საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/1271 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 27 აპრილი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 აპრილი 2018 18:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების: „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1271) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ბესიკ ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და ილია მალაზონიამ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის 6 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 27 აპრილს.
2. №1271 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნეულია სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება. ამგვარი ქმედების ჩადენა კი იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. ამავე მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ითვალისწინებს შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტას ხელისუფლების მიერ მხოლოდ მაშინ, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი შეეხება საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეებმა ქალაქ ოზურგეთში ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, სადაც გაკეთებული იყო წარწერა: „მატყუარა მთავრობა“. აქტივისტებმა ამ ბანერით პრემიერ-მინისტრის ქალაქ ოზურგეთში სტუმრობა გააპროტესტეს. აღნიშნული ქმედების განხორციელებისთვის სადავო ნორმის საფუძველზე, სამივე აქტივისტი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად.
6. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი სადავოდ ხდიან პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების აკრძალვას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. დავის საგანს არ წარმოადგენს სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე. ასევე სადავო არ არის ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენის კონსტიტუციურობა.
7. მოსარჩელეთა პოზიციით, ერთი ადამიანის მიერ პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება, როგორც ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ფორმა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით, ხოლო აზრის გავრცელება კოლექტიურად შეკრებილი ადამიანების მეშვეობით ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულ სფეროში.
8. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საკუთარი პარტიის მხარდამჭერი და კონკურენტი პარტიის საწინააღმდეგო პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსება გამომდინარეობს საქართველოს მოქალაქის უფლებიდან, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. ამასთან, ბანერის სახით საინფორმაციო მასალის განთავსება საჯარო ადგილას წარმოადგენს ადამიანის საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ფორმას. შესაბამისად, სადავო ნორმით ასევე იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობის თავისუფლება.
9. მოსარჩელეთა პოზიციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი ზედმეტად ფართო შეზღუდვების დამდგენია. სადავო ნორმა კრძალავს არასათანადო ადგილას ნებისმიერი შინაარსის პლაკატის, ბანერის და ლოზუნგის განთავსებას. სადავო ნორმა ზღუდავს გამოხატვის ფორმალურ მხარეს, აზრისა და ინფორმაციის გავრცელების მანერას და ადგილს. მოსარჩელეების პოზიციით, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების თვითნებური განთავსების აკრძალვა თვითმმართველობის ან სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაზე კონსტიტუციურად გამართლებულია როგორც იერსახის დაცვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების აკრძალვას კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე მაშინ, როდესაც კერძო მესაკუთრე ან სხვა მართლზომიერი მფლობელი დროებით ან თავად განათავსებს ამ პლაკატს, ლოზუნგს ან ბანერს, ან ამის უფლებას აძლევს მესამე პირს.
10. გარდა ამისა, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არაკონსტიტუციურია პარლამენტის ან საკრებულოს შენობის ფასადზე ფრაქციის მიერ მისთვის გადაცემული სამუშაო ოთახიდან საპროტესტო ბანერის განთავსების, ასევე საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირისათვის გადაცემული ფართიდან იმავე ქმედების განხორციელების აკრძალვა. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ფრაქციები იცავენ ამომრჩევლების, ხოლო პროფესიული კავშირები - საჯარო მოხელეების ინტერესებს. შესაბამისად, სხვა საჯარო სამართლებრივი სუბიექტებისაგან განსხვავებით, აღნიშნულ ორ სუბიექტს ესაჭიროება უფრო მეტი თავისუფალი მოქმედების არეალი.
11. მოსარჩელე მხარე განმარტავს, იმისათვის, რათა პირი არ ჩაითვალოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის სამართალდამრღვევად, აუცილებელია პლაკატის, ლოზუნგის, ბანერის განთავსების თაობაზე წინასწარი წერილობითი შეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოსთან. უფლებამოსილი ორგანო მიმართვიდან 5 დღის ვადაში აცნობებს პირს ბანერის, პლაკატის, ლოზუნგის განთავსებაზე თანხმობის შესახებ. მოსარჩელეთა პოზიციით, ხშირ შემთხვევაში, გამოხატვის უფლებით იმწუთიერი სარგებლობა აუცილებელია იმ მიზნების მისაღწევად, რასაც ამგვარი გამოხატვა ემსახურება. წინასწარი ინფორმირების ვალდებულება კი შეუძლებელს ხდის ამ უფლებით ეფექტურ სარგებლობას.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
13. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება“ - კონსტიტუციურობას. თუმცა, სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია შეეხება გასაჩივრებული ნორმით გათვალისწინებულ მხოლოდ პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების აკრძალვას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. სარჩელში წარმოდგენილი არ არის არგუმენტაცია სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე თვითნებური შესრულების, ასევე ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვების აკრძალვის არაკონსტიტუციურობის თაობაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავს, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მხოლოდ პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების აკრძალვას.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების - „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ... ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება“ - კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
4. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებლად მიჩნევისათვის, სხვა პირობებთან ერთად, აუცილებელია, „მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
5. მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ საკუთარი პარტიის მხარდამჭერი და კონკურენტი პარტიის საწინააღმდეგო პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების განთავსების აკრძალვა ხელყოფს მოქალაქის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. ბანერის სახით საინფორმაციო მასალის განთავსების შეზღუდვა კი არღვევს ადამიანის საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას.
6. საქართველოს კონსტიტუციის ზოგიერთი ნორმა შინაარსობრივად მსგავს უფლებრივ კომპონენტს იცავს. საქართველოს კონსტუტუციის 25-ე და 26-ე მუხლებით დაცული უფლებები შინაარსობრივად მჭიდროდ უკავშირდება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს. უფრო მეტიც, კონსტიტუციის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული შეკრებისა თუ გაერთიანების თავისუფლების დაცულობა, ამ თავისუფლებათა განხორციელების ზოგიერთ გამოვლინებაში, შეუძლებელიც კი არის წარმოვიდგინოთ გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარეშე. სწორედ ამაში მდგომარეობს უფლებათა შინაარსობრივი კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება. კონსტიტუციის ხსენებულ უფლებებს შორის მსგავსი კავშირის არსებობა განაპირობებს მოსარჩელის მიერ ერთი და იგივე აკრძალვის სხვადასხვა კონსტიტუციურ უფლებებთან არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას. ამავე დროს, თითოეულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ირღვევა გამოხატვის თავისუფლების ესა თუ ის ფორმა. თუმცა, ეს არ გულისხმობს იმას, თითქოს, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, როცა ის შეკრების ან გაერთიანების თავისუფლების განხორციელებას უკავშირდება, ავტომატურად იწვევს კონსტიტუციის 25-ე და 26-ე მუხლების დარღვევასაც. ხსენებული კონსტიტუციური ნორმების დაცულ სფეროებში ჩარევის დადგენა საჭიროებს ცალკეულ ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლებისა თუ თავისუფლების კონტექსტში. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. „ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). გამოხატვის თავისუფლება დაცული და გარანტირებულია იმის მიუხედავად, ინფორმაციის გავრცელებით პირი პოლიტიკური გაერთიანების ინტერესებს ემსახურება თუ საზოგადოებრივი გაერთიანების მიზნებს უზრუნველყოფს. პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებების გამოხატვის თავისუფლებაც საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით არის დაცული. შესაბამისად, აზრისა და ინფორმაციის გავრცელების უფლების ნებისმიერი შეზღუდვა შეფასებადია სწორედ კონსტიტუციის ამ დებულებასთან მიმართებით.
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ დასახელებული პრობლემა პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების გზით აზრისა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მიემართება და სადავო საკითხი კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროში ექცევა. როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკური ან საზოგადოებრივი გაერთიანების ფარგლებში ინდივიდის ან/და თავად გაერთიანების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თავისთავად, არ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვაზე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში დამატებით არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც სასამართლოს დაანახვებდა შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს შორის.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
10. №1271 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1271 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1271 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ... ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან, 25-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან, 26-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი