საქართველოს მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/13/878 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 13 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 ივლისი 2017 18:51 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 ნოემბერი 2017 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები: გიორგი გოცირიძე, ნინო ბოლქვაძე, ანზორ ხატიაშვილი და დიანა დავითაძე; მოპასუხე მხარის წარმომადგენლები: მიხეილ ტყეშელაშვილი, ირმა ქიტიაშვილი და ბაბილინა თურქია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №878) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - გოჩა გაბოძემ და ლევან ბერიანიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 21 მარტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2017 წლის 20 და 21 აპრილს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე–2 პუნქტი.
3. „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, „მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან“ წარმოადგენს ქცევას, რომელიც შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს და მიიჩნევა სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის აბსოლუტურ წინააღმდეგჩვენებად.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“, ხოლო კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
5. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეები საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენენ ჰომოსექსუალებად, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან. შესაბამისად, სადავო ნორმებით მათ მუდმივად ეკრძალებათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონაცია.
6. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმით სისხლის დონაციის უფლება ეკრძალებათ მამაკაცებს, რომლებსაც ერთხელ მაინც ჰქონდათ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან. აღნიშნულ პირთა წრეში შეიძლება ექცეოდნენ როგორც ჰომოსექსუალი, ასევე ბისექსუალი და ჰეტეროსექსუალი პირები. აქედან გამომდინარე, დიფერენცირების საფუძველს წარმოადგენს სექსუალური ქცევა დასახელებული კატეგორიის პირებს შორის.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს დონორების მიერ გაღებული სისხლის ხარისხის უზრუნველყოფა და სისხლის ბენეფიციართა უსაფრთხოების დაცვა. თუმცა, აღნიშნული რეგულაცია, თავისი არსით, დისკრიმინაციულია, რადგანაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის რისკი არსებობს დაუცველი ანალური სქესობრივი აქტის დროს, მიუხედავად მონაწილეთა სექსუალური ორიენტაციისა და სქესისა. ანალური სქესობრივი აქტით ასევე შეიძლება დაკავდნენ ჰეტეროსექსუალი ქალი და მამაკაცი, მაგრამ სადავო ნორმით მათ არ ეკრძალებათ სისხლის დონორობა და აღნიშნული აკრძალვა სელექციურად ვრცელდება ამგვარი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირებზე.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ) შესაძლოა არ მოიცავდეს ანალურ სქესობრივ აქტს და გამოიხატებოდეს სხვა სექსუალურ ქცევაში (მაგალითად, ორალურ სექსში), რაც სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს არ შეიცავს. ამასთანავე, სექსუალურად აქტიურ მსმ ჯგუფის ჰომოსექსუალ პირს შეიძლება სტაბილური სექსუალური პარტნიორი ჰყავდეს ან მხოლოდ დაცული სქესობრივი კავშირი ჰქონდეს. მსგავს შემთხვევებში აივ/შიდსისა და ჰეპატიტების ერთი პარტნიორიდან მეორეზე გადაცემის შანსი ძალიან მცირეა.
9. მოსარჩელეთა განცხადებით, მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთმევათ სისხლის და მისი კომპონენტების დონორად ყოფნის უფლება, განსხვავებით შედარებადი ჯგუფისაგან, რომლებიც თავისუფალნი არიან ამგვარი შეზღუდვისაგან ან უფლება შეზღუდული აქვთ გარკვეული ვადით.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა დისკრიმინაციულია და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
11. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სისხლისა და მისი კომპონენტების დონორად ყოფნის უფლების აკრძალვით ხდება ჩარევა პირის თავისუფალი განვითარების უფლებაში. სადავო ნორმა, ერთი მხრივ, იწვევს მოსარჩელეთა დონორობის უფლების აკრძალვას, რაც წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ერთ-ერთ კომპონენტს, ხოლო, მეორე მხრივ, ზღუდავს მათ სექსუალურ ცხოვრებას.
12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროში სადავო ნორმით გათვალისწინებულ ჩარევას, მართალია, გააჩნია რეციპიენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზანი, თუმცა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაძლოა დადგინდეს სხვა, უფრო ნაკლებად მზღუდავი წესი. მოქმედი რეგულაცია არ წარმოადგენს აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. მოსარჩელე მხარის მითითებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ე. წ. „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა, შესაძლებელია დონორის სისხლის შემოწმებით იმის დადგენა, პირი სისხლის გზით გადამდები დაავადების მატარებელია თუ არა. შესაბამისად, სადავო ნორმა ადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში არაპროპორციულ ჩარევას და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს.
13. მოსარჩელე მხარემ სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე დააკონკრეტა საკუთარი მოთხოვნა და მიუთითა, რომ ისინი არ ითხოვენ მსმ ჯგუფს მიკუთვნებული პირებისათვის დონაციის უფლების შეზღუდვის სრული მოცულობით გაუქმებას. მათი განმარტებით, სისხლის დონაციის უფლების შეზღუდვა მსგავსი კატეგორიის პირებისათვის დასაშვებია მხოლოდ ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ განმავლობაში, ამის შემდეგ კი მათ უნდა ჰქონდეთ დონაციის უფლება.
14. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეში უკვე შეაფასა პირის დიფერენცირება სექსუალური ქცევის ნიშნით და დაადგინა კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლების დარღვევა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენდა ბლანკეტურ რეგულაციას და ახდენდა დასახელებულ ძირითად უფლებებში საჭიროზე მაღალი ინტენსივობით ჩარევას. სადავო ნორმით კი ხდება იმავე უფლებების შეზღუდვა, იდენტური საშუალებითა და იგივე სამართლებრივი შედეგით.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეები შუამდგომლობენ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომის ფარგლებში მიიღოს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისა და სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
16. მოპასუხე მხარის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლების განმარტებით, სადავო ნორმების მიზანს წარმოადგენს დონორთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოყოფილია დონაციის წინააღმდეგ ჩვენებების ორი კატეგორია: დროებითი და აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები. ამ უკანასკნელს განეკუთვნება სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის ძალიან მაღალ რისკთან დაკავშირებული კონკრეტული ქცევა, რომელთაგან პრევალენტურობის კუთხით პირველ ადგილზე დგას მამაკაცის სექსუალური კავშირი მამაკაცთან.
17. მოპასუხის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს სისხლის შემოწმების ორი მეთოდი - ნუკლეინის მჟავებით ტესტირება და იმუნოფერმენტული მეთოდი, თუმცა ინფიცირების ადრეულ სტადიაზე ყველა სახის ვირუსის აღმოჩენას 100%-იანი სიზუსტით ვერცერთი საშუალება ვერ უზრუნველყოფს. ნუკლეინის მჟავებით ტესტირების შემთხვევაში, შესაძლებელია ინფიცირებიდან 3 კვირის განმავლობაში ვერ დადგინდეს სისხლში ვირუსის არსებობა, იმუნოფერმენტული მეთოდის გამოყენებისას კი ეს ვადა დაახლოებით 3 თვეს შეადგენს. საქართველოში დღესდღეობით შეზღუდული ფინანსური რესურსიდან გამომდინარე გამოიყენება იმუნოფერმენტული მეთოდი. დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საკმარისი არ არის სისხლის ლაბორატორიული გზით შემოწმება და დამატებით საჭირო ხდება დონორისაგან ანამნეზის შეკრება, რათა დადგინდეს განეკუთვნება თუ არა პირი სისხლის გზით გადამდები დაავადებების მაღალ რისკს მიკუთვნებულ ჯგუფს, ახორციელებდა თუ არა სარისკო სექსუალურ ქცევას და რა დრო გავიდა ბოლო სარისკო ქცევიდან.
18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოში მსმ ჯგუფისათვის დონაციის უფლების აკრძალვის შემოთავაზებული მოდელი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ და რეკომენდებულ მიდგომას ემყარება. სისხლის შემოწმების მოქმედი მეთოდის გამოყენებით, ვირუსის იდენტიფიცირება შემთხვევების 95%-ში შესაძლებელია ინფიცირებიდან 3 თვის შემდეგ, თუმცა დარჩენილ 5%-ში „ფანჯრის პერიოდი“ შესაძლოა გაგრძელდეს 1 წლამდე ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში. ამასთანავე, არ არსებობს რაიმე მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც ნათლად მიუთითებდა თუ რა ვადით უნდა დაწესდეს შეზღუდვა, რის შემდეგაც ვირუსის აღმოჩენა უტყუარად იქნება შესაძლებელი.
19. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენადაც ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს (მამაკაცებს) შორის სქესობრივი კავშირის დამყარებისას სისხლის გზით გადამდები დაავადების შეძენის რისკი განუზომლად მაღალია და, ამასთანავე, საქართველოში არსებული სისხლის შემოწმების მეთოდი ვერ უზრუნველყოფს ამ დაავადებათა სრულად გამოვლენას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე გონივრულ გადაწყვეტას წარმოადგენს სარისკო ჯგუფს მიკუთვნებული პირებისათვის დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა.
20. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იმ პირთა მიმართ, რომლებიც ახორციელებენ სარისკო სექსუალურ ქცევას, დონაციის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა არ ნიშნავს ამ უფლების სამუდამოდ აკრძალვას. ამ შემთხვევაში ეს რეგულაცია წარმოადგენს განუსაზღვრელი ვადით გადავადებას იმ დრომდე, სანამ არ იქნება შესაბამისი სამეცნიერო და სამედიცინო მტკიცებულება ან ტექნოლოგია, რაც სრულად უზრუნველყოფს დონაციის პროცესის უსაფრთხოებას.
21. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევ რეგულაციას, რამდენადაც დასახელებულ საქმეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ტერმინი „ჰომოსექსუალიზმი“, რაც ძალიან ფართო შინაარსით განიმარტებოდა და ქმნიდა იმის რისკებს, რომ აკრძალვა ასევე შესაძლებელია გავრცელებულიყო იმ პირებზე, რომლებიც არ იყვნენ დაკავებულნი სარისკო სექსუალური ქცევით. დღეს მოქმედი რეგულაციით კონცენტრირება მოხდა მხოლოდ სარისკო სექსუალური ქცევის მქონე პირებზე და უფლების უსაფუძვლოდ შეზღუდვის საფრთხე აღარ არსებობს. ამასთანავე, „ჰომოსექსუალიზმი“ არ არის იმავე შინაარსის მატარებელი, რასაც გულისხმობს მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, რადგან ეს უკანასკნელი ეხება არა მხოლოდ ჰომოსექსუალ, არამედ ბისექსუალ პირებსაც, საკონსტიტუციო სასამართლოს კი №2/1/536 გადაწყვეტილებაში ამ საკითხზე არ უმსჯელია.
22. მოპასუხე მხარის განმარტებით, დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს ყველაზე უფრო გონივრულ რეგულაციას, რამდენადაც იგი ვრცელდება პრევალენტობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელის მქონე ჯგუფზე და ამ ხასიათის შეზღუდვა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევი ვარგისი საშუალებაა. ამასთანავე, ეს რეგულაცია დროებითი ხასიათისაა და იმოქმედებს მანამდე, სანამ საქართველო არ შეძლებს დანერგოს სისხლის დონაციის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნოლოგია ან/და არ განისაზღვრება ზუსტი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც 100%-ით იქნება შესაძლებელი ყველა ვირუსის იდენტიფიცირება. ეს ყოველივე კი საჭიროებს სისტემური კვლევებისა და კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას და დაკავშირებულია დროსა და ფინანსურ რესურსებთან.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევ რეგულაციას და სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლის მოთხოვნებს.
24. მოპასუხე მხარე, საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მიუთითებს საერთაშორისო პრაქტიკაზე და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ საქმეზე სადავოდ არის გამხდარი „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის № 241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
2. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებს გააჩნიათ ის შინაარსი, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით საქმეზე „ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“. აქედან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე მხარე აყენებს შუამდგომლობას კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და განმწესრიგებელი სხდომის აქტით მათი ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად: „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ... მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).
5. სადავო ნორმის დამძლევ რეგულაციად მიჩნევისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უპირველესად უნდა შეაფასოს, რამდენად იმეორებს №878 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. შესაბამისად, აუცილებელია შეფასდეს ამ ნორმების მიზანმიმართულება, უფლების შეზღუდვის საშუალება და მათ მიერ გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. ამასთანავე, გასათვალისწინებელია რამდენად არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც წარმოშობდა გასაჩივრებული ნორმის ხელახალი შეფასების საჭიროებას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იგივე ფორმულირების შემცველი წესის მიღებას/არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის, სადავო ნორმის მიზანმიმართულების, მასში გამოხატული კანონმდებლის ნებისა და სამართლებრივი საშუალებების გათვალისწინებით. შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ და „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის №282/ნ ბრძანების №1 დანართის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის (2007 წლის 27 სექტემბრის რედაქცია) სიტყვა „ჰომოსექსუალიზმი“ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
8. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №536 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი და ტერმინ „ჰომოსექსუალიზმის“ ნაცვლად დონორობის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენებები დაუკავშირდა სექსუალურ ქცევას - მამაკაცის სქესობრივ კავშირს მამაკაცთან („სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-39/ნ ბრძანება). „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ გააგრძელა სამართალწარმოება და აღნიშნა, რომ „სადავო ნორმის ახალი რედაქცია გარკვეულწილად იმეორებს ძველი რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. ამასთან, მოპასუხის განმარტებები ცხადყოფს, რომ სადავო ნორმის ამ შინაარსის მიმართ სამართალშემოქმედის დამოკიდებულება არ შეცვლილა და კვლავაც არსებობს იმავე საფუძვლით მოსარჩელეთა უფლებების დარღვევის რისკი“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“; II-5).
9. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ტერმინ „ჰომოსექსუალიზმის“ ცნების ქვეშ ნაგულისხმევი შეზღუდვა მიემართებოდა როგორც სექსუალურ ორიენტაციას, ასევე კონკრეტულ სექსუალურ ქცევას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა შეაფასა „ჰომოსექსუალიზმის“ შინაარსს მიკუთვნებული ყველა კომპონენტის, მათ შორის, „კონკრეტული სექსუალური ქცევის - მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან“ გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, №878 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმით, კერძოდ, „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ მამაკაცთან სქესობრივი კავშირის მქონე მამაკაცებს გააჩნიათ სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.
10. №536 კონსტიტუციურ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაში დონორობის უფლების აკრძალვის ლეგიტიმურ მიზნად მიჩნეულ იქნა რეციპიენტის ჯანმრთელობის დაცვა, რამდენადაც ჰომოსექსუალების სქესობრივი კავშირი შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს, ტრანსფუზიის შედეგად კი შესაძლოა მოხდეს რეციპიენტის დაინფიცირება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს რეციპიენტთათვის შესაბამისი სისხლისა და მისი კომპონენტების მიწოდება. აღნიშნული გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მოახდინოს დონაციის პროცესის სამართლებრივი რეგულირება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-38).
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დონაციის უფლება ეზღუდებოდათ, ერთი მხრივ, ჰომოსექსუალ პირებს, რომლებიც შეიძლება არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი სარისკო სექსუალური ქცევით, ხოლო, მეორე მხრივ, რისკის შემცველი სქესობრივი კავშირის მქონე პირებისათვის დაწესებული აკრძალვა იყო აბსოლუტური და არ განსაზღვრავდა კონკრეტული დროის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ინარჩუნებდა ქცევა რისკს დონაციის პროცესის უსაფრთხოებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის გზით გადამდები სხვადასხვა დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევით. არსებული ტექნოლოგიებით აივ-ვირუსის გამოვლენა სრულად არის შესაძლებელი ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ შემდეგ, შესაბამისად, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის ბლანკეტურად, განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვა სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის არ პასუხობდა თანაზომიერების პრინციპს.
12. №878 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების მსგავსად მიზნად ისახავს სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტთა ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, კანონმდებელი ახდენს დონაციის პროცესიდან იმ პირების ჩამოშორებას, რომლებიც დაკავებულნი არიან სარისკო სექსუალური ქცევით. სარისკო ქცევის ცნების ქვეშ მოიაზრება ქმედება, რომელიც შეიცავს სისხლის გზით გადამდები დაავადებების შეძენის მაღალ რისკს, ხოლო №536 კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, მოწმეთა და ექსპერტთა განმარტებით, სარისკო ქცევას, მათ შორის, მიეკუთვნება მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან. აღსანიშნავია, რომ №878 კონსტიტუციურ სარჩელში სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა სწორედ აღნიშნულ პირთა წრეს, მამაკაცთან სქესობრივი აქტის მქონე მამაკაცებს მიემართება.
13. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი რეგულაცია იმავე საშუალებით ზღუდავს პირის უფლებას გახდეს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორი, რომელსაც ითვალისწინებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები. კერძოდ, იმ მამაკაცს, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონდა სქესობრივი კავშირი მამაკაცთან, მიუხედავად ამ კავშირიდან გასული დროის პერიოდისა, აბსოლუტურად ეკრძალება დონორობის უფლება.
14. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია დონორობის უფლების აკრძალვა იმ პირებისათვის, რომლებიც არ იყვნენ დაკავებულნი სარისკო სქესობრივი ქცევით, ხოლო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ აუცილებელ საშუალებად არ განიხილა სარისკო ქცევის მქონე ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის დონაციის უფლების სამუდამო აკრძალვა ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ მიღმა. განსახილველ შემთხვევაშიც კანონმდებელი აბსოლუტურ და ბლანკეტურ აკრძალვას ადგენს იმ მამაკაცების მიმართ, რომლებსაც ჰქონიათ სქესობრივი კონტაქტი მამაკაცთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სისხლის გზით გადამდები დაავადებების სრულად იდენტიფიკაცია შესაძლებელია სისხლის შემოწმების გზით, საკანონმდებლო რეგულაციით შესაძლოა განისაზღვროს ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სისხლის სკრინინგით ვერ გამოვლინდება ყველა ინფექცია და დონაციის უფლების შეზღუდვა დასაშვებია გავრცელდეს მხოლოდ ამ პერიოდზე. აღნიშნული პერიოდის მიღმა დაწესებული აკრძალვა წარმოადგენს ძირითადი უფლებების საჭიროზე მაღალი ინტენსივობით შეზღუდვას და შინაარსობრივად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ქცევის წესს.
15. განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე ახალი სამეცნიერო მტკიცებულება, რაც გახდებოდა საფუძველი ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესის ხელახალი შეფასებისათვის. მხოლოდ ის გარემოება, რომ მსმ ჯგუფს შესაძლოა მიეკუთვნებოდნენ არა მხოლოდ ჰომოსექსუალები, არამედ სხვა სექსუალური ორიენტაციის მქონე პირები, არ მიუთითებს საქმის არსებითად განხილვის საჭიროებაზე. სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ისეთ ნიშანს, რომელიც თავისთავად შესაძლოა გავლენას ახდენდეს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორიდან მომდინარე საფრთხეზე. სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტის დაინფიცირების საფრთხეს ზრდის დონორის მიერ სარისკო ქცევების განხორციელება და არა მისი სექსუალური ორიენტაცია.
16. ამდენად, ცხადია, რომ №878 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულაცია უკვე შეფასებული და გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, ამასთანავე, არ არსებობს №878 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის ფორმატში გამოკვლევის საჭიროება.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების დამძლევი ნორმაა და იგი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად საქმის არსებითი განხილვის გარეშე.
18. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილების შემდეგ მსმ ჯგუფისათვის დონაციის უფლების აკრძალვის საკითხზე იმსჯელა ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სისხლით გადამდები დაავადებების აღმოჩენის ეფექტური საშუალებები ან სხვა ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რომლითაც გარანტირებული იქნება რეციპიენტების ჯანმრთელობის დაცვის მაღალი ხარისხი, მსმ ჯგუფისათვის დონორობის უფლების სამუდამო აკრძალვა ვერ ჩაითვლება პროპორციულად. სასამართლომ მიუთითა, რომ დონაციის პროცესში სისხლის შემოწმებისათვის დაწესებული მოთხოვნები მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და იცვლებოდეს სამედიცინო და სამეცნიერო მიღწევების კვალდაკვალ (ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის C-528/13 გადაწყვეტილება საქმეზე: „Geoffrey Léger v Ministre des Affaires sociales, de la Santé et des Droits des femmes, Établissement français du sang“, § 68).
19. როგორც აღინიშნა, სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესში რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზანს. იმის მიუხედავად, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და არაპროპორციულად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, იგი ემსახურება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციისას რიგი ინფექციური დაავადებების შეძენისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში საკითხის მოწესრიგების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი კერძო და საჯარო ინტერესების დარღვევა, კერძოდ, გაუმართლებელი საფრთხე შეუქმნას ბენეფიციართა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წარმომადგენლების არგუმენტაციით, საქართველოში გამოიყენება სისხლის შემოწმების მხოლოდ იმუნოფერმენტული მეთოდი, რაც ვერ უზრუნველყოფს ვირუსის აღმოჩენას ადრეულ სტადიაზე, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში კი ხდება ნუკლეინის მჟავებით ტესტირება, რომლის საშუალებითაც ვირუსის აღმოჩენა უფრო მოკლე ვადაშია შესაძლებელი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას. იმავდროულად, ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განცხადებით, სისხლის შემოწმების იმუნოფერმენტული მეთოდი, რომელიც გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ასევე უზრუნველყოფს ვირუსის აღმოჩენას სისხლში, თუმცა საჭიროებს უფრო მეტ ვადას, ვიდრე ნუკლეინის მჟავებით ტესტირების მეთოდი. სახელმწიფო ვალდებულია, არსებული ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეიმუშაოს ისეთი რეგულაცია, რომლითაც დაცული იქნება პროცესის უსაფრთხოების მოთხოვნები და მხედველობაში იქნება მიღებული ე.წ. „ფანჯრის პერიოდის“ ის ხანგრძლივობა, რომელსაც დღეს არსებული ტესტირების მეთოდი მოითხოვს. აუცილებელია იმგვარი რეგულირების დანერგვა, რომლითაც არსებული ტესტირების მეთოდის ფარგლებშიც შესაძლებელი გახდება, ერთი მხრივ, სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და, მეორე მხრივ, არაპროპორციულად, ბლანკეტურად არ შეიზღუდება ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, გადაავადოს ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება 2017 წლის პირველ ნოემბრამდე, რათა მოპასუხეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, ამჯერად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მოაწესრიგოს აღნიშნული საკითხი და დაიცვას სისხლისა და მისი კომპონენტების რეციპიენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2, მე-3 და 41 პუნქტების, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, 51 პუნქტების და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №878 („საქართველოს მოქალაქეები - გოჩა გაბოძე და ლევან ბერიანიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. „სისხლის და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბერის №241/ნ ბრძანების N1 დანართის 24-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2017 წლის პირველი ნოემბრიდან.
3. განჩინება ძალაშია მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
6. განჩინების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა