საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1897 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | საქართველოს სახალხო დამცველი |
თარიღი | 26 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადება: „განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“ | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობა:
მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი:
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის - საქართველოს სახალხო დამცველის მიერ (საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით);
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სამართლიანი სასამართლოს უფლება
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. სამართლიანი სასამართლოს უფლება ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“.[1] სამართლიანი სასამართლოს უფლება „ფორმალურად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინაარსობრივად - ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს“.[2] კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას იმგვარი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანად დაცვას.
ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული ხასიათისაა, მისი მიზანი ადამიანის უფლებების და კანონიერი ინტერესების სასამართლოს გზით ეფექტური დაცვის შესაძლებლობის უზრუნველყოფაა. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.[3]
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს სწორედ კონსტიტუციით დამკვიდრებულ ინსტიტუციურ სისტემაში. კერძოდ, უფლება სამართლიან სასამართლოზე არ არის აბსტრაქტული და მოიაზრებს უფლების დაცვის შესაძლებლობას კონსტიტუციის ინსტიტუციური სისტემით განსაზღვრული სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მეშვეობით, კონსტიტუციაში მოცემული ინსტიტუციური მოთხოვნების გათვალისწინებით.“[4]
საქართველოს კონსტიტუცია სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლებში ადგენს საქმის განხილვის ფორმასა და პროცედურასთან დაკავშირებულ გარანტიებს, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, სასამართლოს სხდომის ჩატარებას ზეპირი მოსმენით, მხარეთა პირისპირ მონაწილეობის გზით, რაც გამომდინარეობს საქმის განხილვის უშუალობის პრინციპიდან.
სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება „არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა.“[5]
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე თითოეულ პირს ანიჭებს შესაძლებლობას, რომ მისი არა ნებაყოფლობითი მკურნალობის საკითხი განიხილებოდეს და წყდებოდეს დამოუკიდებელი და ობიექტური ორგანოს მიერ, სამართლიანი პროცედურების დაცვით. ამდენად, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მათ შორის, მოიცავს პირის უფლებას, მისი საქმე განხილულ იქნეს შესაბამისი სამართლიანი პროცესუალური გარანტიების დაცვით. ამ მხრივ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ გარანტიას წარმოადგენს პირისპირ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
პირისპირ, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის კომპონენტი სამართლიანი სასამართლოს უმნიშვნელოვანესი გარანტიაა - „საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით, სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას“.[6]
ზეპირი მოსმენა პირდაპირ კავშირშია მოსამართლის მიერ საქმის უშუალოდ განხილვასა და მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევასთან. საქმის უშუალოდ განხილვა სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი გარანტიაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მოსამართლის მიერ უშუალოდ შესწავლილ მტკიცებულებებს. ასეთ პირობებში მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა, უშუალო შესწავლის გზით, გადაამოწმოს მტკიცებულებათა სანდოობა და მის შესაბამისად ჩამოიყალიბოს შინაგანი რწმენა.[7]
განსახილველი სარჩელი შეეხება კონკრეტულად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს და მათთვის არა ნებაყოფლობითი მკურნალობის შესახებ სასამართლო განხილვის უშუალობის პრინციპს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ იქნება რეალიზებული თუ მოსამართლე, როგორც არა ნებაყოფლობითი მკურნალობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი და მართლმსაჯულების წარმომადგენელი, არ/ვერ შეაფასებს პაციენტის რეალურ მდგომარეობას უშუალობის პრინციპის საფუძველზე. შესაბამისად აღნიშნულ საკითხს მიმართება აქვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ ფარგლებში.
სადავო ნორმის შინაარსი და უფლების შეზღუდვა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2118-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად „განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, მოსამართლე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განსახილველად ატარებს გასვლით სასამართლო სხდომას იმ სტაციონარში, რომელშიც პაციენტი/მსჯავრდებული იმყოფება, ან სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“[8]
აღნიშნული წესი სასამართლოს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას, მიიღოს გადაწყვეტილება და არ ჩაატაროს საქმის განხილვა სტაციონარში და პაციენტმა/მსჯავრდებულმა საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, რაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის ხელშემშლელი გარემოება შეიძლება გახდეს. ამგვარი საქმის გადაწყვეტისას მოსამართლემ უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და პაციენტის ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა, ის არ წყვეტს მხოლოდ სამართლებრივი შინაარსის საკითხს, შესაბამისად, ადგილზე სხდომის ჩატარებას და პირის მდგომარეობის შესწავლას ენიჭება მნიშვნელოვანი როლი. მოსამართლემ უნდა შეაფასოს, რამდენად დასაბუთებულია ექიმთა კომისიის მოთხოვნა არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ და რამდენად შეესაბამება ის პაციენტის რეალურ სურათს.
დისტანციური პროცესის პირობებში, სასამართლოს შესაძლოა ობიექტურად ვერ შეეძლოს პაციენტის მდგომარეობის სათანადოდ შეფასება, რის შედეგადაც გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ ექიმთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საქმის გარემოებების სრულფასოვნად შესწავლის გარეშე. დისტანციური საშუალებებით მოსამართლეს უჭირს პაციენტის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება - გაუმჯობესებულია თუ არა ის, ან როგორია პაციენტის რეაქცია მიმდინარე პროცესზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დისკრეციის ამ ფორმით განხორციელება არღვევს პაციენტის სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის გადაწყვეტისთვის ასევე მნიშნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გამოყენების პრაქტიკა. სახალხო დამცველმა, შეისწავლა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პროცესის ონლაინ ჩატარების სტატისტიკა. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფომრაციით,[9] 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით განხილულ იქნა სულ 110 საქმე და ყველა სხდომა ჩატარდა დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით. პაციენტის ადვოკატები მონაწილეობას იღებდნენ ძირითადად დისტანციურად (სტაციონარში არ იმყოფებოდნენ და სხვა ადგილიდან ერთვებოდნენ დისტანციურად). შპს „იმერმედის – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით,[10] ზემოთ მითითებულ პერიოდში განხილულ იქნა ერთი საქმე, რომელიც ასევე ჩატარდა დისტანციურად. შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის[11] თანახმად, 68 საქმე იქნა განხილული და ყველა შემთხვევა სასამართლომ განიხილა დისტანციურად, სადაც ადვოკატებიც ერთვებოდნენ დისტანციურად (არ იმყოფებოდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტი იყო განთავსებული). შპს „ღია გული-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის[12] თანახმად, 23 პაციენტის საქმე იქნა განხილული, ყველა დისტანციურად (ადვოკატებიც ერთვებოდნენ დისტანციურად, და არ იმყოფებოდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში). შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით,[13] ზემოაღნიშნულ პერიოდში 79 საქმე იქნა განხილული და ყველა საქმე ჩატარდა დისტანციურად.
გარდა ამისა, პაციენტებისთვის ხშირად გაუგებარია თავად ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს სასამართლო განხილვა, რაც მათ პროცესში ჩართულობას კიდევ უფრო ართულებს. დისტანციური სასამართლო სხდომა ასევე მნიშვნელოვნად ართულებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენას. როდესაც მოსამართლეს აქვს უშუალო, პირადი კონტაქტი პაციენტთან, მან შესაძლოა თვითონვე შეამჩნიოს არასათანადო მოპყრობის ნიშნები და მიიტანოს ეჭვი შესაბამისი გარემოებების არსებობაზე. დისტანციური რეჟიმის პირობებში კი მსგავსი ნიშნების დაფიქსირება მნიშვნელოვანად გართულებულია, რაც ამცირებს პროცესის ეფექტიანობას და ზრდის პაციენტის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკს.
ლეგიტიმური მიზანი
სადავო რეგულირებით გათვალისწინებული შეზღუდვა შესაძლოა ემსახურებოდეს სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების, საქმეთა განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისა და პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზნებს. ასევე ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს პროცესის ეკონომიურობის ინტერესი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პროცესის ეკონომიურობა უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის და დასაშვებია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა მის უზრუნველსაყოფად.[14]
სადავო ნორმით დადგენილი წესი, რომელიც პაციენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში, ითვალისწინებს დისტანციურად საქმის განხილვას, სამართალწარმოების პროცესს უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროცედურის სიმარტივე განაპირობებს მართლმსაჯულების სისწრაფესა და ეფექტურობას.“[15] ამრიგად, სადავო ნორმით განსაზღვრული წესი, რომელიც ადგენს დისტანციურ განხილვას, წარმოადგენს სწრაფი მართლმსაჯულების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. ამასთანავე, სასამართლოში საქმის დისტანციური განხილვა შესაძლოა იწვევდეს სასამართლოს რესურსის ხარჯვის კლებას. ამდენად, გასაჩივრებული რეგულირებით დადგენილი შეზღუდვა, ლოგიკურად, შესაძლებელს ხდის სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის ეკონომიურობის მიზნების მიღწევას.
პროპორციულობა ვიწრო გაგებით
საკონსტიტუციო სასამართლოს თანახმად, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვისას აუცილებელია დაცული იყოს პროპორციულობის პრინციპი ვიწრო გაგებითაც, რაც გულისხმობს სამართლიანი ბალანსის დამყარებას შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის. აღნიშნულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ოპერატიულად და ნაკლები ხარჯებით განხორციელების ლეგიტიმური მიზანი და, მეორე მხრივ, პირის ფუნდამენტური უფლება, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ შეაფასოს მისი ფსიქიკური მდგომარეობა უშუალოდ, პირისპირ კონტაქტით და მხოლოდ ამის შემდეგ დაუნიშნოს ნების საწინააღმდეგო მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური გარანტია, არამედ მთელი საზოგადოების ინტერესის მატარებელი ინსტრუმენტი და მისი განხორციელება უზრუნველყოფს ნდობას სამართლებრივი სახელმწიფოსადმი.[16]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, იმ საქმეებზე, სადაც მოსამართლე წყვეტს არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ ფაქტობრივ გარემოებებს, მტკიცებულებათა უშუალო გამოკვლევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.[17] ფსიქიატრიულ პაციენტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეყრდნობა ძირითადად ცოცხალ მტკიცებულებებს, როგორიცაა პირადი შთაბეჭდილებები, დაკვირვება ან ეჭვის გაჩენის შესაძლებლობა პაციენტის ქცევიდან, მეტყველებიდან, რეაქციებიდან, ემოციური მდგომარეობიდან და ა.შ. მოსამართლე ამ მტკიცებულებების სრულფასოვან შეფასებას დისტანციური ტექნოლოგიით უბრალოდ ვერ შეძლებს ან უკიდურესად გაუჭირდება.
მოსარჩელე მხარე ხაზგასმით აცხადებს, რომ სწრაფი და ეკონომიური მართლმსაჯულების განხორციელება ლეგიტიმური მიზანია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც იგი არ უშლის ხელს სხვა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. როგორც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა.[18]
სადავო ნორმა, რომლიც ეხება პირის არა ნებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ სამართლებრივ ქმედებას, რომელიც უკავშირდება პირის ფუნდამენტურ უფლებას – თავისუფლების და ჯანმრთელობის უფლებას. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად მოსამართლეს მოეთხოვება არა მხოლოდ ფორმალური კრიტერიუმების დადგენა, არამედ პაციენტის მდგომარეობის, ქცევისა და გამოხატული პოზიციის შეფასება. როგორც აღვნიშნეთ, სწორედ იმ შემთხვევებში, როდესაც საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, იზრდება ზეპირი განხილვის და უშუალობის პრინციპის მნიშვნელობა. შესაბამისად, მოსამართლეს, რომელიც არ იმყოფება ადგილზე და მხოლოდ ვიდეოკავშირის მეშვეობით აკვირდება პაციენტს, ფაქტობრივად ეზღუდება შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისთვის საჭირო მტკიცებულებების პირდაპირი აღქმის შესაძლებლობა, რაც არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსს.
როგორც აღვნიშნეთ, სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ინტეგრირებული ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია უშუალობის პრინციპი. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, უშუალობის პრინციპი გულისხმობს იმ მოსამართლის უშუალო მონაწილეობას მტკიცებულებათა გამოკვლევასა და მხარეთა მოსმენაში, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე. აღნიშნული პრინციპი არა მხოლოდ პროცედურული წესი, არამედ ეფექტური მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პირობაა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა არა ნებაყოფლობითი მკურნალობის საქმეებში უშუალობის პრინციპს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებებით, კერძოდ, ერთის მხრივ, შეფასება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი საკითხით – მოსამართლეს ევალება შეაფასოს პიროვნების ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა, რაც მოითხოვს პირდაპირ, ვიზუალურ დაკვირვებასა და კომუნიკაციას, რათა ჩამოაყალიბოს შინაარსობრივად დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სირთულეები და დაუცველობა – პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ფსიქიკურ ჯანმრთელობის მდგომაროების კრიზისში, ხშირად ვერ ახერხებენ ადეკვატურად გამოთქვან თავიანთი პოზიცია ან გაასაჩივრონ მკურნალობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. ასეთ ვითარებაში მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი ხშირად არის ერთადერთი გზა პაციენტის მდგომარეობის რეალურად შესაფასებლად და შესაძლო არასათანადო მოპყრობის აღმოჩენისთვის.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინკლუზიური პრინციპები ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე (UN Principles for the Protection of Persons with Mental Illness, 1991) – ხაზს უსვამს უფლებას, რომ პაციენტს ჰქონდეს წვდომა დამოუკიდებელ სასამართლოზე და სამართლიან პროცესზე, მათ შორის უშუალო მოსმენაზე. Committee for the Prevention of Torture (CPT) – CPT არაერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს ჰქონდეთ დაცვის უფლების ეფექტური განხორციელების საშუალება, რაც მოიცავს პირადად მოსამართლესთან შეხვედრას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თვითნებური ან არასათანადო მოპყრობა.[19]
მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები,ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის კონტექსტში, მათ შორის Winterwerp v. Netherlands (1979), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ პაციენტის თავისუფლების შეზღუდვის პროცესში მოსამართლემ უნდა გაარკვიოს პირის ფსიქიკური მდგომარეობა სანდო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ხშირ შემთხვევაში მოითხოვს უშუალო დაკვირვებას. ასევე, X v. United Kingdom (1981), სადაც სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხზე სასამართლო განხილვა ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მოსამართლეს არ აქვს საშუალება პირადად ნახოს და მოუსმინოს პაციენტს. ასევე, საქმე M.S. v. Croatia (No. 2) (2015), აღნიშნულ საქმეში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა დარღვევა იმ საფუძველზე, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ სამედიცინო დასკვნებს და არ ჰქონდა პაციენტთან უშუალო კონტაქტი.
შესაბამისად, სადავო ნორმით გათვალისწინებული დისტანციური განხილვის მექანიზმი, რომელიც შემთხვევების თითქმის 100%-ში გამოიყენება პრაქტიკაში, ამცირებს სასამართლო განხილვის უშუალობის ხარისხს და არღვევს საერთაშორისო და კონსტიტუციურ მოთხოვნებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირების საქმეებში მოსამართლეს არ შეუძლია მხოლოდ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება - ის ვალდებულია შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა პირადად, უშუალო დაკვირვებით.
დისტანციური სასამართლო განხილვა ამ მნიშვნელოვან გარანტიას არ უზრუნველყოფს და ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ სასამართლო მხოლოდ ფორმალურად შეასრულებს საკუთარ როლს, ფაქტობრივად კი პაციენტის უფლებების ეფექტური დაცვა ვერ იქნება მიღწეული. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომლებიც განსაკუთრებულად მკაცრ მოთხოვნებს აყენებენ მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირის თავისუფლების შეზღუდვას და იძულებითი ხასიათის მკურნალობას.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1;
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4;
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14;
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები – ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები – ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68;
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59;
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61;
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/4/1300 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი გულაბერიძე და ბადრი შუშანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12;
[8] აღნიშნული წესი დაემატა 2018 წლის, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია რომ „კანონპროექტის მიღების მიზეზია ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის არსებული წესის ნაკლოვანებათა აღმოფხვრა, მისი გაუმჯობესება განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაში პაციენტის დისტანციური მონაწილეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემოღების გზით.“ „არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვის არსებული წესის გაუმჯობესება დახვეწა, მისი დაჩქარება, განსაკუთრებულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაში პაციენტის დისტანციური მონაწილეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობის შემოღების გზით. აღნიშნული ცვლილებები მოემსახურება საქმისწარმოების დაჩქარების, არსებული პროცედურის გამარტივებისა და მართლმსაჯულების შეუფერხებლად განხორციელების ინტერესს.“
იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/170426
[9] შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ 2024 წლის 2 ოქტომბრის N1000395 5 24 01044022 წერილი;
[10] შპს „იმერმედის – იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის“ 2024 წლის 4 ოქტომბრის N1109 წერილი;
[11] შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ 2024 წლის 26 სექტემბრის N317 წერილი;
[12] შპს „ღია გული-საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ 2024 წლის 4 ოქტომბრის N689/01 წერილი;
[13] შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ 2024 წლის 1 ოქტომბრის N1651 წერილი;
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69;
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის №2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30;
[16] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/574, II-90;
[17] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ილია ჭანტურაია პარლამენტის წინააღმდეგ, №2/2/558, II-42; თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს წარდგენა, №3/2/1478, II-48;
[18] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №3/2/574, II-90;
[19] იხ.: CPT Standards” (2002, ბოლო განახლება 2015) – CPT/Inf/E(2002)1-Rev.2015; CPT General Report 2009 (CPT/Inf(2009)27), პ. 40-41; CPT Report on visit to Georgia (2014, 2018, 2022);
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა