„შპს დუთი ფრი ჯორჯია“ და „შპს დუთი ფრი გლობალი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1327 |
ავტორ(ებ)ი | შპს დუთი ფრი ჯორჯია, შპს დუთი ფრი გლობალი |
თარიღი | 8 ივნისი 2018 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი: „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა)“. |
მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.“ |
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი: „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება: ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელასი, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზედაც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა)“. |
მე-14 მუხლი: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი; "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
კონსტიტუციური სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით; იგი ხელმოწერილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ; მასში აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება; მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები; სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი; საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი; მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას; მოთხოვნის არსი; საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას; კონსტიტუციურ სარჩელზე დართული საბუთების ჩამონათვალი.
ამასთანავე, სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ, რადგან საქართველოს კონსტიტუცია და ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი უფლებამოსილ სუბიექტად განსაზღვრავს პირს, რომელიც სარჩელის საფუძველზე ითხოვს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით.
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ კონსტიტუციური სარჩელი ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული პირის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ იურიდიული პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური.
ამასთანავე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, ვინაიდან სადავო აქტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლება. სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის... საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს... საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი’’; ამავდროულად, სარჩელში მითითებული სადავო საკითხი ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; სადავო აქტი საკანონმდებლო აქტია და მის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის და ამასთანავე, არ არის გაშვებული მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი, რადგან დაკმაყოფილებულია კანონითა და პრაქტიკით დადგენილი სტანდარტები და მოთხოვნები.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით:
2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს კონტროლის შესახებ ცვლილებებს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და სხვა.
მოცემული საკანონმდებლო ცვლილებით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ასევე, მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ და „ნ“ ქვე-პუნქტების შესაბამისად, „აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება (მ) ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელისა, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა) (ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან)]; (ნ) ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ იგი ხილვადია ობიექტის შიგნიდან (გარდა სიგარეტის ასანთები სპეციალური სანთებელისა, საფერფლისა და პორტსიგარისა, რომლებზეც არ არის დატანილი თამბაქოს ინდუსტრიაში ჩართულ პირთა ნაწარმის (საქონლის) სასაქონლო ნიშანი ან/და დასახელება, აგრეთვე აეროპორტში საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში რეალიზაციისა და განლაგების შემთხვევებისა)“(ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან)].
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო საკანონმდებლო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან კანონი გამონაკლისს აწესებს მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონაში რეალიზებულ ან/და განლაგებულ თამბაქოს პროდუქციაზე და არ აწესებს გამონაკლისს სახმელეთო თავისუფალ ზონებზე. აეროპორტებისა და სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტების საქმიანობა კი ხორციელდება ერთი და იმავე ნორმატიული აქტებისა და სანებართვო პირობების საფუძველზე. მოსარჩელე კომპანიები წლების მანძილზე ახორციელებენ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობას სარფის, სადახლოს, წითელი ხიდის, ვალეს და ლარსის სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. კომპანიების საქმიანობა ხორციელდება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული თავისუფალი ვაჭრობის ნებართვების საფუძველზე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შედეგად. საქართველოს აეროპორტებში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მსგავსად, კომპანიების მაღაზიებში ვაჭრობა ხორციელდება სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის პროდუქციით საბაჟო კონტროლის სპეციალური რეჟიმის დაცვით, რაც უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანას სხვა უცხო სახელმწიფოში შესვლის მიზნით სასაზღვრო პროცედურების გავლის შემდეგ. ყოველივეს გათვალისწინებით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში პროდუქციის რეალიზაცია არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციას და გათავისუფლებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საგადასახადო ვალდებულებებისგან. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით კი, საგამონაკლისო შემთხვევები ვრცელდება მხოლოდ აეროპორტში განთავსებულ საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაზე. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია, არათანაბარ პირობებში აყენებს აეროპორტების და სახმელეთო თავისუფალ ზონებს, უპირატესობას ანიჭებს აეროპორტს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, რომლის თანახმად: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.“ კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით.[1] კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ განიმარტება მხოლოდ გრამატიკულად, ვინაიდან ამგვარი განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურსამართლებრივ სივრცეში.[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ მასში მითითებული ნიშნების საფუძველზე დისკრიმინაციის აკრძალვით. "კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას. თუმცა სამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, კანონის წინაშე თანასწორობის უფლების დაცვის ხარისხი განსხვავებულია და მისი მასშტაბის დადგენა უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში".[3]
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს, ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. მისგან მომდინარეობს მხოლოდ ისეთი საკანონმდებლო სივრცის შექმნის ვალდებულება, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისათვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, ხოლო უთანასწოროებს პირიქით.[4] შესაბამისად, სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს იმ შემთხვევაში, თუ ის არსებითად თანასწორ პირებს ანიჭებს განსხვავებულ შესაძლებლობებს, აღჭურავს განსხვავებული უფლებებით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმები საგამონაკლისო რეჟიმით სარგებლობის საშუალებას აძლევს მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონაში რეალიზებულ ან/და განლაგებულ თამბაქოს პროდუქციაზე და არ აწესებს იმავე გამონაკლისს სახმელეთო თავისუფალ ზონებზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232-ე მუხლის მიხედვით „თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც: (ა) სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; (ბ) საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).“ ასევე, საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით „საქართველოს ტერიტორიაზე შეიძლება იყოს თავისუფალი საბაჟო ზონები და თავისუფალი საწყობები, რომელთა ტერიტორიები განიხილება, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ არსებული. თავისუფალი საბაჟო ზონებისა და თავისუფალი საწყობების ტერიტორიებზე მოქმედებს ამ კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული საბაჟო რეჟიმები.“ თავისუფალი ვაჭრობის ზონა მიუხედავად მისი გავრცელების ადგილისა ზონაში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში სამეწარმეო საქმიანობას აქცევს კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო რეჟიმში. საკანონმდებლო დონეზე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მიმართ განმტკიცებული ერთიანი კანონმდებლობა ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს და კანონმდებლის მიზანს ნებისმიერ იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც მოქმედებს ასეთ ტერიტორიაზე და ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობას შეუქმნას თანაბარი პირობები, ყველა იმ შეღავათით და სარგებლით, რაც განსაზღვრულია ან უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უბაჟო ვაჭრობის ტერიტორიაზე საქონლის მიმოქცევის სპეციალური რეჟიმის გათვალისწინებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობაზე მსჯელობისას აუცილებელია განისაზღვროს, რამდენად წარმოადგენენ შესადარებელი ჯგუფები არსებითად თანასწორ სუბიექტებს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით.[5] ამასთან, „მე-14 მუხლზე მსჯელობისას პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები“.[6]
ვინაიდან თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოადგენს არა მხოლოდ აეროპორტის, ასევე სახმელეთო ტერიტორიაც, დაუშვებელია საგამონაკლისო რეჟიმის გავრცელება მხოლოდ აეროპორტში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე. კანონის მსგავსი ჩანაწერი არ ეფუძნება აეროპორტის ტერიტორიის რაიმე ისეთ განსაკუთრებულ, უნიკალურ მახასიათებელს, რაც გაამართლებდა კანონის მიხედვით თანაბარ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეულ სახმელეთო ვაჭრობის პუნქტებისგან განსხვავებულ, პრეფერენციულ მიდგომას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს არსებითად თანასწორი სუბიექტები და სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ უფლებაში.
დიფერენცირებულად მოპყრობის გონივრულობის მასშტაბი განსხვავებული შეიძლება იყოს თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით.[7] „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“.[8]
„დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმების შეფასებისას სასამართლო იყენებს რაციონალური დიფერენცირების ან შეფასების მკაცრ ტესტს. საკითხი, თუ რომელი მათგანით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ, წყდება სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის, ჩარევის ინტენსივობისა და დიფერენცირების ნიშნის გათვალისწინებით. კერძოდ, თუ არსებითად თანასწორ პირთა დიფერენცირების საფუძველია კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი რომელიმე ნიშანი ან სადავო ნორმა ითვალისწინებს უფლებაში მაღალი ინტენსივობით ჩარევას - სასამართლო გამოიყენებს შეფასების მკაცრ ტესტს.“[9] აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია გაირკვეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირება ემყარება თუ არა კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე ნიშანს ან/და ხომ არ არის მაღალი ინტენსივობის.
ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება არ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს, სასამართლოს მიერ მკაცრი შეფასების ტესტის გამოყენება დამოკიდებულია დიფერენცირების ინტენსივობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, დიფერენცირების ინტენსივობის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ „არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, დიფერენცირება რამდენად მკვეთრად დააცილებს ამ უკანასკნელთ კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან“.[10]
მკაცრი ტესტის ფარგლებში ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისათვის აუცილებელია, პირველ რიგში, დადგინდეს, ემსახურება თუ არა სადავო ნორმა ლეგიტიმურ მიზანს. „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა ატარებს თვითნებურ ხასიათს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია ნორმის შემდგომი შემოწმების გარეშე.“[11] კანონმდებლის მხრიდან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულად ჩაითვალოს. ლეგიტიმური მიზნის არსებობის პირობებში აუცილებელია, კანონმდებელმა ასეთი მიზნის მისაღწევად უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა აირჩიოს. ამისათვის კი სადავო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის დასაშვებ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას. „ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც ამ უკანასკნელის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული.“[12]
მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ აეროპორტის და სახმელეთო საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონები არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ, მაგრამ სადავო ნორმების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, ვინაიდან დადებითი საგამონაკლისო შემთხვევა ვრცელდება ერთზე და მეორეზე - არა. ამასთანავე, ამგვარი დიფერენცირება მკვეთრად დააცილებს მოსარჩელე კომპანიებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებიდან აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონებისგან განსხვავებით. სადავო ნორმების მიერ მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიის გამონაკლისის გათვალისწინება არ არის განპირობებული ლეგიტიმური მიზნით და არ ეფუძნება აეროპორტის ტერიტორიის რაიმე ისეთ განსაკუთრებულ, უნიკალურ მახასიათებელს, რაც გაამართლებდა კანონის მიხედვით თანაბარ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეულ სახმელეთო ვაჭრობის პუნქტებისგან განსხვავებულ, პრეფერენციულ მიდგომას.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე კომპანიებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს (დანართი 1; დანართი 2) თუმცა მათგან პასუხი მოსარჩელეებს არ მიუღიათ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საპასუხო ერთადერთი წერილი (დანართი 3) კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აეროპორტების თავისუფალი ზონა, რაიმე ინდივიდუალური მახასიათებლით არ გამოირჩევა, რის გამოც მას შესაძლებელია პრეფერენცია მიენიჭოს. აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტირებული საფუძველი აღნიშნული დიფერენციაციის გასამართლებლად.
თამბაქოს კონტროლის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრება ბუნებრივია სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას წარმოადგენს, რაც შესაძლებელია გამართლებული იყოს საქართველოს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხის გაზრდითა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მიზნით, თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა არ უკავშირდება საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზაციას. უბაჟო ვაჭრობის ზონაში რეალიზებული საქონელი და მათ შორის თამბაქოს ნაწარმი არ ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე გამოყენებას. შესაბამისად, დადგენილი დიფერენცირება ვერ იქნება გამართლებული. ამიტომ, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა და ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. სადავო ნორმებში სიტყვის „აეროპორტში“ არაკონსტიტუციურად ცნობა კი საგამონაკლისო რეჟიმს გაავრცელებს საბაჟო ტერიტორიის ყველა თავისუფალ ზონაზე, როგორც აეროპორტზე, ისე - სახმელეთოზე.
სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არ არსებობა გამორიცხავს უფლების შეზღუდვის ინტენსივობისა და მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციულობის, მისი თანაზომიერების შეფასების შესაძლებლობას. ვინაიდან, „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა.“[13]
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს.
ამასთანავე, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების საქმიანობის სპეციფიკა მსოფლიოს მასშტაბით რეგულირების სპეციალური რეჟიმების საჭიროებას განაპირობებს. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო პრაქტიკა მიუთითებს სახელმწიფოების მხრიდან თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გავრცელების სპეციალურ, შეზღუდული შემთხვევების აუცილებლობაზე. ჯანდაცვის ერთიანი სისტემის უზრუნველყოფისთვის გამართლებულია თუნდაც უბაჟო ვაჭრობის ზონაში რეალიზებული თამბაქოს ნაწარმის ხარისხის, შემადგენლობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ გამაფრთხილებელი მინიშნებების საერთო სტანდარტებისთვის დაქვემდებარებას. თუმცა, პროდუქციის შეფუთვის, ბრენდირების, განთავსებისა და პუნქტის ტერიტორიაზე რეკლამის თავისუფლების შეზღუდვის ამჟამინდელი კანონმდებლობა გაუმართლებლად ამცირებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების საქმიანობის მოქნილობასა და ბიზნესის რენტაბელურობას და ეწინააღმდეგება მსგავსი ბიზნესისთვის სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში გამოხატულ და დადგენილ სახელმწიფო პოლიტიკას.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო აქტებში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისთვის საგამონაკლისო რეჟიმის დაწესება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბიზნეს საქმიანობის გაუმართლებელი შეზღუდვა სათანადო ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში. საქმიანობის სპეციფიკის იგნორირების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება კომპანიების საქმიანობას და ეჭვქვეშ დადგება განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მომგებიანობა, რაც თავის მხრივ განაპირობებს ინვესტორთა საერთაშორისო საკანონმდებლო დაცვის მექანიზმებით განსაზღვრული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონებზე (როგორც აეროპორტის, ისე სახმელეთო) უნდა მოქმედებდეს გამონაკლისი თამბაქოს შეფუთვასა და განთავსებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ვინაიდან თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოადგენს არა მხოლოდ აეროპორტის, ასევე სახმელეთო ტერიტორიაც, დაუშვებელია საგამონაკლისო რეჟიმის გავრცელება მხოლოდ აეროპორტში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია რუსეთის, უკრაინის და თურქეთის მსგავსი კანონმდებლობა. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პრაქტიკა მიემართება მხოლოდ საჯარო თავშეყრის ადგილებში მოწევას, თამბაქოს პროდუქციის საჯარო რეკლამირებას და გამაფრთხილებელი ეტიკეტების არსებობას ამგვარ პროდუქტზე. მითითებული კანონმდებლობა საერთოდ არ მიემართება თავისუფალი ვაჭრობის ზონებზე არსებულ გამონაკლისებს.
მაგალითად, ფინეთში, ბელორუსიაში, ბულგარეთსა და ნიდერლანდებში, თავისუფალი ვაჭრობის ზონებში არსებობს სხვადასხვა გამონაკლისი ამ ადგილების სპეციფიკიდან გამომდინარე.
რადგან მგზავრების უმეტესობად ადგილობრივი ენა არ ესმის, თავისუფალი ვაჭრობის ზონებში თამბაქოს პროდუქტებზე ადგილობრივ ენაზე არსებულ წარწერებს აზრი ეკარგება. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამგვარი ჩანაწერები ყველაზე ცნობილ და გავრცელებულ, ინგლისურ, ენაზე კეთდება.
აღნიშნული ბაზარი ძალიან კონკურენტულია, ამიტომ მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა პროდუქტს სთავაზობს მას ბაზარი. თავისუფალი ვაჭრობის ზონები სწორედ იმიტომაა გამორჩეული, რომ ის მომხმარებელს ისეთ არჩევანს სთავაზობს, რაც მომხმარებელს საკუთარ ქვეყანაში არ აქვს. ამიტომ შეფუთვაზე ბრენდი ყოველთვის მითითებულია.
სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა, მონტენეგრო და სხვანი, აცნობიერებენ თავისუფალი ვაჭრობის ზონების სპეციფიურობას და თუკი ახალი კანონმდებლობით იკრძალება გარკვეული სახის შეფუთვები, ამგვარი აკრძალვა არასდროს არ მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის ზონებზე. მაგალითად, სინგაპურსა და უნგრეთში არსებობს შეზღუდვები თამბაქოს პროდუქტების განლაგებაზე. თუმცა ამგვარი აკრძალვა არ მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებზე.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აეროპორტში“ და „ნ“ ქვეპუნქტში სიტყვა „აეროპორტში“ არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით:
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.”
„მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება. კონსტიტუციის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ყველას აქვს უფლება, თავისუფლად შეარჩიოს სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის სახე და თავისუფლად და დაუბრკოლებლად განახორცილოს იგი.[14]
მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის თავისუფლების ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის. სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ნორმატიული სანდოობა სუბიექტს სამოქალაქო (კომერციული) ბრუნვის მიღმა კი არ ტოვებს, არამედ უძლიერებს მას ამ ბრუნვაში ჩართვის ინტერესს. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს მეწარმე სუბიექტის არსებობას (არსებობის უფლებას). კონსტიტუცია იცავს არა მარტო ადამიანის არსებობას, არამედ ორგანიზებული წარმონაქმნების არსებობასაც. თავისუფალი მეწარმეობა შეუძლებელია, თუ არ არის დაცული მისი სუბიექტის “სიცოცხლე”. ყველა შემთხვევაში, სუბიექტის საქმიანობის დასასრული, ეს ნორმატიული ჩარევით მოხდება თუ მის გარეშე, ბუნებრივი, პრაქტიკული გონიერებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული და არა მის მიმართ ხელოვნური ანგარიშსწორებით. მეწარმეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლება არსებობაზე მხოლოდ იმ დრომდე, სანამ ის მზადაა განახორციელოს თავისუფალი მეწარმის ყველა ფუნქცია, ყველა შესაძლებლობის სრულად გამოყენებით და აქედან გამომდინარე, იტვირთოს თანაბარი რისკი. ის შეუცვლელი და ხელშეუხებელია (დაცულია) მანამ, სანამ თავისუფალ ბაზარზე, თავისუფალი შეჯიბრებით (კონკურენციით), მზადაა გამოავლინოს თავისი სარგებლიანობა ამ ფუნქციებისათვის. მოსარჩელეთა მოთხოვნის შეფასებას სასამართლო ამ გარემოებების მხედველობაში მიღებით ახდენს.”[15]
„თავის მხრივ, სამეწარმეო საქმიანობა აერთიანებს საქმიანობათა მრავალ სახეობას, რომლებიც შესაძლებელია არსობრივად, საქმიანობის შინაარსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი ძირითადი საერთო ნიშანი - მოგებაზე ორიენტირებულობა (კომერციული მიზანი). ერთ-ერთ ასეთ საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა. სავაჭრო საქმიანობა სამეწარმეო საქმიანობის სახეა, რომელიც საქონელბრუნვას, საქონლის მიმოქცევას, მის ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესში მყიდველთა მომსახურებას გულისხმობს. ამდენად, სამეწარმეო თავისუფლება, inter alia, მოიცავს ვაჭრობის თავისუფლებასაც.“[16]
სადავო ნორმების ბუნებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მეწარმე სუბიექტები მოკლებული არიან შესაძლებლობას, ისარგებლონ საკანონმდებლო გამონაკლისით - განალაგონ/რეალიზება მოახდინონ თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის მათი სამეწარმეო ადგილმდებარეობის, სავაჭრო ადგილის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონაში არსებობის მიუხედავად. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლი სამართალდარღვევად აცხადებს თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას.
„სავაჭრო საქმიანობის თავისუფლება მრავალასპექტიანი უფლებაა და მასში ჩარევა შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა სახის აკრძალვებით/შეზღუდვებით, რომელთაგან ერთ-ერთი პროდუქციის რეალიზაციის ცალკეულ ტერიტორიაზე აკრძალვაა.“[17] სადავო ნორმით დაწესებული გამონაკლისი არ მოიცავს საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონას მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი განსხვავება აეროპორტისა და სახმელეთო საბაჟო ტერიტორიის თავისუფალ ზონებს შორის. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ მოსარჩელის უფლებაში და საჭიროებს სათანადო კონსტიტუციურსამართლებრივ შემოწმებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლებას, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს“.[18] „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კონსტიტუციურობის თვალსაზრისით“.[19]
ამასთანავე, მოსარჩელე კომპანიები აცნობიერებენ, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით რეგლამენტირებული „მეწარმეობის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური ხასიათის უფლებას და შესაძლებელია, ლეგიტიმური საჯარო მიზნის მისაღწევად დაექვემდებაროს თანაზომიერ შეზღუდვას.“[20] „კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლებების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[21] ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულაცია და რამდენად დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
მოცემულ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ სადავო საკანონმდებლო ნორმები დისკრიმინაციულია, ვინაიდან კანონი გამონაკლისს აწესებს მხოლოდ და მხოლოდ აეროპორტის საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონაში რეალიზებულ ან/და განლაგებულ თამბაქოს პროდუქციაზე და არ აწესებს გამონაკლისს სახმელეთო თავისუფალ ზონებზე. როგორც უკვე ზევით აღვნიშნეთ, საქართველოს აეროპორტებში არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების მსგავსად, მოსარჩელე კომპანიების მაღაზიებში ვაჭრობა ხორციელდება სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის პროდუქციით საბაჟო კონტროლის სპეციალური რეჟიმის დაცვით, რაც უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის საქართველოს ტერიტორიიდან გატანას მეზობელ სახელმწიფოში შესვლის მიზნით სასაზღვრო პროცედურების გავლის შემდეგ. ყოველივეს გათვალისწინებით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში პროდუქციის რეალიზაცია არ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის რეალიზაციას და გათავისუფლებულია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საგადასახადო ვალდებულებებისგან. თავისუფალი ვაჭრობის ზონა მიუხედავად მისი გავრცელების ადგილისა ზონაში განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში სამეწარმეო საქმიანობას აქცევს კანონით განსაზღვრულ საგამონაკლისო რეჟიმში. საქართველოს აეროპორტებსა და სახმელეთო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში თავისუფალი ვაჭრობის ზონები სარგებლობენ ყველა იმ თანაბარი შეღავათითა და სარგებლით, რაც განსაზღვრულია ან უნდა განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უბაჟო ვაჭრობის ტერიტორიაზე საქონლის მიმოქცევის სპეციალური რეჟიმის გათვალისწინებით.
მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ აეროპორტის და სახმელეთო საბაჟო ტერიტორიის თავისუფალი ზონები არსებითად თანასწორ პირებს წარმოადგენენ, მაგრამ სადავო ნორმების მიხედვით, მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან, ვინაიდან დადებითი საგამონაკლისო შემთხვევა ვრცელდება ერთზე და მეორეზე - არა. სადავო ნორმების მიერ მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიის გამონაკლისის გათვალისწინება არ არის განპირობებული არანაირი ლეგიტიმური მიზნით და არ ეფუძნება აეროპორტის ტერიტორიის რაიმე ისეთ განსაკუთრებულ, უნიკალურ მახასიათებელს, რაც გაამართლებდა კანონის მიხედვით თანაბარ სამართლებრივ რეჟიმში მოქცეულ სახმელეთო ვაჭრობის პუნქტებისგან განსხვავებულ, პრეფერენციულ მიდგომას. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი და დადგენილი დიფერენცირება ვერ იქნება გამართლებული.
შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის 2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/477 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-5; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 6 აგვისტოს N1/4/535 გადაწყვეტილება საქმეზე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის N1/1-493 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[3] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-1.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება N1/1/539 საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის N2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/3/522,553 საქმეზე სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის 2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-8; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/3/522,553 საქმეზე სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-4.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება #2/1/536 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბერუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის 2/3/591 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „თავისუფალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-11.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/603 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-8.
[10] საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივნისის N1/3/534 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ტრისტან მამაგულაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-25.
[11] იქვე, II-27.
[12] საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-29.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის წინააღმდეგ“, II-9.
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N 1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[15] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტის და საქართველოს ენერგეტიკის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N 1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[16] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N 1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-3.
[17] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N 1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6.
[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, II-18.
[19] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-26.
[20] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის N 1/5/826 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ხათუნა ფხალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-8.
[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-60.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა