ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/1322 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 თებერვალი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 თებერვალი 2019 20:14 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით; დ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 29 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1322) მომართა საქართველოს მოქალაქე ნიკოლოზ ლომიძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 4 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 თებერვალს.
2. №1322 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი“. ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მხარეთა შესაძლებლობას, დააყენონ შუამდგომლობა ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. დასახელებული მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, „იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება“. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის უფლებამოსილებას, განიხილოს მხარეთა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე. ხოლო 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ „საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში სასამართლო მხარის შუამდგომლობით იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება-არდაშვების თაობაზე“.
4. №1322 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან, მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან, 42-ე მუხლის მე-7 და 85-ე მუხლის მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი აწესებდა, რომ დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დამყარებოდა მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამასთან, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდებოდა კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყვეტილიყო ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არ გააჩნდა, ხოლო 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემისა და გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტებს, აგრეთვე განამტკიცებს, რომ ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრება, რომ სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმამ სასამართლოს საშუალება მისცა, გამოეყენებინა დაუშვებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემდგომში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმათა ერთობლიობით განსაზღვრული წესით მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს, დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისას, ხოლო მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ, შესაძლოა, დასაშვებად ცნოს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმების გამოყენებით, სასამართლოს საშუალება ეძლევა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილ საფუძვლებთან მიმართებით, უარი უთხრას მხარეს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის და, შესაბამისად, კანონიერების შემოწმებაზე და მასზე დაყრდნობით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უშვებს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა დაუშვებელია. სასამართლო ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, განსჯადობის მიხედვით განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, შუამდგომლობა და საჩივარი“. მართალია, ეს სადავო ნორმა ზოგადი და უფლებააღმჭურველი ხასიათისაა, თუმცა, იმავდროულად, იგი მიუთითებს საპროცესო კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებზე და ამომწურავად განსაზღვრავს შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ ნორმას ასევე აქვს ამკრძალავი შინაარსი და მხარეს არ აძლევს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
9. მოსარჩელე მხარე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ეს ნორმა კრძალავს იმავე სასამართლოში იმავე შინაარსის შუამდგომლობის განხილვას, რომელზეც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება. „იმავე სასამართლოს“ ტერმინში მოიაზრება როგორც სასამართლოების ერთიანი სისტემა, ისე კონკრეტული საქმის ფარგლებში მიმდინარე ესა თუ ის სამართალწარმოების ეტაპი (მაგ.: წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომა). იმავდროულად, საერთო სასამართლოების პრაქტიკიდან გამომდინარე, იმავე შინაარსის შუამდგომლობის შეფასება ხდება მხოლოდ ფორმალურად, სადაც ყურადღება არ ექცევა შუამდგომლობაში წარმოდგენილ არგუმენტაციას. შესაბამისად, ამგვარი პრაქტიკა შედეგად იწვევს ახალ გარემოებებზე დაფუძნებული, მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმას.
10. მოსარჩელის განმარტებით, აგრეთვე პრობლემურია საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დამატებით ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და მათი დასაშვებად ცნობის წესი. კერძოდ, მისი მითითებით, ახალი მტკიცებულების წარდგენისას სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ იმ მიზეზების გამორკვევით, თუ რატომ არ იქნა კონკრეტული მტკიცებულება წარმოდგენილი წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, ხოლო უშუალოდ მტკიცებულების კანონიერი გზით მოპოვებისა და ამ კუთხით მისი დასაშვებობის საკითხზე აღარ მსჯელობს.
11. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობისათვის აუცილებელია, არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი განჩინება. სადავო ნორმების ერთობლივი განმარტებით, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლო კონკრეტული მტკიცებულებების კანონიერებისა და მათ დაუშვებლად ცნობის თაობაზე აღარ მსჯელობს, ვინაიდან საქმეში არსებობს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება მის დასაშვებ მტკიცებულებად მიჩნევის შესახებ. მოსარჩელის მტკიცებით, ამგვარი გადაწყვეტა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ კანონიერი გზით მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარებოდეს.
12. მოსარჩელის მითითებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათათბირო ოთახში გასვლის შემდგომ მოსამართლე ერთპიროვნულად შეაფასებს მტკიცებულებათა კანონიერი გზით მოპოვების საკითხს, ეს პროცესი სრულიად ხდება მოსამართლის კეთილსინდისიერებასა და მიუკერძოებლობაზე დამოკიდებული. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით პრობლემურია საქმის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილვის პირობებში. ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში არ არიან იურისტები. შესაბამისად, ნაფიცი მსაჯულები მოკლებული არიან შესაძლებლობას, თავად შეაფასონ მტკიცებულებათა კანონიერების საკითხი, რაც მომეტებულად ზრდის ვერდიქტის კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოტანის ალბათობას.
13. მოსარჩელე აგრეთვე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებიდან მომდინარე მის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა დგას არა მხოლოდ საქმის პირველი ინსტანციით განხილვის, არამედ - აგრეთვე ზედა ინსტანციის სასამართლოებში გადაწყვეტილების გასაჩივრების დროსაც. კერძოდ, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოები ეყრდნობიან სადავო ნორმებს და განმარტავენ, რომ თავად არიან მოკლებული შესაძლებლობას, იმსჯელონ დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების დაუშვებლობის საკითხზე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება ვერ ხერხდება ვერც ზემდგომ ინსტანციებში სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით.
14. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შესაბამის დებულებებზე, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. №1322 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები, დღეის მდგომარეობით, აღარ მოქმედებს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დასახელებული დებულებების ნაცვლად დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-7 მუხლის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“. აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებას შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.
4. 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. დასახელებული დებულების შესატყვისია მოქმედი კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება ფიზიკურ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. ამგვარად, მოსარჩელე ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, იდავონ ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე.
6. განსახილველ საქმეში მოსარჩელე არის ფიზიკური პირი. იგი ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესატყვის კონსტიტუციურ დებულებებთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი მოთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის პირველ თავში, ხოლო 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი - მე-6 თავში. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური ნორმების შესატყვისი დებულებები არ არის მოთავსებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან მიმართებით.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1322 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილისა და 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და არსებობს მის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
9. მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი ადგენდა, რომ „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“. მოქმედი კონსტიტუციით შესატყვისი უფლება დადგენილია 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით. შესაბამისად, სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან მიმართებით შეაფასებს.
10. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებად ცნობის შემთხვევაში, არსებითი განხილვის სხდომის მოსამართლეს არ გააჩნია შესაძლებლობა, იმსჯელოს ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მაშინაც კი, თუ მისი დაუშვებლობის საფუძველი არსებითი სხდომის ეტაპზე გამოვლინდება. ამასთან, დაცვის მხარეს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე იშუამდგომლოს ამგვარი მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის სადავოდ გამხდარი „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე“. დასახელებული ნორმა აწესრიგებს წინასასამართლო სხდომის ეტაპს და ადგენს აღნიშნულ ეტაპზე მოსამართლის მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე შუამდგომლობების განხილვის უფლებამოსილებას. აღნიშნული ნორმა არ არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და, მით უმეტეს, არ შეიცავს რაიმე შეზღუდვას საქმის განხილვის აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სადავო ნორმასთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების განმარტება, რომელიც გაიზიარებდა, ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებდა, რომ სწორედ სადავო ნორმა გამორიცხავს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვას საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
12. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ წინასასამართლო სხდომასთან დაკავშირებულ საკითხებს და არ ადგენს შეზღუდვებს საქმის განხილვის შემდგომი სტადიებისათვის, ნათლად დასტურდება როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტრუქტურიდან, ასევე თავად ხსენებული მუხლის შინაარსიდან. აღნიშნული მუხლი მოთავსებულია კოდექსის XXII თავში („წინასასამართლო სხდომა“) ხოლო საქმის არსებით განხილვას აწესრიგებს XXIII თავი. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლი მიუთითებს სასამართლოს მიერ ისეთი საკითხების გამოკვლევაზე, რომელიც საქმის განხილვის შემდგომ ეტაპზეც ხორციელდება. მაგალითად, ამ მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების არსებობის ფაქტის გამორკვევის ვალდებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვაზე. აღნიშნული დანაწესები, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სასამართლოს არსებითი განხილვისას ეკრძალება აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან, შეცვლასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ან/და მხარეებს ეკრძალებათ საპროცესო შეთანხმების წინასასამართლო სხდომის ეტაპის შემდგომ გაფორმება. ამდენად, აშკარაა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მიზანია წინასასამართლო სხდომაზე განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრა და არა საქმის განხილვის შემდგომ ეტაპთან მიმართებით შეზღუდვების დადგენა.
13. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას. წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლის მიერ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა, თავისთავად, არ იწვევს ბრალდებულისთვის მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლების შეზღუდვას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა, მან უნდა მოითხოვოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ზღუდავს მსგავსი შუამდგომლობის დაყენების უფლებას. ასეთი ნორმის არარსებობის შემთხვევაში მოსარჩელემ შესაძლებელია, გაასაჩივროს თავად ის საპროცესო ნორმა (ინსტიტუტი), რომელიც, მისი აზრით, დაუშვებელი მტკიცებულებების გამოყენებით ზღუდავს მის უფლებებს. ამდენად, სადავო ნორმის შემზღუდველი ხასიათის წარმოსაჩენად მოსარჩელე მხარემ უნდა დაასაბუთოს, რომ ნორმის საფუძველზე, მას ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული რომელიმე საპროცესო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა ან/და უფლებაშემზღუდველი აქტი მის მიმართ მიიღება სათანადო პროცესუალური გარანტიების დაცვის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმასთან მიმართებით, არც ერთი ზემოთ ხსენებული გარემოება სახეზე არ არის.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს. შესაბამისად, №1322 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
15. მოსარჩელე დამატებით სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენდა, რომ „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. დასახელებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია, რის გამოც, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს იდენტური/მსგავსი შინაარსის საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ დებულებასთან შეაფასებს.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ხსენებული დანაწესი, საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის მსგავსად, ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღების მოთხოვნას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით შეაფასებს.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, იმავე სასამართლოში აღარ განიხილება“. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა საქმის არსებითი განხილვის მოსამართლეს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე შუამდგომლობის განხილვაზე იმ მოტივით, რომ ამგვარი შუამდგომლობა უკვე იქნა განხილული წინასასამართლო სხდომის ეტაპზე. ამდენად, მოსარჩელე უთითებს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს არსებითი განხილვის ეტაპზე მხარის მიერ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობას, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველი წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გამოვლინდა. ამდენად მოსარჩელე მიჩნევს, რომ სადავო ნორმა განაპირობებს საქმეში ისეთი მტკიცებულებების შენარჩუნებას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნას. შედეგად, არსებობს იმის საფრთხე, რომ განაჩენი დაეყრდნოს იმგვარ მტკიცებულებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ ხარისხობრივ მოთხოვნებს.
18. უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის პროცესში შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობის ზოგად რეგლამენტირებას ახდენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, „მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე“. ხსენებული ნორმა ერთი მხრივ, აღჭურავს მხარეებს კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობის დაყენების უფლებით, ხოლო, მეორე მხრივ, გამორიცხავს მხარეთა მიერ სხვა შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობას.
19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი აწესრიგებს ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობების განმეორებით დაყენების წესს. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმა ზღუდავს იმ შუამდგომლობის განმეორებით დაყენების შესაძლებლობას, რომელთა დაყენების უფლებაც სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის სტადიაზე მხარეებს კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილს მხარის შემზღუდავი ეფექტი არ გააჩნია იმ შუამდგომლობების მიმართ, რომელთა დაყენების შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი საერთოდ არ ითვალისწინებს.
20. თავად მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მხარეს არ ანიჭებს უფლებას, მტკიცებულებათა უტყუარობაზე მითითებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე მოითხოვოს მათი დაუშვებლად ცნობა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გაუთვალისწინებელი შუამდგომლობების დაყენებას გამორიცხავს ამავე კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ შუამდგომლობის განმეორებით დაყენების აკრძალვას, არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული უფლების მზღუდავი ეფექტი, არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა ხსენებული სადავო ნორმიდან მომდინარეობს.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1322 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31–ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1322 კონსტიტუციური სარჩელი („ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი