„შპს დუთი ფრი ჯორჯია“ და „შპს დუთი ფრი გლობალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/5/1327 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 21 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 მარტი 2019 15:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „შპს დუთი ფრი ჯორჯია“ და „შპს დუთი ფრი გლობალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ და „ნ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1327) მომართეს „შპს დუთი ფრი ჯორჯიამ“ და „შპს დუთი ფრი გლობალმა“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 14 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 21 მარტს.
2. №1327 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. კონსტიტუციური სარჩელის I ნაწილის „2.ბ“ გრაფაში სადავო ნორმად მითითებულია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების სიტყვა: „აეროპორტში“, ხოლო I ნაწილის „3.ბ“ გრაფაში კი - „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, მომხსენებელმა მოსამართლემ მიმართა მოსარჩელეების წარმომადგენელს, დაეზუსტებინათ სასარჩელო მოთხოვნა.
4. მომხსენებელი მოსამართლის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების სიტყვის „აეროპორტში“ კონსტიტუციურობას.
5. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი აწესრიგებს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციასა და განლაგებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა), ხოლო ამავე პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი აწესებს იგივე შეზღუდვას თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარების და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის ობიექტის შიგნიდან ხილვადობასთან დაკავშირებით.
6. №1327 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების მითითებული რედაქციის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას“.
7. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია სამართლის წინაშე თანასწორობა, ხოლო, 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით უზრუნველყოფილია მეწარმეობის თავისუფლება.
8. №1327 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები საქმიანობას ახორციელებენ თავისუფალი ვაჭრობის, კერძოდ, სარფის, სადახლოს, წითელი ხიდის, ვალეს და ლარსის სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. ისინი საქმიანობის ფარგლებში ეწევიან თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას. მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან კანონით დადგენილი გამონაკლისი მიემართება მხოლოდ აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზებულ ან/და განლაგებულ თამბაქოს პროდუქციას. მათი მტკიცებით, იგივე გამონაკლისი არ ვრცელდება სახმელეთო თავისუფალ ზონებზე. სახმელეთო და აეროპორტის სასაზღვრო პუნქტებში არსებული თავისუფალი სავაჭრო სივრცეები არსებითად ერთნაირია, მათზე ხორციელდება იდენტური სანებართვო პირობები და რეგულირდება საერთო ნორმატიული აქტით. ამდენად, სახმელეთო და აეროპორტის სავაჭრო სივრცეებში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები თანასწორი პირობებით უნდა სარგებლობდნენ. სადავო ნორმებით გათვალისწინებული საშეღავათო რეჟიმი შეეხება მხოლოდ აეროპორტის სავაჭრო სივრცეებს. ასეთი განსხვავებული მოპყრობა დისკრიმინაციულია, რადგან აეროპორტის ტერიტორია არ ხასიათდება განსხვავებული უნიკალური მახასიათებლებით, რაც გაამართლებდა თანაბარ სამართლებრივ რეჟიმში მყოფი სუბიექტებისათვის განსხვავებული მოპყრობის დადგენას.
9. მოსარჩელე იზიარებს სახელმწიფოს ფართო დისკრეციას თამბაქოს კონტროლის დადგენის სფეროში, თუმცა აღნიშნავს, რომ თავისუფალ სავაჭრო სივრცეში განხორციელებული საქმიანობა არ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზებას. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა თამბაქოს მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით არ უნდა ვრცელდებოდეს საბაჟო ტერიტორიის სავაჭრო ზონაზე და ყველა ტიპის საბაჟო ტერიტორია უნდა სარგებლობდეს საგამონაკლისო რეჟიმით.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მხარე სადავოდ გამხდარ ნორმებს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. მოსარჩელეთა პოზიციით, სადავო ნორმებით დადგენილი არათანასწორი მოპყრობით, გაუმართლებლად იზღუდება სახმელეთო თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების საქმიანობა, შედეგად, ირღვევა კონკურენციის განვითარებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება.
11. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმების შეუჩერებლობის შემთხვევაში მათ და სხვა სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს მიადგებათ გამოუსწორებელი ზიანი, რადგანაც მომხმარებლებს არ ექნებათ შესაძლებლობა, დაინახონ და შეიძინონ მათთვის სასურველი თამბაქოს პროდუქცია, რაც გავლენას მოახდენს გაყიდვებზე და კომპანიების მოგებაზე. ამასთან, მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მათი გაყიდვების ძირითადი პროცენტული წილი სწორედ თამბაქოს რეალიზაციაზე მოდის.
12. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო გამოცდილებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლება, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით კი თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, ხოლო, თავისუფალი მეწარმეობის უფლება 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას დავის საგნად მიიჩნევს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ და „ნ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
5. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს უფლებამზღუდველი ქცევის წესის დამდგენი აქტების კონსტიტუციურობას და კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიცირებულია უფლებამზღუდველი ნორმა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური უფლებამოსილება მოიაზრებს არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონის ტექსტში სიტყვების სასურველი თანმიმდევრობით გადაჯგუფებას და ამ გზით ახალი, განსხვავებული შინაარსის ნორმატიული აქტების მიღებას, არამედ კანონმდებლის მიერ მიღებული არაკონსტიტუციური ნორმატიული აქტების (მათი ნორმატიული შინაარსის) გაუქმებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/17/1301 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მზია ტურაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-7).
7. ცალკეულ შემთხვევაში სადავო ნორმის ტექსტის რომელიმე კონკრეტულ გრამატიკულ ერთეულში (სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი) შესაძლებელია, ამოკითხულ იქნეს დამოუკიდებელი, ავტონომიური ნორმატიული შინაარსი. ასეთ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შესაფასებელ მოცემულობად იღებს ნორმის ამგვარ გამოხატულებას და აფასებს ამ გრამატიკულ ერთეულში გამოვლენილი ქცევის წესის კონსტიტუციურობას. თუმცა სასამართლო ცალკეული სიტყვის ან სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას არსებითად განსახილველად იღებს და აფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე ასაბუთებს, რომ სწორედ ამ ნაწილშია გამოხატული მისთვის პრობლემური ნორმატიული შინაარსი და არა მაშინ, როდესაც მოსარჩელეს ნორმის ტექსტიდან სიტყვების მექანიკურად ამოღების გზით სურს ახალი, მისთვის სასურველი ნორმის მიღება. ამგვარად, სიტყვების მექანიკურად ამოღების გზით ახალი ნორმატიული შინაარსის შექმნა სცდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას და ამგვარი მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
8. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ითხოვს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ და „ნ“ ქვეპუნქტის სიტყვის „აეროპორტში“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია შესაბამის ობიექტში, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ხილვად ადგილებზე თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა). მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, დასახელებულ ქვეპუნქტებში სიტყვა „აეროპორტში“ იწვევს დისკრიმინაციას და მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას.
9. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის როგორც „მ“, ისე „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აეროპორტში“ გრამატიკული ერთეულია, რომელიც დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს რაიმე ქცევის წესს და არ შეიძლება დამოუკიდებელი შინაარსის მქონე უფლებამზღუდველ ნორმად (ნორმატიულ აქტად) იქნეს მიჩნეული. დასახელებული გრამატიკული ერთეული ქცევის წესს ქმნის მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირში. კერძოდ, სიტყვა „აეროპორტში“ სხვა სიტყვებთან კავშირში აწესებს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისა და განლაგების შეღავათიან წესს აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში.
10. მოსარჩელეს არ მოუხდენია გასაჩივრებული სიტყვებით დადგენილი ავტონომიური ქცევის წესის იდენტიფიცირება. იგი, ფაქტობრივად, აყენებს მოთხოვნას, რომ აღნიშნული ქვეპუნქტებიდან კონკრეტული სიტყვის ამოღების გზით შეიცვალოს დადგენილი საგამონაკლისო წესის ფარგლები და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და განლაგების საშეღავათო წესი გავრცელდეს სხვა თავისუფალ ზონებზეც. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული სიტყვების ამოღების შემთხვევაში, შესაძლებელია, ნორმა მოდიფიცირდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს მისი რეგულირების სფერო და თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და განლაგების შეღავათიანი წესი გავრცელდეს სხვა თავისუფალ ზონებზეც. თუმცა სასარჩელო მოთხოვნის ამგვარი ფორმულირებით დაყენება და ნორმიდან კონკრეტული სიტყვების ამოღებით მისი მოქმედების ფარგლების გაფართოება არ შეესაბამება საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ნეგატიური კანონმდებლის უფლებამოსილებას. ამრიგად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის სიტყვა „აეროპორტში“ და „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აეროპორტში“ შეიცავს უფლებამზღუდველ წესს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1327 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №1327 („შპს დუთი ფრი ჯორჯია“ და „შპს დუთი ფრი გლობალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე