ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1893 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | ვახტანგ ქობალია |
თარიღი | 4 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
,,სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი: ,, ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.“ | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის, ვახტანგ ქობალიას მიერ, რომელიც 1991 წელს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსს წარმოადგენდა. სარჩელს თან ერთვის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ვახტანგ ქობალია დაინიშნა აღნიშნულ თანამდებობაზე.
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმა ადგენს 20 წლიან სამხედრო ნამსახურეობის ვადას სოციალური უზრუნველყოფის მისაღებად. გამონაკლისია 10 წლიანი ვადა 1956 წლის საბჭოთა ქართულ დივიზიებზე, რომლებიც შემდგომ გაუქმდა და ლოგიკურად ვერ ექნებოდათ 20 წლიანი ნამსახურეობის ვადა.
იგივე წესით უნდა იყოს გამონაკლისი 1991-93 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებზე, ვინაიდან აღნიშნული ეროვნული გვარდია სამხედრო გადატრიალების გამო შემდგომ წლებში დაიშალა და შესაბამისად ვერ გავრცელდება სტანდარტული 20 წლიანი ნამსახურეობის ვადა ნახსენებ გვარდიის წევრებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი ადგენს თანასწორობის პრინციპს, რომლის მიხედვითაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე, თუ 1956 წლის დივიზიაზე ვრცელდება გამონაკლისი, იგივე გამონაკლისი უნდა დადგინდეს 1991-93 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ გვარდიაზე. ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შემთხვევა, როდესაც არსებითად თანასწორს ეპყრობი უთანასწოროდ.
შესაბამისად უნდა გაუქმდეს სადავო ნორმის ის შინაარსი, რომლითაც 20 წლიანი ნამსახურობის ვადა ვრცელდება 1991-93 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებზე და რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, კანონის წინაშე თანასწორობის ძირითად პრინციპს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა