საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N882 |
ავტორ(ებ)ი | პაატა ჩერქეზიშვილი |
თარიღი | 27 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
1. წარმოდგენილი სარჩელი შეესაბამება საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონით დადგენილ მოთხოვნებს: წარმოდგენილია დადგენილი ფორმით; შეტანილია უშუალოდ იმ სუბიექტის მიერ ვის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ‘შესაძლო’ არაკონსტიტუციური ნორმებით დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, რაც უშუალოდ მოსარჩელეზე და შემდეგ საზოგადოებაზე ახდენს დამანგრეველ, უარყოფით და მნიშვნელოვან ზიანის მომტან ზეგავლენას; სარჩელში მითითებული საკითხი უშუალოდ ექვემდებარება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტას და ამგვარად მისი განსჯადია, რის შესახებაც საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ-ჯერობით კონკრეტულად არ უმსჯელია; გასაჩივრებულია შესაბამისი ნორმატიული აქტის ის მუხლები და პუნქტი, რომელიც არღვევს მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს და თავისუფლებებს; სარჩელის წარდგენისას დაცულია კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანარჩენი მოთხოვნები.
2. მოსარჩელე პაატა ჩერქეზიშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მ-3 ნაწილის, დ) ქვეპუნქტით, კერძოდ 2016 წლის 7 დეკემბერს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება - კანაფის ფისის 0.1315 გრამის შეძენა/შენახვის გამო. 2014 წელს მოსარჩელე ასევე ბრალდებული იყო 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2015 წლის ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება 71,18 გრ. „კანაფის (მცენარე)“ შეძენა და შენახვის გამო და 2014 წლის 17 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების მიხედვით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 წელი პირობით და 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარი, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება; ასევე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება (იხ. თანდართული განაჩენი - დანართი 10). ამიტომ 2016 წლის 7 დეკემბერს ჩადენილი ქმედება ასევე დაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“-ე პუნქტით („არაერთგზის“, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლით: „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას“. ამ შემთხვევაში მოსარჩელესთან დაკავშირებით კვალიფიკაცია შეიძლება ასევე იყოს მოქმედი 260-ე მუხლის 1 ნაწილი ან მე-3 ნაწილის სხვა ერთ-ერთი პუნქტიც მაგ. ე) პუნქტი „იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული“. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის დანართი #2-ის 76-ე გრაფაში კანაფის ფისი 0,05 -იდან 0,5 გრამამდე ითვლება სისხლის სამართლის საწყის ეტაპად, რაც მოსარჩელის შემთხვევაში 0.1315 გრამია (260-ე მუხლის 1 ნაწილი). 3. 2016 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობის ნაცვლად ბრალდებულ პაატა ჩერქეზიშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ასევე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დაეკისრა პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება. წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 10 დღეში ერთხელ ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და აღნიშნული დასკვნის პროკურატურისთვის წარდგენა და წინასასამართლო სხდომის გამართვამდე კვირაში ერთხელ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში გამოცხადება და ასევე ანგარიშვალდებულება. პაატა ჩერქეზიშვილი მოცემულ მოქმედებებს ახორციელებს სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით და ვადებში, უფრო მეტიც ამ მხრივ არის პროაქტიული და რამოდენიმეჯერ დამატებით წარმოადგინა ვადაზე ადრე ნარკოლოგიური შემოწმების დამადასტურებელი ცნობაც. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურამ გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 13 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნო საჩივარი (იხ. დანართები 6 და 7). 5. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო, რადგან მოსარჩელესთან მიმდინარეობდა საპროცესო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება, მაგრამ პროკურატურის მიერ მოგვიანებით შემოთავაზებული იქნა საპროცესო შეთანხმება, როგორც ჯარიმით ისევე რეალური სასჯელით (თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში), რასაც მოსარჩელე არ ეთანხმება. 6. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში მოცემულ საქმეზე არსებითი განხილვა ჩანიშნულია 2017 წლის 4 აპრილს და მოსარჩელეს მოქმედი კანონმდებლობით კანაფის მცენარიდან დამზადებული (გამოყვანილი) სპეციალური ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამის მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვის გამო შეიძლება 5 (ხუთიდან) - 8 (რვა) წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, რაც საბოლოოდ მოსარჩელისთვის, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ შორის იქნება არაპროპორციული და არაადამიანური სანქცია, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, იქნება საბოლოოდ მისი პიროვნულად დამღუპველი რეალობა (საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარმოდგენილია შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ). 7. პაატა ჩერქეზიშვილს ყავს 72 წლის დედა, რომელსაც ესაჭიროება მოვლა და მზრუნველობა; ასევე პირადად უვლიდა მძიმე ავადმყოფს - მწოლიარე მამას, რომელიც დაახლოებით 5 თვის წინ გარდაეცვალა. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და მინიჭებული შესაბამისი ქულებიდან გამომდინარე იღებენ მცირე სოციალურ შემწეობას; მოსარჩელეს გეგმავს დასაქმდეს და აპირებს შექმნას თავისი ოჯახი, ამიტომ გამომდინარე მითითებული გარემოებებიდან აქტიურად ცდილობს რესოციალიზაციას, არის ღია და უკონფლიქტო პიროვნება, არასოდეს ჩაუდენია რაიმე ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედებები. 8. მოსარჩელე დაინტერესებულია კლუბური მუსიკით. ორგანიზებას უწევდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო მუსიკოსების საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩამოსვლას და ამ მხრივ ღონისძიებების გამართვას, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიებებს. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილის სიტყვები: „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო ... შეძენა, შენახვა,... – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამამდე (და მისი ჩათვლით) და 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობასთან მიმართებაში - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დ)-ე პუნქტის (არაერთგზის) და ე) პუნქტის (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამი ოდენობის შეძენა და შენახვასთან მიმართებაში - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ა) (დიდი ოდენობით)... „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობის შეძენა და შენახვასთან მიმართებაში - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან
1.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით: „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“.
1.1.1 „მითითებული კონსტიტუციური ნორმა თავისი არსით წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, უზრუნველყოფს რა ადამიანის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უზოგადესი ასპექტის, პიროვნების თავისუფალი განვითარების, ჩამოყალიბების, მისი ცხოვრების ინდივიდუალური წარმართვის თავისუფლებას სამართლიანი სახელმწიფოს ფარგლებში“ (2017 წლის 9 თებერვლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ, II.პ.12.).
1.1.2. მოპასუხის დრომოჭმული და გადმონაშთი სისხლისსამართლებრივი საკანონმდებლო წესრიგი ‘ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებაში’ (განსაკუთრებით კი მცენარე კანაფის ჯგუფში შემავალი ნივთიერებების შემთხვევაშიც, მითითებული სადავო ოდენობებით) აფერხებს და შეიძლება ითქვას, ანადგურებს პიროვნების: სიცოცხლეს, მომავალს, ჯანმრთელობას, განათლებასა და სამუშაოს ხელმისაწვდომობის ე.ი. პიროვნების განვითარების უფლებას. უფრო მეტიც, უბიძგებს პიროვნების „კრიმინალად“ ტრანსფორმირებას და მისი საზოგადოებისაგან/სოციუმისგან გამორჩევას თანმდევი ნასამართლობის სტატუსით და ჩამორთმეული მთელი რიგი სამოქალაქო უფლებებით. არაერთი მაგალითით (მაგ.: მცენარე კანაფთან დაკავშირებული დემურ სტურუას, მამუკა მიქაუტაძეს საქმეები, ახალგაზრდებმა, რომლებმაც თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებია) დადასტურდა, რომ აუცილებელია სამართლიანობის და თანაზომიერების პრინციპების დაცვა და სისხლისსამართლებრივი დევნაზე მნიშვნელოვანია ადამიანი, როგორც პიროვნება და ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება სხვადასხვა სერვისების მიწოდებით და არა იძულებითი წესებით, როგორიც პიროვნების წინააღმდეგ მიმართული სისხლისსისხლისსამართლებრივი დევნაა.
1.1.3. „კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ნარკომომხმარებლების დასჯა და დაპატიმრება მხოლოდ უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე და ეს სამართალდამცავი და სასამართლო სისტემების შეზღუდული რესურსების არაეფექტური ხარჯვაა, რასაც ასევე უდიდესი სოციალური ხარჯი ახლავს თან, საბოლოო შედეგი კი თითქმის უმნიშვნელოა“ (იხ. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“; ადიქტოლოგიის ცენტრი, მედიცინის პირველი ფაკულტეტი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევა - რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება? გვ.39, http://www.altgeorgia.ge/2012/myfiles/narkotestireba%20GEO-1.pdf ).
1.1.4. მოპასუხის, როგორც კანონმდებლის და შემდეგ შესაბამისად განპირობებული აღმასრულებელი შტოს არაეფექტური ნარკოკანონმდებლობის ადმინისტრირების-რეალიზაციის პრაქტიკა ზღუდავს ადამიანის განვითარებას და აწესებს არაგონივრულ შეზღუდვებს.
1.1.5. „კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიზანია, დაუცველი არ დარჩეს ცხოვრების ის სფეროები, რომლებიც პიროვნებასთან დაკავშირებული კონკრეტული უფლებებით არ არის მოცული. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55).
1.1.6. სრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მხოლოდ პირადი მოხმარება ან/და ამავე მიზნით მისი შეძენა/შენახვა/დამზადება/კულტივირება ერთი მხრივ ავტონომიურია, ე.ი. პიროვნების პირადი პასუხისმგებლობაა, მისი პირადი ცხოვრების არჩევანია, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ხორციელდება მისი კრიმინალიზაცია და განსაკუთრებით არაპროპორციული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ადმინისტრირება და პიროვნების განვითარების წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი ქმედებები (საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთის ჩათვლით), ამ შემთხვევაში აღნიშნული ექცევა საზოგადოების ინტერესის სფეროდ და მის პრობლემადაც, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უარყოფით ზეგავლენას ახდენს საზოგადოების ყოველ წევრზე. ამგვარად საზოგადოების/საჯარო ინტერესი არ არის მიმართული, რომ სახელმწიფო რესურსების (ფინანსური/ადამიანური) გახარჯვა განხორციელდეს იმ ქმედებებისთვის (ნარკოტიკების მოხმარების, დამზადების, კულტივირების, შეძენა და შენახვის გამო საგამოძიებო მოქმედებები: გამოძიება, დაკავება, ჩხრეკა, ნარკოტესტირების ჩატარება; სასამართლოს პროცესის ხარჯები; ადამიანების მოთავსება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და შემდეგ მსჯავრდებულების დაწესებულებაში ცხოვრების ხარჯები), რომელსაც შედეგი არ მოაქვს, არამედ საპირისპიროდ იწვევს საზოგადოების ყოველი წევრის რესურსების უშედეგო გახარჯვას და ცალკეული პიროვნების (რომელსაც კანონმდებელი კრიმინალად თვლის) გარიყვას და მისი განვითარების შეფერხებას საზოგადოებაში. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი ნარკო პოლიტიკის განხორციელებით საზოგადოება კარგავს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფასეულობას ადამიანის მიერ პროდუქტის შექმნას, მის ხელმისაწვდომობას სხვადასხვა საშუალებებზე (მაგ.: განათლება, სამუშაო ადგილი, ხელოვნება) და ამ საშუალებების გამოყენებით საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანას.
1.1.7. მაგალითად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ნარკოტიკებზე შემოწმებული ადამიანების უარყოფითი და დადებითი შედეგების რაოდენობის მიხედვით მხოლოდ ერთი, 2015 წელი, რომ ავიღოთ შედარებისთვის ნარკოტიკებზე შემოწმებებიდან დადებითი პასუხი დაფიქსირდა მხოლოდ 9696 (ცხრაათას ექვსასოთმოცდათექვსმეტ) პიროვნების შემთხვევაში, ხოლო უარყოფითი ე.ი. არ აღმოჩნდა ნარკოტიკული თრობა 23372 (ოცდასამიათას სამასსამოცდათორმეტ) შემთხვევაში, რაც მოწმობს იმაზე, რომ საკმაოდ სოლიდური საბიუჯეტო თანხები უშედეგოდ გაიხარჯა (იხ. 2017 წლის 11 იანვრის საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის წერილი, გვ. 3, სარჩელზე დანართი 11 - ამონარიდი, http://altgeorgia.ge/2012/myfiles/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20-%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98.pdf).
1.1.8. „კვლევის შედეგების საფუძველზე ვასკვნით, რომ რაიმე ინტერვენცია, რომელიც შეძლებს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენას, უნდა წარმოადგენდეს იმ რესურსების უკეთეს გამოყენებას, რომელიც შარდის რანდომულ შემოწმებაზე/სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული კოდექსების შესაბამისი მუხლების აღსრულებაზე დაიხარჯა. ანალიზის დადებითი პასუხის გამო დაპატიმრებული პირების ციხეში შენახვის საჭირო რესურსების ალტერნატიული გამოყენება 17 მილიონი ლარის სოციალურ სარგებელს მოიტანდა“ (იხ. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“; ადიქტოლოგიის ცენტრი, მედიცინის პირველი ფაკულტეტი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევა - რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება? გვ.39, http://www.altgeorgia.ge/2012/myfiles/narkotestireba%20GEO-1.pdf )
1.1.9. ნარკოდანაშაულთან მიმართებაში არაეფექტური სადამსჯელო სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განხორციელებით მოსარჩელეს ერთმევა უფლება კონკრეტული საქმიანობების განხორციელების, რომლებიც იქნებოდა მისი პიროვნული ან/და პროფესიული განვითარების, საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის შესაძლებლობა კონკრეტული საქმიანობით და გადასახადების გადახდით (იხ. ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ კანონი, ყოველგვარი ინდივიდუალიზაციის და კონკრეტული შემთხვევების გარეშე ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების ჩამორთმევას, რაც პირდაპირ კავშირშია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან, რადგან მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება პირადი მოხმარების მიზნებისთვის ნარკოტიკული ნივთიერებებთან დაკავშირებული ქმედებები, მოსარჩელის შემთხვევაში მოცემული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაც).
1.1.10. მოქმედი სისხლისსამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-3 ნაწილებით ისჯება ქმედება (შეძენა და შენახვის შემთხვევაში ისეთი მცირე ოდენობის გამოც, როგორიცაა მოსარჩელისვე შემთხვევაში კანაფისი ფისი 0,1315 გრ., და მცენარე კანაფის შემთხვევაში 100 გრ.), იმ შემთხვევაშიც, რომელიც შეიძლება არ არღვევდეს სხვა პირთა უფლებებს და არ ადგენდეს საჭიროა თუ არა მოცემული სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დარღვევის გამოკვლევა.
1.1.11. მაგალითად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძირითადი კანონის მე-2 მუხლი პიროვნების თავისუფალ განვითარებასთან დაკავშირებით უფრო ვრცელია და ადგენს: „ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, რამდენადაც აღნიშნული არ ხელყოფს სხვათა უფლებებს და არ არღვევს კონსტიტუციურ წყობილებას ან ზნეობრივ ნორმებს“.
1.1.12. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის გადაწყვეტილებაში, სადაც სასამართლო იხილავდა სასჯელის პროპორციულობის საკითხს კანაბისის შენახვასთან დაკავშირებით, კერძოდ „ინტოქსიკაციური ნივთიერებების აქტი“-ს გერმანიის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) მე-2 მუხლის მე-2 პრაგრაფის 1 წინადადებასთან მიმართებაში, სასამართლო გადაწყვეტილებაში მსჯელობისას აღნიშნავდა, რომ კანაბისის მცირე რაოდენობით მომხმარებლებისათვის სისხლისამართლებრივი სანქციების დაკისრებამ შეიძლება მიგვიყვანოს სასჯელების დაკისრების არაპროპორციულობის საკითხთან, აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ სასჯელმა შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. Bundesverfassungsgericht (Federal Constitutional Court), Second Senate, decision of 9 March 1994, BVerfGE 90, 145). სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშით (მოიცავდა პერიოდს 1985 წლიდან 1987 წლამდე, გამოქვეყნებული 1989 წლის აპრილში Bundestagsdrucksachen 11/4329 page 15) ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების დაახლოებით მეოთხედი იყო შეწყვეტილი პროკურატურის ან სასამართლოს მიერ. შეწყვეტილი საქმეების 80-90% ეხებოდა კანაბისის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. სასამართლო აღნიშნავდა, რომ სახელმწიფო ორგანოები, რომლებსაც ევალებათ კანონის აღსრულება, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით პროკურატურა, რომელიც სანამ პირს ბრალდებას წაუყენებენ აქვს აბსოლუტური კონტროლი პროცესზე, პროკურატურამ უარი უნდა თქვას სისხლისსამართლებრივ დევნაზე პროპორციულობის მოთხოვნების მიხედვით. მეორეს მხრივ თუ ჩადენილი დანაშაული საფრთხეს უქმნის მესამე პირებს, მაგალითად კანაბისთან დაკავშირებული ქმედება ხორციელდება სკოლაში, ახალგაზრდების ადგილსამყოფელში, სამხედრო ბარაკებში ან მსგავს ადგილებში ან ასეთი ქმედება ჩადენილია იმის მიერ ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა ახალგაზრდების ხელმძღვანელობაზე, ჩადენილია მასწავლებლის ან საჯარო მოხელის მიერ, რომელსაც ევალება „ინტოქსიკაციური ნივთიერებების აქტი“-ს აღსრულება და სავარაოუდოდ წაახალისებს სხვებს დანაშაულის ჩასადენად მაშინ შეიძლება იყოს საკმარისი ბრალეულობა და საჯარო ინტერესი სისხლისამართლებრივი დევნისათვის. ამავე დროს კანონები, რომელებიც აწესებენ სასჯლებს უნდა იყოს ნათელი, რომ პიროვნებას შეეძლოს წინასწარ დამაჯერებლად განსაზღვროს რა გარემოებების გამო შეიძლება ის დაისაჯოს და რა სახის სასჯელს ელოდოს (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება. Bundesverfassungsgericht (Federal Constitutional Court), Second Senate, decision of 9 March 1994, BVerfGE 90, 145).
1.1.13. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი მოიაზრებს არა მხოლოდ ცალკე აღებული პიროვნების განვითარების უფლებას, პირადი ცხოვრების უფლების განსაზღვრას და პასუხისმგებლობის აღებას, მისი ღირსების დაცვას, არამედ ის უნდა მოიცავდეს ასევე საზოგადოების და საჯარო ინტერესების ერთობლიობასაც, რომელსაც კანონმდებელი საკანონმდებლო წესრიგით ისე უნდა აყალიბებდეს, რომ ხელი კი არ შეუშალოს პიროვნებას კრიმინალიზაციის გამო, არამედ ხელი შეუწყოს ცალკეული პიროვნებ(ებ)ის და მაშასადამე საზოგადოების განვითარებას. 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთა დეკლარაციის 29-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით: „ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება“; 22-ე მუხლი: „ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკური, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის“. ამავე კონვენციის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით პიროვნება ისეთ შეზღუდვებს შეიძლება განიცდიდეს, რომლითაც აუცილებელია: „...სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა...“, რომლითაც ასევე შეიძლება დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.
1.1.14. კონსტიტუციის მე-16 მუხლი ასევე განსაზღვრავს პიროვნული განვითარების უფლებას მის პირად ინტიმურ სფეროს, ფიზიკურ ხელშეუხებლობასაც, მათ შორის პიროვნული თვითგამორკვევის უფლებას, პირადი ცხოვრების დაცულობას, თვითგამოსახვის უფლებას. ,,საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ საქმეზე მიღებულ განჩინებაში: ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება უამრავი უფლებრივი კომპონენტისაგან შედგება. ნიშანდობლივია, რომ პირადი ცხოვრების ფართო და მრავალმხრივი შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ზუსტი და ამომწურავი განმარტება...შეცდომა იქნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მთელი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მხოლოდ მე-20 მუხლით შემოფარგვლა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/7/454 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ლევან სირბილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.1;). ,,პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლება თავისუფლების კონცეფციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ეს არის პიროვნების უფლება მისი შეხედულებით ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან. პირადი ცხოვრების უფლება არის თითოეული ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა არის ინდივიდის ავტონომიურობის, დამოუკიდებელი განვითარების, მისი ღირსების დაცვის წინაპირობა’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის #1/2/458 განჩინება, II.პ.4).
1.1.15. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვეციის მე-8 მუხლი მოიცავს ადამიანის იდენტურობას და პიროვნების განვითარების უფლებასაც, იხილეთ ჩანაწერი საქმეში Bensaid v. The United Kingdom ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითება (Bensaid v. The United Kingdom, judgment of 6 February 2001 § 47; ასევე: judgment of 16 December 1992, Niemietz v. Germany, appl. no. 13710/88, §. 29). ასევე ევროპულმა სასამართლომ დააკავშირა ამავე კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლი და აღნიშნა, რომ მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოპყრობა, როდესაც არ აღწვეს გათვალისწინებული მინიმუმ სიმძიმეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის დადგენა თუ კონკრეტული მოქმედება იწვევს ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა (Costello-Roberts v. the United Kingdom, judgment of 25 March 1993, § 36).
1.1.16. ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზანთან დაკავშირებული ქმედებების გამო სახელმწიფოს მხრიდან პირობითად მკაცრი ძიძის როლის თამაში და საკუთარი მოქალაქეების/პიროვნებების კრიმინალებად ტრანსფორმაცია მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და კონტბროდუქტიულია, რაც არაერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული განვითარებადი თუ განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით (მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში პირად მოხმარებასთან დაკავშირებული ქმედებები დეკრიმინალიზებულია). „...არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით პირის თავისუფლების აღკვეთა აუხსნელი და გაუმართლებელია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბერი №1/4/592 გადაწყვეტილება, II.პ. 82).
1.1.17. „სადამსჯელო ზომებმა, რასაც განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არ მოეპოვება, ვერანაირი კონკრეტული შედეგი ვერ მოიტანა ნარკოტიკების მოხმარების მხრივ და მხოლოდ 1,605 პირის საზიანო კრიმინალიზაცია გამოიწვია (2008 წელს). ეს კი ნარკომომხმარებლებს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რომ არა მხოლოდ „ნებაყოფლობით“ ნარკოდანაშაულში, არამედ კრიმინალურ ქმედებაშიც ჩაერთონ, რაც მნიშვნელოვნად უფრო საშიშია საზოგადოებრივი წესრიგისთვის“ (იხ. დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია“; ადიქტოლოგიის ცენტრი, მედიცინის პირველი ფაკულტეტი, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევა - რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება? გვ.39-40, http://www.altgeorgia.ge/2012/myfiles/narkotestireba%20GEO-1.pdf).
1.1.18. მართლაც აუხსნელია და გაუმართლებელი ერთი მხრივ სახელმწიფო ერთი ხელით სჯიდეს ნარკოტიკების მომხმარებელ ან/და დამოკიდებულ ადამიანს და მეორე მხრივ პრევენციულ და სამედიცინო სერვისების ეფექტურად მიწოდება შედეგიანი გამოუვიდეს. საქართველოში „ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების პროგრამები“ დამტკიცებული და აღიარებულია მათ შორის შემდეგი ნორმატიული აქტებით: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №638 დადგენილებით 2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ; საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტო №1 704 განკარგულება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე; საქართველოს კანონი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ; საქართველოს პარლამენტის 13/02/2007 დადგენილება საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების დამტკიცების შესახებ; ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებით ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 27/06/2014 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმების მე-18 მუხლით: „ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული პოლიტიკა და ქმედებები მიზნად ისახავს... ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობასა და სოციალურ შედეგებზე კონცენტრაციას ზიანის შემცირების მიზნით...“
1.1.19. ზოგადად სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომელიც მოცემულია ნარკოდანაშაულის თავში და ეხება პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ქმედებებს (შეძენა, შენახვა, კულტივირება, მომზადება, მოხმარება, არაკომერციული მიზნით გადაცემის ფორმები - 273, 260, 265, 274-ე მუხლი), კანონმდებლის მხრიდან მიმართულია ადამიანის პიროვნების თავისუფალი განვითარების წინააღმდეგ, ცხოვრების წესის იძულებით შეცვლისკენ, მისი ნიჭის, პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარის განვითარების ჩახშობისკენ. ამგვარად კონსტიტუციის მე-16 მუხლის ფარგლებში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური ვალდებულება თავი შეიკავოს გაუმართლებელი ჩარევისგან. სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1, მე-2 და მე-3 ნაწილებით დარღვეულია სამართლიანი ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესებსა და პიროვნების ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.
1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილის სიტყვები: „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო ... შეძენა, შენახვა,... – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამი (მისი ჩათვლით) და 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობასთან მიმართებაში. - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილთან.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: დ)-ე პუნქტის (არაერთგზის) და ე) პუნქტის (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 76-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის ფისის 0.1315 გრამი (ჩათვლით) ოდენობის შეძენა და შენახვასთან მიმართებაში - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილთან.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ა) (დიდი ოდენობით)... „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.“ - ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის #2 დანართის 73-ე ჰორიზონტალურ გრაფაში აღნიშნული ნივთიერება კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობის შეძენა და შენახვასთან მიმართებაში - კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილთან.
1.2.1 მუხლი 17, მე-2 ნაწილი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გარანტირებული უფლება ყველაზე ფუნდამენტური და აბსოლუტური უფლებაა, რომელიც არ უშვებს არავითარ გამონაკლის. მსგავსი ყველაზე ფუნდამენტური უფლება მოცემულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლშიც („არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას“). არაერთ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ 1970-ან წლებიდან იღებს, იმისათვის, რომ დადგინდეს მე-3 მუხლის დარღვევა კონკრეტული ქმედება უნდა აღწევდეს უფლების დარღვევის მინიმუმ სიმწვავეს (Ireland v. UK, (1978), ECtHR, No. 25, §162; Tyrer v. UK, (1978), ECtHR, No. 26, §32, 35).
1.2.2. მცენარე კანაფისგან დამზადებული კანაფისის ფისის ისეთი ოდენობისთვის 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი გამონკლისების გარეშე, როგორც მოსარჩელის შემთხვევაშია, მიუთითებს სასჯელის პირდაპირ არაპროპორციულობაზე, რასაც მოყვება მოსარჩელის კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევა და გამოიწვევს მისთვის არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და სასჯელს. მოსარჩელე მოცემულ ასაკში დაკარგავს რესოციალიზაციის საშუალებასაც. დემოკრატიულ საზოგადოებაში გაუმართლებელია საკუთარი ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებისათვის მოსარჩელეს უკიდურესად მძიმე სასჯელით ისჯებოდეს. მოცემულ შემთხვევაში კი სასჯელი უფრო მეტად მკაცრი იქნება, რადგან მოსარჩელე დაკავებულია პირობითი სასჯელის პერიოდშიც, რაც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მისი სასჯელი უფრო მეტად მკაცრი იქნება, რაც ფაქტობრივად უკვე დადასტურებულია, როგორც სახელმწიფო ბრალდების, ისე საერთო სასამართლოებში მიღებული პრაქტიკით.
1.2.3. კანონმდებელი სანქციის განსაზღვრისას ფართო მიხედულებით სარგებლობს, მაგრამ დადგენილი სანქცია „... არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის #1/1/500 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.2).
მცენარე კანაფის მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შენახვასთან დაკავშირებით სისხლისამართლებრივი სასჯელების დაკისრების არაპროპორციულობა დადგენილი აქვს ასევე გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით (Bundesverfassungsgericht (Federal Constitutional Court), Second Senate, decision of 9 March 1994, BVerfGE 90, 145, კონკრეტულად ასევე იხ. წინამდებარე სარჩელის მე-1.1.12 პუნქტი).
1.2.4. “ადამიანის ღირსება და პიროვნული თავისუფლება ... მის ძირითად უფლებებში, მათ ადეკვატურ დაცვასა და სრულად განხორციელებაში გამოიხატება. ამიტომ ამ უფლებებში სახელმწიფოს არათანაზომიერი, გადამეტებული ჩარევა ხელყოფს ადამიანის ღირსებასაც” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/407 საქმეზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). 1.2.5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით ცნობილია უკვე არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. 1.2.6. 2017 წლის 15 თებერვლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით №3/1/855, რომელიც ეყრდნობა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თეა ლეონიძის წარდგინებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადდა თავისუფლების აღკვეთა 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვის გამო. სასამართლომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს წარდგინების საქმეში მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ 70 გამომშრალი და 100 გრამი ნედლი მარიხუანიდან გამომდინარე არავითარი განსხვავებული მახასიათებლები და საფრთხეები არ მომდინარეობდა, სწორედ ამიტომ არაკონსტიტუციურად ცნო 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვის გამო თავისუფლების აღკვეთა. 1.2.7. 2016 წლის 29 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილების მიხედვით განაცხადა, რომ მარიხუანის მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესი სასამართლოს N771, 775, 776, 777, 786, 787, 788 წარდგინებებზე. 1.2.8. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე 2016 წლის 22 დეკემბერს გამომშრალ მარიხუანასთან დაკავშირებით არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა ორივე: ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში. ადმინსტრაციული სამართლადარღვევათა კოდექსის (მუხლი 45) მიხედვით პატიმრობის გამოყენება უკანონო შეძენის, შენახვისა და ამავე ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო და ასევე სისხლის სამართლის კოდექსის (მუხლი 273) მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის უკანონო დამზადების, შეძენისა და შენახვის გამო. 1.2.9. მოსარჩელის შემთხვევაშიც მართლია კანონმდებლობით განსაზღვრული სახელწოდება კანაფისის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას აქვს ადგილი, მაგრამ არსებითად საქმე გვაქვს იგივე ნარკოტიკულ საშუალებასთან (იხ. თანდართული ექსპერტების დასკვნები), რომლის გამოც პირს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონის მე-3 მუხლის ჰ3) პუნქტის მიხედვით: კანაფის ფისი არის – მცენარე კანაფისგან მიღებული (გამოყოფილი), გაწმენდილი ან გაუწმენდავი ფისი. მარიხუანა და კანაფის ფისიც შეიცავს ნარკოტიკულ თრობაზე პასუხისმგებელ ერთი და იგივე ნივთირება ტეტრაჰიდროკანაბინოლს (ტჰკ). 1.2.10. მოსარჩელეს ბრალი ედება პირადი მოხმარების მიზნით 0,1315 გრამი კანაფის ფისის შეძენა/შენახვა, რომლის შემცველობაშიც ტეტრაჰიდროკანაბინოლის 250 (ორასორმოცდაათი)-ჯერ ნაკლებია ვიდრე 70 გრ. გამომშრალ მარიხუანაში. ხოლო მოხმარების დოზების მიხედვით 0,1315 კანაფის ფისი არის დაახლოებით ერთი დოზა, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა კი არის დაახლოებით 230 (ორასოცდაათი) დოზა, გარდა ამისა ორივე ნივთიერებას ზოგადად ახასიათებს ერთი და იგივე თრობის ეფექტი (მოცემულთან დაკავშირებით ვრცლად, თანდართული დასაბუთების და მტკიცებულების სახით კონკრეტულად იხილეთ ექსპერტი, 24 წლიანი სტაჟის მქონე ექიმი-ნარკოლოგის დავით ოთიაშვილის დასკვნა). 1.2.11. კანაფი და მარიხუანა არის ერთიდაიგივე მცენარე (Canabis Sativa). ექიმ-ნარკოლოგის ზურაბ სიხარულიძისადმი წარმოდგენილი წერილით: 100 გრამი მცენარე კანაფი და 100 გრამი ნედლი მარიხუანა წონით რათქმაუნდა ერთია, მაგრამ აქტიური ნივთიერების შემცველობა მარიხუანაში იქნება ბევრად მეტი, ეს ყველაფერი უნდა გაიზომოს და დამოკიდებულია მცენარეზე სად არის მოყვანილი რა ნიადგაზე და ა.შ. „კანაფის ფისი მზადდება მცენარე კანაფისგან ვეგეტაციის გარკვეულ პერიოდში მწვანე, მუქი ყავისფერი ან შავი ფერის მასაა. ძირითადათ აქტიური ნივთიერება ტჰკ შემცვლელობა დახლობით 2% თუმცა შესაძლებელია მიაღწიოს 9-10%“.
1.2.12. „ნედლ მარიხუანას არ ახასიათებს ნარკოტიკული თრობის მიზნებისათვის რელევანტური რაიმე ისეთ თვისებები, რომლებიც არ გააჩნია მას გამომშრალ მდგომარეობაში“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვალის №3/1/855 განჩინება II.პ.11). „ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით განსაზღვრული ნედლი მარიხუანის მოცულობა, ნარკოტიკული თრობის ეფექტის თვალსაზრისით, არ არის 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის მოცულობაზე მეტი. შესაბამისად, ვერც 100 გრამამდე ნედლი მარიხუანა მიიჩნევა ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობად, რომელიც თავისთავად ქმნის მისი გასაღების საფრთხეს (საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვალის №3/1/855 განჩინება II.პ.11)“.
1.2.13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბერი №1/4/592 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ქვემოთ მოცემული პუნქტების მიხედვით: „46. არაპროპორციული, არათანაზომიერად მკაცრი სასჯელი ხელს უშლის, ზოგჯერ კი სრულად გამორიცხავს რესოციალიზაციას, შედეგად, ეწინააღმდეგება სასჯელით მისივე მიზნების, ფუნქციების განხორციელების, მიღწევის შესაძლებლობას. 74. ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს. 82. როგორც უკვე აღინიშნა, მომხმარებლის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს საფრთხე, რომლის ინტენსივობა და ხარისხი სხვადასხვა გარემოებებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული. თუმცა ყველაზე მძიმე შედეგების გამოწვევის შემთხვევაშიც კი, რამდენად გონივრულია, პირს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების გამო? კონსტიტუცია იცავს ადამიანს ნებისმიერი მესამე პირისგან მომდინარე საფრთხეებისგან - კერძო პირებისა თუ სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევისგან. 84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს. 102. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება, ის არა მხოლოდ სასჯელის მიზნების მიღწევის უვარგისი საშუალება, არამედ სწორედაც რომ სასჯელის მიზნების კონტრპროდუქტიული საშუალება ხდება - გამოიწვევს იმ რისკებს, რომელთა თავიდან ასაცილებლადაც არის შემოღებული, როგორც ასოციალური ქცევის კორექტირების უკიდურესი საშუალება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას და მისი ღირსების ხელყოფას. საბოლოო ჯამში კი, საფრთხე ექმნება საზოგადოებაში სამართლიანობის აღქმას, შეგრძნებას“. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა