ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/1365 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2019 15:50 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1365) მიმართა საქართველოს მოქალაქე ბადრი ბეჟანიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადაეცა 2018 წლის 19 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს.
2. №1365 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-18 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“. დასახელებული ნორმა ამგვარი რედაქციით ჩამოყალიბდა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლი არეგულირებს ზემოხსენებული წესის დროში მოქმედების საკითხს და ადგენს, რომ „ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა კანონის წინაშე თანასწორობის უფლებას, ხოლო 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავდა, რომ „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავს, რომ „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
5. მოსარჩელე მხარის განმარტებით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველ ნაწილში და შეიცვალა არაერთგზისი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ახლებურად ჩამოყალიბებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ხსენებული ცვლილებების განხორციელებამდე კი დანაშაულის არაერთგზისობისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ნასამართლობის ფაქტს.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მსჯავრდებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის ამოქმედებამდე ორჯერ განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, რომელთაგან არც ერთისთვის ნასამართლევი არ ყოფილა. 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით გათვალისწინებული ცვლილებების ძალაში შესვლის მიუხედავად, საერთო სასამართლო მოსარჩელის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში დაეფუძნა დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობას და მოსარჩელის ქმედება დააკვალიფიცირა, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, როგორც განზრახ მკვლელობა ჩადენილი არაერთგზის.
7. მოსარჩელის პოზიციით, არაერთგზისი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციასთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის მოქმედების პირობებში, უკუძალით არ გავრცელდა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, გამოირიცხება ახალი საკანონმდებლო რეგულაციის უკუძალით გამოყენება მოსარჩელის მსგავს კატეგორიაში მყოფი პირების მიმართ.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგება ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, თანასწორობის უფლებასთან მიმართებით შესადარებელი ჯგუფები არიან, ერთი მხრივ, მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი სუბიექტები, რომლებსაც რამდენჯერმე განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრათ განზრახ მკვლელობის არაერთგზის ჩადენის კვალიფიკაციით, იმის მიუხედავად, რომ ნასამართლევი არ იყვნენ წინათ ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ, პირები, რომლებმაც სადავო ნორმის ამოქმედების შემდეგ რამდენჯერმე ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა ისე, რომ არც ერთისთვის არ ყოფილან ნასამართლევი და მათი ქმედება დაკვალიფიცირდა დანაშაულთა ერთობლიობით, რისთვისაც კანონმდებლობით დადგენილია შედარებით მსუბუქი სასჯელი. მოსარჩელის პოზიციით, ზემოხსენებული პირები იდენტური უმართლობის ჩადენის გამო არსებითად თანასწორი სუბიექტები არიან. სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენცირება იწვევს დასახელებული სუბიექტების მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილი დანაშაულის განსხვავებულ სამართლებრივ შეფასებას და განსხვავებული სიმკაცრის სასჯელის დაწესებას.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებას. მოსარჩელის მტკიცებით, ხსენებული კონსტიტუციური დებულების მოთხოვნაა, რომ უკუძალა მიენიჭოს პირის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ყველა კანონს. 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება აუმჯობესებს მსჯავრდებულის მდგომარეობას და იწვევს პასუხისმგებლობის შემსუბუქებას. კერძოდ, ცვლილებების უკუძალით გავრცელების შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ ჩადენილი ქმედებები შეფასდება არა არაერთგზის დანაშაულად, არამედ დანაშაულთა ერთობლიობად, რაც, თავის მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, გამოიწვევს შედარებით მსუბუქ პასუხისმგებლობას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. ამგვარად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი აქვთ.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლი ადგენდა, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. მოქმედი კონსტიტუციით შესატყვისი უფლება დადგენილია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმადაც, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება განსაზღვრავდა, რომ „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. მოქმედი კონსტიტუციით შესატყვისი უფლება რეგლამენტირებულია 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებით.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო N1365 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
5. №1365 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. დასახელებული ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მის მიმართ უკუძალით არ გავრცელდა არაერთგზისი დანაშაულის შესახებ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ამსუბუქებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია არა თავისთავად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი, არამედ - მისი უკუძალით გაუვრცელებლობა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს არაერთგზისი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიციას. კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული სახეზეა იმ შემთხვევაში, თუ ნასამართლობის მქონე პირი ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. განსახილველი დებულება არ არეგულირებს არაერთგზისი დანაშაულის შესახებ არსებული მოწესრიგების დროში მოქმედების საკითხს. არაერთგზისი დანაშაულის შესახებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დროში მოქმედების საკითხი მოწესრიგებულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირმა ბოლო ქმედება ჩაიდინა კანონის ამოქმედების შემდგომ. სწორედ ხსენებული ნორმა გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის უკუძალით გავრცელებას. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაცია მიემართება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურობას და არ უკავშირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის სადავოდ გამხდარ პირველ ნაწილს. ამდენად, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის არაკონსტიტუციურობის შესახებ.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1365 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1365 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1365 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის №5196-რს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1365 კონსტიტუციური სარჩელი („ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი