საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N880 |
ავტორ(ებ)ი | კონსტანტინე კირვალიძე |
თარიღი | 24 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ #1/763-14 (0121011214001) საქმეზე 2015 წლის 9 იანვარს გამოტანილი განაჩენით კონსტანტინე კირვალიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. იმავე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ იქამდე, 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე დანაშაულის ჩადენისთვის და საჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. თუმცა ეს საჯელი მას ჩაეთვალა პირობითაად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, ხოლო დამეტებით სასჯელად განესაღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმ ქმდებისთვის კრიმინალიზაცია რომლის გამოც მას დაეკისრა სასჯელი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ ზოგიერთ უფლებას.
მართალია, კონსტანტინე კირვალიძეს უშუალოდ პასუხისმგებლობის ზომად დაეკისრა ორი ტიპის სასჯელი (საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და აწ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი თავისუფლების აღკვეთა), თუმცა ის რეალური მსხვერპლია არა მხლოდ ამ სასჯელების, არამედ ყველა იმ სასჯელის, რომელიც შესაძლოა დაკისრებოდა მას კონკრეტული ქმედებისთვის, ყველა ამ სასჯელს შესაძლოა დაერღვია მისი უფლება, ხოლო კონკრეტულმა ორმა მათგანმა დაარღვია კიდეც. გარდა ამისა, კონსტანტინე კირვალიძე შესაძლოა მომავალშიც, თუ ის კვლავ გაიმეორებს კონკრეტულ ქმედებას, გახდეს სასჯელის ობიექტი, ეს კი წინასწარ ზღუდავს მის უფლებას, რაც ასევე ადასტურებს, რომ ის აკმაყოფილებს რეალური მსხვერპლის სტანდარტს. ამასთანავე კონსტანტინე კირვალიძე სადავოდ ხდის არა მხოლოდ კონკრეტულ სასჯელებს, არამედ შესაბამისი ქმედებისთვის საერთოდ სისხლისსამართლებრივ მსჯავრდებას, ამდენად უპირველესად მნიშნველოვანია, რომ ის გახდა მსჯავრდების ობიექტი და მხოლოდ ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი კონკრეტული სასჯელის ზომა.
შესაბამისად, უკვე არსებობს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები. ხოლო, მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი, იდავოს სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ამგვარად სარჩელი აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების კანონის მე-18 მუხლს და დასაშვებია რადგან:
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ინკრიმინირებულად ცხადდება ნარკოტიკული საშუალება, inter alia, მარიხუანას ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ასევე მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა.
ბექა წიქარიშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პირადი მოხმარებით მარიხუანას შეძენა-შენახვის, ასევე მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის როგორც სასჯელის გამოყენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, თუმცა ის ისევ ისჯება სისხლის სამართლის წესით.
დაცული სფერო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის ღირსება. ,,ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. [...] ამასთან, სახელმწიფო [...მას] არღვევს მაშინ, როდესაც ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით (შედეგად), მიზნად ისახავს ადამიანის დამცირებას, მისი მიზნის მიღწევის საშუალებად გამოყენებას ან/და მისი ფაქტობრივი ქმედება ასეთ შედეგს გარდაუვლად იწვევს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.16). ეს, inter alia, მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო აწესებს არაპროპორციულ, თვითნებურ სასჯელებს, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც ისეთი ქმედების ინკრიმინირებას ახდენს, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს საზოგადოებრივ საფრთხეს. მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი, წარმოადგენს ნორმა პრინციპს, რომელსაც მიემართება სხვა ყველა უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი უფლების დარღვევა ამავდროულად ღირსების უფლების შელახვას მოასწავებს, ამდენად ის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებული უფლებისთვისაც წარმოადგენს საფუძველს (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.17). კონსტიტუცია იცავს ადამიანს სასტიკი და არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელისაგან. თუ სახელმწიფო ქმედების დასჯადად გამოცხადებით ადამიანის უფლებაში ისეთი ინტენსივობით ერევა, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს, მაშინ შეუძლებელია, რომ ეს არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული. ამგვარ არაპროპორციულ ჩარევასთან კი მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ქმედების ინკრიმინირების საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. მართალია სახელმწიფოს აქვს გარკვეული დისკრეცია დანაშაულთან ბრძოლის ინსტრუმენტების შერჩევის საქმეში, მაგრამ ის შებოჭილია კონსტიტუციური მოთხოვნებით. ,,სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის [...]. ამ პროცესში სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. [...] ცხადია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა ’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.32).
საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით ,,სისხლის სამართლის - ქმედების კრიმინალიზაციისა და მისი დასჯადობის ფუნქცია მხოლოდ მაშინაა წარმატებული, როდესაც ის გამოიყენება როგორც ultima ratio. [...] სისხლისსამართლებრივი ნორმები უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკიდურესი საშუალება, როდესაც ამოწურულია სამართლებრივ სიკეთეთა დაცვის არასისხლისსამართლებრივი საშუალებები’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.37). ამ პროცესის წარმატებულობას უზრუნველყოფს ხელისუფლების მხრიდან 4 პირობის კუმულაციურად დაკმაყოფილებაა საჭირო, რომელთაგან პირველი ,,კანონით დანაშაულად მხოლოდ ისეთი ქმედების მიჩნევაა, რომელიც უმართლობის ხარისხის იმ მომეტებული რისკების მატარებელია, რომელთა განეიტრალება და ამ გზით საზოგადოების და ადამიანების დაცვა ობიექტურად სისხლის სამართლის სფეროს განეკუთვნება’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.37). ამიტომ აუცილებელია ,,დადგინდეს სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზების მიზნები’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.39). უნდა გაირკვეს ამ ქმედებისთვის დასჯადად გამოცხადება არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ვარგისი და პროპორციული საშუალება და უზრუნველყოფს თუ არა თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. ,,რადგან საბოლოოდ, სასჯელის მიზნებიც ქმედების კრიმინალიზების მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასჯელი თავად გახდება მიზანი [...]’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.39), რაც წარმოადგენს ღირსების უფლების შელახვას. რადგან ,,სახელმწიფოს ვალდებულებაა, [...] იძულების ყველაზე მკაცრი ზომები არ დაადგინოს/გამოიყენოს მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს ან/და როდესაც მათ ობიექტურად არ შეუძლიათ იმ შედეგების გამოწვევა, რომლებზე ორენტირებითაც ეს ღონისძიებები იქნა შერჩეული, როგორც ეფექტური და საუკეთესო’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.42). სასჯელის მიზნები თეორიაში ცნობილია, რომ სასჯელის მიზანი სამია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (ზოგადი და კერძო პრევენცია) და დამნაშავის რესოციალიზაცია. ისინი მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და საბოლოო ჯამში კულმინაციაში უნდა მიიღწეს. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ზოგადი პრევენციის ადგილი მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი დამოუკიდებლად და უნიკალურად ვერ იტვირთავს საკუთარ თავზე სასჯელის მიზნებს. ,,თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იგივე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. [...] თუკი სასჯელი გამოყენებული იქნება მხოლოდ სხვათა შეკავების მიზნით, ის, ცხადია, უსამართლო იქნება, რადგან დაუშვებელია ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის უკიდურესი ინსტრუმენტების (სასჯელის) გამოყენება მხოლოდ ან უპირატესად იმის გამო, რომ სხვები მიდრეკილნი არიან ასოციალური ქცევისკენ. ერთი მხრივ, დაუშვებელია და მეორე მხრივ, შეუძლებელიც დანაშაულებრივი ქმედების შეკავება ნებისმიერ ფასად. ამიტომ სასჯელის ზოგადი ნეგატიური პრევენციის ფუნქცია, ცხადია, მნიშვნელოვანია და ის მუშაობს, მაგრამ მისი მიზნობრივი ქმედითობა მიღწევადია მხოლოდ მაშინ, თუ კონკრეტული ქმედებისთვის დაკისრებულ სასჯელს აქვს ობიექტური საფუძველი და უნარი, უზრუნველყოს სამართლიანობის აღდგენის, რესოციალიზაციის და სპეციალური პრევენციის ფუნქცია. ამ ფუნქციებთან ბუნებრივი თავსებადობის გარეშე, მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანზე ორიენტირებით სასჯელის დაწესება ან გამოყენება არღვევს ბალანსს, რომელსაც უნდა ეფუძნებოდეს და ემსახურებოდეს სასჯელის დანიშვნა ზოგადად. გაუმართლებელია პირისთვის სასჯელის შეფარდება მხოლოდ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ზემოქმედებისთვის, ვინაიდან თავისთავად ეს გარემოება სასჯელს უხეშად არაპროპორციულ სასჯელად აქცევს’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.52,53). სასჯელის მიზნები გარდაუვალ კავშირშია ქმედების ინკრიმინირებასთან. თუ ქმედება თავისთავად არ იმსახურებს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადებას, ცხადია მისთვის დაწესებული სასჯელი ვერ იპოვის საკუთარ მიზნებს და ,,სანიმუშო სასჯელად იქცევა’’ და პიქრით, თუ დანაშაულად გამოცხადებული ქმედების ჩადენისთვის განსაზღვრული ვერცერთი სასჯელი ვერ დააკმაყოფილებს სასჯელის მიზნების მოთხოვნებს ის თავისთავად მოკლებული იქნება შესაძებლობას გაამართლოს ქმედების ინკრიმინირება. ქმედების ინკრიმინირება საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტით, სახელმწიფოს განსაკთრებული ტვირთი ეკისრება სისხლისსამართლებრივი რეგულირების დროს. “სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. [...] ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. [...] პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (ვალერიან გელბახიანი და სხვები პარლამენტის წინააღდმეგ“, II.62-64). ,,[...] სასჯელი, თავისი არსით, თავისთავად გულისხმობს, იწვევს ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. ეს სასჯელის გამოყენების თანმდევი კანონზომიერი შედეგია, რაც დამნაშავეს, სულ მცირე, დისკომფორტს უქმნის, იწვევს მასზე გარკვეულ მორალურ, ფსიქო-ემოციურ ზეგავლენას. თუმცა, ამან არ უნდა მიაღწიოს ისეთ სიმწვავეს, რაც სასჯელს ადამიანისთვის ტანჯვისა და ტკივილის (მორალური თუ ფიზიკური) მიყენების მიზნის საშუალებად გადააქცევს. სასჯელი ასეთად შეიძლება იქცეს, მათ შორის, მაშინაც, როდესაც ის არ გამოიყენება როგორც უკიდურესად აუცილებელი და ერთადერთი საშუალება’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.59) ამდენად იმისათვის, რომ შემოწმდეს სასჯელის პროპორციულობა, აუცილებელია განისაზღვროს თავად დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, მისი სიმძიმე და ქმედებით გამოწვევადი საფრთხე, ამით კი დაზუსტდეს სახელმწიფოს ქმედების პროპორციუობა. სახელმწიფოს ჩარევა სადავო ნორმების კონსტიტუციურობის გარკვევა უნდა მოხდეს სადავო ნორმითვე გათვალისწინებულ ლეგიტიმურ მიზნებთან ურთიერთმიმართების გზით, თავად სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობის გათვალისწინებით. თუ დამტკიცდება, რომ სახელმწიფოს მიერ ქმედების დასჯადად გამოცხადება თავისთავად არაპროპორციული საშალებაა, მაშინ ღირსების უფლებაში ჩარევასთან გვექნება საქმე, რაც თავისთავად ნიშნავს მისი, როგორც აბსოლუტური უფლების შელახვას, რადგან ამ ქმედების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება არ არსებობს. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონსტიტუციის მე-16, 21-ე და 30-ე მუხლების განმარტება. მე-16 მუხლის ,,მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს’’ (სისხლის დონორობის საქმე, II.58.). ის იცავს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, მის ,,დაცულ სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფალი განვითარების ნებისმიერი ფორმით რეალიზაცია’’ (სისხლის დონორობის საქმე, II.59.). რაც ,,უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე [...] პირის უფლებას, [...] დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი [...] ცხოვრების წესი და სტილი, ინდივიდუალური განვითარების [...] გზები და ფორმები, თავისი მორალური, სოციალური, ინტელექტუალური თუ სხვა მოთხოვნილებების და ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებები [...]’’ (სისხლის დონორობის საქმე, II.55.56.). ეს მუხლი იცავს პიროვნულ ავტონომიას, პირის უფლებას თავად მიიღოს საკუთარი თავის შესახებ გადაწყვეტილება, თავად განსაზღვროს ნარკოტიკულ თუ სხვა ნივთერებებთან საკუთარი დამოკიდებულება. ამ უფლებაში მძიმე ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მარიხუანას მოხმარებისთვის, ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა შენახვისთვის სისხლის სამართლის სასჯელის დაკისრება. ის უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას. 21-ე მუხლით დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრების უფლება მოიცავს პირის უფლებას თავად, თავისუფლად განკარგოს საკუთარი ქონება. როდესაც სისხლის სამართლის წესით პირის დაჯარიმება ხდება, ეს საკუთრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს, რაც უნდა შემოწმდეს პროპორციულობის ტესტზე. ეს გამომდინარეობს 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პქუნტით განსაზღვრული შეზღუდვის სტანდარტებისგან. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულია შრომის თავისუფლება. ადამიანს უფლება აქვს აკონტროლებდეს საკუთარ შრომას. ,,რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო’’ (ლეონარდო დევდარიანის საქმე, 8). ეს, მათ შორის, მოიცავს მის უფლებას იმუშავოს როგორც უნდა და რამდენიც უნდა, ასევე დაცული იყოს იძულებითი შრომისგან. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ჩარევაა შრომის თავისუფლებაში და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არის გამართლებული. ეს შემთხვევები დგება სულ ცოტა მაშინ, როდესაც ქმედება რომლის გამოც პირს ეს სასჯელი ედება თავისთავად წარმოადგენს ინკრიმინირების ღირს ქმედებას.
იმისათვის, რომ მსჯელობა უფრო მარტივად განვითარდეს ყველა ამ უფლელების შეზღუდვის პროპორციულობა წინამდებარე სარჩელში ერთიანად არის წარმოადგენილი. ამ ეტაპზე არ არსებობს მათი გამიჯვნის საჭიროება.
უპირველესად უნდა დადგინდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობა. ,,[…] სახელმწიფო მიხედულების ფართო ზღვრით სარგებლობს სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრისას, მაგრამ მისი მოქმედების არეალი და ფარგლები უსაზღვრო არ არის, ის ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირობოდ შეზღუდულია კონსტიტუციით. [...] ამა თუ იმ ქმედების კრიმინალიზება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური და ობიექტური აუცილებლობის გარეშე […]’’ (ბექა წიარიშვილის საქმე, II.70). ამ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება მივიჩნიოთ ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ,,ცხადია, სახელმწიფოს ზოგადად გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი. [...] თუმცა სასამართლოს შესაფასებელია არის თუ არა სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა მიზნის მიღწევის თანაზომიერი საშუალება’’ (ბექა წიარიშვილის საქმე, II.69). ამასთან, ჩარევის პროპორციულობა უნდა განისაზღვროს იმ პოტენციური ზიანის მიხედვით, რომელსაც საფრთხეს უქმნის აკრძალული ქმედება. სასამართლოს მიხედვით, ,,ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის შემოწმებისას სასამართლომ უნდა განასხვავოს საფრთხე, რომელიც უკავშირდება მომხმარებლის ჯანმრთელობას და საფრთხე, რომელსაც გამავრცელებელი უქმნის სხვის ჯანმრთელობას. ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს. [...] ამავე დროს, შეზღუდვას/რეგულირებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ქმედება, რომელიც ანტისოციალურია თავისი ხასიათით და რომელმაც, მაღალი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს რეალური საფრთხე ასეთი ქმედების განხორციელების მომენტში, პოტენციურად შეუქმნას საფრთხე სხვათა ჯანმრთელობას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, ისიც ცხადია, რომ ანტისოციალურ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა მკაცრდებოდეს მხოლოდ ქმედებით გამოწვევადი საფრთხეების სიმწვავის, რეალურობის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით.’’ (ბექა წიარიშვილის საქმე, II.74-75). მარიხუანა, როგორც ნარკოტიკული საშუალება, თავისთავად პოტენციურად მავნეა ჯანმრთელობისთვის. მარიხუანას თავისუფალი ბრუნვის შეზღუდვა ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს - ჯანმრთელობის დაცვას. მაგრამ სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, რომ სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, მოცემულ ქმედებისთვის რამდენად წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ეფექტურ და პროპორციულ საშუალებას. ბექა წიქარიშვილის საქმიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მესამე პირებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით პირადი მოხმარების მიზნით შეძენილი და შენახული მარიხუანა პრობლემას არ ქმნის. რადგან მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა თავისთავად არ იწვევს დანაშაულის ზრდას, ხოლო მინიმუმ 70 გრამამდე არ არსებობს გავრცელების საფრთხე, თუ ეს საფრთხე სახელმწიფომ არ დაასაბუთა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ამგვარად ამ დროს საქმე არ გვაქვს დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანთან, უფრო ზუსტად თავისთავად თავისუფალი განვითარების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით, მაგრამ კონკრეტული ქმედება საფრთხეს არ უქმნის მესამე პირების ჯანმრთელობას. რაც შეეხება თავად მომხმარებლის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ,,საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია. [...ეს] ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.82.83). გამოდის, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევის არაპროპორციულობა გამოწვეულია ლეგიტიმური მიზნის არ არსებობის, ისევე როგორც წინა შემთხვევაში სახელმწიფოს არ აქვს უფლება ადამიანი დასაჯოს საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის სისხლისსამართლებრივი მჯავრის დადება ,,[...]ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ’’ (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.83). უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. ამდენად, მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ეს ლოგიკა ვრცელდება მარიხუანას მოხმარებაზე და პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვაზე. ამგვარად ქმედების ინკრიმინირება არაპროპორციულია რა კონსტიტუციის ზემოაღნიშნულ მუხლებთან მიმართებით, ის წარმოგვიდგება როგორც მე-17 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევევა, რაც ავტომატურად იწვევს ამ მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება საქართველოში განმტკიცებულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით. ის „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“ (ჭონქაძის და სხვების საქმე, II.1). მოცემულ შემთხვევაში მარიხუანას გამო ბრალდებულები და მსჯავრდებულები ორივე თვასაზრისით დისკრიმინირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ერთი მხრივ, მათ სახელმწიფო ეპყრობა ისევე მკაცრად, როგორც მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლებს, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნითვე ის აბსოლუტურად განსხვავდება მძიმე ნარკოტიკებისგან საკუთარი ბუნებით (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.98), ხოლო მეორე მხრივ მათ სახელმწიფო სჯის სისხლის სამართლის წესით, მაშინ როდესაც თამბაქოს და ალკოჰოლის შემთხვევაში ასეთ სიმკაცრეს არ იჩენს. საგულისხმოა რომ ბექა წიქარიშვილის საქმის მიხედვით მარიხუანა შედარებადია ორივე ზემოთ ხსენებულ ნივთიერებასთან (ბექა წიქარიშვილის საქმე, II.98). ამგვარად საქმე გვაქვს თანასწორობის უფლებაში ჩარევასთან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ სამართლებრივად შეფასებისას გამოიყენება მკაცრი და რაციონალური დიფერენციაციის ტესტები. ეს დამოკიდებულია იმაზე (1) ხდება თუ არა განსხვავება კლასიკური ნიშნით და (2) იმაზე რამდენად ინტესიურია დიფერენციაცია (ქმედუნარიანობის საქმე, II.108). ამავდროულად ეს არ არის კუმულაციური მოთხოვნა, მოცემული შემთხევა თუნდაც ერთ-ერთი პირობის დაკმაყოფილების შემთხევაში დაექვემდებარება მკაცრი ტესტით შეფასებას. სადავო ნორმებით განსხვავება ხდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ნარკოტიკს მოიხმარს პირი. ეს არ არის კლასიკური ნიშანი, მიუხედავად ამისა სასამართლომ უნდა გამოიყენოს მკაცრი ტესტი, რადგან დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, პირი განსხვავების ნიადაგზე ექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სასჯელს, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიერ აღიარებულია, როგორც მძიმე ჩარევა ადამიანის უფლებებში.
“მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი” (ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორების საქმე, II.6). საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებთან სადავო ნორმების შესაბამისობაზე მსჯელობის დროს დეტალურად იქნა განხილული კონსტიტუციური სტანდარტები და ჩარევის არაპროპორციულობა. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი თავისუფლების გარანტი ნორმების დარღვევის შემთხევაში, თუ ამავდროულად დადასტურდება თანასწორობით დაცულ სფეროში ჩარევა დამატებითი მსჯელობის გარეშე შეიძლება დადგინდეს ამ ჩარევის არაპროპორციულობა, რადგან შეუძლებელია ღირსების, თავისუფალი განვითარების უფლების, საკუთრების უფლების, შრომის თავისუფლების დამრღვევი ნორმა, პროპორციულ ჩარევას წარმოადგენდეს თანასწორობის უფლებაში (ქმედუნარიანობის საქმე, II.116, მაჟორიტარული ოლქების საქმე, II.40). ამდენად სადავო ნორმები ეწინააღდეგება საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლს და წარმოადგენს დისკრიმინაციულ რეგულირებას.
მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის ინკრიმინირების არაკონსტიტუციურობის საილუსტრაციოდ მოგვყავს საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც განხილულია როგორც უნივერსალური და რეგიონული ორგანიზაციების ხედვა ამ საკითხის მიმართ, ისე კონკრეტული ქვეყნების დამოკიდებულება და სამართალი. საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტები ნარკოტიკების კონტროლის სფეროში გაერო-ს ფარგებში არსებული კონვენციები ერთმანეთისგან განასხვავებენ ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვას და პირად მოხმარებას. კერძოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ 1961 წლის ერთიანი კონვენცია სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, რომ როდესაც ქმედება გამოიხატება ნარკოტიკის მოხმარებაში, გამოიყენონ სისხლის სამართლის ალტერნატიული ღონისძიებები, როგორიცაა, სამკურნალო და საგანმანათლებლო პროგრამები, რეაბილიტაცია, სოციალური ინტეგრაცია.[1] ანალოგიურ ნორმას შეიცავს გაეროს კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ.[2] აღსანიშნავია, რომ ევროპის პარლამენტი, ნარკოტიკების შესახებ კონვენციების რეფორმის შესახებ 2002 წლის რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს და ევროპულ საბჭოს (ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა) გაეროს კონვენციებით დადგენილი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მოუწოდებს. კერძოდ, რეკომენდაციაში მითითებულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა გაიზიარონ იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ნარკოტიკის მოხმარება დეკრიმინირებულია, მოახდინონ კონკრეტული ნივთიერებების მოხმარების, ასევე, კანაფის გაყიდვის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია.[3] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აივ ინფიცირებულთა მდგომარებობის გაუმჯობესების და ინფიცირების რისკის თავიდან აცილების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია მიაჩნია.[4] ნარკოტიკების და ნარკოტიკზე დამოკიდებულების ევროპული ცენტრის მონაცემებით, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში კანაფი ნარკოტიკულ ნივთიერებად მიიჩნევა, თუმცა, სახელმწიფოები მისი კონტროლის სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბევრ იურისდიქციაში[5] კანაფი სხვა ნარკოტიკებისგან დამოუკიდებელ კატეგორიას წარმოადგენს და კანონი ან/და მართმსაჯულება მის მიმართ ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს იყენებს. ქვეყნებს შორის განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, იკვეთება საერთო ტენდენცია, რომლის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს კანაფის პირადი მოხმარების და მოხმარების მიზნით შენახვასთან მიმართებით შემუშავებული აქვთ სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებები.[6] საგულისხმოა, რომ ევროკავშირის საბჭოს კანაფის შესახებ 2004 წლის რეზოლუციაში სისხლისსამართლებრივი რეგულაციები განხილული არ არის. ამის საპირისპიროდ, საბჭო სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ კანაფის მოხმარებას ებრძოლონ მომხმარებლებთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან კომუნიკაციის, მშობლების, მასწავლებლების, ჟურნალისტების, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების და პოლიციის ინფორმირების და ტრენინგების გზით, ხელი შეუწყონ ჯანდაცვის და განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალების კომინიკაციას, მიიღონ ზომები ინტერნეტ-გვერდების წინააღმდეგ, რომელიც პოპულარიზაციას უწევს კანაფს.[7] შიდასამართლებრივი მიდგომები ლათინური ამერიკა მსოფლიოს მასშტაბით, იკვეთება ტენდენცია, რომლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებების ან/და საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველზე, სახელმწიფოები მარიხუანას მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის სისხლისსამართლებრივ სანქციებს აუქმებენ. ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული სამხრეთ ამერიკის რეგიონია. მაგალითად, 2015 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მექსიკის უზენაესმა სასამართლომ[8] განაცხადა, რომ მარიხუანას მოხმარების, პირადი მოხმარების მიზნით დამზადების და შენახვის კრიმინალიზაცია არაკონსტიტუციურია და აღნიშნული ქმედებები ლეგალურად გამოაცხადა.[9] სასამართლოს სარჩელით ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,მექსიკის საზოგადოება პასუხისმგებელი და ტოლერანტული მოხმარებისთვის’’ ოთხმა წარმომადგენელმა მიმართა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ არიან დამოკიდებულები მარიხუანაზე, ერთ-ერთ მათგანს კი არასოდეს მოუხმარია და არც აპირებს მარიხუანას მოხმარებას. მოსარჩელეები სარჩელში უთითებდნენ, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფისთვის მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს საკუთარი თავის საზოგადოებისგან დიფერენცირების საშუალებას და რამდენადაც მექსიკის კონსტიტუცია იცავს ადამიანის უფლებას, იყოს უნიკალური და დამოუკიდებელი, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მარიხუანას მოხმარების აკრძალვის უფლება, ვინაიდან, მარიხუანას დადებითი თუ უარყოფითი ეფექტების მიუხედავად, მისი მოხმარება პირის ინდივიდუალურ არჩევანს წარმოადგენს. მოსარჩელეები ასევე აღნიშნავდნენ, რომ ლიბერალურ სახელმწიფოში, რომელიც ადამიანის უნიკალურობას და დამოუკიდებლობას ეფუძნება, დაუშვებელია ჯანსაღი ცხოვრების ერთიანი სტანდარტის დაწესება.[10] მექსიკის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული საკითხი განიხილა არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან თავისუფლების აღკვეთის შემთხვევების სიმრავლის ფონზე, არამედ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების კონტექსტში მიიღო. სასამართლომ მოსარჩელეების არგუმენტები გაითვალისწინა და მიიჩნია, რომ ადამიანის პირადი თავისუფლება არის ძალიან ფართო სფერო, რომელიც მოიცავს პირის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების შესახებ.[11] კოლუმბიაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვის დეკრიმინალიზაცია 1994 წელს მოხდა, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციის დაწესება არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდიოდა ადამიანის უფლებასთან, თავად მიეღო გადაწყვეტილება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ იმ შემთხვევებში, როდესაც ის არ ახდენდა ზეგავლენას სხვათა უფლებებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 2009 წლამდე, პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანას შენახვა არ განეკუთვნებოდა სისხლის სამართლის სფეროს, თუმცა, იმდროინდელი პრეზიდენტის, ალვარო ურიბეს აგიტაციით, აღდგა კრიმინალიზაციის 1994 წლამდე არსებული მოდელი.[12] 2011 წელს მარიხუანას მოხმარების საკითხი, ამჯერად, კოლუმბიის უზენაესმა სასამართლომ განიხილა. სასამართლომ განმარტა, რომ 2009 წელს მიღებული კანონი არღვევდა ადამიანის პირად თავისუფლებას და აღნიშნა, რომ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებაშია მითითებული, პირს ჰქონდა მარიხუანას ,,მინიმალური დოზის’’ მოხმარების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2012 წელს მიღებული კანონის თანახმად, მარიხუანას შენახვა (22 გრამამდე) და კულტივაცია (20 მცენარე) პირადი მოხმარების მიზნით, ლეგალიზებულია.[13] სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნარკოპოლიტიკის ექსპერტის, ჰანა ჰეცერის განცხადებით, მარიხუანას რეგულირებასთან დაკავშირებით მექსიკის და კოლუმბიის სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენადაც ამ სახელმწიფოების ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, მათ საკმარისი უნარი აქვთ, მიიღონ ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება.[14] 2009 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, არგენტინის უზენაესმა სასამართლომ არიოლას[15] საქმეში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვის კრიმინალიზაცია არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაშია პირადი ცხოვრების და პირადი ავტონომიის პატივისცემის უფლებასთან და მიუთითა, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანის დაქვემდებარება სისხლი სამართლის პროცესისადმი არის არაჰუმანური ქმედება, რომელიც ხელს უწყობს მის სტიგმატიზაციას მთელი ცხოვრების მანძილზე.[16] 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ურუგვაიში კანაფის შენახვა, გასაღება, ტრანსპორტირება და კულტივაცია პირადი მოხმარების მიზნით, ლეგალიზებულია. პირადი მოხმარების მიზნის დასადგენად, კონკრეტული ოდენობა განსაზღვრული არ არის. ლეგალიზაცია მხოლოდ ურუგვაის სრულწლოვან მოქალაქეებს ეხება.[17] აშშ ამერიკის შეერთებულ შტატებში კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაცია 1973 წელს დაიწყო და დღეს 13 შტატში არის დეკრიმინირებული.[18] ამასთან ვოშინგტონის, კოლორადოს, ორეგონის და ალიასკას შტატებში მარიხუანას შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, ლეგალიზებულია.[19] 1975 წელს ალასკის შტატის უზენაესმა სასამართლომ საქმეში რევინი ალიასკის შტატის წინააღმდეგ,[20] მარიხუანას მოხმარების კრიმინალიზაციის კონსტიტუციურობაზე იმსჯელა. სასამართლომ გაიზიარა შტატის პოზიცია, რომ კანაფის მოხმარების კრიმინალიზაცია ემსახურებოდა საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვას, თუმცა აღნიშნული მიზანი მხოლოდ ისეთ შემთხვევებში იქნებოდა გამართლებული, როგორიც არის მაგალითად, მანქანის მართვა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ, მოხმარება არასრულწლოვანის მიერ ან გასაღების მიზანი.[21] სასამართლომ მიიჩნია, რომ სრულწლოვანის მიერ მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით სახლში შენახვის კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგებოდა ალიასკის კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების უფლებას. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია არ არსებობდა მარიხუანას მოხმარების უფლება, როგორც ასეთი, თუმცა პირადი ცხოვრების უფლება იმდენად ფართო იყო, რომ ამ უკანასკნელსაც მოიცავდა.[22] აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული იყო 4 უნციამდე (1 უნცია = დაახლოებით, 28.3 გრამი) მარიხუანას მოხმარება.[23] 1990 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, კვლავ კრიმინალიზირებული იქნა ნებისმიერი ოდენობის მარიხუანას შენახვა ნებისმიერ ადგილზე. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს 1975 წლის გადაწყვეტილება და 1990 წლის კანონი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, თუმცა ალიასკის სასამართლოები, ძირითადად, რევინის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეყრდნობოდნენ.[24] 2003 წლის ალიასკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რევინის საქმესა და მოქმედ კანონმდებლობას შორის კონფლიქტი გადაწყდა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ნოი ალიასკის შტატის წინააღმდეგ,[25] გაიმეორა უზენაესი სასამართლოს 1975 წლის არგუმენტაცია და დაადგინა, რომ სრულწლოვანი ადამიანის მიერ 4 უნციამდე მარიხუანას სახლში შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, გარანტირებულია პირადი ცხოვრების უფლებით.[26] 2014 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ერთ უნციამდე კანაფის შენახვა და კანაფის 6 მცენარის ფლობა ლეგალიზებულია.[27] ავსტრალია ავსტრალიაში კანაფის დეკრიმინალიზაციის პროცესი 25 წლის წინ დაიწყო. დღეს კანაფის მოხმარება, შენახვა და კულტივაცია პირადი მოხმარების მიზნით, სხვადასხვა ფორმით, ავსტრალიის სამ შტატშია დეკრიმინირებულია.[28] ევროპა პორტუალია როგორც აღნიშნულია, ევროკავშირის ბევრ წევრ ქვეყანაში კანაფის მოხმარება ან/და შენახვა პირადი მოხმარების მიზნით დეკრიმინირებულია. ამ კუთხით, ყველაზე ლიბერალურ და ამავედროს წარმატებულ მოდელად პორტუგალიის კანონმდებლობა მიიჩნევა. პორტუგალიის 2001 წლის საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, ნარკოტიკების მოხმარება, შეძენა და შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, მათი შემადგენლობის მიუხედავად, სისხლის სამართლის სფეროს აღარ მიეკუთვნება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. პორტუგალიის კანონმდებლობით ნარკოტიკული ნივთიერების ზუსტი ოდენობა გაწერილი არ არის და დეკრიმინირებულად 10 დღის განმავლობაში ერთი ადამიანის სამყოფი საშუალო ოდენობა ითვლება.[29] შესაბამის ადმინისტრაციული სანქციებს ჯარიმის გარდა, წარმოადგენს საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევა (მაგალითად, ექიმის, იურისტის ან ტაქსის მძღოლის), გარკვეული ადგილების (მაგალითად ღამის კლუბების) მონახულების აკრძალვა, კონკრეტულ პირებთან ურთიერთობის აკრძალვა, პერიოდული შეტყობინება ადმინისტრაციული ორგანოსადმი, იმის სადემონსტრაციოდ, რომ კვლავ მოხმარებას ადგილი არ ქონია, საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვა, სახელმწიფო ბენეფიტების შეწყვეტა ან ზეპირი გაფრთხილება. ამასთან, ჯარიმა მოიაზრება როგორც უკიდურესი ღონისძიება, ზეპირი გაფრთხილება კი ყველა ხშირად გამოყენებადი სანქციაა.[30] პორტუგალიის ხელისუფლების მიერ ასეთი მასშტაბური დეკრიმინალზაციის განხორციელება ნიშნავდა არა ნარკოდამოკიდებულების, როგორც პრობლემის უგულებელყოფას, არამედ მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის აღიარებას. ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემუშავება სწორედ ბოლო წლებში ნარკოტიკების მოხმარების უკონტროლო სოციალურ პრობლემად ქცევამ განაპირობა. მზარდი იყო არამხოლოდ მოხმარების შემთხვევები, არამედ მოხმარების თანმდევი პათოლოგიური დაავადებები. ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ნარკოტიკების მოხმარების კრიმინალიზაცია მხოლოდ ამწვავებდა მდგომარეობას - აფერხებდა სამკურნალო პროგრამების ეფექტურ გამოყენებას და სისხლისსამართლებრივ დევნაზე რესურსის უაზრო ხარჯვას წარმოადგენდა. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 1998 წლის ანგარიშით ყველაზე ოპტიმალურ საშუალებად ერთმნიშვნელოვნად დაასახელა დეკრიმინალიზაცია. კომისიის რეკომენდაციით, პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის ამოცანა ძირითადი ფოკუსის პრევენციისკენ მიმართვა და შესაბამსიად, ჯანდაცვის ეფექტურად მუშაობა უნდა ყოფილიყო.[31] პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის სფეროში ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, დეკრიმინალიზაციამდე ნარკომომხმარებლები თავს იკავებდნენ, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სამკურნალო პროგრამებით, რათა თავი აერიდებინათ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობისთვის. ამასთან, ის რესურსი, რაც სისხლისსამართლებრივ დევნაზე იხარჯებოდა, დღეს სამკურნალო პროგრამებს ეფექტურად ხმარდება.[32] ზოგადად, პორტუგალიის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის იდეა ნარკომომხმარებლის დესტიგმატიზაციაში მდგომარეობს. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ნასამართლეობის სტიგმა ნარკომომხმარებელს აბრკოლებს, მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. პორტუგალიის კანონმდებლობის მიზანია, მიაღწიოს ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირებას ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ან უბრალო მომხმარებელთა სპეციალური მოპყრობის გზით. პორტუგალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ახალი პოლიტიკა ნარკოტიკების მოხმარებას აღიქვამს არა როგორც პირის ,,ბრალს’’ და სისხლისსამართლებრივ საკითხს, არამედ როგორც ჯანდაცვის სფეროს მიკუთვნებულ პრობლემას.[33] პორტუგალიაში ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღსრულების მიზნით, შექმნილია ნარკოდამოკიდებულებისგან გადარწმუნების კომისიები“ („Commissions for Dissuasions of Drug Addiction”) (კომისია), რომლებიც, პოლიციის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, იხილავენ კონკრეტულ შემთხვევებს და იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტული სანქციის გამოყენების შესახებ. კომისია სანქციას არჩევს მოხმარებული ნარკოტიკის სახეობის, მოხმარების ადგილის და მოხმარების სიხშირის მიხედვით.[34] ამასთან, კანაფის მოხმარების პირველი შემთხვევისას პირს სანქცია არ ეფარდება. კომისიას არ აქვს იძულებითი მკურნალობის დანიშვნის მანდატი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი პირი მკურნალობას დათანხმდება, კომისია უფლებამოსილია, მას არ შეუფარდოს ადმინისტრაციული სანქცია. თითოეული კომისია შედგება სამი წევრისგან, რომლებიც არიან სამართლის, მედიცინის და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.[35] აღნიშნული პროცედურის მიმდინარეობისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სავარაუდო სამართალდამრღვევის ღირსების პატივისცემას. პროცესი დახურულია - კომისიის წევრები არაფორმალურად იცვამენ და ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა, პირს ასევე უფლება აქვს მოითხოვოს, რომ შეტყობინება არ ჩაბარდეს მის მისამართზე, რათა არ მოხდეს მისი გაცნობა ოჯახის წევრების მიერ. კომისიის წევრები სხედან სამართალდამრღვევის სიმაღლის დონეზე და არა შემაღლებულ ტრიბუნაზე.[36] მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, პორტუგალიაში ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციის ფონზე, მკურნალობის მსურველთა რიცხვი 23 654-დან 38 532-მდე გაიზარდა (1998-2008 წლების მონაცემები). ნარკოტიკების მომხმარებელთა აივ ინფიცირების შემთხვევები კი 907-დან 267-მდე შემცირდა (2000-2008 წლის მონაცემები). ამასთან, არ გამართლდა ვარაუდი ნარკოტიკების მოხმარების გაზრდის შესახებ. ამის საპირისპიროდ, აღინიშნება ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის და ციხეების გადატვირთულობის შემცირება.[37] ავსტრია რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მაგალითად, ავსტრიაში 1998 წელს მიღებული იქნა კანონი ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, რომელმაც ჩაანაცვლა არსებული კანონმდებლობა, შემოიტანა სახელმძღვანელო პრინციპი „მკურნალობა დასჯის ნაცვლად“, ასევე, სპეციალური რეგულაციები დააწესა კანაფის პირად მოხმარებაზე. კანონმა ერთმანეთისგან განასხვავა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა პირადი მოხმარების (ექვემდებარება ჯანდაცვის ღონისძიებებს) და გასაღების მიზნით (ვრცელდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა). 2007 წლამდე არსებული რედაქციის თანახმად, პირადი მოხმარების მიზნით მცირე ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის შემთხვევაში პირი თავისუფლდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუკი წარადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ ჯანმრთელობის სერთიფიკატს. თუმცა, კანაფის შენახვის შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება არ არსებობდა. 2007 წლის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მცირე ოდენობა ჩაანაცვლა თითოეული ნარკოტიკული ნივთიერების კონკრეტულმა ზღვრულმა ოდენობამ (კანაფისთვის - 5 გრამი). ჯანმრთელობის სერთიფიკატის წარდგენა კვლავ არ ვრცელდება კანაფთან, ასევე ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან და სოკოსთან დაკავშირებულ შემთხვევებზე.[38] ესპანეთი 1974 წელს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ნარკოტიკის შენახვის დანაშაულის ფარგლებზე იმსჯელა. გადაწყვეტილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა სხვის მიერ უკანონო მოხმარების წახალისების გარეშე, არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, შესაბამისად, ნარკოტიკის შენახვა პირადი მოხმარების მიზნით, არ შეიძლება იყოს დასჯადი სისხლის სამართლის წესით.[39] აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, 1982 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, ესპანეთში მცირე ოდენობის ნარკოტიკების შენახვა პირადი მოხმარების მიზნით და მოხმარება პირად სივრცეში, დეკრიმინირებულია.[40] ჩეხეთი ჩეხეთის სისხლის სამართლის კოდექსში 2010 წელს შესული ცვლილებების თანახმად, პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასთან დაკავშირებული რეგულაციები განსხვავებულია ნარკოტიკული ნივთიერების სოციალური და ჯანმრთელობის რისკების მიხედვით. კერძოდ, კანაფის მცირეზე მეტი ოდენობით შენახვა, სხვა ნარკოტიკებთან შედარებით, მსუბუქ სანქციას ექვემდებარება. ცვლილებების შედეგად, ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის ან სოკოს მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შენახვა ან კულტივაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მიეკუთვნება.[41] მარიხუანას მოხმარება მცირე ოდენობით ასევე დეკრიმინირებულია შემდეგ ქვეყნებში: ნიდერლანდები, ესტონეთი, ჩილე, პარაგვაი, პერუ, რუსეთი, სომხეთი, ყირგიზეთი,[42] ბოლივია, კოსტა-რიკა, ეკვადორი, იამაიკა, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა, კამბოჯა, ნეპალი, ინდოეთის ოთხი შტატი (ადგილობრივთა დამახასიათებელი წეს-ჩვეულებების გამო).[43][1] გაეროს ერთიანი კონვენცია ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ, მუხლი 36 (1) (ბ), მიღებულია: 1961 წლის 30 მარტი, ძალაშია: 1964 წლის 13 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: https://www.unodc.org/pdf/convention_1961_en.pdf [2] გაეროს კონვენცია ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ, მუხლი 22 (1) (ბ), მიღებულია: 1971 წლის 21 თებერვალი, ძალაშია 1976 წლის 16 აგვისტო, საქართველოსთვის ძალაშია: 1998 წლის 8 იანვარი, ხელმისაწვდომია: https://www.unodc.org/pdf/convention_1971_en.pdf [3] ევროპის პარლამენტის რეკომენდაცია ნარკოტიკების შესახებ კონვენციების რეფორმის შესახებ, 2002, ხელმისაწვდომია: http://www.europarl.europa.eu/sides/getDoc.do?pubRef=-//EP//TEXT+MOTION+B5-2002-0541+0+DOC+XML+V0//EN&language=EN [4] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში „აივ-ით ინფიცირების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა“, ივლისი, 2014, გვ. 90, ხელმისაწვდომია: http://apps.who.int/iris/bitstream/10665/128048/1/9789241507431_eng.pdf?ua=1&ua=1 [5]კანაფის მოხმარების ან პირადი მოხმარების მიზნით შენახვისთვის სხვა ნარკოტიკებთან შედარებით მსუბუქი რეგულაციებია დაწესებული შემდეგ სახელმწიფოებში: ბელგია, ჩეხეთი, გერმანია, დანია, საბერძნეთი, ირლანდია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ავსტრია. ასევე, პორტუგალიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთში კანაფი განეკუთვნება „ნაკლებად საშიში ნარკოტიკული ნივთიერებების“ კატეგორიას. [6] http://www.emcdda.europa.eu/legal-topic-overviews/cannabis-possession-for-personal-use#countries [7] ევროკავშირის საბჭოს #11267/04 რეზოლუცია, ბრიუსელი, 7 ივლისი 2004, §§ 16-21, ხელმისაწვდომია: http://register.consilium.europa.eu/doc/srv?l=EN&f=ST%2011267%202004%20INIT [8] გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია მხოლოდ ესპანურ ენაზე: http://www.smartclub.mx/uploads/8/7/2/7/8727772/ar237_smart.pdf [9] http://www.theatlantic.com/international/archive/2015/11/mexico-marijuana-legal-human-right/415017/ ; http://www.nytimes.com/2015/11/05/world/americas/mexico-supreme-court-marijuana-ruling.html?_r=0 [10] http://www.theatlantic.com/international/archive/2015/11/mexico-marijuana-legal-human-right/415017/; http://www.nytimes.com/2015/11/05/world/americas/mexico-supreme-court-marijuana-ruling.html?_r=0 [11]http://www.theatlantic.com/international/archive/2015/11/mexico-marijuana-legal-human-right/415017; უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მექსიკაში მარიხუანას მოხმარება არ არის ლეგალიზებული, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ მოსარჩელეებს მიემართება. მექსიკის კანონმდებლობის მიხედვით, ლეგალიზაციისთვის საჭიროა კიდევ სულ მცირე სასამართლოს ოთხი მსგავსი გადაწყვეტილება [12] Ari Rosmarin, Niahm Eastwood, Release, Drugs, the Law and Human Rights. A Quiet Revolution: Drug Decriminalization Policies in the Practice Across the Globe, გვ. 22 [13]Ari Rosmarin, Niahm Eastwood, Release, Drugs, the Law and Human Rights. A Quiet Revolution: Drug Decriminalization Policies in the Practice Across the Globe, გვ. 22 [14] http://www.theatlantic.com/international/archive/2015/11/mexico-marijuana-legal-human-right/415017/ [15] ხელმისაწვდომია მხოლოდ ესპანურად: http://druglawreform.info/images/stories/documents/fallo-arriola.pdf [16] Ari Rosmarin, Niahm Eastwood, Release, Drugs, the Law and Human Rights. A Quiet Revolution: Drug Decriminalization Policies in the Practice Across the Globe, გვ. 16, ხელმისაწვდომია: http://www.release.org.uk/sites/default/files/pdf/publications/Release_Quiet_Revolution_2013.pdf, (აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია კანონმდებლობაში დღემდე არ მომხდარა; წარმოდგენილი კანონპროექტი არ განსაზღვრავს ნარკოტიკის კონკრეტულ ოდენობას და მოსამართლეს აძლევს უფლებამოსილებას შეაფასოს პირადი მოხმარებისთვის გამიზნული ოდენობა, ასევე, დეკრიმინალიზირებულად აცხადებს ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მიზნით კულტივაციას). [17] María Fernanda et al., Marijuana Legalization in Uruguay and Beyond, გვ. 1, ხელმისაწვდომია: https://www.wilsoncenter.org/sites/default/files/Marijuana%20Legalization%20in%20Uruguay%20and%20Beyond_brief%20report_v3%20(2).pdf [18] Ari Rosmarin, Niahm Eastwood, Release, Drugs, the Law and Human Rights. A Quiet Revolution: Drug Decriminalization Policies in the Practice Across the Globe, გვ. 36 [19] Jason Brandeis, Revin Revised: Alaska’s Historic Common Law, Marijuana Rule at the Dawn of Legalization, გვ. 346 [20] ალასკის უზენაესი სასამართლო, რევინი ალასკის შტატის წინააღმდეგ, #2135, 28.05.1975, ხელმისაწვდომია: http://www.druglibrary.org/schaffer/legal/l1970/ravin.htm [21]Jason Brandeis, Revin Revised: Alaska’s Historic Common Law, Marijuana Rule at the Dawn of Legalization, გვ. 313 [22] Jason Brandeis, Revin Revised: Alaska’s Historic Common Law, Marijuana Rule at the Dawn of Legalization, გვ. 334-335 [25] ნოი ალასკის შტატის წინააღმდეგ, 2003 WL 22026345 (Alaska App), 29.09.2003, ხელმისაწვდომია: http://www.drugpolicy.org/docUploads/AK_decision_082903.pdf [26] Jason Brandeis, Revin Revised: Alaska’s Historic Common Law, Marijuana Rule at the Dawn of Legalization, გვ. 338-339 [27] Jason Brandeis, Revin Revised: Alaska’s Historic Common Law, Marijuana Rule at the Dawn of Legalization, გვ. 321, ხელმისაწვდომია: http://scholarship.law.duke.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1499&context=alr [28]Ari Rosmarin, Niahm Eastwood, Release, Drugs, the Law and Human Rights. A Quiet Revolution: Drug Decriminalization Policies in the Practice Across the Globe, გვ. 17-20 [29] Glenn Greenwald, Drug Decriminalization in Portugal. Lessons for Creating Fear and Successful Drug Policies, Cato Institute, 2009, ხელმისაწვდომია: http://object.cato.org/sites/cato.org/files/pubs/pdf/greenwald_whitepaper.pdf, გვ. 2 [30] Greenwald, გვ. 3-4, 6 [31] Greenwald, გვ. 6-7 [32] Greenwald, გვ. 7-9 [33] Greenwald, გვ. 9-10 [34] Hannah Laqueur, Uses and Abuses of Drug Decriminalization in Portugal, Law and social Enquiry, Journal of American Bar Association, გვ. 7, ხელმისაწვდომია: https://www.law.berkeley.edu/files/Laqueur_(2014)_-_Uses_and_Abuses_of_Drug_Decriminalization_in_Portugal_-_LSI.pdf [35] Glenn Greenwald, Drug Decriminalization in Portugal. Lessons for Creating Fear and Successful Drug Policies, Cato Institute, 2009, გვ. 6-7 [36] Greenwald, გვ. 6-7 [37]ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში „აივ-ით ინფიცირების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მოვლა“, გვ. 92 [38]ნარკოტიკების და ნარკოტიკზე დამოკიდებულების ევროპული ცენტრი (2014), ნარკოპოლიტიკის გვერდი: ავსტრია, ევროკავშირის გამომცემლობა, ლუქსემბურგი, გვ. 9-10, ხელმისაწვდომია: http://www.emcdda.europa.eu/attachements.cfm/att_227218_EN_TDAU14004ENN.pdf [39] Amber Marks, The Legal Landscape for Cannabis Social Clubs in Spain, გვ. 6, ხელმისაწვდომია: http://www.law.qmul.ac.uk/docs/staff/department/148791.pdf [40] Steve Rolles, Niahm Eastwood, Drug Decriminalization Policies in Practice, გვ. 161, ხელმისაწვდომია: http://www.ihra.net/files/2012/09/04/Chapter_3.4_drug-decriminalisation_.pdf [41] 2010 National Report (2009 data) to the EMCDDA by the Reitox National Focal Point. The Czech Republic New Development, Trends and in-depth Information on Selected *ssues, 2010, გვ. 6-7, ხელმისაწვდომია: http://www.emcdda.europa.eu/attachements.cfm/att_142349_EN_CZ-NR2010.pdf [42] Steve Rolles, Niahm Eastwood, Drug Decriminalization Policies in Practice, გვ. 161-163 |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა