კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/23/1910 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 3 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 5 დეკემბერი 2025 17:30 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 30 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1910) მომართა კახაბერ გოგოძემ. №1910 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 30 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 3 დეკემბერს.
2. №1910 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში სარჩელის/განცხადების/საჩივრის წარმოებაში მიღების მიზნით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობები, თავად სამოქალაქო დავის კატეგორიების გათვალისწინებით. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაჟის ოდენობა, ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. აღნიშნული კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), არის დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკასაციო საჩივრისათვის, მათ შორის, საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე), ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი ითვალისწინებს იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ზემოხსენებული მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ასეთ სუბიექტებს მიეკუთვნებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს ყველა ადამიანის უფლებას, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
6. №1910 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სს „საქართველოს ბანკს“ და მოსარჩელე კახაბერ გოგოძეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ბანკმა შეუტყობინებლად გაასხვისა ამ უკანასკნელის ბინა. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის მიზნით და, იმავდროულად, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რაზეც უარი ეთქვა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასამართლოში საქმის წარმოების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის თანახმად, შესაძლოა, პირს წარმოეშვას დავის საგნის, მოსარჩელის შემთხვევაში − ბინის ღირებულების, 3%-ის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელის პოზიციით, ზოგადად, სახელმწიფო ბაჟის არსებობა პრობლემური არ არის, თუმცა, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სადავო რეგულირება მოსახლეობას უზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
7. იმავდროულად, მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ბაჟის გადახდისგან მხოლოდ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების გათავისუფლება, რომლებიც იღებენ ფულად შემწეობას და საშეღავათო რეჟიმიდან იმ პირების გამორიცხვა, რომლებიც სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მისაღებად სათანადო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა შემოსავალი მხოლოდ საარსებო მინიმუმისთვის ჰყოფნით, აგრეთვე არღვევს ამ უკანასკნელთა მიერ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ უფლებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2. №1910 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები აწესრიგებს პირველი ინსტანციის სასამართლოში სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობებს.
3. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, გასაჩივრებული მოწესრიგებების არაკონსტიტუციურობას განაპირობებს არა, ზოგადად, სახელმწიფო ბაჟის არსებობა, არამედ ის გარემოება, რომ სადავო ნორმებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობები არ ითვალისწინებს მოსახლეობის უმრავლესობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და, შესაბამისად, ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით, საკონსტიტუციო სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის/ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა კი გულისხმობს, ერთი მხრივ, იმას, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებდეს როგორც ძირითადი უფლების შეზღუდვას, აგრეთვე, გარკვეული ხარისხით მაინც, წარმოაჩენდეს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-7; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
5. ამ თვალსაზრისით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, მოსარჩელე მხარე აბსტრაქტულად მიუთითებს მხოლოდ სახელმწიფოში არსებულ მოსახლეობის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე სახის არგუმენტს/მტკიცებულებას, რომლითაც დასტურდება, სადავო ნორმების მოქმედების შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არაკონსტიტუციური შეზღუდვა. კერძოდ, №1910 კონსტიტუციური სარჩელით არ არის დასაბუთებული არც უშუალოდ სადავო ნორმებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობების დისპროპორციული ბუნება, მათ შორის, მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე პირებთან მიმართებით, არც, სახელმწიფო ბაჟის/სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების მომწესრიგებელი ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების სადავო მექანიზმის არაგონივრულობა, არც ის, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში საფრთხე ექმნება მოსარჩელისა თუ მის მსგავს/იდენტურ მდგომარეობაში მყოფი პირების მიერ სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას და არც სხვა გარემოების არსებობა, რომელიც, რაიმე თვალსაზრისით, დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ამ თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია.
6. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე, აგრეთვე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. გასაჩივრებული რეგულირება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან ათავისუფლებს მხარეებს, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
7. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საკითხს არეგულირებს. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის სადავოდ გამხდარი „ვ“ ქვეპუნქტი გამოყოფს სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისგან გათავისუფლებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფს − კერძოდ კი მხარეებს, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. ამდენად, ნათელია, რომ სადავოდ გამხდარი რეგულირება ადგენს სახელმწიფო ბაჟის, როგორც სასამართლო ხარჯების შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტის, გადახდის ზოგადი წესიდან გამონაკლისს და, ამ თვალსაზრისით, აღმჭურველ ხასიათს ატარებს. იმავდროულად, სადავო ნორმა თავისთავად არ ითვალისწინებს პირთა რომელიმე წრისათვის რაიმე სახის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრებას. შესაბამისად, აშკარაა, რომ გასაჩივრებულ რეგულირებას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული უფლებაშემზღუდველი ნორმატიული შინაარსი და სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად ჩამოყალიბება ეფუძნება მის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1910 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1910 კონსტიტუციური სარჩელი („კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე