• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 1.10.2025
      • N1902
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 ნოემბერის №2/20/1902 განჩინება საქმეზე „გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N2/20/1902
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 28 ნოემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 5 დეკემბერი 2025 15:49

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის პირველ ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1902) მომართა გიორგი სურმანიძემ. №1902 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 6 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 28 ნოემბერს.

2. №1902 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმარტებულია, ამავე კანონის მიზნებისათვის, ტერმინ „მოძალადის“ ცნება. კერძოდ, მოძალადე არის „ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში, ქალის მიმართ, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14​2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, მოძალადედ მიიჩნევა, აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით“. ამავე კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის თანახმად კი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა სავალდებულოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, 144​1−144​3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილითა და 381​1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიმართ, სადავო ნორმების საფუძველზე, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დასახელებული ნორმის საფუძველზე, პირი იწოდება მოძალადედ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე. მოსარჩელის აღნიშვნით, სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იწოდება ბრალდებულად, რაც არ არის ადამიანის ღირსების შემლახველი, განსხვავებით სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინისაგან, რომელიც პირს მოძალადედ აცხადებს მაშინ, როდესაც მისი ბრალეულობა კანონით განსაზღვრული წესით დადგენილი არ არის.

6. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ხსენებული სადავო ნორმის საფუძველზე, პირის მიმართ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, როდესაც ჯერ მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობს და არ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. №1902 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. დასახელებული ნორმის თანახმად, განმარტებულია, ამავე კანონის მიზნებისათვის, ტერმინ „მოძალადის“ ცნება. კერძოდ, მოძალადე არის „ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით. მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე ოჯახის წევრი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალის მიმართ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო ახორციელებს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სექსუალურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-3 პუნქტის მე-2 წინადადების, 14​2 მუხლის, მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის მოძალადედ მიიჩნევა აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არღვევს სამართლებრივი აქტის ან სამოქალაქოსამართლებრივი გარიგების საფუძველზე ან მათ გარეშე მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები არასრულწლოვანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით“. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, დასახელებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პირი იწოდება მოძალადედ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე.

3. როგორც აღინიშნა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი განმარტავს ამავე კანონის მიზნებისათვის ტერმინ „მოძალადის“ ცნებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ზოგადად, ტერმინთა განმარტების მიზანი ამა თუ იმ კანონში გამოყენებული ცნების შინაარსის განსაზღვრაა. საკანონმდებლო დეფინიციები გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის №1/9/1477 განჩინება საქმეზე „ნუგზარ კობახიძე საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ“, II-4). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმით დადგენილი საკანონმდებლო დეფინიცია გამოიყენება კანონის ინტერპრეტაციისთვის და წარმოადგენს მექანიზმს, საშუალებას იმისა, რომ მოხდეს კონკრეტული სამართლებრივი ტერმინის განმარტება. მისი მიზანია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმაში გამოყენებული ტერმინის - „მოძალადის“ შინაარსის განსაზღვრა. გასაჩივრებული რეგულაცია არ ადგენს რაიმე სამართლებრივ შედეგს და არ ქმნის უფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ, თვითმყოფად საფუძველს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, თუ როგორ და რა ფარგლებში შეიძლება, სადავო ნორმამ შეზღუდოს სარჩელში მითითებული კონსტიტუციური უფლება.

4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1902 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

5. №1902 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე ასევე სადავოდ ხდის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობას. დასახელებული ნორმა ადგენს ვალდებულებას, პოლიციის უფლებამოსილმა თანამშრომელმა მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 144​1−144​3 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 381​1 მუხლით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში. დასახელებულ ნორმასთან მიმართებით, მოსარჩელის პრობლემა მიემართება იმ გარემოებას, რომ პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ პირის მიმართ გამოიცემა შემაკავებელი ორდერი იმ პირობებში, როდესაც ჯერ მხოლოდ გამოძიება მიმდინარეობს და არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოსარჩელე მხარის პოზიციით, აღნიშნული არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპს.

6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ ყველას უნდა მოექცნენ იმ დაშვებით, რომ იგი უდანაშაულოა მანამ, ვიდრე სათანადო პროცედურის დაცვითა და სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს, რომ კანონმდებლობამ სისტემურად არ დაუშვას სისხლის სამართლის პროცესს დაქვემდებარებული პირის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, რომელიც გაუმართლებლად, სათანადო პროცედურის გამოყენების გარეშე გახდის შესაძლებელს, მის ბრალდებასა და დამნაშავედ აღიარებას.

7. გარდა ამისა, უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია პირის რეპუტაციის დაცვა მას შემდეგ, რაც სამართალწარმოება მის სასარგებლოდ დასრულდება, რათა საზოგადოების სხვა წევრების მიერ ის არ იქნეს აღქმული დამნაშავედ, როდესაც დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის №3/1/633, 634 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-31).

8. მაშასადამე, უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური გარანტია, ერთი მხრივ, ვრცელდება კონკრეტულ საქმეზე, სისხლის სამართლის სრული პროცესის მანძილზე, რომლის მიზანს მიკერძოებისა და წინასწარ შექმნილი მოსაზრებებისგან თავისუფალი სამართლიანი სასამართლო განხილვის უზრუნველყოფა წარმოადგენს, მეორე მხრივ, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ასევე მოიცავს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, იმ პირთა წრის რეპუტაციის დაცვას, რომელთა დამნაშავეობა არ დადასტურებულა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენით. აღნიშნული გარანტია მიზნად ისახავს, გააქარწყლოს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული შესაძლო არაჯანსაღი შეხედულება, გამართლებული პირის დამნაშავეობასთან მიმართებით, რათა არ მოხდეს ინდივიდის უსამართლო სტიგმატიზაცია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №2/7/636 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ცინცქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის პრობლემა, როგორც უკვე აღინიშნა, მიემართება შემაკავებელი ორდერის გამოცემას სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებში. ამ მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო მიმოიხილავს შემაკავებელი ორდერის არსს და გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებში, მისი გამოცემის შესაძლებლობის გავლენას, უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციურ პრინციპზე.

10. შემაკავებელი ორდერი არის ოპერატიული რეაგირების მექანიზმი, რომელიც გამოიცემა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის ან მისთვის შესაბამისი ვალდებულებების დაკისრების მიზნით. შემაკავებელი ორდერის სამართლებრივი მოქმედების პრინციპი ეყრდნობა, მხარეთა შორის არსებული იმწუთიერი, კონკრეტულ დროში აღმოცენებული კონფლიქტის მოგვარებას/განეიტრალებას სწრაფი რეაგირების მეშვეობით, რათა მსხვერპლი დაცული იყოს ვითარების შემდგომი ესკალაციისა და იმ საფრთხეებისგან, რომლებიც შეიძლება მოძალადის ქმედების გაგრძელებამ გამოიწვიოს. ამდენად, ორდერის დანიშნულება მხოლოდ მომხდარ ფაქტებზე სწრაფი რეაგირება კი არ არის, არამედ ძალადობრივი ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციაც. ორდერი გამოიცემა/ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას ყველა შემთხვევასთან მიმართებით, როდესაც დგინდება ძალადობის ფაქტი წარსულში, აწმყოში ანდა არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ, დიდი ალბათობით, იარსებებს მომავალში.

11. ამდენად, საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმების განხორციელების ნორმატიულ საფუძველს, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოცემის გზით, უზრუნველყოფს სავარაუდო ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უფლებების დროებით, თუმცა დაუყოვნებლივ დაცვას. შემაკავებელი ორდერი წარმოადგენს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და პირადი ცხოვრების დასაცავად შემუშავებულ მექანიზმს და მისი გამოცემის მიზანი არ არის დანაშაულებრივი ქმედების გამოვლენა/დასჯა. თავად სადავო ნორმის ტექსტიც ნათლად განსაზღვრავს, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ განსაზღვრავს პირის მსჯავრდებას. შემაკავებელი ორდერის დროებითი ხასიათისა და პოტენციურ მსხვერპლთათვის საფრთხის შემცველი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის გამო, მისი გამოცემისათვის საჭირო მტკიცებითი სტანდარტი ნაკლებად მკაცრია. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, მტკიცებულების მოპოვება ხდება სისხლისსამართლებრივი პროცესისაგან დამოუკიდებლად და კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს რაიმე კავშირი ან დამოკიდებულება აღნიშნულ ორ სამართალწარმოებას შორის.

12. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ იწვევს პირის „დამნაშავედ“ ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის. შედეგად, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის არარსებობის პირობებში, შემაკავებელი ორდერის გამოცემით უდანაშაულობის პრეზუმფციის შესაძლო დარღვევას.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1902 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1902 კონსტიტუციური სარჩელი („გიორგი სურმანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ