• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 12.01.2024
      • N1808
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის №2/11/1808 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/11/1808
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე,
თარიღი 19 სექტემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 6 ოქტომბერი 2025 16:31

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე;

ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში - წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1808) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. №1808 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 15 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 19 სექტემბერს.

2. №1808 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

3. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს ექსტრადიციის გადავადების ნორმატიულ შესაძლებლობას. კერძოდ, ხსენებული ნორმის შესაბამისად, „თუ პირი, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებამდე. თუ პირს, რომლის მიმართაც შემოსულია ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა, წაყენებული აქვს ბრალდება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის, მისი ექსტრადიცია შეიძლება გადავადდეს განაჩენის გამოტანამდე, სასჯელის მოხდამდე ან სხვა კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებამდე“.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულის პატიმრობის მაქსიმალურ ვადად დადგენილია 9 თვე.

5. №1808 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურა იღებს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციის მოთხოვნას, იგი ელოდება აღნიშნული პირის მიერ სასჯელის სრულად მოხდას და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ იწყებს საექსტრადიციო სამართალწარმოებას, რომლის ფარგლებშიც, პროკურატურა ითხოვს პირისათვის თავისუფლების დამატებით შეზღუდვას საექსტრადიციო პატიმრობის სახით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნულ მოთხოვნას საერთო სასამართლოები, ძირითადად, აკმაყოფილებენ. მოსარჩელის პოზიციით, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა მსჯავრდებულის გათავისუფლებამდე, გონივრულ ვადაში დაიწყებდა საექსტრადიციო სამართალწარმოებას, შესაძლოა, საჭირო არ გამხდარიყო პირის ხელახალი დაპატიმრება, რამდენადაც ექსტრადიციის საკითხი მის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებამდე იქნებოდა გადაწყვეტილი.

6. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის თანახმად, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ექსპლიციტურად არ კრძალავს საექსტრადიციო პროცედურების/საქმისწარმოების დაწყებას მანამ, სანამ პირი სრულად მოიხდის სასჯელს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ექსტრადიციის საკითხის განხილვა შესაძლებელია პირის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს პროკურატურისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის არაერთგვაროვნებაზეც და აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში შესაძლებელია იმგვარი საქმის მოძიება, რომლის ფარგლებშიც, პირის ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა განხორციელდა პირის ბრალდებულად ყოფნის პერიოდში. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, მართალია, კანონმდებლობა არ გამორიცხავს ექსტრადიციის დასაშვებობის შემოწმების დაწყებას მოთხოვნის მიღებისთანავე, თუმცა გათვალისწინებული არ არის აღნიშნულის ვალდებულება, რაც ქმნის ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თავისუფლების საჭიროზე მეტი ხნით შეზღუდვის შესაძლებლობას.

7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვანი არ არის, თუ რა იგულისხმება ექსტრადიციის გადავადებაში - იგი მოიაზრებს საექსტრადიციო პროცედურის დაწყების გადავადებას, თუ უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის გადავადებას. იმავდროულად, მოსარჩელე განმარტავს, რომ საქართველოს პროკურატურა ექსტრადიციის გადავადებას, ძირითადად, სწორედ ექსტრადიციის პროცედურების დაწყების გადავადების შინაარსით განმარტავს. ამგვარად, კანონი სახელმწიფოს ანიჭებს დისკრეციას, საკუთარი მიზანშეწონილობით გადაწყვიტოს, როდის დაიწყებს საექსტრადიციო პროცედურებს, მათ შორის, როდის მოითხოვს საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენებას. ამასთან, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობს სწორედ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პირის ექსტრადიციის საკითხის განხილვა გადავადებულია, სახელმწიფო მას არ განიხილავს ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირად. ამდენად, იგი ვერ სარგებლობს ბრალდებულისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებებით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გარანტიით, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

8. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის მიზანია, არ შეფერხდეს საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელება. კერძოდ, კანონი სახელმწიფოს აღჭურავს უფლებით, მართლმსაჯულება პრიორიტეტულად აღასრულოს მისი იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილ სხვა დანაშაულთან მიმართებით და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ განახორციელოს ძებნილი პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ცალკეულ შემთხვევაში, საექსტრადიციო პროცედურის დაწყების გადავადება ასევე წარმოადგენს ლოგიკურად ახსნად ქმედებას. აღნიშნულის მაგალითად მოსარჩელე მხარე ასახელებს შემთხვევას, როდესაც უცხო სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირი საქართველოში ხანგრძლივ ან უვადო სასჯელს იხდის. მოსარჩელის პოზიციით, ამგვარ ვითარებაში, შესაძლებელია, ექსტრადიციის განხორციელება ეჭვქვეშ დადგეს დანაშაულის ხანდაზმულობის, ამნისტიის ან სხვა კანონიერი საფუძვლით.

9. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ეროვნული მართლმსაჯულების ინტერესებს ემსახურება არა ექსტრადიციის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის გადავადება, არამედ პირის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის გადავადება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ ექსტრადიციის საკითხის განხილვის მხოლოდ შესაბამისი პირის გათავისუფლების შემდეგ დაწყების საჭიროება, სადავო ნორმით დაცული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ექსტრადიციის საკითხის განხილვის გადავადების ობიექტური საჭიროება, კანონმდებელი მაინც ღიად ტოვებს ექსტრადიციის საკითხის სხვა სისხლის სამართალწარმოების პარალელურად განხილვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, კანონმდებლის მიერ ამგვარი შემთხვევების მოწესრიგების ღიად დატოვება განაპირობებს სახელმწიფოს განუსაზღვრელ დისკრეციას, გადაწყვიტოს საექსტრადიციო პატიმრობის მიზნებისათვის, რა ეტაპიდან ისარგებლებს დაკავებული პირი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის 9 თვიანი შეზღუდვის გარანტიით და როდიდან უნდა დაიწყოს აღნიშნულის ათვლა.

10. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პირისათვის პატიმრობის შეფარდება დაუშვებელია, თუ მართლმსაჯულების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, შეუძლებელია, საექსტრადიციო პატიმრობა ამ პრინციპის შესაბამისად ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, პირის მიერ სისხლის სამართლის სხვა საქმის ფარგლებში, პატიმრობაში გატარებული მთელი პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფოს მხრიდან ექსტრადიციის საკითხის შესწავლის მიზნით, არ განხორციელებულა არც ერთი ღონისძიება.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პროცედურების დაწყების გადადების და ამ გადადებული პროცედურების ფარგლებში, საექსტრადიციო პატიმრობის მხოლოდ შესაბამისი პირის განთავისუფლების შემდეგ გამოყენების შესაძლებლობას, თუ საექსტრადიციო სამართალწარმოების დაწყებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას 9 თვე აქვს პატიმრობაში გატარებული, სისხლის სამართლის სხვა საქმის ფარგლებში.

12. №1808 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1808 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, არ არის ცხადი, სადავო ნორმა მოიაზრებს საექსტრადიციო პროცედურის დაწყების გადავადებას, თუ უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის გადავადებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, კანონმდებელი ღიად ტოვებს ექსტრადიციის საკითხის სისხლის სამართლის სხვა სამართალწარმოების პარალელურად განხილვის შესაძლებლობას, რაც განაპირობებს სახელმწიფოს განუსაზღვრელ დისკრეციას, გადაწყვიტოს, საექსტრადიციო პატიმრობის მიზნებისათვის, რა ეტაპიდან ისარგებლებს დაკავებული პირი საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პატიმრობის 9 თვიანი შეზღუდვის გარანტიით და როდიდან უნდა დაიწყოს აღნიშნულის ათვლა. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს საექსტრადიციო პროცედურების დაწყების გადადების და ამ გადადებული პროცედურების ფარგლებში საექსტრადიციო პატიმრობის, მხოლოდ შესაბამისი პირის განთავისუფლების შემდეგ გამოყენების შესაძლებლობას, თუ საექსტრადიციო სამართალწარმოების დაწყებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას 9 თვე აქვს პატიმრობაში გატარებული სისხლის სამართლის სხვა საქმის ფარგლებში.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე, უპირველესად, ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სწორედ სადავო ნორმა ქმნის საფუძველს, საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება მოხდეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც საექსტრადიციო სამართალწარმოების დაწყებისათვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, პირს, სისხლის სამართლის სხვა საქმის ფარგლებში, პატიმრობაში გატარებული აქვს 9 თვე.

4. ამ მხრივ, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს ექსტრადიციის გადავადების საკითხს და არ შეეხება საექსტრადიციო პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების ერთ-ერთი სახის, ინსტიტუტთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებს.

5. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი ექსპლიციტურად ითვალისწინებს პირის ექსტრადიციის გადავადების და არა – საექსტრადიციო პროცედურების დაწყების/ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის შესწავლის გადავადების ნორმატიულ მექანიზმს. სადავო ნორმით განსაზღვრული პროცედურის აუცილებელ ფორმალურ ნიშანს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ექსტრადიციის გადავადების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც (მაგ., იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 30 ნოემბრის განჩინება საქმეზე №2კ-445-I-21; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინება საქმეზე №2კ-5-I-23). განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება, სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, პირის ექსტრადიციის პროცედურის დაწყების გადავადება. კერძოდ, მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული საქმის გარემოებებიდან იკვეთება, რომ პირის დაკავების დროიდან, მისი ექსტრადიციის საფუძვლის არსებობის თაობაზე, შესაბამისი ორგანოების მიერ ინფორმაციის ფლობის მიუხედავად, საექსტრადიციო პროცედურები არ დაწყებულა. აღნიშნულის საპირისპიროდ, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ პირს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ სისხლის სამართლის სხვა საქმეზე სასჯელის სახით განსაზღვრული პერიოდის პენიტენციურ დაწესებულებაში გატარების, სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ. მოსარჩელე მხარის მიერ აღწერილი საქმის გარემოებების მიხედვით,არ დგინდება სადავო ნორმის გამოყენების ფაქტი ან/და ამგვარი შესაძლებლობა, საქმეში არ ფიგურირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის ექსტრადიციის გადავადების თაობაზე გადაწყვეტილება, რაც, როგორც აღინიშნა, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული ექსტრადიციის გადავადების პროცედურისმთავარი მახასიათებელია. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი ინფორმაციიდან არც ის დგინდება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში, სადავო ნორმით გათვალისწინებული პროცედურა იქნა გამოყენებული.

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს გასაჩივრებული ნორმის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1808 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1808 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

ირინე იმერლიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ