დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/1838 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 25 ივლისი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 აგვისტო 2025 11:07 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1838) მომართა დავით ნებიერიძემ. №1838 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 9 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 ივლისს.
2. №1838 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სანქციას – ჯარიმას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) და განსაზღვრავს ადმინისტრაციულ სანქციას - ჯარიმას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები, ფორმა და წესი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით კი გარანტირებულია, წინასწარი ნებართვის გარეშე, საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების თავისუფლება.
5. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილების საფუძველზე, მოსარჩელე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღე-ღამის ვადით. საერთო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე, სხვა პირებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საზოგადოებრივ ადგილზე უცენზურო ლანძღვა-გინებით არღვევდა წესრიგს, აგრეთვე, არ ემორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას, გადასულიყო გზის სავალი ნაწილიდან და არ შეეფერხებინა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.
6. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ლანძღვა-გინება, რა შინაარსისაც არ უნდა იყოს იგი, ქმნის შემთხვევის ადგილზე მოხვედრილი მოქალაქეების შეწუხების საფრთხეს და, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს აქვს ქმედების სანქცირების ინტერესი, თუმცა მოსარჩელის აზრით, ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ამის მწვავე სოციალური აუცილებლობა, რაც გამოწვეულია ჩადენილი ქმედების სიმძიმით, სამართალდამრღვევის პიროვნული მახასიათებლებითა და დასაცავი ლეგიტიმური მიზნისათვის მიყენებული საფრთხის სერიოზულობით. მოსარჩელის პოზიციით, გამოხატვის თავისუფლებით დაცული სიტყვების და ექსპრესიული ქმედებებისთვის (მაგალითად, პოლიციელისათვის „ხელისუფლების მონის“ დაძახება ან/და ლობიოს მარცვლის სროლა), პირის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის გამოყენება, თუკი ეს პირი ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, წარმოადგენს არაპროპორციულ სასჯელს.
7. მოსარჩელის მითითებით, საერთო სასამართლომ, ადმინისტრაციული სანქციის სახით, მის მიმართ გამოიყენა 5-დღიანი პატიმრობა ისე, რომ შემოიფარგლა ჩადენილი ქმედების სიმძიმეზე, სამართალდამრღვევის პიროვნებაზე, ქმედების შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე ზოგადი მითითებებით და არ შეუფასებია, ლანძღვა-გინება, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა თუ არა პროტესტის ადრესატისათვის წაყენებული მოთხოვნების სტილისტური გამოხატვის ფორმას, რაში მდგომარეობდა ჩადენილი ქმედების მძიმე ხასიათი ან რა იყო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. მოსარჩელის მტკიცებით, ის გარემოება, რომ საერთო სასამართლომ არ შეაფასა უცენზურო გამონათქვამის შინაარსი, მიუთითებს იმაზე, რომ ადმინისტრაციული სახდელის უმკაცრესი ზომის – პატიმრობის გამოყენებისთვის მნიშვნელობა არ აქვს შეურაცხმყოფელი გამონათქვამის სერიოზულობის, სიმძაფრისა და ექსცესიურობის ხარისხს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის, მათ შორის, შეკრება-მანიფესტაციის დროს უმისამართო ან/და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა-გინებისთვის, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც აზრისა და შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად უნდა იქნეს მიჩნეული.
8. კონსტიტუციურ სარჩელში, დამატებით, ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელე საერთო სასამართლომ ისე ცნო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩამდენად და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, სახდელის სახით, განუსაზღვრა ადმინისტრაციული პატიმრობა, რომ არ შეუფასებია, დემონსტრაციაზე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადასაკეტად მივიდა თუ არა საკმარისი რაოდენობის მონაწილე. მოსარჩელის მტკიცებით, როდესაც სატრანსპორტო მოძრაობის ზოლის გადაკეტვა და მოძრაობის შეფერხება არ წარმოადგენს განზრახ ქმედებას, არამედ განპირობებულია ობიექტური გარემოებებით, კერძოდ, დემონსტრანტების განთავსება, მათი რაოდენობის გამო, შეუძლებელია ტროტუარზე, პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად, იმთავითვე, არის არაპროპორციული სახდელი.
9. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკის გამო, თუნდაც მცირე დროით, ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება, იმ პირის მიმართ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. უარი სასარჩელო მოთხოვნაზე
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე სადავოდ ხდიდა, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული ნორმა განსაზღვრავდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელებს, ერთი მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე ნორმაში მითითებულ პირთა სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის.
3. 2025 წლის 28 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის, გიორგი გოცირიძის განცხადება, რომლითაც მოსარჩელემ უარი თქვა №1838 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხებოდა: 1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; და 2) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების კანონიერი მოთხოვნისადმი ან განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადგენდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და განსაზღვრავდა შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელებს.
4. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე, დასახელებული სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში, საქმე უნდა შეწყდეს.
2. სადავო ნორმების ცვლილება
5. №1838 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, სადავო ნორმებში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 6 თებერვლის №273-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, გასაჩივრებული ნორმები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის გასაჩივრებული ნორმები ძალადაკარგულია. ამასთან, სადავო ნორმებმა ძალა დაკარგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე.
6. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა a priori არ იწვევს აღნიშნულ ნორმაზე სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-10). აღნიშნული პრაქტიკის ცვლილება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც, ერთი მხრივ, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მიღებულია უფლების მზღუდავი ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმა, რომელსაც სადავო ნორმის მსგავსად, გააჩნია უფლების შეზღუდვის პოტენციალი, ხოლო, მეორე მხრივ, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობით აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს, საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით.
7. თუმცაღა, რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 8 ივლისის №3/6/1547 საოქმო ჩანაწერით დადგენილი სამართალწარმოების გაგრძელების წესი ემსახურება დროული და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზნების რეალიზებას, იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გასაჩივრებული ძალადაკარგული ნორმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეზე წარმოებას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კანონმდებლობაში ძალადაკარგული ნორმის იდენტური/მსგავსი შინაარსის მქონე დებულება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №3/15/1462 განჩინება საქმეზე „ა(ა)იპ „ერთობა 2013“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად არსებობს სასარჩელო მოთხოვნის რომელიმე ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
8. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. №1838 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ ასევე გამხდარია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციის (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
10. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლება პირის მოქმედება წვრილმან ხულიგნობად, ხოლო ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და ამ ნორმაში ჩამოთვლილი სხვა სუბიექტების სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
11. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხის, ძალადობის მყისიერი საფრთხეებისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკების არარსებობის გამო, ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად, უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის, მათ შორის, შეკრება-მანიფესტაციის დროს უმისამართო ან/და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა-გინებისთვის, გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, რაც აზრისა და შეკრების თავისუფლების არაპროპორციულ შეზღუდვად და გადამეტებულად მკაცრ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული.
12. ხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია არა თავად აკრძალული ქმედებების, წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების შემადგენლობები და მათი დასჯადობა, არამედ დასახელებული სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა მომდინარეობს ადმინისტრაციული სახდელის განმსაზღვრელი სადავო რეგულაციიდან.
13. იმავდროულად, №1838 კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი რაიმე არგუმენტაცია, რომელიც მიმართული იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დასჯადობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისკენ. პირიქით, მოსარჩელე მხარე პირდაპირ მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მიმართ, სახელმწიფოს აქვს ქმედებათა დასჯადობის ინტერესი, თუმცა სანქციის ფორმა, ადმინისტრაციული პატიმრობა, გარკვეულ შემთხვევებში, უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულად.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1838 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – “ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
15. მოსარჩელე მხარე სადავოდ ასევე ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
16. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმებით სანქცირებული ქმედებების უმართლობის დაბალი ხარისხის, ძალადობის მყისიერი საფრთხეებისა და მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლებების დაზიანების რისკების არარსებობის გამო, ადმინისტრაციული პატიმრობის გათვალისწინება იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად, უნდა ჩაითვალოს არაპროპორციულ სასჯელად.
17. №1838 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, ირკვევა, რომ მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობის გამოყენების არაპროპორციულობას. ამავდროულად, №1838 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის დასაბუთება სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის - ჯარიმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1838 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
19. ამრიგად, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებთან „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვებთან „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
20. მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
21. №1838 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ დასახელებული სადავო ნორმები შეიცვალა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 6 თებერვლის №273-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და მე-8 ნაწილების საფუძველზე. ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირების სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
22. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა 2025 წლის 28 აპრილს მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადასტურა ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული, გასაჩივრებულ რეგულაციაზე დავის გაგრძელების ინტერესი და მოითხოვა ძალადაკარგული სადავო ნორმების არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედ ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობა.
23. №1838 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ სადავო ნორმები შესაძლებელს ხდის ნებისმიერი შინაარსისა თუ სიმძიმის უცენზურო გამონათქვამისთვის, მათ შორის, შეკრება-მანიფესტაციის დროს უმისამართო ან/და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ ლანძღვა-გინების ან არაძალადობრივი, ექსპრესიული ქმედებებისთვის გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად.
24. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სამართლებრივი საკითხი, მსგავსი შეზღუდვის ფორმით, აგრძელებს არსებობას მოქმედ კანონმდებლობაში. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, კვლავაც განსაზღვრულია სანქცია - ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის, იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად. გარდა ამისა, ცვლილებების შედეგად გაზრდილია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მათ მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას, ცვლილებების შემდგომ ჩამოყალიბებულ კოდექსის რედაქციაში, მითითებული ქმედების შემადგენლობის დასჯადობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო დასახელებული ნორმის სადავო სიტყვებით, სამართალდარღვევისთვის დადგენილია სანქცია – ადმინისტრაციული პატიმრობა, მათ შორის, იმ პირის მიმართ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა ცნობილი სამართალდამრღვევად. გარდა ამისა, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში, ცვლილებების შედეგად გაზრდილია ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა. ამდენად, აშკარაა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სადავოდ გამხდარი რეგულირების ნორმატიული შინაარსი უცვლელია. ასეთ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმების მსგავსი რეგულაციის მოქმედი რედაქციის შეფასება იქნება უფლების დაცვის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სამართალწარმოების გაჭიანურებისგან დაცვის საშუალება. შესაბამისად, მითითებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სამართალწარმოება უნდა გაგრძელდეს მოქმედ ნორმებთან მიმართებით და შეფასდეს მათი კონსტიტუციურობა.
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1838 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად №1838 კონსტიტუციური სარჩელი („დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების „ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1838 კონსტიტუციურ სარჩელზე („დავით ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) და ამავე კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით“ (2025 წლის 6 თებერვლამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
თეიმურაზ ტუღუში