სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი-გიორგი მელაძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac671 |
თარიღი | 25 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„სსიპ “საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია“, ააიპ „საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია“, სსიპ „ქრისტეს ეკლესია“, სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“ და სსიპ „წმინდა სამების ეკლესია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (კონსტიტუციური სარჩელი N671) |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
სასამართლო მეგობრის პოზიცია მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მკვლევარების მიერ - 15/06/2017
კვლევაზე მუშაობდნენ: გიორგი მელაძე - ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მუმლაძე - ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი
ძირითადი საკითხი: საქართველოს საპატრიარქოსთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების კონსტიტუციურობა
სადავო ნორმა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ“ ქვეპუნქტის სიტყვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვების, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი
კონსტიტუციის მუხლი
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 14:„ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა , კანის ფერისა , ენისა , სქესისა , რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა , ეროვნული , ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა , წარმოშობისა , ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა , საცხოვრებელი ადგილისა“.
სახელმწიფოსა და ეკლესიებს შორის ურთიერთობის საკითხი სამართლის რეფორმის ისტორიის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე საქართველოს დასავლურ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით. ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ეკლესიების მიმართ თანასწორი მიდგომის დაცვის თვალსაზრისით. მრავლადაა უთანასწორო მოპყრობის მაგალითები და კანონებიც, რომლებიც უთანასწორობის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას ახდენენ. განხილვების ცენტრშია სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული ხელშეკრულებაც და მისი როლიც საკანონმდებლო ჩარჩოს ფორმირების პროცესში. პოსტსაბჭოთა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვა სერიოზულ გამოწვევად იქცა. საბჭოური დიქტატურის შემდეგ საჯარო სივრცეში მალევე გამოჩნდნენ მანამდე „ხმის არმქონე“ რელიგიური ჯგუფები. სამოქალაქო დაპირისპირება, ტერიტორიების ოკუპაცია, უსაფრთხოების პრობლემები, ეკონომიკური კრიზისები – ეს ყველაფერი საზოგადოებაში ძალადობის და „უცხოს“, „მტრის“ ძებნისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა. 90-ანი წლების ბოლოსთვის საქართველო რელიგიური ექსტრემიზმის და დაპირისპირების არენად გადაიქცა[1]. რელიგიურ უმცირესობათა დევნისას სახელმწიფო ან წამქეზებლის ან უბრალო დამკვირვებლის როლს ასრულებდა. დევნის პარალელურად, სახელმწიფომ მნიშვნელოვნად შეავიწროვა რელიგიური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსი[2]. აღნიშნული პროცესები საკმაოდ დეტალურადაა დოკუმენტირებული და აღწერილი არაერთ ადამიანის უფლებათა მოხსენებაში და კვლევაში[3]. რეპრესიული პოლიტიკის პასუხად სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ცდილობდნენ რელიგიის თავისუფლების ინიციატივების განხორციელებას დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით. ეს ტენდენცია ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოსტსაბჭოური ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიისთვის დასავლური ორიენტაცია დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ღიად გაცხადებულ პრიორიტეტად იქცა[4]. დასავლური გამოცდილების გაზიარებას ხელს უწყობდა ისეთი საერთაშორისო მექანიზმების გავლენაც, როგორიცაა ევროსაბჭო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული რელიგიის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო აქტი, რომლის საფუძველზეც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რელიგიის თავისუფლების ყოველწლიურ მონიტორინგს ახორციელებდა და ახორციელებს საქართველოში[5] და ა.შ. ამ ინსტრუმენტების მნიშვნელობა დიდია და ძლიერ სამართლებრივ და პოლიტიკურ საფუძველს უქმნის რელიგიის თავისუფლების დაცვას. რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვაზე საუბარი დღემდე არ კარგავს აქტუალობას. უფლებრივი თანასწორობის პრობლემა, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული სპეციალური პრივილეგიები დღემდე რჩება იურისტების, პოლიტოლოგებისა და სოციოლოგების განხილვის საგნად. საჯარო დებატები სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებზე საკმაოდ მწვავეა, რასაც, სამწუხაროდ, სრულად არ ასახავს აკადემიური ლიტერატურა. დებატის აქტუალობა კიდევ უფრო გაზარდა საკონსტიტუციო სასამართლოში შესულმა სარჩელმა, რომელიც თანაბარი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. აღნიშნული ნაშრომის მიზანია, გააანალიზოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და გამოიკვლიოს ამ ურთიერთობის სამართლებრვი ეფექტი საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზე, რითაც შევეცდებით გავაგრძელოთ დებატი, თავი მოვუყაროთ ძირითად არგუმენტებს და წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა საკონსტიტუციო ხელშეკრულების კანონმდებლობასთან მიმართების კუთხით. ეკლესიის პრივილეგირებული სტატუსი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებიპოლიტიკურ მეცნიერებაში პოპულარულია სახელმწიფოსა და ეკლესის ურთიერთობის კლა-სიფიკაცია ისეთი კრიტერიუმებით, როგორებიცაა: სახელმწიფოს ჩარევის ინტენსივობა და ავტონომიურობის ხარისხი, რელიგიური თვაისუფლების დაცვის ხარისხი, საჯარო სივრცეში რელიგიური გამოხატვის დაშვების სიმარტივე და ა.შ. სხვადასხვა ავტორი კლასიფიკაციის განსხვავებულ მოდელებს გვთავაზობს, თუმცა ყველა ასეთ სისტემაში შეიძლება მოვიძიოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ფორმა, როდესაც სახელმწიფო გამოყოფს ერთ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას და განსაკუთრეული პრივილეგიებით აღჭურავს მას. ამგვარ რეჟიმებს განსხვავებულ სახელებს უწოდებენ მკვლევარები. ჩვენს მიმოხილვაში ორ ტერმინს– დამკვიდრებული ეკლესია და სახელმწიფო ეკლესია – გამოვიყენებთ როგორც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მჭიდრო ურთიერთობის დამახასიათებელ მნიშვნელობას, როდესაც სახელმწიფო ქმნის პრივილეგირებულ სამართლებრივ სტატუსს მხოლოდ ერთი, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ „პაპების ომი“ დასავლეთ ევროპაში და „სიმფონიის“ მოდელი ბიზანტიაში სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსხვავებულ მოდელებს გვთავაზობს, ორივე ტრადიციისთვის დამახასიათებელია სახელმწიფოსგან პრივილეგირებული სტატუსის მოპოვების მცდელობა. უსამართლობა იქნებოდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის გამოცდილება ევროპაში დღეს შევადაროთ ნებისმიერ წინა პერიოდს. თანამედროვე პროცესები მიმართულია განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე თემების და ეკლესიების სამართლებრივი სტატუსის გათანაბრებისკენ, თუმცა კვლავაც ვაწყდებით ისტორიული პრივილეგიების არსებობას, რაც ხშირად ხდება კრიტიკის საგანი. კრიტიკის სრულიად ახალ მიმართულებას გვთავაზობს ჯერონ ტემპერმანი თავის სტატიაში „ეწინააღმდეგება თუ არა სახელმწიფო ეკლესიის არსებობა საერთაშორისო სამართალს?“, სადაც ავტორი ცდილობს, დაასაბუთოს, რომ 40-მდე სახელმწიფო, რომელიც სხვადასხვა ფორმით გარკვეულ პრივილეგიებს სთავაზობს ერთ ეკლესიას, პარალელურად უმცირესობების უფლებებსაც ზღუდავს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. მისი არგუმენტი აგრძელებს ნუსბაუმისა და ბრუგერის მსჯელობას, რომ ნებისმიერი ფორმით რომელიმე ეკლესის დაწინაურება აუცილებლად ახდენს გავლენას საჯარო პოლიტიკაზე[6] და ქმნის შიდა წნეხს საზოგადოებაზე, ერთგვარ შიშს, რომ „არ გახდე გარიყული საზოგადოებიდან“, რაც აიძულებს, მათ შორის სახელმწიფოსაც, გააიგივეოს თავისი თავი პრივილეგირებულ ეკლესიასთან[7]. ტემპერმანი გვთავაზობს არგუმენტს, რომ ეკლესიისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის მინიჭება ჩაითვალოს პროზელიტიზმად, რაც შეუთავსებელი იქნებოდა საერთაშორისო ინსტ-რუმენტებთან[8]. ავტორი აკრიტიკებს ევროპულ სახელმწიფოებში არსებულ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის პრაქტიკას და ასაბუთებს, რომ რეალური პრივილეგიებისგან დაც-ლილი, სიმბოლური სტატუსის არსებობაც კი, საფრთხის შემცველია რელიგიის თავისუფლე-ბისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუციონალიზებული დენომინაციური ფავოროტიზმი[9] ევროპაშიც თანდათან ადგილს უთმობს დეესტაბლიშმენტის პროცესს, ტემპერმანი მიიჩნევს, რომ პრი-ვილეგირებული სტატუსის არსებობა დისკრიმინაციული შინაარსის მატარებელია და მოიშვე-ლიებს არგუმენტს რელიგის თავისუფლების სპეციალური მომხსენებლის ანგარიშიდან, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ: „როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციაში ადგილს უთმობს რომელიმე რელიგიას, კანონი წყვეტს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების დაცვას და კარს უღებს თვითნებური და რელიგიურად მოტივირებული შეუწყნარებლობის ნიაღვარს“[10]. აღნიშნულ მიმოხილვას დავამთავრებთ მთავარი არგუმენტით, რომელიც წითელ ხაზად გასდევს მთელ მსჯელობას: „შეუძლებელია სახელმწიფო ეკლესიას მოვაშოროთ ნეგატიური ეფექტი. მსჯელობა, რომ სახელმწიფო ეკლესია შეიძლება არ არღვევდეს ადამიანის უფლებების სტანდარტებს, კარგავს ნიადაგს და მხოლოდ თეორიულ, გონების ვარჯიშად რჩება[11]“. პრივილეგირებული ეკლესიების სტატუსის არსებობას როგორც რელიგიის თავისუფლებისთ-ვის საფრთხის შემცველ პირობას, იურისტებიც აღიარებენ და ეუთოს რელიგიის თავისუფლების მიმოხილვის ანგარიშში თანასწორობის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამ სულისკვეთებითაა ნაკარნახევი დეესტაბლიშმენტის პროცესი სკანდინავიის ქვეყნებში და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მიზანიც არის ტრადიციული პრივილეგიების ეტაპობრივი მოხსნა და თანასწორობის გარემოს შექმნა ეკლესიებისთვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა საქართველომაც და რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმი შემოიღო, რომელიც თანაბარ სამართლებრივ სტატუსს სთავაზობს ყველა ეკლესიას[12]. მუხედავად აღნიშნული რეფორმისა საქართველოსთვის აქტუალურად რჩება საქართველოს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის პრივილეგირებული მდგომარეობის საკითხი, როგორც სამართლის სისტემაში, ისე საჯარო პოლიტიკის განხორციელებისას. მკვლევარები ხშირად კონკორდატზე მიუთითებენ, როგორც პრივილეგირებული სტატუსის განმაპირობებელ ფაქტორზე. ეს მოსაზრება სადავოა, ვინაიდან აღნიშნულ ეკლესიას „სპეციალური სტატუსი“ საბჭოთა კავშირის დროსაც გააჩნდა და მის შემდეგაც, კონკორდატის მიღებამდე. ამის მაგალითია როგორც სახელმწიფოს მხრიდან უსასყიდლოდ გადაცემული ქონება, ისე მისი მოძალადე წევრებისა და სასულიერო პირებისთვის ფაქტობრივი იმუნიტეტის მინიჭება რელიგიური „პოგრომების“ დროს 1997-2002 წლებში. მიუხედევად ამისა, კონკორდატის მნიშვნელობა მაღალია სამართლის სისტემაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით. საქართველოში ქრისტიანობის თხუთმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ეს პრველი პრეცედენტია, როდესაც დემოკრატიულმა, კონსტიტუციურმა რესპუბლიკამ სპეციალური, საკონსტიტუციო სტატუსი მიანიჭა ერთ ეკლესიას, რითაც ახალი ტიპის ურთიერთობას ჩაუყარა საფუძელი. კონკორდატის მიღების წინა ისტორია და არგუმენტები საქართველოშისახელმწიფოსა და ეკლესიას შორის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებაზე დებატი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. დებატის პირველ ეტაპზე საინიციატივო ჯგუფების მიერ შეთავაზებული მოდელი, რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღების შესახებ, მთავრობის არქივებში დაიკარგა და საქართველოს რესპუბლიკაში გამოქვეყნების შემდეგ სამართლებრივი მსვლელობა არ მისცემია[13]. ამისდა მიუხედავად, მცირე ჯგუფებში კვლავაც გრძელდებოდა მუშაობა, რასაც 90-იანი წლების ბოლოს ახალი ენერგია მისცა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიისთვის მაღალი სტატუსის და მასთან საკონსტიტუციო შეთანხმების დადების იდეამ. ბეჭდური მედიის მიმოხილვა კარგ შთაბეჭდილებას გვიქმნის საკონსტიტუციო შეთანხმების შე-სახებ გამოთქმულ ძირითად მოსაზრებებზე. პოლიტიკოსები, მეცნიერები, სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები და ჟურნალისტები თანაბრად ჩაერთნენ საჯარო დისკუსიაში და არაერთი არგუმენტი გამოითქვა საკონსტიტუციო შეთანხმების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ. არგუმენტების ერთი ნაწილი სამართლებრივი ხასიათის იყო, კერძოდ: რა სამართლებრივი ინსტიტუტია ხელშეკრულება? შეესაბამება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას? ხომ არ მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან წინააღმდეგობაში? მოწინააღმდეგეების ძირითადი არგუმენტი იყო სპეციალური სტატუსის მინიჭების საკითხი და სახელმწიფოსთან ეკლესიის გათანაბრება. „მთავარი რაც ამ პროექტის მიმართ პროტესტის გრძნობას იწვევს, ის არის, რომ საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესია, ერთ-ერთი ინსტიტუტია იმ საზოგადოებაში, რომელიც ქართულ სახელწიფოს – ამ საზოგადოების წევრთა კეთილდღეობისთვის გამიზნულ ზეინსტიტუციას ქმნის – სახელმწიფოსავე თანაბარ ინსტიტუციად ფასდება“[14]. მიუთითებდა ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი 2000 წელს გამოქვეყნებულ წერილში. ავტორები ხელშეკრულების არაკონსტიტუციურ ბუნებასაც უსვამდნენ ხაზს: „ხელშეკრულე-ბით, მართმადიდებლობა განსაკუთრებულ რელიგიად ცხადდება, რაც არადემოკრატიულია“[15], თუმცა იყვნენ ამ აზრის მოწინააღმდეგეებიც. პოზიციას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო და ეკლესია თანაბარი სტატუსის ორგანიზაციები ხდებოდნენ, არ ეთანხმებოდა პარლამენტის ვიცე სპიკერი გიგი წერეთელი: „იმისათვის, რათა სახელმწიფომ ეკლესიასთან ხელშეკრულება გააფორმოს, აუცილებელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა. თუმცა კონსტიტუციური ხელშეკრულების გაფორმება ერთ სახელმწიფოში ორი სხვადასხვა სახელმწიფო ერთეულის არსებობას არ ნიშნავს“[16]. მის პოზიციას იზიარებდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჯონი ხეცურიანი: „ორ დამო-უკიდებელ სუბიექტს შორის შეთანხმების ყველაზე მიღებული ფორმა ხელშეკრულების დადებაა. ამით მართლმადიდებლური რელიგია პრივილეგირებული არ გახდება. ეს რეალობის იურიდულ ენაზე გადატანა იქნება“[17]. ხელშეკრულების მიმართ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს სასულიერო პირებმაც: „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლებაში მყოფი სახელმწიფო კაცები გონივრულ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და თავს შეიკავებენ საპატრიარქოსთან საკონსტიტუციო რანგის ხელშეკრულების დადებისაგან, რადგანაც ამ ხელშეკრულებით, ერთი მხრივ, ხელისუფლება არღვევს თავისსვე კონსტიტუციას“[18]. წერდნენ სასულიერო პირები საკუთარ მიმართვაში. უარყოფით პოზიციას აფიქსირებს პროფესორი შუქია აფრიდონიძე: „როგორც ვხედავთ, ე.წ. „კონსტიტუციური შეთანხმება“ თავისი არსითა და მოსალოდნელი შედეგებით სხვა არაფერია, თუ არა სწორედ არაკონსტიტუციური, დასაშვებ დოზაზე მეტად „მიწიერი“გარიგება. სრული უეჭველობით და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ითქვას, რომ ასეთი „შეთანხმება“ არათუ არ ნიშნავს, მეტიც – ძირს უთხრის ჭეშმარიტ თანხმობას საქართველში, ვინაიდან ეწინააღმდეგება მისი ყოველი მოქალაქის პიროვნულ და მთელი ქვეყნის საერთო სახელმწიფოებრივ სისხლხორცეულ ინტერესებს“[19]. ხელშეკრულების წინააღმდეგ აზრს გამოთქვამს თეოლოგი თეიმურაზ დედაბრიშვილი: „სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმების კონსტიტუციურ რანგში აყვანა ნიშნავს, რომ საკანონმდებლო იერარქიაში იგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე ორ სახელმწიფოს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებები (მათ „ორდინალური საერთაშორისო ხელშეკ-რულებებიც“ ეწოდებათ). გამოდის, რომ კონსტიტუციური შეთანხმების სახით, საქმე „არაორდინალურ“, ჯერ არნახულ, საერთაშორისო შეთანხმებასთან გვაქვს. რადგან თანამედროვე სახელმწიფო სამი კომპონენტისგან შედგება: ხელისუფლება, ტერიტორია და ხალხი (მოქალაქეები), ხოლო საპატრიარქო თავის წევრებიანად მესამე კომპონენტის ნაწილია, გამოდის, რომ სახელმწიფო თავისი ერთი ნაწილის ნაწილს საერთაშორისო სუბიექტად მიიჩნევს(!) ...თავისი მოქალაქეებისგან შემდგარი, საკუთარ ტერიტორიაზევე არსებული, მის მიერვე კონტროლირე-ბადი ორგანიზაცია თურმე მისთვის (და მხოლოდ მისთვის) საერთაშორისო სუბიექტი ყოფილა(!), თანაც ეს სუბიექტი იმავე სახელმწიფოს ჯერ რეგისტრაციაშიც არ გაუტარებია. მაგრამ სახელმწიფოსთვის არარეგისტრირებული ორგანიზაცია ხომ იურიდიულადაც არც არსებობს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1511-ე მუხლის თანახმად, 1999 წლის 1 იანვრამდე არარეგისტრირებული რელიგიური გაერთიანება, მათ შორის საპატრიარქო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი კანონით გაუქმებულია) გამოდის, რომ სახელმწიფო თავისი ნაწილის ნაწილს, იურიდიულად, რომლის არსებობასაც თვითონაც ვერ ხედავს, სამართლებრივად თავის თანასწორ საერთაშორისო სუბიექტად მიიჩნევს(!)“[20]. ამავე არგუმენტს ემხრობა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი მიხელ ნანეიშვილი: „ეს კონსტიტუციური შეთანხმება უხეში პოლიტიკური შეცდომაა, რამდენადაც ის კონსტიტუციურია და კონსტიტუციის მოქმედების არე სახელმწიფოს მოქმედების არეა. ამ კონსტიტუციური შეთანხმებით, მეორე სუვერენული სხეული შემოდის სახელმწიფოს მოქმედების არეში, ამას ჰქვია სახელმწიფო სახელმწიფოში“[21]. „ახლა საკითხი დგას, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს ურთიერთობა ორ დამოუკიდებელ სუბიექტს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დამოუკიდებელ სუბიექტებს შორის ურთიერთობის განსაზღვრის ოპტიმალური ფორმა ხელშეკრულებაა. რომლის შესაბამისად, მხარეები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ ნებას და თანხმდებიან მოსაწესრიგებელი ურთიერთობის ბედზე“[22]. – წერდა ჯონი ხეცურიანი. მისი აზრით ხელშეკრულებით გამოწვეული რისკი ადამიანის უფლებებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაებალანსებინა[23]. მისი აზრით. ასეთი შეთანხმების დადების პრაქტიკა არ უნდა გავრცელებულიყო სხვა ეკლესიებზე და აღნიშნული პრეცედენტი უნდა დარჩენილიყო გამონაკლისის სახით: „საქართველოსმართმადიდებლობას განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს და სახელმწიფო სხვა რელიგიებთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს“[24]. ამავე აზრს აგრძელებს ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუშიც, სადაც მიუთითებს, რომ: „ეკლესიისა და სახელმწიფოს აღნიშნული შეთანხმება უკანასკნელი კონსტიტუციური ნორმაა. ეს იქნება ბოლო შეთანხმება რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით“[25]. კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი ლუთერანული ეკლე-სია, რაც დაადასტურა კიდეც სახელმწიფო კანცელარიის მიმართ მიწერილი წერილით[26]. „ეს დოკუმენტი თავისთავად ძალიან კარგი და დროულია. ვიმედოვნებთ, რომ მართმადიდებელი ეკლესიის სტატუსის განსაზღვრა სიკეთეს მოუტანს არა მხოლოდ მართმადიდებლებს, არამედ მთელ ერს. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიის კანონის არსებობა და იმედი მაქვს, მართმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო იზრუნებენ, რომ ჩვენი საქმიანობისთვისაც ხელ-საყრელი მდგომარეობა შექმნას და ზრდის საშუალება მოგვეცეს“[27]. – წერდა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი. თუმცა სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, ეკლესიების ერთმა ნაწილმა: კათოლიკურმა, ლუთერანულმა, მუსლიმანურმა, ებრაულმა, ბაბტისტურმა, გრიგორიანულმა მხარდაჭერა დაადასტურა და გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან. შეთანხმებას მხარს უჭერდა ოცდაათამდე არასამთავრობო ორგანიზაციაც[28]. მომხრეების ერთი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი იყო მსგავსი ხელშეკრულების გაფორმება ყველა ეკლესიასთან[29]. პოლიტიკური ორგანიზაციების ერთი ნაწილისთვის საკონსტიტუციო შეთანხმების დადება პოლიტიკური პროგრამის ნაწილად იქცა[30]. საზოგადოების პოზიცია გაყოფილი იყო კონკორდატის სამართლებრივ შინაარსთან დაკავშრე-ბითაც. „თვით კონკორდიუმის იდეა მცდარად მიმაჩნია“ – წერდა ზურაბ ჭიაბერაშვილი – „... როდესაც ევროპულ სახელმწიფოებში დაიდო კონკორდატი, კონკრეტულ სახელმწიფოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის, იგი დაიდო კონკრეტულ სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფოს შორის, კერძოდ, ვატიკანს შორის. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ მოცემულ სახელმწიფოში, ესპანეთში ან საფრანგეთში, კათოლიკური ეკლესია რომის კათოლიკურ ეკლესიას წარმოადგენდა. ჩვენს შემთხვევაში საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიით სარგებლობს, ანუ იგი საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული საერთო მართმადიდებლური ეკლესიის ნაწილი კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუციონალური ერთეულია. მაშასადამე, გამოდის, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, საკონსტიტუციო შეთანხმებას დებს თავისსავე, შიგნით არსებულ სუბიექტთან, რითაც ამ სუბიექტს თავისთავთან ათანაბრებს. ამგვარი პრაქტიკა ევროპაში არ არსებობს, როგორც ამას კონკორდიუმის მომხრეები აცხადებენ“[31]. თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებდა იმ დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია: „დღეს მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ტრადიციულ რელიგიასთან თავის ურთიერთობებს არ აწესრიგებდეს. ევროპის ბევრ სახელმწიფოში მოქმედებს კონკორდიუმის სისტემა, ასევეა ახალი ევროპის ქვეყნებში, შეთანხმებები პრაქტიკულად ყველგან გაფორმებულია“[32]. ჟვანიას არგუმენტს არ იზიარებდნენ საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები: „როცა დაისვა კანონზომიერი კითხვა ანალოგიისა თუ პრეცედენტის შესახებ, არც ერთი საამისო მაგალითი არ დასახელებულა, ასეთ სანიმუშო მოვლენად საპატრიარქოს წარმომადგენელმა ვატიკანთან იტალიის სახელმწიფოს სახელით მუსოლინის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება (თუ ხელშეკრულება) დაასახელა (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ხელშეკრულებით სახელმწიფომ კათოლიციზმი ფაქტობრივად სახელმწიფო რელიგიად აღიარა)! როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია“[33]. ხელშეკრულეების დადების მომხრეები ცდილობდნენ, ხელშეკრულების იდეა ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის განსაზღვრასთან დაეკავშირებინათ. ხელშეკრულება მათთვის ისეთივე საკანონმდებლო მოვლენა იყო, როგორც სახელმწიფო ეკლესიის „დაფუძნება“: „სახელმწიფო რელიგია ამჟამად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია კონსტიტუციით აღიარებული. მათ შორის ჩვენთვის კარგად ცნობილი ევროპის სახელმწიფოებიც: დიდი ბრიტანეთი, დანია, საბერძნეთი და სხვა, სადაც უკვე კარგა ხანია სამართლებრივი სახელმწიფოს მშნებლობა დასრულებულია და ადამიანის უფლებებიც სათანადოდ არის დაცული[34]. სახელმწიფო რელიგიის არგუმენტის შემოტანა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელშეკრულების დადების მიღმა იკითხებოდა განწყობა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფო ეკლესიის სტატუსი მიენიჭებინათ. მედიაში არსებული მასალის მიმოხილვის საფუძელზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშეკრუ-ლების დადების მომხრეთა არგუმენტები ორი მიმართულებით ვითარდებოდა: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს განსაკუთრებული ისტორიული ადგილი და ხელშეკრულების დადებას არ უნდა გამოეწვია ვინმეს უფლებების შელახვა. მოწინააღმდეგეების პოზიცია შემდეგი იყო: ხელშეკრულების დადება უკვე სპეციალური სტატუსის მინიჭებას ნიშნავდა, რაც დისკრმინაციულ გარემოს ქმნიდა; ხელშეკრულება არ იყოს სამართლებრივად და პოლიტიკურად გამართული ინსტრუმენტი ეკლესიასთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად; ხელშეკრულების მიღება საზოგადოების დაპირისპირებას გამოიწვევდა. დაპირისპირების და კონფლიქტისკენ მოწოდების განცხადებად შეიძლება ჩავთვალოთ მართ-ლმადიდებელი ეკელსიის პატრიარქის განცხადება, სადაც ის მკაფიოდ ამბობს: „მოგეხსენებათ, პრობლემები გვაქვს და იგი ეკლესიის წინაშეც მრავლადაა. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ სექტანტების პროზელიტიზმს და, ამასთან, ხელს შევუწყობთ ქვეყნის მოსახლეობის მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით დაცვას“[35]. ამ ფონზე ნათელი იყო, რომ მიუხედავად ოპტიმისტური განწყობებისა, რაც უხვად იყო პოლიტიკურ სპექტრში[36], ხელშეკრულება საზოგადოებაში კონფლიქტების გაჩენის ახალი კერა შეიძლება გამხდარიყო. საკონსტიტუციო შეთანხმების მიღება და მისი სამართლებრივი ანალიზისაჯარო დებატებმა სახელმიწიფოსა და ეკლესიას შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაგრძელება პოვა პარლამენტში. 2000 წლის საშემოდგომო სესიაზე ფრაქციებსა და კომიტეტებში მიმდინარეობდა ხელშეკრულების სხვადასხვა პროექტის განხილვა, თუმცა პარლამენტის არქივში არ მოიძებნა საოქმო ჩანაწერები, სადაც დეტალურად იქნებოდა აღწერილი მონაწილე მხარეები და გამოთქმული მოსაზრებები. ჩვენი მიმოხილვა ეფუძნება 2001 წლის 30 მარტს გამართულ სასესიო განხილვას, სადაც მუშაობის შედეგები წარადგინა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის და პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა გიგი წერეთელმა. სხდომაზე პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის თანახმადაც, შეიცვალა კონსტიტუცის მე-9 და 73-ე მუხლები. მე-9 მუხლის არსებულ ვერსიას, რომელიც მხოლოდ ერთი პარაგრაფი იყო და იკითხებოდა ასე: „სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსა-კუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან“. ამას დაემატა მეორე პუნქტი, სადაც მიეთითა, რომ: „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში (30.03. 2001 N826)“. კონსტიტუციის 73-ე მუხლს დაემატა შემდეგი პუნქტი: „ბ) საქართველოს სახელმწიფოს სახელით დებს კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან“. აღნიშნული ცვლილებების საფუძლად ინიციატივის წარმომდგენმა დაასახელა ეკლესიის ისტორიული მნიშვნელობა: „...უპირველესი სულიერი ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლი, ერის ზნეობაზე მზრუნველი...“. არგუმენტების დიდი ნაწილი ეკლესიის ისტორიული როლის ანალიზს შეეხებოდა და როგორც სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი მიუთითებდა, ციტირებდა რა ილია ჭავჭავაძის სიტყვებს, ეკლესია იყო: „პოლიტიკური ქვითკირიც საქართველოს სხვადასხვა ნაწილების შემოსაკრებად, შემოსაერთებლად და მართლაც, ერთობა სარწმუნოებისა მოასწავებდა ერთობას ერისა“. მომხსენებელი ასახელებს სხვადასხვა მემორანდუმსა და შეთანხმებას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ეკლესიებთან, რელიგიურ თემებთან იქნა მიღწეული, რომლითაც ისინი მხარს უჭერდნენ ხელშეკრულების დადების ინიციატივას. მოხსენების თანახმად, ხელშეკრულების ინიცირებული ვარიანტი 50 მუხლისგან შედგებოდა და საკონსტიტუციო ცვლილებების დროისთვის უკვე 24 მუხლამდე იყო შემცირებული. შემდგომში კიდევ იგეგმებოდა განხილვები, რათა ადამიანის უფლებების ევროპული სტანდარტები სრულად ყოფილიყო დაცული ხელშეკრულების დადებისას და არ მოხმდარიყო რელიგიური თავისუფლების შეზ-ღუდვა რომელიმე რელიგიური თემისთვის. ხელშეკრულების დადების ფაქტის წინააღმდეგ ერთადერთი პოზიცია გამოთქვა დეპუტატმა მიხეილ ნანეიშვილმა და მიუთითა, რომ ევროპული ტრადიციის, კონკორდატის გადმოტანა ქართულ რეალობაში ვერ იქნებოდა ადეკვატური არსებული სამართლის პირობებში. მისი აზრით, კონკორდატების მიზანი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების მოწესრიგება იყო, რაც ძირშივე მცდარი რეალობის წინაშე გვაყენებდა, ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი მსგავსი სამართლებრვი სტატუსი არ გააჩნდა. ამიტომ ის ვერ იქნებოდა ხელშეკრულების დამდები მხარე. მისი პოზიცია აბსოლუტური უმრავლესობით იქნა უარყოფილი. მცირე დრო დაეთმო კონსტიტუციის 73-ე მუხლში შესატანი ცვლილების განხილვას, სადაც პოზიცია გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ჯონი ხეცურიანმა. მან ახსნა მიზეზი იმისა, თუ რატომ დაკონკრეტდა 73-ე მუხლში შეთანხმების სრული სახელი. ამ შესწორებით შეთანხმების ექსკლუზიურ ბუნებას გაესვა ხაზი და გამოირიცხა აღნიშნული პრეცედენტის გავრცელების შესაძლებლობა სხვა რელიგიურ თემებზე. პარლამენტის 180-მა დეპუტატმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა და ყველამ მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. საპარლამენტო განხილვები გაგრძელდა 2002 წლის 22 ოქტომბერს, როცა პლენარულ სხდო-მაზე განსახილველად გავიდა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ხელშეკრულების დადების საკითხი. ამ ეტაპისთვის ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა პრეზიდენტს და პარლამენტმა თავისი დადგენილებით ფორმალურად დაადასტურა ხელშეკრულების დადება. არგუმენტების უდიდესი ნაწილი განმეორდა, თუმცა დეპუტატმა ვახტანგ რჩეულიშვილმა მანამდე არსებულ არგუმენტებს დაამატე კიდევ ერთი, სახელმწიფოში სტაბილურობის შენარჩუნების არგუმენტი. ის ასაბუთებდა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის არარსებობის ფონზე ეკლესია რჩებოდა საზოგადოების მხრიდან ნდობის მქონე სუბიექტად, რომელსაც შეეძლო თავიდან აერიდებინა მორიგი სამოქალაქო ომი. მან იქვე მიუთთა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის საჭიროებაზე, სადაც ეკლესიის როლი იყო დიდი და მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენისთვის. განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა შეთანხმების მე-6 მუხლთან მიმართებით. გამომსვ-ლელთა ნაწილი საფრთხეს ხედავდა ჩანაწერში, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ეს ჩანაწერი უნდა წაკითხულიყო საერთაშორისო უფლებების კონტექსტში. დეპუტატებმა განიხილეს ეკლესიისთვის ქონების დაბრუნების საკითხიც, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის და რუსული ცარიზმის პერიოდში დაკარგა ეკლესიამ და მიუთითეს ამ ვალდებულების მაღალ მნიშვნელობაზე (იხ. ზურაბ ჟვანიას შემაჯამებელი სიტყვა). საბოლოოდ, პარლამენტმა 203 ხმით დაამტკიცა ხელშეკრულება. დამსწრეთაგან არავინ ყოფილა წინააღმდეგი. კონსტიტუციური შეთანხმების სამართლებრივი ანალიზიდამტკიცებული ხელშეკრულების ტექსტი შედგება შესავალი ნაწილის, 12 მუხლისა და ტერმინთა განმარტებებისგან, სადაც 28 პუნქტია. პრეამბულის ტექსტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წარმოადგენს სამოციქულო საყდარს და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილს“, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, მართლმადიდებლობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოს ისტორიაში და სახელმწიფოსთან ურთიერთობაში მას წარმოადგენს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. აღნიშნული დებულებების ნაწილი გააკრიტიკეს როგორც პოლიტიკოსებმა[37], ისე სასულიერო პირთა ერთმა ნაწილმა: „...საქართველოში ქრისტიანულად წოდებული მრავალი რელიგიური გაერთიანებაა, რომელთა მოძღვრებანიც პრინციპულ საკითხებზე ურთიერთგამომრიცხავ შინაარსს შეიცავენ. თანამედროვე დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს არ სურს, არ შეუძლია და აღარც უფლება აქვს, დადგინოს, ამ სიმრავლეში რომელი რელიგიური გაერთიანებაა ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევარი და რომელს უნდა მიენიჭოს უპირატესობა (თუკი, რა თქმა უნდა, მას ამგვარი სურვილი გააჩნია). აქ რაიმე გამონაკლისზე ლაპარაკი პრინციპულად შეუძლებელია, რადგანაც, თუკი ხელისუფლება რელიგიური გაერთიანებიდან მხოლოდ ერთს ამოირჩევს და მას გამონაკლისის სახით უპირატესობას მიანიჭებს, გამოდის, რომ იგი ამას თვითნებურად, პირადი დაინტერესების საფუძველზე ახდენს და არა მისი რჩეულის მიერ ჭეშმარიტების ფლობა-არფლობის წინასწარი გამოძიების საფუძველზე. როდესაც ხელისუფლება ქართველი ერის სარწმუნოებაზე – მართლმადიდებლობაზე საუბრობს, პირველ რიგში უნდა დადგინდეს, დღეს რომელი რელიგიური გაერთიანებაა მართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევარი. ე.ი. თავის რჩეულს რელიგიური მოძღვრება უნდა შეუმოწმოს და არა მხოლოდ სახელწოდება, რადგანაც დღეს საქართველოში თავისთავს მართლმადიდებელს რამდენიმე რელიგიური გაერთიანება უწოდებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სამართლიანი იქნებოდა, თუ ხელისუფლება არ ჩაერეოდა წმინდა საეკლესიო, თეოლოგიური სახის პრობლემებში და არ აიღებდა საკუთარ თავზე იმის განსაზღვრის მოვალეობას, თუ ვინ არის საქართველოში მართმადიდებელი და ვინ არა. მით უმეტეს, თუ მას არ გააჩნია ამის განმსაზღვრელი სახელმწიფო ინსტიტუტი“...[38]. „...სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს, „როგორც რელიგიური სუბიექტის თვითნებური განსაზღვრა შეიძლება მივიჩნიოთ წმინდად თეოლოგიურ საკითხებში ჩარევად, რისი კომპეტენცია და უფლებაც მას არ აქვს“[39]. აღნიშნული დებატი დღესაც არ კარგავს აქტუალობას და დროდადრო საჯარო სივრცეში გამოითქმის მოსაზრებები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საზღვრების და კონსტიტუციური სტანდარტის (კონსტიტუციის მე-9 მუხლი) დასუსტების შესახებ[40]. კონსტიტუციური შეთანხმების მუხლობრივი ანალიზის საფუძველზე, უნდა ითქვას, რომ იკვეთება რამდენიმე ძირითადი პრინციპი, როგორებიცაა: ურთიერთდამოუკიდებლობა, სახელმწიფოს მიერ ეკლესიის მიმართ ქონების რესტიტუციის ვალდებულება, სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა საერთო ინტერესის საკითხების გარშემო. ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპიაღნიშნული პრინციპი გვხდება შეთანხმების პირველ მუხლში და ტერმინთა განმარტებაში ეს პრინციპი აღარ არის დაზუსტებული. შესაბამისად, მისი განმარტება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის შინაარსიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში რელევნტური კონსტიტუციის მუხლი იქნება კონსტიტუციის მე-9 მუხლი, რომელიც ადგენს: „სახელმწიფო ...აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ...დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.“ კონსტიტუციის ჩანაწერის გავრცობილი შინაარსი გვხვდება უკვე შეთანხმებაში, სადაც არა მხოლოდ ეკლესიის დამოუკიდებლობაა დაცული სახელმწიფოსგან, არამედ ეკლესიისგან სახელმწიფოს გამიჯვნაცაა ხაზგასმული. ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის ნაწილია ეკლესიის ავტონომიურობის პრინციპიც, რომელიც გულისხმობს „სპეციალური იმუნიტეტის“ არსებობას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის, ეკლესიის ინტერესების აკომოდაციას (სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება), თუმცა სამეწარმეო საქმიანობის წარმოება ეკლესიას აეკრძალა, გარდა საეკლესიო დანიშნულებით გამოსაყენებელი ნივთებისა (მუხლი 6) . თუმცა რთულია ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის ფარგლების განსაზღვრა და შეიძლება უფრო „მცოცავ“ რეალობაზე ვილაპარაკოთ, ვიდრე კანონით მკაცრად დაცულ ჩარჩოებზე. შეფასების საფუძველს გვაძლევს როგორც კანონმდებლობის, ისე საჯარო პოლიტიკის ანალიზი, რაზეც დაწვრილებით შემდეგ ნაწილში გვექნება საუბარი. ქონების რესტიტუციასახელმწიფომ ხელშეკრულებით აღიარა ცარიზმისა და კომუნისტური რეჟიმის პირობებში ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი და ეკლესიის საკუთრებად გამოაცხადა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა უძრავი ქონება და ის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს აღნიშნული მოქმედი ან უმოქმედო, თუნდაც ნანგრევების მდგომარეობაში მყოფი რელიგიური დანიშნულების მქონე სამლოცველოები და შენობები. ქონების რესტიტუციის პრინციპი აღნიშნული ხელშეკრულებით პირველად გაჩნდა საქართველოს კანონმდებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ რესტიტუციისთვის აუცილებელი სპეციალური კომისია არ შექმნილა, ეკლესიას უკვე გადაეცა არაერთი უძრავი ქონება და ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ამ პროცესის სირთულეზე კონკორდატის მიღებამდე მიუთითებდნენ მკვლევარები: „მართმადიდებლური ტაძრები და ეკლესია მონასტრები, მიუხედავად მათი რელიგიური დანიშნულებისა, მათი დასაკუთრების საკითხი ასე მარტივად ვერ გადაწყდება თუნდაც იმის გამო, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი საერო პირთა, მათ შორის მეფეთა, ფეოდალებისა და სხვათა ნებითა და სახსრებით აშენებულა, და ამ პირთა შთამომავლობასაც თავისუფლად შეიძლება ჰქონდეთ უფლება მათზე, ან სათანადო კომპენსაციაზე“[41]. ავტორები სამართლიანად მიუთითებდნენ, რომ პროცესის წამოწყება მხოლოდ ერთ ეკლესიასთან უთანასწორო მდგომარეობას ქმნიდა ბევრი სხვა ეკლესიის მიმართ, რომლებიც საქართველოში არსებობდნენ და გააჩნდათ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონება. ამ პრობლემაზე მიუთითებდა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელიც: „ასეთი საკუთრება საქართველოში ჩვენც გვაქვს და არც ჩვენ უნდა დავიჩაგროთ, რადგან სამართალი არ შეიძლება იყოს ორი – ის ყოველთვის ერთია“[42]. თუმცა პრობლემის სხვა მხარეზეც მიუთითებდნენ მკვლევარები: „მართალია, „საქართველოს სახელმწიფო“ ამჟამად არის საქართველოს საპატრიარქოსთვის ჩამორთმეული ქონების გარკვეული ნაწილის მფლობელი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მიმართ გამოჩენილი ვანდალიზმისთვის პასუხი სახელმწიფომ უნდა აგოს. 1921-90 წლებში ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელია საბჭოთა კავშირი და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი. ამიტომ საქართველოს საპატრიარქომ სწორედ მას უნდა მოსთხოვოს მატერიალური და მორალური ზარალის მიყენების ფაქტის აღი-არებაც და ანაზღაურებაც“[43]. ქონებრივ საკითხებთან კავშირშია „ისტორიული მეპატრონის“ იდეა, რომელიც ხელშეკრულე-ბის მე-8 მუხლშია მოცემული. ამ პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვაში (მუზეუმებში, საცავებში) მყოფ საეკლესიო საგანძურს (კერძო საკუთრებაში არსებული ნაწილის გარდა). კრიტიკოსები მიუთითებდნენ, რომ ამგვარი პრეცედენტი შექმნიდა ვითარებას, როცა სხვა სუბიექტებსაც შეიძლება მსგავსი ინტერესი ჰქონოდათ, დაებრუნებინათ საკუთარი „ისტორიული ქონება“: „ჩვენს მუზეუმებსა და სიძველეთსაცავებში მრავლად არის „არაქართული“ წარმოშობის ნივთები, ხელნაწერები და სხვ. ძნელი არ უნდა იყოს იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდება, ყველა ისტორიულმა მეპატრონემ, მათ შორის, სხვა ეთნიკური თუ კონფესიური ერთობების წარმომადგენლებმაც რომ განაცხადონ პრეტენზია ასეთ ექსპონატებზე. აი, მაშინ კი ვერასგზით ვერ ავიცდენთ საერთაშორისო სასამართლოსაც გაცილებით მძიმე ფინანსურ შედეგებით“[44], – მიუთითებს შუქია აფრიდონიძე. უკვე განხილულ სხვა საკითხებთან ერთად პრობლემურია თავად ზიანის ოდენობის გამოთვ-ლაც. მისი დათვლაც თითქმის შეუძლებელია. ეს სირთულე გაურკვეველს ხდის ვალდებულების შესრულების საკითხს. ხელშეკრულების თანახმად, ძნელია გაირკვეს, თუ როდის უნდა ჩაითვალოს ზიანი ანაზღაურებულად. ამგავრი კრიტერიუმი არ არის დაზუსტებული არც სხვა საკანონმდებლო თუ პოლიტიკის დოკუმენტით. ქონებრივი ურთიერთობების განხილვისას აუცილებელია მივუთითოთ კონკორდატის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტზე, რომლის გარშემოც წარმოიშვა სამართლებრივი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში. აღნიშნული პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიასთან შეთანხმებით იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე. აღნიშნული ჩანაწერი გაასაჩივრა მოქალაქე ზურაბ აროშვილმა „მართმადიდებელი ეკლესია საქართველოში“ წარმომადგენელმა, რომელიც დაობდა, რომ ჩანაწერი ზღუდავდა რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციურ შინაარსს. 2002 წლის 22 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ განჩინებით (№2/18/206) განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ ხელშეკრულების მონაწილე ეკლესიის ტერმინოლოგიას, სიმბოლიკას და ა.შ. შესაბამისად, სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შეუზღუდავად შეეძლოთ საკუთარი სიმბოლიკის, ტერმინოლოგიის გამოყენება, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადება და ა.შ. თანამშრომლობის პრინციპიხელშეკრულებით განსაზღვრულია არაერთი სფერო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია თანამშრომლობის განზრახვას აცხადებენ. განათლების სფერო ცალკეა გამოყოფილი და ხელშეკრულებით განსაზღვრულია რამდენიმე სტანდარტი: მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ სწავლის ნებაყოფლობითობა, რელიგიური დაწესებულებების მიერ გაცემული სამეცნიერო ხარისხების აღიარება, ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა. თანამშრომლობის აღნიშნული პრინციპი ნებაყოფლობითობის და დისპოზიციურობის პრინციპებზე დგას, რაც გულისხმობს, რომ არსებობს თანამშრომლობის შესაძლებლობები, თუმცა მხარეები არ არიან ვალდებული, ასეთი შეთანხმებები ჰქონდეთ (მუხლი 5). ზოგადად, დისპოზიციური ნორმები ხელშეკრულებაში უხვადაა, რაც სახელმწიფოს უტოვებს შესაძლებლობას, მცირე კვორუმის პირობებში ცვალოს ეკლესიასთან დადებული სხვადასხვა შეთანხმება ან საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილება. საკონსტიტუციო შეთანხმება და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემებიკონსტიტუციურმა შეთანხმებამ არა მხოლოდ სამართლებრივი გაგებით განსაზღვრა მართ-მადიდებლური ეკლესიის პრივილეგიები, არამედ დიდი უპირატესობა მისცა მას პოლიტიკური თვალსაზრისითაც. მიგვაჩნია, რომ რელიგიური უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემების ერთ-ერთ საფუძველს კონსტიტუციური შეთანხმების ტექსტი ქმნის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტექსტის ფორმალისტური წაკითხვა და ინეტრპრეტაციის სიტყვასიტყვითი, გრამატიკული თუ ლექსიკური მეთოდების მოშველიება ვერ დაგვეხმარება ხელშეკრულების პოლიტიკური ეფექტის გაზომვაში. თუმცა, თუ ხელშეკრულების წაკითხვისას ტელეოლოგიურ მიდგომას გამოვიყენებთ, აშკარა გახდება, რომ ხელშეკრულების ავტორებსაც და მხარდამჭერებსაც ეკლესისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭება ჰქონდათ მიზნად განზრახული და ამას ადასტურებს როგორც მოსამზადებელ სტადიაზე გამოთქმული პოზიციები, ისე ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ განვითარებული მოვლენები. პირველს უკვე შევეხეთ წინა თავებში და ამჯერად მოკლედ მიმოვიხილავთ ხელშეკრულების დადების შემდეგ არსებულ რეალობას. გამორჩეული სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსი „ღმერთმა დაგლოცოთ“ ქრისტიანულ სამყაროში მიღებულია და ეს კონსტიტუციაში წერია, რომ ქრისტიანები ვართ და რელიგია ასულია კონსტიტუციის დონეზე და ვერ ვიგებ, რაზე მესაუბრებით თქვენ“[45] – მოსამართლე ტაბაღუამ კარგად გადმოსცა ის განწყობა, რაც საყოველთაოდ გაზიარებულია პოლიტიკურ და საჯარო ინსტიტუტებში. მიუხედავად საკონსტიტუციო დანაწესის ნეიტრალური ბუნებისა, სახელმწიფომ ხელშეკრულების დადების ფაქტი აღიქვა როგორც განსაკუთრებული სტატუსი და ეს კარგად ჩანს ამ ფრაზაშიც. მკვლევარები ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას პოლიტიკური მიზნებით ხსნიან: „ყველა ხელისუფალი, დაწყებული ედუარდ შევარდნაძით და დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით, ეკლესიის მხარდაჭერას იყენებდნენ როგორც იარაღს ლეგიტიმაციისთვის, ასევე, პოლიტიკური პროცესების დაბალანსება-შენარჩუნებისთვის. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ შევარდნაძის გადადგომის ფაქტი, როცა მაშინდელი პარლამენტის, „იმელის“ შენობაში მან გამოაცხადა პოსტიდან თავისი გადადგომა, გარეთ მიმდინარეობდა მასობრივი მიტინგი, კთალიკოს-პატრიარქი მივიდა შენობაში და საჯაროდ მისცა კურთხევა, როგორც მისი სულიერი ერის შვილს, რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო“[46]. პოლიტიკური კრიზისების დროს ეკლესის გამოყენება ლეგიტიმაციის წყაროდ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ 2003-07 წლებში სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობა ბევრს აფიქრებინებდა „დეესტაბლიშმენტის“ პროცესის მოახლოებას, სიტუაცია შეიცვალა 2007 წელს. პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი გადადგა და ხელახალი არჩევნების გზით დაბრუნდა ხელისუფლებაში, სახელმწიფომ რადიკალურად შეცვალა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დამოკიდებულება, რისი დადასტურებაცაა 2009 წლის ბიუჯეტი, როცა 25 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა ეკლესია, მაშინ როცა წინა წლის დაფინასება 2,5-ჯერ ნაკლები იყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მონაწილეობა ოფიციალურ ცერემონიებში, შეხვედრები სახელმწიფოში სტუმრად მყოფ დიპლომატიურ დელეგაციებთან და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ პატრიარქთან გამართული შეხვედრები, სადაც საჯარო პოლიტიკის საკითხები „თანხმდებოდა“ მხარეებს შორის, კარგად მიუთითებს აღნიშნული ეკლესიის მაღალ პოლიტიკურ მნიშვნელობასა და სტატუსზე. ამასვე ადასტურებს 2015 წლის N176 მთავრობის დადგენილებაც, რომლის თანახმადაც, კათოლიკოს-პატრიარქის წარდგინებით 40 თანამშრომელს შეუძლია ისარგებლოს სამსახურებრივი პასპორტით და დიპლომატიური პასპორტით სარგებლობის უფლება აქვს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ქორეპისკოპოსს, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველს და საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის „მომლოცველთა სამსახურის“ დეპარტამენტის თავმჯდომარეს[47]. აღნიშნული შესაძლებლობა სახელმწიფო მოხელეების სპეციალურ პრივილეგიას განეკუთვნება[48], თუმცა, როგორც ვხედავთ, ამ პრივილეგიით სარგებლობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც აქვთ გადაცემული. რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაუკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ფინანსუ-რი დახმარების გაწევა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან. თანხების გამოყოფა რამდენიმე კითხვას აჩენს: კანონიერია თუ არა ეკლესიის დაფინანსება ბიუჯეტიდან? დაფინანსება სახელმწიფოს კეთილი ნების გამოხატვაა, თუ მისი საკანონმდებლო ვალდებულება? კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლით სახელმწიფო აღიარებს ეკლესიისათვის მიყენე-ბული მორალური და მატერიალური ზიანის ფაქტს და კისრულობს ამ ზიანის კომპენსაციას. გაუგებარი რჩება, თუ რას ეყრდნობა სახელმწიფო საბჭოთა დროს მიყენებული ზიანის გამოთ-ვლისას. საინტერესო რჩება კითხვები: თუ საბიუჯეტო დაფინანსება კომპენსაციის ნაწილია, რაზეც არაერთხელ მიუთითა ორივე მხარემ, მაშინ საინტერესოა, რა მოცულობისაა ეს ვალდებულება და როდის მოხდება მისი საბოლოოდ გასტუმრება? საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 იანვარის დადგენილებით[49] მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის გარდა, დამატებით ოთხი რელიგიური გაერ-თიანებისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზ-ღაურების შესახებ. ამ დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს მათთვის, ვინც 2014 წლის 27 იანვრამდე რეგისტრირებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, ესენია: ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოცი-ქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებები. დადგენლება გააკრიტიკეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველმა. საკუთარ მოხსენებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ეს დადგენილება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებზეც უნდა გავრცელდეს, ვინაიდან საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი არ არის მხოლოდ 2014 წლის 27 იანვრის დადგე-ნილებით განსაზღვრული რელიგიური ორგანიზაციები[50]. ამ დადგენილებასთან მიმართებაშიც რელევანტური რჩება ჩვენ მიერ ზემოთ დასმული კითხვები და მიგვაჩნია, რომ დაფინანსების არსებული წესი არათუ ათანასწორებს რელიგიურ ორგანიზაციებს, არამედ დისკრიმინაციის ახალ საფუძველს ქმნის, რაც აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებშიც. რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, როგორც პრობლემურ საკითხს, სახალხო დამც-ველის არაერთი მოხსენება მიეძღვნა[51]. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბოლო წლების ციფ-რები. კერძოდ, „2013 წელს ეკლესიის დაფინანსებამ შეადგინა 29 220 349.7 ლარი, ამ თანხის 13% – ის გაცემა მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან“[52]. აქვე უნდა აღინიშნოს, „რომ 41 მუნიციპალიტეტის დოკუმენტების (რომლითაც ფინანსური დახმარება გამოეყო საპატრიარქოს) შესწავლისას ირკვევა, რომ ნახევარზე მეტ (52%) შემთხვევაში, თვითმმართველი ერთეულისთვის უცნობი იყო გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა“[53]. უფრო სავალალო შედეგია, უძრავი ქონების გადაცემის მიზნობრიობასთან დაკავშირებით, კერძოდ, თითქმის ათიდან ცხრა შემთხვევაში უცნობია (86%) ქონების გამოყენების მიზნობრიობა[54]. განახლებულ მონაცემებს გვთავაზობს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევა, რომლის თანახმადაც, 2014-15 წლებში დაფინანსებამ 32 მილიონს გადააჭარბა[55]. უპირატესი საგადასახადო რეჟიმისაქართველოს საგადასახადო კოდექსი აწესრიგებს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის დაბეგვრის წესს. კოდექსის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლება რელიგიური საქმიანობა. ამიტომ მასზე მოქმედებს განსხვავებული დაბეგვრის წესი. დაბეგვრის მიზნებისათვის რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგა-ნიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება. რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომლიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად. მოგების გადასახადისგან თავისუფლდება საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება[56]. საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლით დღგ-ისგან თა-ვისუფლდება საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით. ამავე მუხლით დღგისგან თავისუფლდება ისეთი მომსახურება, რომელიც ეხება საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციას და მოხატვას. საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია რე-ლიგიური და სხვა ორგანიზაციების ქონება, რომელიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანო-ბისთვის, ასევე კულტულ და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები. საქართველოს საპატრიარქოს განცალკევებით მოხსენიება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის, რაზეც სახალხო დამცველიც მიუთითებს: „საგადასახადო კანონმდებლობა მხოლოდ ერთი კონკრეტული ეკლესიის მიმართ ადგენს რეგულირების რეჟიმს, რაც არათანაბარ გარემოში აქცევს სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს“[57]. იმავე შინაარსისაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაც: „პრობლემად რჩება ქართული მართმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული საკანონმდებლო და საგადასახადო სტატუსი“[58]. მართმადიდებლური ეკლესიის აღნიშნული პრივილეგირებული მდგომარეობის გამო, 2015 წლის 15 ოქტომბერს რვა (ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნონი, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, წმინდა სამების ეკლესია, ქრისტეს ეკლესია) რელიგიურმა ორგანიზაციამ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასხადო პრივილეგიების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა კონსტიტუციის მე-14 მუხლთან წინააღმდეგობის გამო. რელიგიური ნიშნით დევნა და ეფექტური რეაგირების პრობლემარელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებულ ძალადობას აქვს სისტემატური ხასი-ათი. კონკრეტული რელიგიური ჯგუფების მიმართ ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველის 2004 წლის ანგარიშში იყო საუბარი და ეს პრობლემა მწვავედ იყო განხილული. 2015 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში პრობლემა კვლავ გვხვდება და საკმაოდ მძიმედაა წარმოდგენილი. იეჰოვას მოწმეები, მუსლიმთა თემი, ევანგელისტ-ბაპტისტები, ანგლიკანური ეკლესია, ეს არას-რული ჩამონათვალია იმ რელიგიური ორგანიზაციების, რომელთაც არბევენ, უზიანებენ ქონებას, რელიგიური დანიშნულების ნივთებს და ა.შ. თუ ძალადობის ფაქტების რაოდენობა 2005 წელს ათეულის ფარგლებში რჩებოდა და 2012 წლამდე წლიური მაჩვენებლი არ აცდენია 20-მდე შემთხვევას, 2013 წლის შემდეგ, როდესაც კარგად დაგეგმილი და სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებული არაერთი დევნის შემთხვევა მოხდა მუსლიმი თემის წინააღმდეგ ნიგვზიანში, წინწყაროში, ციხისძირში, სამთაწყაროში, ჭელაში – დევნის ფაქტებმა ორჯერ მოიმატა. მაგალითად, 2014 წლის საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფის, დისკრიმინაციის 45-მდე ფაქტის შესახებ. აღნიშნული შემთხვევები სრულადაა დოკუმენტირებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებშიც[59]. რელიგიური ნიშნით ძალადობას თან სდევს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ეფექტური რე-აგირების პრობლემა, რაც ხშირ შემთხვევაში წამახალისებელ ეფექტს იძლევა მოძალადეთათვის. ეფექტური რეაგირების პრობლემას ვაწყდებით როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისე საგამოძიებო და სასამართლოს მხრიდან. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ კავშირშია რელიგიური ნიშნით ძალადობასთან. სახალხო დამცველის ყველა ანგარიშში, რომელშიც საუბარია რელიგიური ნიშნით ძალადობაზე, განხილულია სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი არაადეკვატური რეაგირების ნიშნები[60]. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს რელიგიური ძალადობის კუთხით, უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნებისმიერი არაეფექტური ნაბი-ჯი ძალადობის ესკალაციის წინა პრობას ქმნის, ისე როგორც ეს ხდებოდა 1998-2003 წლებში. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განგრძობადი პრობლემა ეხება სკოლაში რელიგიის სწავ-ლებას, რაც რელიგიური ნიშნით დევნის საფუძელი ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, 2004 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, სახალხო დამცველის თითქმის ყველა ანგარიშშია საუბარი. საჯარო სკოლებში პროზელიტზმი, ინდოქტრინაცია, არააკადემიური მიზნით რელიგიური სიმბოლოების გამოფენა სასკოლო სივრცეში პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მრავლადაა ფაქტები, როდესაც მასწავლებელთა მხრიდან ადგილი აქვს არამართმადიდებელი რელიგიის მიმდევარ მოსწავლეთა მიმართ ძალადობას და სიძულვილის გამოვლენას[61]. 2010 წელს რასიზმის და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპულმა კომისიამ (ECRI) საქართ-ველოსთან მიმართებაში გაკეთებულ მოხსენებაში პირდაპირ აღნიშნა, რომ „პრობლემად რჩება მასწავლებლებისაგან იმ მოსწავლეების შევიწროება, რომლებიც უმრავლესობის რელიგიას არ განეკუთვნებიან“. შემაშფოთებელია ასევე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რელიგიის სწავლების მეთოდიკა და შინაარსი. რელიგიასთან თემატურად დაკავშირებული საგნები პედაგოგების მხრიდან აღიქმება როგორც „საღვთო რჯულის“ სწავლება[62] და აქცენტი კეთდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. რელიგიურ უმცირესობათა ქონების მიტაცების ფაქტებიეკლესიებს შორის არსებული ქონებრივი დავები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელიც ნათლად წარმოაჩენს რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციას. რელიგიური ორგანიზაციების უდიდეს უმრავლესობას საკუთრებაში არ მიუღია ისტორიული მემკვიდრეობა. საუკეთესო შემთხვევაში მათ მიერ ქონებით სარგებლობა სახელმწიფოსთან დადებული ინდივიდუალური შეთანხმებით რეგულირდება, რომელიც ქონებით სარგებლობის უფლებას აწესებს. ხშირ შემთხვევაში უმცირესობათა ორგანიზაციები ფაქტობრივად ფლობენ ქონებას, ყოველგვარი სამართლებრივი რეგულირების გარეშე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკ-ლესიისთვის ისტორიულად კუთვნილი ქონების დაბრუნების გარანტიები კონსტიტუციურ შე-თანხმებაშია ჩადებული, დანარჩენი დენომინაციების ქონების საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოს კეთილ ნებაზე რჩება დამოკიდებული. მაგალითად, მუსლიმთა თემი მოითხოვს ქობულეთის მუნციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში და ქ. ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩა N-100 მდებარე მეჩეთებს. ასევე ახალციხისა და ადიგენის რაიონში მდებარე ხუთ მეჩეთს[63]. პრობლემას ამძაფრებს საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების „მიტაცების“ ფაქტები. 2005 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ისეთი ტიპის ქონებაზე, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაშია, თუმცა ისტორიულად ის უმცირესობათა საკუთრებას წარმოადგენდა[64]. „სომხური ეკლესია საქართველოში ითხოვს 6 ტაძრის დაბრუნებას, ექვსივე ისტორიულად სომხურია. რომელშიც მართმადიდებელ ეკლესიას ჯერჯერობით წირვა-ლოცვა არ დაუწყია“[65]. აღნიშნული ექვსი სომხური ეკლესიის და ზოგადად სადაო ქონების საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია სისტემატურად ხვდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წლიურ ანგარიშებში[66]. კათოლიკური ეკლესიაც აქტიურად ითხოვს საბჭოთა პერიოდში წართმეული ეკლესიების დაბ-რუნებას. „საბჭოთა დროს წართმეული ქონების ნაწილი კვლავ სახელმწიფო მფლობელობაშია და კათოლიკური ეკლესიისათვის პრობლემურია ამ ქონებით სარგებლობა. 90-იან წლებში წამოიჭრა დავა ეკლესიებს შორის. ქუთაისში, ბათუმში, ახალციხის რაიონსა და გორში ამ ეტაპზე კათოლიკურ ეკლესიებში მართმადიდებლური ეკლესიები მოქმედებს. ქუთაისში კათოლიკურმა მრევლმა გაასაჩივრა ეკლესიის მითვისება, თუმცა უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და კათოლიკური მრევლი არაუფლებამოსილ მხარედ ცნო“[67]. აღნიშნული პრობლემა უკვე ორ ათწლეულს ითვლის და მისი მოგვარება დღემდე არ ხდება. დასკვნასაკონსტიტუციო შეთანხმებით სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის კონსტიტუციური ჩარჩო ჩამოყალიბდა. მიუხედავად დეკლარაციული შინაარსისა, შეთანხმების კონსტიტუციურმა სტატუსმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დე ფაქტო და ზოგიერთ შემთხვევაში დე იურე პრივილეგირებული სტატუსი მიანიჭა. შეთანხმების ტექსტში მოცემული თანამშრომ-ლობითი დამოკიდებულება სხვა ეკლესიებს გამორიცხავს ასეთივე ტიპის ურთერთობიდან და თუ ასეთი მაინც ხდება, ეს ეფუძნება ზოგადი შინაარსის ნორმატიულ ბაზას, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს პრივილეგირებულ სტატუსს, რაც უზრუნველყოფს მის ჩართულობას საჯარო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი პირდაპირი ჩანაწერი შეთანხმებაში არ გვხვდება. „ფლუიდური“ კონსტი-ტუციური სტანდარტები შეთანხმების შემდგომი იმპლემენტაციისთვის დამატებით განმარტებას საჭიროებს, ვინაიდან ფაქტია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის განმარტებამ ეფექტი ვერ იქონია საჯარო ინსტიტუტების პრაქტიკაზე და ვერ შექმნა სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობის თანასწორობის გარემო. მეტიც, ხელშეკრულების დადებამ საფუძველი მოუმზადა მანამდე არსებული არაფორმალური პრივილეგიების დაკანონებას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დე ფაქტო „სახელმწიფო ეკლესიის“ სტატუსის მინიჭებას, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით დაცულ „სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის“ პრინციპთან.
[1] თავისუფლების ინსტიტუტის ანგარიშები – „ადამიანის უფლებების მიმოხილვა“, 2002-2003 წლები. [2] გიორგი მელაძე, გიორგი ნონიაშვილი – რელიგიური ორგანიზაციების საკითხი ქართულ კანონმდებლობაში, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა 2016 წელი. [3] 1) U.S. DEPARTMENT of STATE – country reports on human rights practice:http://www.state.gov/j/drl/rls/ hrrpt/1999/330.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2000/eur/760.htm; http://www.state.gov/j/ drl/rls/hrrpt/2001/eur/8256.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2002/18366.htm; http://www. state.gov/j/drl/rls/hrrpt/2003/27838.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2004/41682.htm; 2) თავისუფლების ინსტუტუტის ანგარიშები 2002-2003 წლებში „ადამიანის უფლებების მიმოხილვა 3) Keston Institute – http://www.keston.org.uk/kns/2002/knsindex.shtml; http://www.keston.org.uk/ kns/2001/knsindex.shtml. [4] Tarkhan-Mouravi Gia, Georgia’s European Aspirations and the Eastern Partnership, pg. 52, from The Making of Modern Georgia, 1918-2012: The First Georgian Republic and Its successors, Jones F Stephen (Ed.) 2014, New York. [5] International religious freedom act, 1998 [6] Marta C. Nussbaum, Sex and Social Justice (oxford University Press, 2000), p. 103. [7] Winfried Brugger, On the Relationship between Structural Norms and Constitutional Rights in Church-State Relations, in Winfried Brugger and Michael Karayanni (eds), Religion in the Public Sphere: A Comparative Analysis of German, American and International Law (Springer, 2007) p. 52. [8] Jeroen Temperman, Are State Churches Contrary to International Law?, Oxford Journal of Law and Religion, Vol 2, N1 (2013) p. 130 [9] Johan D van der Vyver, The relationship of Freedom of Religion or Belief Norms to other Human Rights, in Tore Lindholm and others (eds), Facilitating Freedom fo Religion or Belief: A Deskbook (Martinus Nijhoff Publishers, 2004) 85, 105-06. [10] Report of the Special Rapporteur on freedom of religion and belief, A/HRC/10/60 (2011) p. 18. [11] See note 11, p. 143. [12] გიორგი მელაძე, გიორგი ნონიაშვილი – რელიგიური ორგანიზაციების საკითხი ქართულ კანონმდებლობაში, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა, 2016 წელი. [13] კანონპროექტი გამოქვეყნდა 1994 წლის 5 ივნისის საქართველოს რესპუბლიკაში. [14] ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი – „საქართველოს სახელმწიფო და მართმადიდებლური სტალინიზმი“ – 2000 წელი, 29 იანვარი – 7 თებერვალი, გაზეთი ევროპა N13. [15] პროფესორი ვალერი ლორია – „15 მარტს პარლამენტი ეკლესიასთან ხელშეკრულებას დებს“ – 2001 წელი, 22 თებერვალი, გაზეთი რეზონანსი N 050 (2181). [16] პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი – „15 მარტს პარლამენტი ეკლესიასთან ხელშეკრულებას დებს“ – 2001 წელი, 22 თებერვალი, გაზეთი რეზონანსი N 050 (2181). [17] პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჯონი ხეცურიანი – „15 მარტს პარლამენტი ეკლესიასთან ხელშეკრულებას დებს“ – 2001 წელი, 22 თებერვალი, გაზეთი რეზონანსი N 050 (2181). [18] პროტოსინგელოსი არქიმანდრიტი იოანე; წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის მონასტრის წინამძღოლი არქიმანდრიტი გიორგი; მღვდელი კირიონი; მღვდელმონაზონი ანგია; აბასთუმნის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტრის იღუმენი გაბრიელი; თბილისის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელიგელასი: მღვდელიზურაბი; დიაკონი ალექსანდრე; ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი დავითი “სახელმწიფომ საპატრიარქოსთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს“, 2001 წლის 12 მარტი, – გაზეთი რეზონანსი N 064 (2199). [19] პროფესორი შუქია აფრიდონიძე – 2001 წლის 15 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N61. [20] თეიმურაზ დედაბრიშვილი „პოსტკომუნისტური ხელისუფლება და საპატრიარქო ხელისუფლებას იყოფენ!!!“ – 2001 წლის 4 აპრილი – გაზეთირეზონანსი N 089 (2220). [21] ლიბერალ-დემოკრატიული ეროვნული პარტია – მიხეილ ნანეიშვილი – 2001 წლის 16 მაისი, გაზეთი საქართველოს რსპუბლიკა N 116. [22] იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ჯონი ხეცურიანი – „სახელმწიფო და ეკლესია“ 2001 წლის 27 თებერვალი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N47. [23] იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ჯონი ხეცურიანი – „სახელმწიფო და ეკლესია“ 2001 წლის 27 თებერვალი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N47. [24] პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჯონი ხეცურიანი – „15 მარტს პარლამენტი ეკლესიასთან ხელშეკრულებას დებს“ – 2001 წელი, 22 თებერვალი, გაზეთი რეზონანსი N050 (2181). [25] საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი – 2002 წლის 10 ოქტომბერი, გაზეთი რეზონანსი N 276 (2761). [26] „ხელშეკრულება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მზადაა“ – 2001 წელი, 10 იანვარი, გაზეთი რეზონანსი N 007 (2138). [27] კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი მამა ჯუზეპე პაზოტო – 2002 წელი, 19 ოქტომბერი, გაზეთი რეზონანსი N285 (2770). [28] საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მოსამზადებლად საქართველოს პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი წერეთელი – 2001 წელი, 10 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N 57. [29] ინტერვიუ თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელთან ლევან რამიშვილთან. [30] ქრისტიანულ-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია – „პოლიტიკური ბატალიები რელიგიურ თემაზე“ – 2002 წელი, 5 ოქტომბერი, გაზეთი რეზონანსი N 271 (2756). [31] ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი – „საპატრიარქო სხვადასხვა კონფესიაებთან ხელშეკრულების დადებას აპირებს“ – 2001 წელი, 24 იანვარი გაზეთი რეზონანსი N 021 (2152). [32] პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია – „პარლამენტის 10 მარტის გაფართოებული ბიუროს სხდომა“ 2001 წლის 13 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N 59. [33] პროფესორი შუქია აფრიდონიძე – 2001 წლის 15 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N61. [34] იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ჯონი ხეცურიანი – „სახელმწიფო და ეკლესია“, 2001 წლის 27 თებერვალი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N47. [35] საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II – „საუკუნეობით ნაოცნებარი იდეა რეალობად იქცა“ – 2002 წელი, 16 ოქტომბერი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N251-252. [36] საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე – „საუკუნეობით ნაოცნებარი იდეა რეალობად იქცა“ – 2002 წელი, 16 ოქტომბერი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N251-252 „დღევანდელი ჩვენი გამარჯვება, მე ამ სიტყვის არ მეშინია, მიმაჩნია, რომ მართლაც არის ჩვენი ხალხის, მისი უწმინდესობის, პრეზიდენტის მორალური, სულიერი და ზნეობრივი გამარჯვება, რომელიც ხელს შეეუწყობს ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას, ხალხის შეკავშირებასა და ერთ მუშტად შეკვრას“. [37] ირაკლი წერეთელი, პოლიტიკოსი – „საქართველოს საპატრიარქომ კიდევ ერთხელ უარყო ქრისტე და ერთადერთი მაცხოვნებელი სარწმუნოება – მართმადიდებელი ქრისტიანობა“ – 2001 წელი, 9 მარტი, გაზეთი რეზონანსი N 064 (2194). [38] პროტოსინგელოსი არქიმანდრიტი იოანე; წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის მონასტრის წინამძღოლი არქიმანდრიტი გიორგი; მღვდელი კირიონი; მღვდელმონაზონი ანგია; აბასთუმნის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტრის იღუმენი გაბრიელი; თბილისის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი გელასი: მღვდელი ზურაბი; დიაკონი ალექსანდრე; ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი დავითი „სახელმწიფომ საპატრიარქოსთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს“, 2001 წლის 12 მარტი, გაზეთი რეზონანსი N 068 (2199). [39] პროტოსინგელოსი არქიმანდრიტი იოანე; წმ. სერაპიონ ზარზმელის სახელობის მონასტრის წინამძღოლი არქიმანდრიტი გიორგი; მღვდელი კირიონი; მღვდელმონაზონი ანგია; აბასთუმნის წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტრის იღუმენი გაბრიელი; თბილისის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი გელასი: მღვდელი ზურაბი; დიაკონი ალექსანდრე; ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი დავითი “სახელმწიფომ საპატრიარქოსთან ხელშეკრულება არ უნდა გააფორმოს“, 2001 წლის 12 მარტი, გაზეთი რეზონანსი N 068 (2199). [40] ოჯახის თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერის ინიცირების დროს კარგად გამოჩნდა საზოგადოებაში არსებული განსხვავებული პოზიციები. [41] პროფესორი შუქია აფრიდონიძე – 2001 წლის 15 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N 61. [42] კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი მამა ჯუზეპე პაზოტო, 2002 წელი, 19 ოქტომბერი, გაზეთი „რეზონანსი“ N 285 (2770). [43] ფილოსოფოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი „საქართველოს სახელმწიფო და მართმადიდებლური სტალინიზმი“, 2000 წლის 29 იანვარი, გაზეთი ევროპა N13. [44] პროფესორი შუქია აფრიდონიძე, 2001 წლის 15 მარტი, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა N 61. [45] 2015 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ბესარიონ ტაბაღუამ ეს ფრაზა წარმოთქვა პროკრედიტ ბანკიდან განთავისუფლებული თანამშრომლის პროცესზე – ჟურნალი ტაბულა, 2016 წლის 21 იანვარი. [46] ქრისტინე მარგველაშვილი – ეკლესიის გავლენა: პოლიტიკური პროცესები და არჩევნები საქართველოში. რელიგია საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი 2016, გვ 7. [47] მთავრობის დადგენილება N176, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, დანართი N1უ) ქვეპუნქტი. [48] მთავრობის დადგენილება N176, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, დანართი N2 ტ) ქვეპუნქტი. [49] „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურბასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“. [50] 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/3/3512.pdf [51] 51 1) სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/ other/0/83.pdf; 2) სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/86.pdf; 3) სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf; [52] ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) – „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების პრაქტიკა“, 2014 წელი. [53] ადამიანისუფლებებისსწავლებისადამონიტორინგისცენტრი (EMC) დატოლერანტობისდამრავალფეროვნები სინსტიტუტი (TDI) – „ცენტრალურიდაადგილობრივიხელისუფლებისმიერრელიგიურიორგანიზაციებისპრაქტ იკა“, 2014 წელი. [54] ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) – „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ რელიგიური ორგანიზაციების პრაქტიკა“, 2014 წელი. [55] კვლევის შედეგები ორგანიზაციამ 14 ივლისს გამოაქვეყნა, კვლევა ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე: www.tdi.ge [56] საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლი. [57] 2008 წლის მეორე ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0 /80.pdf [58] ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2012 წლის ანგარიში – http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2012 religiousfreedom/index.htm#wrapper [59] U.S. DEPARTMENT of STATE - country reports on human rights practice: http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2012religiousfreedom/index.htm#wrapper;http://www.state.gov/j/ drl/rls/irf/2013religiousfreedom/index.htm#wrapper [60] 1) მაგალითად, 2010 წლის 19 ნოემბრის ყვარლის ინციდენტი „ბაპტისტური ეკლესიის დარბევის ფაქტზე, პოლიციის მიერ გამოძიების შედეგებზე წვდომის შეუძლებლობა“ – სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/84.pdf; 2) 2012 წლის 2 ნოემბრის ნიგვზიანის ეპიზოდი „მუსლიმი მლოცველების უსაფრთხოება ვერ იქნა უზრუნველყოფილი სამართალდამცავების მხრიდან“ – სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/86.pdf; 3)ჭელას და მოხეს ინციდენტები, სადაც სავარაუდოდ, სამართალდამცავების ბრალეულობის საკითხი იკვეთება – სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიში - http://www.ombudsman.ge/uploads/ other/3/3509.pdf; [61] 1) თელავის N2 საჯარო სკოლის ინციდენტი „სკოლის პედაგოგების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა მიმართ შეურაცყოფას, იმის გამო, რომ მათი მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ – 2007 წლის პირველი ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/77.pdf 2) ქალაქ ონში 2012 წელს პედაგოგმა სკოლის მოსწავლე საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მოანათვლინა ადგილობრივ მღვდელს ქრისტიანულად, რომლის მშობლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ - 2012 წლის სახალხო დამცველის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/86.pdf 3) ჩუმლაყის საჯარო სკოლის ინციდენტი „ევანგელურ-ბაპტისტური სარწმუნოების გამო, სკოლის მოსწავლე რამდენჯერმე გახდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი“ – 2013 წლის სახალხო დამცველის ანგარიში – http://www.ombudsman.ge/uploads/other/1/1563.pdf [62] 2004 წლის სახალხო დამცველის ანგარიში - http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/72.pdf [63] 2009 წლის მეორე ნახევრის სახალხო დამცველის ანგარიში –http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/ 83.pdf [64] იქვე. ომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურის მინისტრს, სასწრაფოდ გადაწყვიტოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიისთვის იმ ტაძრების დაბრუნების საკითხი, რომელთა ისტორიული კუთვნილება ეჭვს არ იწვევს, ხოლო დანარჩენ ტაძრების კუთვნილების შესასწავლად სასწრაფოდ შეიქმნას კომპეტენტური კომისია. ამ ეტაპზე, ყველაზე სწრაფად შეიძლება გადაწყდეს შემდეგი ტაძრების დაბრუნების საკითხი: ნორაშენი (თბილისი, ლესელიძისქუჩა) და სურბნიშანი (ახალციხე), რაც იქნება კეთილი ნების გამოვლენისა და დიალოგის დაწყების ნიშანი – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/73.pdf [65] მამა ნარეკი – ჟურნალი ლიბერალი 2009 წლის 6 აგვისტო. [66] U.S. DEPARTMENT of STATE – country reports on human rights practice:http://www.state.gov/j/drl/ rls/hrrpt/2004/41682.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2005/61649.htm; http://www. state.gov/j/drl/rls/hrrpt/2006/78813.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2007/100560. htm; http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/2008/eur/119080.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/ hrrpt/2009/eur/136032.htm; http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2010_5/168312.htm;http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2011religiousfreedom/index.htm#wrapper; http://www.state.gov/j/drl/rls/ irf/2012religiousfreedom/index.htm#wrapper; http://www.state.gov/j/drl/rls/irf/2013religiousfreedom/ index.htm#wrapper; http://www.state.gov/j/drl/rls/irf/religiousfreedom/index.htm#wrapper; http:// www.state.gov/documents/organization/236738.pdf; [67] სახალხო დამცველის ანგარიში, 2006 წელი – http://www.ombudsman.ge/uploads/other/0/76.pdf |