საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N883 |
ავტორ(ებ)ი | ნანა წულაძე |
თარიღი | 28 მარტი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ:
ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს - სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. სარჩელი ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და გათვალისწინებულია მე-16 მუხლის მოთხოვნები.
სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობას ფიზიკური პირების მიერ, როდესაც მათ დაერღვათ ან შესაძლებელია უშუალოდ დაერღვეთ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც 18 თვეზე მეტი დროის განმავლობაში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას და მოსამართლედ გამწესებული იყო იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. ამის შემდეგ, მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ სადავო ნორმის საფუძველზე, მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე ის მოსამართლედ არ დანიშნულა კონკურსის წესით, მას მოეთხოვება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა. მეორე მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატებს, რომელთაც შესაძლოა უფრო ნაკლები სამოსამართლეო გამოცდილებაც აქვთ, მაგრამ წარსულში კონკურსის წესით დაინიშნნენ მოსამართლის თანამდებობაზე, ზემოაღნიშნული ვალდებულება ეხსნებათ. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მოპყრობას მის მიმართ, თანამდებობაზე დანიშვნის წესის ნიშნით და ასევე არაგონივრულად ეზღუდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, სადავო ნორმით გათვალისწინებული ბარიერის არსებობის გამო.
სადავო საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით: „საკონსტიტუციო სასამართლო... უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“.
საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული არც ერთი სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
სარჩელში მითითებული ყველა სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს კონსტიტუციით, რადგან სადავო ნორმები გასაჩივრებულია საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის კონკრეტულ მუხლებთან მიმართებით.
გასაჩივრებული აქტი საკანონმდებლოა და მის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
კანონით არ არის დადგენილი კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული სიტყვები არღვევს კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებით დაცულ მის უფლებებს, რასაც ქვემოთ დავასაბუთებთ.
მოსარჩელე ნანა წულაძე იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მოსამართლედ 1995 წელს. 1999 წელს მან დატოვა მოსამართლის თანამდებობა. შესაბამისად, მოსამართლის თანამდებობას იკავებდა 4 წლის განმავლობაში. 2015 წლის 28 ნოემბერს, მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ სადავო ნორმის საფუძველზე ის ვალდებულია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიაროს სრული სასწავლო კურსი, რათა გამწესდეს მოსამართლის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო გამოცდის საფუძველზე მოსამართლეთა შერჩევა შემოღებული იქნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის კანონით.[1] ამავე კანონის მიხედვით, მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენა ხდებოდა კონკურსის წესით.[2] რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს სკოლას, მისი ფუნქციონირება დაიწყო 2005 წლიდან, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შესახებ კანონის საფუძველზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნა ემსახურებოდა სასამართლო სისტემის რეფორმირებას, რაც გამოიხატებოდა მოსამართლეობის კანდიდატთა პროფესიულ მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ 2009 წლამდე მოსამართლეობის კანდიდატებისთვის სავალდებულო არ იყო იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსის გავლა.[3] თუმცა, 2009 წელს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ძველ კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გაჩნდა სადავო რეგულირება, რომელიც მოითხოვდა მოსამართლეობის კანდიდატისთვის აღნიშნული სასწავლო კურსის გავლას, როგორც აუცილებელ წინაპირობას, მისი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების. ეს ნორმა შენარჩუნებული იქნა დღეს მოქმედი კანონმდებლობის პირობებშიც. თუმცა, სადავო ნორმა აღნიშნულ სავალდებულო წინაპირობას არ აწესებს იმ კანდიდატთა მიმართებით, რომლებსაც გააჩნიათ წარსულში მოსამართლეობის გარკვეული დონის გამოცდილება და შესაბამისად, უკვე ფლობენ მოსამართლისათვის საჭირო პროფესიულ უნარ-ჩვევებს. თუმცა, სადავო ნორმა ასეთივე გამონაკლისს არ ითვალისწინებს იმ კანდიდატთა მიმართ, ვისაც ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი გამოცდილება მოსამართლის თანამდებობაზე, მაგრამ თავის დროზე ისინი თანამდებობაზე კონკურსის წესით არ იყვნენ გამწესებულნი. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა ეფუძნება იმ რწმენას, რომ მოსამართლისათვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ მხოლოდ იმ ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც კონკურსის წესით დაინიშნნენ, ხოლო სხვა მოსამართლეებს, თუნდაც უფრო მეტი გამოცდილების მქონეებს, ეს უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის მე-14 მუხლის როლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამას მოწმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ნათქვამია: „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს“.[4] საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“.[5] საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „კანონის წინაშე თანასწორობის უფლებისაგან მომდინარეობს ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“.[6] განსხვავებული მოპყრობის შესაფასებლად, პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ შესადარებელი პირები, რომელთა მიმართ სახელმწიფო განსხვავებულ რეგულირებას აწესებს. სადავო ნორმის მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან ის მოსამართლეები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებულნი იყვნენ მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. მოსარჩელე წარმოადგენს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, რომელსაც სადავო ნორმა აწესებს, გარდა იმისა, რომ ის სასამართლოში გამწესებული არ იქნა კონკურსის წესით, რადგან იმ პერიოდში [1995 წელს], როდესაც მოსარჩელე მოსამართლედ დაინიშნა, მოსამართლედ დანიშვნა ხდებოდა კონკურსის გარეშე, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შევაფასოთ რამდენად წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს ერთი მხრივ მოსამართლეები, რომლებიც არანაკლებ 18 თვის განმავლობაში იკავებდნენ მოსამართლის თანამდებობას და დანიშნულნი იყვნენ კონკურსის წესით, ხოლო მეორე მხრივ, პირები, რომელთაც ასევე არანაკლებ 18 თვის განმავლობაში ეკავათ მოსამართლის თანამდებობა, მაგრამ თანამდებობაზე გამწესებულნი იყვნენ არა კონკურსის, არამედ განსხვავებული წესით. „კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევის დასადგენად უპირველეს კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არიან კანონის საფუძველზე დიფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი პირები არსებითად თანასწორნი ან თანაბარ სამართლებრივ სიტუაციაში მყოფი პირები რამდენად არიან არსებითად არათანასწორები კონკრეტულ ურთიერთობაში.“[7] ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესადარებელი პირების არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შევაფასოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში - მოსამართლის თანამდებობის დაკავების მიზნებისთვის, რამდენად წარმოადგენენ ისინი არსებითად თანასწორ პირებს. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც შესადარებელ პირებს ერთმანეთისგან განასხვავებს, არის წარსულში მათი მოსამართლედ დანიშვნის წესი. თავისთავად ეს ფაქტი, რომ მათი დანიშვნა განსხვავებული წესით განხორციელდა, არ ნიშნავს იმას, რომ არსებითად არათანასწორ პირებთან გვაქვს საქმე. ამ შემთხვევაში, უნდა გავითვალისწინოთ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს წარსულში მათი დანიშვნის წესს, დღეს მათ მოსამართლედ გამწესებასთან მიმართებით. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ თანამდებობაზე დანიშვნის წესი წარმოადგენს უმნიშვნელო ფაქტორს, რომელზე დაყრდნობითაც ყოფილი მოსამართლის კომპეტენციის შეფასება არარელევნატურია. არ არსებობს ზოგადი და ჩამოყალიბებული მიდგომა თუ მოსამართლედ დანიშვნის რომელი წესი უზრუნველყოფს თანამდებობაზე მაღალი კომპეტენციის მქონე პირების დანიშვნას. სხვადასხვა პერიოდში ეს წესი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი წესი ძველზე მეტი ლეგიტიმაციის მქონეა, ან პირიქით. შესაბამისად, ეს ფაქტორი ვერ ჩაითვლება რელევანტურად, როდესაც საქმე ეხება ყოფილი მოსამართლის მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებას. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც მიუთითებდა შესადარებელ პირებს შორის არსებითად არათანასწორ მდგომარეობაზე. ამის შემდეგ, უნდა განისაზღვროს დისკრიმინაციის ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაცია ხორციელდება თანამდებობაზე დანიშვნის წესის ნიშნით. მართალია, ასეთ ნიშანს კონსტიტუციის მე-14 მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, მე-14 მუხლი არ შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნის ამომწურავ ჩამონათვალს - „ამ მუხლში არსებული ნიშნების ჩამონათვალი, ერთი შეხედვით, გრამატიკული თვალსაზრისით, ამომწურავია, მაგრამ ნორმის მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა.“[8] შემდეგ საფეხური უკავშირდება ტესტს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ უნდა შეაფასოს განსხვავებული მოპყრობის კონსტიტუციურობის საკითხი. საკონსტიტუციო სასამართლო მკაცრი შეფასების ტესტს იყენებს, როდესაც ა) განსხვავებული მოპყრობა ხდება მე-14 მუხლით გათვალისწინებული ნიშნით; ბ) განსხვავებული მოპყრობა ხდება სხვა ნიშნის საფუძველზე, მაგრამ უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით. სხვა შემთხვევაში, სასამართლო ნორმის მე-14 მუხლთან შესაბამისობას ამოწმებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი) საფუძველზე, „რომლის მიხედვითაც : ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“[9] ჩვენს შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილი არ აქვს კლასიკური ნიშნით განსხვავებულ მოპყრობას, ამიტომ უნდა შეფასდეს უფლებაში ჩარევის ინტენსივობა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 10 თვე. ამასთანავე, სწავლების პირობებში პირს არ მოეთხოვება რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გაწევა, არამედ კონკრეტული საგნების სწავლებით ხდება მოსამართლედ დასანიშნი პირების პროფესიული მომზადება. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, რომ უფლებაში ჩარევა ხდება მაღალი ინტენსივობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით. მიუხედავად ამისა, სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნებსაც, რადგან დიფერენციაციის არათუ გარდუვალობა, არამედ საჭიროებაც ვერ საბუთდება. ამასთანავე, არ არსებობს რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ მოსარჩელისათვის სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა შეიძლება ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს - არ მოხდეს მოსამართლედ ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც არ გააჩნია ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენასაც ემსახურება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლება. კანონის მიხედვით, სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.[10] როგორც ვხედავთ, სახელმწიფოს მიდგომა შემდეგნაირია: ყოფილ მოსამართლეებს, რომელთაც არანაკლებ 18 თვის მანძილზე ეკავათ მოსამართლის თანამდებობა და თანამდებობაზე გამწესებულნი იყვნენ კონკურსის წესით, უკვე გააჩნიათ ზემოაღნიშნული პროფესიული ცოდნა და უნარ-ჩვევები. ხოლო იმავე დონის გამოცდილების მქონე ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც თანამდებობაზე არ გამწესებულან კონკურსის წესით, აღნიშნული თეორიული ცონდა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ. აღნიშნულ რწმენაზე დაფუძნებული დიფერენციაცია გამართლებული ვერ იქნება, რადგან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი თავისთავად არ მეტყველებს მოსამართლის კომპეტენციისა და პროფესიული ცოდნის ხარისხზე. იუსტიციის მინისტრის მიერ მოსამართლედ დანიშვნის წესი არ არის უფრო ნაკლებად ლეგიტიმური, ვიდრე მოსამართლის კონკურსის წესით დანიშვნა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებული მოპყრობა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ აღნიშნულ ფაქტორს - დანიშვნის წესს, გაუმართლებლად უნდა მივიჩნიოთ. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-20 ადგენს საგნებს, რომლებსაც შეისწავლის იუსტიციის მსმენელი. საგნების ჩამონათვალი შემდეგია: ა) საქმის განხილვას პირველი ინსტანციის სასამართლოში; ბ) საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლოში; გ) საქმის განხილვას საკასაციო სასამართლოში; დ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის საკითხებს; ე) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტის (გადაწყვეტილების) მომზადებას; ვ) პროფესიულ ეთიკას; ზ) დისციპლინას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; თ) უცხოურ ენას; ი) ასევე სხვა საგნებს, რომელთა ჩამონათვალს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო სკოლის დირექტორის წარდგინებით.[11] როგორც ვხედავთ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში შეასწავლიან ძირითადად ისეთ საგნებს, რომლებიც მოსამართლეობის კანდიდატს გააცნობს სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელების დეტალებს და საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა პირს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ გაუადვილდეს საქმიანობის განხორციელება. ეს კიდევ უფრო აშკარას ხდის მოსარჩელისათვის დაწესებული ვალდებულების არაგონივრულობას, რადგან ყოფილი მოსამართლე, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ეკავა მოსამართლის თანამდებობა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს დაგროვილი, არაგონივრულია, რომ მას დაავალდებულო ისეთი სასწავლო კურსის გავლა, რომელიც ემსახურება პირებისთვის იმგვარი უნარ-ჩვევების გადაცემას, რომელიც წარმოუდგენელია, არ გააჩნდეს ყოფილ მოსამართლეს, რომელიც ამ თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება, სასწავლო კურსის სავალდებულობასთან დაკავშირებით, არ ემსახურება იმ მიზნებს, რომლებიც ამავე კანონით არის დადგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არანაირად არ მეტყველებს მოსამართლის კომპეტენციაზე, ყოველგვარი საფუძველი ეცლება სახელმწიფოს მხრიდან განსხვავებულ მოპყრობას. ეს გარემოება მეტყველებს იმაზე, რომ არ არსებობს რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის, რადგან დიფერენციაციის ობიექტურ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდეს პირები, რომელთაც გააჩნიათ ის თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენასაც ემსახურება იუსტიციის უმაღლესი სკოლა. თუმცა, დიფერენციაციის მოქმედების შედეგი სრულიად აცდენილია ზემოხსენებული მიზნისგან, რადგან მოსამართლეთა დანიშვნის წესს არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს მოსამართლის პროფესიულ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან. შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვით ვერ მიიღწევა გაცხადებული მიზანი. აქედან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის რეალური და რაციონალური კავშირი არ არსებობს. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან კი გამომდინარეობს ისიც, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენციაციის აუცილებლობა ან საჭიროება არ არსებობს, რადგან ის ფაქტი, რომ დიფერენციაციის მიზეზსა და შედეგს შორის რეალურ კავშირს ადგილი არ აქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ტიპის დიფერენციაცია ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოუსადეგარი და გაუმართლებელია. როგორც ვხედავთ, სადავო რეგულირება არ პასუხობს გაცხადებულ საჯარო მიზანს, რადგან მოსამართლის დანიშვნის წესი მისი კომპეტენციის განმსაზღვრელ ფაქტორს არ წარმოადგენს. შესაბამისად, ამ პირობებში ჩნდება ეჭვი, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ემსახურება შეფარულ მიზანს - ე.წ. „ძველი თაობის“ მოსამართლეებისათვის ხელოვნური ბარიერების დაწესებას, მოსამართლის თანამდებობაზე. ამ შემთხვევაში სადავო ნორმას საფუძვლად უდევს სტერეოტიპული რწმენა, რომ მოსამართლეები, რომლებიც ადრეულ პერიოდში, განსხვავებული წესით გამწესდნენ მოსამართლის თანამდებობაზე, არიან ნაკლები კომპეტენციის მქონენი, ვიდრე კონკურსის წესით დანიშნული მოსამართლეები. ამგვარი მიდგომა თავისი შინაარსით დისკრიმინაციული და რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. ზემოაღნიშნულ ეჭვს ადასტურებს სადავო ნორმაში არსებული რამდენიმე ჩანაწერიც. კერძოდ, ამავე ნორმაში აღნიშნულია, რომ: „პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე.“[12] ამ ჩანაწერის მიხედვით, იმ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც წარსულში კონკურსის წესით არ იყვნენ მოსამართლედ დანიშნულნი, ყველა შემთხვევაში მოეთხოვებათ იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსის გავლა, მიუხედავად იმისა, რა დროის განმავლობაში იკავებდნენ ისინი მოსამართლის თანამდებობას და რა შედეგები დააფიქსირეს საკვალიფიკაციო გამოცდებში. მეორე მხრივ, „ახალი თაობის“ მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც წარსულში გაიარეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი, თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ საერთოდ დაინიშნნენ თუ არა ისინი ამ თანამდებობაზე. აღნიშნული ჩანაწერის არსებობა კიდევ ერთხელ ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ სადავო ნორმა ეფუძნება ირაციონალურ რწმენას, რომ ადრეული პერიოდის ყოფილი მოსამართლეები a priori უფრო ნაკლებად კომპეტენტურები არიან, ვიდრე დღეს მოქმედი წესით დანიშნული მოსამართლეები. შესაბამისად, სრულიად აშკარაა, რომ რეალურად, არსებული საკანონმდებლო რეგულირება ემსახურება „ძველი თაობის“ მოსამართლეებისათვის ხელოვნური ბარიერების დაწესებას. კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას ამყარებს, შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან გათავისუფლებას. ამ ჩანაწერის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თავისუფლდება იუსტიციის სკოლაში სასწავლო კურსის გავლის ვალდებულებისგან, მიუხედავად იმისა, მას გააჩნია თუ არა რაიმე სამოსამართლეო გამოცდილება. თუნდაც პირს წარსულში არანაირი შეხება არ ჰქონდეს სამოსამართლო საქმიანობასთან, მას არ მოეთხოვება აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა. ეს გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის გავლა არ წარმოადგენს უპირობო და აუცილებელ წინაპირობას, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად. ხოლო მოსარჩელის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ აღნიშნული სასწავლო კურსის გავლის ვალდებულება წარმოადგენს ხელოვნურ ბარიერს. სხვაგვარად ვერ აიხსნება ისეთი საკანონმდებლო რეალობა, როდესაც პირს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია და შესაძლოა საერთოდ არასდროს ეკავა წარსულში მოსამართლის თანამდებობა, არ მოეთხოვება ამ სასწავლო კურსის გავლა. ხოლო მეორე მხრივ, პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, რომელთაც შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვთ გატარებული მოსამართლის თანამდებობაზე, მაგრამ არ დანიშნულან ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით, უპირობოდ მოეთხოვებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლა. ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ სადავო რეგულირება ვერ აკმაყოფილებს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მოთხოვნებს და შესაბამისად, ადგილი აქვს დისკრიმინაციას თანამდებობაზე დანიშვნის წესის ნიშნით.
სადავო ნორმის მიმართება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას. კონსტიტუცია ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას განამტკიცებს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისათვის თუ ის აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა, თავისთავად ცხადია, რომ სახელმწიფოს არ აქვს შეუზღუდავი დისკრეცია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დადგენილი უნდა იყოს გონივრული პირობები სახელმწიფო თანამდებობის დაკავებასთან მიმართებით - „ამდენად, კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია.“[13] საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მოითხოვს ლეგიტიმური მიზნისა და კერძო და საჯარო ინეტრესებს შორის ბალანსის დაცვას, როდესაც პირს ეზღუდება 29-ე მუხლით დაცული უფლება - „საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფო თანამდებობა, მისი სპეციფიკურობისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წარმოადგენდეს სტაბილურ და დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება კანონითა და კონსტიტუციით დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელება. ამ თვალსაზრისით, განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომლის მისაღწევადაც შეეზღუდათ მეურვეებს საქმიანობის განხორციელების უფლება უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე და რამდენად სამართლიანად განისაზღვრა ბალანსი პირთა უფლებებსა და საჯარო ინტერესებს შორის.“[14] თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე შეფასებისას, უნდა ითქვას, რომ საჯარო მიზანი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც მე-14 მუხლის ფარგლებში უკვე ვისაუბრეთ. მიუხედავად იმისა, რომ უფლებაში ჩარევა არ ხდება მაღალი ინტენსივობით და იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის დავალდებულება არ წარმოადგენს განსაკუთრებულ დაბრკოლებას, მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ვერ უზრუნველყოფს გაცხადებული საჯარო მიზნის მიღწევას, რაზეც ასევე ვიმსჯელეთ მე-14 მუხლის ფარგლებში. შესაბამისად, როდესაც უფლების შეზღუდვა არ ემსახურება საჯარო მიზანს, ამ პირობებში თანაზომიერების პრინციპი ვერ იქნება დაცული. ზემოაღნიშნულს ადასტურებს საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი მსჯელობაც: „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[15] ამასთან, ცხადია, რომ უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა ვერ გამართლდება სასამართლოს რეფორმირების მოტივით. „რეფორმას პირველ რიგში სამართლებრივი საფუძველი უნდა ქონდეს და მოსამართლეთა უფლებამოსილების შეწყვეტა ამ საფუძვლის გარეშე პირიქით, სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მოქმედებს“.[16] საბოლოოდ შეიძლება იმის თქმა, რომ 29-ე მუხლით დაცული სფეროს შეზღუდვისას კანონმდებელს ევალება გონივრული და პროპორციული შეზღუდვის შემოღება. იმისათვის, რომ პროპორციულობა იქნას დაცული, აუცილებელია, რომ შეზღუდვა წარმოადგენდეს საჯაროს მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ჩვენს შემთხვევაში კი სადავო რეგულირებას არანაირი კავშირი არ აქვს საჯარო მიზანთან, რადგან არ დგინდება რეალური კავშირი უფლების შეზღუდვის მიზეზსა და შედეგს შორის და შესაბამისად, შეზღუდვა არ წარმოადგენს გამოსადეგ საშუალებას ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლსაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკონსტიტუციო სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავო ნორმის სიტყვები: „კონკურსის წესით“. [1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი. [2] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტი. [3] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტი. [4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1. [5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე, “საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ”, II-1. [6] იქვე, 2. [7] ტუღუში თ., ბურჯანაძე გ., მშვენიერაძე გ., გოცირიძე გ., მენაბდე ვ., ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, თბილისი, 2013, 31. [8]იქვე, 36. [9] იქვე, 41. [10] იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლი. [11] „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი. [12] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი. [13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2. [14] იქვე, 34. [15] იქვე, 42. [16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1998 წლის 3 ნოემბრის # 2/80-9 გადაწყვეტილება საქმეზე, “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, პ.1. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა