია, ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს გარკვეული პერიოდით ანაზღაურებადი შვებულებით და ეს დრო ბავშვის მოვლას დაუთმოს.
სადავო ნორმებით დადგენილი გამოყოფილი მიდგომა მამების მიმართ არის ის იშვიათი გამონაკლისი, სადაც კანონმდებლობა ბავშვთან მიმართებით მამისთვის შეზღუდულ უფლებას ითვალისწინებს, რაც არ შეესაბამება როგორც კონსტიტუციის ასევე კანონმდებლობის მიდგომას ოჯახის კეთილდღეობის ხელშეწყობის ვალდებულებასთან მიმართებით.[6]
როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, საზოგადოებაში გამყარებული სტერეოტიპების კანონმდებლობით გაფორმება ვერ იქნება უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი. ასეთად შესაძლოა კვლავაც საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა იქნეს განხილული, თუმცა ცალკე აღებული საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა ვერ გაამართლებს ბავშვის მამისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობის ისეთ შეზღუდვას, რომელიც ოჯახის კეთილდღეობის დაცვის სახელმწიფოს ვალდებულებას არღვევს.
სადავო ნორმები, რომლებიც მხოლოდ ქალს ანიჭებს ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლებას, და მეუღლეთა შორის არათანასწორ დამოკიდებულებას გონივრული დასაბუთების გარეშე კანონმდებლობით აფორმებს, დისკრიმინაციულია (რაც კონსტიტუციის მე-14 მუხლთან იქნა განხილული), ართულებს შრომით სამართლებრივი ურთიერთობებისა და ოჯახური ცხოვრების შეთანხმებას (რაც 30-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით იქნა განხილული) და ქორწინებაში მყოფ თუ ოჯახურ ურთიერთობებში მეუღლეებს შორის დისბალანსს იწვევს, როდესაც მხოლოდ ქალი თმობს საკუთარ კარიერასა და სამსახურს ბავშვის მოვლის მიზნებისათვის (კონსტიტუციის 36-ე მუხლების პირველი და მეორე პუნქტები). კანონმდებლობის საპირისპირო მიდგომა, რომელიც საზოგადოებაში გამყარებულ სტერეოტიპების არა გამყარების, არამედ გადააზრების მიზანს ატარებს, და ბავშვის მოვლის გამო ბიოლოგიური მამის შვებულების უფლებას აღიარებს, იმის გარდა, რომ მამის დასახელებული უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტია, ერთადერთი გონივრული მოწესრიგებაა, რომელიც როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ინტერესებს თანაბრად და თანადროულად დაიცავს, როგორც მინიმუმ იმით, რომ მათ არჩევანის თავისუფლებას დაუტოვებს, ხოლო ასევე თანაბრად მიემართება ახლად შეძენილის ბავშვის მოვლის პერიოდში დედის და მამის შვებულების თანაბარ საჭიროებას. გამომდინარე ყოველივე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები წარმოადგენს კონსტიტუციის მე-14, 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების და 36-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული მისი უფლებების დარღვევას.
[1] Konstantin Markin v. Russia, პარა 132, 139;
[2] დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება თანასწორობის შუქზე, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdfგვ. 17-18;
[3] დედობის, მამობის და მშობლის შვებულების უფლება თანასწორობის შუქზე, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის კვლევა, ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf
[4] იგივე, გვ. 18-20;
[5] Konstantin Markin v. Russia, პ. 99; 132; 139;
[6] კანონმდებლობა უმეტესწილად ბავშვის დედას, ისევე როგორც მამას თანაბარ უფლებებსა და ვალდებულებებს განუსაზღვრავს. ამის საილუსტრაციოდ შესაძლოა დასახელებულ იქნეს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 1197-ე მუხლის თანახმადაც „შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ“. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ „მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“. ამასთან, მთელ იმ თავში, სადაც სწორედ ბავშვთან მიმართებით მშობლების უფლება-მოვალეობებია დადგენილი, კანონმდებელი არ ახდენს დედისა და მამის გამოყოფას და მოიხსენიებს ზოგადად მშობლებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი