კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/6/1367 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 7 მარტი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2019 16:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების: „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1367) მომართა საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე ჩაჩანიძემ. №1367 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 26 ნოემბერს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 7 მარტს.
2. №1367 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობისთვის, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
4. №1367 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი განსაზღვრავს ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შეკრების თავისუფლებას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, განსაზღვრულია ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს შეკრების თავისუფლებას.
6. №1367 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მონაწილეობდა აქციაში „არა პანორამას“, სადაც აქციის წევრები აპროტესტებდნენ სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვის გაცემას. მოსარჩელე საკუთარ პროტესტს გამოხატავდა ფურცლით, რომელზე გამოსახული წარწერითაც პანორამა შედარებული იყო მამაკაცის სასქესო ორგანოსთან. პირველი ინსტანციის სასამართლოს, ისევე როგორც სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარის მიერ გაკეთებული გამონათქვამი არის უშინაარსო და მასში ყურადღებას იქცევს მხოლოდ უცენზურო სიტყვა. გამონათქვამს არ აქვს პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღირებულება და იგი უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის − წვრილმანი ხულიგნობისათვის და შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს მისი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებებს.
7. მოსარჩელე მხარის მითითებით, კონსტიტუციური სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს უხამსი სიტყვების საჯაროდ წარმოთქმის სრული დაუსჯელობის მოთხოვნა. მოსარჩელის პოზიციით, უხამსი სიტყვების წარმოთქმის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, კერძოდ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ძალადობის თავიდან აცილებას, ასევე არასრულწლოვანთა ნორმალური განვითარების ხელშეწყობას. თუმცა გამოხატვის თავისუფლებას არღვევს კონკრეტული სიტყვების გამოყენებაზე აბსოლუტური აკრძალვის დაწესება. მოსარჩელის პოზიციით, გარკვეულ შემთხვევაში უხამს სიტყვებს, მათ შორის, მამაკაცის სასქესო ორგანოს აღმნიშვნელ ტერმინს შესაძლოა, გააჩნდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ღირებულება. მისი გამოყენება შესაძლებელია ფილმში, სპექტაკლზე ან სახელოვნებო სფეროში. საერთო სასამართლოების განმარტების შესაბამისად, ხსენებული ტერმინი საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებთან წინააღმდეგობაში მოვა ყოველთვის და პირს დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მისი წარმოთქმისთვის. მოსარჩელის აზრით, სწორედ ამგვარი ბლანკეტური მიდგომა განაპირობებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას.
8. ამასთან, მოსარჩელის აღნიშვნით, კერძო პირის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენების აკრძალვა კონსტიტუციურად გამართლებულია. თუმცა მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს უხამსი სიტყვების გამო პირის დასჯადობას მაშინ, როდესაც იგი არ არის მიმართული კონკრეტული პირისკენ და შეეხება სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკას. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა არის ის განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, რამაც, გამონაკლისის სახით, გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე, შეიძლება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გაამართლოს უცენზურო სიტყვების წარმოთქმა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება ისევე იცავს მოუზომავ, ემოციურ გამონათქვამებს, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის აკადემიურ კრიტიკას. ამასთან, სიტყვების შერჩევა ხდება როგორც აზრის, ისე ემოციის გამოსახატად. ადამიანის ემოცია ხშირად გამოიხატება ტერმინებით, მათ შორის, უხამსი ლექსიკით. კრიტიკის მანერის არჩევა ადამიანის გადასაწყვეტია, ამიტომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ჩარევისაგან, იმის მიუხედავად, ადამიანი საჯარო პოლიტიკის კრიტიკისათვის ირჩევს დახვეწილ თუ უგემოვნო ტერმინოლოგიას.
9. მოსარჩელის პოზიციით, წვრილმან ხულიგნობად ასევე არ უნდა ჩაითვალოს უხამსი სიტყვების გამოყენებით საჯარო ფიგურის მიმართ გამოთქმული კრიტიკა მაშინ, როდესაც არ ხდება ამგვარი პირის პირისპირ შეურაცხყოფა. დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი საჯარო ფიგურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებაზე დიდია თმენის ვალდებულება, თუნდაც ეს მოსაზრება გაუგონარი, თავშეუკავებელი და პროვოკაციული იყოს.
10. მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ სადავო ნორმით აკრძალულია უცენზურო ტერმინის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოყენება როგორც ერთი პირის მიერ, ასევე რამდენიმე პირის მხრიდან. მოსარჩელის პოზიციით, ერთი პირის მიერ ხსენებული ქმედების განხორციელების აკრძალვა ლახავს აზრის გამოხატვის და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას, ხოლო რამდენიმე ადამიანის მიერ იგივე ქმედების განხორციელების აკრძალვა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ შეკრების თავისუფლების უფლებას.
11. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №1367 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების, აზრის გამოთქმის და გავრცელების უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავდა ამ უფლებაში ჩარევის საფუძვლებს. აღნიშნულ კონსტიტუციურ დებულებებს შეესატყვისება საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება, მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტი. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას. მოქმედი კონსტიტუციით შეკრების თავისუფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი.
3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხს შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
5. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის კონსტიტუციურობას სრულად. სადავო ნორმა განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში ჩაითვლება პირის მოქმედება წვრილმან ხულიგნობად და, ამასთან, ადგენს რომელი ადმინისტრაციული სახდელები შეიძლება იქნეს გამოყენებული სამართალშემფარდებლის მიერ ხსენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებლის) ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. კანონმდებელი უფლებამოსილია განსაზღვროს, თუ რა ურთიერთობასთან მიმართებით უნდა იქნეს გამოყენებული ესა თუ ის ადმინისტრაციული სახდელი და რამდენად ეფექტურად უზრუნველყოფს იგი იმ მიზნის მიღწევას, რაც კანონმდებელს სურს. ... ადმინისტრაციული სახდელის დაწესებისას კანონმდებლისთვის მინიჭებული თავისუფალი მოქმედების ფარგლები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, ყოველი კონკრეტული სამართალდამრღვევისთვის სახდელის რა მოცულობითა და ზომით შეფარდება იქნება ადეკვატური. შესაბამისად, კანონმდებლის მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სახდელის ფორმა, მისი სიმკაცრე საშუალებას აძლევს სამართალშემფარდებელს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი სამართალდამრღვევის უფლებების შეზღუდვასა და სხვათა უფლებების დაცვას შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი, II-8). მიუხედავად იმისა, რომ სამართალდარღვევისათვის სანქციის შერჩევისას კანონმდებლის მიხედულების ფარგლები ფართოა, იგი ამ სფეროში არ სარგებლობს აბსოლუტური თავისუფლებით. სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ სანქცია სამართალდარღვევად შერაცხული ქმედებისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება იქცეს გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის წყაროდ. ამ სფეროში კანონმდებლის ფართო მიხედულების ფარგლებიდან გამომდინარე, სანქციის ზომა საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება გახდეს. „საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინახავს პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან ადმინისტრაციული სახდელის მიმართებას, თუ ეს უკანასკნელი კანონმდებლის მიზნის მიღწევისა და კონსტიტუციური უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აშკარად არაგონივრულ და არაპროპორციულ ზომას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის №4/482,483,487,502 საოქმო ჩანაწერი, II-8).
7. აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ამა თუ იმ სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურობის სამტკიცებელად მოსარჩელე ვალდებულია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ ქმედების აკრძალვით უფლების შეზღუდვის ფაქტი, არამედ ასევე უნდა დაასაბუთოს სანქციის აშკარად არაპროპორციული ხასიათი. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმის შესაბამისად, საზოგადოებრივ ადგილებში უხამსი სიტყვების წარმოთქმა ყოველთვის მიიჩნევა წვრილმან ხულიგნობად და იწვევს პასუხისმგებლობას. მოსარჩელის პოზიციით, უხამს სიტყვებს, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა გააჩნდეს სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან პოლიტიკური ღირებულება, რის გამოც, დაუშვებელია მათ გამოყენებაზე აბსოლუტური და ბლანკეტური აკრძალვის დაწესება. ხსენებული არგუმენტაციიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მოსარჩელისთვის პრობლემურია არა აკრძალული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია (მისი სახე, მოცულობა ან/და სხვა ფაქტორი), არამედ თავად აკრძალვის შინაარსი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გარკვეული ქმედებები არ უნდა კვალიფიცირდებოდეს წვრილმან ხულიგნობად. შესაბამისად, მისი პრობლემა მომდინარეობს სადავო ნორმის იმ ნაწილიდან, რომელშიც განსაზღვრულია წვრილმანი ხულიგნობის შემადგენლობა. იმავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიმართული იქნებოდა ადმინისტრაციული სახდელის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №1367 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1367 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1367 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების: „წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1367 კონსტიტუციური სარჩელი („კონსტანტინე ჩაჩანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის სიტყვების: „გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან, მე-2 და მე-5 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი