ლევან ასათიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/20/1457 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2023 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ნოემბერი 2023 18:10 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი - წევრი;
თეიმურაზ ტუღუში - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ლევან ასათიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1457) მომართა ლევან ასათიანმა. №1457 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2019 წლის 25 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2023 წლის 27 ოქტომბერს.
2. №1457 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განისაზღვრება ადვოკატისადმი დადგენილი მოთხოვნები. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადვოკატს გავლილი უნდა ჰქონდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც ერთწლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, თუმცა ამ პროფესიაში შესასვლელად სადავო ნორმა დამატებით ავალდებულებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლას. მოსარჩელე განმარტავს, რომ ამგვარი ვალდებულება ბლანკეტური ხასიათისაა და არ ითვალისწინებს პირის პრაქტიკულ გამოცდილებას და პროფესიულ უნარებს. პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა უწევს ყველა პირს, მათ შორის, მათაც, ვისაც იურისტად მრავალწლიანი მუშაობის შედეგად უკვე გააჩნია ის უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებაც ამ პროგრამამ უნდა უზრუნველყოს.
6. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა არღვევს სამართლის წინაშე თანასწორობის უფლებას, რამდენადაც ერთი და იმავე ვალდებულებას უდგენს არსებითად უთანასწორო პირებს. მოსარჩელე შესადარებელ ჯგუფებად მიიჩნევს, ერთი მხრივ, პირებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გააჩნიათ ის ცოდნა და უნარები, რომელსაც ითვალისწინებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, ხოლო, მეორე მხრივ, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, ჩაბარებული აქვთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა, თუმცა არ აქვთ ის ცოდნა და უნარები, რომელთა შეძენასაც ხელს უწყობს ხსენებული პროგრამა.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შესადარებელი ჯგუფები ადვოკატის პროფესიაში შესვლის მიზნებისათვის არიან უთანასწორო პირები, რამდენადაც მათ აქვთ განსხვავებული პრაქტიკული გამოცდილება და უნარები, რომელთა ინდივიდუალური შეფასება და დადგენა ობიექტურად შესაძლებელია. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა თანასწორად ეპყრობა ყველა პირს და არ ითვალისწინებს მათ შორის არსებულ ფაქტობრივ განსხვავებებს, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.
8. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე და მიუთითებს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა შესაძლებელია, თუ პირს აქვს სხვადასხვა პრაქტიკული გამოცდილება, მაგალითად, იყო წარმომადგენელი სასამართლოში, გავლილი აქვს სტაჟირება ან მუშაობდა სხვადასხვა უწყებაში. ამისდა მიუხედავად, სადავო ნორმა ყველა პირს თანაბრად ავალდებულებს პროგრამის გავლას, რითაც ხდება შესადარებელ ჯგუფთა დიფერენცირება თანასწორი მოპყრობის გზით. რაც შეეხება დიფერენცირების ნიშანს, მოსარჩელის პოზიციით, ესაა იმ ცოდნისა და პრაქტიკული უნარების ქონა, რომელთა მიღებაც შესაძლებელია პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მეშვეობით.
9. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმის მიზანს შესაძლოა, წარმოადგენდეს ადვოკატთა კვალიფიკაციისა და ხარისხის ამაღლების საჭიროება, რაც, საბოლოო ჯამში, კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლების რეალიზებას ემსახურება, თუმცა არ არსებობს რაციონალური კავშირი ამ მიზანსა და შესადარებელ პირთა დიფერენცირებას შორის. მოსარჩელე განმარტავს, რომ შესაძლოა, არსებობდნენ იურისტები, რომლებიც არ არიან ადვოკატთა ასოციაციის წევრები, თუმცა აქვთ ხელშეკრულების, კორპორატიული დოკუმენტების მომზადების, როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე სამოქალაქოსამართლებრივი დოკუმენტების შედგენის, ასევე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესში მონაწილეობის მიღების გამოცდილება, ანუ ის უნარ-ჩვევები, რომელთა განვითარებასაც ცდილობს ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა. ამასთან, თეორიულ პროგრამაში გათვალისწინებული მოდულები ფარავს ისეთ სფეროებს, რომელთა შესახებაც, ცოდნა პირს შესაძლოა გააჩნდეს აღნიშნული პროგრამის გავლამდე. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, ისეთი პირებისათვის, რომლებსაც უკვე აქვთ შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულება დაუსაბუთებელია და ზედმეტად ართულებს პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას.
10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პირის შემთხვევაში მათი ინდივიდუალური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ობიექტურად დადგინდეს, მათ აქვთ თუ არა ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის მოდულებში მოცემული ცოდნა და უნარები. ამის მიუხედავად, სადავო ნორმა ბლანკეტურად ავალდებულებს ყველა პირს პროგრამის გავლას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია რაციონალური კავშირი ლეგიტიმურ მიზნებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1457 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, რომელიც ადვოკატს უწესებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებას, კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ პირთა ნაწილს, საკუთარი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ისედაც გააჩნია ის ცოდნა და უნარები, რომლის გამომუშავებასაც პროფესიული ადაპტაციის პროგრამა ითვალისწინებს. ამიტომაც, ყველა პირისათვის, ბლანკეტურად, მათი წარსული გამოცდილების გაუთვალისწინებლად, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულების დაკისრება იწვევს არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სამართლის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი აღნიშნული დებულება წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, შეფასებას ექვემდებარება სამი განსხვავებული შემთხვევა: ა) სახელმწიფო არსებითად თანასწორ პირებს, ნებისმიერი ნიშნის საფუძველზე, ეპყრობა განსხვავებულად; ბ) სახელმწიფოს მიერ დადგენილი, ფორმალურად თანასწორი მოპყრობა ფაქტობრივად იწვევს პირთან მყარად დაკავშირებული, კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით იდენტიფიცირებადი რომელიმე ჯგუფის (არაპირდაპირ) დიფერენცირებას; გ) როდესაც სახეზეა პირთან მყარად დაკავშირებული ნიშანი, რომლის გამოც ისინი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეული უნდა იქნენ არსებითად არათანასწორად და წარმოეშობათ განსხვავებული მოპყრობის მოთხოვნის უფლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 9 ივნისის №2/4/1351 გადაწყვეტილება საქმეზე „ციალა პერტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
5. შესაბამისად, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს სადავო ნორმა ხომ არ იწვევს პირთა დიფერენცირებას, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით. პირდაპირ დიფერენცირებას ექნება ადგილი, თუ სადავო ნორმატიული აქტი გამოყოფს თანასწორი პირებიდან რომელიმე ჯგუფს და მათ აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში.
6. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმა განსაზღვრავს ადვოკატისადმი დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, ყველა პირი, რომელსაც სურს ადვოკატის საქმიანობის განხორციელება, ვალდებულია, გაიაროს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა. ნათელია, რომ სადავო ნორმა ზოგადი და ნეიტრალური ხასიათისაა, თანაბრად ვრცელდება ყველა პირზე და ადვოკატის საქმიანობის განხორციელების მსურველ ნებისმიერ კანდიდატს უყენებს ერთგვაროვან მოთხოვნას. შესაბამისად, სადავო ნორმა ერთნაირად მიემართება ყველას და არ ახდენს მოსარჩელის რაიმე ნიშნით დიფერენცირებას სხვა პირებთან მიმართებით. თავად მოსარჩელეც სწორედ იმაზე აპელირებს, რომ მისთვის პრობლემურია, სადავო ნორმის მიერ, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე, ერთგვაროვანი სტანდარტების დადგენა ყველასთვის.
7. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი ნაწილით დაცული თანასწორობის კონსტიტუციური უფლება შესაძლებელია, ფორმით ნეიტრალურმა ნორმამაც დაარღვიოს, თუ იგი არაპირდაპირ ახდენს პირთა დიფერენცირებას კონსტიტუციურად მნიშვნელოვანი ნიშნით. თანასწორობის უფლებასთან ამგვარი მიმართების სამტკიცებლად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად, რომელიმე მყარი ნიშნით გამორჩეული ჯგუფისთვის რეალურად განსხვავებული შედეგები დგება.
8. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე საერთოდ არ გამოჰყოფს რომელიმე მყარი ნიშნით იდენტიფიცირებად ჯგუფს, რომლისთვისაც განსხვავებული შედეგები დგება, არამედ ნორმის პრობლემურობაზე სწორედ მისი ერთგვაროვანი ბუნების გამო დავობს. შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს არც არაპირდაპირი დიფერენცირება.
9. როგორც უკვე აღინიშნა, ფორმით ნეიტრალურმა კანონმდებლობამ ასევე შესაძლოა, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა არსებითად უთანასწორო პირთა ჯგუფების მიმართ თანაბარი მოპყრობა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, ხომ არ არსებობს მოსარჩელესთან მყარად დაკავშირებული რაიმე ნიშანი, რომლის გამოც ის, კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებით, მიჩნეულ უნდა იქნეს არსებითად არათანასწორად სხვა პირებთან მიმართებით.
10. მოსარჩელე აპელირებს, რომ სადავო ნორმა სხვადასხვა გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის მქონე პირებს (არათანაბარ ჯგუფებს) უდგენს ერთსა და იმავე მოთხოვნას, კერძოდ, პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულებას. ის მიუთითებს, რომ წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ზოგიერთ პირს, შესაძლოა, უკვე გააჩნდეს ის ცოდნა და უნარები, რომლის შეძენასაც მიზნად ისახავს ადაპტაციის პროგრამა და, შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენდნენ თანასწორ სუბიექტებს ადვოკატის პროფესიის განხორციელების მიზნებისთვის. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ პირთა ერთი კატეგორია ფლობს შესაბამის ცოდნასა და უნარებს, მეორე კატეგორიაში მყოფი პირები კი - არა, ნორმა ორივე მათგანს იდენტურ მოთხოვნას უწესებს.
11. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ადვოკატი არის უმაღლესი იურიდიული განათლებს მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს პროფესიული ადაპტაციის ერთ წლიანი პროგრამა. აღნიშნული კანონის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ყველა პირს (გარდა ამავე კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), რომელსაც სურს ადვოკატის პროფესიაში შესვლა, მოეთხოვება პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლა, რომელიც, თავის მხრივ, შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის „პროფესიული ადაპტაციის პროგრამის“ დებულების მე-2 მუხლის თანახმად, ამ პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს პირის პრაქტიკული ცოდნითა და საადვოკატო უნარ-ჩვევებით აღჭურვა და ხელი შეუწყოს პროფესიაში მის წარმატებულ ინტეგრაციას. დასახელებული დებულების მე-6 მუხლი ადგენს ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის შემადგენელ კომპონენტებს (მაგალითად, სამართლებრივი წერა, ადვოკატის პროფესიული ეთიკა, საადვოკატო საქმიანობის/ბიუროს ორგანიზება და სხვა), ხოლო მე-8 პუნქტი განსაზღვრავს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შესასრულებელ პრაქტიკულ დავალებებს (მაგალითად, ხელშეკრულების მომზადება, საპროცესო დოკუმენტის შედგენა და ა. შ.).
12. სადავო ნორმით ადვოკატობის მსურველი ყველა პირისთვის დადგენილია პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის ვალდებულება, რათა მათ მიიღონ საადვოკატო უნარ-ჩვევები, პრაქტიკული ცოდნა და უკეთ ინტეგრირდნენ პროფესიაში. მართალია, ამ მოცემულობით არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატობის მსურველი ზოგიერთი კანდიდატი შესაძლოა, უკვე ფლობდეს ამ უნარებსა და ცოდნას მათი წარსული საქმიანობიდან/მიღებული განათლებიდან, თუმცა ეს ვერ იქნება საკმარისი საფუძველი, რათა შემოწმდეს გასაჩივრებული დებულების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამგვარი მიმართების არსებობისთვის აუცილებელია, რომ განსხვავებული მოპყრობა უკავშირდებოდეს პირის ან პირთა ჯგუფის რაიმე ნიშანს ან კუთვნილებას და აბრკოლებდეს მათი უფლებების თანაბარი რეალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, შესაფასებელია, არსებობს თუ არა ასეთი ნიშანი/კუთვნილება, რითაც ის პირები, რომლებიც ასეთ უნარებს ფლობენ, განსხვავდებიან სხვა პირებისგან, რაც სახელმწიფოს მხრიდან მათთვის განსხვავებული მოწესრიგების ვალდებულებას წარმოშობდა.
13. ადვოკატისთვის საჭირო უნარების ფლობის ფაქტი არ განასხვავებს პირებს ერთმანეთისგან პირის რომელიმე კონკრეტულ ჯგუფთან კუთვნილების ნიშნით. ამ უნარებს შესაძლებელია, იდენტურად ფლობდნენ სხვადასხვა პერსონალური ნიშნით იდენტიფიცირებადი ინდივიდები. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, გამოიყოფოდა პირთა ის ჯგუფი, რომელსაც პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებული ნიშნიდან გამომდინარე, შესაძლოა, სახელმწიფოსგან განსხვავებულად მოპყრობის მოთხოვნა წარმოეშობოდეს ამ სამართლებრივ ურთიერთობაში. მისი აზრით, უნარების ფლობის ფაქტი არის ის განმასხვავებელი ნიშანი, რის გამოც სახელმწიფოს წარმოეშობა ამ უნარების მქონე პირების მიმართ განსხვავებული საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, უნარების ფლობა არ წარმოადგენს პირთან ან მის ამა თუ იმ კუთვნილებასთან დაკავშირებულ, მყარ ნიშანს. ამასთანავე, არც რაიმე სხვა გარემოება იკვეთება, რომელიც სახელწმიფოსთვის მოსარჩელის მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის, მათი რაიმე კუთვნილების ნიშნიდან გამომდინარე, განსხვავებული მოწესრიგების ვალდებულებას დაადგენდა.
14. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული პირები არ წარმოადგენენ არსებითად უთანასწორო პირებს, რაც გამორიცხავს სადავო ნორმის დისკრიმინაციულობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ეფუძნება თანასწორობის კონსტიტუციური უფლების შინაარსის, მისი დანიშნულებისა და ფარგლების არასწორ აღქმას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1457 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1457 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ასათიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში