საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/5/883 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 17 მაისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 17 მაისი 2017 12:05 |
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „კონკურსის წესით“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №883) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2017 წლის 29 მარტს. №883 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 მაისს.
2. №883 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს, ხოლო 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე ნანა წულაძე არის ყოფილი მოსამართლე, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 1995 წლის 14 ნოემბერს და 4 წლის განმავლობაში ეკავა მოსამართლის თანამდებობა. 1999 წლის 10 ივნისს მოსარჩელე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. 2015 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. თუმცა იმის გამო, რომ მოსარჩელე 1995 წელს მოსამართლედ არ დანიშნულა კონკურსის წესით, იგი სადავო ნორმის რეგულირების სფეროში არ ექცევა და, შესაბამისად, ვალდებულია, გაიაროს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სრული სასწავლო კურსი, რათა კვლავ დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. სადავო რეგულირების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებსაც მოსამართლის თანამდებობა ეკავათ არანაკლებ 18 თვისა და აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული იყვნენ კონკურსის წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას ეზღუდება კონსტიტუციის მე-14 და 29-ე მუხლებით დაცული უფლებები.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის სადავო სიტყვები არაკონსტიტუციურია, რადგან ადგენს უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირებს შორის. არსებითად თანასწორ პირებად მიჩნეული არიან, ერთი მხრივ, ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე განწესდნენ კონკურსის წესით და, მეორე მხრივ, ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც თანამდებობაზე კონკურსის წესით არ განწესებულან. უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება იმაში, რომ კონკურსის წესით დანიშნული, საკმარისი გამოცდილების მქონე, ყოფილი მოსამართლეები თავისუფლდებიან იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისგან. ხოლო იმავე დონის გამოცდილების მქონე ყოფილ მოსამართლეებს, რომლებიც კონკურსის წესით არ დანიშნულან მოსამართლის თანამდებობაზე, მოეთხოვებათ აღნიშნული სასწავლო კურსის გავლა, რათა კვლავ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა. დისკრიმინაციის ნიშნად მოსარჩელე ასახელებს თანამდებობაზე დანიშვნის წესს, რასაც კონსტიტუციის მე-14 მუხლი სახელდებით არ ითვალისწინებს.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლებაში ჩარევას მაღალი ინტენსივობით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ ევალება, დაასაბუთოს დაუძლეველი სახელმწიფო ინტერესის არსებობა. სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს ევალება დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობის, გარდაუვალობის ან საჭიროების დასაბუთება. ასევე რეალური და რაციონალური კავშირის არსებობის დადასტურება დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. მიუხედავად ამისა, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმით გათვალისწინებული განსხვავებული მოპყრობა ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს.
8. მოსარჩელის არგუმენტაციით, ყოფილი მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის წესი არ მეტყველებს მის პროფესიულ კვალიფიკაციაზე. შესაბამისად, აღნიშნულ კრიტერიუმზე დაყრდნობით, მოსამართლეობის კანდიდატების დიფერენცირებით ვერ საბუთდება რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. აქედან გამომდინარე კი, არ არსებობს განსხვავებული მოპყრობის აუცილებლობა ან საჭიროება.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განსხვავებული მოპყრობის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ის, რომ მოსამართლის თანამდებობაზე არ განწესდეს პირი, რომელსაც შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევები არ გააჩნია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დიფერენციაცია ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას, ცხადი ხდება, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენციაციის რეალურ მიზანს წარმოადგენს ე.წ. „ძველი თაობის“ მოსამართლეებისათვის ხელოვნური ბარიერების დაწესება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სიტყვები „კონკურსის წესით“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები „კონკურსის წესით“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლი კანონმდებელს უწესებს შეზღუდვას, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების კანონმდებლობით დადგენილ პირობებთან მიმართებით. კერძოდ, კანონმდებელი ვალდებულია, დაადგინოს გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს 29-ე მუხლით დაცული უფლება. ამასთანავე, აუცილებელია, დაცულ იქნეს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
13. მოსარჩელის აზრით, ლეგიტიმური მიზანი არსებობს - მოსამართლის თანამდებობაზე კვალიფიციური პირის განწესების უზრუნველყოფა. თუმცა სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის გამოსადეგი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს და სასამართლო სისტემის რეფორმის მოტივით, დაუშვებელია, გამართლდეს უფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ევალება იმ მტკიცებულებების მოყვანა, რომელთა საფუძველზეც დასტურდება სარჩელის საფუძვლიანობა. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან თავისუფლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი პირი, ასევე ყოფილი მოსამართლე, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გამწესებული იყო მოსამართლის თანამდებობაზე უზენაეს სასამართლოში ან რაიონულ (საქალაქო) ანდა სააპელაციო სასამართლოში კონკურსის წესით და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 18 თვის გამოცდილება. პირი, რომელმაც გაიარა იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილ იქნა იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად თავისუფლდება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მიუხედავად იმისა, რა ვადით ეკავა მას მოსამართლის თანამდებობა ან იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა თუ არა იგი ამ თანამდებობაზე“. №883 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს ხსენებული ნორმის სიტყვების „კონკურსის წესით“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მას არ უნდა მოეთხოვებოდეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლა. შესაბამისად, იგი მიუთითებს, რომ სადავო სიტყვების საფუძველზე მას გაუმართლებლად ეზღუდება სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება.
3. აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი და, შესაბამისად, სადავო ნორმა არ აწესრიგებს მოსარჩელის მიერ მოსამართლის თანამდებობის დაკავების საკითხებს. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც არ მოეთხოვებათ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლა იმისათვის, რომ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა და არ აწესებს არანაირ შეზღუდვას მოსამართლის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა მომდინარეობს იმ ნორმიდან, რომელიც მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრავს იუსტიციის სკოლის სავალდებულო წესით გავლას და არა იმ წესიდან, რომელიც გარკვეულ პირებს ამ სკოლის გავლისგან ათავისუფლებს.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №883 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „კონკურსის წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ასევე ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო რეგულირება განსხვავებულ მოპყრობას აწესებს მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ. კერძოდ, კანონით განსაზღვრული გამოცდილების მქონე, კონკურსის წესით დანიშნულ ყოფილ მოსამართლეებს შეუძლიათ, კვლავ დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სასწავლო კურსის გავლის გარეშე. ხოლო იმავე დონის გამოცდილების მქონე ყოფილი მოსამართლეები, რომლებიც წარსულში კონკურსის წესით არ დანიშნულან თანამდებობაზე, ვალდებული არიან, აღნიშნული სასწავლო კურსი გაიარონ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციას, რომელიც მომდინარეობს სადავო ნორმიდან.
6. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში მოსარჩელე არ დავობს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილი პირების იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებისაგან გათავისუფლების მართებულობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მასაც არ უნდა მოეთხოვებოდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლა და, შესაბამისად, სწორედ ამ თვალსაზრისით ასაჩივრებს სადავო ნორმას. მისი მოსაზრებით, სადავო ნორმა ადგენს ბარიერს, რომელიც არაგონივრულად უზღუდავს თანამდებობის დაკავებას. კერძოდ, სადავო ნორმით მოსამართლის თანამდებობის დაკავებისათვის მას მოეთხოვება ხსენებული სასწავლო კურსის გავლა, მაშინ როდესაც მსგავსი მოთხოვნა არ არის დადგენილი მასთან არსებითად თანასწორი პირებისათვის. ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის არა მთლიანად „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტს, არამედ ამ პუნქტის სიტყვებს „კონკურსის წესით“, რომელიც, მისი აზრით, მისთვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის მავალდებულებელი ნორმაა და მისი გაუქმების შედეგად, იუსტიციის სკოლის გავლის გარეშე, მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლების მიღებას ისახავს მიზნად.
7. როგორც აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტი აღმჭურველი შინაარსის არის და მისი არც ერთი ნაწილი არ შეიცავს მოსარჩელისათვის იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის მავალდებულებელ დანაწესს და არც ამ ნორმის რომელიმე ნაწილის (ნორმატიული შინაარსის) არაკონსტიტუციურად ცნობა გამოიწვევს მოსარჩელის გათავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი სკოლის გავლის ვალდებულებისაგან.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №883 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების „კონკურსის წესით“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №883 (საქართველოს მოქალაქე ნანა წულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
მაია კოპალეიშვილი
ლალი ფაფიაშვილი
მერაბ ტურავა
თეიმურაზ ტუღუში
თამაზ ცაბუტაშვილი