საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/15/880 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 11:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-16 მუხლთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც დასჯადად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დამზადებას, შეძენას, შენახვას ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებას.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 24 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №880) მიმართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 27 მარტს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის პირველ ივნისს.
2. №880 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სარჩელის შემოტანის დროისთვის მოქმედი რედაქცია წარმოდგენილია შემდეგი სახით – „პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო)“.
4. №880 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ მოსარჩელე ითხოვს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-16 მუხლი ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია საკუთრების უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გათვალისწინებულია საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
6. №880 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 იანვარს გამოტანილი განაჩენით, მოსარჩელე კონსტანტინე კირვალიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ 2013 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი იმავე დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მას ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იმ ქმედების კრიმინალიზება, რომლის გამოც მას სასჯელი დაეკისრა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ რიგ უფლებებს.
7. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს აქვს უფლება შემოიტანოს გარკვეული რეგულირება, მათ შორის, იძულების ღონისძიებები (იძულებითი მკურნალობის პროგრამა, რეკლამირების აკრძალვა, საზოგადოებრივ სივრცეში გამოყენების აკრძალვა და სხვა), იმ შემთხვევაში, თუ პირი საკუთარ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. თუმცა სახელმწიფოს არ აქვს უფლება დააწესოს ისეთი მაღალი ინტენსივობის ჩარევა, როგორიცაა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მოთხოვნაა მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამ ქმედების ამოღება. ამასთან, მოსარჩელე აცხადებს, რომ სადავო ნორმატიული შინაარსით გათვალისწინებული ქმედებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა არ არღვევდეს საქართველოს კონსტიტუციას იმის გათვალისწინებით, თუ რა სანქცია და როგორ იქნება იგი დადგენილი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თუ სახელმწიფო ქმედების დასჯადად გამოცხადებით ადამიანის უფლებაში ისეთი ინტენსივობით ერევა, რომელიც აშკარად სცდება კონსტიტუციით უფლებაში ჩარევისთვის მკაცრად დასაშვებ ფარგლებს, შეუძლებელია, რომ ეს არაადამიანურ მოპყრობად და სასჯელად არ იქნეს მიჩნეული. ამგვარ ჩარევასთან მაშინ გვაქვს საქმე, როდესაც ქმედების ინკრიმინირების საფუძველი და საჭიროება არ არსებობს. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ თუ ქმედება თავისთავად არ იმსახურებს სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადებას, მისთვის დაკისრებული სასჯელი ვერ დააკმაყოფილებს სასჯელის მიზნებს. ამგვარი სასჯელი არის სასტიკი და ღირსების შემლახავი, ვინაიდან ხდება ადამიანის ინსტრუმენტალიზაცია. მოსარჩელის აზრით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების ინკრიმინირება არაკონსტიტუციურია, ამ ქმედებისთვის ნებისმიერი სასჯელის დაკისრებაც არაკონსტიტუციური იქნება.
9. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს პიროვნულ ავტონომიას, პირის უფლებას თავად მიიღოს საკუთარი თავის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, განსაზღვროს ნარკოტიკული თუ სხვა ნივთიერებების მიღების საკითხი, მიუხედავად იმისა, ის ეთიკურია თუ არა. აღნიშნულ უფლებაში მძიმე ჩარევას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მარიხუანის მოხმარებისთვის ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკისრება.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, პირის დაჯარიმება სისხლის სამართლის წესით წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას. სახელმწიფოს მიერ ჯარიმის დაკისრება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის საკუთრების უფლებაში გაუმართლებელი ჩარევა, ვინაიდან სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების კრიმინალიზება თავისთავად არაკონსტიტუციურია.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ჩარევაა შრომის თავისუფლებაში, რაც გამართლებულია მაშინ, როდესაც ქმედება, რომლის გამოც პირს ეკისრება აღნიშნული სასჯელი, თავისთავად წარმოადგენს ინკრიმინირებად ქმედებას. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედება არ უნდა იქნეს სისხლის სამართლის წესით დასჯადი. შესაბამისად, ამ ქმედებისათვის სასჯელის სახით სასარგებლო შრომის გათვალისწინება არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მარიხუანის მომხმარებლებს სახელმწიფო სჯის სისხლის სამართლის წესით, მაშინ როდესაც თამბაქოსა და ალკოჰოლის შემთხვევაში ასეთ სიმკაცრეს არ იჩენს. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანა შედარებადია ალკოჰოლთან და თამბაქოსთან და მათი მომხმარებლები არსებითად თანასწორი პირები არიან. სადავო ნორმით დიფერენცირება ხდება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ნარკოტიკს მოიხმარს პირი. სადავო რეგულირებით სასჯელად გამოყენებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს მაღალი ინტენსივობით ჩარევას ადამიანის უფლებებში. ამასთან, განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება უფრო ძლიერ შიმშილს იწვევს, ვიდრე თამბაქო და ალკოჰოლი. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებამ შესაძლოა უფრო მეტად წაახალისოს საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხე, ვიდრე ალკოჰოლისა და თამბაქოს შემთხვევაში.
13. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო რეგულირებით ხდება არსებითად უთანასწოროთა თანასწორი მოპყრობა. შესადარებელ ჯგუფებად მოსარჩელემ დაასახელა მძიმე და მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებსაც არსებითად უთანასწორო პირებად მიიჩნევს. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფო მათ თანასწორად ეპყრობა, რადგან ორივე ჯგუფს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს.
14. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტების გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკას.
15. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა იქნეს განხილული მარიხუანისა და სხვა მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელი პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებად. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმა არის „ნეიტრალური“ შინაარსის და ქმედების ობიექტური შემადგენლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სახის ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის მოხმარების დასჯით. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები განხილულ იქნენ შესადარებელ ჯგუფებად მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად ექცევა მარიხუანაც.
16. მოპასუხის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება სუბსიდიურია, ანუ დამატებითი. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის სუბსიდიური ხასიათი იმას გულისხმობს, რომ აღნიშნული მუხლის გამოყენების საჭიროება არსებობს მხოლოდ მაშინ, თუ ესა თუ ის უფლება ან უფლებრივი კომპონენტი დაცული არ არის კონსტიტუციის სხვა დებულებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-17, 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აპელირებს საქართველოს კონსტიტუციის სხვა დებულებებით დაცულ უფლებებზე და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით სარჩელი დაუსაბუთებელია.
17. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღების მოთხოვნა ასევე დაუსაბუთებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოპასუხე მიუთითებს, რომ სასჯელის არაჰუმანურობა, სისასტიკე საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი შეიძლება იყოს მაშინ, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად არაპროპორციულია ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით. მოპასუხის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებით, პირმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის მის მიმართ გამოყენებული სასჯელი არაჰუმანური და არა ის, თუ რატომ არის ესა თუ ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსში მოქცეული.
18. მოპასუხის განცხადებით, ჯარიმა როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახე, წარმოადგენს ყველაზე მსუბუქი ხასიათის ღონისძიებას. სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება წარმოადგენს იმდენად მსუბუქ შეზღუდვას, რომ ის არ აზიანებს საკუთრების უფლების არსს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან, დაუსაბუთებელია. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, როგორც სასჯელი არ მოიაზრება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში, შესაბამისად, სადავო ნორმას მიმართება არ აქვს არც შრომის თავისუფლების უფლებასთან.
19. მოპასუხის არგუმენტაციით, მოქმედი მართლმსაჯულებით არცერთი დანაშაულის დეკრიმინალიზება ამ დრომდე არ მომხდარა. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცეს პოზიტიურ კანონმდებლად. სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისას პარლამენტის დისკრეცია არ არის უსაზღვრო, თუმცა სასამართლოს ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სასჯელის ყველა ზომის კონსტიტუციურობაზე. ამასთან, მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ შესაძლოა ნებისმიერი სისხლის სამართლის ნორმის დეკრიმინალიზების მოთხოვნა იყოს შემხებლობაში საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. თუმცა ასეთი მოთხოვნა დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული, თუ სახეზე არ არის დამატებითი კრიტერიუმი - აშკარა, უხეში ჩარევა.
20. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვის მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ამასთან, პირი სადავო ნორმის სუბიექტი მხოლოდ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდგომ ხდება. სადავო ნორმით გათვალისწინებული სასჯელის მიზანია არა პირისთვის ტანჯვის მიყენება, არამედ იმ საფრთხეების პრევენცია, რომლებიც ვლინდება მარიხუანის მოხმარებით საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნის მოცულობა, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №880 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში ცვლილებები შევიდა 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს კანონით “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება მის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის მიერ ზემოთ აღნიშნული სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია, ამასთანავე, ნორმის გაუქმება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებამდე და არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე საქმის განხილვის გაგრძელების წინაპირობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №880 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს საქმე №880 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კირვალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მერაბ ტურავა