ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
| ნომერი | N1/9/1735 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 7 ნოემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2025 16:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელის წარმომადგენელი გელა სიორდია; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი - საქართველოს გენერალური პროკურატურის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი ამირან გულუაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 5 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1735) მომართა ლევან ყანდორელაშვილმა. №1735 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2022 წლის 7 ოქტომბერს. №1735 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2022 წლის 23 დეკემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის №1/7/1735 საოქმო ჩანაწერით, №1735 კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა არსებითად განსახილველად მიღებული. №1735 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2023 წლის 30 ივნისს.
2. №1735 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე, ლევან ყანდორელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენით, დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, ლევან ყანდორელაშვილის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიხატა 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 13:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში, ბრალდებულების ლევან ყანდორელაშვილისა და გიორგი ჭალელიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლის მიერ ამ უკანასკნელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების პროცესში, ლევან ყანდორელაშვილის მიერ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე მხარისთვის, კერძოდ, პროკურორ ლევან ჟორჟოლაძისთვის ღირსების შეურაცხმყოფელი და უწმაწური სიტყვებითა და ხელების შესაბამისი ჟესტიკულაციით მიმართვაში.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტებს. ამასთანავე, მოსარჩელის მოსაზრებით, სასამართლოს „უპატივცემულობა“ წარმოადგენს ფართო ცნებას, რომლითაც კრიმინალიზებულია სასამართლოსადმი „უპატივცემულო“ ქცევის კონკრეტული ფორმა - შეურაცხყოფა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ უპატივცემულობად შესაძლოა აღიქმებოდეს, მათ შორის, სასამართლო დარბაზში შეუსაბამო ტანისამოსით გამოცხადება, ელექტრომოწყობილობების გამოყენება, სხდომის მიმდინარეობისას ხმაური, ემოციების გამჟღავნება, ტაშის დაკვრა და ა. შ., თუმცა ამგვარი ქმედებები არ წარმოადგენს სისხლის სამართლის ობიექტს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით კრიმინალიზებულია „უპატივცემულო“ ქმედებების ნუსხიდან მისი ერთ-ერთი კონკრეტული ფორმა - „შეურაცხყოფა“. შესაბამისად, განუჭვრეტელია, კონკრეტულად რა ტიპის ქმედება მოიაზრება „შეურაცხყოფის“ ქვეშ. მოსარჩელის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქმედების შეურაცხყოფად აღქმა სუბიექტური გარემოებაა, არ არსებობს საფუძველი, რომლის მიხედვით, პირს შეუძლია იხელმძღვანელოს კონკრეტული ქმედების განხორციელებამდე. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გამორიცხული არ არის პროკურატურის მიერ ნორმის იმგვარი განმარტების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, ზემოხსენებული ქმედებები (ტაშის დაკვრა და ა. შ.), მათ შორის, პროცესის მონაწილის შეფასება ისეთი სიტყვებით, როგორიცაა „არაკომპეტენტური“ და „უცოდინარი“, დაკვალიფიცირდეს შეურაცხყოფად.
7. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები „სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“, თავის თავში, მოიაზრებს მართლმსაჯულების სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებასა და სასამართლო სხდომის ჩატარების უზრუნველყოფას. ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის საჭირო უპირველესი საფეხურები კი მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება, რომელსაც საფრთხე ექმნება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე გავლენის მოხდენით. იმავდროულად, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულებული იყო და მის მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის ფაქტს ხელი არ შეუშლია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის. შესაბამისად, მისი არგუმენტაციით, ის ლეგიტიმური მიზანი, რომელსაც გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვის საფუძვლად თავად კონსტიტუცია მიუთითებს, სახეზე არ იყო და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას ან, ზოგადად, სასამართლოს ავტორიტეტს არ შეჰქმნია საფრთხე.
8. ამასთან დაკავშირებით, მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სამართალწარმოების მონაწილის კომპეტენციის შეფასება, შესაბამისად, დაკავების საფუძველი იყო არა ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლისგან თავის არიდება ან მოსამართლის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში ჩარევის პრევენცია, არამედ იმ „დამატებითი ობიექტის“ დაცვა, რომელსაც წარმოადგენს პროცესის მონაწილის (ამ შემთხვევაში პროკურორის) პატივი და ღირსება ან/და, ზოგადად, სასამართლო სისტემის ავტორიტეტის/რეპუტაციის დაცვა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი დაეთანხმა საჯარო უწყების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელს მოსარჩელის, ლევან ყანდორელაშვილის ბრალთან/მსჯავრთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ სამართალწარმოების მონაწილის, კერძოდ, პროკურორის მიმართ გინება (დედის მისამართით). მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სამართალწარმოების მონაწილის გინება ნამდვილად წარმოადგენს შეურაცხმყოფელ ფაქტს, რომლისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება კონსტიტუციურად გამართლებულია. არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა რამდენიმეჯერ დააკორექტირა დავის საგანი. თავდაპირველად, მან იგი ვიწროდ ჩამოაყალიბა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცული სფეროდან გამორიცხა პროცესის მონაწილის გინება, რაც დასტურდება მოსარჩელე მხარის შესავალ სიტყვაში, ასევე მოპასუხისა და მოსამართლეების მიერ დასმულ შეკითხვებზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ გაცემული პასუხით, რომ გინება არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ სფეროში. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, დასკვნით სიტყვაში მოსამართლეთა დამაზუსტებელ კითხვებზე, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად დაეზუსტებინა მოსარჩელის წარმომადგენელს შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთება და განემარტა მხარის პოზიცია გინების, როგორც შეურაცხმყოფელ აქტთან დაკავშირებით, ექცევა თუ არა იგი გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში, მოსარჩელის წარმომადგენელმა კვლავ ორაზროვანი არგუმენტები წარმოადგინა. საბოლოოდ, მოსარჩელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში სხდომის მიმდინარეობისას პირის მიერ პროცესის მონაწილის მიმართ ვერბალური ფორმით გამოხატული გინება უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოსარჩელისთვის პრობლემურია ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც თუნდაც სასამართლო სხდომის მიმდინარეობის მიღმა (თუნდაც სასამართლო სხდომის დარბაზში) ითვალისწინებს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ისეთი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ.. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის პოზიციით, ასეთ დროს შეუძლებელია მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას ან სხდომის მიმდინარეობას შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ სფეროში გაუმართლებელი და ინტენსიური ჩარევა.
9. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის დასაცავად, სასამართლო სხდომათა დარბაზში ან/და სასამართლოს შენობაში, სასამართლოსადმი უპატივცემულო (მათ შორის, შეურაცხმყოფელი) გამოხატვის შეზღუდვა, ზოგადი თვალსაზრისით, აუცილებელია, თუმცა ქმედებისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრების მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს. იგი მიუთითებს, რომ ქმედება, მისგან მომდინარე საფრთხეების ინტენსივობისა და პოტენციურად დაზარალებული სამართლებრივი სიკეთეების გათვალისწინებით, არ არის ისეთი ბუნების, რომელიც საჭიროებს პირის გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ამგვარ ჩარევას. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები (მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი) და მათში ინკორპორირებული ბერკეტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ხასიათს ატარებს, უმრავლეს შემთხვევაში, საკმარისია არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს სასამართლოს ავტორიტეტისა და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი მიმდინარეობის დაცვა წარმოადგენს, ზემოაღნიშნული ბერკეტების საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია მყისიერად განმუხტოს სიტუაცია, განარიდოს წესრიგის დამრღვევი (სანქციის სახით შეუფარდოს, მათ შორის, ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღემდე ვადით, განმეორებით შემთხვევაში კი - 60 დღემდე ვადით) და ამით უზრუნველყოს ლეგიტიმური მიზნის დაცვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმასთან დაკავშირებით არ არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რაც ცხადყოფს, რომ საკუთრივ, მოსამართლეების მიერ უფრო ეფექტიანად გამოყენებადი საშუალებები სწორედ საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ბერკეტებია.
10. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას, ამასთანავე, განსაზღვრავს პროკურორის ფართო დისკრეციას და შესაძლოა გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გინების მიღმა ისეთი ტერმინების გავრცელებისთვის, როგორებიცაა „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „უცოდინარი“, „მონა“ და ა.შ..
11. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების პოზიციით, სადავო ნორმა, ზოგადად, ემსახურება სასამართლო სისტემის ავტორიტეტის, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვის ლეგიტიმურ ინტერესებს. მათი აღნიშვნით, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული შემზღუდველი ნორმატიული შინაარსი, ვინაიდან არ არსებობს შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა. ამასთანავე, მოსარჩელის მსჯავრდების შემთხვევა უკავშირდებოდა არა სამართალწარმოების მონაწილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს, არამედ უწმაწურ, შეურაცხმყოფელ სიტყვებს, კერძოდ, გინებას დედის მისამართით. მოპასუხე მხარის მითითებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სადავოდ არ ხდის გინების გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობას, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს და შეაფასოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა სხვა ნორმატიული შინაარსით, რადგან მოსარჩელე მხარეს არა თუ არ წარმოუდგენია სხვა შემზღუდველი შინაარსის დამადასტურებელი სასამართლო პრაქტიკა, არამედ იგი, თავადაც არ არის კრიტიკული მოსაზრების გამო ამ მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული.
12. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ მართალია, შესაძლოა ჰიპოთეტურად არსებობდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც სამართალწარმოების მონაწილის მიმართ კრიტიკული თუ გამაოგნებელი მოსაზრების გამოთქმის გამო, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არსებობს ამის დამადასტურებელი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო მომავალში ამგვარი პრაქტიკის არსებობის შემთხვევაში, არ გამოირიცხება სადავო ნორმის შესაბამისი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასება.
13. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა სრულად აკმაყოფილებს განჭვრეტადობის კონსტიტუციურობის მოთხოვნებს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილებაზე საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და განმარტა, რომ ზემოხსენებულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სამივე კრიტერიუმი სახეზეა იმისთვის, რათა სადავო ნორმა შეფასდეს განჭვრეტადად.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მოწვეულმა საჯარო დაწესებულების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა სადავო ნორმის პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევებზე. კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს პროკურატურისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმის გამო, რომ სამართალწარმოების მონაწილის მიმართ თავისი კრიტიკული მოსაზრების გამოსახატად მან გამოიყენა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა: „არაკომპეტენტური“, „უცოდინარი“, „არაკვალიფიციური“, „მონა“ და ა.შ.. შესაბამისად, საჯარო უწყების წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმით დაცული სფეროა ისეთი შემთხვევები, რომლის დროსაც პირი აშკარად გამოხატავს შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უხამსი, უწმაწური და უცენზურო სიტყვებითა თუ ჟესტიკულაციით. ასევე, მისი თქმით, საქართველოს პროკურატურისა და საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არსებობს სისხლისსამართლებრივი საქმეები, რომელთა მიხედვით, პირს/პირებს მსჯავრი დაედო სამართალწარმოების მონაწილის მიმართ ნივთის ან საგნის, მაგალითისთვის, წყლის ბოთლის ან ფეხსაცმლის სროლის გამო. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელის სისხლის სამართლის საქმეც შეეხებოდა მის მიერ პროკურორის მიმართ დედის მისამართით გინებას, რომელსაც თან ერთვოდა უხამსი, გინების ამსახველი ჟესტიკულაცია, რაც ადასტურებდა მოსარჩელის განზრახვას, შეურაცხყოფა მიეყენებინა პროკურორისთვის.
15. საჯარო უწყების წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობა სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო შენობაში ადგილი აქვს პირის მიერ სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უხამს, უცენზურო და უწმაწურ გამოთქმებსა და გამოხატვის არავერბალურ ფორმებს. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული შესაბამისი სახდელები, თუკი, საფრთხე ექმნება სასამართლო სხდომის უწყვეტ მიმდინარეობასა და მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელებას. საჯარო უწყების წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ არ არსებობს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც ადგილი აქვს პროცესის მონაწილის მიმართ სასამართლო შენობის მიღმა არსებულ, თუნდაც უხამს, უცენზურო და უწმაწურ გამოთქმებსა და გამოხატვის არავერბალურ ფორმებს. ამდენად, მისი მითითებით, სადავო ნორმას ჯერ ამგვარი ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, კრიმინალიზებულია სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, რომელიც არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას, ხელს არ უშლის/საფრთხეს არ უქმნის მართლმსაჯულების სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებასა და პროცესის მიმდინარეობას. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე მოსარჩელის კონკრეტული მსჯავრდება განხორციელდა მის მიერ პროკურორის მიმართ გინებისა და შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციის გამო. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ გინება წარმოადგენს აშკარად შეურაცხმყოფელ ფაქტს, რომელიც თავისთავად უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ამ ნაწილს სადავოდ არ ხდის. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი პოზიცია და აღნიშნა, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმის მხოლოდ ისეთი ნორმატიული შინაარსი, რომელიც პროკურორს აძლევს განუსაზღვრელ დისკრეციას, განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“ ფართოდ და მასში მოიაზროს გინების მიღმა ნებისმიერი სახის, ფორმისა და შინაარსის გამონათქვამები/ჟესტიკულაციები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს დაცულია თუ არა გამოხატვის თავისუფლების უფლებით სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფა ისეთი ტერმინებისთვის, როგორებიცაა: „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, კონკრეტული პიროვნების „მონა“ და სხვა, ანდა რა ხარისხით, ხოლო ზემოხსენებულზე დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, სასამართლომ უნდა შეაფასოს ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების [სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით,] შემადგენლობისთვის ტერმინი „შეურაცხყოფა“ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დადგენილ განსაზღვრულობის სტანდარტებს.
1. გამოხატვის თავისუფლების უფლება და მისი შეზღუდვის კონსტიტუციური წინაპირობები
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
3. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. ...დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13).
4. გაითვალისწინა რა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობილი განმარტება გამოხატვის თავისუფლების ფარგლების თაობაზე (Handyside v. The United Kingdom) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ გამოხატვის თავისუფლება „...მოიცავს ისეთ იდეებს, აზრებს თუ გამონათქვამებსაც, რომლებიც მიუღებელია ხელისუფლებისთვის, საზოგადოების ნაწილისთვის თუ ცალკეული ადამიანებისთვის, შოკის მომგვრელია, რომელმაც შეიძლება აღაშფოთოს საზოგადოება, ადამიანები, წყენაც კი მიაყენოს მათ, გამოიწვიოს საზოგადოებაში ვნებათა ღელვა, ასევე იგი მოიცავს კრიტიკას და სარკაზმსაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/6/561,568 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-40). გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტება გამოხატავს საერთო დამოკიდებულებასა და სულისკვეთებას და მიანიშნებს გამოხატვის თავისუფლების დაცულობის ყველაზე უფრო შორეულ ფარგლებზე. ის ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში თავისუფლად უნდა ცირკულირებდეს განსხვავებული იდეები და შეხედულებები, მათ შორის, ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა შემაწუხებელი, გამაოგნებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისათვის, რადგან ამას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ტოლერანტობა. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო აზუსტებს, რომ ხსენებული განმარტებები არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, თითქოს, გამოხატვის თავისუფლებით დაცულია სხვისი პირადი შეურაცხყოფის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი, ცხადია, იცავს კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის უფლებას, მათ შორის, კონკრეტული ინდივიდების, უფრო კონკრეტულად, მოსამართლეების მისამართით, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ღირებულებათა კონფლიქტი, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა და, მეორე მხრივ, სასამართლოს ავტორიტეტს, მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას შორის უნდა გადაწყდეს კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, რა დროსაც არაერთი ფაქტორი მიიღება მხედველობაში. კერძოდ, ვის მიერ და ვის მიმართ არის გამოთქმული კრიტიკა, როგორია დასაშვები კრიტიკის ფარგლები შესაბამის შემთხვევაში, როგორია გამოყენებული ენა და გამოთქმები, შეფასებით მსჯელობას შეეხება საქმე თუ ფაქტების მტკიცებას და სხვა. შესაბამისად, ყოველი კონკრეტული შემთხვევა სამართლიანი ბალანსისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით გადაწყდება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
5. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე უფრო ფართო დაცვით სარგებლობს. მათ შორის, დასაშვებია სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების კრიტიკაც. თუმცა სასამართლოს მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით უფრო ვიწროა, ვიდრე ხელისუფლების პოლიტიკური განშტოებების მიმართ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზღვარი გაავლო სასამართლო კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. კერძოდ, ეს უკანასკნელი მიუთითებს, რომ სასამართლოები, ისევე როგორც ყველა სხვა საჯარო დაწესებულება, არ არის დაზღვეული კრიტიკისა და საზოგადოების მხრიდან ყურადღებისგან. ამ სფეროში დასაქმებული პირები სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორითაც საზოგადოების ყველა სხვა წევრი. თუმცა მკაფიო განსხვავება უნდა გაკეთდეს კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის. თუ გამოხატვის ნებისმიერი ფორმის ერთადერთი მიზანია სასამართლოს ან ამ სასამართლოს წევრების შეურაცხყოფა, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომა, პრინციპში, იგი არ წარმოადგენს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეურაცხმყოფელი ენა შეიძლება მოხვდეს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცვის ფარგლებს გარეთ, თუ ის წარმოადგენს უაზრო ლანძღვას, მაგალითად, როდესაც შეურაცხმყოფელი განცხადების ერთადერთი მიზანი საკუთრივ შეურაცხყოფაა (Skalka v. Poland, №43425/98, §34, 2003 წლის 27 მაისი).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ამახვილებს ყურადღებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ბოლოდროინდელ, კერძოდ, 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე საქმეზე „ზურაბიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (Lasha ZURABIANI v. Georgia, №22266/22,2025 წლის 20 მარტი). აღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა ადვოკატი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომის მიმდინარეობის დროს მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა. ამ საქმეში ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ხელისუფლება, როგორც სამართლიანობის გარანტი, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ფუნდამენტურ როლს ასრულებს და, შესაბამისად, ის საზოგადოებრივი ნდობით უნდა სარგებლობდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ნდობის განსამტკიცებლად, სასამართლო ხელისუფლება დაცული უნდა იყოს დაუსაბუთებელი თავდასხმებისგან. საკუთარი უფლებების დასაცავად, მართალია, მხარეებს შეუძლიათ გააკრიტიკონ სასამართლო ხელისუფლება და გამოთქვან თავიანთი შეხედულებები მართლმსაჯულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, თუმცა ამ კრიტიკამ დასაშვები ფარგლები არ უნდა გადალახოს. ერთმანეთისგან მკაცრად უნდა გაიმიჯნოს კრიტიკა და შეურაცხყოფა. თუ გამოხატვის ერთადერთი მიზანი სასამართლოს ან სასამართლოს წევრების შეურაცხყოფაა, ასეთ გამოხატვასთან მიმართებით შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება არ არღვევს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს (34-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მოსარჩელისთვის ჯარიმის შეფარდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებებში მოყვანილი არგუმენტები „საკმარისი და რელევანტურია“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომის დარბაზში მოსამართლესთან ხმამაღლა საუბარი, მოსამართლისთვის საუბრის შეწყვეტა, მოსამართლესთან საუბრის დროს მოსარჩელის ხმის ტონის, კონტექსტისა და მოსარჩელის საქციელის მთლიანობაში გათვალისწინებით, ნამდვილად სასამართლოს შეურაცხყოფა იყო (39-ე პარაგრაფი). ამ საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც ჩამოყალიბებული აქვს თავისი მიდგომები. საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს რა ზემოხსენებულ განმარტებებს, ასევე გაითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მიდგომებს სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე დაადგინა გამოხატვის თავისუფლების უფლების სტანდარტები მოსამართლის მიმართ გამოთქმულ უხამს, უცენზურო და შეურაცხმყოფელ ტერმინებთან მიმართებით. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების უფლების ადრესატი არის არა უშუალოდ მოსამართლე, არამედ სამართალწარმოების მონაწილე, რომელიც შესაძლოა იყოს პროკურორი, მოწმე, ექსპერტი, თარჯიმანი და ა. შ. (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხდომის მონაწილე). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ნორმით დაცვის ობიექტი კვლავ სასამართლო სისტემის ავტორიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობაა. იმის მიუხედავად, საქმე შეეხება სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფას (სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი) თუ მოსამართლის ან მსაჯულისა (ამავე მუხლის მე-2 ნაწილი), ორივე ქმედება წარმოადგენს „სასამართლოს უპატივცემულობას“. მართალია, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა შედარებით უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სამართალწარმოების მონაწილისა, მაგრამ ორივე მათგანი გამოხატავს სასამართლოსადმი უპატივცემულობას და დანაშაულის ობიექტიც ერთი და იგივეა - სასამართლოს ავტორიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. შესაბამისად, სასამართლოს გამართლებულად ესახება გამოიყენოს ის მიდგომები და და სტანდარტები, რომლებიც მან დაადგინა თავის 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებაში მოსამართლის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებთან მიმართებით.
8. საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამავე მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
9. აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა გამართლებულია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით იდენტიფიცირებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, დასახელებული უფლება შესაძლებელია შეიზღუდოს, მათ შორის, სხვათა უფლებების დასაცავად, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლიც ითვალისწინებს ამ ლეგიტიმური მიზნების დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და პირდაპირ აკეთებს აქცენტს „სასამართლოს ავტორიტეტის“ დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „ამ თავისუფლებათა (ინფორმაციისა და იდეების გავრცელებისა და მიღების თავისუფლება) განხორციელება, ... შეიძლება დაექვემდებაროს ... შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ... სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-7) .
10. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცულობა, საზოგადოდ, გულისხმობს ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობას მათი შინაარსის მიუხედავად. ინფორმაციისა და იდეების შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის ფორმები, პროდუცირებისა თუ გავრცელების საშუალებები. ამასთანავე, როდესაც საქმე შეეხება აზრებს, იდეებს, მოსაზრებებსა და შეხედულებებს, მათი დაცულობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღირებულია ისინი, რადგან არაგონივრული იქნებოდა, აზრები დაყოფილიყო ღირებულ და არაღირებულ აზრებად. თუმცა დაცულობის ხარისხი იზრდება, როდესაც ინფორმაცია და იდეები შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს, მისი ნამდვილი ინტერესის საგანს. ამის მიუხედავად, გამოხატვის თავისუფლების დაცულობის გარე ფარგლები ყოველთვის არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და არც იმის წინასწარ განჭვრეტაა შესაძლებელი, თუ ღირებულებათა კონფლიქტის დროს, რომელი ლეგიტიმური ინტერესი მოიპოვებს პრიორიტეტს - გამოხატვის თავისუფლება თუ მასთან დაპირისპირებული რომელიმე სხვა ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც კონსტიტუციის მე-17 მუხლშია ნაგულისხმები, როგორც მისი შეზღუდვის შესაძლო საფუძველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-8).
11. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი „გამოხატვა“ შესაძლოა საერთოდ არ თავსდებოდეს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ ფარგლებში, როგორიც არის, მაგალითად, მძიმე რასობრივი დისკრიმინაცია, რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური სიძულვილის გავრცელება, ჰოლოკოსტის ფაქტის უარყოფა და სხვა. თუმცა განსხვავებული ვითარება გვაქვს მაშინ, როდესაც საქმე შეეხება არაეთიკურ, უხამს, უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამოთქმებს. ისინი ფორმალურად გამორიცხული არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მათი პრაქტიკული დაცულობის ხარისხი დამოკიდებულია ღირებულებათა კონკრეტულ კონფლიქტზე და მასში ჩართულ ლეგიტიმურ ინტერესთა შეპირისპირებაზე. საერთოდ, აღიარებულია, რომ უხამს, არაეთიკურ, უცენზურო და შეურაცხმყოფელ გამოთქმებს ნაკლებად აქვთ ან საერთოდ არ გააჩნიათ რაიმე პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან სხვაგვარი ღირებულება და, საზოგადოდ, არ წარმოადგენენ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე საჯარო დისკუსიის ნაწილს, რის გამოც ფასობს გამოხატვის თავისუფლება და რის გამოც არის იგი მიჩნეული დემოკრატიის ერთ-ერთ უმთავრეს დასაყრდენად. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ამგვარ გამონათქვამებს იყენებენ ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის დროს. ხელისუფლების კრიტიკა კი, როგორც აღვნიშნეთ, საერთოდ ყველაზე უფრო ფართო დაცვით სარგებლობს და ეს ფაქტორი ზრდის, მათ შორის, უხამსი კრიტიკის დაცულობის შანსს. ზოგჯერ, რადიკალურად მწვავე, აგრესიული ლექსიკის მეშვეობით აზრის გამოხატვას, მათ შორის, შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შესაძლოა განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდეს ინდივიდისთვის საკუთარი აზრისა და შეხედულებების გადმოსაცემად ხელისუფლების კრიტიკის დროს. თუმცა ეს არ უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ უხამსი გამოთქმები ნაკლები ღირებულების მატარებელია, რის გამოც, მათი დაცულობის ხარისხი ვერ გაუთანაბრდება არგუმენტირებულ, თუნდაც ძალიან მწვავე კრიტიკას, რადგან ისინი არ ემსახურება ამა თუ იმ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საკითხზე საჯარო დისკუსიის წახალისებას. კიდევ უფრო მცირდება ამგვარი გამონათქვამების დაცულობის პოტენციალი, როდესაც ისინი გამოყენებულია არა ხელისუფლების პოლიტიკური განშტოებების - აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკისათვის, რომლებსაც საჯარო ტრიბუნა უპყრიათ ხელთ და მათ წინააღმდეგ კრიტიკაზე პასუხის გაცემის უამრავი საშუალება აქვთ, არამედ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიმართ, ვისაც პასუხის გაცემის საშუალებები მკვეთრად შეზღუდული აქვთ. სწორედ ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც წინამდებარე ღირებულებათა კონფლიქტში სასწორს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის დაცვისკენ შეიძლება ხრიდეს, რომ პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირებისაგან განსხვავებით, მოსამართლეებს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ, იმავე ინტენსივობით ჩაერთონ საჯარო დებატებში და ადეკვატური პასუხი გასცენ მათ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-9). „მოსამართლის პროფესიული და, მით უფრო, პირადი საქმიანობა მეტად არის დაცული, ვინაიდან ის შეზღუდულია შესაძლებლობაში, საკუთარი პოზიციის დასაცავად საჯარო-პოლიტიკური ხასიათის დებატებში ჩაერთოს. მოსამართლის ამგვარი შეზღუდვა მიუკერძოებლობის პრინციპიდან გამომდინარეობს და საზოგადოების მხრიდან სასამართლოსადმი ნდობის უზრუნველყოფას ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
12. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც უხამსი და უცენზურო გამონათქვამები მიზნად ისახავს მოსამართლისა თუ სამართალწარმოების მონაწილის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას და, ამ გზით, ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს და ამცირებს მისდამი ხალხის ნდობის ხარისხს, რომლის არსებობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მათ a priori ნაკლები შანსი აქვთ, ღირებულებათა კონფლიქტში პრიორიტეტი მოიპოვონ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ ზემოაღნიშნულ მიდგომებს გამოიყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას.
2. სადავო ნორმის შინაარსი, სასარჩელო მოთხოვნისა და გათვალისწინებული შეზღუდვის იდენტიფიცირება, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მოცემულობა
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ ქმედებად განისაზღვრება სასამართლოს უპატივცემულობა, რომელიც გამოხატულია სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით. იგი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
14. მოსარჩელე მხარისთვის პრობლემურია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებად აცხადებს სამართალწარმოების, კერძოდ, პროკურორის შეურაცხყოფას იმ პირობებში, როდესაც ეს ქმედება არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის. ამასთანავე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმა იმდენად, რამდენადაც იგი პროკურორს აძლევს განუსაზღვრელ დისკრეციას, განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“ ფართოდ და მასში, სამართალწარმოების მონაწილის გინების მიღმა, მოიაზროს ნეგატიური, კრიტიკული დამოკიდებულების გამომხატველი ნებისმიერი ფორმისა და შინაარსის გამონათქვამი თუ ჟესტიკულაცია.
15. მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოდგენილი არგუმენტაცია მიუთითებს, რომ იგი ეჭვქვეშ არ აყენებს იმგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სისხლისსამართლებრივი შეზღუდვის კონსტიტუციურობას, რომლებიც აშკარად წარმოადგენს გინებას. მოსარჩელე ასევე არ საუბრობს საკუთრივ სადავო ნორმით გათვალისწინებულ სასჯელთა სახეებზე, ზომაზე და არ მიუთითებს მათი არაპროპორციულობის თაობაზე. როგორც არაერთხელ აღინიშნა, მისთვის პრობლემურია მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დასჯადობა ქმედებისა, რომელიც გამოხატულია სამართალწარმოების მონაწილის, მათ შორის, პროკურორის შეურაცხყოფით იმგვარ პირობებში, როდესაც ქმედება არ განხორციელებულა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და არ გამოუწვევია/საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისათვის. ამასთანავე, იგი მიუთითებს, რომ პროკურორს, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელს, გააჩნია უფლებამოსილება, ძალიან ფართოდ განმარტოს სადავო მუხლში მითითებული ტერმინის - „შეურაცხყოფა“ - შინაარსი და მასში მოიაზროს ისეთი გამონათქვამებიც, როგორებიცაა, მაგალითად, „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, „მონა“ და სხვა, რაც მისი აზრით, გამოხატვის თავისუფლების უფლებით არის დაცული.
16. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, იზღუდება თუ არა სადავო ნორმით გამოხატვის თავისუფლება. როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით სასჯელის სახით დაწესებულია პასუხისმგებლობა სასამართლოს უპატივცემულობისთვის, რაც გამოიხატა სამართალწარმოების სხვადასხვა მონაწილის შეურაცხყოფით. მოცემული დანაშაულის კვალიფიციურ შემადგენლობას წარმოადგენს იგივე ქმედების ჩადენა მოსამართლის მიმართ. სადავო ნორმით არ არის განსაზღვრული დანაშაულის დრო და ადგილი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების მაიდენტიფიცირებელი კრიტერიუმები ან კრიმინალიზებული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი.
17. „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ჩვეულებრივ, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა. ... გამონაკლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ასევე უფლებამოსილია, არ მიიღოს საერთო სასამართლოს მიერ შემოთავაზებული განმარტება, თუ ის აშკარად არაგონივრულია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ლევან ყანდორელაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენიდან ირკვევა, რომ იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, ლევან ყანდორელაშვილის მიერ სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა გამოიხატა იმით, რომ 2019 წლის 4 მარტს, დაახლოებით 13:15 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს №3 სხდომის დარბაზში, ბრალდებულების ლევან ყანდორელაშვილისა და გიორგი ჭალელიშვილის ბრალდების საქმეზე მოსამართლის მიერ ამ უკანასკნელთა მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების პროცესში, მან პროცესის ერთ-ერთ მონაწილე მხარეს, კერძოდ, პროკურორს ღირსების შეურაცხმყოფელი და უწმაწური სიტყვებით მიმართა (იგულისხმება გინება დედის მიმართ) და გამოიყენა შესაბამისი ჟესტიკულაცია ხელებით.
19. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა თავისი მკვეთრი და ცალსახა პოზიცია, რომლის მიხედვითაც, სამართალწარმოების მონაწილის გინება ნამდვილად წარმოადგენს შეურაცხყოფას, რისთვისაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციურია და ეს სასარჩელო დავის საგანი არ არის. მისთვის სადავოა იმგვარი ტერმინების, გამონათქვამებისა თუ ჟესტიკულაციის მიჩნევა „სასამართლოს უპატივცემულობად“, რომლებიც, მართალია, შეიძლება ნამდვილად იყოს შეურაცხმყოფელი სამართალწარმოების მონაწილე ადრესატისთვის, თუმცა არა იმდენად, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევდეს. მოსარჩელის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში გამოყენებული ტერმინი - „შეურაცხყოფა“ ბუნდოვანია, მისი შინაარსობრივი ფარგლები განუსაზღვრელია, რაც პროკურორს აძლევს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფართო დისკრეციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გამოხატვის თავისუფლების უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.
20. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ზემოხსენებულ არგუმენტაციას კავშირი არ აქვს სარჩელის ავტორის, ლევან ყანდორელაშვილის სისხლისსამართლებრივ საქმესთან. როგორც კონსტიტუციური სარჩელითა და წარმოდგენილი მასალებით (სასამართლოს განაჩენით) დასტურდება და საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა საჯარო უწყების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმაც განმარტა, ლევან ყანდორელაშვილს ბრალი დაედო სამართალწარმოების, კერძოდ, სასამართლო სხდომის დარბაზში პროკურორის გინებისთვის, რასაც დამატებით ახლდა მის მიმართ შესაბამისი შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციაც, რაც მიუთითებდა მსჯავრდებულის პირდაპირ განზრახვაზე, შეურაცხყოფა მიეყენებინა პროკურორისთვის. თუმცა აღიარებს რა სამართალწარმოების მონაწილის გინებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციურობას, მოსარჩელე, ფაქტობრივად, სადავო ნორმის იმ ნორმატიულ შინაარსს კი არ ასაჩივრებს, რომელიც უშუალოდ მის მიმართ იყო გამოყენებული, არამედ იმ შინაარსს, რომელიც თავად აქვს ნაგულვები, კერძოდ, რომელიც ითვალისწინებს ნაკლებად მწვავე გამონათქვამების გამოყენების გამო პასუხისმგებლობის დაწესებას, თანაც იმგვარ პირობებში, როდესაც ამგვარი ვერბალური თავდასხმები არ განხორციელებულა უშუალოდ სხდომის მიმდინარეობისას და არც საფრთხე შეუქმნია მართლმსაჯულების პროცესისთვის.
21. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების პრაქტიკა, რომელიც დაამოწმებდა, რომ გინების გარდა სხვა სახის ნაკლებად მწვავე შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებით ისედაც მწირი სასამართლო პრაქტიკა არსებობს, თუმცა არსებული განაჩენები შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა სამართალწარმოების მონაწილის გინება ან მისთვის ნივთის ან საგნის სროლა. აღნიშნული დაადასტურა საჯარო უწყების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმაც. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დამატებით გამოიკვლია, არსებობდა თუ არა შემთხვევები, როდესაც პასუხისმგებლობა, სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოჰყვა იმგვარი შეფასებითი ტერმინების გამოყენებას, როგორებიცაა: „არაკომპეტენტური“, „არაკვალიფიციური“, კონკრეტული პიროვნების „მონა“ და სხვა. თუმცა კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, როგორც მხარეებმა, ასევე საჯარო უწყების, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა უარყვეს ამგვარი შემთხვევების არსებობა. შესაბამისად, სადავო ნორმატიული შინაარსით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების პრაქტიკა არ დადასტურდა.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოიკითხოს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4).
23. თავად ნორმის ტექსტობრივი ანალიზი და საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი საერთო სასამართლოების პრაქტიკა აშკარად და ცალსახად არ იძლევა მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსის გასაჩივრებულ რეგულაციაში ამოკითხვის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ იწინასწარმეტყველებს იმას, თუ სამომავლოდ რა ნორმატიული შინაარსით შეიძლება იქნეს სადავო ნორმა საერთო სასამართლოების მხრიდან გამოყენებული და ჰიპოთეტურად ვერ იმსჯელებს იმ ნორმატიულ შინაარსზე, რომელიც ნორმამ მომავალში შეიძლება შეიძინოს ან არ შეიძინოს. რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას პროკურორის შეუზღუდავ დისკრეციაზე, ფართოდ და თვითნებურად განმარტოს ტერმინი „შეურაცხყოფა“, რაც, მისი თქმით, გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, სასამართლო მას არ განიხილავს სერიოზულ არგუმენტად ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, ვინაიდან განაჩენი გამოაქვს არა პროკურორს, არამედ სასამართლოს, ხოლო პროკურორი, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანო, ასევე ხელმძღვანელობს სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მიდგომებით. მეტიც, მოსარჩელეს არც იმის მტკიცებულებები წარმოუდგენია, რომ პროკურატურას ოდესმე დევნა ჰქონდა დაწყებული ნაკლებად მწვავე გამონათქვამებისთვის. აღნიშნული არ წარმოადგენს თვითკმარ საფუძველს ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის. აღნიშნულ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ იგი შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით და არ დგას იმის აუცილებლობის წინაშე, ყოვლისმომცველად განმარტოს, თუ, კერძოდ, რომელი გამონათქვამები თუ ჟესტები უნდა ჩაითვალოს „სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფად“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილის გაგებით ისე, რომ მისმა სისხლისსამართლებრივმა დასჯადობამ არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სფერო. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი არ ყოფილა რელევანტური სასამართლო პრაქტიკა ან სხვა მტკიცებულებები, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ დასტურდება სადავო ნორმის იმგვარი ნორმატიული შინაარსის არსებობა, რომელიც მოსარჩელეს აქვს ნაგულვები და რომლის არაკონსტიტუციურობაზეც მიუთითებს.
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, „ნებისმიერი ნორმატიულად დადგენილი ქცევის წესი სიცოცხლისუნარიანი ხდება სასამართლოს პრაქტიკაში და მისი საშუალებით. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ორგანოთა არქიტექტურაში არის ის სახელისუფლებო შტო, რომელიც საბოლოო სიტყვას ამბობს კანონმდებლობის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, იცოდეს კანონმდებლობის შინაარსი, როგორ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და რას მოითხოვს თითოეული ნორმატიული რეგულაცია მისი ადრესატებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „„ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-49).
25. ამდენად, „საერთო სასამართლოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში. სასამართლოს ამ უმნიშვნელოვანესი ფუნქციის გამოვლინებაა ის ფაქტიც, რომ ამა თუ იმ ნორმის შინაარსთან დაკავშირებით, სასამართლოს ერთგვაროვანი, დროის მნიშვნელოვან პერიოდში ჩამოყალიბებული პრაქტიკის არსებობა, ამ ნორმიდან მომდინარე პასუხისმგებლობის განჭვრეტადობის საუკეთესო ინდიკატორია. იმ პირობებში, როდესაც ქმედების ჩადენამდე პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ამა თუ იმ შინაარსით გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს, პირი ვერ მიუთითებს, მათ შორის, ზოგადი ტერმინებით ფორმულირებულ ნორმასთან მიმართებითაც კი, პასუხისმგებლობის დაკისრების განუჭვრეტელ ხასიათზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელეს არც კონსტიტუციური სარჩელით და არც საქმის განხილვის არსებით სხდომაზე, არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ გასაჩივრებულ ნორმას გააჩნია მის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სადავო ნორმით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის კონსტიტუციურობა შეაფასოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით დადგენილი სტანდარტებისა და შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1735 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 45-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1735 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე