საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/861 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 22:44 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი - თამარ ლუკავა; მოპასუხის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წარმომადგენლები - ალექსანდრე თორია და თამარ ჭარბაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №861) მომართა საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2016 წლის 7 დეკემბერს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 10 მაისსა და 8 ივნისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებით დამტკიცებულია სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი (შემდგომში №55 ბრძანება), რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის წესებს. №55 ბრძანება ასევე არეგულირებს სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით პაციენტის გაყვანის წესსა და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად პაციენტის საექსპერტო დაწესებულებაში ყოფნის პირობებს; პაციენტის გადაადგილების, ბადრაგირებისა და დაცვის წესებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას.
5. №861 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ნატალია დარჩია №5 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულია. 2014 წლის 24 აგვისტოს იგი დარეგისტრირდა რეფერალის ერთიან ელქტრონულ რიგში გეგმიურ ოპერაციაზე გადასაყვანად. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო წესის საფუძველზე, მისი გეგმიურ ოპერაციაზე გადაყვანა მოხდა მხოლოდ 2015 წლის 9 ივნისს, რეგისტრაციიდან თითქმის 1 წლის შემდგომ. მისი მტკიცებით, სადავო აქტით იზღუდება ქალ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებები, დროულად იქნენ გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
6. მოსარჩელე მხარის მითითებით, ქალი და მამკაცი პატიმრებისთვის საერთო ელექტრონული რიგი არსებობს და არ ხდება გენდერის მიხედვით სპეციფიკური საჭიროების მქონე პაციენტების დიფერენცირება. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში გეგმიური ან გადაუდებელი გადაყვანისას იგნორირებულია ქალების სპეციფიკური საჭიროებები. ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტს რამდენიმე თვე უწევს ლოდინი, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.
7. მოსარჩელის წამომადგენლის განმარტებით, სადავო ბრძანების თანახმად, პაციენტს ენიჭება რიგითი ნომერი და მათი სამკურნალო დაწესებულებაში/ცენტრში გადაყვანა ხდება სამედიცინო პროგრამაში მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით. მისი მტკიცებით, თუ ბრალდებულ/მსჯავრდებულ ქალს მენეზისის პერიოდში (რაც ოპერაციული მკურნალობის ჩატარებას გამორიცხავს) მოუწევს რიგი, იგი არ გაჰყავთ ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად. მას განმეორებით უწევს დარეგისტრირება და ხელახლა ენიჭება რიგის ნომერი.
8. კონსტიტუციურ სარჩელში, გარდა ქალთა მდგომარეობისა და სპეციფიკური დაავადებების სწრაფად პროგრესირებადი ხასიათის მითითებისა, მოსარჩელე ასევე მიუთითებს ქალი პატიმრების სიმცირეზე მამაკაც პატიმრებთან შედარებით, რის გამოც გეგმიური რიგი ქალ პატიმრებს გაცილებით გვიან უწევთ, ვიდრე მამაკაცებს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ყოველივე აღნიშნული გონივრული გამართლების გარეშე არსებითად უთანასწორო პირთა მიმართ აწესებს თანასწორ მოპყრობას.
9. ზამოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ №55 ბრძანებით რეგულირებული მექანიზმით არსებითად არის დარღვეული ქალ პატიმართა პატივი და ღირსება. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის დისკრიმინაცია, თავისთავად, დამამცირებელ მოპყრობას წარმოადგენს. კოსნტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე მსჯელობისას მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს ასევე პატიმართათვის დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისადმი ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.
10. №861 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ იყო გამხდარი №55 ბრძანება სრულად. საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ №55 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, ასევე მე-2 მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
11. მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას და განმარტა, რომ სადავო ბრძანება განსაზღვრავს პროცედურას, ხოლო უშუალოდ სამედიცინო მომსახურება ხორციელდება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების), ასევე საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტების გამოყენებით. მოპასუხე მხარის პოზიციით, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის დამახასიათებელია გენდერ-სპეციფიკური დაავადებები, შესაბამისად, სქესის ნიშნით დიფერენცირება გაუმართლებელია. მათი მოსაზრებით, პაციენტისთვის სტატუსის მინიჭებისას განმსაზღვრელი უნდა იყოს დაავადების სირთულე და მოსალოდნელი შედეგები.
12. მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, პირის სასწრაფო ან გეგმიური ინტერვენციის საჭიროების რეკომენდაცია დამოკიდებულია სამედიცინო ჩვენებაზე და შესაბამისი გაიდლაინებისა და პროტოკოლების მოთხოვნებზე, რაც გულისხმობს დაავადების სიმწვავის, მკურნალობის აუცილებლობისა და საჭიროების გათვალისწინებას.
13. რიგის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ოპერაციული მკურნალობის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში პროგრამა იძლევა შეჩერების და აღდგენის შესაძლებლობას, რაც რიგის დაკარგვას არ იწვევს. იმ გარემოების აღმოფხვრიდან, რომელიც გახდა შეჩერების საფუძველი, 2-5 დღის შუალედში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება შესაბამისი მკურნალობა და მას თავიდან დარეგისტრირება არ უწევს. მოპასუხის განმარტებით, გარემოებები, რომლებიც ოპერაციული მკურნალობის ჩატარებას გამორიცხავს, შეიძლება იყოს იდენტური ორივე სქესის პაციენტებისთვის. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შეჩერების მექანიზმს ნორმატიული საფუძველი არ გააჩნია, თუმცა მას ითვალისწინებს ელექტრონული სისტემა, რომელიც ჩამოყალიბებულია ელექტრონული პროგრამის სახით.
14. როგორც მოპასუხე მხარემ აღნიშნა, მოსარჩელის რიგში ყოფნის პერიოდისთვის საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებული არ იყო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანების საფუძველზე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების განსაზღვრის შემდგომ, მსჯავრდებულის მიმართ ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათი პოზიციით ისეთ შემთხვევაშიც კი, თუ კომპეტენტური პირი დაადგენს, რომ მოსარჩელეს ვერ გაეწია სათანადო სამედიცინო მომსახურება, ეს უკანასკნელი მიჩნეულ უნდა იქნეს პრაქტიკის და არა კანონმდებლობის პრობლემად. მხარემ დამატებით მიუთითა სამედიცინო მომსახურების სფეროში უფლების დაცვის შიდა და გარე ინსტრუმენტებზე სამინისტროს გენერალური ინსპექციის და სასამართლოს სახით.
15. მხარეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად.“
2. „„სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 9 ივნისის N49 ბრძანებით რიგ ნორმებში განხორციელდა ცვლილება, მათ შორის ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა №55 ბრძანების პირველი და მე-2 მუხლები.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, N861 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ძალადაკარგულია.
4. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N2/6/496 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მამუკა ნინუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, №861 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №861 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ნატალია დარჩია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი