საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/17/882 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 13 ოქტომბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 ოქტომბერი 2017 17:34 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობით და ამავე დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობით შეძენისა და შენახვის გამო, სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობით და ამავე დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას.
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) 100 გრამამდე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას.
ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენასა და შენახვას.
თ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №882) მიმართა საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 28 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 13 ოქტომბერს.
2. №882 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ისჯება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ხოლო სასჯელის სახედ დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დასახელებული ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, ხოლო მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2014 წლის 17 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2014 წლის 17 დეკემბრის რედაქცია) დიდი ოდენობით (71,18 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - კანაფის (მცენარე) შეძენისა და შენახვის გამო და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ერთი წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი 3 წელი ჩაეთვალა პირობით, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამჟამად, მოსარჩელე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო.
6. მოსარჩელის განცხადებით, სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო რეგულაციები ლახავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რადგან დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომელიც არ არის საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. სრულწლოვანი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვა წარმოადგენს მისი ავტონომიური ნების გამოხატულებას. აღნიშნულმა ქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, რომელიც თავადვეა პასუხისმგებელი მის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე. შესაბამისად, არ არსებობს დასახელებული ქმედების დასჯადობის საჯარო ინტერესი.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის აზრით, ნარკომანიასთან ბრძოლის კანონმდებლის მიერ შერჩეული პოლიტიკა არაეფექტურია და დაკავშირებულია სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების ისედაც შეზღუდული რესურსების არაგონივრულ და გაუმართლებელ ხარჯვასთან. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრაზე. სადავო ნორმების რეპრესიული ხასიათი განსაკუთრებით გაუმართლებელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ მცენარე კანაფის პროდუქტს.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები პირს აიძულებს, შეცვალოს საკუთარი ცხოვრების წესი, არ აძლევს მას მისი ნიჭისა და პიროვნული უნარების თავისუფალი განვითარების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
9. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო. მისი თქმით, კანაფის ფისი არსებითად მარიხუანის იდენტური ნარკოტიკული საშუალებაა. კერძოდ, ორივე მათგანი წარმოადგენს კანაფის (მცენარე) პროდუქტს. ამასთან, ისინი შეიცავენ ერთი და იმავე სახის ნარკოტიკულ ნივთიერება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს. შედეგად, ორივე მათგანს ახასიათებს, დაახლოებით, ერთნაირი ნარკოტიკული თრობის ეფექტი. ამასთან, 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენს, დაახლოებით, ერთჯერადი ნარკოტიკული თრობისთვის გამოსადეგ ოდენობას, მაშინ როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა დაახლოებით 230-ჯერ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმავე მიზნით. ყოველივე ზემოხსენებულის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 0,1315 გრამი კანაფის ფისისა და 100 გრამამდე კანაფის (მცენარე) შეძენისა და შენახვისათვის წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.
10. №882 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეს არაკონსტიტუციური ნორმების საფუძველზე გამოტანილი განაჩენის გამო, შესაძლოა ხანგრძლივი დროით აღეკვეთოს თავისუფლება, რაც მისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად გამოცხადება იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. №882 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც დასჯადად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფის (100 გრამამდე ოდენობით) შეძენასა და შენახვას და აღნიშნული ქმედების განხორციელებისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. №882 კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 28 ივლისის (№1221-რს) კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის შენიშვნას დაემატა მე-6 ნაწილი, რომლის თანახმადაც, „ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის შენიშვნის პირველი და მე-2 ნაწილებისა) მოქმედება არ ვრცელდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე“. ამავე კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 2731 მუხლი, რომელიც დასჯადად აცხადებს, მათ შორის, მცენარე კანაფის უკანონოდ შეძენასა და შენახვას, ადგენს აღნიშნული ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს და განსაზღვრავს შესაბამის სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ზემოხსენებული ცვლილებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ სადავო ნორმის რეგულირების სფეროში აღარ ექცევა ისეთი ნარკოტიკული საშუალება, როგორიცაა - მცენარე კანაფი. შესაბამისად, სადავო ნორმას აღარ გააჩნია ის ნორმატიული შინაარსი, რასაც მოსარჩელე მხარე პრობლემურად მიიჩნევდა.
4. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №882 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც დასჯადად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფის (100 გრამამდე ოდენობით) შეძენასა და შენახვას და აღნიშნული ქმედების განხორციელებისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №882 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
6. №882 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ითხოვს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას.
7. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება, თუ იგი მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „აღნიშნული დებულებით დადგენილია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ან საჯარო ინტერესის პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/8/665,683 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნანა ფარჩუკაშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-15). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმატიულ აქტს შეუძლია თუ არა რომელიმე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის გამოწვევა ისევე, როგორც, თუ რას წარმოადგენს „გამოუსწორებელი შედეგი“, უნდა დადგინდეს ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების შეფასების საფუძველზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 6 თებერვლის №1/2/696 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). №882 კონსტიტუციური სარჩელის ავტორის თქმით, არსებობს რისკი იმისა, რომ საერთო სასამართლომ, სადავო ნორმების საფუძველზე, მის მიმართ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნულ შემთხვევაში მას სასჯელის სახედ დაეკისრება თავისუფლების აღკვეთა. მისი განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ მოხდება იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მას მიადგება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დროის გატარებით.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ... არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების და სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილია, მოითხოვოს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადახედვა, მათ შორის, დანიშნული სასჯელის ნაწილში. ამიტომ მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ მოსარჩელეს შესაძლოა სასჯელის სახედ დაეკისროს თავისუფლების აღკვეთა სადავო ნორმის საფუძველზე, ვერ გამოდგება მისგან მომდინარე გამოუსწორებელი შედეგის დადგომის დასასაბუთებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №882 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას;
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენასა და შენახვას;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;
დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო;
ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო;
ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.
2. შეწყდეს საქმე №882 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება - მცენარე კანაფის (100 გრამამდე ოდენობით) შეძენასა და შენახვას და აღნიშნული ქმედების განხორციელებისთვის სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა