ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N2/19/1893 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 28 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 5 დეკემბერი 2025 15:42 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 4 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1893) მომართა ვახტანგ ქობალიამ. №1893 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 15 სექტემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 28 ნოემბერს.
2. №1893 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციას დაქვემდებარებულ სუბიექტთა წრე. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ, „ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის პრინციპს.
5. №1893 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ვახტანგ ქობალია ვერ ახერხებს სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას. სარჩელზე თანდართული მასალების თანახმად, მოსარჩელე მხარეს 2025 წლის 19 თებერვლის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის წერილით ეცნობა, რომ საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსის ბრძანების ამონაწერის გარდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნებოდა. იმავდროულად, აღნიშნული ინფორმაცია არ იყო საკმარისი წელთა ნამსახურობის ანგარიშის შესადგენად, ამიტომ, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მოსარჩელის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. ასევე, წერილის თანახმად, მოსარჩელეს განემარტა, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობას წარმოადგენდა, სამსახურიდან დათხოვნის დღეს ნამსახურობის ჯამურად 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
6. მოსარჩელის განმარტებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 1991-1993 წლებში არსებული საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებისთვის, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობად, სამსახურიდან დათხოვნის დღეს ნამსახურობის არანაკლებ 20 წლიან ვადას განსაზღვრავს. მოსარჩელის მითითებით, ამ წლებში არსებული ეროვნული გვარდია სამხედრო გადატრიალების შედეგად დაიშალა და, შესაბამისად, გამოირიცხება აღნიშნული წინაპირობის მისი წევრების მხრიდან დაკმაყოფილება.
7. მოსარჩელის არგუმენტაციით, 1991-1993 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებზე უნდა გავრცელდეს ის საგამონაკლისო ნამსახურობის 10 წლიანი ვადა, რომელიც დადგენილია 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს იძულებით დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საგამონაკლისო ჯგუფის და 1991-1993 წლებში არსებული საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრები კანონის მიზნებისთვის არიან არსებითად თანასწორი სუბიექტები, რომლებსაც კანონი უთანასწოროდ ეპყრობა და ამით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1893 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდ არის გამხდარი „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 1991-1993 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებისათვის, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობად განიხილავს დათხოვნის დღეს ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს.
3. მოსარჩელე მხარის მითითებით, სადავო ნორმა, სახელმწიფო კომპენსაციით სარგებლობის თვალსაზრისით, 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) და 1991-1993 წლებში არსებულ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრებს, განსხვავებულ წინაპირობებს უწესებს, რითაც მათ დიფერენცირებულ მდგომარეობაში აყენებს. მოსარჩელის არგუმენტაციით, 1991-1993 წლის ეროვნული გვარდიის წევრებზე უნდა გავრცელდეს ის საგამონაკლისო 10 წლიანი ვადა, რომელიც დადგენილია 1956 წლის სამხედრო შენაერთის წევრებისათვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ასევე, „კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-2).
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების დარღვევის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმა, არსებითად თანასწორ პირებს უქმნის განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით თუ ვალდებულებებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის №2/3/663 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თამარ თანდაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის №1/6/1320 გადაწყვეტილება საქმეზე „ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამისათვის კი აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომელთა შორისაც ადგილი აქვს დიფერენცირებულ მოპყრობას. გარდა ამისა, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სადავო ნორმა მას, სხვა არსებითად თანასწორ პირებთან შედარებით, დიფერენცირებულ მდგომარეობაში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
6. შესაბამისად, იმისათვის, რომ №1893 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, ერთი მხრივ, მოსარჩელემ ნათლად უნდა გამოკვეთოს შესადარებელი ჯგუფები, რომელთა შორისაც, სადავო ნორმის საფუძველზე, დადგენილია დიფერენცირებული მოპყრობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაასაბუთოს, რომ კომპენსაციის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული ჯგუფები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე, შესადარებელ პირთა ჯგუფებად გამოყოფს, ერთი მხრივ, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს, მეორე მხრივ კი, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც 1991-1993 წლებში იყვნენ საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის წევრები. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, 1956 წლის სამხედრო შენაერთის წევრებისთვის მოთხოვნილია, საგამონაკლისო წესით, შეიარაღებულ ძალებში ნამსახურობის 10 ან 10-ზე მეტი კალენდარული წელი, მაშინ, როდესაც ეროვნული გვარდიის წევრთათვის გათვალისწინებულია 20 ან 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო განსაკუთრებით ფართო დისკრეციას ფლობს სოციალური პოლიტიკის შემუშავებისას სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის განსხვავებული სახის და ოდენობის მატერიალური სარგებლის განაწილებისას. ცალკეულ სოციალურ ჯგუფებთან მიმართებით შესაძლებელია, სახელმწიფოს სხვადასხვაგვარი მიზანი ამოძრავებდეს. მაგალითისთვის, სოციალური გარანტიების შემოღება შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურში დასაქმების წახალისებას, ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების დაფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 ივნისის №1/8/1527 განჩინება საქმეზე „თეიმურაზ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). ზოგადად, სამხედრო კომპენსაციის მიღების მიზნებისთვის, ნამსახურობის ვადების დიფერენციაცია, მათ შორის, შეიძლება განპირობებული იყოს იმ ისტორიული წინაპირობებით და ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც გამორიცხავს ან შეუძლებელს ხდის ინდივიდის შესაძლებლობას, შეასრულოს სამხედრო სამსახური განსაზღვრული დროით, იქნება ეს 10 წლიანი ან უფრო ხანგრძლივი ვადა. ამგვარ ვითარებაში, სოციალური პოლიტიკის სფეროში სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლებისა და განსახილველი სამართალურთიერთობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, მოსარჩელის მხრიდან, შესადარებელი პირების კონკრეტულად იდენტიფიცირება/წარმოჩენა და მათი არსებითად თანასწორობის ფაქტის დასასაბუთებლად, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენა. ამ თვალსაზრისით, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია განმარტება, მოცემული საკითხის მიზნებისათვის, რატომ წარმოადგენენ, ერთი მხრივ, მოსარჩელე და მის მდგომარეობაში მყოფი პირები, მეორე მხრივ კი, 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) წევრები არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
8. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ შეძლებდნენ, იგი და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა პირები, 10 წელზე მეტი ვადით სამხედრო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა შესადარებელ პირთა ჯგუფების არსებით თანასწორობას ისტორიული ეპოქის, გაწეული სამხედრო საქმიანობის და ამ პროცესში აღებული რისკების გათვალისწინებით. ასევე, მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს მათ და შესადარებელ პირებს ერთნაირ პირობებში და ერთი სამართლებრივი საფუძვლით წაერთვათ თუ არა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობა. შესაბამისად, №1893 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებასთან მიმართებით, შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორობის საკითხს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1893 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1893 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგ ქობალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში