გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/4/1330 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 23 სექტემბერი 2021 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 სექტემბერი 2021 15:28 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“ (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები – ედუარდ მარიკაშვილი და თეიმურაზ სვანიძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – ნათია სონღულაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1330) მომართა გიორგი ცერცვაძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/7/1330 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად. საქმის არსებითი განხილვა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 27 თებერვალს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილია, საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ სამართალდამცავ ორგანოს ან გამომძიებელს, ასევე პროკურორს აქვს უფლება, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს. გარდა ამისა, სადავო ნორმა განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს.
4. №1330 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ იგი სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულება დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენებას.
5. №1330 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე 2017 წლის 19 თებერვალს გორის რაიონში პოლიციამ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ის პოლიციის თანამშრომლებისგან ღირსების შემლახავი და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
6. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში უთითებს, რომ აღნიშნული არასათანადო მოპყრობის საქმეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს, რადგან „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 07 ივლისის №34 ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნებოდა საქმეები პოლიციელის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. მოსარჩელის აზრით, მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილი მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აძლევს უფლებას, საქმე, პოლიციელის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ გზით საფრთხე შეუქმნას გამოძიების დამოუკიდებლობას.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ჩაატაროს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება. მოსარჩელის აზრით, გამოძიების ეფექტიანობისთვის აუცილებელია, გამოძიების ორგანო ინსტიტუციურად დამოუკიდებელი იყოს, რასაც სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს.
8. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ სადავო არ არის მთავარი პროკურორის ეს უფლებამოსილება საზოგადოდ, არამედ სადავო ნორმის მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და იმ ორგანოს გადასცეს, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი.
9. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საჩივარი საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაში, თუ მას ამყარებს, მინიმუმ, ერთი მტკიცებულება, რომელიც ლოგიკურად ებმის საჩივარში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც საჩივრის წარმდგენ პირს არ აქვს მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობა, მის საფუძვლიანად მიჩნევისთვის აუცილებელია, საჩივარში მონათხრობი ისტორია თანმიმდევრულად და დეტალურად აღწერდეს კონკრეტულ გარემოებებს, რაც ობიექტურად გააჩენდა ეჭვს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდა პოლიციელის მხრიდან არასათანადო მოპყრობას საჩივრის წარმდგენის მიმართ.
10. მოსარჩელე მხარის მითითებით, პოლიციელის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საფუძვლიანი საჩივრის არსებობის შემთხვევაში, საქმის გამოძიების მინდობა შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის წარმოშობს ინსტიტუციურ და იერარქიულ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს მიერ საკუთარი თანამშრომლის მიმართ გამოძიების წარმართვა თავისთავად აჩენს ეჭვებს გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულ ორგანოს შესაძლოა, გააჩნდეს განსაკუთრებული ინტერესი, რომ არ დადგინდეს ამ უწყების თანამშრომლის მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი. აღნიშნულს ასევე ემატება იერარქიული ქვემდებარეობა გამოძიების წარმმართველ პირებსა და შესაძლო დამნაშავეს შორის.
11. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად გამოიყენებოდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილება შემოსაზღვრული არ არის რაიმე სახის სახელმძღვანელო პრინციპებით და დამზღვევი მექანიზმებით, იგი შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს სადავო ნორმატიული შინაარსითაც, რაც სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების დარღვევაზე მიუთითებს.
12. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმის საფუძველზე ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო ორგანოში გადაცემისას საქართველოს მთავარი პროკურორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს დასაბუთებულ დადგენილებას, სადაც განმარტებულია ამგვარი მოქმედების საფუძვლები, მაგალითად, საგამოძიებო ორგანოში მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობა. ამდენად, სადავო რეგულირების მიზანია, ზედმეტად არ შეზღუდოს პროკურორის უფლებამოსილების ფარგლები და ხელი შეუწყოს გამოძიების ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას.
13. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნორმის ზოგადი ხასიათი თავისთავად არ მიუთითებს მის არაკონსტიტუციურობაზე. სადავოდ გამხდარი უფლებამოსილების განხორციელებისას პროკურორი შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს სრულყოფილი და ჯეროვანი გამოძიების წარმართვის ლეგიტიმურ მიზანს, რაც უზრუნველყოფს დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ამ გზით იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და სახელმწიფო უშიშროებას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა, კერძოდ, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ნორმა არ გამოყენებულა სადავოდ გამხდარი შინაარსით. ამასთან, სადავო ნორმის შეფასებისას საკონსტიტუციო სასამართლო მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას და ამ შემთხვევაში მას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
14. მოპასუხის მითითებით, სადავო რეგულირებასთან მიმართებით პრაქტიკა ხორციელდება კეთილსინდისიერად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მის საფუძველზე ამ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამდენად, არ არსებობს საფუძველი, რომ აღნიშნული ნორმა განმარტებულ იქნეს გასაჩივრებული შინაარსით. მოსარჩელის მიერ წარმოჩენილი პრობლემა ჰიპოთეტურია, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი და გონივრული წაკითხვის პირობებში მას არ გააჩნია უფლების დარღვევის რესურსი.
15. განსახილველ საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი ნათია სონღულაშვილი. მისი განმარტებით, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან სხვა საგამოძიებო ორგანოში საქმის გადაცემის უფლებამოსილება, საქართველოს გენერალური პროკურორის გარდა, მინიჭებული აქვთ მის მოადგილეებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, სადავოდ გამხდარი უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი ასევე მითითებულია საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ 2010 წელს გამოცემულ სამართლებრივ აქტში, მაგრამ აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები არ არის უფრო მეტად დაკონკრეტებული, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.
16. მოწმემ აღნიშნა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს შეცვლას აუცილებლად უნდა გააჩნდეს შესაბამისი წინაპირობები და დასაბუთება, მაგალითად, გამოძიების ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებით. ნორმის სხვაგვარად წაკითხვის შესაძლებლობას გამორიცხავს ერთგვაროვნად ჩამოყალიბებული პრაქტიკა და განსხვავებული პრეცედენტის არარსებობა. მოწმის განცხადებით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 2016, 2017 და 2018 წლებში სადავო ნორმა სარჩელში მითითებული ნორმატიული შინაარსით არ ყოფილა გამოყენებული. ასევე, რამდენადაც იგი ფლობს ინფორმაციას, სადავო უფლებამოსილებით მთავარ პროკურორსა და მის მიერ უფლებამოსილ პირებს არ უსარგებლიათ უფრო ადრეულ წლებშიც.
17. მოწმის განმარტებით, გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით, არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები, თუმცა არსებობს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ზოგადი სავალდებულო წესები, რომელთა არსებობაც გამორიცხავს გამოძიების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის ეფექტიანობასა და დამოუკიდებლობას.
18. მოწმის პოზიციით, სადავო ნორმის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურორისა და მის მიერ უფლებამოსილ პირთა მიმართ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლების ზედმეტად შეზღუდვამ შესაძლოა, პრაქტიკული პრობლემები წარმოშვას გარკვეულ შემთხვევებში. კერძოდ, შესაძლებელია, პრაქტიკაში დადგეს ისეთი შემთხვევა, როდესაც დანაშაული ჩადენილ იქნეს რამდენიმე საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ და შესაძლოა, სახეზე იყოს შემთხვევა, როდესაც არც ერთი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო არ იყოს უფლებამოსილი, წარმართოს გამოძიება. გაურკვეველია, რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს საქმე ასეთ შემთხვევაში და სწორედ ამ კუთხით შეიძლება წარმოშვას გარკვეული სახის პრობლემები დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვამ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. სადავო ნორმის ძალადაკარგულობა
1. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3814-Iს კანონის საფუძველზე, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, სადავო ნორმის ცვლილებამდე არსებულ რედაქციაში გამოყენებული ტერმინი „საქართველოს მთავარ პროკურორს“ ჩანაცვლდა ტერმინით „საქართველოს გენერალურ პროკურორს“. შესაბამისად, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისათვის აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო ნორმის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმის ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში საქმის განხილვის ავტომატური შეწყვეტა გამოიწვევს კონსტიტუციური კონტროლის აბსოლუტურ დამოკიდებულებას სამართალშემოქმედების დინამიკურ პროცესზე, რამაც შესაძლებელია, არაგონივრულად გაართულოს საკონსტიტუციო სასამართლოში უფლების დაცვა და დაუშვას სამართალშემოქმედებითი პროცესით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა, ეს კი უარყოფითად აისახება კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებების ეფექტიან უზრუნველყოფაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“).
3. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია არსებითად იმეორებს ამავე ნორმის ძველი (გასაჩივრებული) რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. ცვლილების შედეგად გასაჩივრებულ ნორმაში შეიცვალა მხოლოდ გამოყენებული ტერმინი, ხოლო შინაარსობრივად, მით უფრო მოსარჩელის მიერ დასახელებულ პრობლემურ საკითხთან მიმართებით, ნორმის მოქმედ რედაქციას სადავოდ გამხდარი ნორმის იდენტური შინაარსი გააჩნია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის №3814-Iს კანონის საფუძველზე, სადავო ნორმამ წმინდა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები განიცადა და შინაარსობრივად კვლავ არსებობს უფლების დარღვევის რისკი, მისი ნორმატიული შინაარსი კვლავინდებურად პრობლემურია მოსარჩელე მხარისთვის.
4. ყოველივე აღნიშნულისა და კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული ადამიანის ღირსების, როგორც ფუნდამენტური და ხელშეუვალი სიკეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს სამართალწარმოებას და შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმის კონსტიტუციურობას.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო და მისგან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების ფარგლები გამოძიების ეფექტიანად წარმართვის კუთხით
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ნიშანდობლივია, რომ ეს აკრძალვა ვრცელდება ომის და საგანგებო მდგომარეობის დროსაც. შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ცხადია, ხელისუფლება არ თავისუფლდება კონსტიტუციური ვალდებულებისგან, დაიცვას მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნები (სახელმწიფო უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, სხვათა უფლებები, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება და სხვა), თუმცა ვერც ერთი ამ სიკეთის დაცვა ვერ გაამართლებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ და სასტიკ მოპყრობას, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას ან სასჯელს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების დაცვის ვალდებულებას ადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის მიზნებისათვის ღირსების დაცვა გულისხმობს სოციალურ მოთხოვნილებას ადამიანის პატივისცემაზე. ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი, რომელსაც ეყრდნობა და უკავშირდება ძირითადი კონსტიტუციური უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16).
7. სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების დაცვა თავის თავში მოიაზრებს ორი სახის ვალდებულებას - ერთი მხრივ, სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანის მიმართ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში; მეორე მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, მაქსიმალური ძალისხმევა გაწიოს მესამე პირთა მიერ ასეთი ქმედების ჩადენის თავიდან ასაცილებლად. „სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს პირის მიმართ არაჰუმანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოყენებისაგან, არამედ უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა მესამე პირთა ჩარევისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-182).
8. ამასთანავე, კონსტიტუციიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების ფარგლები მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ზემოაღნიშნულ ქმედებათა შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების წარმართვა, რომელიც მიმართული უნდა იყოს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და გამოძიების სანდოობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით ყოველგვარი საფუძვლიანი ეჭვის გამორიცხვისაკენ. აღნიშნული პროცესი, საბოლოო ჯამში, ემსახურება არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პირთათვის ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრებას, რაც ასევე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შემადგენელი ნაწილია.
9. ეფექტიანი გამოძიების წარმოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „სრულყოფილი და ეფექტური, ობიექტური გამოძიება შემდგომში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი საფუძველი და წინა პირობაა. ზოგადად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა უმთავრესი ინტერესია, რომელსაც ემსახურება ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა, მართლმსაჯულება და რომლის უზრუნველყოფისთვისაც შესაბამისი პირობების, უპირველესად კი, ადეკვატური კანონმდებლობის, გამჭვირვალე, ეფექტური და სამართლიანი პროცედურების შექმნა ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-22).
10. როგორც უკვე აღინიშნა, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა ადამიანის აბსოლუტური უფლებაა. აღნიშნული ფაქტორისა და თავად დასახელებულ ქმედებათა მძიმე ხასიათის გათვალისწინებით, ამგვარი ქმედების შესაძლო ჩადენასთან მიმართებით ეფექტიანი გამოძიების წარმართვის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზანია, ადამიანებს ჩამოუყალიბდეთ განცდა, რომ ადამიანის ღირსების შემლახველ მოპყრობაზე სახელმწიფოს მხრიდან გატარებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისა და ადეკვატური რეაგირებისათვის, რაც, თავისთავად, ემსახურება უფლების დარღვევის პრევენციულ მიზნებსაც. ამდენად, ეფექტიანი გამოძიების წარმართვის პოზიტიური ვალდებულების გარეშე საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლით დაცული უფლება ილუზორული გახდებოდა.
11. გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს ევალება მთელი რიგი გარანტიების შექმნა, რომელთა ერთობლიობა განაპირობებს პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნების ჯეროვნად შესრულებას. აღნიშნული გარანტიები inter alia გამოხატულია არაერთი პრინციპით, როგორიცაა გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარმართვა, ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ყველა საჭირო ღონისძიების ზედმიწევნით და საფუძვლიანად განხორციელება, საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივ, შესაძლებლობისთანავე შესრულება, გამოძიების წარმართვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირთა მიერ და სხვა. ამდენად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო თუ ნებისმიერი სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარება ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით. ამასთან, ზემოაღნიშნული ინტერესები შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს, რა დროსაც აუცილებელია სამართლიანი და გონივრული ბალანსის იმგვარად დაცვა, რაც უფრო მეტად უზრუნველყოფს უპირველეს მიზანს - გამოძიების ეფექტიანობას.
12. ამრიგად, საგამოძიებო ორგანოებს მოეთხოვებათ, გონივრულობის ფარგლებში განახორციელონ ყველა აუცილებელი ღონისძიება. თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გამოიყენონ ყველა საჭირო ადამიანური თუ მატერიალური რესურსი მტკიცებულებების მოსაპოვებლად და ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ცხადია, ნებისმიერი სახისა თუ ხარისხის არასათანადო საგამოძიებო მოქმედება ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების დარღვევად. თუმცა უფლებამოსილ პირთა მიერ ჩადენილი ქმედება/უმოქმედობა, რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის გამოძიების მიზანს - ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, გამოძიების ეფექტიანად წარმართვის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს. ამდენად, პროცესი მიმართული უნდა იყოს ყველა რელევანტური გარემოების დადგენისა და პასუხისმგებელ პირთა მიმართ ადეკვატური სასჯელის გამოყენებისკენ.
13. გამოძიების ეფექტიანობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს მისი დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს საქმის გამოძიების წარმმართველი ორგანოს ინსტიტუციურ, იერარქიულ და პრაქტიკულ დამოუკიდებლობას. თავის მხრივ, დამოუკიდებლობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა განსაკუთრებით საგულისხმოა ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას, იმის მიუხედავად, ჩადენილია თუ არა იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს პროცესის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის სანდოობას, მიუხედავად მის შედეგად დამდგარი მოცემულობის სამართლიანობისა. ამასთანავე, კონსტიტუციიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულება არ გულისხმობს გამოძიების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას, არამედ ყველა აუცილებელი გონივრული ზომის მიღებას დამოუკიდებლობის მაქსიმალურად უზრუნველსაყოფად.
14. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმის შინაარსი შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდგომ მისი გამოძიების ეფექტიანობის საკითხს. შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უნდა დადგინდეს, ასრულებს თუ არა სახელმწიფო მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს საკმარისად ეფექტიანი გამოძიების წარმართვა ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან მიმართებით. ამდენად, აღნიშნული საკითხის შესაფასებლად აუცილებელია, დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მისი მოქმედების ფარგლები.
3. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა
15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის გასაჩივრებული სიტყვების თანახმად, „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“. მოსარჩელისათვის პრობლემურია ზემოაღნიშნული დანაწესის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი.
16. სადავოდ გამხდარი რეგულირება საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებს ზოგად უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე ამოიღოს ერთი საგამოძიებო ორგანოდან და გადასცეს სხვა ორგანოს. თავად სადავო ნორმა არ ადგენს რაიმე სახის სახელმძღვანელო პრინციპს, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც შეიძლება დაეკისროთ სადავო ნორმით განსაზღვრული უფლებამოსილების განმახორციელებელ პირებს. ამდენად, კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელია, დადგინდეს, კანონმდებლობა რამდენად იძლევა გასაჩივრებული ნორმის იმ შინაარსით გამოყენების შესაძლებლობას, რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებს მოსარჩელე მხარე.
17. პირველ რიგში, უნდა დადგინდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქმედებათა ჩადენაზე გამოძიების განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოები საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე და 36-ე მუხლები საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურორს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
18. „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანება განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას. აღნიშნული ბრძანების დანართი არეგულირებს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ქმედებებთან დაკავშირებული დანაშაულების ქვემდებარეობის საკითხს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლი სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს წამებას. 1442 მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს წამების მუქარისთვის, ხოლო 1443 მუხლით დასჯადია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა.
19. „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანების დანართის მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ დანაშაულებს იძიებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები, თუ ისინი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორისა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა), აგრეთვე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (გარდა სახელმწიფო ინსპექტორისა, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურისა) მიერ.
20. ამავე ბრძანების დანართის მე-2 მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს იძიებს პროკურატურის გამომძიებელი იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია: ა) საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის პროკურორის (პროკურატურის თანამშრომელი), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (საქართველოს მთავრობის წევრი), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე), სახელმწიფო ინსპექტორის, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლისა და მოსამსახურის მიერ.
21. დასახელებული ბრძანების დანართის პირველი მუხლის თანახმად კი, ყველა შემთხვევაში, როდესაც საქართველოს სსკ-ის 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არ ექვემდებარება პროკურატურის ან სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოძიებას, იგი განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას. ამდენად, ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესაძლო ფაქტის გამოძიება შესაძლებელია განეკუთვნებოდეს საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ან შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის ქვემდებარეობას, იმისდა მიხედვით, ვის მიერ იქნა ჩადენილი აღნიშნული ქმედება.
22. აღსანიშნავია, რომ არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, არც საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ადგენს რაიმე კონკრეტულ წესს, რომელიც შეზღუდავდა პროკურორისა და მისი უფლებამოსილი პირის მიერ დისკრეციის გამოყენების ფარგლებს საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, საქმის ერთი საგამოძიებო ორგანოდან სხვა ორგანოში გადაცემისას. საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა პროკურატურის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ გასაჩივრებული ნორმის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის გადაცემის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები. მისი განმარტებით, ამ უფლებამოსილების გამოყენებისას გამოძიების ინტერესების დამაზიანებელი გადაწყვეტილების არმიღებას უზრუნველყოფს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი ზოგადი წესები. ამასთან, არსებობს წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკა გასაჩივრებული ნორმის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსით გამოუყენებლობასთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეფასებისას მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას და ამ შემთხვევაში სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმატიული შინაარსი.
23. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საქართველოს გენერალური პროკურორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ სადავო ნორმის საფუძველზე ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესს. ამასთან, ამავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილი პროკურორის ქმედების ან გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამდენად, კანონმდებლობა გამორიცხავს სადავო უფლებამოსილების გამოყენების შესახებ უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. შესაბამისად, სადავო ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ამდენად, ნორმის განმარტებისას იგი მხედველობაში ვერ იქნება მიღებული.
24. როგორც აღინიშნა, მოპასუხე მხარე და მოწმე მიუთითებდნენ პროკურატურის შესაბამის უფლებამოსილ პირთა მიერ სადავო ნორმის გამოყენების ერთგვაროვან პრაქტიკაზე და მოითხოვენ ამ გარემოების მხედველობაში მიღებას ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენელმა გამორიცხა გასაჩივრებული ნორმის სადავო ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკის არსებობა 2016-2018 წლების განმავლობაში, ხოლო უფრო ადრეულ წლებთან მიმართებით აღნიშნა, რომ მისთვის არ არის ცნობილი არც ერთი ასეთი შემთხვევის არსებობის შესახებ, თუმცა სრული დამაჯერებლობით ვერ გამორიცხავს ასეთი ფაქტის არსებობას.
25. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თუნდაც იხელმძღვანელოს იმ დაშვებით, რომ გასაჩივრებული ნორმა სადავო ნორმატიული შინაარსით არასდროს ყოფილა გამოყენებული, არ არსებობს რაიმე დამზღვევი მექანიზმი, რომელიც გამორიცხავს მომავალში სადავო ნორმისთვის ამგვარი შინაარსის მინიჭების შესაძლებლობას მისი გამომყენებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან. ამდენად, პროკურატურის მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვანი პრაქტიკის არსებობა არ არის საკმარისი სადავო ნორმის შინაარსის სრულფასოვნად განსაზღვრისა და პოტენციური რისკების შეფასებისათვის.
26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, „კონსტიტუციასთან შეფასებადია სადავო ნორმის კეთილსინდისიერი განმარტების შედეგად განსაზღვრული ყველა შესაძლო შინაარსი და, თუ რომელიმე მათგანი არ შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს, ნორმა არაკონსტიტუციურია. კანონი მის კეთილსინდისიერ აღმსრულებელს არ უნდა აძლევდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ლეგალურ საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის №2/1/484 გადაწყვეტილება საქმეზე „„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საქართველოს მოქალაქე თამარ ხიდაშელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
27. როგორც უკვე აღინიშნა, არ არსებობს ამ კონკრეტული სადავო დისკრეციული უფლებამოსილების შემზღუდველი ნორმატიული სახელმძღვანელო პრინციპები. ასევე არ არსებობს საერთო სასამართლოების ან ნორმის პრაქტიკაში გამომყენებელი ორგანოს მიერ დადგენილი ავტორიტეტული განმარტება მის შინაარსთან დაკავშირებით. ამდენად, სადავო ნორმის კეთილსინდისიერი წაკითხვის პირობებში, არ არის გამორიცხული, შესაბამისმა უფლებამოსილმა პირმა იგი გამოიყენოს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი შინაარსით.
4. სადავო ნორმის თავსებადობა გამოძიების ეფექტიანობის კონსტიტუციურ გარანტიებთან
28. აღსანიშნავია, რომ როდესაც საკითხი ეხება რომელიმე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან ადამიანის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე საფუძვლიანი საჩივრის არსებობას, ერთ-ერთი ყველაზე ნათლად გამოხატული გარემოება, რომელიც ობიექტურ ეჭვს აჩენს საგამოძიებო პროცესის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, არის ის, რომ საქმის გამოძიების წარმმართველი პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული არიან დანაშაულის შესაძლო ჩამდენ პირთან. თავის მხრივ, ასეთი კავშირის არსებობა ყველაზე ცხადად დეკლარირდება გამომძიებელსა და შესაძლო დამნაშავეს შორის არსებული ინსტიტუციური დამოკიდებულებით. მიუხედავად დასახელებულ პირთა შიდა იერარქიული დამოკიდებულებისა, ასეთ შემთხვევაში, თავისთავად, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობისადმი, რადგან, გარდა დასახელებულ პირთა შესაძლო ინდივიდუალური, ადამიანური ურთიერთობებით გამოწვეული ეჭვებისა, გამოძიების სანდოობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ეჭვებს აჩენს ინსტიტუციური ინტერესები. როდესაც საგამოძიებო ორგანოს უწევს საქმის გამოძიება, სადაც შესაძლებელია დადგინდეს ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ ადამიანის წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ჩადენის ფაქტი, საგამოძიებო მოქმედების არასრულფასოვნად წარმართვის რისკი განსაკუთრებულად მომეტებულია. ამგვარ პირობებში წარმოებული გამოძიება დაზარალებულ პირსა და საზოგადოებას არ უტოვებს განცდას, რომ საგამოძიებო პროცესი ხორციელდება ნეიტრალური და მიუკერძოებელი პირების მიერ. ამგვარი შემთხვევა გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის უგულებელყოფის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული.
29. ამდენად, აშკარაა, რომ გამოძიების წარმოება იმ საგამოძიებო ორგანოს მიერ, რომლის თანამშრომლის მიერ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი საჩივარი, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რაც, თავისთავად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ეფექტიანობაზე. მიკერძოების საფრთხის ამგვარი ხარისხის პირობებში წარმოებული გამოძიება ვერ დაიმსახურებს დაზარალებული პირის, პროცესის მონაწილეებისა და საზოგადოების ნდობას. აღნიშნულის საპირისპიროდ, ასეთ შემთხვევაში სახეზეა საკმარისზე მეტი ფუნდამენტური საფუძველი პროცესის მიკერძოებულად წარმართვაზე ეჭვის გასამყარებლად. ამრიგად, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშავოს იმგვარი საკანონმდებლო მექანიზმები, რომელთა საფუძველზეც, უფლებამოსილ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, საქმის რომელიმე საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემისას უგულებელყონ გამოძიების ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები.
30. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია, არსებობდეს საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც გამოძიების ეფექტიანობა მოითხოვდეს იმ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობას, რომლის წარმომადგენლის მიმართაც არსებობს არასათანადო მოპყრობის შესახებ საფუძვლიანი საჩივარი. კერძოდ, როდესაც ასეთი დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გამოძიების ინტერესები მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას მტკიცებულებათა განადგურების თავიდან ასაცილებლად ან სხვა ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იმავე საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა განახორციელონ შესაბამისი აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის თანამშრომლის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი. ამ შემთხვევაში გამოძიების დამოუკიდებლობის ინტერესი უპირისპირდება საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლივი განხორციელების პრინციპს. ასეთ შემთხვევაშიც, დაუყოვნებლივი მოქმედების საჭიროების არარსებობისთანავე, საქმე გამოსაძიებლად უნდა გადაეცეს სხვა დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ასეთ საჭიროებაზე მითითება ვერ გამოდგება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სამტკიცებლად, რადგან სადავო ნორმა არეგულირებს ისეთ შემთხვევას, როდესაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის საქმის გადაცემის გადაწყვეტილებას და არ არის შემხებლობაში საგამოძიებო მოქმედებების დაუყოვნებლად განხორციელების აუცილებლობის შემთხვევასთან.
31. საქმეზე მოწმის სტატუსით გამოცხადებულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა ასევე მიუთითა, რომ შესაძლებელია, პრაქტიკაში დადგეს ისეთი შემთხვევა, როდესაც დანაშაული ჩადენილი იქნება რამდენიმე საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მიერ და, შესაბამისად, სახეზე იყოს შემთხვევა, როდესაც არც ერთი შესაბამისი საგამოძიებო ორგანო არ იქნება უფლებამოსილი, წარმართოს გამოძიება. აღნიშნულზე საპასუხოდ, ხაზი უნდა გაესვას, რომ სასამართლომ უკვე მიუთითა ზოგადი წესიდან საგამონაკლისო შემთხვევების არსებობის შესაძლებლობაზე. მოწმის მიერ დასახელებულ შემთხვევაში, გამოძიების დამოუკიდებლობის ინტერესი უპირისპირდება გამოძიების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირთა მიერ წარმართვის პრინციპს, რა შემთხვევაშიც, საქმის წარმმართველი საგამოძიებო ორგანო უნდა განისაზღვროს ეფექტიანობის პრინციპის სასარგებლოდ.
32. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსგავსი საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა ვერ გაამართლებს სადავო უფლებამოსილების შემზღუდველი არასაკმარისი გარანტიების არსებობას. სადავო ნორმა უშვებს შესაძლებლობას, საქმე გამოსაძიებლად გადაეცეს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის მაშინ, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება არ არის გამოწვეული ობიექტური აუცილებლობით. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას და აზიანებს მისი ეფექტიანობის ხარისხს.
33. ამგვარად, საქართველოს მთავარი პროკურორი და მის მიერ განსაზღვრული პირები შეზღუდულნი არ არიან რაიმე სახელმძღვანელო პრინციპით, სისხლის სამართლის საქმის ერთი საგამოძიებო ორგანოდან სხვა ორგანოსთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, დისკრეციული უფლებამოსილება გამოიყენონ გამოძიების ეფექტიანად წარმართვის ინტერესის საწინააღმდეგოდ. კერძოდ, უგულებელყონ გამოძიების დამოუკიდებლობის პრინციპი და საქმე გამოსაძიებლად გადასცენ ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზეც არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. შესაბამისად, სადავო ნორმა, მასში გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველმყოფი აუცილებელი გარანტიების არარსებობიდან გამომდინარე, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლიდან მომდინარე პოზიტიური ვალდებულების მოთხოვნებს და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სადავო რეგულირების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აძლევს უფლებამოსილებას, გამოძიების ეფექტიანობის პრინციპის უგულებელყოფით, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი.
5. საჩივრის საფუძვლიანობის შეფასების სტანდარტი
34. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური დავის სრულფასოვნად გადაწყვეტისათვის აუცილებელია, განისაზღვროს საჩივრის საფუძვლიანობის სტანდარტი, რათა ცხადი გახდეს, თუ რა შემთხვევაში იწყებს მოქმედებას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლიდან მომდინარე ეფექტიანი გამოძიების წარმოების პოზიტიური ვალდებულება, რომლის საფუძველზეც, დაუშვებელია გამოძიების წარმართვა იმ საგამოძიებო ორგანოს მიერ, რომლის თანამშრომლის მიერ არასათანადო მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საჯარო და კერძო ინტერესთა შორის ბალანსი დაცული უნდა იქნეს იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, საჩივრის შემტანი პირის მიერ არაკეთილსინდისიერად არ იქნეს გამოყენებული მისთვის მინიჭებული უფლების დაცვის გარანტია, მეორე მხრივ, არაგონივრულად მაღალი სტანდარტი არ მოეთხოვებოდეს საჩივრის შემტან პირს შესაძლო არასათანადო მოპყრობის დასასაბუთებლად.
35. ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უნდა იქნეს მიღებული მხედველობაში. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პირის მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრის შეტანის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ საქმის ერთი საგამოძიებო ორგანოდან სხვა ორგანოში გადატანა არ არის დაკავშირებული რაიმე განსაკუთრებულ სირთულესთან ან საჯარო ინტერესების უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებულ ხელშეშლასთან. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა დააზღვიოს მხოლოდ ამ უფლების არაგონივრულად და არაკეთილსინდისიერად გამოყენება. მეორე მხრივ, საჩივრის შემტანი პირის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მართლმსაჯულების განხორციელებისათვის კრიტიკულად აუცილებელია გამოძიების დამოუკიდებლად და ეფექტიანად განხორციელება.
36. ამასთან, ასევე მხედველობაშია მისაღები კერძო პირის მიერ მის მიმართ სამართალდამცველის მიერ ჩადენილი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების სირთულე. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მტკიცებულების არარსებობა თავისთავად ვერ ჩაითვლება საჩივრის უსაფუძვლოდ მიჩნევის თვითკმარ არგუმენტად. ამდენად, თუნდაც მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, თუკი საჩივრის ავტორი, არსებითი შეუსაბამობების გარეშე, დეტალურად აღწერს კონკრეტულ გარემოებებს და თანმიმდევრულად და ლოგიკურად ავითარებს მოვლენათა ქრონოლოგიას ისე, რომ ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩნდებოდა გონივრული ვარაუდი მოვლენათა რეალურობის შესახებ, საჩივარი დასაბუთებულად უნდა ჩაითვალოს და ამოქმედდეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებიდან მომდინარე გამოძიების დამოუკიდებლობლობის უზრუნველყოფის მექანიზმები.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №1330 („გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს“ (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს აძლევს უფლებამოსილებას, გამოძიების ეფექტიანობის პრინციპის უგულებელყოფით, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს სისხლის სამართლის საქმე და გამოსაძიებლად გადასცეს იმ საგამოძიებო ორგანოს, რომლის თანამშრომლის მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობს საფუძვლიანი საჩივარი.
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე