საქართველოს მოქალაქეები - ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე და ილია მალაზონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1271 |
ავტორ(ებ)ი | ბესიკ ქათამაძე, დავით მჟავანაძე, ილია მალაზონია |
თარიღი | 31 ოქტომბერი 2017 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.” |
კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეოთხე პუნქტები |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.” |
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები; |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.” |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.” |
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,,სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება.” |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეორე პუნქტი: ,,საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
2015 წლის 15 სექტემბერს სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი-2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი (http://rustavi2.ge/ka/news/26215) სადაც ნაჩვენებია, რომ მოსარჩელეებმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თავისუფალი ზონის“ აქტივისტებმა ილია მალაზონიამ და ბესიკ ქათამაძემ, ასევე პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანაძემ ოზურგეთში ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გადმოფინეს ნაჭრის ბანერი, სადაც გაკეთებული იყო წარწერა: ,,მატყუარა მთავრობა.“ გადაცემა ,,კურიერის“ წამყვანის, ქეთი კვაჭანტირაძის თქმით, აქტივისტებმა ამ ბანერით პრემიერ-მინისტრის ოზურგეთში სტუმრობა გააპროტესტეს. კადრებიდან ასევე ჩანს, როგორ ხსნიან ბანერს, ხოლო გადაცემის წამყვანი აცხადებს, რომ სამივე აქტივისტი დააკავეს.
2015 წლის 1 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ბიძინა სტურუა) მიიღო დადგენილება (ასლი იხილეთ დანართის სახით), რომლითაც სამივე მოსარჩელე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად (ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავანაძე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად ერთი წლის განმავლობაში თვითმმართველი ერთეულის იერსახის განმეორებით დამახინჯებისათვის, ქმედება გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პუნქტით, ხოლო ილია მალაზონია სადავო, 150-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის). ყველა მოსარჩელე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან მცირედმნიშვნელოვანი სამართალდარღვევის გამო და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
დადგენილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია: ,,სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 15 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლის სახურავზე ბესიკ ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და ილია მალაზონიამ თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს ბანერი. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ბანერი განთავსდა საცხოვრებელი სახლის სახურავზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირთა მიერ შერჩეული, ბანერის განთავსების ადგილი არ არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილი პლაკატის, ლოზუნგის, ან ბანერის განსათავსებელად, რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (დადგენილების მესამე გვერდი).
დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების საფუძველს წარმოადგენს პირის მიერ ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა, რომელიც საქმის გადამწყვეტი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მხრიდან მიჩნეული იქნება მცირე მნიშვნელოვნად. მცირე მნიშვნელოვან სამართალდარღვევად კი მიიჩნევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალული ისეთი ქმედება, რომელიც მართალია შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი ან საჯარო წესრიგის დარღვევა, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელეები ცნობილნი იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. მართალია მოსარჩელეებს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მაგრამ მათ სამართალდარღვევის ჩადენის გამო გამოეცხადათ სიტყვიერი შენიშვნა. იმის მიუხედავად, რომ სიტყვიერი შენიშვნა იძულების სიმბოლური ღონისძიებაა, ამ ღონისძიებას მაინც შეუძლია მსუსხავი ეფექტი მოახდინოს გამოხატვის, მანიფესტაციის, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის თავისუფლებაზე. ასევე შენიშვნის გამოცხადებას წინ უძღოდა ოქმის შესადგენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლით გათვალისწინებული მიყვანის ღონისძიება. 243-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში.“ ამ მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე დროში.“ ამგვარად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, მათ შორის სადავო ნორმით აკრძალული ქმედების, გამო სამართალწარმოება დაკავშირებულია ისეთი ღონისძიების გამოყენებასთან, როგორიც თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთაა. სიტყვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება იცავს ადამიანს როგორც მძიმე სახის სანქციებისაგან, ისე სიმბოლური, ასევე თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთისაგან. ქვემოთ მოყვანილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ეხება სახელმწიფოს მიერ გამოყენებული სიტყვიერი საყვედურით კონვენციის მე-11 მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) დარღვევას.
აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებმა უშუალოდ დაარღვიეს მოსარჩელეთა კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლებით აღიარებული უფლებები. აქედან გამომდინარე, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილნი არიან, გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობაზე.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით იმსჯელა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე პუნქტის კონსტიტუციურობაზე. საქმე ეხებოდა საჯარო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ნახატების თვითნებურად შესრულებას. ამ გადაწყვეტილებით დავის საგანს არ წარმოადგენდა პლაკატის, ლოზუნგის ბანერის განთავსება ადგილზე, რაც საამისოდ არ არის გამოყოფილი. გადაწყვეტილების მეორე თავის 113-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 150-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, აკრძალულია სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება არა მხოლოდ შენობათა ფასადებზე, არამედ „...ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი...“.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 24-ე, 25-ე და 26-ე მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1.კონსტიტუციის 24-ე მუხლით, 25-ე და 26-ე მუხლებით დაცული სფერო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2011 წლის 18 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის მე-3 პარაგრაფში განაცხადა:
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი გამოხატვის თავისუფლების სხვადასხვა ასპექტებს შეიცავს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრის და ინფორმაციის გავრცელების უფლება „ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“, ის გამოხატვის თავისუფლების, აზრის გავრცელების შესაძლებლობის გარანტიებს შეიცავს. ამ მუხლით დაცულია ადამიანის შეხედულებები, მისი რწმენა, ინფორმაცია, ასევე ის საშუალებები, რომლებიც მათი გამოთქმისა და გავრცელებისათვის არის შერჩეული, მათ შორის არის პრესა, ტელევიზია, ინფორმაციის და აზრის გავრცელების სხვა საშუალებები. შეკრების (მანიფესტაციის) უფლება კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცულ სფეროს იმდენად უკავშირდება, რამდენადაც ის აზრის გავრცელების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. ადამიანთა თავყრილობას (მსვლელობას), რომელიც მოკლებულია იდეას, არ ემსახურება აზრის, ინფორმაციის გაზიარებას ან გავრცელებას არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციით დაცულ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან. შეკრებას (მანიფესტაციას) კონსტიტუციურ უფლებად მისი მიზანი და შინაარსი აქცევს, ეს განაპირობებს ბუნებრივ და არსებით კავშირს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის. ამ მხრივ კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომელიც ადამიანთა ჯგუფის მიერ აზრის გამოხატვის კოლექტიურ შესაძლებლობას იცავს, კონსტიტუციის 24-ე მუხლის გაგრძელებას წარმოადგენს. ამრიგად, საკანონმდებლო ნორმას, რომელიც შეკრების ან/და მანიფესტაციის ჩატარების ფორმით აზრის გამოხატვის შესაძლებლობას, შეკრების (მანიფესტაციის) ადგილს, მის შინაარსს ან ფორმას უკავშირდება, კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებთან თანაბარი მიმართება შეიძლება ჰქონდეს.
ამავე გადაწყვეტილების მეორე თავის მე-4 პარაგრაფში ნათქვამია: ,,შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, როგორც გამოხატვის სპეციალურ ფორმას, ორი თანაბრად მნიშვნელოვანი უფლებისაგან განუყოფელი ასპექტი გააჩნია: შეკრება და მანიფესტაცია, როგორც აზრის გამოხატვის ფორმა (უფლების ფორმალური მხარე) და კონკრეტული აზრი, რომელსაც შეკრება ან მანიფესტაცია ემსახურება. ეს არის ინსტრუმენტული უფლება, რომელიც ამ უფლებით მოსარგებლე პირს (მისი პოლიტიკური, სოციალური, არტისტული, რელიგიური და ა.შ.) გრძნობებისა და შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. შეკრება და მანიფესტაცია შეიძლება იყოს პოლიტიკური საქმიანობის განუყოფელი ელემენტი, ემსახურებოდეს აზრის გამოხატვას, ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებას და ა.შ.. სწორედ ამ შინაარსით არის კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული უფლება ინსტრუმენტული და ასეთ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება იყოს იდენტური იმ უფლების შეზღუდვის საფუძვლებისა, რომლის რეალიზებასაც ის ემსახურება.”
სადავო ნორმით არ ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ ასპექტში ჩარევა. სადავო ნორმა არ ზღუდავს გამოხატვას გავრცელებული მასალის შინაარსის გამო. სადავო ნორმისათვის მნიშვნელობა არა აქვს ბანერი ან პლაკატი პოლიტიკური, სარეკლამო, სახელოვნებო თუ სხვა შინაარსისა. სადავო ნორმა ზღუდავს გამოხატვის ფორმალურ და ინსტრუმენტალურ მხარეს, აზრისა და ინფორმაციის გავრცელების მანერას და ადგილს და არა თავად ინფორმაციისა და აზრის შინაარსს. აქედან გამომდინარე, ამ სარჩელის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს, რა განსხვავება არსებობს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებს შორის აზრის გავრცელების საშუალებების თვალსაზრით.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 25-ე მუხლით დაცულია ჭერქვეშ და გარეთ ცოცხალი ადამიანების კოლექტიური თავყრილობის ან მსვლელობის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამგვარად, აზრის გავრცელების ისეთი მედიუმი, რაც ხდება ერთ ადგილას, ერთჯერადად, კოლექტიურად შეკრებილი ადამიანების მეშვეობით, გამოირიცხება როგორც კონსტიტუციის 24-ე მუხლიდან, ისე 26-ე მუხლიდან და ამ მედიუმს სპეციალურად კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს. შეკრების თავისუფლების არსის და სადავო ნორმასთან მისი მიმართების გასაგებად მნიშვნელოვანია მოვიხმოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლოესი 2017 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე ლაშმანკინი და სხვების რუსეთის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857): ამ გადაწყვეტილების 405-ე პარაგრაფში აღნიშნულია:
,,შეკრების თავისუფლება თავის თავში მოიცავს შეკრების დროის, ადგილისა და მანერის არჩევის უფლებასაც. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ორგანიზატორის თავისუფლება, გადაწყვიტოს შეკრების ჩატარების ადგილი და დრო, გამოხატვის მანერა (მაგალითად, გადაწყვიტოს შეკრება სტატიკური იქნება თუ ჩატარდება მსვლელობა, შეკრების მონაწილეები მოთხოვნებს გამოხატავენ სიტყვებით, სლოგანებით, ბანერებით თუ სხვა გზით).“ სადავო ნორმით აკრძალულია ბანერის, პლაკატის და ლოზუნგის განთავსება იმ ადგილას, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. შესაბამისად, სადავო ნორმა უკრძალავს ადამიანს იმას, რომ შეკრების ჩატარებისას ბანერი ან ლოზუნგი განათავსოს კერძო ან საჯარო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მიწაზე, სახლზე, საგზაო ნიშნებზე, ყველაფერზე, რაც საამისოდ არ არის გამოყოფილი. იმისთვის, რომ სადავო ნორმის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, ადამიანი ვალდებულია, აქციის მიმდინარეობისას ლოზუნგი, პლაკატი ან ბანერი ხელში ეჭიროს. როგორც კი აქციის მონაწილე განათავსებს ბანერს ამა თუ იმ ქონებაზე, სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევა დამთავრებულია. ამგვარად, სადავო ნორმას აქვს მიმართება კონსტიტუციის 25-ე მუხლით გამოხატვის თავისუფლების მედიუმთან.
შესაძლოა, არასათანადო ადგილას ბანერი, ლოზუნგი პლაკატი ერთმა ადამიანმა განათავსოს. როგორც ზემოთ მივუთითეთ, კონსტიტუციის 25-ე მუხლში შეჭრისათვის სახეზე უნდა იყოს აზრის გამოხატვის მიზნით ადამიანების კოლექტიური ერთობა. როცა ერთი ადამიანი ამ ქმედებას ახორციელებს, არ გვექნება კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცული სფერო, არამედ კონსტიტუციის 24-ე მუხლით დაცული სფერო. კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს, დამოუკიდებლად აძლევს იმის უფლებას, რომ წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით გაავრცელოს თავისი აზრი. ერთი ადამიანის მიერ ბანერის, პლაკატის ან ლოზუნგის არასათანადო ადგილას განთავსება, არის წერილობით ან სხვა ფორმით ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი ფორმა. ეს არის აზრის გავრცელების ის სეგმენტი, რომელიც 25-ე და 26-ე მუხლით დაცული სფეროების მიღმა რჩება. ასევე კონსტიტუციის 24-ე მუხლში ექცევა შემთხვევა, როდესაც ჩატარდა აქცია, არასათანადო ადგილას გაიკრა პლაკატი, თუმცა რეაგირება არ მოხდა დაუყოვნებლივ და აქციის დაშლიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოხდა ამ პლაკატის მოშორება ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მიერ და ამ პლაკატის გაკვრის ქმედების ჩამდენი პირის პასუხისგებაში მიცემა. პლაკატს ახასიათებს ის თვისება, რომ ის ადგილზე რჩება შეკრების დამთავრების შემდეგაც. ხშირად პლაკატის გამკვრელი პირის მიზანიც ის არის, რომ ამ პლაკატის მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდოს იმ პირებს, რომლებიც მოცემულ საჯარო ადგილას მივლენ შეკრების დამთავრების შემდეგ. ადამიანის უფლება, გარეშე პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ან გააცნოს თავისი აზრი არა უშუალო კონტაქტის, არამედ კონკრეტულ ადგილზე დატოვებული პლაკატის ან ბანერის მეშვეობით, დაცულია კონსტიტუციის 24-ე და არა 25-ე მუხლით.
აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქალაქის საბჭო გადასახადის გადამხდელები ვინსენტისათვის წინააღმდეგ საქმე (https://supreme.justia.com/cases/federal/us/466/789/case.html) ეხებოდა სწორედ საჯარო (ადგილობრივი თვითმმართველობის) საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე წინასაარჩევნო პლაკატების აკრძალვას. ეს საქმე სასამართლომ განიხილა სიტყვის თავისუფლების უფლების კონტექსტში. 1979 წლის მარტში როლანდ ვინსენტი წარდგენილი იქნა ლოს ანჟელესის ქალაქის საბჭოს წევრობის კანდიდატად. მისმა მხარდამჭერებმა, რომლებიც თავს უწოდებდნენ გადასახადის გადამხდელებს ვინსენტისათვის, დადეს ხელშეკრულება კომპანიასთან, რათა დაემზადებინა და გაეკრა პლაკატი ვინსენტის სახელით. კომპანიამ მუყაოს ყუთზე დაბეჭდა პლაკატი და განათავსა ელექტრობოძზე. პლაკატის წარწერა იყო „როლანდ ვინსენტი - ქალაქის საბჭოში.“ იმოქმედეს რა მუნიციპალური კოდექსის საფუძველზე, ქალაქის ქუჩების დაცვის ბიუროს თანამშრომლებმა რუტინულად ჩამოხსნეს ელექტრობოძებზე გაკრული პლაკატები. კვირის ბოლოს შედგა ანგარიში, სადაც აღნიშნული იქნა, რომ ქალაქში ჩამოხსნილი იქნა 1,207 ნიშანი, აქედან 48-ზე მითითებული იყო როლანდ ვინსენტი. სხვა ნიშნები იყო კომერციული ხასიათის.“
ამ საქმეში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,მუნიციპალური კოდექსი ზღუდავს ადამიანის შესაძლებლობას საზოგადოებას მიწოდოს ინფორმაცია და აზრი განსაზღვრული მანერით და ამგვარად, სავარაუდოდ, ხარისხობრივად ამცირებს ქალაქის მასშტაბით ინფორმაციის მიწოდების ხარისხს. ნორმა წარმოშობს საკითხს იმის თაობაზე, კონსტიტუციის მიზნებისათვის, ხომ არ დაირღვა სიტყვის თავისუფლება.“
რაც შეეხება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს. პირველი პუნქტი იცავს საზოგადოებრივ ორგანიზაციაში გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო მეორე პუნქტი - პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანების თავისუფლებას. 26-ე მუხლის მეორე პუნქტი მიემართება უშუალოდ მოქალაქეს და ანიჭებს მას უფლებას, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტში არ არის მითითებული ადამიანის უფლებაზე მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობაში, თუმცა გაერთიანების უფლებაში ეს ასპექტი მაინც მოიაზრება. გააკრა საკუთარი პარტიის მხარდამჭერი და კონკურენტი პარტიის საწინააღმდეგო პლაკატი, გამომდინარეობს საქართველოს მოქალაქის უფლებიდან, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში; ისევე როგორც ბანერის სახით საინფორმაციო მასალის განთავსება საჯარო ადგილას არის ადამიანის საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის ფორმა. მოსარჩელეებიდან ორი არის საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი, ხოლო ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. ბანერის განთავსებისას, რისთვისაც მოსარჩელეები ცნობილი იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, ისინი მოქმედებდნენ პარტიული და ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად.
ამ კუთხით საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შიშმანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-106431). განსახილველ პერიოდში მომჩივნები მუშაობდნენ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში. იმავდროულად, მომჩივანები იყვნენ ადგილობრივი პროფკავშირის მმართველი საბჭოს წევრები. მომჩივანების პროფკავშირი იყო საჯარო მოხელეთა პროფკავშირების კონფედერაციის წევრი (მე-7 პარაგრაფი).
2004 წლის 10 მაისს მომჩივანებს შეატყობინეს, რომ მათ წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო ოფისის კედლებზე პლაკატის განთავსებისათვის. პლაკატზე მითითებული იყო ის, რომ 1 მაისს ჩატარდებოდა ყოველწლიური მანიფესტაცია (გადაწყვეტილების მე-8 პუნქტი).
2004 წლის 28 მაისს საგადასახადო დეპარტამენტმა დააკისრა დისციპლინური სანქცია მომჩივნებს იმის გამო, რომ პროფკავშირების პოსტერი გამოიფინა კედელზე, რაც საამისოდ არ იყო გამოყოფილი. ეს ქმედება, დეპარტამენტის პოზიციით, წარმოადგენდა იერსახის დამახინჯებას. გაიცა ბრძანება პლაკატის ჩამოხსნასთან დაკავშირებით (გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი).
ამის შემდეგ, მომჩივნებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმის გადახდა. 2004 წლის 2 ივლისს დამსაქმებელმა მომჩივნებს ჯარიმა შეუცვალა საყვედურის გამოცხადებით (მე-12 პარაგრაფი).
მომჩივნები მიუთითებენ, რომ საყვედური, რაც მათ გამოუცხადეს ოფისის კედელზე პლაკატის გამოფენისათვის, რომლითაც მაისის დემონსტრაციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ საზოგადოებას, წარმოადგენს მათი გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას (21-ე პუნქტი).
მთავრობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მთავრობა აცხადებს, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მომჩივანები კვლავაც პროფკავშირის წევრად რჩებიან. მთავრობის პოზიციით, გაფრთხილება მომჩივანებს არც მოქმედების, არც არჩევანის თავისუფლებას არ უზღუდავს (22-ე პუნქტი).
მომჩივანის მსგავსად, სასამართლოც თვლის, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ სფეროში, გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას (გადაწყვეტილების 23-ე პარაგრაფი). ამ გადაწყვეტილების 34-ე პარაგრაფში ევროპულმა სასამართლომ ასევე განაცხადა: სასამართლო ადგენს, რომ სანქცია, რამდენადაც მინიმალური არ უნდა ყოფილიყო ის, აიძულებს პროფკავშირის წევრს უარი თქვას საკუთარი საქმიანობის თავისუფლად განხორციელებაზე.
ამ საქმის მსგავსად, როგორც სადავო ნორმით გათვალისწინებული ჯარიმა, ისე სიტყვიერი შენიშვნაც კი, რამდენად მინიმალურიც არ უნდა იყოს ის, აიძულებს პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს უარი თქვას პარტიულ და სამოქალაქო აქტივობაზე.
2) სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმის თანახმად, იკრძალება ,,პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი.“ სწორედ ეს ნაწილი წარმოადგენს აღნიშნული დავის საგანს და არა სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე. ასევე სადავოდ არ ვხდით ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენის კონსტიტუციურობას. მოსარჩელე მხარე ამტკიცებს რომ არაკონსტიტუციურია პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსების აკრძალვა კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე, მაშინ როდესაც კერძო მესაკუთრე ან სხვა მართლზომიერი მფლობელი დროებით ან თავად განათავსებს ამ პლაკატს, ლოზუნგს და ბანერს ან ამის უფლებას აძლევს მესამე პირს. აღნიშნული დავის ფარგლებში არ ვითხოვთ, პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების თვითნებური განთავსების კონსტიტუციურობის შემოწმებას თვითმმართველობის ან სახელმწიფოს (საჯარო) საკუთრებაზე. ამის მიუხედავად, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია პარლამენტის ან საკრებულოს შენობის ფასადზე ფრაქციის მიერ მისთვის გადაცემული სამუშაო ოთახიდან საპროტესტო ბანერის გამოფენა. ასევე არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია, საჯარო მოხელეთა პროფკავშირისათვის გადაცემულ ფართიდან იმავე სახის ქმედების განხორციელების აკრძალვა, რაზედაც გაერთიანების თავისუფლების დარღვევა დადგინდა შიშმანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ საქმეში.
პარტიასთან დაკავშირებული ფრაქციების და საჯარო სამსახურში არსებული პროფკავშირების საქმიანობის თავისუფლება სპეციალურად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით. შესაბამისად, საჯარო საკუთრებით სარგებლობის საერთო წესებიდან ამ ორი სუბიექტისათვის გამონაკლისი უნდა იყოს დაწესებული. ასევე კერძო საკუთრების რეჟიმი უნდა გავრცელდეს სახელმწიფოს ან თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ იჯარით ან სხვა უფლებით გადაცემულ შენობებზეც. ამ შემთხვევაშიც ქონების მფლობელის თანხმობა საკმარისი უნდა იყოს ბანერის დროებითი განთავსებისათვის.
ამ ნორმის სწორი განმარტებისათვის მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რა ჩაითვლება საამისოდ გამოყოფილ ადგილად. ამ საკითხთან დაკავშირებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2016 წლის 1 ივლისის #07/11651 წერილით (იხილეთ დანართის სახით) აცნობა: ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბრების და რეკლამების განთავსება არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას, თუმცა, ვინაიდან იგი მიეკუთვნება I კლასს, საჭიროებს წერილობით შეთანხმებას სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან... აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად არ ჩაითვლება ქმედება, თუ მოხდება მისი იერსახის შეთანხმება წერილობითი სახით სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან.“
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილების 66-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ,,I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს.“ ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად: ,,მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას.“ ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: ,,თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა.“ ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: ,,ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.“
ამგვარად, როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრებაზე ბანერის, პლაკატის ან ლოზუნგის განთავსებისათვის აუცილებელია პირმა ხუთი დღით ადრე მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს (თბილისის შემთხვევაში სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურულ სამსახურს). ადამიანმა ვისაც სურს პლაკატის ან ბანერის განთავსება, უნდა წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია. მიმართვიდან ხუთი დღის ვადაში არქიტექტურის სამსახური ამოწმებს რამდენად შეესაბამება წარდგენილი დოკუმენტები ქალაქთმშენებლობის დოკუმენტებს. ხუთი დღის ვადაში თვითმმართველობის ორგანო აცნობებს ბანერის განთავსების მაძიებელს, ბანერის, პლაკატის და ლოზუნგის დადგმის თანხმობის თაობაზე. თუ ბანერის დადგმის მსურველს ეს შეტყობინება არ გაეგზავნა, ითვლება, რომ პირმა პლაკატის, ბანერის და ლოზუნგის დადგმის უფლება მიიღო როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრებაზე. ამ წესის გვერდის ავლით დადგმული ბანერი, პლაკატი, ლოზუნგი ჩაითვლება ისეთ ადგილას დადგმულად, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. ასეთ შემთხვევაში სახეზე გვექნება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობა.
3. ზედმეტად ფართოდ შემზღუდველი ნორმის დოქტრინა
სენტ პაულის საქმეზე აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განმარტა ზედმეტად ფართოდ ფორმულირებული ნორმის არსი (https://supreme.justia.com/cases/federal/us/505/377/case.html) ეს არის ნორმა, რომელიც აღსრულების შედეგად იმაზე მეტ გამოხატვას ზღუდავს, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის ნებადართული. მაუნთ ეფერემის საქმეში (https://supreme.justia.com/cases/federal/us/452/61/case.html) აშშ-ს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებული იყო ნორმა, რომლითაც კრძალავდა ნებისმიერ დაწესებულებაში ცოცხლად შიშველი ცეკვის შესრულებას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ მთელს ქალაქში გასართობი ღონისძიების აკრძალვით, ნორმა ძალიან ბევრ ადგილას მიმდინარე გამოხატვასთან დაკავშირებულ საქმიანობას შეეხო. აკრძალული ადგილებიდან, ზოგ ადგილას შიშველი ცეკვა კონსტიტუციურად დაცულია, ზოგ ადგილას არა. აკრძალვა თანაბრად ეხება ფილმებს, სატელევიზიო გადაცემებს, სასცენო დადგმებს. გამოხატვის ყველა ეს ფორმები დაცულია კონსტიტუციით. სადავო ნორმით ქალაქში არსებული არავითარი ქონება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სპექტაკლების, კონცერტების, მიუზიკლების, ცეკვის და სხვა ფორმის გართობისათვის, სადაც შიშველი ცეკვაა გამოყენებული. ასეთი აკრძალვა სასამართლომ მიიჩნია ზედმეტად ფართოდ შემზღუდველ ნორმად.
ზედმეტად ფართოდ შემზღუდველი ნორმა განსხვავდება ბუნდოვანი ნორმისაგან. ბუნდოვანი ნორმის შემთხვევაში გაურკვეველია ნორმით დადგენილი წესის შინაარსი ან ნორმა იძლევა მისი სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ფართოდ შემზღუდველი ნორმის შემთხვევაში ნორმის შინაარსი ზუსტად ცნობილია და არ ხდება ერთმანეთის გამომრიცხავი შინაარსით ნორმის ინტერპრეტირება, თუმცა ასეთი ნორმა არეგულირებს ურთიერთობების იმდენად ფართო სპექტრს, რომ ნორმის მიერ გამოხატვასთან დაკავშირებული ურთიერთობების ერთი ნაწილის რეგულირება კონსტიტუციურად გამართლებულია, მეორე ნაწილის - გაუმართლებელი. ზედმეტად ფართოდ შემზღუდველი ნორმა არღვევს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვა ვიწროდ, და არა ფართოდ მიზანმიმართული უნდა იყოს. ნორმით დადგენილი შეზღუდვა უნდა დამთავრდეს იქ, სადაც ეს კონსტიტუციურად გამართლებულია და არ უნდა შეეხოს იმ სფეროს, სადაც ამგვარი რეგულაცია გაუმართლებელია.
ზედმეტად ფართოდ შემზღუდველი ნორმის ამერიკული დოქტრინა უცხო არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისთვისაც. მაგალითად, 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-7 პარაგრაფში განაცხადა: ,,ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმები უნდა იყოს გათვალისწინებული ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.“
სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლიც ანალოგიურად არ არის ვიწროდ მიზანმიმართული და ზედმეტად ფართო შეზღუდვების დამდგენია. ამის მიზეზია ის, რომ სადავო ნორმა კრძალავს როგორც საჯარო (გზებზე, ტრასებზე, პარკებში, სკვერებში, სახელმწიფო დაწესებულებების კუთვნილ შენობა-ნაგებობაზე), ისე კერძო საკუთრებაზე პლაკატების განთავსებას, მათ შორის მაშინ, როცა კერძო მესაკუთრე თანახმაა, მის კუთვნილებაში არსებულ შენობაზე პლაკატი იქნას განთავსებული. გზებზე, ტრასებზე, საგზაო ნიშნებზე, საჯარო საკუთრებაში არსებულ სკვერებში, პარკებში ბანერების და პლაკატების უნებართვოდ, თუნდაც დროებით განთავსების აკრძალვა კონსტიტუციურად გამართლებულია როგორც იერსახის დაცვის, ისე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამის მიუხედავად, გაუმართლებელია კერძო მესაკუთრეს ან მართლზომიერ მფლობელს აეკრძალოს შენობიდან ბანერის ან პლაკატის დროებით გამოფენა.
ზემოთ ვისაუბრეთ ორ სპეციფიკურ საჯარო სამართლებრივ სუბიექტებზე, რომლებსაც საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების შესასრულებლად გადაცემული აქვთ საჯარო ქონება. ეს ორი სუბიექტია წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული პარტიების მიერ შექმნილი ფრაქციები, დეპუტატები და საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირი. ფრაქციები იცავენ ამომრჩევლების ინტერესებს, ხოლო პროფკავშირები წარმოადგენენ საჯარო მოხელეების ინტერესებს. სხვა საჯარო სამართლებრივი სუბიექტებისაგან განსხვავებით, ამ ორ სუბიექტს უფრო მეტი თავისუფალი მოქმედების არეალი ესაჭიროებათ, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევებში ფრაქციებიც და პროფესიული კავშირებიც მოკლებულნი არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას. თავისუფლად საუბარი და ეფექტური ექსპრესია არის ოპოზიციური ფრაქციის მიერ ამომრჩევლის ინტერსების დაცვის ერთადერთი საშუალება. გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უამრავ სხვა მექანიზმთან ერთად (იმუნიტეტი, უფლება არ გაამხილოს მისთვის განდობილი ინფორმაცია, პარლამენტსა და საკომიტეტო სხდომაზე წარმოთქმული სიტყვისათვის ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება), ოპოზიციურ ფრაქციას ესაჭიროება თავისუფალი მოქმედების დამატებითი არეალი მისი სათქმელის ხელისუფლებამდე და ამომრჩეველებამდე მისატანად. სამუშაო კაბინეტიდან ფრაქციის ან ინდივიდუალური დეპუტატის მიერ შენობის ფასადზე ბანერის გამოფენა არის ამ ინტერესის დაცვის საშუალება. თუმცა სადავო ნორმა ამ შემთხვევაშიც ადგენს პასუხისმგებლობას. ოპოზიციური დეპუტატებისათვის, ფრაქციებისათვის, საჯარო მოხელეების პროფკავშირებისათვის ამგვარი გამონაკლისის დადგენა გამომდინარეობს კონსტიტუციის 24-ე და 26-ე მუხლებიდან.
ეს უფლება ვერ გავრცელდება სხვა საჯარო-სამართლებრივ სუბიექტებზე, რომლებიც, კანონის ფარგლებში, ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და აქვთ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. გამოხატვის თავისუფლების ფართო არეალი, რომლითაც სარგებლობენ პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და მათ ფრაქციები ვერ ექნებათ სხვა საჯარო მოსამსახურეებს სამუშაო კაბინეტიდან ბანერის უნებართვოდ გამოფენის ჩათვლით. ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი მკვეთრად ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გამოხატვის თავისუფლებას. ცხადია, ეს შეზღუდვები ვერ გავრცელდება მაშინ, როცა საჯარო მოხელე მოქმედებს არა კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების ფარგლებში, არამედ როგორც მოქალაქე და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრი.
სადავო ნორმა არ აძლევს არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს მის საკუთრებაში არსებული, იჯარით აღებული თუ დაქირავებული შენობის ფასადზე ბანერის სახით გამოიტანოს ლოზუნგი: ,,შეწყდეს ფემიციდი“ ,,აბორტი ქალის უფლებაა“ და აშ, რაც არსებითია არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ინდივიდუალურ აქტივისტებს, სადავო ნორმა ჯარიმით ემუქრება, თუკი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი სახლის სახურავიდან გადმოფენს ბანერს, სადაც ეწერება: ,,არა წამებას.“ საჯარო შენობის შეღებვისაგან ან თუნდაც ბანერის განთავსებისაგან განსხვავებით, არავითარი კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება არ გააჩნია ამგვარი აკრძალვის დაწესებას. თუმცა ეს შემთხვევებიც ნორმის ფართოდ შემზღუდველი ხასიათიდან გამომდინარეობს.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სადავო ნორმა არეგულირებს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ ქმედებებს. ამ ქმედების ნაწილი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, მეორე ნაწილი არ არის დაცული. ამის გამო, შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდვა იმდენად ფართოდ არის ფორმულირებული, რომ ის ვერ იქნება ვიწროდ მიზანმიმართული. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სადავო ნორმის კონსტიტუციურობა.
4) შინაარსობრივად ნეიტრალური (დროსთან, ადგილთან და მანერასთან დაკავშირებული) შეზღუდვა
სადავო ნორმა კრძალავს არასათანადო ადგილას ნებისმიერი შინაარსის პლაკატის, ბანერის და ლოზუნგის განთავსებას. სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა ერთნაირად მიემართება საჯარო ადგილებში პოლიტიკური, სარეკლამო, სახელოვნებო თუ სხვა ტიპის ბანერის აკრძალვისაკენ. ლოზუნგი შეეძლება იყოს პოლიტიკური ან არაპოლიტიკური ხასიათის. სადავო ნორმა არ ასხვავებს არც პარტიულ ლოზუნგებს. ნებისმიერი შინაარსის ლოზუნგი იკრძალება, რომელიც ისეთ ადგილზეა განთავსებული, რაც ამისათვის არ არის გამოყოფილი. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა შინაარსობრივად ნეიტრალურია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის 18 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღდეგ გადაწყვეტილების 115-ე მუხლში განაცხადა: ,, საყურადღებოა, რომ 150-ე მუხლით, მათ შორის, სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვა უკავშირდება ნახატების, წარწერებისა და სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას. აღნიშნულ ნორმაში საკვანძო სიტყვას „თვითნებური“ წარმოადგენს. კანონით, შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვა არის დაწესებული, რომელიც საჯარო საკუთრებას თვითნებური გამოყენებისაგან იცავს.“
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეში შეერთებული შტატები გრეისის წინააღმდეგ განაცხადა (https://supreme.justia.com/cases/federal/us/461/171/case.html): ,,გამოხატვის თავისუფლებაზე შინაარსობრივად ნეიტრალურ შეზღუდვას წარმოადგენს დროსთან, ადგილთან და მანერასთან დაკავშირებული შეზღუდვა.“ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტული სახის შეზღუდვა უკავშირდება ადგილს - რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი და მანერას - პლაკატის, ლოზუნგის, ბანერის განთავსებას. ადამიანს უფლება აქვს ლოზუნგი გამოფინოს იმ ადგილას, სადაც ამის უფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მისცემს. ამასთან ადამიანს შეუძლია, ის აზრი ან ინფორმაცია, რასაც არასათანადო ადგილას განსათავსებელ ბანერზე დაიტანდა, თვითმმართველობის თანხმობა რომ ჰქონოდა, ამგვარი თანხმობის გარეშე, გაავრცელოს სხვა მანერით: მაგალითად, ზეპირად, ხმის გამაძლიერებლით ან ბეჭდური სახით ბუკლეტების დარიგებით. შეზღუდვა აშკარად უკავშირდება აზრის გამოხატვის ადგილს და მანერას. ეს შეზღუდვა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაარსობრივად ნეიტრალურია.
,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 29-ე პუნქტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,ხელისუფლება შედარებით ფართო დისკრეციით სარგებლობს, როდესაც ის უფლების შეზღუდვის, მისი რეგულირების ფორმალურ საფუძვლებს არ სცდება და შინაარსობრივად ნეიტრალურ ნორმებს ადგენს. ფორმალური ხასიათის შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელი ნორმები არ იყოს აშკარად არაგონივრული, შესასრულებლად მძიმე და არსებითად აზრს არ უკარგავდეს კონსტიტუციით აღიარებული უფლებების რეალიზაციას. ამავე დროს, კონსტიტუციური უფლების მარეგულირებელი, შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმების დადგენა ასევე კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების უზრუნველსაყოფად არის დასაშვები.“
მსგავსი მიდგომა აქვს აშშ-ს უზენაეს სასამართლოს შინაარსობრივად ნეიტრალურ შეზღუდვებთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელები ვინსენტისათვის საქმეში, რომელიც საჯარო საკუთრებაზე ნებისმიერი სახის პლაკატის გაკვრის აკრძალვას ეხებოდა, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლომ დააწესა ტესტი გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვისათვის: რეგულაცია გამართლებულია, თუ უფლებამოსილების განხორციელება ხელისუფლების კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, ემსახურება მნიშვნელოვანი ან არსებითი სახელმწიფო ინტერესების მიღწევას, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ღონისძიების განხორციელების არა განზრახი, არამედ შემთხვევითი შედეგია და გამოხატვის თავისუფლებას არ ადგება იმაზე მეტი ზიანი, ვიდრე ეს კონკრეტული მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი.“ ამ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა ვინაიდან ქალაქს ჰქონდა კონსტიტუციური უფლებამოსილება, დაეცვა ქალაქის ესთეტიკა. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ამ დროს ამოვიდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც ეს კონცეფცია მოიცავს სულიერ, ფიზიკურ, ესთეტიკურ და ფულად ფასეულობებს.
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ამავე საქმეზე განაცხადა, რომ თვითმმართველობის ორგანო ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას, დაეცვა ადგილობრივი მოსახლეობა დაბინძურებისაგან. ეს ვალდებულება გულისხმობს არა მხოლოდ მოწამვლისა და გამაყრუებელი ხმაურისაგან, არამედ ასევე ქალაქის ვიზუალური დაბინძურებისაგან დაცვას. აქვე აშშ-ს უზენაესი სასამართლო იხსენებს საქმეს, სადაც ხმის გამაძლიერებლის აკრძალვით შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება. აშშ-ს უზენაესი სასამართლო აცხადებს (https://supreme.justia.com/cases/federal/us/466/789/case.html):
,,სადავო ნორმა ემსახურებოდა ვიზუალური დაბინძურების თავიდან აცილებას საჯარო საკუთრებაზე ჭარბი რაოდენობის წარწერების აკრძალვის გზით. ეს არის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ქალაქის თვითმმართველობამ აკრძალა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. თვითმმართველობის ინტერესი შეინარჩუნოს (გაუუმჯობესოს) ქალაქის ცხოვრების ხარისხი, განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს სასამართლო ხელისუფლების მიერ. „
მას შემდეგ, რაც სასამართლომ გასცა ორ კითხვას პასუხი, რომ საჯარო საკუთრებაზე წარწერების აკრძალვა იყო თვითმმართველობის კონსტიტუციური უფლებამოსილება, ამ უფლებამოსილების განხორციელება არსებით სახელმწიფო ინტერესს ემსახურებოდა, ამის შემდეგ სასამართლოს უნდა გაეცა მესამე კითხვაზე პასუხი: არსებითი ინტერესის მისაღწევად კონსტიტუციური უფლებამოსილების გახორციელებით განზრახ ხომ არ შეიჭრა სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლებაში.
ამასთან დაკავშირებით აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ თვითმმართველობის მიზანს წარწერების საჯარო საკუთრებაზე განთავსების აკრძალვით წარმოადგენდა ქალაქის ესთეტიკური მხარის შენარჩუნება და დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად განხორციელებულმა ღონისძიებებმა შემთხვევით და არა წინასწარი განზრახვით, შეზღუდეს გამოხატვის თავისუფლება. ამითი შინაარსობრივად ნეიტრალური შეზღუდვის ტესტის მესამე მოთხოვნაც სასამართლომ დაკმაყოფილებულად ჩათვალა.
აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადავიდა ტესტის მეოთხე საფეხურის შემოწმებაზე - ხომ არ არსებობდა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რაც სახელმწიფოს თავიდან აარიდებდა გაუფრთხილებლობით გამოხატვის თავისუფლებაში შეჭრას. ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ ერთმანეთისაგან განასხვავა საჯარო ადგილებში ფლაერების გავრცელება და ბანერის განთავსება. სასამართლოს თქმით, ფლაერების გავრცელებისას ადამიანს მიაქვს ინფორმაცია სხვასთან და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ფალერების გამავრცელებელი საჯარო ადგილას რჩება. პლაკატი ადგილზე რჩება მაშინაც, როდესაც მისი გამავრცელებელი საჯარო ადგილს დატოვებს. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ კედელს პლაკატს არ მოაშორებენ კედელს. გამოხატვის თავისუფლება არ იცავს საჯარო ადგილას საინფორმაციო მასალის უმეთვალყურეოდ დატოვებას. სასამართლომ მისცა უფლება თვითმმართველობას, აკრძალოს გაზეთების ქუჩაში უმეთვალყურეოდ დაყრა, თუნდაც იმ მიზნით, რომ ის მკითხველმა აიღოს. ანალოგიურად, კონსტიტუცია არ უკრძალავს ხელისუფლებას, დასაჯოს ადამიანი, რომელიც გაზეთებს ყრის ქუჩაში, ფლაერებს ისვრის ჰაერში, საინფორმაციო მასალას ყრის ფანჯრიდან ან თვითმფრინავიდან. ის, რომ ეს ქმედება ინფორმაციის გავრცელების მიზნით ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს არა აქვს დაბინძურებასთან ბრძოლის უფლება. კონსტიტუცია იცავს მასალის ისეთ გავრცელებას, როგორიცაა ფლაერის შეთავაზება გამვლელისათვის. გამვლელს შეუძლია აიღოს ფლაერი ან უარი თქვას მასზე. გამვლელი, ამის შემდეგ, ინახავს ამ მასალას ან მოათავსებს მას ნაგვის ყუთში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამვლელზე გადადის პასუხისმგებლობა დაბინძურებისათვის, თუ მასალას ძირს დააგდებს. ქუჩა ღიაა ყველასთვის, გამოთქვას თავისი აზრი, თუ ეს ხდება დადგენილი წესის ფარგლებში. ადამიანს შეუძლია აზრი გაავრცელოს ფლაერებით, ლიტერატურით ან ზეპირი სიტყვით და ამის შემდეგ, თავისი სურვილით დატოვოს ქუჩა. შესაძლებელია ადამიანმა ფლაერები ისე გაავრცელოს, რომ ისინი მიწაზე არ დაყაროს და არ დაანაგვიანოს გარემო. უზენაესი სასამართლოს აზრით, ბანერი ისეთი მედიუმია, რომ მისი გაკვრა უკვე თავისთავად ქმნის გარემოს დაბინძურების საფრთხეს. ამრიგად, უზენაესი სასამართლო ასკვნის, რომ საჯარო ადგილებში ბანერის გაკვრის აკრძალვისას არ არსებობდა გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად ნაკლებად მზღუდავი საშუალება. ვიზუალური დაბიძურების თავიდან ასაცილებლად ბანერის უნებართვოდ გაკვრის აკრძალვა იყო ერთადერთი საშუალება.
ამის შემდეგ აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადადის თანაზომიერების ტესტის შემდეგი მოთხოვნის შემოწმებაზე, კერძოდ იმაზე რამდენად იყო დაცული ბალანსი საჯარო და კერძო ინტერესებს შორის. გამოხატვის თავისუფლებისათვის მიყენებული ზიანი ხომ არ გადაწონის ქალაქის იერსახის დაცვის ინტერესს. ამ საკითხის შემოწმებისას აშშ-ს უზენაესი სასამართლო ამოწმებს, რა ალტერნატივები არსებობდა საჯარო საკუთრებაზე ბანერის განთავსების აკრძალვის სანაცვლოდ აზრის და ინფორმაციის გასავრცელებლად. თუ ალტერნატივა არ არსებობს, ილახება გამოხატვის თავისუფლების არსი და სათანადო ბალანსი არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებასა და ქალაქის ვიზუალური მხარის დაცვის ინტერესს შორის. გადასახადის გადამხდელები ვინსენტისათვის წინააღმდეგ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,იერსახის დაცვის არგუმენტი ერთნაირად ვერ გამოიყენება ქალაქში მდებარე ყველა შენობებთან დაკავშირებით. ბილბორდი ერთნაირად უგემოვნო რომც იყოს, თვითმმართველობას არა აქვს უფლება, დააწესოს ერთნაირი აკრძალვა ქალაქში არსებულ ნებისმიერ ადგილას მის განთავსებასთან დაკავშირებით...იერსახის დაცვის მიზანი, უკან არ იხევს იმით, რომ აკრძალულია ბანერის განთავსება საჯარო საკუთრებაზე და ნებადართულია იმავე ტერიტორიაზე არსებულ კერძო საკუთრებაზე. კერძო პირების ინტერესი, აკონტროლონ მათ საკუთრებაში არსებული ქონება, ამართლებს დიფერენცირებულ მიდგომას საჯარო და კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ბანერების განთავსების აკრძალვა არ ვრცელდება ყველა ადგილზე, ეს გარემოება აჩენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას საიმისოდ, დროებითი ბანერების განთავსების მეშვეობით განხორციელდეს ინფორმაციის და აზრის მიწოდება საზოგადოებისათვის.“
ამგვარად, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ თქვა ის, რომ იერსახის დაცვის ინტერესი გადაწონის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესს, როდესაც საქმე ეხება საჯარო საკუთრებას. როდესაც ბანერის გაკვრა კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ხდება, ბანერის სიმახინჯე მესაკუთრის პრობლემაა. კერძო საკუთრების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების ინტერესი გადაწონის იერსახის დაცვის ინტერესს, თუ ბანერი ობიექტზე დროებით რჩება. ამასთან როდესაც მახინჯი ბანერი აკრძალულია საჯარო საკუთრებაზე და დაშვებულია კერძო საკუთრებაზე, ამით დაბინძურების მაჩვენებელი მცირდება, ამ შემთხვევაში მახინჯი ბანერების რაოდენობა თვალშისაცემი არ არის. ამასთან მახინჯი ბანერი კერძო მესაკუთრის პრობლემაა და სახელმწიფო აქ ისევე ვერ შეიჭრება, როგორც ამას საკუთარ ქონებასთან მიმართებაში აკეთებს. სახელმწიფოს შეუძლია მკაცრი რეგულაციები დააწესოს საკუთარი ქონებით მესამე პირების სარგებლობისას. სადავო ნორმით სახელმწიფო სწორედ ამას აკეთებს. თუმცა კერძო საკუთრებასთან მიმართებაში რეგულაციები ასეთივე მკაცრი ვერ იქნება.
იმის გამო, რომ ქალაქის თვითმმართველობის თანხმობის გარეშე, კანონმდებლობით, მესაკუთრეს ჰქონდა საკუთარ ქონებაზე ბანერის დროებით განთავსების უფლება, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ არ დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა ალტერნატიულ მედიუმებზე, რითაც შესაძლებელი იყო საჯარო საკუთრებაზე ბანერის განთავსების აკრძალვის სანაცვლოდ ინფორმაციის გავრცელება: საჯარო ადგილებში შეკრება, ფლაერების გავრცელება, ტრანსპარანტებისა და ლოზუნგების საკუთარ ავტომობილებზე გაკვრა და ბოლოს, მესაკუთრის თანხმობით ბანერების კერძო საკუთრებაზე განთავსება.
გადასახადის გადამხდელები ვინსენტისათვის საქმისაგან განსხვავებით, სადავო ნორმით ადგილში, რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, იგულისხმება როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრება. სადავო ნორმა საჯარო ქონებასთან ერთად კრძალავს კერძო საკუთრებაზე ბანერის როგორც მუდმივად, ისე დროებით განთავსებას. ამით სადავო ნორმა იერსახის დაცვის ინტერესების მისაღწევად არ ტოვებს ალტერნატივას კერძო საკუთრებაზე დროებით გამოხატვის თავისუფლების ინტერესის განსახორციელებლად. თუკი საჯარო საკუთრებაზე ბანერის დროებით განთავსება აკრძალულია იერსახის დაცვის მიზნით, იმავე არგუმენტით დაუშვებელია ამ აკრძალვის დაწესება კერძო საკუთრებაზე, ვინაიდან ეს მედიუმის სრულად განადგურებას გამოიწვევს. ბანერის განთავსების აკრძალვა როგორც საჯარო, ისე კერძო საკუთრებაზე არ არის საჯარო და კერძო ინტერესების გონივრული დაბალანსება, ვინაიდან ამით გამოხატვის თავისუფლებისათვის მიყენებული ზიანი აღემატება იმ ზიანს, რაც ქალაქის იერსახეს სადავო ნორმამ ააცილა. საჯარო და კერძო ინტერესებს უკეთ დააბალანსებდა თვითმმართველობის ორგანოს წინასწარი თანხმობის გარეშე მესაკუთრის ან მისი თანხმობით მესამე პირის მიერ ბანერის კერძო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე განთავსება რომ ყოფილიყო დაშვებული. მფლობელის მიერ, სათანადო სანქციის გარეშე, შენობაზე დროებით განთავსების უფლებას აღაირებს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც.
ამ სარჩელში უკვე ვახსენეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შიშმანი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ. ამ საქმეში საჯარო მოხელეთა პროფკავშირის წევრებმა, საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროფკავშირის კაბინეტიდან, რომელიც საგადასახადო დეპარტამენტის შენობაში იყო განთავსებული, შენობის ფასადზე გამოფინეს ბანერი, რომელიც დასაქმებულებს მოუწოდებდა პირველი მაისის აქციაში მონაწილეობისაკენ. იერსახის დამახინჯებისათვის პროფკავშირის წევრებს დაეკისრათ საყვედური საგადასახადო დეპარტამენტის მიერ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა კონვენციის მე-11 მუხლის (გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა. ევროპულმა სასამართლომ შიშმანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 33-ე პუნქტში განაცხადა:
,,სასამართლო შენიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოებს რომ გამოეყოთ პროფკავშირებისათვის საინფორმაციო სივრცე პლაკატის განთავსებისათვის, ეს არ იქნებოდა სამუშაო შენობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის უგემოვნო ვიზუალური დამახინჯება. ოფისის კედელზე პლაკატის გამოფენა იყო დროებითი და ემსახურებოდა პროფკავშირის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მშრომელთა სოლიდარობის ღონისძიების ჩატარების თაობაზე. ამ პლაკატის გამოფენით პროფკავშირი თავისი უფლებებისა და დამოუკიდებლობის სრული მოცულობით რეალიზებას ახდენდა.“
როდესაც მესაკუთრის ან მისი თანხმობით მესამე პირის მიერ დროებით კერძო საკუთრებაზე ბანერის განთავსებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ ის, რომ სადავო ნორმით ამის გაკეთება არის შესაძლებელი იმ ადგილზე, რომელიც საამისოდ არის გამოყოფილი. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საამისოდ გამოყოფილ ადგილში იგულისხმება ის ადგილი, სადაც ადამიანი ხუთი დღის ვადაში თვითმმართველობის შესაბამის ორგანოსთან შეათანხმებს ბანერის განთავსებას. ზემოთ, როდესაც ვსაუბრობდით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმის შემოწმების სტანდარტზე, შემოწმების კრიტერიუმად მივუთითეთ ადგილთან, დროსთან და მანერასთან დაკავშირებული არაგონივრული შეზღუდვა, რომელმაც შესაძლოა აზრი დაუკარგოს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას. თუ დადგინდა, რომ შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმა იმდენად არაგონივრულია, რომ შესაძლოა აზრი დაუკარგოს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას, ასეთი ნორმა დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას. ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ხომ არ უკარგავს აზრს, კერძო საკუთრებაზე (სათანადო ადგილზე) ბანერის გამოსაფენად განსაზღვრული ხუთდღიანი შეთანხმების ვადა გამოხატვის თავისუფლებას.
5) შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება, რაც აზრს უკარგავს გამოხატვისა და შეკრების უფლებით სარგებლობას
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ლაშმანკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-170857) მიღებული გადაწყვეტილების 451-ე პარაგრაფში აღნიშნულია:
რუსული კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი ღონისძიების შესახებ წინასწარი გაფრთხილება შეტანილი უნდა ყოფილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ამ ღონისძიებამდე არაუგვიანეს 10 დღისა. ამ მხრივ, გამონაკლისი იყო პიკეტი, რომლის თაობაზეც გაფრთხილების შეტანა ხდებოდა 3 დღით ადრე. ამ გადაწყვეტილებაში ასევე განმარტებულია რას ნიშნავს პიკეტი და რით განსხვავდება ეს უკანასკნელი სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებებისაგან. გადაწყვეტილების 449-ე პუნქტის თანახმად, პიკეტი არის სტატიკური საზოგადოებრივი ღონისძიება, სადაც მხოლოდ ვიზუალური საშუალებებით - ბანერებით და პლაკატებით - გამოხატვა არის ნებადართული. პიკეტის დროს აკრძალულია ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით განცხადების გაკეთება. ამგვარად, თუკი ადამიანებს სურთ მიტინგი, რაც გულისხმობს ხმის გამაძლიერებლის გამოყენებას, ან მსვლელობა, ამისათვის წინასწარი გაფრთხილება შეტანილი უნდა იქნეს 10 დღით ადრე და არა სამი დღით ადრე, რაც პაკეტისათვის დაწესებული ვადაა, რუსეთის კანონმდებლობით.
ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ საზოგადოებრივი ღონისძიებების თაობაზე კანონი არ ადგენს გამონაკლისებს სპეციალური გარემოებების არსებობის შემთხვევებში, როდესაც მიმდინარე მოვლენაზე დაუყოვნებლივი პასუხი გამართლებულია სპონტანური შეკრების ფორმით. 10 დღიანი წინასწარი გაფრთხილების ვადის დაცვა იწვევს მოვლენაზე რეაგირების გაჭიანურებას და ამის გამო პროტესტი შესაძლოა დაგვიანებულიც კი გახდეს. პიკეტის მეშვეობითაც კი ვერ ხდება ამ პრობლემის მოგვარება: პირველი იმის გამო, რომ პიკეტის დროს გამოხატვის მეთოდები შეზღუდულია. მეორე, პიკეტის შემთხვევაში წინასწარი გაფრთხილების შეტანა ხდება სამი დღით ადრე. მაშინ როდესაც მოვლენაზე დაუყოვნებელი რეაგირებაა საჭირო, პროტესტის გამოსახატავად სამდღიანი ლოდინი შესაძლოა საკმაოდ დაგვიანებული აღმოჩნდეს (ლაშმანკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 452-ე პუნქტი).
ამ საქმეში მომჩივანს სურდა, პროტესტი გამოეხატა იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავდა, აშშ-ს მოქალაქეებისათვის აეკრძალა რუსი ბავშვების შვილად აყვანა. კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ორი დღით ადრე. ამით შეუძლებელი გახდა ის, რომ მომჩივანს პროტესტი გამოეხატა კანონპროექტის განხილვის დღეს, ვინაიდან სამი დღით ადრეც კი ვერ ახერხებდა პიკეტის თაობაზე გაფრთხილების შეტანას თვითმმართველობის ორგანოში. მით უმეტეს, მომჩივანისათვის შეუძლებელი იყო სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებისათვის დადგენილი 10 დღით ადრე განაცხადის შეტანის გზით თავისი პროტესტი დაემთხვია კანონპროექტის განხილვის დღისათვის. იმის გამო, რომ საზოგადოებას დროებით არ აცნობეს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის ვადა, ამით პროტესტის გამოხატვის მსურველ პირებს დაუტოვეს შემდეგი არჩევანი: მათ ან უარი უნდა ეთქვათ მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ან განეხორციელებინათ ეს უფლება ადმინისტრაციული წესებისადმი დაუმორჩილებლობის გზით (ლაშმანკინი რუსეთი წინააღმდეგ გადაწყვეტილების 453-ე მუხლი).
ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ ისეთ საზოგადოებრივ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის, რაზეც წინასწარ არ არსებობდა გაფრთხილება, მომჩივანის სამართალდამრღვევად ცნობისას, ეროვნულმა სასამართლოებმა თავი შეიზღუდეს იმ გარემოების დადგენით, რომ მომჩივანმა იმგვარ პიკეტში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც, კანონით დადგენილ ვადაში, არ იყო წინასწარ გაფრთხილებული ადგილობრივი ხელისუფლება. ეროვნული სასამართლოები არ დაინტერესდნენ იმით, ხომ არ არსებობდა სპეციალური გარემოება, რაც ადამიანებისაგან მოითხოვდა მიმდინარე მოვლენაზე დაუყოვნებლივ რეაგირებას სპონტანური დემონსტრაციის სახით. სასამართლოებს არც ის გაურკვევიათ, ხომ არ იყო გამართლებული, გამონაკლისის დაშვება წინასწარი გაფრთხილების ვადის მკაცრი გამოყენებისაგან. მართლაც, ეროვნული კანონმდებლობით, წინასწარი გაფრთხილების ვადები ხისტად ფორმულირებულია, არ უშვებს რაიმე სახის გამონაკლის კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლებისათვის (ლაშმანკინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 454-ე პარაგრაფი).
საბოლოო ჯამში, მთავრობას არ წარმოუდგენია რაიმე მიზეზი იმის თაობაზე, თუ რატომ არის ,,აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების თაობაზე წინასწარი გაფრთხილების ხისტი ვადები და რატომ არ არის დაწესებული მათგან გამონაკლისი მაშინ, როცა ... გამართლებულია სპონტანური შეკრების ჩატარება. ამის გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს მიაჩნია, რომ წინასწარი გაფრთხილების ვადების ავტომატური და ხისტი გამოყენების გამო, როდესაც არ იქნა გათვალისწინებული თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, არ არის გამართლებული შეკრების თავისუფლებაში ჩარევა კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად (456-ე პუნქტი).
როდესაც წინა დღით ცნობილი ხდება ქალაქ ოზურგეთში პრემიერ-მინისტრის ჩასვლის შესახებ, მოსარჩელეები მოკლებულნი ხდებიან საკუთარი ან სხვისი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან საპროტესტო ბანერის გამოფენის შესაძლებლობას იმ დღეს, როცა პრემიერ-მინისტრი ოზურგეთს ეწვევა. ამის მიზეზია მთავრობის # 57-ე დადგენილებით დაწესებული 5 დღიანი ვადა. იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთში შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე საათი დაჰყოს, მის წინააღმდეგ ბანერის გამოფენა ხუთი დღის შემდეგ, როცა ქალაქ ოზურგეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შენობის ფასადი საამისოდ გამოყოფილ ადგილად იქცევა, დაგვიანებულია. იმის გამო, რომ ამ შემთხვევაში სადავო ნორმამ არ მისცა მოსარჩელეებს კერძო საკუთრებაში არსებული შენობიდან სპონტანურად ბანერის გამოფენის შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან პროექტის შეუთანხმებლობის გამო, ამით სადავო შინაარსობრივად ნეიტრალურმა ნორმამ აზრი დაუკარგა პროტესტის ჩატარებას, ვინაიდან ხუთი დღის შემდეგ პროტესტი ადრესატამდე ვერ მივიდოდა. ამგვარად, სადავო ნორმა არღვევს შინაარსობრივად ნეიტრალური ნორმის ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა პროტესტისათვის აზრის დაკარგვის დაუშვებლობა. მიმდინარე მოვლენაზე საჭიროა დაუყოვნებლივი რეაგირება და არა ხუთდღიანი ლოდინი, როცა ბანერის გამოფენის ადგილი ამისთვის გამოყოფილად იქცევა. თუკი ბანერის დაუყოვნებლივი გამოფენის ფორმით პროტესტი დროულად არ შედგა, არათუ რამდენიმე დღეში, არამედ რამდენიმე საათშიც კი პროტესტმა შესაძლოა აზრი დაკარგოს.
2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო საოქმო ჩანაწერი საქმეზე ,,მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის მეორე თავის მე-3 პუნქტში აღნიშნულია: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც აქციის მონაწილენი ახორციელებენ ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილის დაკავებას ან მის გადაკეტვას, აფერხებენ მოძრაობას.“ როგორც ამ საოქმო ჩანაწერიდან ჩანს სპონტანური მანიფესტაციის ჩატარებას არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილას, როდესაც ამას ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილის დაკავება, მისი გადაკეტვა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება. კერძო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადი არ არის ხალხის, მით უმეტეს ტრანსპორტის სამოძრაო ადგილი. შენობის ფასადზე ბანერის გამოფენას არ მოჰყვება არსად მოძრაობის არც შეფერხება, არც გადაკეტვა.
კერძო საკუთრებაში არსებულ ფასადზე ბანერის გამოფენა სცილდება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროს, რომლის საფუძველზეც საკონსტიტუციო სასამართლომ 2010 წლის 10 ნოემბრის საოქმო ჩანაწერში ვერ დაინახა უფლება სპონტანურ მანიფესტაციაზე. კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინასწარი გაფრთხილების დაწესება ხდება მაშინ, როცა შეკრება და მანიფესტაცია ტრანსპორტისა და ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. ეს მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე გამონაკლისს იმ სპონტანური მანიფესტაციებისათვის, რაც იმართება ხალხისა და ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. ეს ნორმა არაფერს ამბობს იმგვარ მანიფესტაციაზე ან გამოხატვაზე, რასაც ადგილი აქვს საჯარო ადგილზე არსებულ შენობის ფასადზე, რაც არც ხალხის, არც ტრანსპორტის სავალი ადგილი არ არის. ამ გარემოების გათვალისწინებით, არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციაში არ დაინახოს სპონტანური გამოხატვის თავისუფლება შენობის ფასადზე.
6) დასკვნა
სადავო ნორმა არ არის ვიწროდ მიზანმიმართული. იერსახის ლეგიტიმური მიზნის დასაცავად სადავო ნორმა ითვალისწინებს აკრძალვას ბანერის და ლოზუნგის განთავსებისათვის საჯარო საკუთრებაზე, სადაც ეს კონსტიტუციურად გამართლებულია და კერძო საკუთრებაზე, მიუხედავად მესაკუთრის თანხმობისა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში აკრძალვა კონსტიტუციურად გაუმართლებელია. აკრძალვა ასევე კონსტიტუციურად გაუმართლებელია მაშინ როცა პარლამენტის და საკრებულოს წევრს ან ფრაქციას, ასევე საჯარო მოხელეთა პროფკავშირს უკრძალავს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან საჯარო საკუთრებაში არსებული შენობის ფასადზე ბანერის გამოფენას. სადავო ნორმით არ არის დაცული გონივრული ბალანსი ქალაქის ესთეტიკის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესსა და გამოხატვის თავისუფლებას შორის. მაშინ როდესაც ამ ორ ინტერესს შორის ბალანსი უკეთესად იქნებოდა დაცული კერძო საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე, პროფკავშირისა და წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატების სარგებლობაში არსებული საჯარო საკუთრებიდან შესაძლებელი რომ იყოს ბანერის გამოფენა სპონტანური გამოხატვის სახით. სხვაგვარად პროტესტის ჩატარებას აზრი ეკარგება, ვინაიდან დაყოვნებამ, თვითმმართველობისაგან ბანერის განთავსებაზე თანხმობისათვის ლოდინმა, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პროტესტი აღმოჩნდეს დაგვიანებული და ადრესატამდე არ მივიდეს.
ამ გარემოებების გათვალისწინებით სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე, 25-ე მუხლის პირველ და მესამე და 26-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა