• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 23.09.2021
      • N1/4/1330
      • გადაწყვეტილება
    • საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 3.07.2018
      • N1330
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/7/1330 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N1/7/1330
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე,
თარიღი 19 ოქტომბერი 2018
გამოქვეყნების თარიღი 19 ოქტომბერი 2018 19:49

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;

მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.

საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების “საქართველოს მთავარი პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1330) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 9 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.

2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს, ასევე პროკურორს აქვს უფლება, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. გარდა ამისა, სადავო ნორმა განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

5. №1330 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 19 თებერვალს გორის რაიონში პოლიციამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ის პოლიციის თანამშრომლებისგან ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

6. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს, რომ აღნიშნული არასათანადო მოპყრობის საქმეს, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა იძებს, რადგან „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის №34-ე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აძლევს უფლებას, საქმე პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ გზით საფრთხე შეუქმნას გამოძიების დამოუკიდებლობას.

7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ჩაატაროს ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება. მოსარჩელის აზრით, გამოძიების ეფექტურობისთვის აუცილებელია, გამოძიების ორგანო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი იყოს, რასაც სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს.

8. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სადავო არ არის, ზოგადად, მთავარი პროკურორის ეს უფლებამოსილება, არამედ, სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და იმ ორგანოს გადასცეს, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

9. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1330 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1330 („საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

მაია კოპალეიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ