• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • "სპს გერონტი აშორდია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.05.2025
      • N1868
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის №2/13/1868 განჩინება საქმეზე „„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/13/1868
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 19 სექტემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 6 ოქტომბერი 2025 16:50

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: „სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1868) მომართა „სპს გერონტი აშორდიამ“. №1868 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 30 მაისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 19 სექტემბერს.

2. №1868 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის თანახმად, დასახელებული კანონის მიზნებისთვის ტერმინ - „უძრავ ქონებაში“ მოიაზრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა - ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის წესსა და საფუძვლებს, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 პუნქტი არეგულირებს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას.

5. №1868 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის კერძო სამართლის იურიდიული პირის, „ბაზალტის“ სამართალმემკვიდრე, რომელსაც სახელმწიფომ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადასცა უძრავი ქონება. მოსარჩელის მტკიცებით, იგი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართლზომიერად ფლობს სარგებლობაში გადაცემულ აღნიშნულ ქონებას და იყენებს მას სამეწარმეო საქმიანობისთვის. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განხორციელებული ინვესტიციით შექმნილი შენობა-ნაგებობები 2012 წლის 1 იანვრიდან მოექცა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროში. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნულით სახელმწიფომ ხელყო მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონებით თავისუფლად სარგებლობის კანონიერი მოლოდინი ისე, რომ მას არ მიეცა სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მიუხედავად იმისა, სადავო ნორმების მოქმედი რედაქციები არ შეიცავს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმების თაობაზე ჩანაწერს, პრაქტიკაში, გასაჩივრებული ნორმების ნორმატიული შინაარსი სახელმწიფოს აძლევს უფლებას, კომპენსაციისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე განახორციელოს მართლზომიერი მფლობელობის გაუქმება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მართლზომიერი მფლობელობის გაუქმება და მართლზომიერი მფლობელის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ჩამოთმევა, შესაბამისი ანაზღაურებისა და სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე, ხელყოფს კანონის მიმართ ნდობისა და სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპებს, აგრეთვე არ ემსახურება აუცილებელ საზოგადოებრივ ინტერესებს.

7. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მართლზომიერი მფლობელობის გაუქმებისთვის საჭიროა, გაუქმდეს ის აქტი, რომლითაც მოსარჩელეს მართლზომიერ მფლობელობაში გადაეცა ქონება. დასახელებული უფლებააღმჭურველი აქტის გაუქმების ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი, მას უნდა მიეცეს, სასამართლოს წესით, თავის დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულისგან განსხვავებით, სადავოდ გამხდარი ნორმები, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გარეშე, ითვალისწინებს მიწის მართლზომიერი მფლობელობის პერიოდში განხორციელებული ინვესტიციით შექმნილი შენობა-ნაგებობების ჩამორთმევას, რაც, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქმის არსებითი განხილვის გარეშე.

8. მოსარჩელე მხარემ 2025 წლის პირველ სექტემბერს განცხადებით (რეგისტრაციის №187/01) მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მიუთითა, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტთან მიმართებით, იგი ითხოვს იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა გამოცხადებულია სახელმწიფო საკუთრებად. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს უფლება, განკარგოს სხვის კერძო საკუთრებაზე, მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ინდივიდუალური საკუთრების საგანი, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის დამოუკიდებელი ობიექტია და მასზე არ არის რეგისტრირებული მიწის მესაკუთრის უფლება.

9. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

10. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იმ ნორმატიული შინაარსის ნაწილში, რომელიც სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლების გარეშე, ითვალისწინებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ინვესტიციებით შექმნილი ქონების სახელმწიფო ქონებად გამოცხადებას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1868 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია, გააუქმოს კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მართლზომიერი მფლობელობა დაინტერესებული პირისთვის სასამართლოზე წვდომისა და შესაბამისი ანაზღაურების მიცემის გარეშე. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ გასაჩივრებული რეგულირებით, სახელმწიფოს შეუძლია, განკარგოს მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მართლზომიერი მფლობელობის პერიოდში გაწეული ინვესტიციით აგებული შენობა-ნაგებობა, რომლზეც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ არის რეგისტრირებული მიწის მესაკუთრის საკუთრების უფლება. ყოველივე აღნიშნული, მოსარჩელე მხარის აზრით, არღვევს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონებით თავისუფლად სარგებლობის კანონიერ მოლოდინებს ისე, რომ პირს არ ეძლევა სასამართლოსთვის მიმართვისა და სამართლიანი ანაზღაურების უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა.

4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ანიჭებს უფლებას, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას, მოახდინონ საკუთრების უფლების აღიარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. დასახელებული კანონის გასაჩივრებული ნორმის, 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიულმა პირებმა დაკარგეს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. რაც შეეხება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონს, იგი აწესრიგებს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის სადავო ნორმის, მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონში გამოყენებული ერთ-ერთი ტერმინის მნიშვნელობას და მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისთვის, „უძრავ ქონებაში“ მოიაზრება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), ხაზობრივი ნაგებობა და მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები.

5. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე მართლზომიერი მფლობელობის, დაინტერესებული პირისთვის სასამართლოზე წვდომისა და შესაბამისი ანაზღაურების მიცემის გარეშე გაუქმების კონსტიტუციურობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, გასაჩივრებული ნორმების ტექსტუალური ანალიზი ცხადყოფს, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს მათ რეალურ ნორმატიულ შინაარსს. სადავო ნორმები არ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ამ ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის პერიოდში განთავსებული შენობა-ნაგებობების მიმართ მართლზომიერი მფლობელის უფლებრივ ინტერესებს, აგრეთვე შენობა-ნაგებობის, როგორც ცალკე სარეგისტრაციო ობიექტის, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის, მართლზომიერი მფლობელობის არსი და მართლზომიერი მფლობელის ე.წ. პოსესორული მოთხოვნების სასამართლოს წესით დაცვის შესაძლებლობა და ფარგლები, მათ შორის, ქონების მესაკუთრის მიმართ, აგრეთვე მართლზომიერი მფლობელობის დროს განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების/კომპენსაციის საკითხები და უძრავ ქონებაზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობაზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრირების ვალდებულება, მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დავის საგანს. გარდა ამისა, ვინაიდან სადავო ნორმების ტექსტუალური ანალიზი არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას, საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია და არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის ცნობილი საერთო სასამართლოების ავტორიტეტული განმარტება/პრაქტიკა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სწორედ სადავო ნორმების საფუძველზე უქმდება კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერი მფლობელობა და მათი მოთხოვნები გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება უკავშირდება სადავო ნორმების შინაარსისა და მისგან მომდინარე შეზღუდვის არასწორ აღქმას.

6. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1868 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1868 კონსტიტუციური სარჩელი („„სპს გერონტი აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ