• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 24.09.2021
      • N1649
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის №2/7/1649 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N2/7/1649
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 25 დეკემბერი 2025
გამოქვეყნების თარიღი 8 იანვარი 2026 17:33

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.

საქმის დასახელება: ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „რომელიც არ გასაჩივრდება“ და 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 24 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1649) მომართა ნანა შერვაშიძემ. №1649 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2021 წლის 27 სექტემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.

2. №1649 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საქმის სხვა სასამართლოში გადაცემის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც არ გასაჩივრდება“. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება.

5. №1649 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, სადავოდ ხდის, ერთი მხრივ, საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ საქმეთა გაერთიანების შესახებ საოქმო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შეზღუდვას, მეორე მხრივ კი, საგნობრივი განსჯადობის თაობაზე მოსამართლის მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების აკრძალვას. მოსარჩელის მითითებით, იგი მონაწილეობს სამოქალაქოსამართლებრივ დავაში, რომელიც შეეხება საწარმოს საერთო კრების მიერ, დირექტორის დანიშვნის შესახებ, ოქმის ბათილად ცნობას. უფრო კონკრეტულად, საწარმოს საერთო კრებამ, ხმების უმრავლესობით, აირჩია დირექტორი, სხვა პარტნიორებმა გაასაჩივრეს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში და მოითხოვეს, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, საერთო კრების ოქმის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში (შემდგომში, რეესტრი) რეგისტრაციის შეჩერება. უზრუნველყოფის შესახებ ხსენებული მოთხოვნა ჯერ დაკმაყოფილდა, შემდგომ კი სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმდა. მიუხედავად ამისა, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში, სააგენტო), პარტნიორთა შორის დავის გადაწყვეტამდე, უარს აცხადებს საერთო კრების ოქმის საფუძველზე არჩეული დირექტორის რეესტრში რეგისტრაციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიმართა საერთო სასამართლოს მიკუთვნებითი სარჩელით და მოითხოვა სააგენტოსგან ქმედების, კერძოდ, დირექტორის რეესტრში რეგისტრაციის განხორციელება.

6. მოსარჩელის პოზიციით, სააგენტოს წინააღმდეგ ხსენებული დავა ადმინისტრაციულსამართლებრივი ბუნებისაა, თუმცა საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიდან მომდინარე დავები მხოლოდ სამოქალაქო წესით განიხილება და ამ საფუძვლით, მითითებული საქმე გადაეცა სამოქალაქო სამართლის პალატას. აღნიშნული გადაწყვეტილება, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, თუ მის გარეშე, გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ კონტექსტში, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „რომელიც არ გასაჩივრდება“, არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელე თვლის, რომ განსჯადობის შესახებ დამკვიდრებული არასწორი პრაქტიკის გამო, მოსამართლე დიდი სირთულის წინაშე დგას, რამდენადაც, არ იცის, როგორ განიხილოს საქმე – სამოქალაქო სამართლის მატერიალური ნაწილი მას არ აძლევს საშუალებას, სააგენტოს გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმოს, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის ნორმები სამოქალაქოსამართლებრივ დავაზე არ გამოიყენება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

7. მოსარჩელე აგრეთვე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იზღუდება საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანებისა და მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნების შესახებ მოსამართლის განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებულმა დაუსაბუთებელმა განჩინებამ, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მხარეს და, ზოგადად, სამართლიანობას. მოსარჩელის პოზიციით, საქმეთა გაერთიანების პროცესუალური მექანიზმი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ საპროცესო მხარემ, იმავე დავის საგანთან დაკავშირებით, ახალი სარჩელებით მიმართოს სასამართლოს, მოსამართლემ კი დაუსრულებლად გააერთიანოს ეს საქმეები ერთ საქმედ, დააბრუნოს საქმის განხილვა მოსამზადებელ ეტაპზე და ამით გააჭიანუროს პროცესი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად ასევე მიაჩნია განჩინებების ორ ჯგუფად დაყოფა – განჩინებები, რომლებიც საჩივრდება კერძო საჩივრით და განჩინებები, რომელთა ამგვარი საჩივრით გასაჩივრება აკრძალულია. მოსარჩელე თვლის, რომ მოცემული, განსხვავებული მიდგომები, უსაფუძვლოდ აკნინებს განჩინებების ერთი ჯგუფის მნიშვნელობას მეორეს მიმართ. მისი მოსაზრებით, განჩინებათა გასაჩივრების აკრძალვით დაცული სიკეთე არ აღემატება იმ ზიანს, რაც აკრძალვამ შეიძლება, მოუტანოს მხარეს და, ზოგადად, სასამართლო პრაქტიკის განვითარებას. მოსარჩელისთვის აგრეთვე ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო ნორმებით დადგენილი გასაჩივრების აკრძალვა და მიუთითებს, რომ აღნიშნული შეზღუდვის გამართლებად ვერ გამოდგება სამართალწარმოების ეკონომიურობის არგუმენტი, რადგან დღესდღეობით, საქმისწარმოება ხორციელდება ელექტრონული სახით, რაც საქმის განხილვას აღარ აფერხებს.

8. მოსარჩელე მხარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მან საქმეთა გაერთიანებისა და მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნების შესახებ განჩინებაზე, შეზღუდვის მიუხედავად, შეიტანა კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში. მას მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს ნორმის მოქმედებას და ეს საჩივარი მიღებულ იქნება განხილვაში. მოსარჩელის მითითებით, ამგვარი შეზღუდვის შედეგად, საწარმოს დირექტორის დანიშვნა შეფერხდა და მიმდინარეობს საწარმოს გაკოტრების პროცესი. აქედან გამომდინარე, თუ საწარმო დირექტორის დანიშვნამდე გაკოტრდა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მისთვის აზრი ეკარგება.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1649 კონსტიტუციური სარჩელი, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

2. წინამდებარე საქმეზე, მოსარჩელე მხარე შუამდგომლობს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“ მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მას არ აქვს შესაძლებლობა, გაასაჩივროს საქმეთა გაერთიანების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით, რაც, მისი პოზიციით, იწვევს პროცესის გაჭიანურებას და შედეგად, საწარმოს დირექტორის დანიშვნის შეფერხებას. აღნიშნულის გამო კი მიმდინარეობს საწარმოს გაკოტრების პროცესი. შესაბამისად, თუ საწარმო დირექტორის დანიშვნამდე გაკოტრდა, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მისთვის აზრი ეკარგება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ბერკეტი, ეს არის „...საკონსტიტუციო სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლებების პრევენციულ დაცვას იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მისთვის გამოუსწორებელი შედეგი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-37). ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „გამოუსწორებელი შედეგის დადგომა ნიშნავს ისეთ ვითარებას, როდესაც ნორმის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს უფლების შეუქცევადი დარღვევა და დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი იქნება ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი. ამასთან, პირს ასეთი შედეგის თავიდან აცილების სხვა სამართლებრივი შესაძლებლობა არ გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-2).

4. მაშასადამე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის შეჩერების მექანიზმს იყენებს მაშინ, როდესაც ნორმის მოქმედება იწვევს პირის უფლებაზე შეუქცევად ზიანს და მისი არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც, დამდგარი შედეგის გამოსწორება შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ საქმეთა გაერთიანებისა და მოსამზადებელ ეტაპზე დაბრუნების შესახებ განჩინება წარმოადგენს შუალედურ პროცესუალურ აქტს, ის არ შეეხება საქმის მატერიალურ ნაწილს და მის შედეგობრივ გადაწყვეტას. მოსარჩელე მხარეს, სათანადო არგუმენტაციითა და მტკიცებულებებით არ დაუსაბუთებია ამგვარი განჩინების გასაჩივრების უფლებასა და საწარმოს გაკოტრებას, ანუ მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ ზიანს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ან სხვა, გარდაუვალი საფრთხისა და შეუქცევადი ზიანის არსებობა, რომელიც სადავო შეზღუდვიდან მომდინარეობს. ამდენად, განჩინების გასაჩივრების შეზღუდვასა და მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ შედეგს შორის კავშირი, აბსტრაქტულია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ნორმის შეჩერებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1649 კონსტიტუციური სარჩელი („ნანა შერვაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ