ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს "ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/3/1358 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 29 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 29 მარტი 2019 18:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში,“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1358) მომართეს იურიდიულმა პირებმა - ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 15 ოქტომბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 29 მარტს.
2. №1358 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლი აწესრიგებს კომერციული რეკლამისა და ტელეშოპინგის განთავსებასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღნიშნული ნორმის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. ამასთან, გასაჩივრებული ნორმა ადგენს, რომ სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს, კომერციული რეკლამის განთავსების შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში, კომერციული რეკლამის მოცულობა, ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით უზრუნველყოფილი იყო მეწარმეობის თავისუფლება და კონკურენციის განვითარება. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
5. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმა საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს ექსკლუზიურ შესაძლებლობას, თავის საეთერო ბადეში, მინიმალური შეზღუდვების პირობებში, განათავსოს კომერციული რეკლამა და ტელეშოპები, სხვადასხვა სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების ფარგლებში. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც კონკურენციას უწევს სარეკლამო ბაზარზე არსებულ სხვა არხებს, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული დაფინანსება არ არის მიზნობრივი და მისი გამოყენება შესაძლებელია არხის სხვადასხვა ტიპის ხარჯებისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის აზრით, არსებული მოწესრიგების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს ის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც სარეკლამო ბაზარზე არსებული კერძო არხების კონკურენტი, იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში თავის კონკურენტებთან შედარებით.
6. მოსარჩელე მხარის მითითებით, ვინაიდან, კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის დამოკიდებული კომერციულ შემოსავალზე, მას რაიმე სახის ფინანსური ზარალის გარეშე შეუძლია მომხმარებელთათვის ნებისმიერი სასურველი ფასის, მათ შორის, სიმბოლური ფასის შეთავაზებაც, რაც სხვა არხებს ფინანსურად აზარალებს. კერძოდ, ამცირებს მათი რეკლამის ფასსა და მიმდინარე შემოსავლებს. შესაბამისად, სადავო ნორმა უარყოფით გავლენას ახდენს შესაბამის კომერციულ ბაზარზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება გაუმართლებლად ზღუდავს მეწარმეობის თავისუფლებას და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1358 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებასთან მიმართებით, რომელსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული იყო თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება. აგრეთვე, აღნიშნული დებულება კრძალავდა მონოპოლიურ საქმიანობას და ადგენდა მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულებას. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ზემოაღნიშნული უფლებრივი სფერო მოქცეულია 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში, რომლის თანახმადაც, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1358 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1358 („ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“ და შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების „გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში,“ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის თაობაზე.
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი