საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/4/1240 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 22 თებერვალი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 22 თებერვალი 2018 19:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე– წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - მიხეილ შარაშიძე და ნათია გველესიანი; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი გიგუაშვილი; მოწმე - სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ იურიდიული დეპარტამენტის, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი რატი გოგსაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1240) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 5 ივლისს. №1240 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 12 დეკემბერს.
2. №1240 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
3. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს. ხოლო, „,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-Iს კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს შესაბამისი კანონის ამოქმედების თარიღს და ასეთად უთითებს 2016 წლის პირველ იანვარს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს. ხოლო, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რამდენჯერმე შეიცვალა მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი. კერძოდ, 2012 წლის 24 აპრილს განხორციელებულ ცვლილებებამდე, საერთო სასამართლოების მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა შეადგენდა მოქმედი მოსამართლისთვის განსაზღვრულითანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლს საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. 2012 წლის 24 აპრილს განხორციელებული ცვლილების შედეგად (ამოქმედდა 2012 წლის პირველი სექტემბრიდან) კი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრებოდა მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს 3%–ის ნამრავლით საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე. კომპენსაციის გაანგარიშების წესში ბოლო ცვლილება განხორციელდა 2015 წლის 27 ნოემბერს. არსებული მდგომარეობით, მოსამართლის კომპენსაციის ოდენობა გაანგარიშდება სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო პენსიის 30%-60%-ის (დამოკიდებულია მოსამართლის მიერ დაკავებულ პოზიციაზე) საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშობის სტაჟზე ნამრავლის ჯამით. მოსარჩელე დადებითად აფასებს კომპენსაციის გაანგარიშების მოქმედ წესს და მიიჩნევს, რომ ის ყველა მოსამართლეზე უნდა გავრცელდეს, განურჩევლად საპენსიო ასაკის შესრულების დროისა.
6. კონსტიტუციური სარჩელის შესაბამისად, 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი იანვრიდან არსებული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობები მნიშვნელოვნად აღემატება 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე გაანგარიშებულ ოდენობას. მოსარჩელის არგუმენტაციით, ზემოხსენებულ პერიოდებში კომპენსაციის ოდენობებს შორის სხვაობა იწვევს მოსამართლეთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას. ამასთან, მართალია, 2015 წლის 27 ნოემბერს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ შეცვალა მანამდე მოქმედ მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესიც, თუმცა სრულად ვერ აღმოფხვრა უთანასწორობა, რადგან იგი რეტროსპექტულად არ გავრცელდა 2012 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
7. ამდენად, მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, საერთო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე არსებულ პერიოდში. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ზემოხსენებულ პირთა ჯგუფები დასახელებულ სამართლებრივ ურთიერთობაში არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ, შესაბამისად, მათ უნდა ესარგებლათ თანაბარი სოციალური გარანტიებით და მიეღოთ ერთი და იგივე ოდენობის სახელმწიფო კომპენსაცია.
8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საერთო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ განსხვავებული, დიფერენცირებული მოპყრობა ხორციელდება საპენსიო ასაკის მიღწევის დროის ნიშნით. მოსარჩელის პოზიციით, დიფერენციაცია მაღალი ინტენსივობისაა, ვინაიდან საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, რომელთაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე არსებულ პერიოდში, არსებითად ნაკლები სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნათ იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს 2012 წლის პირველ სექტემბრამდე და 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ.
9. მოსარჩელის აღნიშვნით, სადავო ნორმებით დაწესებული დიფერენცირება მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ და ობიექტურ საფუძველს. შესაბამისად, არ არსებობს ის საჯარო ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაამართლებდა მსგავს დიფერენცირებას. ხსენებულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ასევე არღვევს კონსტიტუციით განმტკიცებულ საკუთრების უფლებას. სახელმწიფო კომპენსაციის სოციალური ბუნება მის სუბიექტს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური სიკეთე პერიოდული ფულადი შემოსავლის სახით. შესაბამისად, კომპენსაციის მიღების უფლება, მოსარჩელის აზრით, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით.
11. ამასთან, საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებს, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, ჰქონდათ კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობის ლეგიტიმური მოლოდინი. ხოლო სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის რადიკალურად შემცირებამ ზემოთქმულ პირთა მიმართ გამოიწვია საკუთრების საყოველთაო უფლების დარღვევა.
12. გამწესრიგებელ სხდომაზე კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ მისთვის პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს კომპენსაციის გაანგარიშების მოქმედი რედაქციის უკუძალით გავრცელებას. შესაბამისად, საერთო სასამართლოს მოსამართლეებს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდისათვის, არ ეძლევათ მიუღებელი კომპენსაციის ოდენობის ანაზღაურების შესაძლებლობა.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე.
14. მოპასუხე მხარის მოსაზრებით, სადავო კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილი, სხვადასხვა რედაქციით მოქმედებისას, დროის ყველა მონაკვეთში, თითოეული კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მოსამართლეზე ადგენდა ერთგვაროვან სამართლებრივ სივრცეს და ანიჭებდა მათ თანაბარი რაოდენობის კომპენსაციის მიღების უფლებას. ანალოგიურად, დღეს მოქმედი გაანგარიშების წესით, ყველა მოსამართლე, მიუხედავად კომპენსაციის წარმოშობის დროისა, მოსამართლედ მუშაობის სტაჟის გათვალისწინებით იღებს იდენტური ოდენობის სახელმწიფო კომპენსაციას. ამდენად, სადავო ნორმა თანასწორ პირებს ეპყრობა ერთგვაროვნად. მოპასუხის განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდისას კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლება არ ავალდებულებს კანონმდებელს, მიანიჭოს კანონს უკუძალა და განავრცოს გაზრდილი ოდენობა წარსულ დროზე. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმებს არ აქვთ შინაარსობრივი მიმართება კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან.
15. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, იმ მოსამართლეებს, რომელთაც დაენიშნათ სახელმწიფო კომპენსაცია 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში, ვერ ექნებოდათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო გაზრდიდა კომპენსაციის ოდენობას და, ამასთანავე, განავრცობდა მას წარსულ დროზე, უკვე გაცემული კომპენსაციის ოდენობების მიმართ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოთხოვნა გაზრდილი კომპენსაციის წარსულ დროზე უკუძალით გავრცელების თაობაზე არ გამომდინარეობს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებიდან. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
16. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სოციალური მომსახურების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის მთავარმა სპეციალისტმა რატი გოგსაძემ აღნიშნა, რომ პირებს, რომელთაც კომპენსაცია დანიშნული ჰქონდათ 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე არსებულ პერიოდში, 2016 წლის პირველი იანვრიდან კომპენსაცია გადაუანგარიშდათ ავტომატურად, თუმცა გადაანგარიშების წესი არ გავრცელებულა წინარე პერიოდში სახელმწიფო კომპენსაციის სახით უკვე გაცემული ოდენობების მიმართ. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-Iს კანონის შესაბამისად, 2016 წლის პირველ იანვრამდე, ყველა კატეგორიის საერთო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც დანიშნული ჰქონდა სახელმწიფო კომპენსაცია და ასევე იმ მოსამართლეებს, რომლებსაც კომპენსაციის მიღების სამართლებრივი საფუძველი წარმოეშვათ 2016 წლის პირველი იანვრის შემდეგ, დაენიშნათ იდენტური სახელმწიფო კომპენსაცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1240 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან. სადავო ნორმა განსაზღვრავს საერთო სასამართლოს მოსამართლის სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლის წესს.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომპენსაციის გამოთვლის მოქმედი წესი თავისთავად პრობლემატური არ არის, თუმცა მოქმედი წესით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობა აღემატება 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რეგულირების შესაბამისად განსაზღვრულ ოდენობას. ვინაიდან სადავო ნორმამ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის უკეთესი წესი დაადგინა, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ამ წესის კანონის მიღებამდე პერიოდზე გაუვრცელებლობა იწვევს გაუმართლებელ დიფერენცირებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა“) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასა და სადავო ნორმას შორის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობას ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას.
5. მოცემულ შემთხვევაში, სადავო რეგულირებით არ ხდება პირთა რომელიმე წრის მიმართ განსხავებული რეჟიმის დადგენა. სადავო ნორმა ადგენს კომპენსაციის გამოთვლის ახალ წესს, რომელიც ყველა მოსამართლის მიმართ თანაბრად მოქმედებს და როგორც მოსარჩელე მიუთითებს, უკეთესია ადრე მოქმედ წესზე. აშკარაა, რომ როგორც სადავო ნორმის, როგორც ცვლილებებამდე არსებული, ასევე მოქმედი რედაქცია, არეგულირებს ერთი და იმავე პირთა წრის (მოსამართლეები) უფლებებს. შესაბამისად, სადავო ნორმის მიღებით უფლებრივი რეჟიმი შეიცვალა ხსენებულ პირთა წრისათვის ზოგადად და არა მასში შემავალი რომელიმე ცალკეული ჯგუფისთვის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიუთითებს არა პირთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებული მოპყრობის არსებობის დასაბუთებაზე, არამედ დროის სხვადასხვა მონაკვეთში ერთი და იმავე პირების განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაზე. რეალურად, მოსარჩელე ახდენს არა პირთა შორის დიფერენცირების ფაქტის იდენტიფიცირებას, არამედ მიუთითებს, რომ სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი, გარკვეულ ეტაპზე გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა, თუ ამ წესს არ გაავრცელებს წარსულ პერიოდზეც. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აღნიშნულ მსჯელობას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, გაზარდოს კომპენსაციის ოდენობა და ეს წესი მხოლოდ მისი მიღების შემდგომ პერიოდს დაუკავშიროს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1240 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. მოსარჩელე მხარე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს ასევე სადავოდ ხდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. იგი მიუთითებს, რომ მოსამართლეებს აქვთ ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ისინი მსგავსი ფუნქციების შესრულებისას თანაბარ კომპენსაციას მიიღებენ. სადავო ნორმის 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდზე არგავრცელება კი ამ მოლოდინებს უგულებელყოფს და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების დარღვევას იწვევს.
8. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო ნორმა საერთოდ არ არეგულირებს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან 2016 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში კომპენსაციის გაცემის საკითხს, შესაბამისად, ამ პერიოდში გაცემული კომპენსაციის მოცულობასთან დაკავშირებული არგუმენტაცია საერთოდ ვერ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ლეგიტიმური მოლოდინის ცნება უკავშირდება კანონის მიერ შექმნილი უფლების ხელშეუვალობის სამომავლო მოლოდინს. შესაბამისად, 2016 წელს მიღებული კანონი ვერ შექმნის წარსულ პერიოდში კომპენსაციის მიღების ლეგიტიმურ მოლოდინს. ლეგიტიმური მოლოდინის უგულებელყოფის გამო საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა შეიძლება აქტუალური იყოს იმ შემთხევაში, როდესაც ახალი კანონით ხდება უკვე დადგენილი ქონებრივი უფლების გაუქმება ანდა შემცირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის N/2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე ,,სპს გრიშა აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-43-44). მოსარჩელის მითითებით კი, მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმის საფუძველზე მოხდა სახელმწიფო კომპენსაციის გაზრდა, რაც ვერ იქნება მიჩნეული როგორც კანონის მიღებამდე არსებული ლეგიტიმური მოლოდინების უგულებელმყოფელი ქმედება. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მსგავსად, არც მისი 21-ე მუხლი ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, გაზარდოს პენსიის მოცულობა და ეს მხოლოდ მომავალ პერიოდზე გაავრცელოს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1240 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. №1240 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული სადავო ნორმა განსაზღვრავს კანონში განხორციელებული ცვლილების ამოქმედების თარიღს. მოსარჩელე მოთხოვნის დასასაბუთებლად კი მიუთითებს, რომ დასახელებულ ნორმას უნდა მიენიჭოს უკუძალა და მისი ამოქმედება მოხდეს 2012 წლის პირველი სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლი იცავს კანონის წინაშე თანასწორობისა და საკუთრების უფლებას და არ არეგულირებს კანონის დროში მოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, კონსტიტუციის ხსენებულ დებულებებთან მიმართებით მოსარჩელე ვერ მოითხოვს კანონის უკუძალით გამოყენების ვალდებულების დადგენას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის N2/6/827 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მალხაზ ლაბაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადავო ნორმის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლით დაცულ სფეროებთან. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის N4579-Iს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, №1240 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1240 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი