ლევან ასათიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1457 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლევან ასათიანი |
თარიღი | 24 ოქტომბერი 2019 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც: „ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან“. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც: "ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის მოთხოვნებს.
არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული სარჩელის არმიღების საფუძვლები, კერძოდ:
ა) სარჩელი ფორმით შეესაბამება ამ კანონის მე–16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) მოსარჩელე უფლებამოსილია წარმოადგინოს სარჩელი, რადგან მას უკვე ჩაბარებული აქვს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო სადავო ნორმა მას დამატებით ავალდებულებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლასაც.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) არ არსებობს სადავო აქტზე მაღლა მდგომი სხვა კანონი, რომლის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით მსჯელობა იქნებოდა საჭირო.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1) დავის საგანი
მოსარჩელე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, რომელსაც 2016 წელს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული. ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონში 2018 წლის ნოემბრამდე არსებული წესებით, მოსარჩელეს შეეძლო ადვოკატთა ასოციაციის წევრი გამხდარიყო ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და უმაღლესი იურიდიული განათლების ქონასთან ერთად ერთწლიანი იურიდიული პროფესიული გამოცდილებისა ან საადვოკატო სტაჟირების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. 2018 წლის ნოემბერში ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კერძოდ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ასოციაციაში გასაწევრიანებლად მოსარჩელე ვალდებულია მრავალწლიანი იურიდიული პროფესიული გამოცდილების ქონის მიუხედავად, მაინც გაიაროს დამატებით ერთწლიანი პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რაც მოიცავს ცხრათვიან სტაჟირებას ადვოკატთან და სამთვიან თეორიულ კურსს.
მოსარჩელე მხარეს არაკონსტიტუციურად მიაჩნია ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან აღნიშნული მუხლი მოსარჩელეს ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამატებით ვალდებულებას უწესებს, მაშინ, როცა მოსარჩელეს, მისი მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული გამოცდილების შედეგად უკვე აქვს ის უნარ-ჩვევები, რომელიც პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის პროცესში უნდა შეიძინოს. ამდენად, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს, რადგან მისი მოქმედების ფარგლებში ცხრათვიანი სტაჟირებისა და სამთვიანი თეორიული კურსის გავლის ვალდებულება აქვს ყველას, მათ შორის მას, ვისაც იურისტად მრავალწლიანი მუშაობის შედეგად უკვე გააჩნია ის უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაც პროფესიული ადაპტაციის პროგრამამ უნდა უზრუნველყოს.
მოსარჩელე არ დავობს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის კონსტიტუციურობაზე, მისთვის პრობლემურია ის, რომ ამ პროგრამის ფარგლებში ხდება არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
2) სადავო ნორმის ანალიზი
ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატობის მსურველი პირი ვალდებულია გაიაროს ერთწლიანი პროფესიული ადაპტაციის პროგრამა.
ადაპტაციის პროგრამის განხორციელების წესი რეგულირდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებით.[1]აღნიშნული დებულების 4.1 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან:
1. სამთვიანი თეორიული კურსი;
2. ცხრა ოთვიანი სტაჟირება.
სარჩელის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია დეტალურად განვიხილოთ თუ რას მოიცავს თითოეული ეტაპი და რა პრაქტიკულ თუ თეორიული ცოდნის მიღებისთვისაა იგი გამიზნული.
2.1) თეორიული კურსის სავალდებულო მოდულები:
დებულების 6.1 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსი ორიენტირებულია ადვოკატისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემეცნებაზე.
ამავე დებულების 6.2 მუხლის მიხედვით თეორიული კურსი სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით შედგება 60 საათიანი სასწავლო პროგრამისგან, ხოლო საერთო სპეციალიზაციისათვის - 70 საათიანი სასწავლო პროგრამისაგან, რომელიც მოიცავს შემდეგ სავალდებულო მოდულებს:
(ა) სამართლებრივი წერა (8 საათი);
(ბ) ადვოკატის პროფესიული ეთიკა (6 საათი);
(გ) კლიენტთან კომუნიკაცია, პირველი ინტერვიუ, ჰონორარზე შეთანხმება (8 საათი);
(დ) საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება (6 საათი);
(ე) სასამართლო პროცესის წარმართვის უნარ-ჩვევები (10 საათი;20 საათი საერთო სპეციალიზაციისთვის);
(ვ) ორატორული ხელოვნება და პრეზენტაციის უნარები (10 საათი);
(ზ) ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სტანდარტები (6 საათი);
(თ) დავის ალტერნატიული მოგვარების მექანიზმები (6 საათი).
6.3 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის მონაწილის დასწრება სამოქალაქო/სისხლის სამართლის სპეციალიზაციით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 45 საათს, ხოლო საერთო სპეციალიზაციით - არანაკლებ 55 საათს, წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გაიცემა ცნობა თეორიული სწავლების ნაწილის გავლის თაობაზე.
2.2) სტაჟირება
დებულების 8.1 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილი ორიენტირებულია სტაჟიორის მიერ პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, “სწავლება-კეთების” მეთოდის გამოყენებით, სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის უშუალო მეთვალყურეობით.
დებულების 8.3 მუხლი მოიცავს პრაქტიკულ დავალებებს, რომლებიც განსხვავებულია სპეციალიზაციის მიხედვით. კერძოდ:
(ა) სამოქალაქო სამართლის მიმართულებით: ხელშეკრულების მომზადება; კორპორატიული დოკუმენტების მომზადება; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; კლიენტთან კომუნიკაცია; სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობის მიღება; საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.
(ბ) სისხლის სამართლის მიმართულებით: საპროცესო დოკუმენტების მომზადება; კლიენტთან კომუნიკაცია; სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობა; საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.
(გ) საერთო სპეციალიზაციის მიმართულებით: ხელშეკრულების მომზადება; კორპორატიული დოკუმენტების მომზადება; საპროცესო დოკუმენტების მომზადება; კლიენტთან კომუნიკაცია; სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობის მიღება; საჯარო სერვისებთან ურთიერთობა.
დებულების 14.1 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ. ამასთან, 14.2 მუხლის მიხედვით ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების ნაწილი უფასოა. პრობლემურია ის, რომ პირებს, რომლებსაც უკვე აქვთ ის უნარ ჩვევები და ცოდნა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან უნდა მიიღონ, სადავო ნორმა აკისრებს ვალდებულებას გაიარონ ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამა და მასში გადაიხადონ 750 ლარი.
3) უფლებით დაცული სფერო
(საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლზე მსჯელობისას მოსარჩელე დაეყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით)
საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის ძველი რედაქციის მე-14 მუხლთან მიმართებით აღნიშნა: “კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას.”[2] “კანონის წინაშე თანასწორობა, ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის იდეა, კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები”[3] გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, „არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“[4].
4) დიფერენცირება
დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო თანასწორობის უფლებასთან მიმართებით აფასებს: (1) სახეზეა თუ არა კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებულ უფლებრივ სფეროში ჩარევა(დიფერენცირება), (2) არის თუ არა ეს ჩარევა გამართლებული.
მოცემულ შემთხვევაში, იმის გარკვევისათვის, სადავო ნორმა იწვევს თუ არა დიფერენცირებულ მოპყრობას, უნდა დადგინდეს პირთა წრე, ვისზეც უშუალოდ ვრცელდება სადავო ნორმის რეგულირება. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის უნდა გავარკვიოთ: ა) სადავო ნორმა ეხება თუ არა არსებითად უთანასწორო პირებს; და ბ) ადგენს თუ არა მათ მიმართ თანაბარ მოპყრობას. მხოლოდ ამ საკითხების გარკვევის შემდეგ არის შესაძლებელი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება კონსტიტუციის მე-11 მუხლთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში შესადარებელ ჯგუფებს წარმოადგენენ ერთი მხრივ ისინი, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, თუმცა არ აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელთა მიღებასაც ითვალისწინებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა და მეორე მხრივ ისინი (მაგალითად მოსარჩელე), რომელთაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და ასევე აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელსაც ითვალისწინებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა.
ვინაიდან სადავო ნორმა არეგულირებს ადვოკატად გახდომის მსურველთა შერჩევასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამ ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა აქვს კანდიდატების ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ამ მახასიათებლების დადგენის ობიექტურ შესაძლებლობას. ინდივიდუალური მახასიათებლების მიხედვით ობიექტურადაა შესაძლებელი იმის განსაზღვრა კონკრეტულ ადვოკატობის მსურველ პირს აქვს თუ არა ის თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რომელიც პროფესიული ადაპტაციის პროგრამით უნდა მიიღოს კანდიდატმა. აქედან გამომდინარე, პირთა ეს ორი ჯგუფი მოცემული სამართალურთიერთობის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნენ არსებითად უთანასწორო ჯგუფებად.
შესადარებელი ჯგუფები არსებითად არათანასწორი პირები არიან, თუმცა სადავო ნორმა მათ არსებითად თანასწორად ექცევა - ორივე ჯგუფს ადვოკატად გახდომის წინაპირობად სთხოვს გაიაროს ცხრათვიანი სტაჟირება და სამთვიანი თეორიული კურსი ადვოკატთა ასოციაციაში. ამგვარად სახეზეა არსებითად არათანასწორი პირების დიფერენცირება თანასწორი მოპყრობის გზით.
5) შეფასების ტესტი
საკონსტიტუციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის მიხედვით დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის განსხვავებული შეფასების ტესტებს იყენებს. კერძოდ, დიფერენცირების შეფასება ხდება 1) მკაცრი ტესტით; ან 2) რაციონალური დიფერენციაციის ტესტით.
„მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს „კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან.[5]
„რაციონალური დიფერენციაციის ტესტით სადავო ნორმით დადგენილი დიფერენცირებისას მოწმდება ა) დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.“[6]
იმისათვის რომ დავადგინოთ, რომელი ტესტია საჭირო დიფერენცირების დისკრიმინაციულობის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ დიფერენცირების ნიშანი. ვინაიდან დიფერენცირება ხდება ერთი მხრივ იმ პირებს შორის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელთა მიღებასაც მიზნად ისახავს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, ხოლო მეორე მხრივ იმ პირების შორის, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და უკვე აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელთა მიღებაც შეიძლება პროფესიული ადაპტაციის პროგრამით, დიფერენცირების ნიშანს წარმოადგენს იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ქონა, რომელთა მიღებაც შესაძლებელია პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს არ წარმოადგენს.
სადავო ნორმა წარმოადგენს დამატებით ტვირთს, რომელიც ეკისრება ადვოკატობის მსურველთა მხოლოდ იმ ჯგუფს, რომელთაც უკვე აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელიც უნდა მიიღონ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის შემდეგ, თუმცა მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგულირების ფარგლებში შესადარებელი ჯგუფები არსებითად არ შორდებიან ადვოკატად გახდომის თანაბარი შესაძლებლობისგან, რადგან სადავო ნორმის მიხედვით მათ ცხრათვიანი სტაჟირებისა და სამთვიანი თეორიული კურსის გავლის შემდეგ უფლება აქვთ გახდნენ ადვოკატები.
ამდენად, სადავო ნორმა უნდა შეფასდეს რაციონალური დიფერენციაციის ტესტის მიხედვით, რომლის პირობებშიც სახელმწიფოს ევალება დაასახელოს 1. დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობა; 2. რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
6) დიფერენციაცია არის რაციონალური
დიფერენცირება a priori არ ნიშნავს დისკრიმინაციას თუკი არსებობს დიფერენცირების რაციონალური მიზეზი და შესაბამისად, რეალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2005 წლის 30 ნოემბრის N1/5/323 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „იძულებითი წევრობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებულია იმით, რომ ეს გაერთიანება სახელმწიფომ ლეგიტიმური საჯარო ამოცანების შესასრულებლად დააარსა. მასში შერწყმულია კერძო და საჯარო ინტერესები, რომელთაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვერ განახორცილებს ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება თავისი ინდივიდუალური ინიციატივით.“[7] იმავე გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „ადვოკატი ჩართულია საჯარო ამოცანის განხორციელებაში. იგი თავისი კერძო საქმიანობით მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასამართლო საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენას. ადვოკატი ერთდროულად ემსახურება როგორც კლიენტის კერძო ინტერესს, ისე სახელმწიფო ინტერესს. სწორედ იმის გამო, რომ ადვოკატი გარკვეულწილად ახორციელებს საჯარო ფუნქციებს, კანონმდებელი მას თავისუფალი პროფესიის სხვა პირებთან შედარებით უფრო მაღალ სტანდარტს უწესებს და მოითხოვს მის სავალდებულო გაწევრიანებას სპეციალურ პროფესიულ გაერთიანებაში.“[8] აღნიშნული ციტატებიდან ნათელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადვოკატის პროფესიას მართლმსაჯულების პროცესში მნიშვნელოვან როლს აკისრებს და მისი საჯარო საქმიანობაც სწორედ ამ პრიზმაშია დანახული. საქმეში ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებისას იგი კონსტიტუციას განიხილავს როგორც ერთიან ორგანიზმს. შეუძლებელია, სადავო საკითხის კონსტიტუციურობის სრულფასოვანი გადაწყვეტა, თუ სასამართლო კონსტიტუციის ნორმებს ერთმანეთთან კავშირში არ წაიკითხავს/განმარტავს.“[9]
ამ შემთხვევაში თანასწორობის უფლება წაკითხული უნდა იქნეს სხვა კონსტიტუციურ უფლებასთან, კონკრეტულად - დაცვის უფლებასთან კავშირში. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეში ლევან იზორია და დავით მიხეილ შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ განმარტა დაცვის უფლების არსი: „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.“[10] ადვოკატის კვალიფიციური მომსახურების გარეშე ადამიანი მოკლებული იქნება შესაბამის პროცედურაზე და მის შედეგზე ზეგავლენის შესაძლებლობას.
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ Gideon v. Wainwright-შიისაუბრა შეჯიბრებით სისხლისსამართლებრივ პროცესში ადვოკატის მონაწილეობის მნიშვნელობაზე: „ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ადამიანს შეიძლება არასწორი ბრალდება წაუყენონ, მსჯავრი დასდონ არასაკმარისი, არარელევანტური ან დაუშვებელი მტკიცებულების საფუძველზე. ადამიანს რამდენად სრულყოფილი განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, შესაძლოა არ გააჩნდეს საკმარისი ცოდნა და უნარები საიმისოდ, რომ ეფექტურად მოემზადოს თავის დასაცავად. ადამიანს პროცესის ყველა ეტაპზე ესაჭიროება ადვოკატის მხრიდან დამხმარე ხელის გაწვდენა, ამის გარეშე, არსებობს შესაძლებლობა, უდანაშაულო ადამიანი დადგეს მსჯავრდების საფრთხის წინაშე მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ ახერხებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას.“[11] ამავე საქმეში ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: „ჩვენს შეჯიბრებით სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულების სისტემაში, როცა ადამიანი ხვდება სასამართლოების ხელში, ვერ მიიღებს სამართლიან სასამართლო განხილვას თუკი არ იქნება ადვოკატის მომსახურებით უზრუნველყოფილი. მთავრობა დიდი რაოდენობით თანხას ხარჯავს იმისათვის, რომ ბრალი წაუყენოს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირებს... კანონის წინაშე თანასწორობის კეთილშობილური იდეა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ბრალდებული პროცესზე მარტო იქნება დარჩენილი თავის ბრალმდებელთან.“[12] ამავე საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ შეჯიბრებით სისხლისსამართლებრივ პროცესში ადვოკატის ყოლა აუცილებლობაა და არა ფუფუნება. ამის მიზეზია ის, რომ მოსამართლე (ნაფიცი მსაჯულები) ასრულებს არბიტრის როლს და აფასებს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და თავად ეკრძალება რომელიმე მხარის სასარგებლოდ მტკიცებულებების მოგროვება. ამ გარემოების გათვალისწინებით ადვოკატის როლი იზრდება.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით, აგრეთვე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში − წარმომადგენლის მეშვეობით. ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება და ადვოკატთა თვითორგანიზების უფლება გარანტირებულია კანონით.“ ეს ნორმა თავისთავად ავალდებულებს სახელმწიფოს შეჯიბრებით პროცესში ადამიანი უზრუნველყოს კვალიფიციური ადვოკატით.
ამდენად, სახელმწიფომ დიფერენცირების სავარაუდო რაციონალურ მიზეზად შესაძლოა დაასახელოს ადვოკატთა კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლების საჭიროება, რაც საბოლოო ჯამში კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების რეალიზებას ემსახურება.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ადვოკატთა კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლება ღირებული ინტერესია და ამდენად, დიფერენცირება არის რაციონალური.
7) არ არსებობს რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ სავარაუდოდ დასახელებული დიფერენცირების რაციონალური გამართლება შეიძლება არსებობდეს ადვოკატთა კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლებას შორის, დიფერენცირების ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის არ არსებობს რეალური და რაციონალური კავშირი.
სანამ უშუალოდ მოსარჩელის ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებს განვიხილავდეთ, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილების (ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) ანალიზი, რომელშიც თითქმის იდენტური პრობლემა არსებობდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სადავო ნორმა სააპელაციო და რაიონული სასამართლოების მოსამართლის თანამდებობის გამწესებისათვის ადგენდა სამწლიან გამოსაცდელ ვადას, ხოლო ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს ორ და არაუგვიანეს ერთი თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ გაემწესებინა თუ მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა დისკრიმინაციული იყო, ვინაიდან იგი ადგენდა თანაბარ მოპყრობას არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფებს შორის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, სამწლიანი ვადით თანამდებობაზე გამწესდებოდნენ როგორც ის პირები, რომელთაც არ ჰქონდათ სამოსამართლეო საქმიანობის გამოცდილება, აგრეთვე ის პირები, რომელთაც სამოსამართლეო საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება გააჩნდათ.[13]
საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა შეაფასა კონსტიტუციის 2018 წლის რედაქციის 29-ე და მე-14 მუხლებთან მიმართებით. კერძოდ, 29-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნა, რომ „სადავო ნორმაში მოცემული წესი არ წარმოადგენს ლეგიტიმური საჯარო მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას და ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ სამწლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დაწესება ზედმეტ ბარიერად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც პირის წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მისი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას, საჭიროებას არ წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მოტივით მისი ამ თანამდებობაზე სამწლიანი ვადით განწესება.[14] ხოლო მე-14 მუხლთან მიმართებით განმარტა, რომ “სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებას, რადგან თანაბრად ეპყრობა ორ არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფს, მაშინ როდესაც არ არსებობს პირთა ერთი ჯგუფის მიმართ მოსამართლის საქმიანობის დამატებითი შემოწმება/შეფასების საჭიროება. მოცემულ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია, რომლითაც დაასაბუთებდა, რა რაციონალური ახსნა აქვს სამწლიანი ვადით თანამდებობაზე განწესების სახით დამატებითი ტვირთის დაწესებას ისეთი მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ, რომელთა ამ ფორმით შეფასების ობიექტური საჭიროება არ არსებობს. ამგვარად, არ არის წარმოდგენილი სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის რაიმე რაციონალური საჭიროების დასაბუთება.[15]
სასამართლომ საქმეში ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ასევე განაცხადა: „არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება და მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მოსამართლის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების სათანადოდ შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის ბლანკეტურად გავრცელებას ყველა მოსამართლეზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მოქმედ მოსამართლეს, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და მისი საქმიანობის შესწავლა არ არის სირთულეებთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, რა მიზნის მიღწევას ემსახურება პირის მოსამართლედ გამწესება განსაზღვრული ვადით. განსახილველი საქმის ფარგლებში მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არ შეიძლება შეფასდეს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებამდე არსებული მისი ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან. ამდენად, ისეთი პირების მიმართ, რომელთაც უკვე აქვთ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და ობიექტურად შესაძლებელია მათი საქმიანობის შესწავლა, სადავო ნორმით განსაზღვრული ვადის დამატებით დაწესება, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერად უნდა იქნეს მიჩნეული. შესაბამისად, როდესაც პირის წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მოსამართლის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას, მოსამართლის თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მოტივით, მისი ამ თანამდებობაზე 3 წლიანი ვადით გამწესება არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.“[16]
ამის მსგავსად, შესაძლოა არსებობდნენ იურისტები, რომლებიც არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, მაგრამ აქვთ ხელშეკრულების, კორპორატიული დოკუმენტების მომზადების, საჯარო სერვისებთან ურთიერთობის, როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე სამოქალაქო სამართლებრივი დოკუმენტების შედგენის, ასევე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის მიღების გამოცდილება - ანუ ის უნარ-ჩვევები რის განვითარებასაც ცდილობს ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი პირი იყოს ადვოკატი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლო წარმომადგენლობაზე უარს ვერ ეტყვის იმ პირს, რომელიც მართალია არ არის ადვოკატი, მაგრამ გააჩნია საკმარისი მონაცემები, მათ შორის იურიდიული განათლებაც სხვა პირის ინტერესების დასაცავად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ინსტანციაში წარმომადგენლობის შესაძლებლობა გააჩნია პირს, რომელიც არ არის ადვოკატი ან ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მაგრამ არის სახელმწიფო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ან ორგანიზაციის წარმომადგენელი - ამ ორგანოს საქმეებზე. ამგვარად, სრულიად შესაძლებელია ადვოკატთა ასოციაციის გამოცდების ჩაბარებამდე პირს ჰქონდეს ერთწლიანი ან უფრო მეტი ცოდნაც და გამოცდილებაც, რაც აუცილებელია საადვოკატო საქმიანობის განსახორიცლებლად სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე.
შესაძლოა განსაკუთრებითი სპეციფიკა ჰქონდეს სისხლის სამართლის დარგს, რასაც ის განაპირობებს, რომ სისხლის სამართლის პროცესში მხოლოდ ადვოკატია უფლებამოსილი წარმოადგინოს ბრალდებული პირი. თუმცა, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის სტაჟირების მოდულში მოცემული ცოდნისა და უნარების დაგროვება როგორიცაა: საპროცესო დოკუმენტების მომზადება, კლიენტთან კომუნიკაცია, საჯარო სერვისებთან ურთიერთობა შესაძლებელია აღნიშნული პროგრამის გავლისგან დამოუკიდებალდაც. შესაძლოა პირმა აღნიშნული ცოდნა და უნარები შეიძინოს კერძო იურიდიულ ფირმაში ადვოკატთან სტაჟირების გავლისას.
დამაბნეველია ადვოკატთა შესახებ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც: „ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.“ კონკრეტულად გაუგებრობას იწვევს ის თუ რას გულისხმობს ტერმინი უფლებამოსილებები? მოიცავს თუ არა იგი სამართალწარმოებაში მონაწილეობის უფლებას, რომელიც ასევე განსაზღრულია პროფესიული ადაპტაციის პროგრამის სისხლის სამართლის მოდულში(პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულების 8.3 მუხლი). სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას“. ამასთან ადვოკატის სტაჟიორი ჯერ არ არის ადვოკატი, შესაბამისად, გაურკვეველია თუ როგორ შეიძლება პროფესიული ადაპტაციის ფარგლებში სტაჟირების ხელმძღვანელმა ადვოკატმა უზრუნველყოს სტაჟიორის ისეთი მონაწილეობა პროფესიულ საქმიანობაში რაც გამოხატული იქნება სამართალწარმოებაში (სასამართლო სხდომა) მონაწილეობის მიღების გზით. ინტერპრეტაციის ტელეოლოგიური რედუქციის მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ადვოკატის სტაჟიორის სამართალწარმოებაში მონაწილეობა გულისხმობს არა პროცესზე ადვოკატის ფუნქციების განხორციელებას, არამედ სასამართლო სხდომათა დარბაზში დასწრებას და პროცესზე ამგვარად დაკვირვებას. შესაბამისად, აღარ რჩება ისეთი სფერო, რომელშიც ადვოკატთა პროფესიული გადამზადების პროგრამის სტაჟირება იურისტს მისცემს იმ ცოდნისა და უნარების მიღების შესაძლებლობას, რასაც იურისტი დამოუკიდებლად ვერ შეიძენდა.
აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელის შემთხვევაც, რომელიც მრავალწლიანი იურიდიული გამოცდილების შედეგად ფლობს იმ უნარ ჩვევებს რაც პროფესიული გადამზადების პროგრამის სტაჟირებითაა გათვალისწინებული. მოსარჩელე გახლავთ ლევან ასათიანი, რომელსაც სამართლის მიმართულებით როგორც საერთაშორისო, ასევე კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2010-2012 წლებში მოსარჩელე იყო მთავარი სპეციალისტი სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტში, სადაც მრავალი სისხლის სამართლის საქმის შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება უწევდა. მოსარჩელე საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში პრეცედენტულ საქმეებზე[17] წარმომადგენელი იყო, შესაბამისად აქვს სამართალწარმოების გამოცდილება. 2007-2008 წლებში მოსარჩელე გახლდათ ადვოკატის თანაშემწე კერძო იურიდიულ ფირმაში, რა დროსაც მოსარჩელემ შეიძინა საპროცესო დოკუმენტების მომზადების, კლიენტთან კომუნიკაციისა და საჯარო სერვისებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. ამჟამად ლევან ასათიანი საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაცია Amnesty International-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენელია და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორია ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო სამართლის კუთხით.
ამასთან, თეორიულ პროგრამაში გათვალისწინებული მოდულები ფარავს ისეთ სფეროებს, რომელთა შესახებაც ცოდნა პირს შესაძლოა გააჩნდეს აღნიშნული პროგრამის გავლამდე. ისეთი მოდულები, როგორიცაა სამართლებრივი წერა, ადვოკატის პროფესიული ეთიკა, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტები, დავის ალტერნატიული მოგვარების გზები ისწავლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მოსარჩელეს წითელ დიპლომზე აქვს დამთავრებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრი, გააჩნია ადამიანის უფლებების მაგისტრატურის ხარისხი (წარჩინებით) ესექსის უნივერსიტეტისგან (გაერთიანებული სამეფო) და წარმატებით აქვს მონაწილეობა მიღებული სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში. კერძო იურიდიულ კომპანიაში ადვოკატის თანაშემწედ მუშაობის შედეგად მოსარჩელეს აქვს ცოდნა ადვოკატის ეთიკის, კლიენტთან ურთერითობისა და ადვოკატის საქმიანობის ორგანიზების საკითხებში. მოსარჩელე მისი მრავალწლიანი პრაქტიკული იურიდიული გამოცდილების მიღმა არის ადამიანის უფლებათა სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ლექტორი, და გამოცდილი წარმომადგენელი საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში. შესაბამისად, მას გააჩნია ორატორული ხელოვნების, პრეზენტაციის, სასამართლო პროცესის წარმართვისა თუ სამართლებრივი წერის უნარები და ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების ცოდნა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უკვე ფლობს ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის მოდულებით გათვალისწინებულ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას.
როგორც მოსარჩელის ასევე სხვა პირების შემთხვევაში, მათი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე შესაძლებელია ობიექტურად დადგინდეს მათ აქვთ თუ არა ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის მოდულებში მოცემული ცოდნა. ამდენად, იმ პირებისთვის, ვისაც უკვე გააჩნია აღნიშნული ცოდნა, დამატებითი თეორიული კურსის გავლის მოთხოვნის დაწესება რომელსაც ითვალისწინებს ადაპტაციის პროგრამა არის არააუცილებელი და დაუსაბუთებელი.
დასვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელეს იურიდიულ სფეროში შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია, რომელმაც მას მისცა ის უნარ-ჩვევები რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებაშია ჩამოთვლილი, ხოლო მოსარჩელის წარსული საქმიანობის გამოცდილება აღნიშნულის ობიექტურად დადგენის შესაძლებლობის იძლევა. შესაბამისად, მის მიმართ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის აუცილებლობა არ დგას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მოიძებნება მსგავსი შემთხვევა, როცა სახელმწიფო პირს უწესებს სტაჟირების გავლას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მას უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება, სტაჟირების გავლას საჭიროდ აღარ ხდის. კერძოდ, პროკურორის შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პროკურორად ან პროკურატურის გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ფლობს სამართალწარმოების ენას, გავლილი აქვს 6 თვიდან 1 წლამდე სტაჟირება პროკურატურის ორგანოებში და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლისგან თავისუფლება პირი, რომელსაც აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული ქვეპუნქტი მიემართება იმ პირებს, რომლებიც ჯერ არ არიან ადვოკატები, და აქვთ იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, რადგან ადვოკატად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება, როგორც სტაჟირების გავლისგან გამათავისუფლებელი სპეციალური გარემოება მოცემულია 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის არა „გ“ არამედ „ა“ ქვეპუნქტში. თავის მხრივ, პროკურორის მიმართ სახელმწიფოს აქვს ინტერესი, რომ იგი იყოს მაღალკვალიფიციური, თუმცა სტაჟირების გავლისგან მაინც ათავისუფლებს იმ პირს, რომელსაც აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სამწლიანი იურიდიული სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ ის უნარ-ჩვევებიც, რაც შეიძლება შეიძინონ ექვს თვიდან ერთ წლამდე სტაჟირებისას პროკურატურის ორგანოებში.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ბლანკეტური მოპყრობის ნაცვლად უნდა ითვალისწინებდეს იმის შესაძლებლობას, რომ პირის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების ობიექტური შესწავლის შედეგად დადგინდეს პირს აქვს თუ არა ის თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, რომლებსაც ითვალისწინებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მათთვის სავალდებულო აღარ იყოს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა. აღნიშნული მოწესრიგება კი უფლების ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი იქნება, რადგან იმ პირებს, რომელთაც უკვე აქვთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამით გათვალისწინებული თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა, აღარ დააკისრებს ერთწლიანი პროგრამის გავლას.
სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებას, რადგან თანაბრად ეპყრობა ორ არსებითად უთანასწორო ჯგუფს, მაშინ როდესაც არ არსებობს პირთა ერთი ჯგუფის მიმართ პროფესიული ადაპტაციის პროგრამით დამატებითი შემოწმება/შეფასების საჭიროება. ამასთან, მოსარჩელისთვის გაუგებარია რა რაციონალური ახსნა შეიძლება ჰქონდეს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის სახით დამატებითი ტვირთის დაწესებას ისეთი ადვოკატობის მსურველი პირისთვის, რომელსაც უკვე აქვს მასში ჩამოთვლილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, და შესაბამისად ამ ფორმით ხელახალი შეფასების ობიექტური საჭიროება არ არსებობს. ამგვარად, არ არსებობს სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის რაიმე რაციონალური საჭიროების დასაბუთება და რეალური და კავშირი დიფერენცირების ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის. სასამართლოს პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შემთხვევა მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებისა (ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ), რომელიც ზემოთ განვიხილეთ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
[1] იხ: https://bit.ly/2mfQmhu,[29/09/19].
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის27 დეკემბრის გადაწყვეტილება N 1/1/493 საქმეზე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 2.
[3] იქვე., II-1.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის N2/1/392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის N1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. II-20.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის N1/5/323 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინაღმდეგ“.
[8] იქვე.
[9] საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-46, მე-20 პუნქტი.
[10] საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 503,513, 2012 წლის მარტი, მეორე თავის 55-ე პუნქტი.
[11] Gideon v. Wainwright, 372 U.S. 335 (1963), იხ: https://supreme.justia.com/cases/federal/us/372/335/ [10/03/2019].
[12] იქვე.
[13] საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-46.
[14] იქვე, II-63.
[15] იქვე, II-64.
[16] ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N3/1/659, 2017 წლის 15 თებერვალი, 44-ე პუნქტში.
[17] Identoba and others v. Georgia 73235/12 –Court ruled violations of Articles 3 and 11 in conjunction with 14; Identoba and others v. Georgia 74959/13 – Communicated; საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, 2014 წლის 4 თებერვალი, N2/1/536.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა