• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.08.2025
      • N1885
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის №2/14/1885 განჩინება საქმეზე „ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/14/1885
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 19 სექტემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 6 ოქტომბერი 2025 16:58

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1885) მომართა ერემია ბერიშვილმა. №1885 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 20 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 19 სექტემბერს.

2. №1885 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით, სამართალდამრღვევს საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვა შეუძლია, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში, სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 1 500 ლარს − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ბ) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს − ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.

5. №1885 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს 1 წლით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას სურს, ვადამდე აღიდგინოს სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლება, თუმცა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული თანხის გადახდის მატერიალური შესაძლებლობა არ აქვს.

6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით განსაზღვრულია უთანასწორო მოპყრობა, ვინაიდან მატერიალურად უზრუნველყოფილ პირებს, განსხვავებით მათთგან, ვისაც მსგავსი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, 1500 ან 2000 ლარის გადახდის შემთხვევაში, პრაქტიკულად ეძლევათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის ალტერნატიული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იმ პირების მიმართ, რომლებიც ფინანსურად არ არიან უზრუნველყოფილნი, განსაზღვრავს ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას და, შესაბამისად, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1885 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა. სადავო დებულებებით განსაზღვრულია სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლების დადგენილ ვადაზე ადრე აღდგენის პირობები. კერძოდ, 116-ე მუხლის მე-5 შენიშვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით, სამართალდამრღვევს საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს, თუ გასულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის არანაკლებ ნახევარი. ამ შემთხვევაში სამართალდამრღვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ვადამდე აღუდგება, თუ იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდას ან დაკმაყოფილდება ყველა შემდეგი პირობა: ა) სამართალდამრღვევი გადაიხდის 1 500 ლარს − ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ბ) სამართალდამრღვევი გადაიხდის 2 000 ლარს − ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას სამართალდამრღვევისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესახებ.

3. მოსარჩელის არგუმენტაციით, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეჩერების პერიოდში, სურს აღნიშნული დოკუმენტის მოქმედების დადგენილ ვადამდე აღდგენა, სადავო ნორმები განუსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარდა, აღნიშნული უფლებამოსილების ვადამდე აღდგენის ალტერნატიულ საშუალებას, განსხვავებით იმ პირებისგან, რომლებსაც მსგავსი ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იმ პირების მიმართ, რომლებიც ფინანსურად არ არიან უზრუნველყოფილნი, განსაზღვრავს ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც ეწინააღმდეგა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება და აკრძალულია დისკრიმინაცია სხვადასხვა ნიშნით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

5. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის განსხვავებული მოპყრობის აკრძალვას და პირების ყოველმხრივ გათანაბრებას, თავად სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებისა თუ ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „ამ პრინციპის ფარგლებში სახელმწიფოს ძირითადი მიზანი და ფუნქცია ადამიანების სრული გათანაბრება ვერ იქნება, რადგან ეს თავად თანასწორობის იდეასთან, უფლების არსთან მოვიდოდა წინააღმდეგობაში. თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისათვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). სამართლის წინაშე თანასწორობის უფლების საფუძველზე, სახელმწიფოსათვის „მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთებისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს − პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-2).

6. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმები ხომ არ იწვევს პირთა პირდაპირ დიფერენცირებას. პირდაპირი დიფერენცირება არის ისეთი შემთხვევა, როდესაც სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში.

7. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სადავოდ გამხდარი დებულებები ითვალისწინების სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. დასახელებული წესი არის საგამონაკლისო შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს შეიძლება, აღუდგეს ხსენებული უფლებამოსილება სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის ზომით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. თავის მხრივ, ცალსახაა, რომ აღნიშნული საგამონაკლისო წესით შესაძლოა, ისარგებლოს ნებისმიერმა სამართალდამრღვევმა, რომელიც გადაიხდის 1500 ან 2000 ლარს, ამ მხრივ, გასაჩივრებული რეგულაცია ადრესატებს უწესებს იდენტურ ნორმატიულ მოთხოვნას. შესაბამისად, სადავო ნორმებით განსაზღვრულია საგამონაკლისო წესით სარგებლობის წინაპირობები, რომლებიც ნეიტრალური ხასიათისაა, დამოკიდებულია მხოლოდ თანხის გადახდაზე და არ ადგენს განსხვავებულ მოპყრობას პირთა მიმართ მათსავე კუთვნილებასთან დაკავშირებული რომელიმე ნიშნით. ამდენად, ამ თვალსაზრისით, გასაჩივრებული ნორმები არ ზღუდავს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას.

8. გასაჩივრებული რეგულაცია შესაძლოა იყოს ნეიტრალური, არ ითვალისწინებდეს პირდაპირი ნიშნით დიფერენცირებას, თუმცა განსხვავებულ შედეგებში ტრანსფორმირდებოდეს მყარად დაკავშირებული ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ პირთა ჯგუფის მიმართ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფორმალურად ნეიტრალური რეგულაციები, რომლებიც პრაქტიკაში განსხვავებულ ფაქტობრივ შედეგებს იწვევს. ფორმით ნეიტრალურ, თუმცა დისკრიმინაციული შედეგის მქონე მოპყრობას მყარად დაკავშირებული ნიშნით იდენტიფიცირებულ პირთა ჯგუფის მიმართ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე მიიჩნევს დისკრიმინაციად, თუმცა პირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვისაგან განსხვავებით, მას არ ანიჭებს თანასწორობის უნივერსალური პრინციპის ხასიათს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10,11). თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარად დაკავშირებული ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის, რეალურად განსხვავებული შედეგები დგება.

9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული საგამონაკლისო ალტერნატიული წესით სარგებლობა, იმთავითვე, შეუძლიათ მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილ პირებს, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმებით განსაზღვრულია ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა.

10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოსა და პირებს შორის სამართლებრივ ურთიერთობებში ხშირია შემთხვევა, როდესაც სანქციის სახით ან აღნიშნული სანქციის თავიდან არიდების მიზნით რაიმე საგამონაკლისო წესით სარგებლობის პირობად სახელმწიფო განსაზღვრავს გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებას. ასეთი ურთიერთობების მოწესრიგებისას, კანონმდებელი ადგენს ქცევის ზოგად წესს, რომლიც ვრცელდება ნორმის ადრესატთა განუსაზღვრელ წრეზე, როგორც წესი, ასეთი ნორმატიული რეგულაციები ზოგადი და ნეიტრალურია. თუმცა, ცხადია, რომ ფინანსური ვალდებულების შესრულებას ყველა პირი ერთნაირად ვერ შეძლებს სწორედ მათი განსხვავებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. მეორე მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული მატერიალური შესაძლებლობების მქონე პირების არსებობა ბუნებრივ და ლოგიკურ მოვლენას წარმოადგენს. ამ კუთხით, არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის კონტექსტში, სახელმწიფოს, პირველ რიგში, მოეთხოვება პირებისათვის მატერიალური დოვლათის დაგროვების თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა და არა იმის გარანტირება, რომ ამ პირებმა შედეგობრივად თანაბარ ფინანსურ სიძლიერეს მიაღწიონ. საპირისპირო მოსაზრების დაშვების შემთხვევაში, ფაქტობრივად, მივიღებდით მოცემულობას, როდესაც არაპირდაპირი დისკრიმინაციის ნებისმიერ ნიშნით აკრძალვა ავტომატურად წარმოშობდა სახელმწიფოს ვალდებულებას, შეექმნა არა მხოლოდ თანაბარი უფლებრივი რეჟიმი, არამედ, ნებისმიერ შემთხვევაში, უზრუნველეყო ნეიტრალური ნორმის მოქმედებით გამოწვეული შედეგების პირებზე თანაბრად ასახვა. ეს უკანასკნელი კი, თავისი არსით, ნიშნავს პირთა გათანაბრების ვალდებულებას, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როგორც უკვე აღინიშნა, არა თუ შეესაბამება თანასწორობის უფლების მოთხოვნას, არამედ პრინციპულად ეწინააღმდეგება მას.

11. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ფინანსური მდგომარეობის ნიშნით არაპირდაპირი დიფერენცირების ნებისმიერი შემთხვევა a priori საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შეფასებადი ვერ იქნება, რადგან თანასწორობის უფლება სახელმწიფოს მიმართ არ განსაზღვრავს პირთა შედეგობრივად გათანაბრების მოთხოვნას. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს ისეთი შემთხვევების ალბათობას, როდესაც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კონკრეტული კატეგორიის პირები, შესაძლოა გახდნენ არაპირდაპირი დისკრიმინაციის აკრძალვის დამდგენი კონსტიტუციური დებულების დაცვის სუბიექტები, თუკი მათი უფლებრივი ინტერესები (მაგ., ფიზიკური თავისუფლება) ინტენსიურად იზღუდება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/7/684 გადაწყვეტილება საქმეზე „რუსთავის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე მუხლის შენიშვნის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-13-14). საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა სასამართლოს მხრიდან არაპირდაპირ დისკრიმინაციაზე არსებითი მსჯელობა იყოს შესაძლებელი, კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა შესადარებელ პირთა იდენტიფიცირებასთან ერთად, უნდა დაასაბუთოს, რომ ინტენსიურად იზღუდება მისი უფლებრივი ინტერესები და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან არსებობს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით გადამოწმების აუცილებლობა.

12. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ გამხდარი დებულებებით განსაზღვრულია პირობები სატრანსპორტო საშუალების მართვის შეჩერებული უფლების ვადამდე აღდგენისთვის. გასაჩივრებული რეგულირება დამოუკიდებლად არ ადგენს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების საფუძველს ან, ზოგადი წესის თანახმად, მართვის უფლებამოსილების აღდგენისთვის ფინანსურ ვალდებულებას, შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულირება არ აუარესებს პირის უფლებრივ მდგომარეობას, არამედ განსაზღვრავს საგამონაკლისო შემთხვევას და, ამ თვალსაზრისით, დაინტერესებული პირის, სამართალდამრღვევის მიმართ გააჩნია უფლებააღმჭურველი ხასიათი, რომლის ფარგლებშიც, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეიძლება, აღუდგეს ხსენებული უფლებამოსილება სამართალდარღვევისთვის შეფარდებული სანქციის ზომით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე. საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში ასევე იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები არ არის უალტერნატივო ხასიათის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 ნაწილი მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაშიც, თუ პირმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩააბარა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდა.

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ შესადარებელ პირთა ჯგუფების მიმართ განსაზღვრავს ნეიტრალურ რეგულირებას, რომელიც არათუ აუარესებს პირთა უფლებრივ მდგომარეობას, არამედ არის საგამონაკლისო, უფლებააღმჭურველი, თუმცა არა უალტერნატივო წესი, გარდა ამისა, დადგენილია, რომ მითითებული საგამონაკლისო წესის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლის შემდგომ, პირს, ზოგადი რეგულირების შესაბამისად, აღუდგება ხსენებული უფლებამოსილება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, ფინანსური ბარიერის გამო, ინტენსიურად არ ზღუდავს მოსარჩელის უფლებრივ ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ შესადარებელ პირთა იდენტიფიცირება და მხოლოდ იმაზე ზოგადი მითითება, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრულია ფინანსური მდგომარეობის ნიშნით არაპირდაპირი დისკრიმინაცია, ვერ გამოდგება გასაჩივრებული მოპყრობის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელ თვითკმარ არგუმენტად.

14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1885 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1885 კონსტიტუციური სარჩელი („ერემია ბერიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ