ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1885 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, |
ავტორ(ებ)ი | ერემია ბერიშვილი |
თარიღი | 14 აგვისტო 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები: „ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 1 500 ლარს - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ბ)სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს - ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი : ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი :
,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის
საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური
წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული
ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ” 31-ე და 311-ე მუხლები.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების
კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ
მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და
თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
●სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე ერემია ბერიშვილი, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს აღნიშნული თანხა და აღიდგინოს მართვის უფლება.
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვასა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს. მისი 1-ლი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,3 პრომილეზე მეტია და 0,7 პრომილეს არ აღემატება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. მე-2 ნაწილით კი 0,7 პრომილეზე მეტის შემთხვევაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. აქედან გამომდინარე აღნიშნული მუხლი ეხება მართვის უფლების შეჩერებას, იმ შემთხვევაში თუ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართავს პირი ავტოსატრანსპორტო საშუალებას. ამავე მუხლს დამატებული აქვს შენიშვნა, რომლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს ზემოხსენებული სამართალდარღვევის შემთხვევაში მართვის უფლების აღდგენის საკითხს. კერძოდ ასეთ პირს შეუძლია მართვის უფლების აღდგენის მიზნით საქმის განმხილველ ორგანოს მიმართოს, თუ გასულია უფლების შეჩერების ვადის ნახევარი მაინც. ასეთ შემთხვევაში სამართალდამრღვევს მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან : ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 1 500 ლარს − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
ბ) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს − ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ.
ჩვენს მიერ განხილული მუხლი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლთან, კერძოდ თანასწორობის ძირითად უფლებასთან, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. ჩვენ მიერ ხსენებული მუხლი ეხება კონკრეტულად ,,ქონებრივი ან წოდებრივი“ ნიშნით დისკრიმინაციას, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საშუალებას აძლევს პირებს მართვის უფლების აღდგენის ალტერნატიულ საშუალებას, რაც გულისხმობს 1500 ან 2000 ლარის გადახდას.
აღნიშნული ნორმის მოქმედება არსებითად თანასწორებს უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს. იგი არ არის ყველა მოქალაქისათვის ერთგვაროვანი და გაუმართლებლად ანიჭებს უპირატესობას იმ პირებს, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობა და რესურსები, რომ გადაიხადონ შესაბამისი თანხა. ხოლო მათ, ვისაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, ვერ შეძლებენ აღნიშნულის განხორციელებას და ვერ აღიდგენენ მართვის უფლებას. აქედან გამომდინარე ასეთი პირების მიმართ, რომლებიც ფინანსურად არ არიან უზრუნველყოფილნი, ხდება არათანასწორი მოპყრობა, რაც არის დისკრიმინაციული და ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის ძირითად პრინციპს, თანასწორობის ძირითად უფლებას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ქონებრივი მდგომარეობის გათვალიწინებით ახდენს პირების დიფერენცირებას და იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა